• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის №2/1/1782 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ინტერსტანდარტ საბურთალო“ და უჩა ზაქაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

შპს "ინტერსტანდარტ საბურთალო" და უჩა ზაქაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N2/1/1782
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 16 მაისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 28 მაისი 2025 17:30

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: „შპს ინტერსტანდარტ საბურთალო“ და უჩა ზაქაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1782) მომართეს „შპს ინტერსტანდარტ საბურთალომ“ და უჩა ზაქაშვილმა. №1782 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 27 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 16 მაისს.

2. №1782 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების ოფიციალური გაცნობის წესს, რომლის თანახმად, აღნიშნული უნდა განხორციელდეს სამშენებლო ობიექტზე. ხოლო იმ შემთხვევაში „თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ჩამოთვლის ობიექტებს, რომლებიც სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად მიიჩნევა. ასეთი ობიექტებია: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი; ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია საქმის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „შპს ინტერსტანდარტ საბურთალო“ აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 6 მარტიდან 2021 წლის 6 მარტამდე პერიოდი. 2021 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ მოითხოვა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო 2021 წლის 25 ივნისს. თუმცა, რადგან მოსარჩელეს მოთხოვნილი ჰქონდა მშენებლობის ნებართვის გახანგრძლივება, სამშენებლო სამუშაოები განაგრძო თავდაპირველი ნებართვის ვადის გასვლის შემდეგაც. აღნიშნულის გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ (შემდგომში - მუნიციპალური ინსპექცია) 2021 წლის 11 მარტს გამოსცა მშენებლობის შეჩერების დადგენილება, რომელიც განათავსა სადავო ნორმით განსაზღვრულ თვალსაჩინო ადგილას 2021 წლის 18 მარტს.

6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების არსებობის თაობაზე, არ გაუგრძელებიათ სამშენებლო სამუშაოები. 2021 წლის 8 აპრილს მუნიციპალურმა ინსპექციამ „შპს ინტერსტანდარტ საბურთალო“ დააჯარიმა 50 000 ლარით სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების გამო, რაც გადამოწმებული იქნა შესაბამისი ორგანოს მიერ 2021 წლის 23 მარტს. შედეგად, შედგა შემოწმების აქტი და ისიც განთავსდა სამშენებლო ობიექტის საინფორმაციო ბანერზე, რომელიც მდებარეობს ქუჩაში.

7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც შესაბამის ორგანოში მათ შეიტანეს განაცხადი სამშენებლო ნებართვის მიღების შესახებ (2018 წლის 20 ნოემბერი), მოსარჩელის მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანოსათვის. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს პირადად არ ჩაბარებია მშენებლობის შეჩერების დადგენილება ან შემოწმების აქტი, ისინი, სადავო ნორმის საფუძველზე, პირდაპირ განთავსდა ობიექტის თვალსაჩინო ადგილას. შედეგად, მოსარჩელისათვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა მოგვიანებით, მისი დაჯარიმების შემდგომ. მოსარჩელემ აღნიშნული გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და ასევე მიმართა სასამართლოს, რადგან მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეცადა აქტის პირადად ჩაბარება ობიექტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებამდე. თუმცა მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი არ ითვალისწინებს აქტის სამართალდამრღვევისათვის პირადად ჩაბარების შესახებ მოთხოვნას.

8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ სამართალდამრღვევის სამშენებლო ობიექტზე არყოფნის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლებმა მითითება, შემოწმების აქტი, დადგენილება ან უწყება განათავსონ სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ სამართალდამრღვევის შესახებ დეტალური საკონტაქტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, არც კი სცადონ სამართალდამრღვევისათვის შესაბამისი აქტის პირადად ჩაბარება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მსგავსი მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქმის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლიანად განხილვის უფლებას.

9. მოსარჩელე მხარის განცხადებით, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა, ასეთი ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. შესაბამისად, სადავო ნორმა იძლევა შესაძლებლობას, პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ისე, რომ ადმინისტრაციული სახდელის შესახებ არ იყოს ინფორმირებული. სამშენებლო ობიექტის ღობეზე ან საინფორმაციო დაფაზე აქტის განთავსების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ იგი დაზიანდეს ბუნებრივი მოვლენების შედეგად ან მესამე პირთა მიერ, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ კანონის საფუძველზე, განსაზღვრულ „თვალსაჩინო ადგილად“ მიჩნეულია, მათ შორის, ისეთი ობიექტები, რომლებიც ექცევა საზოგადოებრივ სივრცეში, მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

10. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმის მსგავსი რეგულირების მოქმედება ლეგიტიმური იქნებოდა ისეთ შემთხვევაში, როდესაც პრობლემურია სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს სამართალდამრღვევისათვის შესაბამისი აქტის პირადად ჩაბარება, გაუგებარია რა ლეგიტიმურ ინტერესს ემსახურება მსგავსი რეგულირება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როგორც წესი, თავად ადმინისტრაციული აქტის მიზანს წარმოადგენს სამშენებლო დარღვევის ფაქტზე სწრაფი რეაგირება და დარღვევის გაუარესების პრევენცია. შესაბამისად, თუკი სახელმწიფოს მიზანია მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მან უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა არსებული დარღვევის შესახებ ოპერატიულად იქნეს ინფორმირებული სამართალდამრღვევი და აღმოიფხვრას გადაცდომა. გარდა ამისა, სადავო ნორმა უშვებს უწყების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების შესაძლებლობას. აღნიშნულ აქტში მითითებულია საქმის ზეპირი განხილვის დრო და ადგილი, შესაბამისად, მისი გაცნობის ინტერესი განსაკუთრებით მაღალია.

11. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო კანონი ვრცელდება ოთხი კატეგორიის შენობა-ნაგებობის სამშენებლო პროცესზე, ესენია: უმნიშვნელო, დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის შენობა-ნაგებობები. მე-5 კატეგორიის შენობა-ნაგებობაზე, რომელიც წარმოადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი. დასახელებული კოდექსი შეიცავს აქტის ჩაბარების სრულიად ლეგიტიმურ წესს, რომლის საფუძველზეც, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირისათვის მითითების შინაარსის გაცნობა და მითითების გადაცემა, რომლის მიღებასაც პირი ხელმოწერით ადასტურებს, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში – მითითების ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. შესაბამისად, თუკი აქტის ჩაბარების თაობაზე მე-5 კატეგორიის შენობა-ნაგებობებთან მიმართებით არსებობს სამართლიანი და დაბალანსებული წესი, გაუგებარია, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი რატომ არ ითვალისწინებს ანალოგიურ რეგულირებას.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, იგი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა, „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში “actio popularis“ შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-3).

2. ამგვარად, საქართველოს კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, არსებითად განსახილველად მიიღოს კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სადავო საკანონმდებლო აქტი ან მისი ნაწილი ზღუდავს უშუალოდ მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებს. შესაბამისად, იმისათვის, რათა მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა, მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება გასაჩივრებული ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (ანუ სადავო ნორმატიული აქტი მის მიმართ რეალურად იქნება გამოყენებული), რამაც შემდგომ შეიძლება, გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

3. №1782 კონსტიტუციური სარჩელით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართეს „შპს ინტერსტანდარტ საბურთალომ“ და უჩა ზაქაშვილმა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ „შპს ინტერსტანდარტ საბურთალოს“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისთვის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, მას დაერღვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანად განხილვის უფლება, რადგან იგი სათანადო წესით არ იქნა ინფორმირებული მოსალოდნელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ. ამავდროულად, საქმის მასალებიდან არ იკვეთება სადავო ნორმების შემხებლობა მოსარჩელე უჩა ზაქაშვილთან, რომელიც, „შპს ინტერსტანდარტ საბურთალოსთან“ ერთად, წარმოადგენს ამავე კონსტიტუციური სარჩელის ავტორს. კერძოდ, მას არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და, ამასთანავე, სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, მომავალში, სადავო ნორმის საფუძველზე, მისი უფლების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ამდენად, აშკარაა, რომ მოსარჩელე უჩა ზაქაშვილი სხვისი უფლებების დარღვევაზე მიუთითებს. შესაბამისად, №1782 კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში „actio popularis“ წარმოადგენს და არ არის უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შემოტანილი.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1782 კონსტიტუციური სარჩელი, მოსარჩელე უჩა ზაქაშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

6. №1782 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის საკითხი, რომლის თანახმადაც, „სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე“.

7. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების შინაარსზე მსჯელობისას მიუთითებს, რომ მისთვის პრობლემურია აქტის გაცნობის წესის ის ნაწილი, რომელიც უშვებს შესაძლებლობას, პასუხისმგებელი პირის სამშენებლო ობიექტზე არყოფნის შემთხვევაში, შესაბამისი აქტი განთავსდეს სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა არც კი სცადოს სამართალდამრღვევისათვის მისი პირადად ჩაბარება იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსთვის ხელმისაწვდომია სამართალდამრღვევი პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

8. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე, თავისთავად, პრობლემურად არ მიიჩნევს სამშენებლო სამართალდარღვევისთვის შედგენილი აქტის სამშენებლო ობიექტზე გაცნობის წესს. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია, სადავო რეგულირების არაკონსტიტუციურობის თაობაზე, მიემართება აქტის გაცნობის წესს, რომელიც მოქმედებს მას შემდეგ, რაც სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირი არ აღმოჩნდება სამშენებლო ობიექტზე. შესაბამისად, სადავო კანონის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება შემხებლობაში არ არის მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემასთან და კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.

9. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხს. აღნიშნული ნორმა ჩამოთვლის ობიექტებს, რომლებიც სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად მიიჩნევა. ასეთი ობიექტებია: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი; ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე, საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.

10. მოსარჩელე ამ შემთხვევაშიც არ აპელირებს სადავო ნორმის საფუძველზე თვალსაჩინო ადგილად განსაზღვრული ობიექტების თავისთავად პრობლემურ ხასიათზე. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია არგუმენტაცია თვალსაჩინო ადგილას აქტის განთავსების შემთხვევაში, მისი განადგურების ან დაზიანების საფრთხეებზე, თუმცა მოსარჩელის პოზიციით, აქტის გაცნობა მისი სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებით პრობლემურ ხასიათს იძენს იმ პირობებში, როდესაც აქტის პირადად ჩაბარების შესაძლებლობა გამორიცხულია, თავად აქტის გაცნობის უსამართლო პროცედურიდან გამომდინარე. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოსარჩელე, თავისთავად, არალეგიტიმურად არ მიიჩნევს აქტის გაცნობის ერთ-ერთ საშუალებად მისი სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებას. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე არ არის დასაბუთებული, რომ სადავო ნორმით თვალსაჩინო ადგილად განსაზღვრული რომელიმე ობიექტი იწვევს მისი უფლების შეზღუდვას. ამრიგად, ცალსახაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც, დაუსაბუთებელია.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1782 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

12. მოსარჩელე სადავოდ ხდის, აგრეთვე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). აუცილებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის განმარტების პროცესში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თითოეული კონსტიტუციური უფლების შინაარსის განსაზღვრა მათი მიზანმიმართულებისა და ღირებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს. ამავდროულად, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა, კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

14. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას. შესაბამისად, „ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევა სახეზეა მაშინ, როდესაც სადავო ნორმები ზღუდავს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე [...] ხელმისაწვდომობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პრობლემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაცნობის წესიდან მომდინარეობს. კერძოდ, მოსარჩელისათვის პრობლემურია, სადავო ნორმის საფუძველზე, მის მიმართ გამოყენებული აქტის გაცნობის ფორმა და პროცედურა. შედეგად, მოსარჩელის არგუმენტაცია მიმართულია, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, მის მიმართ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზების მტკიცებისაკენ, რამაც, საბოლოოდ, შეზღუდა მისი უფლება საქმის სამართლიანად განხილვის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმის სამართლიან განხილვას, მათ შორის, პროცედურული ასპექტების დაცვის თვალსაზრისით, არეგულირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-63-66). ამავდროულად, მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართება საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლების, რაიმე ფორმით, შეზღუდვის თაობაზე. წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა მსჯელობა იმის შესახებ, რა თვალსაზრისით იწვევს სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვას.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1782 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1782 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1782 კონსტიტუციური სარჩელი „შპს ინტერსტანდარტ საბურთალოს“ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1782 კონსტიტუციური სარჩელი „შპს ინტერსტანდარტ საბურთალოს“ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;

ბ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1782 კონსტიტუციური სარჩელი უჩა ზაქაშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ