• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/1-1/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 6.10.2026
      • N1/1-1/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“, "გახარია საქართველოსთვის") საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 24.09.2026
      • N1979
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინება საქმეზე “საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/11/1979
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი,
თარიღი 9 ოქტომბერი 2026
გამოქვეყნების თარიღი 12 ოქტომბერი 2026 10:04

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გოგა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

სერგო მეთოფიშვილი – წევრი;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

განსახილველი საკითხი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - მანანა კობახიძის შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. 2026 წლის 24 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა №1979 კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ №1979 კონსტიტუციურ სარჩელის ფარგლებში განსახილველი საკითხები თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, შესაბამისად, 2026 წლის 6 ოქტომბერს №1/1-1/1979 დასაბუთებული განჩინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა საქმის პლენუმისათვის გადაცემა მისი შემდგომი განხილვის მიზნით.

2. 2026 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს შუამდგომლობით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

3. №1979 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.

4. შუამდგომლობის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ №1979 კონსტიტუციური სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებსა და საზოგადოებაში გააჩინოს გონივრული ეჭვი ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ გადაწყვეტასთან მიმართებით, რაც №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან მისი თვითგანრიდების საფუძველს წარმოადგენს.

5. მოსამართლის განცხადებით, საზოგადოებისათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ წარსულში იგი იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი წევრი და აგრეთვე იკავებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც. გარდა ამისა, მითითებული პოლიტიკური გაერთიანების წევრობის პერიოდში, ის აირჩიეს მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრად, სადაც ითავსებდა მნიშვნელოვან ფუნქციებს.

6. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, როგორც უფლებადამცველი ადვოკატი და შემდგომ, უკვე სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას, იგი სხვადასხვა ტრიბუნიდან, საჯაროდ, აქტიურად აკრიტიკებდა №1979 კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარეს და მთავარ ფიგურანტ პარტიას - „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკრეტულ წევრებს (რომელთა ნაწილიც ამჟამად წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს) მათი მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული სისტემური დანაშაულებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების გამო. პოლიტიკური დებატებისას, მათგან ღიად მოითხოვდა პასუხისმგებლობის აღებას სწორედ იმ ქმედებებზე, რომლებიც №1979 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მთავარ არგუმენტებად არის მოხმობილი. მეტიც, პარლამენტის ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე, რომელიც საჯაროდ გადაიცემოდა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მან პირდაპირ მოუწოდა პარტიის დაშლისა და პოლიტიკური ველიდან საერთოდ წასვლისაკენ.

7. შუამდგომლობაში მოსამართლე ასევე მიუთითებს, რომ №1979 კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარის მიმართ წარსულში, მის მიერ ღიად და საჯაროდ გაკეთებული მწვავე განცხადებები, ბუნებრივია, შემორჩენილია, როგორც უშუალოდ განცხადებების ადრესატთა, ისე საზოგადოების წევრთა მეხსიერებაში. აღნიშნული განცხადებები საყოველთაოდ ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეშიც, შესაბამისად, მედია საშუალებებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ მათი მოძიება და ფართო აუდიტორიამდე მიტანა მარტივად არის შესაძლებელი.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ სუბიექტური თვალსაზრისით, არ არსებობს მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის შემდგომ, ფიცის დადების დღიდან იგი მოქმედებს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობით, პირადი განწყობებისა თუ დამოკიდებულებებისაგან სრულიად თავისუფლად. შესაბამისად, წარსულში პოლიტიკოსის რანგში გაკეთებული განცხადებები გავლენას ვერ მოახდენს მის მიუკერძოებლობაზე წინამდებარე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსამართლეს მიაჩნია, რომ კუმულაციურად, ზემოთ დასახელებულმა გარემოებებმა, საქმის განხილვის მონაწილეებს, საზოგადოებასა და, ზოგადად, ობიექტურ დამკვირვებელს, შესაძლოა, გაუჩინოს საფუძვლიანი ეჭვები და კითხვის ნიშნები №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც, იმავდროულად, შეარყევს საზოგადოების ნდობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მიმართ და დააზიანებს სასამართლოს რეპუტაციას.

9. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არსებობს №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან მისი თვითგანრიდების საფუძველი.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის აცილების შესაძლებლობას, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა დადასტურების დროსაც უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვიდან ჩამოცილება. ეს საფუძვლებია - საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და, მეორე მხრივ, ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.თავად მოსამართლის მიერ საქმიდან თვითგანრიდების შემთხვევას აწესრიგებს ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას, თუკი არსებობს ხსენებული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, საქართველოს კონსტიტუცია არ კრძალავს პოლიტიკოსის, მათ შორის, პარლამენტის წევრის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესების შესაძლებლობას. ასევე, არც ზოგადი პოლიტიკური კრიტიკა არ წარმოადგენს წარსულში პოლიტიკური პირის, როგორც მოსამართლის a priori აცილების წინაპირობას. მსგავსი სტანდარტის დამკვიდრება ხელს შეუშლის საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას და გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, მისი გაუმართლებელი პარალიზებაც კი გამოიწვიოს. შესაბამისად, ამგვარ სიტუაციებში მოსამართლის აცილებისა თუ თვითგანრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს კონკრეტული საქმის ირგვლივ არსებული ინდივიდუალური ვითარებიდან გამომდინარე, შეაფასოს საკითხის გადასაწყვეტად გამოსადეგი ყველა რელევანტური გარემოება და იმოქმედოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი სუბიექტური და ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის გამოყენებით.

3. „ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური კომპეტენცია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია. ეს უკანასკნელი კი შედგება კონსტიტუციითვე განსაზღვრული რაოდენობის მოსამართლეებისაგან, რომელთა აცილების შემთხვევაში, არ არსებობს სხვა მოსამართლით მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა. ამდენად, მოსამართლის აცილების საფუძველი არ უნდა იყოს იმდენად ფართო, რომ საფრთხე შეუქმნას სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, აცილების ინსტრუმენტის გამოყენება უნდა მოხდეს საკმარისი სიფრთხილით, რათა, ერთი მხრივ, საფრთხე არ შეექმნას სასამართლოს ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ არ დაკარგოს საზოგადოების ის ნდობა, რომელსაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უსათუოდ უნდა ატარებდეს და მის არსებით მახასიათებელს წარმოადგენდეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის №3/1/1693,1700 განჩინება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

4. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლის აცილებისათვის საკმარისი წინაპირობების შეფასებისას, მნიშვნელოვანია, თუ როდის დადგა ის გარემოება, რაც წარმოადგენს განრიდების წინაპირობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დაწყების შემდგომ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შეფასების უფრო მკაცრი ტესტი, ვიდრე იმ გარემოებების შეფასებისას, რაც მოსამართლის განწესებამდე მოხდა.

5. მოსამართლის განწესებამდე განხორციელებული აქტივობის შეფასებისას, რაც შეიძლება გახდეს აცილების საფუძველი, უნდა არსებობდეს მოსამართლის მიკერძოებულობის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რაც ობიექტური დამკვირვებლის თვალში წარმოშობს ცალსახა მოსაზრებას ამ უკანასკნელის ტენდენციურობასთან დაკავშირებით.

6. განსახილველ შემთხვევაში, მოსამართლე მანანა კობახიძის შუამდგომლობის შინაარსიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია საქმისგან მისი განრიდების საფუძვლების გარკვევა, სუბიექტური მიუკერძოებლობის ტესტის საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანია, სასამართლოს მიუკერძოებლობის შეფასების ობიექტური ტესტის საფუძველზე, დაადგინოს – ობიექტურ დამკვირვებელს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული გარემოებები, გაუჩნდებოდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი მოსარჩელის საქმესთან მიმართებით, მოსამართლე მანანა კობახიძის მიკერძოების თაობაზე და, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა განსახილველი საქმისგან თვითგანრიდების შუამდგომლობა.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ: ა) სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ბაზა არ ემთხვევა მანანა კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების (ინტერვიუს) შინაარსს; ბ) მანანა კობახიძის გამოსვლაში გაჟღერებული მოთხოვნა შინაარსობრივად არ არის სასარჩელო მოთხოვნის იდენტური.

8. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი სამართლიანი, მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობაა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, სასამართლო, ობიექტური დამკვირვებლის მხრიდან, სწორედ ასეთად იყოს აღქმული. საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ იგი არ აფასებს მოსამართლე მანანა კობახიძის სუბიექტური აღქმის ვალიდურობას, არამედ ყურადღებას აქცევს მხოლოდ ობიექტური აღქმის კრიტერიუმს.

9. მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ გახმოვანებული კრიტიკა, საკუთრივ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ განხორციელდა მისი პოლიტიკური საქმიანობის პროცესში საკმაოდ დიდი ხნის წინ, განპირობებულია პოლიტიკური დაპირისპირების პათოსით და შინაარსობრივად შეიცავს მკაცრ, თუმცა ზოგადი ხასიათის კრიტიკულ გამონათქვამებს, რაც იმ პერიოდში დამახასიათებელი იყო იმ პოლიტიკური გუნდის პოზიციისათვის, რომლის წარმომადგენელიც იყო მანანა კობახიძე და, რასაც, ზოგადად, აჟღერებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის არაერთი წევრი.

10. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა ზემოთ აღწერილ გარემოებებს, არ ეთანხმება მოსამართლე მანანა კობახიძის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ №1979 კონსტიტუციური სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, გამორიცხულია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და, ზოგადად, ობიექტურ დამკვირვებელს, გაუჩინოს მყარი ეჭვები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრობისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გაკეთებული საჯარო განცხადებების შინაარსის, ფორმისა და კონტექსტის, აგრეთვე, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხებთან ამ განცხადებების მჭიდრო და პირდაპირი კავშირის არარსებობის პირობებში, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და ობიექტურ დამკვირვებელს არ უნდა გაუჩინოს ცალსახა და დამაჯერებელი ვარაუდი, რომ მოსამართლე მანანა კობახიძე №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მოსამართლის ფიცს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს.

11. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მოსამართლის თანამდებობაზე განწესებამდე, მისი პოლიტიკური აქტივობისას გაკეთებული განცხადებების შინაარსის, თუნდაც მკაცრი კრიტიკის პირობებში, აცილების წინაპირობად განსაზღვრა, გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პარალიზებას და უარყოფითად აისახება ამ ინსტიტუციის როგორც მიუკერძოებლობაზე, ასევე ობიექტურობაზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – მანანა კობახიძის შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - მანანა კობახიძის შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

2. განჩინებას დაერთოს მოსამართლეების: მანანა კობახიძისა და ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი.

3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გოგა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

სერგო მეთოფიშვილი

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ