სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/2/1840 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 16 მაისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მაისი 2025 17:36 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა)საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადებისა და „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1840) მომართეს სიმონ ბულბულაშვილმა და მამუკა სახიაშვილმა. №1840 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის 12 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 16 მაისს.
2. №1840 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება“. ამავე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადებისა და „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობაზე, სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ამ გადაწყვეტილების გაცნობად ჩაითვლება: ა) გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება“. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, „ამასთანავე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ერთ-ერთ მოსარჩელეს, მამუკა სახიაშვილს, 2022 წლის 16 აგვისტოს, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ჩაბარდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შესახებ, თუმცა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 11 ნაწილით დადგენილი აქტის ჩაბარების წესიდან გამომდინარე, მას ამ ბრძანების გაცნობის რეალური შესაძლებლობა არ მისცემია. ამავდროულად, მოსარჩელის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მიზნით, დაიწყო ქონების დემონტაჟი. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, მოსარჩელის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების გასაჩივრება კი, არ აჩერებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს, რაც, ფაქტობრივად, აზრს უკარგავს გასაჩივრების უფლებით სარგებლობას.
6. მეორე მოსარჩელის, სიმონ ბულბულაშვილის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოიცა სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ვალდებულია, მოახდინოს კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობისა და მოწყობილი მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, შემდგომ კი, ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში. გასაჩივრების მიუხედავად, მოსარჩელეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადება ავალდებულებს შესაბამისი კონსტრუქციების დემონტაჟის გაგრძელებას, რაც ილუზორულს ხდის სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.
7. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 11 მუხლთან მიმართებით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში, აქტის ადრესატი შესაძლოა, არ ცხოვრობდეს რეგისტრირებულ მისამართზე ან იმყოფებოდეს საზღვარგარეთ, რის გამოც, იგი პირადად ვერ ჩაიბარებს საჩივრის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მსგავს პირობებში, გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება არ უნდა იქნეს დანახული ჩაბარების საპირწონე ალტერნატივად, ვინაიდან თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული აქტი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით, მარტივად დაიკარგოს ან ისე განადგურდეს, რომ მისი გაცნობა ადრესატმა ვერც მოახერხოს. აქედან გამომდინარე, სანამ ჩაბარების დასახელებულ ხერხს მიმართავს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა შეძლოს დაინტერესებულ პირთან დაკავშირება და აქტის პირადად გაცნობა, ხოლო მისი სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება დანახული უნდა იყოს როგორც აქტის ჩაბარების უკიდურესი ზომა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არსებული მოწესრიგების ფარგლებში, დაინტერესებული პირისათვის აქტის ჩაბარება არ ხდება სათანადო წესითა და პროცედურული გარანტიების დაცვით, რის გამოც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 11 მუხლი არღვევს პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოებით.
8. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა, რომლის მიხედვითაც, აქტის გასაჩივრება არ აჩერებს დადგენილების აღსრულებას შენობის დემონტაჟის ან მშენებლობის ნაწილში, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, აღსრულების არშეჩერება არაპროპორციული ღონისძიებაა იმ საჯარო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როგორიც საქმისწარმოების შეუფერხებლად განხორციელებაა. მშენებლობის და დემონტაჟის ნაწილში აღსრულების შეუჩერებლობით, პრაქტიკულად, აზრი ეკარგება გასაჩივრების უფლებას. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი ხდება, რადგან დავის საგანი, დემონტაჟის გამო, აღარ არსებობს. შესაბამისად, თუ არ იარსებებს უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმი, თავად უფლებით სარგებლობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ კონტექსტში მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმიდან არ იკითხება დაუყოვნებლივი აღსრულების მიზეზებიც. შესაბამისად, დავის საგნის არარსებობის გამო, ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლებით სარგებლობა არ არის ეფექტიანი და აზრს მოკლებული ხდება ასეთი აქტის სასამართლოში გასაჩივრებაც.
9. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დადგენილების დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგზე, კერძოდ, ასეთმა ქმედებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი ფუნდამენტური უფლების ხელყოფა, როგორიც საცხოვრებლის უფლებაა. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ მშენებლობის დემონტაჟი არის ექსტრემალური, უკიდურესი ფორმით უფლებაში ჩარევის გამოხატულება. გასაჩივრების უფლება, რომელიც ასეთ შემთხვევებში არ ითვალისწინებს აღსრულების შეჩერებას, იწვევს შეუქცევად ზიანს, რაც შეუძლებელს ხდის პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაცვას საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადება, რომლის მიხედვითაც, „ამასთანავე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში“, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
10. მოსარჩელეები, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმის და შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს.
2. №1840 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმის მიხედვით, „თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.“
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მიზნად ისახავს, პირისათვის ინდივიდუალური უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების, სასამართლოსადმი მიმართვის გზით, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის მინიჭებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა იწვევს სასამართლოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას.
4. განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული სადავო ნორმით დადგენილია სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ აქტის ადრესატისთვის გაცნობის წესი. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის რეგულაცია, რომლის მიხედვით, თუ ადრესატი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე, გაცნობად ითვლება ამ აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. თვალსაჩინოდ აქტის განთავსების პირობებში კი, აქტის ადრესატი მოკლებულია შესაძლებლობას, რეალურად გაეცნოს მას, გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სადავო ნორმა ადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივ პროცედურას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ აქტის ჩაბარების/გაცნობის წესს. ნათელია, რომ სადავო ნორმა არ ადგენს სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცედურულ წესს ან სასამართლოში საქმის განხილვის პროცესუალური გარანტიის შემზღუდველ მოწესრიგებას. უფრო მეტიც, ის საერთოდ არ არის შემხებლობაში სასამართლოს გზით უფლების დაცვასთან. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოაჩინა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს შორის.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1840 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადებისა და „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
7. სადავო ნორმა განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის, დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესს.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გადაწყვეტილების გაცნობის არსებული წესი, რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, მოსარჩელის განცხადებით, შესაძლოა, გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტისათვის, პირი არ იმყოფებოდეს რეგისტრირებულ მისამართზე ან იყოს საზღვარგარეთ, ხოლო გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების შემთხვევაში კი, იგი შესაძლოა, მარტივად დაიკარგოს ან დაზიანდეს და არ ჩაბარდეს შესაბამის ადრესატს. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიმართოს ყველა ღონეს, რათა შეძლოს გადაწყვეტილების ადრესატისათვის პირადად ჩაბარება.
9. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ადგენს პირის უფლებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის სამართლიანად განხილვის თაობაზე, expressis verbis არ ადგენს, კონკრეტული აქტის გაცნობის როგორი ფორმა და პროცედურა ჩაითვლება კონსტიტუციასთან შესაბამისად. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კონსტიტუცია შესაძლოა, ადგენდეს სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობის განსხვავებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, სხვადასხვა სამართლებრივი აქტის გაცნობის განსხვავებული პროცედურული მოწესრიგება, ამ პროცედურას ან აქტის გაცნობის ფორმას, თავისთავად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან შეუთავსებლად ვერ აქცევს. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი აქტის გაცნობის წესის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი აქტის გაცნობის წესი არ არის გონივრული და, ჩვეულებრივ პირობებში, პირისათვის ობიექტურად რთული იქნება ამ აქტის გაცნობა, რაც ამ წესს აქცევს უსამართლოდ და შეზღუდავს პირის უფლებას სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე.
10. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდამრღვევის შესახებ დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. მაშასადამე, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების ადრესატმა a priori იცის, რომ მის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ვინაიდან საჩივრის წარდგენით, იგი თავად არის ამ სამართალწარმოების დაწყების ინიციატორი. ამავდროულად, გადაწყვეტილების გაცნობა ხდება, თავად პირის მიერ, საჩივარში მითითებულ მისამართზე და მხოლოდ ამის შემდეგ განთავსდება იგი სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თუმცა თვალსაჩინო ადგილას განთავსებასთან ერთად, გადაწყვეტილება ასევე ქვეყნდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
11. კერძოდ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 14 ნაწილის თანახმად, „თუ ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება დადგენილებაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობაზე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის/პირებისთვის გაცნობის მიზნით შესაბამისი მუნიციპალიტეტის სათანადო ორგანო აღნიშნულ გადაწყვეტილებას განათავსებს როგორც სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე, ისე მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე“.
12. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აპელირებდა ორ შემთხვევაზე, როდესაც არსებული მოწესრიგების პირობებში, შესაძლოა, პირმა ობიექტურად ვერ მოახერხოს მის საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების (დროული) გაცნობა. კერძოდ, როდესაც იგი არ ცხოვრობს რეგისტრაციის მისამართზე ან იმყოფება საზღვარგარეთ. ზემოთ მოხმობილი კანონმდებლობა ცხადყოფს, რომ პირი არ არის შეზღუდული საჩივარში რეგისტრაციის ადგილის მისამართის მითითებით. შესაბამისად, მას საჩივარში შეუძლია, მიუთითოს ის მისამართი, სადაც მისთვის ხელსაყრელი იქნება გადაწყვეტილების გაცნობა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება საზღვარგარეთ, მას შეუძლია, საკუთარი საჩივრის შედეგებს თვალყური მიადევნოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია, რატომ არის ამ კონკრეტული სამართლებრივი აქტის გაცნობის არსებული მექანიზმები მისთვის ობიექტურად არასაკმარისი.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის არაგონივრულობას და წარმოშობდა მისი შეფასების საჭიროებას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
14. შესაბამისად, №1840 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადებისა და „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1840 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1840 კონსტიტუციური სარჩელი („სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1840 კონსტიტუციური სარჩელი („სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადებისა და „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. №1782 და №1840 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში