• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/12/1956 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ზურაბ ცეცხლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ზურაბ ცეცხლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/12/1956
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 30 ივლისი 2026
გამოქვეყნების თარიღი 4 აგვისტო 2026 16:34

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ზურაბ ცეცხლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით;

ბ) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 2 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1956) მომართა ზურაბ ცეცხლაძემ. №1956 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2026 წლის 3 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 30 ივლისს.

2. №1956 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების რიგი წესის დარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს და აღნიშნული დარღვევებისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელებს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით) განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

5. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 11​1 მუხლის მოთხოვნები.

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია ყველა პირის, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.

7. №1956 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ზურაბ ცეცხლაძე 2025 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებით ადმინისტრაციულსამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის - ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის გამო.

8. 2025 წლის 10 დეკემბერს ცვლილება განხორციელდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და აიკრძალა „ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა“. ამავე დღესვე ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილში და ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა ტროტუარზე ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილებისთვის ხელშეშლა.

9. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ მიმართა სასამართლოს მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მოთხოვნით, ამჯერად იმ საფუძვლით, რომ იგი 2026 წლის 9 თებერვალს რუსთაველის გამზირზე ტროტუარზე დგომით დაბრკოლებას უქმნიდა ხალხის გადაადგილებას. სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება იმ მოტივით, რომ საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. სასამართლოს აღნიშნული შეფასება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე უკვე იყო სახდელდადებულები 174¹ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, ხოლო ახალი ქმედება - ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვა - შეფასდა სამართალდარღვევის განმეორებად.

10. მოსარჩელის არგუმენტაციის თანახმად, ზემოაღნიშნული მიდგომა იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაპროგნოზირებად გაფართოებას და პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უკუძალით გავრცელების აკრძალვის პრინციპის დარღვევას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებთან.

11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, შეუძლებელია მას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისას სცოდნოდა, რომ დასჯადი გახდებოდა ქვეითთა სავალი ნაწილის გადაკეტვა და ორი განსხვავებული სამართალდარღვევა (ტრანსპორტის სავალი გზის გადაკეტვა და ქვეითთა სავალი ნაწილის გადაკეტვა) გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

12. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ზემოაღნიშნული მიდგომის საფუძველს ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის სიტყვები - „რომელიმე ქმედება“. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ „რომელიმე ქმედება“ უნდა ნიშნავდეს არსობრივად იმავე, იდენტურ ქმედებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი სამართალდარღვევის შემოღება და მისი მიჩნევა წინა ქმედების „განმეორებად“ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი ნორმის შინაარსობრივ გაფართოებას. მოსარჩელის განმარტებით, პრაქტიკაში კონკრეტულად განსაზღვრული ქმედება (მაგალითად, ტრანსპორტის სავალი გზის გადაკეტვა) ფართოვდება და გარდაიქმნება „ნებისმიერი სივრცის გადაკეტვის“ განმეორებად, რაც აღარ არის წინასწარ განჭვრეტადი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლი პრაქტიკულად აფართოებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორება მიიჩნევა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად მაშინ, როდესაც განმეორებად მიჩნეული ქმედებები, შესაძლოა არსებითად განსხვავებული იყოს, რაც ქმნის შერჩევითი და თვითნებური დევნის საფრთხეს და შეკრების თავისუფლებაზე „მსუსხავ ეფექტს“ იწვევს.

13. ამდენად, მოსარჩელე მხარე კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით პრობლემურად მიიჩნევს, პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უკუძალით გავრცელებას, ვინაიდან პირისთვის სადავო ნორმის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება იმგვარი ინტერპრეტაციით, რომელიც ქმედების ჩადენის დროს, არც კანონიდან გამომდინარეობდა და არც სასამართლო პრაქტიკით იყო დამკვიდრებული. იმავდროულად, მისთვის პრობლემურია კანონიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევა, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები ფართოვდება სასამართლო განმარტების გზით და აღარ არის გონივრულად პროგნოზირებადი.

14. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ხალხის სავალ ნაწილზე შეკრებისა და მანიფესტაციის ამკრძალავი ნორმები ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას. მისი განმარტებით, შეკრება და აზრის გამოხატვა რეალურ შინაარსს სწორედ საჯარო სივრცეში იძენს, სადაც შესაძლებელია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. აზრის გამოხატვა სახლში, ტყეში ან სხვა იზოლირებულ სივრცეში კარგავს სოციალურ და პოლიტიკურ დანიშნულებას. ამასთან, „ხალხის სავალი ნაწილის“ ცნება იმდენად განუსაზღვრელია, რომ მოიცავს პრაქტიკულად ნებისმიერ საჯარო სივრცეს - ტროტუარს, პარკს და ყველა იმ ადგილს, რომელიც ტრანსპორტის გადაადგილებისთვის არ არის განკუთვნილი. შედეგად, რეგულაცია, ფაქტობრივად, კრძალავს გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას საჯარო სივრცის უმეტეს ნაწილში და მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ უფლების რეალურ გამოყენებას.

15. მოსარჩელის განმარტებით, ტროტუარზე პროტესტის ამკრძალავი ნორმები რეალურად არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ან სხვა ლეგიტიმურ ინტერესს, არამედ მიმართულია აქციის მონაწილეთა დასჯისა და დაშინებისკენ. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოქმედი რეგულაციით, შეკრება, მანიფესტაციის მონაწილეს, კანონდარღვევის შესაწყვეტად მიცემული 15 წუთიანი ვადა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. მოსარჩელის შეფასებით, ასეთი მიდგომა პრევენციული მიზნის ნაცვლად რეპრესიულ ხასიათს ატარებს და მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ამოცანა არა წესრიგის აღდგენა, არამედ საპროტესტო აქტივობის ჩახშობაა.

16. მოსარჩელე მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ტერმინების - „განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის“ და „ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის“ ბუნდოვან და განუსაზღვრელ შინაარსზე. სადავო რეგულაცია არ ადგენს მკაფიო კრიტერიუმებს, თუ რა მოცულობის ან ინტენსივობის ქცევა ჩაითვლება „გადაკეტვად“, რის შედეგადაც, პრაქტიკაში ტროტუარზე ნებისმიერი დგომა შეიძლება შეფასდეს სამართალდარღვევად. იმავდროულად, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეების გადაადგილების შეფერხება გამოწვეულია ტროტუარზე მანიფესტაციის მონაწილეების სიმრავლით, აღნიშნული არ უნდა გახდეს მათი პასუხისმგებლობის საფუძველი. ასეთ ვითარებაში ინტერესთა დაბალანსება სახელმწიფოს ვალდებულებაა, მათ შორის, ალტერნატიული მარშრუტების უზრუნველყოფით ან მოძრაობის სხვაგვარი რეგულირებით და არა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების დასჯით.

17. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ნორმა არ განასხვავებს, სავალი ნაწილის დაკავება მოხდა თუ არა მშვიდობიანი აქციის ფარგლებში, მაშინ როდესაც შეკრების მშვიდობიანი ხასიათი უნდა იყოს პასუხისმგებლობის შეფასების გადამწყვეტი კრიტერიუმი. მისი პოზიციით, პირი არ უნდა დაექვემდებაროს სანქციას მხოლოდ აქციაზე ფიზიკურად ყოფნის გამო, თუ არ არსებობს ძალადობრივი ქცევის რისკი ან სხვაგვარი გასაკიცხი ქმედება. როდესაც ტროტუარზე ნებისმიერი ფიზიკური ყოფნა შესაძლოა შეფასდეს „გადაკეტვად“ და გამოიწვიოს მკაცრი სანქცია, მოქალაქეები თავს შეიკავებენ პროტესტში მონაწილეობისგან. შესაბამისად, მოსარჩელის შეფასებით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.

18. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ აკმაყოფილეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით განმტკიცებულ სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას. მისი განმარტებით, ტროტუარზე მშვიდობიანი დგომა პროტესტის გამოხატვის ბუნებრივი და აუცილებელი ფორმაა და არ წარმოადგენს ისეთ ქმედებას, რომელიც ქმნის რაიმე მნიშვნელოვანი სიკეთის დაზიანების საფრთხეს. ასეთ პირობებში ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენება გაუმართლებელია. პატიმრობა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქმედება სერიოზულ საზოგადოებრივ საფრთხეს შეიცავს და სხვა, ნაკლებად მკაცრი საშუალებები, აშკარად არ არის საკმარისი. ტროტუარზე მშვიდობიანი დგომა კი არ შეიძლება გახდეს თავისუფლების აღკვეთის საფუძველი.

19. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში 15 დღემდე პატიმრობა გათვალისწინებულია უალტერნატივო სანქციად. მოსამართლეს არ აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს შუალედური, ნაკლებად მკაცრი ღონისძიება - არჩევანი ფაქტობრივად შემოიფარგლება პასუხისმგებლობის სრულად მოხსნასა და პატიმრობას შორის. ასეთი უალტერნატივო მიდგომა ზრდის ჩარევის ინტენსივობას და არღვევს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს. გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში, მოსარჩელის შეფასებით, ნიშნავს ისეთი ქცევის კრიმინალიზებას, რომელიც თავისი არსით არ არის დანაშაულებრივი.

20. მოსარჩელე დასკვნის სახით მიუთითებს, რომ დაწესებული სანქციები არ ემსახურება ლეგიტიმურ ინტერესს, არამედ გამოიყენება როგორც კონკრეტული პირების, ისე ფართო საზოგადოების დასაშინებლად. შედეგად, სადავო ნორმები არღვევს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას და წარმოადგენს უკიდურესად მძიმე ჩარევას ადამიანის ღირსებაში.

21. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. მისი განმარტებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ქმნის გამოუსწორებელი ზიანის საფრთხეს, რომელსაც ვერ აღმოფხვრის სადავო რეგულაციის არაკონსტიტუციურად ცნობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ის დგას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რეალური რისკის წინაშე. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით, ბუნებრივია, აღარ იარსებებს უკიდურესად მძიმე ღირსების შემლახავი პასუხისმგებლობის გამოყენებისა და მისი თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი შესაძლებლობა. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების შეჩერება არ ქმნის მესამე პირების ან სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაზიანების საფრთხეს, რადგან მათ მოქმედებას, როგორც უკვე მოსარჩელემ განმარტა, არ ამართლებს დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესი.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ნაწილი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1956 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად არსებითად უკავშირდება სასჯელის არაპროპორციულობის წარმოჩენას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24).

5. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოა არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობა შეფასებადი იყოს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა მხოლოდ შესაბამისი, დასაბუთებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის არგუმენტაცია უკავშირდება წმინდად სასჯელის პროპორციულობის საკითხს, დაწესებული ადმინისტრაციული პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის მძიმე ხასიათს და უფრო მსუბუქი სასჯელების გათვალისწინების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარეს, სანქციის პროპორციულობის მიღმა, არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტაცია, რომელიც მიემართება ისეთ საკითხებს, რაც არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში და შესაბამისად, დამოუკიდებლად საჭიროებს შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ღირსების ხელშეუვალობასთან მიმართებით .

6. იმავდროულად, სადავო ნორმების საფუძველზე, ღირსების ხელშეუვალობის დარღვევასთან მიმართების სამტკიცებლად არ შეიძლება გამოდგეს მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, რომ ზოგადად ღირსების შემლახველია სადავო ქმედებების კრიმინალიზება და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად გამოცხადება. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიზანია დაიცვას პირი სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ზემოქმედებისაგან. იგი არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ფარგლებში თავად განსაზღვროს ქმედების სამართლებრივი ბუნება და მოაწესრიგოს იგი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის №1/22/770 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-5).

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1956 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

2. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით

8. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა –“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

9. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად უკავშირდება დაწესებული სანქციების/სასჯელების არაპროპორციულობას.

10. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სადავო რეგულაცია წარმოადგენს კონკრეტული ადმინისტრაციულსამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებების შემადგენლობას (დისპოზიციას). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია შესაძლებელია, ზღუდავდეს იმ მატერიალურ უფლებას, რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული, ხოლო, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, (როდესაც მოთხოვნილია სასჯელის პროპორციულობის შეფასება), არ ფასდება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია. იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს, უშუალოდ ქმედების დისპოზიციასთან მიმართებით, არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია, იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ ზღუდავს ამ ქმედების სამართალდარღვევად ან დანაშაულად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის №1/22/770 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-5).

11. ამდენად, ერთი მხრივ, სადავო მოწესრიგება არ განსაზღვრავს დადგენილი აკრძალვისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომას, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ იწვევს, ზოგადად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ქმედებების სამართალდარღვევად და დანაშაულად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 11​2 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა –“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1956 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

3. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით

13. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.

14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. დასახელებული კონსტიტუციური დებულება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). კონსტიტუციურსამართლებრივად პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული, თუ პირმა იცოდა ან შეეძლო წინასწარ განესაზღვრა კანონმდებლობით აკრძალული ქმედების არსი და მისგან მომდინარე შესაძლო შედეგები. მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. აღნიშნული დებულება განსაზღვრავს კანონის დროში მოქმედებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სტანდარტებს და ბოჭავს ხელისუფლებას ისეთი აბსოლუტური, უპირობო ვალდებულებით, როგორსაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი ან დამამძიმებელი კანონის უკუძალით გავრცელების აკრძალვა.

15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის ორივე წინადადება ორგანულ კავშირშია ერთმანეთთან და მათი მთავარი გზავნილია, რომ „სამართალდარღვევა, რომელიც პასუხისმგებლობის საფუძველია და თავად პასუხისმგებლობა ამ სამართალდარღვევის გამო, როგორც სახელმწიფოს მიერ გატარებული იძულებითი ღონისძიებების ერთობლიობა, იქნება იმგვარი, როგორც ამას განსაზღვრავდა სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში მოქმედი კანონმდებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის ორივე წინადადებაში, პირველ რიგში, მოცემულია კანონის უკუძალის აკრძალვის გარანტია. „კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპი კონსტიტუციის ამ პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, გულისხმობს იურიდიული პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონისათვის უკუძალის აკრძალვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარემ სადავო რეგულაციის კონსტიტუციის მოცემულ დებულებასთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად უნდა დაასაბუთოს, რომ მის მიმართ პასუხისმგებლობის დამდგენი სადავო ნორმა შესაძლოა არაგანჭვრეტადი შინაარსით იქნეს გამოყენებული, პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ქმედების გამო, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, ისევე, როგორც შესაძლოა დაისაჯოს იმაზე უფრო მკაცრად, ვიდრე მას ამის კანონისმიერი მოლოდინი ჰქონდა.

17. იმავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარის ზოგადი მითითება, რომ სადავო ნორმა მის მიმართ პოტენციურად შესაძლოა არაგანჭვრეტადი შინაარსით იყოს გამოყენებული, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ვერ იქნება რელევანტური არგუმენტი. აღნიშნულის საპირისპიროდ, ნორმის განჭვრეტადობის პრობლემის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს, რომ სახეზეა მისი არაგანჭვრეტადი შინაარსით ავტორიტეტული განმარტების/გამოყენების ფაქტი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). ამ მხრივ, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი საერთო სასამართლოების ერთგვაროვანი პრაქტიკაა. თუ კონკრეტული ნორმა სასამართლოს პრაქტიკაში ერთგვაროვნად განიმარტება და გამოიყენება (და პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება სადავო ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუსაზღვრელი განმარტების შედეგი არ არის), ბუნებრივია, ეს ნორმის შინაარსის განჭვრეტადობის უმთავრესი ინდიკატორია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).

18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაგანჭვრეტადი შინაარსის არგუმენტად მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის სიტყვები „რომელიმე ქმედება“ განიმარტება ზედმეტად ფართოდ. კერძოდ, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ „რომელიმე ქმედება“ უნდა ნიშნავდეს არსობრივად იმავე, იდენტურ ქმედებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი სამართალდარღვევის შემოღება და მისი მიჩნევა წინა ქმედების „განმეორებად“ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი ნორმის შინაარსობრივ გაფართოებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლი პრაქტიკულად აფართოებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორება მიიჩნევა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად, მაშინ როდესაც განმეორებად მიჩნეული ქმედებები, შესაძლოა არსებითად განსხვავებული იყოს, რაც ქმნის შერჩევითი და თვითნებური დევნის საფრთხეს და შეკრების თავისუფლებაზე „მსუსხავ ეფექტს“ იწვევს.

19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით) განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამდენად, სადავო ნორმის ტექსტი ექსპლიციტურად მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენაზე. შესაბამისად, ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტების პირობებში, ნათელია, რომ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ იგი კვლავ ჩაიდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე ქმედებას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის განჭვრეტადობის პრობლემას ხედავს იმ მხრივ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის სიტყვები „რომელიმე ქმედება“ განიმარტება ფართოდ და მასში მოიაზრება ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილი. ცხადია, მოსარჩელე მხარე სწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს. სადავო ნორმა სიტყვასიტყვით მიუთითებს სწორედ რომელიმე ქმედების ჩადენაზე. შესაბამისად, სადავო ნორმის ამგვარი განმარტება მისი ზედმეტად ფართო განმარტების შედეგი კი არ არის, არამედ იგი პირდაპირ, სიტყვასიტყვით გამომდინარეობს ტექსტიდან.

20. ბუნებრივია, მოსარჩელე მხარეს გააჩნია უფლებამოსილება, გაასაჩივროს სახელმწიფოს მხრიდან ცალკეული ქმედებების კრიმინალიზების მართებულობა, მათ შორის, იდავოს იმაზე, პირის მიმართ უნდა დგებოდეს თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი განსხვავებულ სამართალდარღვევას ჩადის, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს არა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით გადასაწყვეტ საკითხს, არამედ საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულების ფარგლებში შესაფასებელ მოცემულობას, რომლით დაცული ქმედების განხორციელებისთვისაც პირს, სადავო ნორმის საფუძველზე, ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

21. როგორც უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, სადავო რეგულაციის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარემ უნდა დაასაბუთოს, სადავო ნორმის განუჭვრეტელი შინაარსით გამოყენების შესაძლებლობა. კონსტიტუციურ სარჩელში, ისევე, როგორც საქმეზე თანდართულ მასალებში, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები ან/და ავტორიტეტული ორგანოს განმარტებები სადავო ნორმების არაერთგვაროვანი, ურთიერთსაპირისპირო ან წინასწარ განუსაზღვრელი შინაარსით გამოყენების თაობაზე. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე, საერთოდ არ ასაბუთებს, რატომ ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, რომ სადავო ნორმებს აქვთ ბუნდოვანი შინაარსი, ვერ აკმაყოფილებენ კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს და, ამ მხრივ, წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებთან.

22. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მას შესაძლებელია, პასუხისმგებლობა დაეკისროს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რის გამოც იგი მიიჩნევს, რომ ირღვევა პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის პრინციპი. საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რათა დადგინდეს, თუ რა ქმედების ჩადენის გამო დგას მოსარჩელე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაშე.

23. №1956 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე 2025 წლის 25 ოქტომბერს ადმინისტრაციულსახდელდადებულად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო. 2026 წლის 9 თებერვალს მოსარჩელე ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) დგომით გამოხატავდა პროტესტს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ მიმართა სასამართლოს მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მოთხოვნით, ამჯერად იმ საფუძვლით, რომ იგი ტროტუარზე დგომით დაბრკოლებას უქმნიდა ხალხის გადაადგილებას. სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება იმ მოტივით, რომ საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

24. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის დროს მოქმედ კანონმდებლობას. 2025 წლის 16 ოქტომბრიდან შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას („საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს №993-IVმს-XIმპ კანონი) რის გამოც მოსარჩელეს 2025 წლის 25 ოქტომბერს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზე დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. იმავდროულად, სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით, 2025 წლის 16 ოქტომბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა, გახდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება („საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ №992-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი). შესაბამისად, მოსარჩელე მხარისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების (ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის) ჩადენისას ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ იმავე ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენა წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

25. 2025 წლის 10 დეკემბერს ცვლილება განხორციელდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და აიკრძალა ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა („„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს №1203-IVმს-XIმპ კანონი). ამავე დღესვე ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილში და ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა ტროტუარზე ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილებისთვის ხელშეშლა („საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს №1204-IVმს-XIმპ კანონი). აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდა 2025 წლის 11 დეკემბრიდან. იმავდროულად, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლი ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენას, 2025 წლის 11 დეკემბრიდან მასში თავისთავად მოიაზრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - ტროტუარზე ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილებისთვის ხელშეშლა.

26. სარჩელიდან ირკვევა, რომ საერთო სასამართლომ მოსარჩელის შემთხვევაში მიიჩნია, რომ ვინაიდან იგი 2025 წლის 25 ოქტომბერს უკვე იყო სამართალდამრღვევებად ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის (ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის), მის მიერ 2026 წლის 9 თებერვალს იმავე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა (ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვა) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს (სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით აკრძალული ქმედება).

27. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ქრონოლოგიურად გააზრების შემდეგ ნათელია, რომ მოსარჩელე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაშე დგას სწორედ ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის გამო. აღნიშნული ქმედება კი ჯერ გახდა სამართალდარღვევა და მისი ჩადენის გათვალისწინება მოხდა სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით და სწორედ ამის შემდგომ ჩაიდინა მოსარჩელემ ზემოაღნიშნული აკრძალული ქმედება. შესაბამისად, მოსარჩელე ქმედების ჩადენის მომენტში, აცნობიერებდა კანონმდებლობიდან მომდინარე შედეგებს.

28. როგორც უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, კანონის უკუძალის აკრძალვა მოითხოვს, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ან დამამძიმებელი კანონი არ გავრცელდეს ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის მიღებამდე და, შესაბამისად, იმ დროს არ წარმოადგენდა სამართალდარღვევას და დასჯად ქმედებას საერთოდ, ან ქმედების ჩადენისას მისთვის უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, პირს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ ქმედებისათვის, რომელიც სამართალდარღვევად გამოცხადდება მას შემდეგ, როცა პირმა ჩაიდინა იგი. მოსარჩელის შემთხვევაში კი სახეზე არ გვაქვს მსგავსი ვითარება.

29. სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარისთვის შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით აკრძალული ქმედების (ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვის) და სადავო ცვლილების (ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვის) ძალაში შესვლის შემდგომ განხორციელება. მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს არა წარსულში ჩადენილი დანაშაულისათვის, არამედ ახალი ქმედებისათვის, რომელიც ჩადენილ იქნა მისი, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად გამოცხადების შემდგომ.

30. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ ფაქტობრივი გარემოებებიდან და სადავო ნორმის შინაარსიდან არ იკვეთება პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება წარსულში ჩადენილი ქმედების გამო. როგორც აღინიშნა, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია ახალი, კანონით აკრძალული ქმედების განხორციელება ამავე კანონის/აკრძალვის ძალაში შესვლის შემდგომ. ამდენად, არ დგინდება სადავო ნორმების საფუძველზე პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უკუძალით გამოყენება და ამ მხრივ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით გარანტირებული პრინციპის დარღვევა.

31. დამატებით საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმადაც, შეუძლებელია მას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისას სცოდნოდა, რომ დასჯადი გახდებოდა ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვა და ორი განსხვავებული სამართალდარღვევა (ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა და ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვა) გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ როგორც უკვე ზემოთ აღნიშნა, მოსარჩელე მხარეს, რა თქმა უნდა, შეუძლია იდავოს ორი განსხვავებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართალებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურობაზე, თუმცა, როგორც უკვე განიმარტა, აღნიშნული წარმოადგენს მატერიალურ უფლებასთან შესაფასებელ საკითხს და მას საერთოდ არ გააჩნია შემხებლობა პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უკუძალით აკრძალვის პრინციპის დარღვევასთან.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, №1956 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის მისაღებობის ფარგლები

33. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა მოსარჩელე მხარე არაპროპორციულ სასჯელად მიიჩნევს მხოლოდ ადმინისტრაციულ პატიმრობას. მოსარჩელე მხარე საერთოდ არ მიუთითებს, სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია, რომელიც ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და განსაზღვრულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ ჯარიმებს, რატომ არის არაპროპორციული. იმავდროულად, იგი არ მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სანქციები მსუსხავ ეფექტს იწვევს შეკრების თავისუფლებაზე. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი, მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, დაუსაბუთებლობის საფუძვლით არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1956 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

35. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილს სრულად, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან ნათელია, რომ მისთვის პრობლემურია ზემოაღნიშნული სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია სწორედ აღნიშნული შეზღუდვებისა და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომის (ადმინისტრაციული პატიმრობის) არაკონსტიტუციურობას მიემართება. მოსარჩელე მხარეს, კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვების არაკონსტიტუციურობის მტკიცების არგუმენტები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად არ მიიღებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ იმ შემზღუდველ წესებს, რომლებიც არ უკავშირდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას.

5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება

37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1956 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

6. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შეფასება

38. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება.

39. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.

40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე.

41. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31-35).

42. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის №1/1/592 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

43. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კერძოდ, უნდა დადგინდეს შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს.

44. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს შესაძლებლობა, თავად შეაფასოს სადავო ნორმის შეჩერების საჭიროება, შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსარჩელეს არ ათავისუფლებს სათანადო არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისგან, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ სადავო ნორმის მოქმედება წარმოქმნის მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/6/877 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „ალტა“, შპს „ოქეი“, შპს „ზუმერი ჯორჯია“, შპს „ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და შპს „სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).

45. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. მისი განმარტებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ქმნის გამოუსწორებელი ზიანის საფრთხეს, რომელსაც ვერ აღმოფხვრის სადავო რეგულაციის არაკონსტიტუციურად ცნობა. მოსარჩელის, არგუმენტაცია სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების ნაწილში, უკავშირდება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან და თავისუფლების აღკვეთიდან მომდინარე გამოუსწორებელ ზიანს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს სწორედ ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის ზომებიდან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის შეფასება.

46. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ ზოგადად პირის თავისუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით, მისი ყველაზე ინტენსიური ფორმით - ფიზიკური თავისუფლების აღკვეთით (თუნდაც კონსტიტუციურად) - თავისი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირისთვის მძიმე უფლებრივ ტვირთს, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული გარემოება თავისთავად და ავტომატურად ვერ განაპირობებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. უფლების შეზღუდვის ინტენსივობა ან სანქციის სიმკაცრე, თავისთავად, დამატებითი გარემოებების გარეშე ვერ იქნება მიჩნეული იმ გამოუსწორებელ შედეგად, რომელიც სადავო ნორმის შეჩერების საფუძველს ქმნის. საწინააღმდეგო მიდგომის გაზიარება მნიშვნელოვნად გააფართოებდა შეჩერების ინსტიტუტის მოქმედების ფარგლებს და პრაქტიკულად გამოიწვევდა იმ შედეგს, რომ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დამდგენი ნორმების მნიშვნელოვანი ნაწილი, მხოლოდ სანქციის ბუნებიდან გამომდინარე, დაექვემდებარებოდა მოქმედების შეჩერებას, რაც არ არის თავსებადი შეჩერების ინსტიტუტის ფუნქციურ მიზანთან.

47. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ გამოუსწორებელი შედეგის არსებობა არ განისაზღვრება მხოლოდ უფლების შეზღუდვის ფაქტით ან მისი ხანგრძლივი ხასიათით. „უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი თავისთავად არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16).

48. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების დროებით ღონისძიებას მიმართავს იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მხარისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები. აღნიშნული მიდგომა განპირობებულია იმით, რომ საქმის არსებით განხილვამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით, სამართლებრივ სივრცეში ნორმა მოქმედებას წყვეტს საკითხის არსებითი შესწავლის, ნორმის ბუნების ზედმიწევნით გამორკვევის გარეშე, რამაც შესაძლოა, დისფუნქციური გახადოს მოქმედი კანონმდებლობა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს იმ სამართლებრივი ურთიერთობების გამართული ფუნქციონირება, რომელთა მოწესრიგებასაც აღნიშნული ნორმები ემსახურება. ამდენად, შეჩერების მექანიზმის ყოველ ჯერზე გამოყენებას თან სდევს ხანგრძლივი საკანონმდებლო ვაკუუმის წარმოშობის საფრთხე და ამდენად, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და მესამე პირთა ინტერესების ხელყოფის რისკი. სწორედ ამ მიზეზით, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით აფასებს. იგი მოსარჩელე მხარისგან მოითხოვს არა მხოლოდ ზოგადად უფლების შეზღუდვის ფაქტზე და მის განგრძობით ხასიათზე მითითებას, არამედ დამაჯერებელი არგუმენტებით იმის წარმოჩენას, რომ სადავო ნორმის მოქმედების გაგრძელება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ქმნის გამოუსწორებელი, შეუქცევადი ზიანის მიყენების რეალურ რისკს. მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად მოქმედი სამართლებრივი რეგულაციის დროებითი შეჩერება, როგორც განსაკუთრებული და გამონაკლისი ღონისძიება, რომელიც ემსახურება ეფექტიანი კონსტიტუციური მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების რეალური დაცვის უზრუნველყოფას.

49. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული საფრთხის წინაშე მდგარი ან უკვე თავისუფლებააღკვეთილი მოსარჩელეების მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკაში არ აკმაყოფილებს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითების საფუძვლით, რომ მათ შესაძლოა აღეკვეთოთ/ან უკვე აღკვეთილი აქვთ თავისუფლება. სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები (რომლებიც შეიძლება იყოს კიდეც არაკონსტიტუციური) არ აყენებს მოსარჩელეს გამოუსწორებელ ზიანს. კერძოდ, სასამართლოს მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, მათ შორის, დანიშნული სასჯელის ნაწილში, ხოლო უკვე აღკვეთილ თავისუფლებას (თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გატარებულ დღეებს) სასამართლო პრაქტიკაში არ მიიჩნევს იმ გამოუსწორებელ ზიანად, რაც შეჩერების ინსტიტუტის გამოყენებას ამართლებს. აღნიშნულის გამო, იმ ფაქტზე მითითება, რომ მოსარჩელეს შესაძლოა სასჯელის სახედ დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა სადავო ნორმის საფუძველზე, ვერ გამოდგება მისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის დასასაბუთებლად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1/17/882 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის №1/2/696 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის №1/21/701,722,725 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №1/11/657 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

50. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ასევე გამოუსწორებელ ზიანად მიიჩნევს ადმინისტრაციულ პატიმრობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა, თავისი ბუნებითა და ინტენსივობით, ნაკლებად მკაცრ ღონისძიებას წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სასჯელთან მიმართებით. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სისხლისსამართლებრივი წესით თავისუფლების აღკვეთას (მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების გამო) არ მიიჩნევს, თავისთავად, ისეთ გამოუსწორებელ ზიანად, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას გაამართლებდა, მით უფრო ვერ იქნება ასეთი დასკვნის საფუძველი, ნაკლები ინტენსივობის მქონე ღონისძიების შესაძლო გამოყენება. ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა, ვერ გახდება სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თვითკმარი არგუმენტი.

51. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შესაძლო არაკონსტიტუციურად ცნობა თავად უზრუნველყოფს მისგან მომდინარე სამართლებრივი ტვირთის აღმოფხვრას. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო სისხლის სამართლის წესით უკვე აღკვეთილი თავისუფლების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება, გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების აღმოფხვრის სამართლებრივი შესაძლებლობა ძირითადი გადაწყვეტილების მიღების გზით. შესაბამისად, სასამართლო ვერ ხედავს იმგვარ რისკს, რომელიც შეჩერების მექანიზმის გამოყენებას გაამართლებდა. ამდენად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

52. ამასთან, შეკრების თავისუფლების შეუქცევადად დაზიანების კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო რეგულაცია არ ართმევს პირს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. სადავო რეგულაცია ადგენს ქცევის კონკრეტულ წესს, რომლის დაცვითაც უნდა განხორციელდეს შეკრება/მანიფესტაცია და განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მისი დარღვევისთვის. მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგაც სარგებლობს შეკრების უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. სადავო რეგულაცია მიემართება შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მათ არ მიიღებდა არსებითად განსახილველად, თუმცა სადავო რეგულაციის კონსტიტუციურობის შეფასება, წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შესაფასებელ მოცემულობას. მოცემულ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია ის, რომ სადავო ნორმის მოქმედება არ იწვევს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შეუძლებლობას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს გამოუსწორებელი შედეგის არსებობის ალბათობას.

53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1956 კონსტიტუციური სარჩელი („ზურაბ ცეცხლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:

ა.ა) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას;

ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 11​1 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;

ა.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას.

ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:

ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ..., ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, ....“;

ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“ კონსტიტუციურობას.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1956 კონსტიტუციური სარჩელი („ზურაბ ცეცხლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:

ა.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობისთვის, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით;

ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 11​1 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.

ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:

ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 11​2 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“ კონსტიტუციურობას;

ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა –“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –“ კონსტიტუციურობას;

ბ.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას.

გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას.

3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

5. №1918, №1926, №1932, №1936, №1940, №1942, №1944, №1949 და №1956 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.

6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

8. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.

9. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ