ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/1830 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 8 აპრილი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 აპრილი 2025 11:12 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 29 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1830) მომართეს ფატმან კვარაცხელიამ და კახა ეხვაიამ. №1830 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის 31 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 8 აპრილს.
2. №1830 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულია მოქალაქეთა უფლება, შეინარჩუნონ/განავითარონ საკუთარი კულტურა და ისარგებლონ დედაენით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ადგენს პოზიტიურ ღონისძიებებს არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, ქალებისა და მამაკაცებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესსა და საფუძვლებს.
5. №1830 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, დატვირთულია იპოთეკით ორჯერ. დასახელებული ხელშეკრულებით, სესხის გამცემ ფიზიკურ პირს, გაცემული სესხის სანაცვლოდ, უფლება აქვს, იცხოვროს უზრუნველყოფის სახით გამოყენებულ საცხოვრებელ ბინაში და ისარგებლოს ქონებით. მოსარჩელეების მითითებით, ისინი ვერ ახერხებენ სესხის ხელშეკრულებიდან მომდინარე მოთხოვნების დროულ დაკმაყოფილებას, სადავო ნორმით კი ეზღუდებათ გამსესხებლისგან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხით მესამედ სარგებლობის შესაძლებლობა, იმ პირობებში, როდესაც სესხის გამცემი სხვა სუბიექტები, მათ შორის, კომერციული ბანკები, აწესებენ მაღალ საპროცენტო განაკვეთს. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ იურიდიული პირებისაგან, კერძოდ კი – კომერციული ბანკებისაგან განსხვავებით, სადავო ნორმის რეგულირების ფარგლებში, ფიზიკურ პირს, როგორც სესხის გამცემ სუბიექტს, რომელსაც არ აქვს საცხოვრებელი უძრავი ქონება, ეზღუდება, სესხის სანაცვლოდ, უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა.
6. მოსარჩელეების პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი წესი ზღუდავს საკუთრების პირის მიერ თავისი შეხედულებისამებრ განკარგვის, მათ შორის, სესხის ხელშეკრულების გაფორმებისა და ქონების უზრუნველყოფის სახით გამოყენების შესაძლებლობას. მოსარჩელეთა მოსაზრებით, სესხის უზრუნველყოფის სახით უძრავი ქონების იპოთეკით ორჯერ დატვირთვის უფლების არსებობის პირობებში, ბუნდოვანია რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება მსგავსი გარიგების მესამედ დადების შესაძლებლობის შეზღუდვა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თუ სესხის ხელშეკრულების გასვლამდე მესაკუთრეს არ აქვს შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს გამსესხებლის მოთხოვნა, მას კვლავ უნდა ჰქონდეს უფლება, ფიზიკურ პირთან დადოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ხელახალი ხელშეკრულება და შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან შესაბამისობის მხრივ, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმა ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. კერძოდ, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო ნორმა ზღუდავს ფიზიკური პირის მიერ სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობას, მაშინ, როდესაც ამგვარი შეზღუდვა არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე – კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მსგავს სუბიექტებზე. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა, რომელიც ადგენს შემზღუდველ და საგამონაკლისო წესს, მიმართულია ზემოხსენებული იურიდიული პირების ხელშეწყობისა და მათ მიერ სესხებთან დაკავშირებულ ბაზარზე მონოპოლიის მოპოვებისკენ. მოსარჩელეთა მოსაზრებით, სადავო ნორმით დადგენილ დიფერენცირებას არ აქვს ლეგიტიმური მიზანი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.
8. №1830 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთანავე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხსენებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1830 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები, რომლებსაც სურთ თავიანთ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ზღუდავს მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების თავისი შეხედულებისამებრ განკარგვის, მათ შორის, ფიზიკურ პირთან დასადები/დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. იმავდროულად, რამდენადაც სადავო ნორმა ზღუდავს პირის მიერ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მხოლოდ კერძო ფიზიკური სუბიექტებისაგან აღების შესაძლებლობას, მოსარჩელეების მოსაზრებით, იგი აწესებს გაუმართლებელ დიფერენცირებას, ერთი მხრივ, ფიზიკურ პირებს, ხოლო, მეორე მხრივ, იურიდიულ პირებს – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მსგავს სუბიექტებს შორის, რაც ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დაუშვებლად არის გამოცხადებული ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მისი ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული, მათ შორის, უძრავი ნივთის გამოყენება. ხსენებული მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადება ამ შეზღუდვას არ ავრცელებს ურთიერთობებზე, რომლებშიც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს). ამავე დროს, სადავო ნორმის შესაბამისად, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.
4. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი განსაზღვრავს ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფიზიკურ პირზე გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებასთან დაკავშირებით ზოგად აკრძალვას, ხოლო ხსენებული მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადება აღნიშნული წესისგან ადგენს გამონაკლისს. გასაჩივრებული რეგულირება კი, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სამართალურთიერთობას კვლავ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შეზღუდვას უქვემდებარებს. ამდენად, ნათელია, რომ სადავო ნორმის მოწესრიგების საგანი ამოიწურება მარტოოდენ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე ფიზიკურ პირზე გასაცემი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად უძრავი ქონების გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ზოგადი ამკრძალავი წესის გავრცელებაზე მითითებით. თავისი შინაარსისა და მოწესრიგების სფეროს გათვალისწინებით, უშუალოდ გასაჩივრებული ნორმის რეგულირების საგანს არ წარმოადგენს ფიზიკურ პირზე გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შეზღუდვის საკითხის გადაწყვეტა. ამგვარად, მოსარჩელის მიერ №1830 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული პრობლემა მომდინარეობს არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6, არამედ ამავე მუხლის მე-4 ნაწილისგან.
5. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა 2020 წლის 18 დეკემბრის №1/4/1380 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (შემდგომში – №1/4/1380 გადაწყვეტილება). მოცემულ საქმეზე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოთხოვნილი იყო საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. განსახილველი საქმის მსგავსად, მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელე სუბიექტებს წამოადგენდნენ პირები, რომლებსაც სურდათ ფიზიკური პირისაგან საკუთარი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღება. გასაჩივრებული რეგულირების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა არღვევდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, კერძოდ კი ქონებით სარგებლობისა და განკარგვის თავისუფლებას, რამდენადაც ზღუდავდა ინდივიდის შესაძლებლობას, თავად განესაზღვრა ცხოვრებისეული პრიორიტეტები და ეტვირთა ამგვარი გადაწყვეტილებისაგან მომდინარე სამართლებრივი რისკები. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფდა ინდივიდების ქონებრივი დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, უწყობდა ხელს ფორმალურ გარიგებებს და წარმოშობდა უფრო მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს.
6. №1/4/1380 გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო რეგულირება ემსახურებოდა ფიზიკური პირების, როგორც მომხმარებელთა, დაცვის უზრუნველყოფას სასესხო ურთიერთობებში, მათი გადახდისუნარიანობის შენარჩუნებას, ჭარბვალიანობის რისკების შემცირებასა და, საბოლოოდ, სახელმწიფოს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის №1/4/1380 გადაწყვეტილება საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14-18). ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებული ნორმის საკუთრების ხელშეუხებლობის უფლებასთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, (ა) სადავო სამართლებრივ ურთიერთობებში, კრედიტორები, როგორც წესი, სარგებლობენ ასიმეტრიული ძალაუფლებითა და მაღალი სარგებლის მიღების მოტივით, რაც წარმოშობს კაბალური ხელშეკრულებების დადების მომეტებულ რისკს; (ბ) სადავო შეზღუდვა უკავშირდება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, რაც, სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებისაგან განსხვავებით, მაღალი ღირებულებისა და რისკის მქონე ტრანზაქციებია; (გ) ბანკების, მიკროსაფინანსო და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მსგავსი ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, კრედიტორი ფიზიკური პირების საბაზრო ძალაუფლება არ არის დაბალანსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გამჭვირვალობა, სამართლიანობა და პასუხისმგებლობა სახელშეკრულებო პროცესში; (დ) საქმის განხილვის შედეგად, არ დადასტურებულა, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არის იმდენად მძიმე, რომ შეუთავსებელი იყოს სახელშეკრულებო თავისუფლებისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა, რომ სადავო ნორმა პასუხობდა თანაზომიერების პრინციპის თითოეულ ელემენტს და არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის №1/4/1380 გადაწყვეტილება საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35-37, 40, 43).
7. ამავე დროს, გასაჩივრებული რეგულირების საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირებული მიდგომა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს, მათ შორის, რესურსებისა და ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკას, რაც განაპირობებს იურიდიული პირების მეტ შესაძლებლობას ფინანსური რისკების წინასწარ შეფასებისა და სამართლებრივი ურთიერთობების სწორად მართვის მიმართულებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, იურიდიულ პირებთან შედარებით, ფიზიკურ პირებს გააჩნიათ ნაკლები შესაძლებლობა, სრულყოფილად შეაფასონ საკრედიტო ურთიერთობებიდან წარმოშობილი საფრთხეები, რაც სახელმწიფოს აძლევს ლეგიტიმურ უფლებამოსილებას, ფიზიკური პირებისთვის დამატებითი ბარიერების დაწესების გზით, დაარეგულიროს ისეთი პროცესები, რომლებიც შესაძლოა, ფართომასშტაბიანი ფინანსური არასტაბილურობის წყაროდ იქცეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებული იყო ლეგიტიმური მიზნებით და არსებობდა საკმარისად რაციონალურ კავშირში აღნიშნულ მიზნებსა და სადავო ნორმით დადგენილ შეზღუდვებს. სწორედ ამიტომ, ჩაითვალა, რომ სადავო ნორმა შესაბამისობაში არის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის №1/4/1380 გადაწყვეტილება საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-64-72).
8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იკვეთება, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე მოსარჩელე მხარის, როგორც ფიზიკური პირისაგან საკუთარი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღების სურვილის მქონე სუბიექტების მიერ, №1830 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებულ ყველა პრობლემურ საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი გაცემული აქვს №1/4/1380 გადაწყვეტილებით. იმავდროულად, №1830 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის გამოკვეთილი რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაში არ შეუფასებია. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის №1/4/1380 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის გამოყენების საჭიროება.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, №1830 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1830 კონსტიტუციური სარჩელი („ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე