• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის №2/1/1754 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/1/1754
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 16 მაისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 28 მაისი 2025 17:40

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1754) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1754 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 22 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 16 მაისს.

2. №1754 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

3. „„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის (შემდგომში, ინსტრუქცია) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს: საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, სამართალდარღვევაზე რეაგირების, მოქალაქისა და პოლიციელის უფლებების დაცვის, საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, განახორციელოს ვიდეო-აუდიოჩაწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვიდეო-აუდიოჩაწერის შედეგად მიღებული მონაცემების კანონით დადგენილი წესით შენახვასა და გამოყენებას უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს, არ გამოიყენოს სამხრე კამერა, როდესაც იგი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების დროს, ურთიერთობაში შედის მოქალაქესთან. საყურადღებოა, რომ ინსტრუქცია განწესში ჩართულ პატრულ-პოლიციელს აკისრებს ვალდებულებას, უფლებამოსილების განხორციელების დროს თან ჰქონდეს სამხრე ვიდეოკამერა. მისი გამოყენება ემსახურება, მათ შორის, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, სამართალდარღვევაზე რეაგირებას, მოქალაქეთა და პოლიციელთა უფლებების დაცვას, თუმცა აღნიშნული მიზნით ვიდეოკამერის გამოყენება დამოკიდებულია პატრულ-პოლიციელის ნებაზე. აღსანიშნავია, რომ ვიდეოგადაღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც პირი აპელირებს მის მიმართ, პოლიციელის მხრიდან, არასათანადო მოპყრობაზე, ძალის გადამეტებასა თუ უფლებების სხვაგვარ ხელყოფაზე. ამასთან, ზოგადად, პატრულებისას, სამხრე კამერის გამოუყენებლობა აზიანებს საჯარო ინტერესს.

6. მოსარჩელე ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომელიც სპეციალური საპოლიციო კონტროლის მიზნების ეფექტურად განხორციელების აუცილებელ ელემენტად ვიდეო-გადაღებას მოიაზრებს. საყურადღებოა, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. ამასთანავე, პატრულ-პოლიციელი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლოა, ახორციელებდეს ისეთ აქტიურ ღონისძიებებს, რომლებიც მსგავსად სპეციალური საპოლიციო კონტროლისა, წარმოშობდეს ვიდეოგადაღების აუცილებლობას, მათ შორის, სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის შემთხვევებში.

7. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნულია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებზე გამოძიებისას, ვერ ხდება შესაბამისი ვიდეოჩანაწერების ამოღება. სწორედ აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებისა და დადგენის თვალსაზრისით, ვიდეოკამერის გამოყენებას მნიშვნელოვანი როლი აქვს.

8. მოსარჩელე მხარე დამატებით განმარტავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის მიზანი არ არის პატრულირების სრული ვიდეო-მონიტორინგი, არამედ პრობლემურია სამხრე კამერების გამოყენების არასავალდებულო ხასიათი. აუცილებელია, პატრულ-პოლიციელის მიერ საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ისეთი მოქმედებების ვიდეოგადაღება, რომლებიც უკავშირდება ან შეიძლება დაუკავშირდეს ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ასეთი მოქმედებები, შესაძლოა, იყოს პირის დაკავება, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და სხვა ისეთი ქმედება, როდესაც ადამიანი ექცევა სახელმწიფოს სხვადასხვა ინტენსივობის ეფექტური კონტროლის ქვეშ. სამხრე კამერის ჩართვის ვალდებულება ეფექტური საშუალებაა თავად პატრულ-პოლიციელის ინტერესების დაცვისთვის, მათ შორის, უსაფუძვლო ბრალდებისგან დაცვის მიზნებისთვის.

9. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების არეალი და მიზანმიმართულება არ ამოიწურება მხოლოდ სახელმწიფოსათვის ნეგატიური ვალდებულების დაწესებით, თავი შეიკავოს ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევისაგან. წამებისა და სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობა სახელმწიფოს აკისრებს მთელ რიგ პოზიტიურ ვალდებულებებს მისი იურისდიქციის ფარგლებში, მათ შორის, ვალდებულებას, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები როგორც არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციის, ასევე მათზე დროული და ქმედითი რეაგირების თვალსაზრისით. ამრიგად, სახელმწიფოს წარმოეშობა პოზიტიური ვალდებულება, აუცილებლობისას, უზრუნველყოს პატრულ-პოლიციელისთვის ვიდეოგადაღების ვალდებულების დაწესება. პატრულირებას გააჩნია უფრო მეტად პრევენციული ხასიათი და იგი აქტიურად არ ზემოქმედებს ადამიანის უფლებებზე, თუმცა, როდესაც წარმოიშობა ინსტრუქციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საქმიანობის განხორციელების აუცილებლობა, მაგალითად, დანაშაულისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საჭიროება, აღნიშნულმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანის უფლებების საკმაოდ ინტენსიური შეზღუდვა, მათ შორის, პირის დაკავება და სხვა. ასეთ პირობებში, ადამიანი ექცევა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ და შესაძლოა, პირი მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გარანტიებით, პირთა უფლებების დაცვის მიმართ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც მატულობს, როგორც არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების პრევენციის, ასევე მათზე დროული და ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირების თვალსაზრისით.

10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, იმ პირობებში, როდესაც პატრულ-პოლიციელი უფლებამოსილების განხორციელებისას, სავალდებულო წესით, მუდმივად აღჭურვილია სპეციალური ვიდეო-გადამღები ტექნიკური საშუალებით, არასათანადო მოპყრობისაგან ადამიანის დაცვა ერთმნიშვნელოვნად წარმოშობს ამგვარი ხელმისაწვდომი გარანტიის გამოყენების ვალდებულებას, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის სადავო ნორმატიული შინაარსი, რომელიც პატრულ-პოლიციელს აძლევს უფლებას, არ გამოიყენოს სამხრე ვიდეოკამერა, როდესაც იგი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების დროს ურთიერთობაში შედის მოქალაქესთან, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პოზიტიურ ვალდებულებას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება, თუ „სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის“.

2. №1754 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმა მოთავსებულია კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იმ შემთხვევაში მიიღება, თუ დადგინდება, რომ მასზე სრულყოფილი მსჯელობა შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასების გარეშე.

3. სადავო ნორმის თანახმად, პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს: საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, სამართალდარღვევაზე რეაგირების, მოქალაქისა და პოლიციელის უფლებების დაცვის, საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განახორციელოს ვიდეო-აუდიოჩაწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვიდეო-აუდიოჩაწერის შედეგად მიღებული მონაცემების კანონით დადგენილი წესით შენახვასა და გამოყენებას უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

4. მოსარჩელე მხარის პოზიციით, იმ პირობებში, როდესაც პატრულ-პოლიციელი უფლებამოსილების განხორციელებისას, სავალდებულო წესით, მუდმივად აღჭურვილია სპეციალური ვიდეოგადამღები ტექნიკური საშუალებით, არასათანადო მოპყრობისაგან ადამიანის დაცვა, განსაკუთრებით, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მომატებულია ადამიანის უფლებათა დარღვევის და არასათანადო მოპყრობის რისკები, კრიტიკულად აუცილებელია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად წარმოშობს ამგვარი ხელმისაწვდომი გარანტიის გამოყენების ვალდებულებას.

5. ამ კუთხით, საყურადღებოა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი, რომელიც მოქცეულია „საპოლიციო ღონისძიებების“ თავში და ერთ-ერთ საპოლიციო ღონისძიებად განსაზღვრავს ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენებას. კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ფორმის ტანსაცმელზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, გზაზე, შენობის გარე პერიმეტრზე, საქართველოს სასაზღვრო ზონაში, საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საქართველოს საზღვაო სივრცეში დაამონტაჟოს/განათავსოს და გამოიყენოს ფოტოვიდეოტექნიკა/აღჭურვილობა ან მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ტექნიკური აღჭურვილობა, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა, კერძოდ: ა) დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით; ბ) საგზაო მოძრაობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად; გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის, აგრეთვე სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და პირის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად; დ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ქონებისთვის შექმნილი საფრთხის დროულად გამოვლენის მიზნით.“

6. ამგვარად, პოლიციელის უფლებამოსილება, ტანსაცმელზე განათავსოს/დაამონტაჟოს და გამოიყენოს, მათ შორის, ფოტოვიდეოტექნიკა, გათვალისწინებულია მითითებული კანონით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის მომწესრიგებელ წესს - პოლიციელის მიერ ტანსაცმელზე დამაგრებული ვიდეოტექნიკის გამოყენების უფლებამოსილებას, სადავო ნორმასთან ერთად, არეგულირებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი. უფრო მეტიც, აღნიშნული კანონი, აგრეთვე, ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც წარმოიშობა პოლიციელის ვალდებულება, გამოიყენოს და ჩართოს ტანსაცმელზე განთავსებული ვიდეოტექნიკა (იხ., „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

7. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სადავო წესი, რომელსაც მოსარჩელე მხარე წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით, პრობლემურად მიიჩნევს, აგრეთვე, დადგენილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან მიმართებით, უპირატესი ძალის მქონე აქტს. წინამდებარე საქმეზე, მოსარჩელე მხარე მითითებული კანონის ნორმას არ ხდის სადავოდ. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სრულფასოვნად იმსჯელოს სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე იერარქიულად მასზე მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტზე მსჯელობის გარეშე. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არგუმენტაცია (იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული არ არის აღნიშნული ზემდგომი აქტის ნორმა) იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა მარტოოდენ კანონქვემდებარე აქტის შეფასებით.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1754 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1754 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ