• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ნათია ქოქიაშვილი და არჩილ გუჩმანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1863
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე,
ავტორ(ებ)ი ნათია ქოქიაშვილი, არჩილ გუჩმანიძე
თარიღი 14 მაისი 2025

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე მუხლი:

„სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სამეცნიერო ან სხვა ობიექტის დაპროექტების, განლაგების, რეკონსტრუქციის, მშენებლობის, საექსპლუატაციოდ გადაცემის ან ექსპლუატაციის დროს გარემოს დაცვის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია რადიაციული ფონის არსებითი გაუარესება, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.“

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლი:

„1. წყლის ობიექტის დაბინძურება, დანაგვიანება, დაშრეტა ან მასზე სხვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მოსახლეობის ჯანმრთელობა, შეამციროს თევზის მარაგი, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები, გამოიწვიოს წყლის ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური თვისებების გაუარესება, ბუნებრივი თვითგაწმენდის უნარის დაქვეითება, ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის დარღვევა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ანდა ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, აგრეთვე ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის ან აღკვეთილის ტერიტორიაზე ანდა საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.“

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლი:

1. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებების, სხვა ნარჩენის ანდა მასალის ზღვაში უკანონოდ ჩაყრა (ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ ორგანიზმს, ანდა ხელს უშლის ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. ხმელეთიდან და საჰაერო ხომალდიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერების ანდა სხვა ნარჩენის ან მასალის ზღვაში უკანონოდ ჩაყრა (ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ ორგანიზმს, ანდა ხელს უშლის ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეულ სამყაროს, თევზის მარაგს ან წყლის სხვა ცოცხალ ორგანიზმს, დასვენების ზონას ანდა კანონით დაცულ სხვა სიკეთეს, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.“

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლი:

1. მავნე ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ანდა გამწმენდი დანადგარის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.“
სისხლის სამართლის კოდექსის 1072 მუხლი: „იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით.“ ის ნორმატიული შინაარსი, რაც გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იურიდიული პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.“

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:

მოსარჩელე, ნათია ქოქიაშვილი ცხოვრობს ქალაქ რუსთავში. ეს არის საქართველოს ყველაზე დიდი ინდუსტრიული დასახლება. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022., მიუხედავად გატარებული რიგი ღონისძიებებისა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, ჰაერის დაბინძურება კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქ. რუსთავში .[1] ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022-ში აღნიშნულია:

„საქათველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს

ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში. ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ადამიანის

ჯანმრთელობის მრავალ დარღვევასთან, მათ შორის ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა და

ნერვული სისტემის დაავადებებთან. კერძოდ, PM-ებით დაბინძურება იწვევს თვალის

გაღიზიანებას, ასთმას, ბრონქიტს, ფილტვის დაზიანებას, სიმსივნეს, მძიმე ლითონებით

მოწამლვას და უარყოფითად ზემოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე; NO2 კი -

რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობას, სასუნთქი სისტემის

გაღიზიანებას და რესპირატორული სიმპტომებს (მაგ. ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში,

სუნთქვის გაძნელება) ცნობილია, რომ ჰაერის დაბინძურებას განსაკუთრებით მძიმე

ზემოქმედება აქვს ისეთ მგრძნობიარე და მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა ორსულები,

ბავშვები, მოხუცები, დაავადებული ადამიანები, ასევე დაბალშემოსავლიანი ჯგუფები. შესაბამისად, შენობის შიდა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული

ავადმყოფობები მძიმე ტვირთად აწვება როგორც დაზარალებულებს, ასევე ქვეყნების

ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებსა და ეკონომიკას.“[2]

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022-ში აღნიშნულია: „2019 წლის მდგომარეობით ქ. რუსთავის მოსახლეობა შეადგენს 128.3 ათას კაცს. რუსთავი 1950-იანი წლებიდან ინდუსტრიული ცენტრი იყო. დღეის მდგომარეობით ინდუსტრიული საწარმოების ნაწილი გაჩერებულია, თუმცა, რუსთავი რჩება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ ცენტრად. აქ ფუნქციონირებს არაერთი ქიმიური, მეტალურგიული, ცემენტის და სხვა საწარმო.“[3]

ამავე სამოქმედო გეგმის მიხედვით: ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით (PM) დაბინძურების მთავარ ანთროპოგენურ წყაროს მრეწველობის სექტორი წარმოადგენს, კერძოდ კი ის სამრეწველო ობიექტები, რომელიც კონცენტრირებულია „ძველ რუსთავში“. სტაციონარული წყაროებიდან

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების 2018 წლის ანგარიშის მიხედვით ქ.

რუსთავში დაფიქსირებულია მყარი ნივთიერებების გაფრქვევის 50 წყარო (აქედან 47 ძველ,

ხოლო მხოლოდ 3 ახალ რუსთავში), რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს

მეტალურგიულ, ქიმიურ, მინერალურ და სხვა სახის სამრეწველო ობიექტს. აღნიშნულ

ობიექტთა მიერ გაფრქვეულმა მყარმა ნივთიერებებმა (დიდწილად მტვრის ნაწილაკებმა) 2019

წელს 14 ათას ტონაზე მეტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 14 ათასი ტონიდან 97%

უმსხვილესი დამბინძურებლის გაფრქვევებზე მოდის.[4]

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022-ში აღნიშნულია: მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების შეფასება ხორციელდება ჰაერის ხარისხის შეფასების ევროპული სტანდარტების შესაბამისად. არსებული დაკვირვების პუნქტებიდან მიღებული მონაცემებით, ძველ რუსთავში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის, ხოლო ახალ რუსთავში, ცენტრალურ ქუჩაზე აზოტის დიოქსიდის (NO2) შემცველობის წლიური ნორმის გადაჭარბება. სხვა დამბინძურებლები (SO2, CO, O3, Pb, C6H6) ნორმის ფარგლებშია. უფრო დეტალურად, 2019 წლის განმავლობაში ჩატარებული ინდიკატორული გაზომვები გვიჩვენებს, რომ ახალ რუსთავში ცენტრალური ქუჩის (კლდიაშვილის ქუჩა) გასწვრივ დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება 1,4-ჯერ. ამავე დამბინძურებლის ნორმის უმნიშვნელო გადაჭარბება დაფიქსირდა ძველ რუსთავშიც მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სადაც კონცენტრაციამ

ზღვრულ ნორმას მხოლოდ 1,02-ჯერ გადააჭარბა.“[5]

მთავრობის მიერ მიღებული ეს სტრატეგიული დოკუმენტი მეტყველებს იმაზე, რომ რუსთავში ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებით არის მძიმე მდგომარეობა, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს იქ მაცხოვრებლებზე, მათ შორის მოსარჩელეზე, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს. ატმოსფერული ჰაერი წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლის დაცვის ობიექტს. სისხლის სამართლის კოდექსის 1072 მუხლის თანახმად,: „იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით.“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლიი არ ითვალისწინებს იურიდიული პირის პასუხისმგებლობას, რაც აძლევს იურიდიულ პირს მომჩივანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლით აკრძალული ქმედების განხორციელების შესაძლებლობას, ისე რომ ამას არ მოჰყვება ჰაერის დამბინძურებელი იურიდიული პირის პასუხისმგებლობა - განსაკუთრებით კი მისი ლიკვიდაციის, საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით. ამგვარად, სადავო ნორმამ მომავალში შესაძლოა დაარღვიოს მოსარჩელე ნათია ქოქიაშვილის უფლებები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე მუხლით სამრეწველო ობიექტის ექსპლოატაციისას გარემოს დაცვის წესების დარღვევა, რაც იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას. როგორც ზემოთ მივუთითეთ, ქალაქ რუსთავში მდებარეობს უამრავი სამრეწველო ობიექტი, რომელებიც ქმნიან ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებით უამრავი გარემოსდაცვითი რეგულაციის დარღვევის საფრთხეს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს, მათ შორის მომჩივანის, ჯანმრთელობის ზიანი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ცხოვრობს ქალაქ რუსთავში იზრდება მისთვის ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე. სადავო ნორმა გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე მუხლით აკრძალული დანაშაულის ჩადენისათვის იურიდიული პირის პასუხისმგებლობას, მათ შორის მის მიმართ ისეთი ქმედების დაკისრებას, რაც გულისხმობს მის ლიკვიდაციას და იმ საქმიანობის უფლების აკრძალვას, რამაც გარემოს დაცვის რეგულაციის დარღვევა გამოიწვია.

ნათია ქოქიაშვილი ასევე ასაჩივრებს სისხლის სამართლის კოდექსის 1072 მუხლს, რაც გამორიცხავს რუსთავში მოქმედი გარემოს რეგულაციების დამრღვევების და ჰაერის დამბინძურებელი იურიდიული პირების პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე და 195-ე მუხლებით.

„გავიგუდეთ“ არის სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც დაფუძნდა 2018 წელს. ამ ორგანიზაციის მიზანია რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება (https://gavigudet.org/chven-shesakheb/organizatsiis-shesakheb). ამ ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან 2022 წლის 10 ნოემბერს გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქალაქ რუსთავში მოქმედებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული 161 ობიექტი. ამ ობიექტებიდან, მხოლოდ 5 ობიექტს ფლობს ფიზიკური პირი (ინდმეწარმე), დანარჩენი 156 ობიექტები წარმოადგენს იურიდიულ პირს (უმრავლესობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, თუმცა ასევე გვხდება სააქციო საზოგადოება - კავკასიან პეტკომპანი, სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი,“ სააქციო საზოგადოება „გრდემლი,“ სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“, სააქციო საზოგადოება „სარინი,“)https://gavigudet.org/news/ramdeni-satsarmo-phunqtsionirebs-rusthavshi/. ამგვარად, გარემოს დაცვითი რეგულაციები და ჰაერის დაბინძურება რუსთავში უმეტესად შესაძლოა ხორციელდებოდეს იურიდიული პირის სახელით და მის სასარგებლოდ (კომერციული მოგების მისაღებად), ვიდრე ფიზიკური პირების მიერ. ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის კოდექსის 1072, 287 და 295-ე მუხლები დაუცველს ტოვებენ მოსარჩელე ნათია ქოქიაშვილს ამგვარი იურიდიული პირებისაგან. ეს გარემოება აძლევს ნათია ქოქიაშვილს ამ ნორმების კონსტიტუციურობაზე დავის უფლებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, გარემოს დაცვის საქმეებზე საჩივრების წარდგენა მოხდეს იმ ფიზიკური პირის მხრიდან, რომელიც ცხოვრობს დაბინძურების წყაროს მახლობლად. ასეთ პირებს ენიჭებათ დავის უფლება. შვეიცარიელი უფროსი ასაკის ქალების ასოციაციის საქმე (CASE OF VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND) ეხებოდა გლობალური დათბობის მავნე შედეგების შესამცირებლად ან მასთან ადაპტირების მიზნით შვეიცარიის ხელისუფლების უმოქმედობას - მიეღო სათანადო ნორმატიული აქტი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეში დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.[6] ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გვთავაზობს თავისი პრეცედენტული სამართლის ვრცელ მიმოხილვას, თუ ვინ შეიძლება იყოს უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს გარემოს დაცვის საქმეებზე. ამასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს:

მომჩივანთა კატეგორიას განეკუთვნება ადამიანები, რომლებიც შესაძლოა მომავალში მოექცნენ კანონის მოქმედების გავლენის ქვეშ... დასაშვებია საჩივრის წარდგენა იმ შემთხვევაში, როცა მომჩივანი მიუთითებს კონვენციის დარღვევის რისკზე. ზოგადად, რელევანტური ტესტი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული, არის ის, რომ მომჩივანმა უნდა წარადგინოს გონივრული და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც ადასტურებს იმ შესაძლებლობას, რომ დარღვევა მასზე მოახდენს პიროვნულ გავლენას. “[7] ტერმინი „პოტენციური მსხვერპლი“ ნიშნავს იმას, რომ პირი ... მომავალში გახდება შემზღუდველი ღონისძიების მსხვერპლი.[8]

გარემოს დაცვის დავებზე, ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მომჩივანისათვის საკმარისია იდავოს გარემოსათვის მიყენებულ ზოგად ზიანზე. ამასთან დაკავშირებით არსებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მსხვერპლის სტატუსის მისაღებად მომჩივანმა უნდ აჩვენოს, რომ მასზე უკვე გავლენა მოახდინა გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა ან დგას გასაჩივრებული ზიანის მიყენების საფრთხის წინაშე. კრიტერიუმი, რასაც სასამართლო იყენებს მსხვერპლის სტატუსისათვის არის ზიანის მინიმალური სიმკაცრე, მისი ხანგრძლივობა, სათანადო კავშირის არსებობა მომჩივანს (მომჩივნებსა) და გარემოსათვის მიყენებულ ზიანს შორის. ამგვარ კავშირზე მათ შორის მიუთითებს მომჩივნებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის გეოგრაფიული სიახლოვე.”[9]

მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი - ქალაქი რუსთავი - არის ჰაერის დაბინძურების ზონაში. მომჩივანი გეოგრაფიულად ახლოს არის იმასთან, რომ მომავალში განიცადოს ჰაერის დაბინძურებიდან მომდინარე ზიანი. შესაბამისად, არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ მოსარჩელე საკუთარ ქალაქში გახდება უსაფრთხო გარემოზე, კერძოდ სუფთა ჰაერზე უფლების ხელყოფის მსხვერპლი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზემოთ მითითებული სტრატეგიული დოკუმენტებით მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილას ჰაერის დაბინძურების მაღალი რისკები აღიარებული აქვს საქართველოს მთავრობას, რაც მოსარჩელის წინაშე არსებულ რისკებს უფრო რეალურს ხდის და ანიჭებს მას უფლებას, იდავოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 295-ე და 1072 მუხლების კონსტიტუციურობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვა საქმეებშიც არის აღიარებული ის, რომ დაბინძურების წყარო მომჩივნებთან გეოგრაფიულად ახლოს უნდა იყოს: ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლი გამოიყენა შემდეგ გარემოებებში: ლოპეს ოსტრა ესპანეთის წინააღმდეგ საქმეში მომჩივანი ცხოვრობდა 12 მეტრის მოშორებით ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნიდან, საიდანაც მოდიოდა სუნი, ხმაური და კვამლი, ასევე წყალბადის სულფიდი, რაც აჭარბებდა დასაშვებ ნორმას და მას შეეძლო საფრთხის წინაშე დაეყენებინა ქარხნის მახლობლად მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა. გერა და სხვები იტალიის წინააღმდეგ, ყველა მომჩივანი ცხოვრობდა სოფელში, რომელიც ერთი კილომეტრით იყო მოცილებული ქარხნიდან, რომელიც კლასიფიცირებული იყო მაღალი რისკის შემცველად, ვინაიდან წარმოების პროცესში ქარხანა გამოყოფდა დიდი ოდენობით ადვილად აალებად აირს და სხვა მომწამვლელ ნივთიერებას.[10] ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ საქმეში, მომჩივანი ცხოვრობდა 450 მეტრის მოშორებით ფოლადის ქარხნიდან (ყველაზე დიდი რკინის მდნობელი ქარხანა რუსეთში). ქარხანასა და საცხოვრებელ ზონას შორის გამყოფ ხაზზე ფოლადის წარმოებით გამოწვეული დაბინძურება იყო გადამეტებული. დაბინძურების მაქსიმალური კონცენტრაცია დაფიქსირებული იყო მომჩივანის სახლთან, რომელიც 10-ჯერ აღემატებოდა დაბინძურების საშუალო წლიურ კონცენტრაციას, რაც არ იყო უსაფრთხო ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ჯაკომელი იტალიის წინააღმდეგ საქმეში მომჩივანი ცხოვრობდა 30 მეტრის მოშორებით ქარხნიდან, სადაც ინახებოდა და გადამუშავდებოდა სპეციალური ნარჩენები, ხდებოდა მავნე ნარჩენების დეტოქსიკაცია, რაც გულისხმობს სპეციალური ქიმიური ხსნარებით სამრეწველო ნარჩენების გადამუშავებას. ამ ქარხნის მუშაობა არ პასუხობდა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეგულაციებს და უქმნიდა სპეციფიკურ საფრთხეს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.[11]

ბასილა რუმინეთის წინააღმდეგ საქმეში მომჩივანი ცხოვრობს კოფსა მირკა-ში ქარხანასთან ახლოს, რომელიც ეკუთვნოდა სომეტრას კომპანიას. ეს არის ევროპაში ტყვიისა და თუთიის უდიდესი მწარმოებელი და ქალაქის უდიდესი დამსაქმებელი. ქარხანა გარემოში აფრქვევდა დიდ რაოდენობის გოგირდის დიოქსიდს და მტვერს, რომელიც შეიცავდა მძიმე მეტალებს, ძირითადად ტყვიას და კანდიუმს. საჯარო და კერძო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ მძიმე მეტალები ნანახი იქნა მდინარეში, ჰაერში, მიწაში, მცენარეში. მძიმე მეტალების რაოდენობა 20-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ დონეს. რესპირატორული დაავადების რაოდენობა კოპსა მიკაში შვიდჯერ აღემატებოდა ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში ამ დაავადების რაოდენობას. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ დაამყარა სამართლიანი ბალანსი ქალაქში უდიდესი დამსაქმებლის ეკონომიკურ ინტერესსა და მომჩივნების მიერ საკუთარი საცხოვრებლით, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას შორის.[12]

ერთ-ერთი ახალი საქმე, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა და კონვენციის მე-8 მუხლი დაადგინა, იყო ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. ქალაქ თბილისში უზნაძის ქუჩაზე მომჩივნების საერთო საცხოვრებლის გვერდით (სახლსა და ქარხანას შორის არ იყო ბუფერული ზონა) მდებარეობდა სითბური ენერგიის მწარმოებელი ქარხანა. იმის მიუხედავად, რომ თბილისის იმდროინდელმა საოლქო (პირველი ინსტანციით განიხილა აღნიშნული საქმე) და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა ვერ დაადგინეს მიზეზობრივი კავშირი სითბური ქარხნიდან მომდინარე ჰაერის დაბინძურებას და მომჩივანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შორის. ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საჩივრის კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებაში წარსადგენად, მომჩივანებს არ მოეთხოვებათ ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც რაოდენობრივი თვალსაზრისით დასაბუთებული იქნება მომჩივანების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი. საკმარისი იქნება იმის დასაბუთება, რომ ჰაერის დაბინძურებამ მომჩივნები სულ მცირე გახადა მოწყვლადი სხვადასხვა დაავადებების მიმართ და ამგვარმა დაბინძურებამ უდავოდ გააუარესა მომჩივნების ცხოვრების ხარისხი. ამ დასკვნის გაკეთებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ქვეყნის შიდა სასამართლოების მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნები და ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც, არაორაზროვნად იყო აღნიშნული, რომ მომჩივანების სახლსა და ქარხანას შორის არ იყო ბუფერული ზონა. ამასთან ერთად, ქარხნის საკვამურებში არ იყო დამონტაჟებული ფილტრი და სხვა გამწმენდი მოწყობილობები, რასაც შეეძლო შეემცირებინა იმ მავნე ნივთიერებების უარყოფითი გავლენა, რაც ჰაერში გაიტყორცნებოდა. ამის გამო შენობის მაცხოვრებლები დგებოდნენ რეალური რისკის წინაშე.[13]

ამგვარად, იმისათვის, რომ ადამიანმა იდავოს გარემოს დაცვითი უფლების დარღვევაზე, მას არ მოეთხოვება იმის დამტკიცება, რომ დაბინძურებამ უკვე დააზიანა მისი ჯანმრთელობა. ჯანმრთელობის დაზიანება მიზეზობრივ კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან. მთავარია ის, რომ მოსარჩელე ტერიტორიულად იმდენად ახლოს უნდა იყოს დაბინძურების წყაროსთან, რომ ეს იწვევდეს მისი ცხოვრების ხარიხის გაუარესებას და ხდიდეს მას მოწყვლადს, დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, რუსთავში, იმ ქალაქში ცხოვრება, სადაც ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმებს აღემატება, აუარესებს მოსარჩელე ნათია ქოქიაშვილის ცხოვრების ხარისხს და მის ჯანმრთელობას ტოვებს მოწყვლად მდგომაროებაში. ცალკე აღებული ეს გარემოება, ჰაერის დაბინძურებასთან უშუალო მიზეზობრივი კავშირის მქონე ჯანმრთელობის დაზიანების მტკიცების ტვირთის გარეშე, მოსარჩელე ნათია ქოქიაშვილს ანიჭებს სადავო ნორმებზე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დავის უფლებას.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სისხლის სამართალში აბსოლუტურად აკრძალულია კანონის უკუძალით გამოყენება. საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა დაელოდოს იმას, გარემოს დაბინძურების შედეგად როდის მიადგება ზიანი მოსარჩელის ჯანმრთელობას, რათა მას დავის უფლება მისცეს საქმეზე, სადაც საჩივრდება სისხლის სამართლის დებულებები. სარჩელის დაკმაყოფილება არ გამოიწვევს უკუძალით იურიდიულ პირზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოსარჩელის მიმართ ჩადენილი ქმედებისათვის. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი ნორმების სპეციფიკის გათვალისწინებით, პოტენციურ დაზარალებულს იმ დრომდე უნდა მიეცეს საკონსტიტუციო სასამართლოში დავის შესაძლებლობა, ვიდრე დამბინძურებლისაგან სადავო ქმედების განხორციელება მოხდება. სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად მხოლოდ ის უნდა შემოწმდეს, მოსარჩელის დაბინძურების წყაროსთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო რამდენად რეალისტურია იმის პროგნოზი, რომ მომავალში მომჩივანი დაბინძურების მსხვერპლი გახდეს. ამგვარი რისკი მოსარჩელე ნათია ქოქიაშვილთან მიმართებაში სავსებით რეალისტურია.

იგივე სტანდარტზე დაყრდნობით, ზღვის დაბინძურება ზიანს მიაყენებს მეორე მოსარჩელის ბათუმში მცხოვრები არჩილ გუჩმანიძის უფლებას - უსაფრთხო გარემოზე. შესაბამისად, არჩილ გუჩმანიძე უფლებამოსილია იდავოს სისხლის სამართლის კოდექსის 1072, 292-ე და 293-ე მუხლების კონსტიტუციურობაზე. მეორე მოსარჩელე ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება შავ ზღვას. ამ უკანასკნელის დაბინძურებამ შესაძლოა მომავალში დააზიანოს არჩილ გუჩმანიძის უფლებები.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი; ამგვარად, სადავო ნორმები, დიდი ალბათობით, მომავალში შესაძლოა გავრცელდეს მოსარჩელეთა მიმართ, შესაბამისად, ვინაიდან არსებობს იმის ალბათობა რომ მომავალში სადავო ნორმები შესაძლოა გავრცელდეს მოსარჩელეებზე, მათ აქვთ სადავო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-29 მუხლის პირველი პუნქტით;

ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;

ზ) დავის საგანს წარმოადგენს საკანონმდებლო ნორმატიული აქტი და არ არსებობს იერარქიულად უფრო მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების აუცილებლობა


[1] გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთობლივი დოკუმენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა ცენტრალური ზონებისათვის გვერდი 6 https://rustavi.gov.ge/wp-content/uploads/2023/08/%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1.pdf

[2] ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა 2020-2022 გვერდი 3 https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/27987

[3] ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების

საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა 2020-2022 გვერდი 7 https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/27987

[4] რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების

საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა 2020-2022 გვერდი 7 https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/27987

[5] საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა 2020-2022 გვერდი 8 https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/27987

[6] VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 573, § 574 9 April 2024 https://hudoc.echr.coe.int/?i=001-233206

[7] VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 470 9 April 2024 https://hudoc.echr.coe.int/?i=001-233206

[8] VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 471 9 April 2024 https://hudoc.echr.coe.int/?i=001-233206

[9] VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 472 9 April 2024 https://hudoc.echr.coe.int/?i=001-233206

[10] Erol ÇİÇEK and Others against Turkey Application no. 44837/07 §23 4 February 2020

[11] Erol ÇİÇEK and Others against Turkey Application no. 44837/07 §24 4 February 2020

[12] Erol ÇİÇEK and Others against Turkey Application no. 44837/07 §25 4 February 2020

[13] Jugheli and Others v. Georgia, no. 38342/05, 13 July 2017

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

, დავის საგანი

სისხლის სამართლის კოდექსის 1072 მუხლის თანახმად, იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლები არ შეიცავს მითითებას, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი იურიდიული პირია, რაც ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლების დისპოზიციით, დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტები არიან ფიზიკური პირები. სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლები რომ შევადაროთ 1871 (სახერხი საამქროს რეგისტრაციის წესის დარღვევა) მუხლს, რომელსაც ახლავს შენიშვნა: „ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე,“ დავინახავთ, რომ ამგვარი შენიშვნა არ ახლავს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მუხლების სუბიექტია ფიზიკური პირი, სისხლის სამართლის კოდექსის 1072 მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, თუკი სისხლის სამართლის კერძო ნაწილის შესაბაამის მუხლში პირდაპირ არ არის მითითებული, რომ იურიდიული პირი პასუხისმგებელია შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, იურიდიული პირი ვერ იქნება ამ დანაშაულის სუბიექტი.

ამ სარჩელის დავის საგანიც ის არის, რომ სადავო ნორმები გამორიცხავს იურიდიული პირის პასუხისმგებლობას სამუშაოს წარმოებისას გარემოს დაცვის წესების დარღვევისათვის, წყლის დაბინძურებისათვის, ზღვის დაბინძურებისათვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისათვის. სადავო ნორმა არ ითვალისწინებს იურიდიული პირის პასუხისმგებლობას, როდესაც ფიზიკური პირები გარემოს, წყალს და ჰაერს აბინძურებენ, არა პირადი ინტერესებისათვის, არამედ იმ იურიდიული პირისათვის მოგების მიღების მიზნით, რომლის სახელით ან რომლის სასარგებლოდაც მოქმედებენ დანაშაულის ჩამდენის ფიზიკური პირები, როგორც ამგვარი იურიდიული პირის წარმომადგენლები. სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლები არ ითვალისწინებს იურიდიული პირის პასუხისმგებლობას, მაშინაც კი, როცა, რომ არა იურიდიული პირის მიერ მოგების მიღების ინტერესი, ფიზიკური პირები, რომლებიც შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან იურიდიულ პირთან, აქვთ ფიქსირებული ხელფასი, გარემოს, წყალს და ჰაერს არ დააბინძურებდნენ. სადავო ნორმები უშვებს იმას, რომ ფიზიკური პირები დასჯის შემდეგაც, იურიდიულმა პირმა გააგრძელოს ის საქმიანობა, რის გამოც, ფიზიკური პირები დამნაშავედ იქნენ ცნობილი და იხდიან სასჯელს. როცა დანაშაულის ჩადენის მიზანი არის კორპორაციისათვის მოგების მოტანა, საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას ვისი ხელით აკეთებს ამას ეს იურიდიული პირი. დანაშაულის ჩადენაში ბრალეული ფიზიკური პირის დასჯის შემდეგ, იურიდიულ პირს ექნება შესაძლებლობა, გააგრძელოს იგივე საქმიანობა, რის გამოც ფიზიკური პირი იხდის სასჯელს და ხელფასის გადახდის სანაცვლოდ დამბინძურებელი საქმიანობა, რაც აღწევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზღვარს, გააგრძელებინოს სხვა ფიზიკურ პირს.

ფასიანი ქაღალდების ეპოქაში, სადაც საფონდო ბირჟებზე მუდმივად იცვლებიან საჯარო სააქციო საზოგადოების ინვესტორები, იურიდიული პირი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ფიქცია. რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის მიერ შექმნილი შპს ემსახურება მისი ერთადერთი მოწილის ინტერესს. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ადვილია იმის მტკიცება, რომ იურიდიული პირის გამოყენებით და მის სასარგებლოდ დანაშაულის ჩადენა საბოლოო ჯამში მისი ერთადერთი მეწილის ინტერესს ემსახურება და ამ მოწილის დასჯა იმავდროულად დისფუნქციურს ხდის შპს. მეორე მხრივ, საფონდო ბირჟაზე, სადაც კონკრეტული სააქციო საზოგადოების წილები (აქციები) ხელიდან ხელში გადადის , რამდენიმე წუთის ინტერვალით გადადის, თითქმის შეუძლებელია იმის მტკიცება, თუ რომელი ფიზიკური პირის სასარგებლოდ ხდება დანაშაულის ჩადენა ან რამდენად არსებობს ამ ფიზიკური პირების ბრალეულობის სტანდარტი, რაც აუცილებელი მათი მსჯავრდებისათვის. ასეთი სააქციო საზოგადოებები, ფორმალურად მართლაც რჩებიან იურიდიულ ფიქციად, თუმცა მესაკუთრე ფიზიკური პირებისაგან მეტად თვითმყოფადები ხდებიან, უჩნდებათ აქციონერებისაგან დამოუკიდებელი ეკონომიკური ინტერესი. ასეთი კორპორაციების სასარგებლოდ განხორციელებულ ქმედებისათვის მისი მესაკუთრე ფიზიკური პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება არაფრისმომცემია დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით, იურიდიულ პირს, იმის მიუხედავად, ვინ უხელმძღვანელებს მას ან ვინ იქნება მასში აქციების მესაკუთრე, საკუთარი ეკონომიკური ინტერესი გააჩნია, რაც არსებობას განაგრძობს, საფონდო ბირჟაზე მესაკუთრის მიერ აქციების გაყიდვის და მენეჯმენტის შეცვლის შემდეგაც. იმ პირობებში, როცა დიდი კორპორაცია რჩება ბაზარზე და აგრძელებს გარემოზე ზემოქმედებას, მსჯავრდებულ მენეჯერს ცვლის სხვა მენეჯერი, ხოლო ერთ მესაკუთრეს სხვა მესაკუთრე ჩაანაცვლებს და იარსებებს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. მენეჯერის ან მესაკუთრის მსჯავრდება, როდესაც შესაძლებელია მათი ბრალეულობის დადასტურება, არ ხდის დიდ კორპორაციას დისფუნქციურად და არ ახდენს მომავალში ამ კორპორაციის სასარგებლოდ დანაშაულის ჩადენის პრევენციას, მით უმეტეს, მაშინ, როცა გარემოზე მავნე ზემოქმედება მოგების მიღებასთან არის დაკავშირებული.

ასეთ პირობებში, როცა იურიდიული პირი დანაშაულს ჩადის, არა მისი დირექტორის ან აქციონერების ინტერესებისათვის, არამედ საკუთარი ეკონომიკური ინტერესის მისაღწევად, სადავო ნორმები არ ითვალისწინებს იმას, რომ ამ შემთხვევაში, იურიდიულ პირს აეკრძალოს ის საქმიანობა, რამაც გარემოსდაცვითი ზიანი გამოიწვია ან აეკრძალოს იურიდიულ პირს ეს საქმიანობა, რათა ამით გამოირიცხოს მსჯავრდებული მენეჯერის სხვა ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირებით ჩანაცვლება, რომლებმაც შესაძლოა გააგრძელონ იგივე დანაშაულებრივი საქმიანობა. ასეთი დიდი კორპორაციები ბევრად უფრო საშიშია გარემოსათვის, ვიდრე პატარა შპს, რომელსაც შესაძლოა ერთი მეწილე ჰყავდეს. რაც უფრო დიდი ბიზნესი კეთდება საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების გაყიდვის გზით, მით უფრო მეტად იზრდება გარემოსათვის ზიანის მიყენების საფრთხე და ნაკლებია ასეთი კორპორაციის მენეჯერების და მესაკუთრეების ანგარიშვალდებულების სისხლისსამართლებრივი მექანიზმები.

დავის საგნის სწორად იდენტიფიცირებისათვის, მოსარჩელე მხარეები სადავოდ ხდიან იმას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1072 მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლების დანაშაულების შემადგენლობა გამორიცხავს იურიდიული პირის პასუხისმგებლობას. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის ფიზიკური პირის პასუხისმგებლობას სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელებისათვის. სადავო არ არის ისიც, რომ იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდეს მხოლოდ მაშინ. როცა სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილში ეს საგანგებოდაა მითითებული. სისხლის სამართლის კოდექსის 1072 მუხლი, მოსარჩელის მითითებით, იმდენადაა არაკონსტიტუციური, რამდენადაც გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირის პასუხისმგებლობას. დავის საგანს არც სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციების სახე და ზომა წარმოადგენს, თუმცა სადავო ნორმები კონსტიტუციური არც იმ შემთხვევაში იქნებოდა, მაღალი შემოსავლების მქონე იურიდიული პირი მხოლოდ ჯარიმით რომ ისჯებოდეს და არა მაგალითად, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით. თუმცა ეს საკითხი სცილდება ამ სარჩელის დავის საგანს, ვინაიდან, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის იურიდიული პირები საერთოდ არ ისჯებიან, აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, ისინი ამ დანაშაულისათვის რომ ისჯებოდნენ, რა ზომა იქნებოდა ყველაზე შესაფერისი და ადეკვატური. მართალია ეს საკითხი არ არის სადავო, თუმცა პროპორციულობის დასაბუთების ეტაპზე საუბარი იქნება იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დავითი დანაშულის ჩადენაში მსჯავრდებული იურიდიული პირისათვის ისეთი სასჯელის ზომის დაკისრება, როგორიცაა საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ლიკვიდაცია.

1. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცული სფერო

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ 2013 წლის 4 ოქტომბრის №2/1/524 გადაწყვეტილებაში მეორე თავის მე-2 პუნქტში მიუთითა: „აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი (კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი), ერთი მხრივ, განამტკიცებს ადამიანის ძირითად უფლებას, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს, საზოგადოების თითოეული წევრის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ კონსტიტუციის 29-ე მუხლის შინაარსი უნდა განმარტოს ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის შინაარსის გათვალისწინებით. ამავდროულად, კონსტიტუციური უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრისას, უნდა ვიხელმძღვანელოთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოზე ხელმისაწვდომობის სტანდარტით. კონსტიტუციის აღნიშნული დებულებებით დაცული ვერ იქნება პირის უფლება, იცხოვროს მისთვის კომფორტულ ან/და ესთეტიკურად მისაღებ გარემოში და სახელმწიფოსგან მოითხოვოს აღნიშნულის უზრუნველყოფა. კონსტიტუციის 29-ე მუხლის რეგულირების მიზანია, ყველამ იზრუნოს არსებულ ბუნებრივ გარემოზე და სახელმწიფოსგან მოითხოვოს მისი დაცვა. გარემო პირობების მზარდმა დეგრადაციამ და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გარდაუვალი გახადა ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს კონსტიტუციური დაცვის საჭიროება.“

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამავე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა: „საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს მიმართ ადგენს ორი სახის ვალდებულებას: 1) სახელმწიფო ვალდებულია, მისი აქტიური ქმედების ფარგლებში, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტებისა თუ სხვა ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას, გაითვალისწინოს და მაქსიმალურად შეამციროს საქმიანობის შედეგად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება (ნეგატიური ვალდებულება); 2) სახელმწიფომ გარემო უნდა დაიცვას კერძო პირების მიერ დაზიანებისაგან (პოზიტიური ვალდებულება) (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-6).

გაჩეჩილაძის საქმეში მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის უფლებას ბუნებრივ გარემოზე, კერძოდ, იმ გარემოზე, რომელიც, თავისთავად, ადამიანის ზემოქმედების გარეშე არსებობს და ადგენს ყველას ვალდებულებას, გაუფრთხილდეს მას. კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზანს არ წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულების ან უფლებამოსილების დადგენა, თავისი შეხედულებისამებრ, საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად ან სხვა ფორმით განსაზღვროს, რა არის ადამიანის ცხოვრებისათვის საუკეთესო გარემო და შემდგომში შეეცადოს, შექმნას იგი აქტიური ჩარევის გზით. ამის საპირისპიროდ, კონსტიტუციის ხსენებული დებულება, კონსტიტუციურ ფასეულობად აცხადებენ იმ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც არსებობს ადამიანის ჩარევის გარეშე. კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზანია ადამიანის ზემოქმედებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი გარემოს შენარჩუნება. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, არ მისცეს მესამე პირებს გარემოზე განუზომელი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა. ეს უნდა გამოიხატოს გარემოს დაცვის სფეროში ადამიანთა გარკვეული ქმედებების აკრძალვაში და ამ ქმედებების ჩადენისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესებაში. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გონივრული მოლოდინის არსებობას, რომ გარემოს დაზიანების შემთხვევაში, ნებისმიერი პირის მიმართ გამოყენებული იქნება სამართლებრივი ზემოქმედების ადეკვატური საშუალებები. სახელმწიფო ვალდებულია, შექნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარემოს დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-7).

კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, გარემოს დაცვის მიზნით, დააწესოს გარკვეული აკრძალვები და ამ აკრძალვების შესრულების უზრუნველმყოფი სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმები. მართალია, ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის შესაბამისი სანქციის შერჩევისას, სახელმწიფოს ფართო მიხედულება აქვს, მაგრამ სანქცია ისე არ უნდა იყოს გამოყენებული, რომ დაკარგოს თავისი მიზანი და დანიშნულება. კანონით გარკვეული ქმედების აკრძალვისა და ამ ქმედებისათვის სანქციის მოცულობის განსაზღვრის უმთავრესი მიზანი სამართალდარღვევის პრევენციაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-10). როდესაც წყლის და ჰაერის დაბინძურებისათვის ისჯება მხოლოდ ფიზიკური პირი, ხოლო იურიდიული პირი, რომლის სახელით და სასარგებლოდაც დამნაშავე ფიზიკურმა პირმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, არათუ არ ისჯება საქმიანობის აკრძალვით ან ლიკვიდაციით, არამედ შეუფერხებლად განაგრძობს საქმიანობას, ამით აზრი ეკარგება აღნიშნული ქმედების დანაშაულად გამოცხადებას, ვინაიდან მხოლოდ ფიზიკური პირის დასჯას არა აქვს პრევენციული ეფექტი, მომავალში ამგვარი ქმედების განმეორების თავიდან ასაცილებლად. იურიდიულ პირს აქვს შესაძლებლობა, დასჯილი დამნაშავე ფიზიკური პირის მაგივრად დაიქირავოს სხვა პირი, რომელიც გააგრძელებს იმავე საქმიანობას, რამაც წყლის ზღვის და ჰაერის დაბინძურება გამოიწვია. ამას კი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გაჩიჩალაძის საქმეში განაცხადა: „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში დადგენილი აკრძალვების ფაქტობრივი გაუქმების ეფექტი აქვს. დაინტერესებული პირი კარგავს განცდას, რომ შესაძლებელია მას გარემოსთვის ზიანის მიყენების სანაცვლოდ, პასუხისმგებლობა დაეკისროს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მას დაუბრკოლებლად მოქმედების თავისუფლება ეძლევა. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ გარკვეული სამართალდარღვევების შინაარსს, დაინტერესებული პირის მიმართ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების პრევენციის უმთავრეს ფუნქციას კარგავენ.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-10).

ისევე როგორც, გაჩეჩილაძის საქმეში, აქაც სადავო ნორმით ადგილი აქვს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევას. სახელმწიფომ არ შექმნა ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებით, რაც გამორიცხავდა მომავალში გარემოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ამის გამო, ადგილი აქვს ჩარევას კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში.

გარემოს დაცვის უფლება, განსხვავდება სხვა კონსტიტუციური უფლებისაგან იმით, რომ გარემოს დაცვის უფლების უზრუნველყოფისას განსაკუთრებით ძლიერია სახელმწიფოსაგან პოზიტიური ღონისძიებების გატარების ვალდებულება, ისეთი ეფექტიანი ღონისძიების, მათ შორის საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე რეგულაციების მიღების აუცილებლობა, რაც შეაკავებს ბიზნესს და სხვა კერძო სუბიექტებს გარემოსათვის ზიანის მიყენებისაგან. გიორგი გაჩეჩილაძის საქმეში არსებული სტანდარტის მიხედვით, კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ მოითხოვს სახელმწიფოსაგან ისეთი ეფექტიანი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის მიღების აუცილებლობას, რაც სათანადოდ დაიცავს გარემოს დაუშვებელი ზემოქმედებისაგან. მსგავსი მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. საქმეში VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND (უფროსი ასაკის შვეიცარიელი ქალების ასოციაციის საქმე) კონვენციის მე-8 მუხლი დარღვევა სწორედ იმიტომ დადგინდა, რომ 2025-დან 2030 წლამდე შვეიცარიაში არ მოქმედებდა საკანონმდებლო ჩარჩო, რასაც კლიმატის ცვლილებების მავნე შედეგების შემცირების და მასთან ადაპტაციის საკითხი უნდა დაერეგულირებინა.[1] ევროპული სასამართლოს თქმით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მარეგულირებელი ჩარჩოს არ არსებობის გამო, ევროპული სასამართლო ვერ დაკმაყოფილდება უბრალო ვალდებულებით, რომ საჭირო დროს მიღებული იქნება კონკრეტული ღონისძიება, როგორც ეს გათვალისწინებულია კლიმატის შესახებ კანონში. ეს არადამაკმაყოფილებელია. სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს პრაქტიკაში ეფექტიანი ღონისძიების გამოყენებით უზრუნველყოს თავისი იურისდიქციის ქვეშ მოქცეული ინდივიდების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა კლიმატის ცვლილების მავნე შედეგებისგან.[2]

 

გარემოს დაბინძურების წყაროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს არ არსებობის გამო, კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეში. ამ საქმეში მომჩივანების სახლის გვერდით მდებარეობდა სითბური ენერგიის მწარმოებელი ქარხანა, რომელზეც არ ვრცელდებოდა გარემოს დაცვითი რეგულაციები, კერძოდ, „გარემოს დაცვის ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულის მიხედვით, ეს კანონი ეხება იმ ინდუსტრიულ საქმიანობას, რომელიც დაიწყო ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან. რაც შეეხება იმ ინდუსტრიულ საქმიანობას, რაც დაიწყო ამ კანონის მიღებამდე, მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის #154-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 2009 წლის პირველ იანვრამდე, საქმიანობის გაგრძელების ნებართვის მისაღებად, მათ უნდა წარედგინათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევა.[3] მომჩივანების სახლის გვერდით არსებული ქარხანა აშენებული იყო 1939 წელს[4] შესაბამისად, ამ ქარხანას 2009 წლისათვის უნდა აეღო გარემოსდაცვითი ნებართვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევის წარდგენის საფუძველზე.[5] 1999 წლის 20 მაისიდან (ეს არის პერიოდი, როცა საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი), 1999 წლის 20 მაისამდე (ეს არის პერიოდი, როცა ქარხანამ შეწყვიტა არსებობა) 1939 წელს აშენებული ქარხანა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის რეგულირების მიღმა იყო, ვინაიდან რეგულაციების ქვეშ მოქცევა ამ ქარხანას უწევდა 2009 წლისათვის.[6] ეს სიტუაცია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაფასა შემდეგნაირად: „ნათელია, რომ გარემოსდაცვითი რეგულაციები იყო ხარვეზიანი იმ თვალსაზრისით, არავითარი რეგულაციები არ ვრცელდებოდა ქარხნის საქმიანობაზე, იმ მომენტიდან, როდესაც მან დაიყო ფუნქციონირება, მათ შორის მას შემდეგ, სახელმწიფომ შეიმუშავა გარემოს დაცვის რეგულაციები.“[7] „ზემოთ ხსენებული გარემოების გათვალისწინებით, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების შიდა ორგანოები სარგებლობენ ფართო მიხედულებით გარემოს დაცვის საქმეებში, ევროპული სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე სახელმწიფოს არ დაუმყარებია სამართლიანი ბალანსი - საზოგადოების ინტერესს - ემუშავებინა სითბური ენერგიის ქარხანა და მომჩივანების მიერ საკუთარი სახლისა და პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას შორის. ამის გამო, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.“ [8]

ამგვარად, გარემოს დაცვის უფლება ირღვევა რეგულაციების არარსებობის ან ისეთი რეგულაციების არსებობისას, რომელიც იმდენად ხარვეზიანია, რომ არ შეწევს უნარი, მოახდინოს გარემოს დაცვის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პრევენცია. სადავო ნორმების შემთხვევაში იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არ არსებობა, სწორედ ასეთი ხარვეზია, რაც ქმნის ფიზიკური პირების დასჯის შემდეგ დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების შესაძლებლობას, იურიდიული პირის ახალი მენეჯმენტის მხრიდან.

ევროპული სასამართლოს მოქმედი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, გარემოს დაცვის საქმეები ეხება შემთხვევებს, როცა დაბინძურების კონკრეტული წყაროებიდან გარემოს მიმართ ზიანი მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია იმ წყაროს გონივრული განსაზღვრულობით ლოკალიზება და იდენტიფიცირება, საიდანაც კონკრეტული ზიანი მომდინარეობს. ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია იდენტიფიცირებადი ზიანის წყაროსა და ადამიანთა ჯგუფის მიმართ დამდგარი ხელშესახებ უარყოფით შედეგებს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადასტურება. გარდა ამისა, შესაძლებელია იმის დადგენა, რამდენად იქნა გატარებული ზომები ან რამდენად ჰქონდა ადგილი უმოქმედობას სახელმწიფოს მხრიდან, შეემცირებინა დაბინძურების კონკრეტული წყაროდან მომდინარე ზიანი მარეგულირებელი სისტემის შექმნით ან მისი აღსრულებით. მოკლედ, გარემოს დაცვის დავებში არსებობს დაბინძურების წყაროსა და მისგან წარმოშობილ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენის შესაძლებლობა. ასეთ დავებში არსებობს ზიანის შემცირების ღონისძიების იდენტიფიცირების და დაბინძურების წყაროსთან მისი გამოყენების შესაძლებლობა.[9]

ევროპულმა სასამართლომ უკვე აღიარა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის გამოყენება შესაძლებელია არა მარტო მაშინ, როცა უარყოფითი შედეგები დგება ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ, არამედ მაშინაც როცა ზიანი ადგება მის კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხს, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ფაქტობრივად რეალიზებული უარყოფითი შედეგები, არამედ ის რისკები, რომლის დადგომაც მომავალშია შესაძლებელი. ევროპულმა სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ გარემოს დაცვის საქმეებში კონვენციის მე-8 მუხლი გამოიყენება არა მარტო მაშინ, როცა დაბინძურება გამოწვეულია სახელმწიფოს ქმედებით, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა სახელმწიფოს ჰქონდა პასუხისმგებლობა, დაერეგულირებინა კერძო ბიზნესის საქმიანობა და მან გამოავლინა უმოქმედობა. ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა არა მარტო მაშინ, როცა რეგულირებას დაქვემდებარებულმა საქმიანობამ უკვე გამოიწვია ზიანი, არამედ ვრცელდება იმ რისკებზე, რაც რეგულირებას დაქვემდებარებული საქმიანობით მომავალში შეიძლება რეალიზდეს. სხვა სიტყვებით მიზეზობრივი კავშირის გარკვევისას, მხედველობაში მიიღება დარღვევის ფაქტობრივი ბუნება, სახელმწიფოს ვალდებულების ხასიათი და ფარგლები. [10]

ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევას ადგილი არ ექნება, როდესაც სადავო ზიანი უმნიშვნელოა. შედარებისათვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰაერში გამონაბოლქვი დამახასიათებელია ყველა თანამედროვე ქალაქისათვის. ამის საწინააღმდეგოდ, გარემოს მძიმე დაბინძურებას შეუძლია გავლენა მოახდინოს ინდივიდის კეთილდღეობაზე და არ მისცეს მას საშუალება, ისარგებლოს საკუთარი სახლით, იმგვარად რომ მოახდინოს თავისი პირადი და ოჯახური ცხოვრების რეალიზება, ჯანმრთელობისათვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ზოგჯერ შეუძლებელია იმის განსაზღვრა. რამდენად გახდა გარემოს დაბინძურება ზიანის უშუალო მიზეზი. გარემოს დაბინძურების გამოცალკევება შეუძლებელია სხვა ისეთი ფაქტორებისაგან, როგორიცაა: ასაკი, პროფესია ან ცხოვრების სტილი. იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრების ხარისხის გაუარესებაზე, რაც სუბიექტური შეფასების საკითხია და არ ექვემდებარება ზუსტ განსაზღვრებას.[11]

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, გარემოს მძიმე დაბინძურების საფრთხის წინაშე ადამიანის დაყენება, იწვევს კონვენციის მე-8 მუხლის ამოქმედებას. მაგალითად, ჰარდისა და მეილის საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი გამოიყენება, როდესაც საქმიანობა იწვევს საზიანო შედეგებს, რამაც პოტენციურად ადამიანს შეიძლება ზიანი მიაყენოს. უნდა დადგინდეს, რომ არსებობს ახლო კავშირი ამგვარი ზიანის საფრთხესა და პირად, ასევე ოჯახურ ცხოვრებას შორის, მე-8 მუხლის მიზნებისათვის.[12]

ზემოთ ხსენებული გარემოებებიდან გამოტანილი დასკვნების გათვალისწინებით, არსებობს მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფოს მოქმედებას ან უმოქმედობასა და გარემოსთვის დამდგარ ზიანს ან ამგვარი ზიანის დადგომის საფრთხეს შორის. ეს უკანასკნელი გავლენას ახდენს ინდივიდზე. კონვენციის მე-8 მუხლი მოიცავს ადამიანის უფლებას, სახელმწიფომ გაატაროს ეფექტიანი ღონისძიება გარემოსთვის წარმოშობილი ზიანისაგან ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და ცხოვრების დასაცავად.[13]

ევროპული სასამართლო დიდწილად იგივე პრინციპებს იყენებს კონვენციის მე-2 მუხლთან (სიცოცხლის უფლება) მიმართებაში გარემოს დაცვის საქმეების გამოკვლევისას, რასაც კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებაში, კერძოდ:

ა) სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, დაადგინოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რაც მიმართული იქნება ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაადგინოს რეგულაციები, რაც მიზანმიმართული იქნება კონკრეტული მახასიათებლის მქონე, განსაკუთრებით კი რისკის შემცველი, საქმიანობის რეგულირებისაკენ. სახელმწიფომ უნდა მართოს ამგვარი საქმიანობის ლიცენზირების, დაწყების, მიმდინარეობის, უსაფრთხოების და კონტროლის პროცესი. სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, პრაქტიკული ღონისძიებების გატარება, რაც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის დაცვას ამ საქმიანობისათვის დამახასიათებელი რისკისაგან.

ბ) სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, პრაქტიკაში კანონმდებლობა აღასრულოს ეფექტიანად. მართლაც, რეგულაციას, რაც მიმართულია ადამიანის უფლებების დასაცავად, აზრი არ გააჩნია, თუ ის სათანადოდ არ აღსრულდა. კონვენცია მიზნად ისახავს უფლებების ეფექტიან და არა ილუზორულ დაცვას. შესაბამისი ზომები გატარებული უნდა იქნეს დროულად და ეფექტიანად.[14]

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს, კანონების და კანონქვემდებარე აქტების მიღებით დაარეგულიროს ბიზნესის ის საქმიანობა, რაც მომეტებული რისკის შემცველია გარემოსათვის. ამავე პრაქტიკით, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს უმოქმედობას - გარემოზე ზემოქმედების მომხდენი საქმიანობის რეგულირებისაგან თავის შეკავებას ან არაჯეროვან მოქმედებას - ხარვეზიანი კანონმდებლობის მიღებას, რაც ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციას, სახელმწიფოს უმოქმედობა ან არაჯეროვანი მოქმედება მიზეზობრივ კავშირშია გარემოსათვის ბიზნესის მიერ მიყენებულ ზიანთან ან ამგვარი ზიანის შექმნის საფრთხესთან. საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის თვალსაზრისით, სახელმწიფოს უმოქმედობა ან არაჯეროვანი მოქმედება, რაც მიზეზობრივ კავშირშია გარემოსათვის მიყენებულ ზიანთან ან ამგვარი ზიანის საფრთხესთან, ფასდება კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებაში. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სახელმწიფოს არაჯეროვანი მოქმედება, რომელმაც ჰაერზე, წყალზე და ზოგადად გარემოზე ზემოქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა ფიზიკურ პირს, თუმცა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიღმა დატოვა იურიდიული პირი, ეს საკანონმდებლო ხარვეზი მიზეზობრივ კავშირშია გარემოსათვის ბიზნესის მიერ შექმნილ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების საფრთხესთან. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმები ზღუდავს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უსაფრთხოს გარემოში ცხოვრების უფლებას.

3.გარემოსდაცვითი დანაშაულის ჩადენისათვის იურიდიული პირების დასჯადობა საერთაშორისო სამართალში, შედარებით სამართლებრივი ანალიზი და საქართველოს პარლამენტის პარლამენტის მიხედულების ფარგლები

ზემოთ უკვე მივუთითეთ, რომ სადავო ნორმებს აქვს იმგვარი ხარვეზი, რაც გამორიცხავს იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სამუშაოს წარმოებისას გარემოს დაცვის წესების დარღვევისათვის, წყლის, ზღვის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისათვის, შესაბამისად, ადგილი აქვს ჩარევას უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებაში. სანამ გადავიდოდეთ, ჩარევის თანაზომიერების შემოწმებაზე, მიზანშეწონილია პასუხი გავცეთ კითხვას, რამდენად გააჩნია საქართველოს პარლამენტს ფართო მიხედულება, დანაშაულის ჩადენისათვის, დააკისროს ან არ დააკისროს იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამ საკითხის გარკვევას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ჩარევის პროპორციულობის შეფასებისათვის.

სისხლის სამართლის სფეროში სახელმწიფოს მიხედულების ფარგლებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა არის შემდეგი: „სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა სისხლისსამართლებრივი დევნის, გამოძიებისა და მართლმსაჯულების მიზნობრივი, ეფექტური და სამართლიანი განხორციელება. საამისოდ ის მიხედულების შესაბამისი ფარგლებით არის აღჭურვილი. ამ მიზნისთვის სახელმწიფო უფლებამოსილია, არჩევანი შეაჩეროს ეფექტურ, ადეკვატურ მოდელზე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-29). ამგვარად, სახელმწიფოს მიხედულების ფარგლებშია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაბამისი მოდელის არჩევა - კონკრეტულად იმის გადაწყვეტა, დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ ფიზიკურ პირებს დააკისროს თუ, იმავდროულად იურიდიულ პირებსაც. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით არჩევანი საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 25 ივლისს გააკეთა, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით დაწესდა იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მეექვსე პრიმა კარი იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ამ ცვლილებებით, პარლამენტმა თავადვე შეიზღუდა თავისი მიხედულები ფარგლები - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს მხოლოდ ფიზიკურ პირებს - და თავადვე შექმნა ისეთი სისტემა, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. ამით პარლამენტის მიხედულების ფარგლები შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი ამ სარჩელით, პარლამენტისაგან არ მოითხოვება ამა თუ იმ სისხლისსამართლებრივი მოდელის შერჩევა, სადაც პარლამენტს უდავოდ გააჩნია ფართო მიხედულების ფარგლები. მოსარჩელეების მიერ სადავოდ ქცეული - იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მოდელი უკვე არსებობს. ეს მოდელი არსებობს პარლამენტის მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანის საფუძველზე. პარლამენტს ფართო მიხედულების ფარგლები ექნებოდა მაშინ, სისხლის სამართლის კოდექსში რომ არ არსებობდეს იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მოდელი. ასეთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლოა ვერც კი დაევალდებულებინა პარლამენტი, შემოეღო ეს ინსტიტუტი. თუმცა ამის აუცილებლობა აღარ არსებობს, ვინაიდან პარლამენტმა გააკეთა პოლიტიკური არჩევანი, რომლის მიხედვითაც, იურიდიულ პირებს, ქართული კანონმდებლობით, უკვე 18 წელზე მეტია ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. აქ სადავო არის არა კონკრეტული მოდელის არჩევა, არამედ ის, თუ რამდენად ეფექტიანად იყენებს პარლამენტი მის მიერვე შერჩეულ მოდელს იმ ზიანისაგან საზოგადოების წევრების დასაცავად, რაც შეიძლება გამოიწვიოს ბიზნეს საქმიანობის განხორცილების შედეგად გარემოზე ზემოქმედებამ. ამგვარად, პარლამენტს აქვს მიხედულების ფართო ფარგლები, საქართველოს სამართლებრივ სისტემაში დაამკვიდროს ესა თუ ის სამართლებრივი ინსტიტუტი თუ მოდელი, მას შემდეგ, რაც პარლამენტი, ამგვარ არჩევანს გააკეთებს და დაამკვიდრებს ამა თუ იმ სამართლებრივ ინსტიტუტს, პარლამენტის კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს ის, რომ მის მიერ შერჩეული სამართლებრივი საშუალება იყოს პრაქტიკული და ეფექტიანი და არა თეორიული და ილუზორული. ეს მოთხოვნა ვრცელდება, მათ შორის, იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, პარლამენტის მიხედულების ფარგლების განსაზღვრის კიდევ ერთი კრიტერიუმი 2025 წლის 7 მარტის N3/4/1693,1700 გადაწყვეტილებაში საქმეზე ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილების მეორე თავის 127-ე პუნქტში აღნიშნულია: „საკითხის მოწესრიგების თვალსაზრისით, ყოველი ქვეყნის კანონმდებელს აქვს შედარებით ფართო მიხედულების ზღვარი, როცა აღნიშნულ საკითხზე თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი.“ არსებობს თუ არა კონკრეტულ საკითხზე კონსესუსი, ამ საკითხის დასადგენად, კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობასთან ერთად, უნდა გაირკვეს როგორია ამ საკითხზე საერთაშორისო სამართლის პოზიცია. საერთაშორისო სამართალი არის სწორედ ბევრი სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კონსესუსის გამოხატულება.

პირველ რიგში, რაც შეეხება ეროვნული კანონმდებლობის შედარებით-სამართლებრივ ანალიზს, იურიდიული პირების (კორპორაციების) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოქმედებს საერთო სამართლის ყველა ქვეყანაში: გაერთიანებულ სამეფოში,[15] შეერთებულ შტატებში,[16] კანადაში[17], ავსტრალიაში, [18] კონტინენტური სამართლის ქვეყნებიდან, იურიდიული პირების პასუხისმგებლობა საფრანგეთში გაჩნდა 1992 წელს.[19] გერმანიაში მიმდინარეობს დებატები კორპორაციების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და ამის სასარგებლო ერთ-ერთი არგუმენტი არის გარემოს დაცვა.[20] 2015 წლის 25 სექტემბერს შეიცვალა შვეიცარიის (კიდევ ერთი კონტინენტური სამართლის ქვეყანა) სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის 102-ე მუხლით გათვალისწინებულია კორპორაციების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სტანდარტები.[21] ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის მესამე თავი თვალისწინებს ბუნებრივი რესურსების და გარემოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იურიდიული პირი პასუხს აგებს ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლით.[22] პორტუგალიის სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იურიდიულ პირს პასუხისმგებლობა ეკისრება 262-ე მუხლიდან 283-ე მუხლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, ამ ჩამონათვალში ხვდება 278-ე მუხლი, რომელიც კრძალავს ბუნების წინააღმდეგ დანაშაულს, ასევე 279-ე მუხლი, რომლითაც აკრძალულია დაბინძურების დანაშაული.[23] გარემოს დაცვითი დანაშაულისათვის, ფიზიკურ პირებთან ერთად, სისხლისსამართლებრივად პასუხს აგებენ იურიდიული პირებიც იტალიის სისხლის სამართლის კოდექსით.[24] 1999 წელს ცვლილება შვიდა ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის პირველი წიგნის პირველი თავის მე-5 მუხლით განისაზღვრა იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.[25] ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს ეკოციდის ცნებას, რისთვისაც პასუხს აგებენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.[26] ნიდერლანდების სისხლის სამართლის კოდექსის 51-ე მუხლი ითვალისწინებს იურიდიული პირის პასუხისმგებლობის შესაძლებლობას.[27] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისგან განსხვავებით, ნიდერლანდების სისხლის სამართლის კოდექსი ამომწურავად არ განსაზღვრავს იმ დანაშაულთა წრეს, რომლის ჩადენისთვისაც შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროს იურიდიულ პირს. ნიდერლანდების სისხლის სამართლის კოდექსის 173a მუხლი ყველა პირს (როგორც ფიზიკურს, ისე იურიდიულ პირს) უკრძალავს ნივთიერების უკანონო გაშვებას მიწაში, ჰაერში და წყალში. ნიდერლანდების სისხლის სამართლის კოდექსის 173b მუხლი ნებისმიერ პირს უკრძალავს გაუფრთხილებლობით ნივთიერების უკანონო გაშვებას მიწაში, ჰაერში ან წყალში.[28] ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 პარაგრაფი ითვალისწინებს იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.[29] ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით, იკრძალება გარემოს დაბინძურება, რაც გამოიხატება, წყლის, მიწის და ჰაერის დაბინძურებაში. ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ დანაშაულის ჩადენისათვის იურიდიული პირი ისჯება ფინანსური სანქციით,[30] განსხვავებული მიდგომა აქვს არჩეული ლატვიას, ამ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 სექციის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ფიზიკურ პირს, ხოლო იმ იურიდიულ პირს, რომელმაც სარგებელი მიიღო ამ დანაშაულისაგან, საკმარისი კონტროლი და ზედამხედველობა არ გაუწია ფიზიკური პირს, დაეკისრება არა სასჯელი, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები. ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 702 სექცია განსაზღვრავს იმ იძულებით ღონისძიებებს, რაც იურიდიული პირის მიმართ შეიძლება იყოს გამოყენებული, ესენია: ლიკვიდაცია, უფლებების შეზღუდვა, საკუთრების კონფისკაცია, ჯარიმა.[31] ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 701 სექციის თანახმად, ეს ღონისძიებები სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ იურიდიულ პირს შეიძლება დააკისროს იმ შემთხვევაში, თუ მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირი ჩაიდენს სისხლის სამართლის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ ნებისმიერ დანაშაულს, მათ შორის მე-11 თავით გათვალისწინებულ გარემოს დაცვით დანაშაულებს.[32] შვედეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 სექცია ითვალისწინებს სასამართლოს მიერ კომპანიებისათვის კორპორაციული ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას, თუ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა მოხდა ბიზნეს საქმიანობის განხორციელების მომენტში. [33]

ნორვეგიის სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, როდესაც სისხლისსამართლებრივ დებულებებს არღვევს ადამიანი, რომელიც მოქმედებდა საწარმოს სახელით, ამ უკანასკნელს ეკისრება სასჯელი. ეს ხდება იმ შემთხვევაშიც, როცა არც ერთ ფიზიკურ პირს არ ერაცხება ბრალი ან არ არის ანგარიშვალდებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის. ამ მუხლის მიზნებისათვის საწარმოში იგულისხმება კომპანია, კოოპერატივი, ასოციაცია და სხვა ორგანიზაცია, ერთი პირის მიერ დაარსებული კომერციული ორგანიზაცია, ფონდი ან საჯარო დაწესებულება. საწარმოს ეკისრება ჯარიმა. მას შეიძლება ჩამოერთვას საქმიანობის უფლება, შეიძლება აეკრძალოს ზოგიერთ სფეროში საქმიანობა, ჩამოერთვას საკუთრება.[34] ნორვეგიის სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ჰაერის, წყლის და მიწის დაბინძურებისათვის.[35] ეს არის უალტერნატივო სასჯელი ამ დანაშაულისათვის. თავისუფლების აღკვეთა ისეთი სასჯელია, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირს შეიძლება შეეფარდოს. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ნორვეგიის სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი უშვებს სამეწარმეო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გამოყენების შესაძლებლობას, როცა დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. ეს გულისხმობს იმას, რომ ფიზიკურ პირს, ვინც მიწა, წყალი ან ჰაერი იურიდიული პირის სახელით დააბინძურა, შეეფარდება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იურიდიულ პირს ჩამოერთმევა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. იგივე შეიძლება ითქვას, ნორვეგიის სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებულ კონფისკაციაზე, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს თავისუფლების აღკვეთასთან ერთად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისაგან განსხვავებით, ნორვეგიის სისხლის სამართლის კოდექსით, არ არის შეზღუდული იურიდიული პირის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კერძო ნაწილით გათვალისწინებული მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობით. იურიდიული პირი შეიძლება დაისაჯოს ნორვეგიის სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულისათვის.

დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 196 პარაგრაფი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მიწის, წყლის ან ჰაერის დაბინძურებისათვის.[36] ნორვეგიის მსგავსად, თავისუფლების აღკვეთაც ამ შემთხვევაშიც არის უალტერნატივო სასჯელი. თავისუფლების აღკვეთა, თავისი ბუნებით, მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ შეიძლება იყოს გამოყენებული. დანიის სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 25-ე მუხლით, იურიდიულ პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა, როგორც ძირითადი სასჯელი. ამის მიუხედავად, 78-ე პარაგრაფი პირდაპირ ითვალისწინებს, კომპანიებისათვის ბიზნესის აკრძალვის, ლიცენზიებისა და ნებართვების ჩამორთმევის შესაძლებლობას.[37] ეს სასჯელი შეიძლება გამოყენებული იქნეს 196 პარაგრაფით გათვალისწინებული გარემოს დაცვითი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, როგორც დამატებითი სასჯელები.

ფინეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 თავის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: კორპორაციას, ფონდს ან სხვა ფიქციურ პირს, რომლის მიერ საქმიანობის განხორციელებას მოჰყვა დანაშაულის ჩადენა, პროკურორის მოთხოვნით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა.[38] ფინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 48-ე თავის პირველი მუხლი გარემოს დაბინძურებისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე.[39]

სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წელს შეტანილი ცვლილებებით, იურიდიული პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა გახდა შესაძლებლობა ლუქსემბურგის სამთავროში. ლუქსემბურგის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლით, იურიდიულ პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვა, ლიცენზიების ჩამორთმევა და ლიკვიდაცია.[40] გარემოს წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაული (ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის შესახებ კანონის და დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის კანონის დარღვევა) ისჯება 1250 ევროდან 1 250 000 ევრომდე ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლის ვადით. ლუქსემბურგის სისხლის სამართლის კოდექსის 506-5 მუხლით ასოციაცია და ორგანიზაცია ამ დანაშაულისათვის ისჯება როგორც ამსრულებელი ან თანამონაწილე. ლუქსემბურგის სისხლის სამართლის კოდექსის 502-2 მუხლის თანახმად, გარემოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენს, მათ შორის იურიდიულ პირს, შეიძლება დაეკისროს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ძირითად სასჯელ - ჯარიმასთან ერთად[41]

რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლი ადგენს იურიდიული პირების პასუხისმგებლობას. რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, როდესაც კანონით ფიზიკური პირისათვის სასჯელის სახით დადგენილია პატიმრობა, იურიდიულ პირს ამ დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს ჯარიმა მინიმუმ 25 000 000 ლეის, ხოლო მაქსიმუმ 7 500 000 000 ლეის ოდენობით. რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლი ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენისათვის იურიდიული პირის ლიკვიდაციის, ხოლო 82-ე მუხლი სამ წლამდე ვადით იურიდიული პირისათვის ცალკეული საქმიანობის განხორცილების აკრძალვას.[42] რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ჯარიმა შეიძლება იყოს იურიდიული პირისათვის როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელი. იურიდიული პირისათვის დამატებით სასჯელს წარმოადგენს ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვა 5 წლის ვადით, ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვა 5 წლის ვადით, გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ მედიაში ინფორმაციის გავრცელება. რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 396-ე მუხლით, ფიზიკური პირი ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება წყლის დაცვის წესების დარღვევისათვის. რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, შესაძლებელია ამ სასჯელის ჯარიმებში ტრანსფორმაცია იურიდიული პირისათვის. რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 395 მუხლით, ფიზიკური პირი ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისათის. ამ შემთხვევაშიც დასაშვებია იურიდიული პირისათვის ჯარიმის შეფარდება, ასევე დამატებითი სასჯელების გამოყენება.

ამგვარად, ევროკავშირში ქვეყნები, სადაც იურიდიული პირები სისხლის სამართლის წესით პასუხს აგებენ, არიან უმრავლესობაში იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც იურიდიული პირები არ არიან სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები. ფართო კონსესუსის არსებობაზე მიუთითებს ის, რომ იურიდიული პირები სისხლის სამართლის წესით პასუხს აგებენ როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის ქვეყნებში. ფართო კონსესუსზე მიუთითებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლის წევრიც არის საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც არ ადგენენ იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გარემოს დაბინძურებისათვის, მიერ შემუშავებული სამართლებრივი სტანდარტები. ამ სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობს უნივერსალური და რეგიონული ორგანიზაციების ქვეყნების წარმომადგენლები, რაც საერთაშორისო კონსესუსის თაობაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

1977 წლის 28 სექტემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო №(77)28 რეზოლუცია გარემოს დაცვაში სისხლის სამართლის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ.[43] ამ რეზოლუციის მე-2 პუნქტში აღნიშნულია: „მოხდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პრინციპის გადახედვა. განსაზღვრულ შემთხვევებში, დაეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო და კერძო კორპორაციებს.”

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 1988 წლის 20 ოქტომბერს მიიღო №R (88) 18 რეკომენდაცია დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირების პასუხისმგებლობის შესახებ.[44] რეკომენდაცია მოამზადა კორპორაციული ორგანოების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ექსპერტთა კომიტეტმა, რომელიც შეიქმნა დანაშაულის პრობლემებზე ევროპული კომიტეტის დაქვემდებარებაში.

მინისტრთა კომიტეტი, ევროპის საბჭოს სტატუტის მე-15 ბ პუნქტის საფუძველზე, ითვალისწინებს იურიდიული პირების მიერ მათი საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩადენილ დანაშაულებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც ინდივიდებს, ისე საზოგადოებას. მინისტრთა კომიტეტი ითვალისწინებს იმას, რომ სასურველია იურიდიული პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდეს, როდესაც სარგებელი მიღებულია უკანონო საქმიანობის შედეგად. გასათვალისწინებელია, რომ იურიდიულ პირებს აქვს რთული მენეჯერული სისტემა, რაც ართულებს დანაშაულის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენას. ასევე გასათვალისწინებელია ბევრი ევროპული სახელმწიფოს სამართლებრივი ტრადიცია, სადაც რთულია კორპორაციების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. ამის მიუხედავად, სასურველია სამართლებრივ ტრადიციებში არსებული სირთულეების დაძლევა იმ თვალსაზრისით, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ იურიდიული პირებს, დანაშაულის ჩადენაში ჩართული ფიზიკური პირების, პასუხისმგებლობის გამორიცხვის გარეშე. ამის შემდეგ, იურიდიული პირის მიმართ გამოყენებული იქნეს შესაბამისი სანქცია და ღონისძიება, რაც იქნება ადეკვატური სასჯელი უკანონო საქმიანობისათვის, ამასთან ამ ღონისძიებას უნდა ჰქონდეს პრევენციული ბუნება და მოხდეს ზიანის ანაზღაურება.

1988 წლის 20 ოქტომბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია: მინისტრთა კომიტეტი მხედველობაში იღებს „გარემოს დაცვაში სისხლის სამართლის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ“ საკუთარ № (77) 28 რეზოლუციას, მოუწოდებს წევრი ქვეყნების მთავრობებს, კანონმდებლობის შემუშავებისას და მისი აღსრულებისას იხელმძღვანელონ დანართში აღნიშნულ რეკომენდაციაში განმტკიცებული პრინციპებით.

ამგვარად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია საკმაოდ მკაფიოა: როცა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ადგენს იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს პირველ რიგში, უნდა შეეხოს გარემოს დაცვის წინააღმდეგ დანაშაულს. მინისტრთა კომიტეტი თავის ორ რეზოლუციაში სწორედ გარემოს დაცვის დანაშაულისათვის მოუწოდებს სახელმწიფოებს იურიდიული პირებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებისაკენ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათში აღნიშნულია: „ეკონომიკური დანაშაულების ზრდამ, მთელი სიმწვავით დღის წესრიგში დააყენა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას დანაშაულის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის პრობლემა. იურიდიული პირის რთული მენეჯმენტის სისტემა ხშირად ართულებს ან შეუძლებელს ხდის, იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვინც დანაშაული ჩაიდინა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაძლებელია იურიდიული პირის კონკრეტული თანამშრომლის იდენტიფიცირება, რომელმაც რეალურად განახორციელა დანაშაულის შემადგენლობა, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მაღალი მენეჯმენტი ჩართული იყო ამ დანაშაულში. ამასთან ერთად დანაშაული შეიძლება იყოს სხვადასხვა ადამიანის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებების, მოქმედების, უმოქმედობის შედეგი, თუმცა თითოეული მათგანი ზოგადად ეხმიანებოდეს მენეჯმენტის მითითებებს. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია დანაშაულის ჩადენაზე ერთი კონკრეტული პირი იყოს პასუხისმგებელი. ეს შესაძლებელიც რომ იყოს, რეალურ პასუხისმგებლობას მაინც აზრი ეკარგება. ინდივიდუალური პირისათვის სანქციის დაკისრებას არა აქვს არც საკმარისად შემაკავებელი ეფექტი და არც იმის პრევენციას არ წარმოადგენს, რომ იურიდიული პირი არ გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას. ინდივიდუალური ადამიანის დასჯა არ უბიძგებს იურიდიული პირის მენეჯმენტს, შეცვალოს ორგანიზაციის საზედამხედველო მექანიზმი. ამ სიძნელეების დასაძლევად ბევრ ევროპულ ქვეყანაში თავად იურიდიულ პირებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა.[45]

კომიტეტი მიუთითებს, რომ საერთო სამართლის ქვეყნებში კორპორაციების ბრალის მტკიცებასთან დაკავშირებული პრობლემა არ არსებობს. ზოგადი წესის თანახმად, კორპორაციები სისხლისსამართლებრივად ისევე აგებენ პასუხს, როგორც ფიზიკური პირები. ეს წესი ეფუძნება თეორიას, რომლის მიხედვითაც, დირექტორები და უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლები მოქმედებენ როგორც კორპორაციები. ისინი, სამართლებრივი თვალსაზრისით, არიან კორპორაციები. ასე რომ ვთქვათ, დირექტორი და მენეჯერი არის კორპორაციის ალტერ-ეგო. ეს ნიშნავს იმას, რომ დირექტორის და უმაღლესი მენეჯერული ერთეულის ბრალი შეერაცხება კორპორაციასაც, რის საფუძველზეც მოხდება მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. [46]

კომიტეტი შენიშნავს, რომ რამდენიმე ქვეყანაში არსებობს იმის ტენდენცია, რომ უარი თქვან ბრალის ტრადიციულ კონცეფციაზე და ამ გზით აწესებენ იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს ხდება შემდეგნაირად: ზოგიერთი დანაშაულისათვის არ მოითხოვება ბრალის დამტკიცება, დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი ფიზიკური პირების ბრალი შეერაცხება კორპორაციას, ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აქცესორული პასუხისმგებლობა წესდება იურიდიულ პირის მიმართ ან ზოგიერთ დანაშაულზე წესდება სპეციალური პასუხისმგებლობა, რაც ითვალისწინებს მხოლოდ ისეთ ფინანსურ სანქციას, როგორიცაა ჯარიმა GeldbuBe (გერმანია), coima (პორტუგალია) ან toretagsbot (შვედეთი). ეს სისტემა არ ეფუძნება ბრალის ტრადიციულ კონცეფციას და ამის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება იურიდიულ პირებსაც.

No. R (88) 18 რეკომენდაცია მიზნად ისახავს წაახალისოს სახელმწიფოების მიერ იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა... თუკი დანაშაული ჩადენილია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში, ეს დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.[47]

გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის იურიდიული პირების პასუხისმგებლობის პრინციპი გვხვდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამართლებრივ სტანდარტებში. 1993 წლის 27 ივლისის პლენარულ სხდომაზე გაეროს ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ მიიღო №1993/28 დოკუმენტი სახელწოდებით „სისხლის სამართლის როლი გარემოს დაცვაში.“ ამ დოკუმენტს აქვს დანართი, რომლის მე-11 პუნქტში აღნიშნულია:. მხარდაჭერილი უნდა იქნეს იდეა, რაც ითვალისწინებს კორპორაციების მიმართ სისხლისსამართლებრივი და არასისხლისსამართლებრივი ჯარიმების ან სხვა ღონისძიებების გამოყენებას/გაფართოებას.[48]

ამგვარად, ევროპის საბჭო და გაერო, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლის წევრიც საქართველოა, აქტიურად უჭერს მხარს გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის იურიდიული პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას/გაფართოებას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ განუხრელად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ჰაერის, წყლის დაბინძურებისათვის აწესებენ იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ევროკავშირში უმცირესობაში არიან ქვეყნები, რომლებიც არ ცნობენ იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ევროპის ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათი უმრავლესობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ავრცელებს წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დანაშაულზე. ამის გამო, მზარდი საერთაშორისო კონსესუსის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის მიხედულების ფარგლები - არ გაავრცელოს იურიდიული პირის პასუხისმგებლობა წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე - ვიწროა.

4. ლეგიტიმური მიზანი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მიღწევასაც უკავშირდება შეზღუდვა. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND საქმეში მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: „ევროპულ სასამართლოს შეხება ჰქონდა გარემოს დაცვის საკითხთან და ხაზი გაუსვა ამ თემის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ბუნებისა და ტყეების, ზოგადად გარემოს, დაცვა არის საზოგადოებისა და შესაბამისად, ხელისუფლების, მუდმივი და მდგრადი ინტერესი. ფინანსურ ინტერესებს და ასევე ზოგიერთ ძირითად უფლებას, ისეთს როგორიცაა საკუთრების უფლება, უპირობო პრიორიტეტი ვერ ექნება გარემოს დაცვის ინტერესთან მიმართებაში.“[49]

წინა თავში მივუთითეთ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათზე, სადაც აღნიშნულია, რომ იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება იმის გამო, რომ ისინი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში სჩადიან დანაშაულს. გარემოს დაცვის კონტექსტში, იურიდიული პირები აბინძურებენ რა წყალსა და ატმოსფერულ ჰაერს, ამით მიზნად ისახავენ მოგების მიღებას. ამგვარად, გარემოს დაცვის ინტერესს, რაც მიიღწევა იურიდიული პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისგებაში მიცემით - უპირისპირდება იურიდიული პირის ეკონომიკური ინტერესი - თავისუფალი მეწამეობის და საკუთრების უფლების დაცვის გზით, არ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი სასჯელები ჰაერისა და წყლის დაბინძურებისათვის.

სისხლის სამართლის კოდექსის 1073 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის სასჯელის სახეებია: ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ჯარიმა, ქონების ჩამორთმევა. „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით და 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილებით საქმეზე „დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეებით საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ისეთ სისხლისსამართლებრივ სასჯელს, როგორიცაა ქონების ჩამორთმევა (კონფისკაცია) აქვს შემზღუდველი ეფექტი საკუთრების უფლების მიმართ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლისსამართლებრივ ჯარიმასთან დაკავშირებით 2011 წლის 11 ივლისის 3/2/416 გადაწყვეტილებაში საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 50-ე პუნქტში განაცხადა: „ჯარიმა გამოიყენება ინდივიდუალურად სამართალდამრღვევის წინააღმდეგ საკუთრების უფლების შეზღუდვის, საკუთრების (ფულის) ამოღების გზით.“ ამგვარად, ჯარიმა, კონფისკაციის მსგავსად, ზღუდავს დანაშაულის ჩამდენი იურიდიული პირის საკუთრების უფლებას. ხოლო, ლიკვიდაცია და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ზღუდავს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ მეწარმეობის თავისუფლებას. კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. ... მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“ აქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2). 10 წლამდე ვადით იურიდიული პირისათვის ერთ რამდენიმე სფეროში საქმიანობის უფლების აკრძალვა (სისხლის სამართლის კოდექსის 1075), გამორიცხავს იურიდიული პირის შესაძლებლობას, გახდეს კომერციული ურთიერთობის მონაწილე, არაერთჯერადი მოქმედებით მიიღოს მოგება საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში და ამ თვალსაზრისით, საქმიანობის უფლების აკრძალვა უვადოდ ან 10 წლის ვადით ზღუდავს სამეწარმეო თავისუფლებას. ამ შემთხვევაში, სამეწარმეო იურიდიულ პირს ეზღუდება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქონების განკარგვის უფლებამოსილება, არამედ შეზღუდვა შეეხება ერთ ან რამდენიმე სფეროში მთელ საწარმოო პროცესს, ამიტომ ერთ ან რამდენიმე სფეროში სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვით ხდება ჩარევა არა საკუთრების, არამედ მეწარმეობის თავისუფლებაში (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე 2022 წლის 20 მაისის N1/2/876 „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-20). მეწარმეობის თავისუფლება ასევე მოიცავს იმას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-3). ლიკვიდაცია არის იურიდიული პირის სიკვდილით დასჯა, რაც ზუსტად სიცოცხლისუნარიანი მეწარმეობის სუბიექტის ბაზრიდან განდევნაა სახელმწიფოს ჩარევის შედეგად. ისევე როგორც სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნა და მისი რეგისტრაცია ექცევა მეწარმეობის თავისუფლების დაცულ სფეროში (იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა დამფუძნებელს თავისი წილი შეაქვს საწესდებო კაპიტალში, რაც საკუთრების უფლებით დაცული ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ურთიერთობაა), ასევე მეწარმეობის თავისუფლებასთან შესაფასებელ მოცემულობას წარმოდგენს სამეწარმეო იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტა მისი ლიკვიდაციის გზით.

ამგვარად, სადავო ნორმებით გათვალისწინებულ დანაშაულზე იურიდიული პირის პასუხისმგებლობის გაუვრცელებლობით ხდება ის, რომ იურიდიული პირის მიმართ არ ხდება ლიკვიდაციის, ქონების ჩამორთმევის, ჯარიმის, საქმიანობის აკრძალვის სასჯელების გამოყენება. ამით, პარლამენტი მიზნად ისახავდა იურიდიული პირის საკუთრების უფლების და მეწარმეობის თავისუფლების დაცვას.

გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით: „სახელმწიფოს განვითარება, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პროგრესი, ხშირ შემთხვევაში, თავისთავად იწვევს გარემოზე მავნე ზემოქმედების ზრდას. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, შესაბამისად, სახელმწიფოს ხშირად უწევს ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინება და დაბალანსება...ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ეკოლოგიის დაცვა შესაძლებელია ხშირად მოვიდეს კოლიზიაში სამეწარმეო თავისუფლების რეგულირების სფეროსთან. იმის გარკვევა, სახელმწიფოს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით, რა მოცულობით შეუძლია დაუშვას გარემოზე ზემოქმედება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების ძირითადი უფლების პრაქტიკული რეალიზების ერთ-ერთ ურთულეს სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც ზოგადი და უნივერსალური მიდგომის ჩამოყალიბება შეუძლებელია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების გზით უნდა გაირკვეს, ამა თუ იმ ფორმით გარემოზე ზემოქმედება წარმოადგენს თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დარღვევას.“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-13).

ამგვარად, საკუთრების და მეწარმეობის თავისუფლების დაცვა, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს, რისთვისაც დასაშვებია უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების და სხვა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის, აუცილებლობის da viwro gagebiT, proporciulobis კრიტერიუმებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის N3/5/744 გადაწყვეტილება საქმეზე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-35). შესაბამისად, უნდა გაირკვეს, უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებაზე დაწესებული შეზღუდვა, რამდენად გამოსადეგი, აუცილებელი და ვიწრო გაგებით პროპორციულია დანაშაულის ჩამდენი იურიდიული პირის საკუთრების და სამეწარმეო საქმიანობის წარმოების თავისუფლების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

5. გამოსადეგობა

ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). აუცილებელია, სადავო რეგულაციით, შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნების რეალიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უფლების მზღუდავი ნორმატიული რეგულირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება, რაც გამოიწვევს ამ რეგულირების მიჩნევას აღნიშნული უფლების გაუმართლებელ, თვითნებურ შეზღუდვად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის N3/5/744 გადაწყვეტილება საქმეზე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-36).

გამოყენებული ღონისძიება უზრუნველყოფს იურიდიული პირის საკუთრების და მეწარმეობის უფლების დაცვას. წყლის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისათვის ისჯება ფიზიკური პირი, იურიდიული პირის წილების მფლობელი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, თანამშრომელი, ისე რომ ხდება არ ხდება იურიდიული პირის ბაზრიდან გაძევება ლიკვიდაციის და მისთვის 10 წლამდე ვადით ან უვადოდ სამეწარმეო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. აქვე ისიც, შესაძლებელია, წყალი და ჰაერი დანაშაულებრივად დაბინძურდეს იურიდიული პირის სახელით ან მის სასარგებლოდ, თუმცა იურიდიული პირის სახელით მოქმედი ფიზიკური პირის არც ერთი ქმედება არ ქმნიდეს დანაშაულის შემადგენლობას ან არც ერთი მათგანის ბრალეულობა არ დასტურდებოდეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე დანაშაულები დასჯადია მხოლოდ მაშინ, თუ ის ჩადენილია განზრახ, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით, გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ზემოთ ხსენებულ მუხლებში ასეთი მითითება არ გვხდება. შესაბამისად, სადავო ნორმით, ფიზიკური პირი პასუხს აგებს მაშინ, როცა ქმედების ჩამდენს ფიზიკურ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ან არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. ასეთი სუბიექტური დამოკიდებულება დანაშაულებრივი ქმედების მიმართ აქვს რიგით მუშას ან სამუშაოს შემსრულებელს. ხშირად შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი მენეჯერის დაქვემდებარებაში იყო სამუშაოს შემსრულებელი და რამდენად იცოდა ამ მენეჯერმა სამუშაოს შემსრულებლის მართლსაწინააღმდეგო განზრახვის შესახებ. ხშირად სამუშაოს შემსრულებელი ერთი ხელმძღვანელის დაქვემდებარებაშია, მაგრამ დავალება, რის შესრულებასაც დანაშაულის ჩადენა მოსდევს, მოდის სხვა ხელმძღვანელისაგან. იმის გამო საწარმოს მართვის პროცესი კერძო სამართლის რეგულირების სფეროა, უფლებამოსილების გამიჯვნის დოკუმენტი - წესდება შეიძლება იყოს ზოგადი ხასიათის, ამის გამო შესაძლოა შეუძლებელი გახდეს, დაზუსტებით იმის განსაზღვრა, რომელი მენეჯერისაგან მოდიოდა ის მითითება ან დავალება, რომლის შესრულებამაც გარემოს დანაშაულებრივი დაბინძურება გამოიწვია. ასეთ პირობებში, ვისაც მართლსაწინააღმდეგო განზრახვა შეიძლება დაუმტკიცდეს, ეს არის სამუშაოს შემსრულებელი - იურიდიული პირის ყველაზე დაბალი რგოლი - რომლის წვლილი დანაშაულის ჩადენაში უმნიშვნელოა. შესაბამისად, არსებობს სამუშაოს რიგითი შემსრულებლების (მუშის) სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობა, ხოლო განზრახვის ელემენტის დასაბუთება შეუძლებელი ხდება იურიდიული პირის ზედა რგოლის ხელმძღვანელი ან ზედამხედველი პირების მიმართ.

სისხლის სამართლის კოდექსის 1071 -ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული იმ დანაშაულისათვის, რომელიც ჩადენილია იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ, პასუხისმგებელი პირის მიერ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირი არის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრი. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1071 -ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც დანაშაული ჩადენილია იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, დადგენილია თუ არა დანაშაულის ჩამდენი ფიზიკური პირი.“ შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებები ჩაიდინოს დაბალი რგოლის სამუშაოს შემსრულებელმა, ამავდროულად ვერ გაირკვეს ვისგან მოდიოდა სამუშაოს შემსრულებლისათის მიცემული დანაშაულებრივი დავალება - იურიდიული პირის მენეჯმენტის რთული ორგანიზაციული და სტრუქტურული მოწყობის და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს შორის უფლებამოსილებების ბუნდოვანი და ზოგადი გამიჯვნის გამო (რაც დამახასიათებელია კერძო-სამართლებრივი გარიგებებისათვის და სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებ კონტროლს ექვემდებარება). ამის მიუხედავად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ დგინდება პასუხისმგებელი ფიზიკური პირი (ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, სამეთვალყურეო, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოს წევრი), ვის დანაშაულებრივ დავალებასაც ასრულებდა სამუშაოს შემსრულებელი, ისჯება მხოლოდ სამუშაოს შემსრულებელი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი ნორმა პირდაპირ ითვალისწინებს იურიდიული პირის პასუხისმგებლობას. თუმცა სადავო ნორმები არ ითვალისწინებს იურიდიული პირის პასუხისმგებლობას წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისათვის, ასეთ შემთხვევაში დაისჯება დიდ იურიდიულ პირთან, მაგალითად, სააქციო საზოგადოებასთან, შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელიც არის ყველაზე დაბალი რგოლი საწარმოში და ასრულებს დამსაქმებლის ბრძანებას, თავად ამ დანაშაულებრივი მითითების ფორმირებაში მონაწილეობას არ იღებს, რაც არაეფექტიანია გარემოს დაცვის წინააღმდეგ დანაშაულთან საბრძოლველად, ვინაიდან დანაშაულებრივი ბრძანებების გამცემები სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების მიღმა რჩებიან, ხოლო ერთი დანაშაულებრივი მითითების შემსრულებელი სხვით ჩანაცვლდება. ასევე უსამართლოა ის, რომ მთელი ტვირთის დაკისრება მოხდეს იურიდიული პირის ყველაზე დაბალ რგოლზე, მხოლოდ იმის გამო, რომ განზრახვის და სისხლისსამართლებრივი ბრალის სტანდარტის დაკმაყოფილება მხოლოდ მასთან მიმართებაში ხდება შესაძლებელი.

გაცილებით მარტივად არის საქმე ინდმეწარმეების და ერთი პირის მიერ დაფუძნებული შპს-ების შემთხვევაში. ასეთ საწარმოს არ გააჩნია რთული ორგანიზაციული სტრუქტურა და ადვილია ინდივიდუალური მეწარმისა და შპს-ს ერთადერთი მეწილისათვის ბრალის დაკისრება, მის მიერ დაქირავებული პირის დანაშაულებრივი ქმედებისათვის. შესაბამისად, ინდმეწარმის და შპს-ს ერთადერთი მოწილის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა უდრის საწარმოს დისფუნქციურად ქცევას და მისგან მომდინარე დანაშაულის განმეორებით ჩადენის ეფექტიან პრევენციას. აქვე უნდა ითქვას, რომ ინდმეწარმეები და ერთი პირის მიერ დაფუძნებული შპს გარემოს შედარებით ნაკლები დამბინძურებლები არიან. სადავო ნორმა უფრო მკაცრად სჯის იმ ფიზიკურ პირებს, ვისი წვლილი გარემოს დაბინძურებაში უმნიშვნელოა.

ეს გარემოება ერთი მხრივ, უსამართლოა და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს გარემოს უფრო დიდი დამბინძურებლებისაგან დანაშაულის ჩადენის პრევენციას. ამის მიუხედავად, ეს გარემოება, ცალკე აღებული, გავლენას ვერ ახდენს გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების გამოსადეგობაზე. ისჯება სამუშაოს შემსრულებელი და დამსაქმებლის სახელით მოქმედი ის ფიზიკური პირი, ვინც დასაქმებულს დანაშაულებრივი დავალება მისცა ან ვისგანაც ეს დავალება მომდინარეობდა, როცა დასაქმებულის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გზით ასეთი მენეჯერის დადგენა გახდება შესაძლებელი. ის, რომ დიდ კორპორაციებში, საკმაოდ რთულია დანაშაულებრივი დავალების შემმუშავებელი რგოლის გამოვლენა, ვინაიდან ეს შესაძლოა თავად სამუშაოს შემსრულებელმაც არ იცოდეს, ცალკე, აღებული, არ ხდის სამუშაოს შემსრულებლის ან საწარმოს ქვედა რგოლის დასჯას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოუსადეგარ საშუალებად. ისევე როგორც პატარა საწარმოების მესაკუთრეთა დისკრიმინაციული დასჯა და დიდი საწარმოს მესაკუთრეების და მენეჯმენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიღმა დატოვება არ არის გამოუსადეგარი საშუალება ლეგიტიმური მინის მისაღწევად. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად: სახელმწიფოს მიერ დადგენილ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებაში სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილი უფლების შემზღუდველი ღონისძიებების გამოსადეგობის შემოწმება იმის დადგენასაც გულისხმობს, თუ რამდენად იძლევა უშუალოდ ეს ღონისძიება მიზნის მიღწევის საშუალებას, რამდენად უახლოვდება სახელმწიფო დასახულ საბოლოო მიზანს დასახელებული საშუალების გამოყენებით, თუმცაღა არ მოითხოვს, რომ ეს საშუალება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი საშუალება იყოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, „არასწორია იმის მტკიცება, რომ კანონი იმიტომ შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, რომ იგი მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალება არ არის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის N3/4/1483 გადაწყვეტილება საქმეზე შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ)

ამგვარად, შეზღუდვა, რაც არ ითვალისწინებს იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე, 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის, გამოსადეგი საშუალებაა ამ იურიდიული პირს საკუთრების საკუთრების უფლების და მეწარმეობის თავისუფლების დასაცავად.

5. აუცილებლობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის მიხედვით, „საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-30). ნათელია, ის, რომ სადავო ნორმები სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას თავიდან აცილებს იურიდიულ პირს, რაც ყველზე მძიმე რეპრესიული ღონისძიების გამოყენებას გამორიცხავს იურიდიული პირის საკუთრების უფლების და მეწარმეობის თავისუფლების შესაზღუდავად.

„დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირების პასუხისმგებლობის შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „იურიდიული პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება:

a) სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და სანქციის დაკისრების შემთხვევაში დანაშაულის ბუნება, იურიდიული პირის ბრალის ხარისხი, საზოგადოების მიმართ დამდგარი შედეგი

b) განსხვავებული სამართლებრივი სისტემის არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შიდა კანონმდებლობით უკანონო ქმედება არ კვალიფიცირდება დანაშაულად, ამ ქმედების ჩამდენს პასუხისმგებლობას და სანქციას აკისრებს ადმინისტრაციული ორგანო. ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება სასამართლო კონტროლს.

№ R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით, ბარათში პირველი მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით აღნიშნულია: „საწარმოებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება ერთ-ერთი საშუალებაა რეკომენდაციის მიზნის მისაღწევად. სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიღმა არსებობს სხვა არასისხლისსამართლებრივი ან კვაზისისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა, მაგალითად, გერმანული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან ევროპული კომისიის კარტელური სამართალდარღვევების დებულებები, ასევე პასუხისმგებლობის ზომები, რომლის გამოსაყენებლადაც არ არის აუცილებელი ტრადიციული ბრალის კონცეფციის არსებობის დასაბუთება. 1.3. რეკომენდაციაში მითითებულია ორი სახის პასუხისმგებლობის ზომაზე, რომელსაც მინისტრთა კომიტეტი განსაკუთრებით შესაფერისად თვლის, ეს ორი ზომა (სისხლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები) მოხმობილია როგორც მაგალითი, რაც გულისხმობს იმას, რომ წევრ ქვეყანას აქვს დისკრეცია, შეარჩიონ იმ ტიპის პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც უკეთ პასუხობს ქვეყნის სამართლებრივ სისტემას.“ [50]

„a“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და სანქციის გამოყენებას. ეს რეკომენდირებულია ისეთ შემთხვევებში, როცა დანაშაულის ხასიათის, ბრალის ხარისხის, საზოგადოებისათვის დამდგარი შედეგის და დანაშაულის შემდგომი ჩადენის პრევენციისათვის აუცილებელია სისხლის სამართლებრივი სანქციის დაკისრება. ამ მიზნით აუცილებელია უარი იქნეს ნათქვამი ბრალის ტრადიციულ კონცეფციაზე და პასუხისმგებლობის დასაკისრებლად გამოყენებული იქნას სოციალურ ბრალზე დაფუძნებული პასუხისმგებლობის მიდგომა. [51]

„b“ ქვეპუნქტი ეფუძნება გერმანული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სისტემას. ეს არის კვაზი-სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, როცა სანქციების დაკისრება ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლო კონტროლის საგანს. ადმინისტრაციული კანონმდებლობის გამოყენება რეკომენდირებულია მაშინ, როცა უკანონო ქმედება, მისი სიმძიმის დაბალი ხარისხის გამო, არ მოითხოვს სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენებას.[52]

№ R (81) 12 რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს რეკომენდაცია შექმნილია იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს იურიდიული პირების პასუხისმგებლობა, მათი საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩადენილი დანაშაულისათვის. ეს რეკომენდაცია არ ეხება იურიდიული პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობას.[53]

ამგვარად, შესაძლოა ის მიზანი, რაც გააჩნია იურიდიული პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, მიღწეული იქნეს ნაკლებად მკაცრი - ადმინისტრაციული სამართლის მეშვეობით. მაშინ როცა სამოქალაქო პასუხისმგებლობა ვერ იქნება მიჩნეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატივად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება ასეთად ჩაითვალოს. ამის მიზეზია ის, რომ ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციის მიზნები ერთნაირია. მაშინ, როცა სამოქალაქო სამართლებრივი სანქციის მიზანია თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა და ზიანის ანაზღაურება, ამის საპირისპიროდ, სისხლის სამართლებრივი სასჯელის და ადმინისტრაციული სახდელის მიზანია კანონსაწინააღმდეგო ქმედების პრევენცია. როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის № R (81) 12 რეკომენდაციაში აღნიშნული: იურიდიული პირის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს შესაბამისი სანქცია და ღონისძიება, რაც იქნება ადეკვატური სასჯელი უკანონო საქმიანობისათვის, ამასთან ამ ღონისძიებას უნდა ჰქონდეს პრევენციული ბუნება. R (81) 12 რეკომენდაციის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ რეკომენდაციით გათვალისწინებულ იურიდიული პირისათვის დაკისრებულ ნებისმიერ სანქციას უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი.[54]

დამატებით, აღსანიშნავია, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1993 წლის 27 ივლისის პლენარულ სხდომაზე მიღებული 1993/28 დოკუმენტი, სახელწოდებით „სისხლის სამართლის როლი გარემოს დაცვაში,“ რომელსაც ახლავს დანართი, სადაც აღნიშნულია: „გარემოს დაცვა მოითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას, რაც გავლენას მოახდენს ქმედებაზე და შეამცირებს გარემოზე დაკისრებულ ტვირთს. ეს ღონისძიებები მოიცავს საზოგადოების მონაწილეობას და სანქციების გამოყენებას. ადმინისტრაციული სამართალი რჩება სახელმწიფოს ცენტრალურ ინსტრუმენტად გარემოს დაცვის საქმეში. გარემოს დაცვის სხვა მეთოდებია ფინანსური შეღავათების გამოყენება, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც მრავალმხრივ მნიშვნელოვანია გარემოს დასაცავად. დამატებით, სისხლის სამართალმა უნდა შეასრულოს პერიფერიული და დამხმარე ფუნქცია.[55]

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იურიდიული პირი არის პასუხისმგებლობის სუბიექტი მათ შორის მაშინაც, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განსაკუთრებულ ნაწილში სახელდებით არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მოცემული სამართალდარღვევის შემადგენლობის სუბიექტი იურიდიული პირია. იურიდიული პირი, ფიზიკური პირის თანასწორად, მაშინაც აგებს პასუხს ადმინისტრაციული წესით, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განსაკუთრებული ნაწილში ფიზიკური პირისაგან განსხვავებული სანქცია არ არის დადგენილი იურიდიული პირისათვის. ზოგიერთ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გვხვდება სანქციები, როცა იურიდიულ პირს უფრო მეტი ჯარიმა ეკისრება, ვიდრე ფიზიკურ პირს. მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირი ჯარიმდება 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი -10 000 ლარით. მაშინ როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განსაკუთრებულ ნაწილში არ არის დაკონკრეტებული, ვინ არის სამართალდამრღვევი, სანქცია ეკისრება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს. მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა, –გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.“ ვინაიდან ამ ნორმაში არ არის მითითებული, თუ ვინ უნდა გადაიხადოს ეს ჯარიმა, ივარაუდება, რომ მისი გადახდა ეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, თითოეულ მათგანზე საგანგებო მითითების გარეშე. ამასთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თითოეულ მუხლში, სადაც ეს საგანგებოდ არ არის მითითებული, ქმედება დასჯადია მისი როგორც განზრახ თუ გაუფრთხილებლობით ჩადენის შემთხვევაში. მაგალითად, სამართალდარღვევათა კოდექსის 1581-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მომხმარებელთა უფლებების განზრახ შელახვისათვის. იგულისხმება რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას არ ქმნის, მომხმარებელთა უფლებების შელახვა გაუფრთხილებლობით. მეორე მხრივ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 69-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის დისპოზიციით, აკრძალულია გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა, გულისხმობს იმას, რომ ისჯება ამ ქმედების როგორც განზრახ ისე გაუფრთხილებლობით ჩადენა. ამის მიზეზია ის, რომ 69-ე მუხლი არ აკონკრეტებს სუბიექტური შემადგენლობის ნიშანს.

ამგვარად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისათვის არ არსებობს ის პრობლემა, რაც სისხლის სამართალშია აქტუალური. იურიდიულმა პირმა და მისი ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ადმინისტრაციული წესით შეიძლება პასუხი აგონ ერთმანეთის მიერ ჩადენილი ქმედებებისათვის, როგორც განზრახ, ისე გაუფრთხილებლობით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. ამ თვალსაზრისით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მიჩნეული უნდა იქნეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ეფექტიან, თუმცა არასაკმარის ალტერნატივად.

რაც შეხება სადავო ნორმების ანალოგიურ დებულებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლით იკრძალება წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების დაცვის რეჟიმის დარღვევა, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და სამკურნალო დანიშნულების წყლის ობიექტებში სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სადრენაჟო და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვება, გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენებიდან, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან წყლის დაბინძურება ან დანაგვიანება ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით, გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 582 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხმელეთიდან ზღვაში საყოფაცხოვრებო ნაგვის ან სხვა ნარჩენების ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ხმელეთიდან ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით ზღვის დაბინძურება ან დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 582 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში საყოფაცხოვრებო (მყარი) ნარჩენების ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 582 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, 20000 ტონამდე საერთო ტევადობის გემიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაღვრა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 582 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა, ჩაყრა, ჩაშვება, აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური ზღვარის გადამეტება გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) დადგენილზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;

ბ) დადგენილზე 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით;

გ) დადგენილზე 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.

როგორც ვხედავთ, ჯარიმა ერთადერთი სანქციაა, რაც იურიდიულ პირის, ისევე როგორც ფიზიკურ პირს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის. არც ერთი ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევისათვის არ არის გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის საგნის კონფისკაციას, რაც სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 29-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სახდელის ზომას წარმოადგენს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ადმინისტრაციული სახდელის სახეს არ წარმოადგენს იურიდიული პირის ლიკვიდაცია და ამ თვალსაზრისით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ვერ ანაცვლებს სისხლის სამართალს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ იცნობს საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ზოგად სახდელს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლი სახდელის სახით ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას. ადმინისტრაციულ სახდელს არ წარმოადგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმება, ან სხვა ტიპის ლიცენზიის და ნებართვის გაუქმება გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ჩადენისათვის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემოიფარგლება მხოლოდ ჯარიმებით წყლის და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის.

გარემოს დამბინძურებელი იურიდიული და ფიზიკური პირის საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არის ამ კოდექსის მე-13 მუხლის გათვალისწინებით გამოცემული აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია). ამგვარად, ადამიანი ან იურიდიული პირი ვერ განახორციელებს ისეთ საქმიანობას, რაც გავლენას ახდენს გარემოზე, თუკი არ არსებობს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

გარემოსდაცვითი კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ადგენს გონივრულ ვადას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის.“ გარემოსდაცვითი კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ დგინდება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის.“ გარემოსდაცვითი კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. გარემოსდაცვითი კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ, საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრების მიუხედავად, იგი არ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სააგენტო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს, გარდა ამავე მუხლის მე-7–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამგვარად, იურიდიული პირი გარემოსათვის საზიანო საქმიანობას წყვეტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სამჯერ მისი დაჯარიმების შემდეგ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის გზით. ამასთან, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა არ ხდება, თუ გარემოსდაცვითი კოდექსის 46-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსთხოვა შესაბამის იურიდიულ პირს დამატებითი პირობების შესრულება. გარემოსდაცვითი კოდექსის 46-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არც მაშინ უქმდება, როცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის სახელითა და ხარჯით, გარემოს ეროვნული სააგენტო თავად ან მესამე პირის მეშვეობით ასრულებს მოქმედებას, რაც ემსახურება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობის შესრულებას. გარემოსდაცვითი კოდექსის 46-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შეუძლია, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმების ნაცვლად, გარემოს დამბინძურებელ იურიდიულ პირს, სასამართლოს თანხმობით, დაუნიშნოს დროებითი მმართველი, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. ამგვარად, ადმინისტრაციული კანონმდებლობით, განსაზღვრულ პირობებში, შესაძლებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის გზით იურიდიულ პირს აეკრძალოს ისეთი სამეწარმეო საქმიანობა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს წყალზე და ჰაერზე.

გარდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ქონას ატმოსფერული ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების გამოტყორცნისათვის. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა არის ამ კანონის მე-17 მუხლის გათვალისწინებით გამოცემული აქტი, რომელიც ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა, ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასკვნებს და ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედებას მთლიანობაში, მათ შორის, ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიებს, ნარჩენების წარმოქმნას, ნედლეულის გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, ხმაურს, ავარიების პრევენციას, მონიტორინგისა და საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენის/რემედიაციის ღონისძიებებს; „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ინტეგრირებული გარემოს დაცვის ნებართვას გასცემს და აუქმებს გარემოს ეროვნული სააგენტო. ამავე მუხლის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს, რამდენად სრულდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნებართვის პირობების დარღვევისას აჩერებს შესაბამისი დანადგარის/მოწყობილობის ან მისი შესაბამისი ნაწილის ექსპლუატაციას, თუკი უშუალო საფრთხე ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას ან არსებობს გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების საფრთხე. დანადგარი ან მოწყობილობა ჩერდება მანამ, სანამ მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი არ მიიღებს ზომებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის შესასრულებლად და არ აღმოფხვრის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან შეუთავსებელ გარემოებებს.

„სამრეწველი ემისიების შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, გარემოს ეროვნული სააგენტო ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ძალადაკარგულად გამოუცხადებს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას, თუ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადაში, როცა დანადგარი ან მოწყობილობა გაჩერებულია, არ იქნება მიღებული ღონისძიებები ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად.

ამგვარად, ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს ჰაერისა და წყლის დაბინძურებისათვის უშუალოდ იურიდიული პირის დაჯარიმებას, ასევე მისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ჩამორთმევის შესაძლებლობას, რაც უთანაბრდება სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვას. ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იურიდიული პირისათვის ქონების ჩამორთმევის და ლიკვიდაციის შესაძლებლობას, ეს იმით აიხსნება, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ არეგულირებს ისეთ საქმიანობას, რაც თავისი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, უთანაბრდება დანაშაულს. ეს არის ის ფაქტორი, რაზეც გამახვილებული უნდა იყოს ყურადღება, სადავო ნორმების ვიწრო გაგებით, პროპორციულობის შეფასების ეტაპზე.

რაც შეეხება აუცილებლობას, მოსარჩელე მხარე, ზემოთ აღწერილი ადმინისტრაციული კანონმდებლობის მხედველობაში მიღებით, იზიარებს იმას, რომ ვინაიდან წყლის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისათვის, იურიდიულ პირს ეკისრება სისხლისსამართლებრივზე ნაკლებად მკაცრი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დაცულია აუცილებლობის მოთხოვნები.

6, ვიწრო გაგებით პროპორციულობა

გარდა გამოსადეგობისა და აუცილებლობისა, უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, უნდა გამოარკვიოს სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

ერთ მხარეს, დგას ადამიანთა დიდი ჯგუფის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება, ხოლო, მეორე მხარეს, იურიდიული პირის მეწამეობის თავისუფლებისა და საკუთრების უფლება.

როგორც ზემოთ მივუთითეთ, ხშირად ქმედება იმდენად დიდი საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რომ მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, არაადეკვატურია. ჰარის და წყლის დაბინძურებას გააჩნია არა ერთი, არამედ უამრავი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების პოტენციალი. მაშინ, როცა სწორედ სისხლის სამართალი და არა ადმინისტრაციული სამართალია, ის დარგი, რაც მიმართულია ერთი ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ იქნება საკმარისი, როცა დაბინძურებულმა წყალმა ერთს კი არა ასობით ან ათასობით ადამიანის სიცოცხლე დააყენა საფრთხის წინაშე, ხოლო დაბინძურებულმა ჰაერმა გამოწვია ადამიანების დიდი ჯგუფის ჯანმრთელობის დაზიანება. ადამიანის სიცოცხლე იმდენად დიდი კონსტიტუციური ფასეულობაა, რომ მისთვის შექმნილი თუნდაც აბსტრაქტული ან მით უმეტეს, რეალური რისკი ვერ იქნება მინდობილი ადმინისტრაციულ სამართალს, რომლის რეგულირების საგანი მარტოოდენ დაბალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედებებით შემოიფარგლება. მით უმეტეს, მაღალი შემოსავლების მქონე იურიდიული პირისათვის ადმინისტრაციული ჯარიმა არ არის შემაკავებელი ფაქტორი, აღარ დააბინძუროს გარემო. ადმინისტრაციული ჯარიმა შეიძლება იყოს უმნიშვნელო ხარჯი, იმ სარგებელთან შედარებით, რაც ამ კომპანიამ შეიძლება მიიღოს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის რელევანტური ნორმები არ ითვალისწინებს წყლისა და ჰაერის დაბინძურებისათვის სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის და ლიკვიდაციის შესაძლებლობას. ლიკვიდაცია არ არის ადმინისტრაციული სახდელი, ვინაიდან არ ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ხასიათდება საზოგადოებრივი საშიშროების იმგვარად მაღალი ხარისხით, რომ იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროპორციულობა გაამართლოს. სამაგიეროდ, წყლის და ჰაერის დაბინძურება, რამაც ერთი ან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ხელყო, ან შექმნა მისი ხელყოფის რეალური ან თუნდაც აბსტრაქტული საფრთხე, არის ის ქმედება, რაც ამართლებს ლიკვიდაციის ჩათვლით, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენებას. კონფისკაცია არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმი, თუმცა როგორც წინა თავში შევნიშნეთ, სახდელის ეს ზომა არ არის გათვალისწინებული იმ სამართალდარღვევისათვის, რაც ითვალისწინებს იურიდიული პირის მიერ წყლისა და ჰაერის დაბინძურებას. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იურიდიული პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ვერ ჩაანაცვლებს სადავო ნორმებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება სამრეწველო ემისიების მიერ ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ეს საკითხი განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების კონტექსტში. ეს საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიკვლია ÖNERYILDIZ v. TURKEY საქმის კონტექსტში. ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპები არის შემდეგი:

კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარებას სიცოცხლის უფლების დასაცავად. ეს გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რაც უზრუნველყოფს სიცოცხლის რისკის თავიდან აცილებას.[56] ეს ვალდებულება უდავოდ ეხება რისკის შემცველ საქმიანობას. ამ დროს განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთ რეგულაციაზე, რომლიც მიზანმიმართულია ამ საქმიანობის სპეციფიკურ მახასიათებლის რეგულირებაზე, კონკრეტულად კი, ადამიანის სიცოცხლისათვის რისკების თავიდან აცილებაზე. ეს რეგულაცია უნდა აწესრიგებდეს სახიფათო საქმიანობის ლიცენზირების, მისი დაწყების, მიმდინარეობის, უსაფრთხოების დაცვის და მასზე ზედამხედველობის საკითხებს. ყველა შესაბამის პირს უნდა დაეკისროს ვალდებულება, გაატაროს პრაქტიკული ზომები იმ ადამიანთა დასაცავად, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის რისკის შემცველი საქმიანობა.,, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი რეგულაციით უნდა დადგინდეს პროცედურა, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სარისკო საქმიანობის ტექნიკური ასპექტები, ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში არსებული ნაკლოვანებები და პასუხისმგებელი პირების მიერ ჩადენილი შეცდომები [57]

კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე ვალდებულება აქ არ მთავრდება. როდესაც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა მოხდა.. კონვენციის მე-2 მუხლი ითხოვს სახელმწიფოსაგან მის განკარგულებაში არსებული საშუალებებით ადეკვატური პასუხის გაცემას - ეს ზომები იქნება მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებული თუ სხვაგვარი. საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო უნდა იყოს იმგვარი, რომ მისი სათანადო აღსრულების შემთხვევაში სიცოცხლის უფლება იყოს დაცული, ამ უფლების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იყოს რეპრესიული და სადამსჯელო ზომები.[58] ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ სიცოცხლის მოსპობის საქმეებში კონვენციის მე-2 მუხლი განიმარტება იმგვარად, ის მოიცავს ოფიციალური გამოძიების წარმოების ვალდებულებას. ამგვარი განმარტება გამართლებულია იმით, რომ კანონდარღვევა, რაც სპობს სიცოცხლეს ან საფრთხეს უქმნის მას, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.” ევროპული სასამართლო თვლის, რომ ეს მიდგომა ასევე გამართლებულია სარისკო საწარმოო საქმიანობის განხორციელების კონტექსტში.[59] ის ფაქტი, რომ ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემქნელი პირები არ მიეცნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, არ წარედგინათ მათ ბრალი, უთანაბრდება კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას, იმის მიუხედავად, რომ არსებობს სხვა საშუალება, რომლის გამოყენებაც ინდივიდებს თავისი ინიციატივით შეუძლიათ.[60]

საბოლოოდ, კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილი ვალდებულება, მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით, გულისხმობს ისეთი დებულებების მიღებას, რაც ითვალისწინებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების პროცედურულ მოთხოვნას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ეფექტიანობის მინიმალურ მოთხოვნას. კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს სისხლისსამართლებრივი სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, როცა სარისკო საქმიანობის განხორციელების შედეგად ადამიანებმა დაკარგეს სიცოცხლე და თუ ეს გარემოება დასტურდება გამოძიების შედეგებით.[61]

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მე-2 მუხლი არ მოიცავს მხოლოდ გამოძიების ეტაპს. როდესაც საქმე წარიმართება სასამართლოში, მთელი პროცესი, მათ შორის საქმის არსებითი განხილვა უნდა უზრუნველყოფდეს, კანონის მეშვეობით ადამიანის სიცოცხლის დაცვის პოზიტიურ ვალდებულებას.[62] ქვეყნის შიდა სასამართლოებმა არ უნდა დაუშვან, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სიცოცხლისათვის საშიში დანაშაულები დაუსჯელი დარჩეს. ეს აუცილებელია იმისათვის, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა და ჩამოუყალიბდეს ერთგულება კანონის უზენაესობის მიმართ. თავიდან უნდა იქნეს აცილებული აღქმა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოები არიან უკანონო ქმედებების შემწყნარებლები ან მისი თანამონაწილეები. ევროპული სასამართლოს ამოცანას წარმოადგენს ის, რომ შეაფასოს, კონვენციის მე-2 მუხლთან ჭრილში საქმის დეტალური განხილვის შედეგად ქვეყნის შიდა სასამართლოებმა რამდენად და რა ფარგლებში გამოიტანეს დასკვნები. ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, რამდენად არის მართლმსაჯულების სისტემა ქვეყანაში იმგვარად მოწყობილი, რომ ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი, რამდენად ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ქვეყნის შიდა სასამართლოები, რათა, არ დაუშვან ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა.[63]

ამგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლი განმარტა იმგვარად, რომ როცა გარემოს დაბინძურებას შედეგად ადამიანის სიცოცხლე იქნა მოსპობილი ან ამის საფრთხე შეიქმნა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კანონმდებლობა, რითაც ამ ქმედებას სისხლისსამართლებრივი რეპრესიული ღონისძიებით უპასუხებს. სისხლისსამართლებრივი ღონისძიების ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება სახელმწიფო, თუნდაც მას გააჩნდეს ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელ ქმედებებზე, ნაკლებად მზღუდავი ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა. ადამიანის სიცოცხლის რისკებზე სახელმწიფოს ყველაზე ადეკვატური და შესაფერისი პასუხი სისხლის სამართალია. ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით აღიარებული სიცოცხლის უფლება დაირღვევა, თუ სარისკო საქმიანობის მსხვერპლი არ იქნება დაცული სისხლის სამართლის წესით, არ იარსებებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები ან იარსებებს, მაგრამ მათ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ჯეროვნად არ გამოიყენებენ სარისკო საქმიანობის განმახორციელებლის მიმართ. ზოგადად, მესამე პირის დასჯა არ წარმოადგენს ადამიანის უფლებას, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო და მისი სამართალდამცავი ორგანოები არ უნდა იყვნენ ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ან მისთვის საფრთხის შექმნის თანამონაწილეები, საფრთხის შემქმნელი საქმიანობის განმახორციელებელი პირის დასჯა კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულება და შესაბამისად, ამ საქმიანობის მსხვერპლის, მომჩივანის უფლებაა. მართალია, კონვენციის მე-2 მუხლი არ დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ყველა სისხლის სამართლის საქმე გამამტყუნებელი განაჩენით არ დასრულდა, მაგრამ სახელმწიფოს მოეთხოვება ყველა ღონისძიების გატარება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ამასთან კანონმდებელს მოეთხოვება, მიიღოს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო, რაც საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს მისცემს საკმარის და ეფექტიან ბერკეტებს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მიზეზების დასადგენად და პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად. თუ არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი სუბიექტის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მაშინ ირღვევა ადამიანის კონვენციის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლება. ასეთია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და მიდგომა სარისკო სამეწარმეო საქმიანობასთან მიმართებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. მსგავსი მიდგომას იყენებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტიც. ამ უკანასკნელის R (81) 12 რეკომენდაციის განმარტებითი ბარათის თანახმად, იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და სანქციის გამოყენება რეკომენდირებულია ისეთ შემთხვევებში, როცა დანაშაულის ხასიათის, ბრალის ხარისხის, საზოგადოებისათვის დამდგარი შედეგის და დანაშაულის შემდგომი ჩადენის პრევენციისათვის აუცილებელია სისხლის სამართლებრივი სანქციის დაკისრება.[64] ადმინისტრაციული კანონმდებლობის გამოყენება იურიდიული პირების მიმართ რეკომენდირებულია მაშინ, როცა უკანონო ქმედება, მისი სიმძიმის დაბალი ხარისხის გამო, არ მოითხოვს სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენებას.[65]

გარემოს დაცვისათვის უფრო კონკრეტულ, „გარემოს დაცვაში სისხლის სამართლის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1977 წლის 28 სექტემბრის #(77)28 რეზოლუციაში აღნიშნულია: „მინისტრთა კომიტეტი ითვალისწინებს თანამედროვეობის სხვადასხვა ასპექტებს, განსაკუთრებით კი ინდუსტრიულ განვითარებას. მიუთითებს დაბინძურების მასშტაბზე, რაც განსაკუთრებით სახიფათოა საზოგადოებისათვის. ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანების, ცხოველების და მცენარეების სიჯანსაღე და ლანდშაფტის სილამაზე ყველა შესაძლო საშუალებით უნდა იყოს დაცული. მართალია, სისხლის სამართლის გამოყენება გარემოს დაცვის სფეროში უნდა იყოს საბოლოო საშუალება, ამის მიუხედავად, სამართლის ამ დარგის გამოყენება უნდა მოხდეს, როცა სხვა ნორმების დაცვა არ ხდება, სამართლის სხვა დარგი არაეფექტიანი ან არაადეკვატურია. მინისტრთა კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს მთავრობას ყურადღებით გამოიკვლიოს ანგარიშში წამოჭრილი პრობლემები და მათ აღმოსაფხვრელად გამოიყენოს ქვემოთ აღნიშნული ერთი ან რამდენიმე ღონისძიება. ეს ღონისძიებები არის შემდეგი:

2. მოხდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პრინციპის გადახედვა. განსაზღვრულ შემთხვევებში, დაეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო და კერძო კორპორაციებს.

3. მოხდეს იმგვარი ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებლობითი) მოქმედების და უმოქმედობის კრიმინალიზება, რაც ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობის და სათანადო ღირებულების საკუთრებას აყენებს პოტენციური რისკის წინაშე.[66]

ამგვარად, შეუფერებელი და არაადეკვატურია საჯარო და კერძო კორპორაციების მიმართ სისხლის სამართლებრივზე უფრო მსუბუქი სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენება, როცა გარემოს დაცვითი რეგულაციების განზრახ ან გაუფრთხილებლობითი დარღვევით საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გაეროს ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ 1993 წლის 27 ივლისს პლენარულ სხდომაზე მიიღო #1993/28 დოკუმენტი სახელწოდებით „სისხლის სამართლის როლი გარემოს დაცვაში,“ რომლის დანართის მე-5 პუნქტში აღნიშნულია: სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისაგან დამოუკიდებელი და ავტონომიური გამოყენების საჭიროება არსებობს, მაშინ როცა ხდება გარემოზე მძიმე ხასიათის თავდასხმა, მათ შორის მაშინ, როცა სახეზეა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება. ამ ქმედებების მიღმა და მათ გარდა, არავითარი გამართლება არა აქვს ადმინისტრაციულ სამართალზე მკაცრი სისხლისსამართლებრივი რეგულაციების დადგენას.“[67] ამავე დანართის მე-9 პუნქტის თანახმად: „მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევები (განსაკუთრებით კი ადმინისტრაციული წესების დარღვევა) ეფექტიანობის დაკარგვის გარეშე, შეიძლება დაისაჯოს მხოლოდ ჯარიმით. ხოლო იმ ქვეყნებში სადაც ერთმანეთისაგან განასხვავებენ სისხლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მხოლოდ ამ უკანასკნელით.“ [68]

ამგვარად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება საკმარისია გარემოს რეგულაციების მცირე მნიშვნელოვან დარღვევაზე. გარემოს დაცვის ისეთი რეგულაციის დარღვევა, რაც საფრთხის წინაშე აყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არ არის მცირე მნიშვნელობის. ეს არის გარემოზე მძიმე ფორმით თავდასხმა, რაც სისხლისსამართლებრივი სასჯელების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს.

ამ სტანდარტების მხედველობაში მიღებით, დაპირისპირებულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის მისაღწევად, უნდა დავადგინოთ, რამდენად არის გასაჩივრებული სისხლისსამართლებრივი ნორმების დაცვის ობიექტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ ყველა სადავო ნორმა მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, მაშინ იურიდიული პირის მიმართ სადავო ნორმებში აღწერილი შემადგენლობის განხორციელებისათვის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება არაადეკვატურად და შეუფერებლად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც დაპირისპირებული ინტერესების უსამართლო დაბალანსების ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება.

სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამრეწველო ობიექტის გარემოს დაცვის წესების დარღვევით ექსპლოატაციისათვის. ეს დანაშაული მატერიალურია, ვინაიდან სავალდებულოა კონკრეტული შედეგის დადგომა. ერთ-ერთი შედეგი, რომლის დადგომა ამ დანაშაულის დასრულებას იწვევს, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე მუხლის დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. სისხლის სამართლის ეს კონკრეტული დებულება მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისაკენ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იკრძალება წყლის ობიექტის დაბინძურება, დანაგვიანება, დაშრეტა ან მასზე სხვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს, მოსახლეობის ჯანმრთელობა. აქაც დაცვის ობიექტი ადამიანის ჯანმრთელობაა. ეს მუხლი არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი დელიქტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის მეორე პუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, როდესაც პირველ ნაწილში აღნიშნულმა ქმედებამ - წყლის დაბინძურებამ რეალურად გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. აქაც სისხლისსამართლებრივი სანქცია მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის კრძალავს წყლის იმგვარ დაბინძურებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ამ შემთხვევაში სისხლის კოდექსის აღნიშნული ნორმა იცავს ადამიანის სიცოცხლეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილით იკრძალება გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენის ჩაყრას ან მათ იმგვარ დამარხვას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაშიც სახეზეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი დელიქტი. იგივე შეიძლება ითქვას სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლითაც იკრძალება ხმელეთიდან და საჰაერო ხომალდიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერების ზღვაში ჩაყრა ან მათი ჩამარხვის წესების დარღვევით ზღვის დაბინძურება, იმ შემთხვევაში, თუ ეს საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ზღვის დაბინძურებით ადამიანის ჯანმრთელობისთვის რეალური მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას კრძალავს სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლის მესამე ნაწილი. სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლის მეოთხე ნაწილი კრძალავს ზღვის ისეთ დაბინძურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. წინა ნაწილებისაგან განსხვავებით. 293-ე მუხლის მეოთხე ნაწილის დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე.


სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლის პირველი ნაწილი არაფერს ამბობს ჯანმრთელობის დაზიანებაზე. ამ ნორმით, იკრძალება მავნე ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ანდა გამწმენდი დანადგარის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაზიანება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამისათვის მოსარჩელე მხარეს სურს მოიყვანოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, სადაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის და ჰიგიენის საკითხებში სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაში აღნიშნულია: SO2, CO, NO2, კვამლის და შავი მტვრის ნივთიერებების კონცენტრაცია ჰაერში იწვევს შემდეგ დაავადებებს: კანდიდოზი (პირის ღრუს ლორწოვანი დაავადება), კონიუქტივიტი, ბრონქიტი, ბრონქოპულმონარული და სხვა პულმონარული დაავადებები, ალერგია, სხვადასხვა ტიპის გულსისხლძარღვთა დაავადებები, ანოქსემია (ჟანგბადის დაბალი ოდენობა სისხლში). [69] მართალია, სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლის პირველი ნაწილში არაფერია ნათქვამია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერების გაფრქვევის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნაზე, თუმცა ცხადია, რომ ამგვარი ჰაერის სუნთქვა ქმნის იმ დაავადებების შეყრის საფრთხეს, რაც ჯუღელის საქმეში დაადასტურა საქართველოს მთავრობამ. სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლის პირველი ნაწილი არის ჯანმრთელობის აბსტრაქტული საფრთხის დამდგენი დელიქტი. ის, რომ 295-ე მუხლის პირველ ნაწილში ადამიანის ჯანმრთელობის შექმნაზეა მინიშნება, ამას ადასტურებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, რამაც ჯანმრთელობის რეალური დაზიანება გამოიწვია. სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჰაერის იმგვარ დაბინძურებაზე, რაც ჯანმრთელობის დაზიანების რეალურ ან აბსტრაქტულ საფრთხეს ქმნის, ხოლო 295-ე მუხლის მეორე ნაწილი ამკაცრებს პასუხისმგებლობას მაშინ, როცა ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოიყენება მაშინ, როცა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამგვარად, ამ სარჩელით გასაჩივრებული ყველა ნორმა მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. სადავო ნორმები გამორიცხავს ამ დანაშაულისათვის იურიდიული პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. იმის გამო, რომ სადავო ნორმებში აღწერილი დანაშაულის შემადგენლობის დაცვის ობიექტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, სადავო ნორმებში აღწერილი ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატივა ვერ იქნება იურიდიული პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

იურიდიული პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც რთული სტრუქტურის მქონე ორგანიზაციაში უფლებამოსილები ბუნდოვნად არის გამიჯნული და ვერ ხერხდება მენეჯმენტში დანაშაულებრივი დავალების გამცემი ფიზიკური პირის იდენტიფიცირება. ასეთი პირის იდენტიფიცირება და სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება შესაძლებელიც რომ იყოს, მენეჯმენტის წარმომადგენელი ფიზიკური პირის ციხეში ჩასმა არ ახდენს მომავალში გარემოსდაცვითი დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის R (81) 12 რეკომენდაციის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ რეკომენდაციით გათვალისწინებულ იურიდიული პირისათვის დაკისრებულ ნებისმიერ სანქციას უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი.[70] მენეჯერისთვის თავისუფლების აღკვეთა, ისე რომ იურიდიული პირი აგრძელებს იმ სამეწარმეო საქმიანობას, რამაც გარემოს დაბინძურება, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა გამოიწვია, არ ქმნის რეციდივის თავიდან აცილების შესაძლებლობას. გარემოს დაბინძურებით იურიდიული პირი იღებს მოგებას. როდესაც ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მენეჯერისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, იგივე იურიდიულ პირს, თუნდაც ახალი მენეჯმენტის პირობებში აქვს ოპერირების გაგრძელების შესაძლებლობა, ამით გარემოს დაბინძურების გზით მოგების მიღების ინტერესი არ ქრება. ახალმა მენეჯმენტმა იგივე ან ახალი მესაკუთრეების პირობებში შესაძლოა იურიდიული პირის სახელით ან მის სასარგებლოდ გააგრძელოს გარემოს დაბინძურება. ახალ მენეჯმენტს ისევე აქვს მოგების მიღების ინტერესი, როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მენეჯერს შეიძლება ჰქონოდა. ამიტომ, ინდივიდუალური მენეჯერის დასჯა არ არის იურიდიული პირის მეშვეობით, მისი სახელით და მის სასარგებლოდ გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციის ეფექტიანი საშუალება. საჭიროა თავად იურიდიული პირის მიმართ განხორციელდეს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მაგალითად, განსაზღვრულ სფეროში სამეწარმეო საქმიანობის უფლების აკრძალვა (10 წლით ან უვადოდ) ან ლიკვიდაცია, რათა მომავალში გარემოსდაცვითი დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია მოხდეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის R (81) 12 რეკომენდაციაშია მითითებული.

ამ გარემოების გათვალისწინებით, უნდა დავადგინოთ, რამდენად ეფექტიანია გარემოს დანაშაულებრივად დამბინძურებელი იურიდიული პირის ბაზრიდან გაძევების არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმი, რაც აღწერილია მე-5, აუცილებლობის, თავში. მაშინ როცა იურიდიული პირი ჩაიდენს სადავო ნორმებით გათვალიწინებულ ქმედებას და ეს იურიდიული პირი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელია, გარემოსდაცვითი კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე, ამ სუბიექტს დააჯარიმებენ და განუსაზღვრავენ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების სუბიექტი არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილების პირობებს, ჯარიმა სამმაგდება და მას კიდევ ერთხელ ეძლევა ვადა თავისი ქმედებების გარემოსდაცვით გადაწყვეტილების პირობებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. თუ ეს ვადაც უშედეგოდ გავიდა, ჯარიმა კიდევ ერთხელ სამმაგდება (ჯამში ექვსმაგი ჯარიმის გადახდა ხდება), მხოლოდ მეოთხე შემთხვევაში აქვს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს იმის შესაძლებლობა, რომ ჰაერის და წყლის დამბინძურებელ იურიდიულ პირს ჩამოართვას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რაც მას აუკრძალავს იმ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, რამაც წყლისა და ჰაერის დანაშაულებრივი დაბინძურება გამოიწვია. ამ მეოთხე შემთხვევაშიც კი უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს იმგვარი დისკრეციული უფლებამოსილება, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის ნაცვლად, მესამე პირს დააკისროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულების ვალდებულება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის ხარჯზე ან სასამართლოს თანხმობით დანიშნოს იურიდიულ პირში დროებითი მმართველი. შესაძლოა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის პირველივე ქმედებამ, რისთვისაც მას ჯარიმა უწესდება, გამოიწვია ადამიანის სიკვდილი ჰაერის ან წყლის დაბინძურების შედეგად. ამგვარი მძიმე შედეგის მიუხედავად, სახელმწიფო კიდევ ორ შანსს აძლევს იურიდიულ პირს იმისათვის, რომ აღმოფხვრას ის პირობები, რამაც ჰაერის ან წყლის დაბინძურება და ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, მხოლოდ მეოთხე შანსის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, იურიდიულ პირს ერთმევა სამეწამეო საქმიანობის გაგრძელების უფლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტს, რომ საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ნაცვლად, ვალდებულების შესრულება სხვა პირის დააკისროს ან იურიდიულ პირს დროებითი მმართველი დაუნიშნოს.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ჩამორთმევა ეფექტიანი მექანიზმი რომ იყოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 192-ე, 193-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან საბრძოლველად, საჭიროა ადმინისტრაციული ორგანო პირველივე დარღვევის ჩადენის შემთხვევაში იყოს ვალდებული, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაუუქმოს იურიდიულ პირს. როდესაც ჰაერის ან ზღვის დაბინძურების შედეგად იღუპება ადამიანი, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, უნდა არსებობდეს სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობა, დამატებით კიდევ დანაშაულის ჩადენის პირობების გამოსწორების სამი შანსის მიცემის გარეშე, როგორც ეს გარემოსდაცვით კოდექსშია მითითებული. ცხადია, გარემოსდავითი კოდექსის რეგულირების სფეროში, თუკი არ მოექცევა სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული ქმედებები, გამართლებული იქნება დამრღვევისათვის 3, 4 ან მეტი შესაძლებლობის მიცემა, თუმცა როცა სახეზეა ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, მეტიც ეს მძიმე შედეგი განზრახ დააყენა იურიდიულმა პირმა, მოგების მიღების სურვილით, პირველივე შემთხვევაში, სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს იურიდიული პირისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა და ამ გზით, ბაზრიდან დანაშაულის ჩამდენი იურიდიული პირის გაძვება. ამგვარად, გარემოსდაცვითი კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმი არაადეკვატურად ლმობიერია ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან და მის საშიშროების მაღალ ხარისხთან შედარებით, ვითარება კიდევ უფრო მძიმდება, როცა იურიდიულ პირში ვერ იქნება გამოვლენილი მაღალი მენეჯერული რგოლის წარმომადგენელი ფიზიკური პირი, ვისაც დაუმტკიცდება ჰარის და წყლის დაბინძურების დანაშაულის ჩადენაში ბრალი. ეს იქნება სრული დაუსჯელობის გარემო, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები საზოგადოების მხრიდან აღიქმება გარემოს დაბინძურების შედეგად დამდგარი ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში თანამონაწილეობად, რის შესახებაც მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ÖNERYILDIZ v. TURKEY-ს საქმეში. ამგვარი შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელია იურიდიული პირის სასარგებლოდ და მისი სახელით სადავო ნორმებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ამ იურიდიული პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გზით.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ხასიათთან და საშიშროების ხარისხთან არაადეკვატური შეუსაბამობით ხასიათდება „სამრეწველო ემისების შესახებ“ საქართველოს კანონით იურიდიული პირისათვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების მექანიზმი. თუკი იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულმა საწარმომ დააბინძურა ატმოსფერული ჰაერი ან წყალი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გამორთავს აგრეგატს ან მოწყობილობას, რამაც დაბინძურება გამოიწვია. დაბინძურება შესაძლოა ქმნიდეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 192-ე, 193-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობას. ამის მიუხედავად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აძლევს იურიდიულ პირს ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ასეთ იურიდიულ პირს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ უუქმებს, რაც უშედეგოდ გავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დანიშნული ვადა. ეს მაშინ, როცა აგრეგატის ან მოწყობილობის გამორთვამდე ჰაერის ან წყლის დაბინძურებამ შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. ამის მიუხედავად, იურიდიულ პირს ეძლევა ერთი შანსი, რათა თავისი ქმედებები შესაბამისობაში მოიყვანოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან. ამგვარი მიდგომა არ მოდის შესაბამისობაში სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 192-ე, 193-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის მძიმე ხასიათთან. სახელმწიფოს, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, უნდა ჰქონდეს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ძალადაკარგულად ცნობის და ამ გზით საქმიანობის აკრძალვის უფლება, თუკი იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 192-ე, 193-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის ობიექტური მხარის ნიშნები და ეს დანაშაული ჩადენილი იქნა იურიდიული პირის სახელით და მის სასარგებლოდ.

ამგვარად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმების ადმინისტრაციულ სამართლებრივი ღონისძიება ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის ეფექტიანად აღმოფხვრას და მის პრევენციას, მით უმეტეს მაშინ, როცა აუცილებელია მას წინ უძღოდეს სუბიექტის სამჯერ დაჯარიმება. ეს მექანიზმი შესაფერისი და ადეკვატურია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის და არა დანაშაულის შემთხვევაში, როცა ხელყოფილია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. „დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირების პასუხისმგებლობის შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებითი ბარათის თანახმად, „რაც შეეხება იმ სასჯელის მიზნებს, რაც შეიძლება დაეკისროს იურიდიულ პირებს, 11.6 რეკომენდაციის მიხედვით, შურისძიება არ შეიძლება იყოს სასჯელის ძირითადი მიზანი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სხვა ისეთ მიზანს, როგორიცაა დანაშაულის ხელახლა ჩადენის თავიდან აცილების და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზანი.“[71] ამავე განმარტებით ბარათში აღნიშნულია: „ტრადიციული სისხლის სამართლებრივი სასჯელებიდან მხოლოდ ჯარიმა და ქონების კონფისკაცია შეიძლება იყოს გამოყენებული იურიდიული პირების მიმართ. ამის მიუხედავად, როგორც სისხლისსამართლებრივი, ისე კვაზისისხლისსამართლებრივი სასჯელები უნდა იყოს სათანადოდ ეფექტიანი, რათა მიაღწიოს სასურველ შედეგს. ამ რეკომენდაციის სასჯელთა ჩამონათვალში დამატებით გვხვდება სხვა სანქციები და ღონისძიებები, რომლებიც სპეციფიკურად გათვლილია საწარმოებისათვის. ეს სანქციები გავლენას ახდენს იურიდიული პირის ქონებაზე, საქმიანობაზე და თვით არსებობაზეც კი. მინისტრთა კომიტეტი თვლის, რომ ისეთ ღონისძიებები როგორიცაა მაგალითად, ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვა ან აკრძალვა, ლიცენზიის ჩამორთმევა ან საწარმოს დახურვა უფრო მეტად ეფექტიანი ღონისძიებებია ვიდრე ფინანსური სანქციები.[72]“

თუკი იურიდიული პირისათვის დაკისრებული სასჯელის მიზანი უნდა იყოს დანაშაულის განმეორების თავიდან აცილება, ამ თვალსაზრისით, არა მარტო ჯარიმა არ შეიძლება იყოს ეფექტიანი, არამედ თვით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და ინტეგრირებული ნებართვის ჩამორთმევაც კი. არაფერი უკრძალავს იურიდიულ პირს იმას, რომ განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ კვლავ მიმართოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად. წარსულში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და ინტეგრირებული ნებართვის ჩამორთმევა, იმის გამო, რომ იურიდიული პირის სახელით და მის სასარგებლოდ მოხდა დანაშაულის ჩადენა, არ წარმოადგენს დაბრკოლებას ამ იურიდიულ პირზე ხელახალი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გასაცემად. ამგვარი გადაწყვეტილების და ნებართვის ხელახალი მოპოვება ქმნის დანაშაულის განმეორების საფრთხეს, ვინაიდან იურიდიული პირი უბრუნდება იმ სამეწარმეო საქმიანობას, რომლითაც წარსულში დანაშაული ჩაიდინა. რეციდივის საფრთხე, მით უმეტეს. მაღალია ისეთ პირობებში, როცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და ინტეგრირებული ნებართვის ჩამორთმევა იყო ადმინისტრაციული პროცედურის და არა სისხლისსამართლებრივი პროცესის შედეგი, რაც იურიდიულ პირს შეუქმნიდან დამნაშავის რეპუტაციას და გამორიცხავდა, მომავალში მის იმავე სფეროში საქმიანობას.

„სისხლის სამართლის როლი გარემოს დაცვაში“ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1993/28 დოკუმენტის დანართის მე-4 პუნქტის თანახმად, სანქციის დაკისრების მუქარა ემსახურება არა მხოლოდ იმას, რომ უზრუნველყოფილი იქნას, ადმინისტრაციული წესის შესრულება, არამედ ასევე იმას, რომ დაცული იყოს გარემოს დაცვის ინტერესი (კვალიფიცირდება სისხლის სამართლებრივი დაცვის ინტერესებად). სისხლის სამართალს მოცემულ შემთხვევაში აქვს ზოგადი და პრევენციული მიზანი. სისხლის სამართალს გააჩნია მორალური სტიგმა, რაც აძლიერებს გარემოს დაცვის საკითხზე საზოგადოების ცნობიერებას.“ დანაშაულის ჩამდენი იურიდიული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, იურიდიულ პირებს დარჩეთ სტიგმა, რაც მომავალში გამორიცხავს ასეთ პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მოტივაციას, მათზე სახელმწიფო სუბსიდიის გაცემას და იმ ბიზნესში მათი დაბრუნების შესაძლებლობას, რომელშიც იურიდიულმა პირებმა გარემო დანაშაულებრივად დააზიანეს

სისხლის სამართლის პროცესის მიზანი არ არის მხოლოდ დამნაშავის დასჯა. ამგვარი პროცესის მიზანი არის დამნაშავის გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი უაღრესად საშიში ქმედებისათვის. სისხლის სამართლისათვის დამახასიათებელი ეს ასპექტი აღიარებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლითაც, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს წარდგინებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ანუ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. მოთხოვნა, რომ დანაშაული უნდა იყოს ბრალეული ქმედება, ნიშნავს მის გასაკიცხაობას სასამართლოს მიერ. პირის ბრალეულად ცნობა სასამართლოს მიერ ნიშნავს მის გაკიცხვას იმისთვის, რომ დაარღვია კანონი და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის არჩევანი გააკეთა. პირის ბრალეულობა ამგვარი გაგებით, წარმოადგენს საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისთვის და სასჯელის დაკისრებისთვის. პირის გასამართლების არსი მდგომარეობს არა მხოლოდ სასჯელის დაკისრებაში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს მეშვეობით პირის გაკიცხვაში მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის. დასკვნა პირის დამნაშავეობის შესახებ და მით უფრო სასჯელის დანიშვნა, რომელშიც ვლინდება, რას იმსახურებს სამართალდამრღვევი პირი სასამართლოს შეფასებით, გარდაუვლად შეიცავს გაკიცხვის ელემენტს. სისხლისსამართლებრივი წარმოების კონტექსტში პირის დამნაშავედ ცნობა და ნაგულისხმევი გაკიცხვა, თავის მხრივ, ახდენს გავლენას შესაბამისი პირის რეპუტაციაზე და ამ პირის აღქმაზე საზოგადოების სხვა წევრების მიერ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის N3/1/633,634 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე II-30).

როცა პირს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ართმევენ ეს ხდება არა იმის გამო, რომ პირმა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული და შესაბამისად, გასაკიცხი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმის გამო, რომ მან არ შეასრულა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და ინტეგრირებული ნებართვის პირობები, რაც ხელს არ უშლის ამ პირს, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში უახლოეს მომავალში დაიბრუნოს ეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და ინტეგრირებული ნებართვა. სისხლის სამართლებრივი პროცედურის გამოყენების შემთხვევაში მოხდებოდა ასეთი იურიდიული პირის გაკიცხვა, რასაც მოჰყვებოდა პრაქტიკული შედეგი: სისხლის სამართლის კოდექსის 1075 მუხლის საფუძველზე იურიდიულ პირს უვადოდ ან 10 წლამდე აეკრძალებოდა ის საქმიანობა, რომლის განხორციელების პროცესშიც მოხდა დანაშაულის ჩადენა. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ გარემოსდაცვითი კოდექსი და `სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს იმას, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც უახლოეს წარსულში ჩამოერთვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, განსაზღვრული ვადის განმავლობაში, ეკრძალება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ხელახლა მოპოვების უფლება. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, თუ: „ა) საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას; ბ) სკოპინგის ანგარიშით, გზშ-ის ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის შეუძლებლობა ან/და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა.“ ამ ჩამონათვალში უარის თქმის საფუძვლად არ გვხდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განმცხადებელი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის ფაქტი მისი პირობების შეუსრულებლობის გამო, იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი აკმაყოფილებს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი ემთხვევა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლში დამატებით გვხდება „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, გარემოსდაცვითი ინტეგრირებული ნებართვა არ გაიცემა, თუკი შეთავაზებული ტექნიკა/ტექნოლოგია არ არის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა და საქმიანობის განმახორციელებელმა არ წარმოადგინა ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან გადახვევის დასაბუთება, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად. თუკი ადამიანს ბოლო წლების განმავლობაში ჩამოერთვა გარემოსდაცვითი ინტეგრირებული ნებართვა, პირობების დარღვევის გამო, ეს არ არის საკმარისი და თვითკმარი საფუძველი იმისათვის, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უარი ეთქვას ხელახლა ინტეგრირებული ნებართვის გაცემაზე. როგორც ვხედავთ, განსახილველი ადმინისტრაციული კანონმდებლობისათვის არ არის დამახასიათებელი ის სტიგმა, რასაც სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა დანაშაულის ჩამდენი პირისათვის აწესებს მისი უარყოფითი რეპუტაციის წარმოჩენის თვალსაზრისით. სადავო ნორმებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რომ დაკისრებოდა, 10 წლის განმავლობაში მას უპირობოდ აკრძალული ექნებოდა იმ სამეწარმეო საქმიანობის უფლება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან საფრთხე შეუქმნა მას. ამგვარი შეზღუდვა არ მოქმედებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და ინტეგრირებული ნებართვის გაცემის და მისი ძალადაკარგულად ცნობის საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში, რაც მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევებზე რეაგირებისათვის არის მორგებული და შეუფერებელია სისხლის სამართლის რეგულირების სფეროში მოქცეული მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებებისათვის.

სისხლის სამართლის კოდექსის 1074 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ლიკვიდაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ დანაშაულებრივი საქმიანობა იურიდიული პირის შექმნის ძირითად მიზანს ან მისი საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. ეს სასჯელი იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა იურიდიული პირის შექმნის მიზანს დანაშაული წარმოადგენდა და მართლზომიერი სამეწარმეო საქმიანობის წარმოება არასოდეს ყოფილა ამ იურიდიული პირის მიზანი. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონი იურიდიულ პირს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის საფარქვეშ აბინძურებდა გარემოს და ამის გამო დაკარგა, როგორც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ისე ინტეგრირებული ნებართვა, აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და ნებართვის გაუქმებიდან ნებისმიერ დროს დაბრუნდეს ბიზნესში. საქმიანობის აკრძალვისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმ იურიდიული პირების ლიკვიდაციის შესაძლებლობას, რომელიც შექმნილია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიაყენოს გარემოს.

სადავო ნორმით დადგენილი დანაშაულების ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გავრცელება არ იქნება, ერთი მხრივ, გარემოს დაცვის უფლების, მეორე მხრივ, საკუთრების უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლების დაცვას შორის სამართლიანი ბალანსის დამყარების ინტერესის საზიანო. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებითი ბარათის თანახმად, .„ლიცენზიის ჩამორთმევისას, საქმიანობის შეზღუდვისას ან აკრძალვისას, იურიდიული პირის ლიკვიდაციისას სათანადოდ დაცული უნდა იყოს მესამე პირების, კერძოდ საწარმოს სამუშაო ძალის და კრედიტორების ინტერესები.“ ამგვარად, გარემოს დაცვის უფლების საპირისპიროდ, არა მხოლოდ დამნაშავე იურიდიული პირის საკუთრების და მეწარმეობის თავისუფლების ინტერესი დგას, არამედ ასევე მნიშვნელოვანია იურიდიულ პირში დასაქმებული ადამიანის შრომითი ინტერესები (ცნობილი ფაქტია ის, რომ გარემოს ყველაზე დიდი დამბინძურებელი ინდუსტრიული საწარმოები, იმავდროულად, ყველაზე დიდი დამსაქმებლებიც არიან, იურიდიული პირის ლიკვიდაციის, 10 წლის ვადით ან უვადოდ საქმიანობის აკრძალვამ შესაძლოა გაზარდოს უმუშევრობა და მასთან ერთად სიღარიბეც, განსაკუთრებით საქართველოს პატარა ინდუსტრიულ ქალაქებში, სადაც დიდი საწარმო დასაქმების ერთადერთი საშუალებაა).

სადავო ნორმებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იურიდიული პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება სამართლიანად დააბალანსებს კოლიზიაში მყოფ ადამიანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას და იურიდიული პირის საკუთრების უფლებასა და მეწამეობის თავისუფლებას. ამის გარანტია არის, სისხლის სამართლისათვის დამახასიათებელი, მოსამართლის მიერ სასჯელების ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობის არსებობა. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას უნდა გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. მაშასადამე, ერთი მხრივ, ზოგადად, ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.[73]

როგორც აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის კოდექსი მოსამართლეს აძლევს დისკრეციას იურიდიული პირისათვის შეარჩიოს შემდეგი სასჯელები: ჯარიმა, ქონების კონფისკაცია, უვადოდ ან 10 წლის ვადი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია. თუკი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთება შემამსუბუქებელი გარემოებები, ინტერესთა დაბალანსების გზით დგინდება, რომ იურდიული პირისათვის საქმიანობის აკრძალვა იმდენად დიდ ზიანს გამოიწვევს, რაც აღემატება გარემოს დაბინძურებით მიყენებულ დანაშაულებრივ ზიანს (ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლის პირველ ნაწილს, რაც შესაძლოა არ დამთავრდეს თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის რეალური დაზიანებით), მოსამართლეს ექნება იმის შესაძლებლობა, საქმიანობის აკრძალვის ნაცვლად გამოიყენოს ჯარიმა ან შემოიფარგლოს დანაშაულის ჩადენის იარაღის ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის კონფისკაციით და არ გამოიყენოს ისეთი მკაცრი ზომა როგორიცაა საქმიანობის უვადოდ ან 10 წლის ვადით ჩამორთმევა, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ამით, მოსახლეობის დიდი ნაწილი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს. თუკი მოსახლეობის, მათ შორის საწარმოში დასაქმებული თანამშრომლების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანი ძალიან დიდია, რასთან მიმართებაში იკვეთება პასუხისმგებელი პირების განზრახვა, საწარმოს საკუთრების, მეწარმეობის თავისუფლების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის იურიდიული პირისათის საქმიანობის უვადოდ ან 10 წლის ვადით აკრძალვის საჭიროებას. რაც შეეხება ლიკვიდაციას, სასჯელის ამ ზომის გამოსაყენებლად დაწესებულია მაღალი სტანდარტი - პროკურატურამ არა მარტო ის უნდა დამტკიცოს, რომ ბრალეული ქმედების შედეგად იურიდიული პირის სახელით მოქმედმა პირმა განუზომელი ზიანი მიაყენა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ ისიც, რომ იურიდიული პირი შექმნილია სწორედ დანაშაულის ჩასადენად ან დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს იურიდიული პირის საქმიანობის ძირითად მიზანს. თუკი სახელმწიფო ამ მტკიცების ტვირთს წარმატებით ატარებს, აღარაფერი აღარ გაამართლებს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული იურიდიული პირის საკუთრების და მეწარმეობის უფლების დაცვას.

ამგვარად, ვინაიდან სადავო ნორმები იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამორიცხვით არ ამყარებს სამართლიან ბალანსს, ერთი მხრივ, ადამიანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასა და მეორე მხრივ, იურიდიული პირის საკუთრების უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას შორის, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია. ამგვარ ბალანსს სწორედ იურიდიული პირისათვის, სადავო ნორმებით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დაამყარებდა. ამგვარად გასაჩივრებული ნორმები სადავო ნორმატიული შინაარსით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებას. შესაბამისად, ვითხოვთ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობას.

 


[1] VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 566 9 April 2024 https://hudoc.echr.coe.int/?i=001-233206

[2] VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 567 9 April 2024 https://hudoc.echr.coe.int/?i=001-233206

[3] Jugheli and Others v. Georgia, no. 38342/05, § 45, 13 July 2017

[4] Jugheli and Others v. Georgia, no. 38342/05, § 39, 13 July 2017

[5] Jugheli and Others v. Georgia, no. 38342/05, § 54, 13 July 2017

[6] Jugheli and Others v. Georgia, no. 38342/05, § 65, 13 July 2017

[7] Jugheli and Others v. Georgia, no. 38342/05, § 77, 13 July 2017

[8] Jugheli and Others v. Georgia, no. 38342/05, § 78, 13 July 2017

[9] VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 415 9 April 2024

[10] VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 435 9 April 2024

[11] VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 517 9 April 2024

[12] VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 518 9 April 2024

[13]VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 519 9 April 2024

[14] VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 538 9 April 2024

[15] Markus Wagner Corporate Criminal LiabilityNational and International Responses International Society for the Reform of Criminal Law 13th International Conference Commercial and Financial Fraud: A Comparative Perspective Malta, 8-12 July 1999 page 3 https://icclr.org/wp-content/uploads/2019/06/CorporateCriminal.pdf?x27685

[16] იქვე

[17] Markus Wagner Corporate Criminal LiabilityNational and International Responses International Society for the Reform of Criminal Law 13th International Conference Commercial and Financial Fraud: A Comparative Perspective Malta, 8-12 July 1999 page 4

[18] იქვე

[19] Markus Wagner Corporate Criminal LiabilityNational and International Responses International Society for the Reform of Criminal Law 13th International Conference Commercial and Financial Fraud: A Comparative Perspective Malta, 8-12 July 1999 page 5

[20] იქვე

[21] https://www.fedlex.admin.ch/eli/cc/54/757_781_799/en

[22]https://www.mjusticia.gob.es/es/AreaTematica/DocumentacionPublicaciones/Documents/Criminal_Code_2016.pdf

[23] https://adsdatabase.ohchr.org/IssueLibrary/PORTUGAL_Criminal%20Code.pdf

[24] https://theitalianlawyer.com/practice-areas/italian-criminal-law/

[25] https://issuu.com/ethics360/docs/penal_code__belgium_

[26] https://iclg.com/briefing/20841-new-belgian-criminal-code-adopted

[27] https://antislaverylaw.ac.uk/wp-content/uploads/2019/08/Netherlands-Criminal-Code.pdf

[28] https://antislaverylaw.ac.uk/wp-content/uploads/2019/08/Netherlands-Criminal-Code.pdf

[29] https://www.riigiteataja.ee/en/eli/522012015002/consolide

[30] იგივე

[31] https://legislationline.org/sites/default/files/2023-10/Criminal%20Code%20of%20Latvia.pdf

[32] იქვე

[33] https://www.government.se/contentassets/7a2dcae0787e465e9a2431554b5eab03/the-swedish-criminal-code.pdf

[34] https://lovdata.no/dokument/NLE/lov/2005-05-20-28/KAPITTEL_1#KAPITTEL_1

[35] https://lovdata.no/dokument/NLE/lov/2005-05-20-28/KAPITTEL_2#KAPITTEL_2

[36] https://antislaverylaw.ac.uk/wp-content/uploads/2019/08/Denmark-Criminal-Code.pdf

[37] https://antislaverylaw.ac.uk/wp-content/uploads/2019/08/Denmark-Criminal-Code.pdf

[38] https://www.warnathgroup.com/wp-content/uploads/2022/03/1995-Penal-Code-Chapter-25-Section-3.pdf

[39] https://www.warnathgroup.com/wp-content/uploads/2022/03/1995-Penal-Code-Chapter-25-Section-3.pdf

[40] https://legislationline.org/sites/default/files/2023-10/Criminal%20Code%20of%20the%20Grand-Duchy%20of%20Luxembourg.pdf

[41] https://legislationline.org/sites/default/files/2023-10/Criminal%20Code%20of%20the%20Grand-Duchy%20of%20Luxembourg.pdf

[42] https://www.vertic.org/media/National%20Legislation/Romania/RO_Criminal_Code.pdf

[43] https://rm.coe.int/16804efa66

[44] https://rm.coe.int/16804c5d71

[45] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათის მე-5 პუნქტი

[46] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათის მე-7 პუნქტი

[47] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათის მე-9 პუნქტი

[48] https://www.unodc.org/documents/commissions/CCPCJ/Crime_Resolutions/1990-1999/1993/ECOSOC/Resolution_1993-28.pdf

[49] VEREIN KLIMASENIORINNEN SCHWEIZ AND OTHERS v. SWITZERLAND Application no. 53600/20 § 447 9 April 2024

[50] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათის მე-20 პუნქტი

[51] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათის მე-21 პუნქტი

[52] იქვე

[53] https://rm.coe.int/16804c5d71

[54] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათის 30-ე პუნქტი

[55] გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1993 წლის 27 ივლისის პლენარულ სხდომაზე მიღებული 1993/28 დოკუმენტი სახელწოდებით „სისხლის სამართლის როლი გარემოს დაცვაში“ პუნქტი 3

[56] ÖNERYILDIZ v. TURKEY Application no. 48939/99 §89 30 November 2004 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-67614

[57] ÖNERYILDIZ v. TURKEY Application no. 48939/99 §90 30 November 2004 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-67614

[58] ÖNERYILDIZ v. TURKEY Application no. 48939/99 §91 30 November 2004 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-67614

[59] ÖNERYILDIZ v. TURKEY Application no. 48939/99 §92 30 November 2004 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-67614

[60] ÖNERYILDIZ v. TURKEY Application no. 48939/99 §93 30 November 2004 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-67614

[61] ÖNERYILDIZ v. TURKEY Application no. 48939/99 §94 30 November 2004 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-67614

[62] ÖNERYILDIZ v. TURKEY Application no. 48939/99 §95 30 November 2004 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-67614

[63] ÖNERYILDIZ v. TURKEY Application no. 48939/99 §96 30 November 2004 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-67614

[64] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათის 21-ე პუნქტი

[65] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათის 22-ე პუნქტი

[66] https://rm.coe.int/16804efa66

[67] https://www.unodc.org/documents/commissions/CCPCJ/Crime_Resolutions/1990-1999/1993/ECOSOC/Resolution_1993-28.pdf

[68] https://www.unodc.org/documents/commissions/CCPCJ/Crime_Resolutions/1990-1999/1993/ECOSOC/Resolution_1993-28.pdf

[69] Jugheli and Others v. Georgia, no. 38342/05, § 24, 13 July 2017

[70] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათის 22-ე პუნქტი

[71] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათის 26-ე პუნქტი

[72] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (88) 18 რეკომენდაციის განმარტებით ბარათის 28-ე პუნქტი

[73] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-38

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ