• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის №2/1/1606 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი გადაწყვეტილება
ნომერი N2/1/1606
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 28 მაისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 28 მაისი 2025 17:50

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი – მიხეილ შარაშიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომელი – ნატო გუჯაბიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – ვეფხვია გრიგალაშვილი.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1606) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1606 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 24 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 7 ნოემბერს. №1606 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის №2/3/1606 საოქმო ჩანაწერით მიღებული იქნა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 6 დეკემბერს.

2. №1606 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ პუნქტი.

3. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით (შემდგომში – №445 დადგენილება) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილებით განსაზღვრული ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში არ გადაეცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.

5. №1606 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა შემთხვევა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს განმცხადებლის მიმართ. განმცხადებელი, რომელიც არის საბერძნეთის მოქალაქე, ითხოვდა საკუთრების უფლების მოპოვებას საცხოვრებელ ბინაზე, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე. უძრავი ქონება, რომელიც დღემდე წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას, განმცხადებლის მშობლებს საცხოვრებლად გადაეცათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწეული სამსახურის გამო. განმცხადებელმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა ცნობის გაცემა, რომელიც ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ რეგისტრაციის წინაპირობას წარმოადგენდა. აღნიშნული დოკუმენტის გაცემაზე მას უარი ეთქვა, ხოლო, უარის საფუძვლად დასახელდა ის გარემოება, რომ განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირია.

6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდგომში „ფართი“, „ფართობი“) საკუთრებაში მიღების უფლება წარმოეშობა პირს, რომელსაც სამსახურებრივი თუ სხვა სახის დამსახურება აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე და აკმაყოფილებს დადგენილებით გათვალისწინებულ, ფართის საკუთრებაში მისაღებად განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამავდროულად, დადგენილება ითვალისწინებს აღნიშნული ფართის საკუთრებაში გადაცემას მართლზომიერი მფლობელის მემკვიდრეზე, რომელსაც შესაძლოა, ამგვარი დამსახურება საერთოდ არ გააჩნდეს. სამკვიდროს მიღების თვალსაზრისით, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს და საქართველოს მოქალაქეებს თანაბარი სამართლებრივი ინტერესი გააჩნიათ.

7. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს სრულად გამორიცხავს ფართის მემკვიდრეობით მიღების შესაძლებლობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის უფლებასთან სადავო ნორმის შესაბამისობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მკაცრი ტესტით.

8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ საკუთრების უფლების მიღების ამგვარი შეზღუდვის მიზანი შეიძლება იყოს აღნიშნულ პირთა არასაკმარისი სამართლებრივ-პოლიტიკური კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან, სამხედრო ძალებში მათი შესაძლო მონაწილეობის გამორიცხვა და შეზღუდული სახელმწიფო რესურსის პრიორიტეტულად მოქალაქეებზე განაწილება. სადავო რეგულირება ემსახურება შეზღუდულ სახელმწიფო რესურსზე სამხედრო მოსამსახურეების წვდომის უზრუნველყოფას და ასევე სახელმწიფოსთვის არასასურველი პირებისათვის აღნიშნული რესურსით შესაძლო სარგებლობის შეზღუდვას.

9. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო შეზღუდვა ემსახურება გარკვეული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, არაპროპორციულია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების სრულად გამორიცხვა იმ ქონების მემკვიდრეობით მიღების უფლებისგან, რომელსაც სახელმწიფო საკუთრებაში გასცემს საქართველოს სახელმწიფო შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ განსხვავებული მოპყრობა შესაძლოა, არსებობდეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მოსამსახურე ან ამ სამსახურებთან დაკავშირებული პირების მიმართ. ასევე, შესაძლოა, ზოგიერთი ფიზიკური პირი საქართველოს სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველად იქნეს აღიარებული და ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს აღნიშნული პირების წვდომა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებზე, თუმცა მოქალაქეობის არმქონე ნებისმიერი პირის იმავე სამართლებრივ რეჟიმში ჩაყენება და აღნიშნულ ფართებთან მიმართებით მათი მემკვიდრეობის უფლების, ფაქტობრივად, გაუქმება, ბლანკეტურ შეზღუდვას წარმოადგენს. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ გარკვეული შემთხვევების დასაზღვევად და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად, შესაძლოა, დაადგინოს ვიწროდმიმართული რეგულირება და შეზღუდოს მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება, მაგრამ სადავო ნორმით გათვალისწინებულ ბლანკეტურ შეზღუდვას არ აქვს გამართლება. იგი წინააღმდეგობაში მოდის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან.

10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვები „საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.

11. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოქალაქის მიერ განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, სადავო დადგენილება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, განსაზღვრული ფართობის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, რაზეც მიუთითებს კანონში გამოყენებული სიტყვა „შეიძლება გადაეცეს“. ამდენად, სამინისტრო საკუთარი დისკრეციიდან გამომდინარე, შეისწავლის განმცხადებლისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მიზანშეწონილობას. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის არგუმენტაციით, სამსახურებრივი ბინისთვის სტატუსის მოხსნა და პირისთვის საკუთრებაში გადაცემა დამოკიდებულია, მათ შორის, ფართის ადგილმდებარეობაზე. სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე არსებულ ფართებთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სამინისტრო არ ახდენს მათი საბინაო ფონდიდან ამორიცხვას.

12. მოპასუხის განმარტებით, უფლება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემასთან მიმართებით, წარმოიშვა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით. აღნიშნულ პერიოდამდე, მსგავსი უფლებით საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ აღჭურვილები. მოპასუხე მხარის მითითებით, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო მსგავს განსხვავებულ მიდგომას, წარმოადგენდა, საქართველოს მოქალაქის ჩართულობის უზრუნველყოფა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მოპასუხის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოება, იმავდროულად, გულისხმობს ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. მოპასუხე მხარის პოზიციით, ტოტალური თავდაცვის დროს მაქსიმალურად ხდება ქვეყნის მოსახლეობის ჩართულობა სახელმწიფოს თავდაცვის საჭიროების შესაბამისად. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეები ახორციელებენ და არა მოქალაქეობის არმქონე პირები. ამავდროულად, მოპასუხე მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნეს შეზღუდული სახელმწიფო რესურსის ფაქტორი. შესაბამისად, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ სახელმწიფომ, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, უპირატესობა მიანიჭა საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილია ობიექტური გარემოებებით განპირობებული განსხვავებული მოპყრობა და იკვეთება რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. მოპასუხის პოზიციით, ამ შემთხვევაში, სადავო რეგულირების კონსტიტუციურობა არ უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტის საფუძველზე. რაციონალური დიფერენცირების ტესტის პირობებში კი, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა გამართლებულია, არ არღვევს თანასწორობის პრინციპიდან მომდინარე კონსტიტუციის მოთხოვნებს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო

1. სამართლის წინაშე თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმა-პრინციპი გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, ,„ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ახდენს არა მხოლოდ თანასწორობის ძირითადი უფლების რეგლამენტირებას, არამედ, პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვის ნაწილში, წარმოადგენს თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, „რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში ... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს – არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებაში ჩარევა დადგინდება, მათ შორის, მაშინ, თუ ნორმა არსებითად თანასწორ პირებს შეუქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5).

6. ამგვარად, განსახილველ საქმეზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა სადავო ნორმა არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას. ამისათვის კი, პირველ რიგში, საჭიროა გაირკვეს, ვინ არიან, წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, შესადარებელი სუბიექტები და რაში გამოიხატება მათ მიმართ დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა.

2. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობისა და თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

7. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვები – „საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს“ – გამორიცხავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი სადავოდ ხდის იმ შემთხვევას, როდესაც მამკვიდრებელი მართლზომიერად ფლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ფართს და სიცოცხლეში ვერ მოახდინა აღნიშნული ფართის საკუთრებაში რეგისტრაცია, ხოლო მისი მემკვიდრე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირია, რის გამოც, სადავო ნორმის საფუძველზე, ეკრძალება ფართის საკუთრებაში მიღება. ამდენად, მოცემული საქმის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით უნდა შეაფასოს, რამდენად არღვევს თანასწორობის უფლების მოთხოვნებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისთვის გადაცემის გამორიცხვა, თუ აღნიშნული პირი წარმოადგენს ფართის მართლზომიერი მფლობელის მემკვიდრეს, ფართი ექვემდებარება გადაცემას და სამინისტროსთვის წარდგენილია დადგენილებით განსაზღვრული, ფართის საკუთრებაში გადასაცემად საჭირო დოკუმენტაცია.

8. №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის თანახმად, ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, აგრეთვე, ამ პროცესში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამავე დროს, დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფართობი საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მას ფაქტობრივად ფლობს, ფიზიკურ პირს, თუ სახელმწიფოს ან/და სამინისტროს აღებული აქვს მისთვის ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება, მასთან გაფორმებული კონტრაქტის ან სხვა სამართლებრივ საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს საკუთრებაში არ გადაეცემა ამ დადგენილებით გათვალისწინებული ფართობი, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობი საკუთრებაში ერთხელ მაინც გადაეცა უსასყიდლოდ ან/და სიმბოლურ ფასად (1000 ლარამდე) როგორც დევნილი/დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით ან/და საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი.

9. №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დადგენილებით განსაზღვრული ფართობი საკუთრებაში არ გადაეცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს, ასევე, თუ ფართობი შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სამხედრო დანიშნულებით ან/და მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ დებულების მე-5 მუხლით მოწესრიგებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირების პროცედურა. კერძოდ, საკუთრებაში ფართის გადაცემა ხდება უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც განცხადებასთან ერთად სამინისტროს წარუდგენს: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; ბ) მემკვიდრეობის მოწმობის დამოწმებულ ასლს, თუ განმცხადებელი წარმოადგენს იმ პირის მემკვიდრეს, რომელმაც ფართობის ფლობის უფლება მიიღო მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ორდერი, საბინაო კომისიის გადაწყვეტილება, სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ადასტურებს შესაბამის საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე მფლობელობის (სარგებლობის) უფლებას; გ) მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) ან სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, განმცხადებელი კანონიერად ფლობს ფართობს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) არანაკლებ სამი მეზობლის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის მიერ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობა; ე) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ინფორმაციას საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე სანივთო უფლების, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ; ვ) საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის შიდა აზომვით ნახაზს, თუ ეს ფართობი მდებარეობს იმ შენობა-ნაგებობაში, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში; ზ) საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის შიდა აზომვით ნახაზს და იმ შენობა-ნაგებობის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, სადაც ეს ფართობი მდებარეობს, თუ ეს შენობა-ნაგებობა რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში; თ) საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, თუ შესაბამის საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობთან ერთად გადასაცემი შესაბამისი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში.

10. №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს კომისიის უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირისათვის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, თუ ამ პირის მიერ სრულყოფილად არის წარდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია; საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი ექვემდებარება საკუთრებაში გადაცემას ამ დადგენილების მიხედვით; არ მიმდინარეობს დავა ამ ფართობზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით; სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტში არ არის მითითებული ამ ფართობზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია. კომისია განმცხადებლისათვის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ვერ კმაყოფილდება საკუთრებაში გადაცემისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები.

11. საკანონმდებლო ანალიზის საფუძველზე ცალსახად დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე არ ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ იგი სადავოდ არ ხდის მოთხოვნას, ფართის პირველადი მიმღების საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით, არამედ მისთვის პრობლემურია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ფართის საკუთრებაში გადაცემის შეზღუდვა იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მამკვიდრებელი მართლზომიერად ფლობდა ფართს და სიცოცხლეში ვერ მოახდინა მისი საკუთრებაში რეგისტრაცია.

12. როგორც აღინიშნა, №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მემკვიდრე, ფართის საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნის დროს, წერილობით განცხადებასთან და დადგენილებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს წარუდგენს მემკვიდრეობის მოწმობის დამოწმებულ ასლს. ამგვარად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს, ფართის მართლზომიერი მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში, ფართის საკუთრებაში გადაცემას მისი მემკვიდრისთვის და, ამ გზით, მისთვის საკუთრების აღიარების შესაძლებლობას.

13. იმავდროულად, №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სრულიად გამოირიცხება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისთვის დადგენილებით განსაზღვრული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული წესი, მათ შორის, ვრცელდება საკუთრების მემკვიდრეობის საფუძველზე გადაცემის შემთხვევებზე. ამგვარად, ნათელია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული წესი ახდენს დიფერენცირებას საქართველოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შორის ფართობის მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე გადაცემის შემთხვევასთან მიმართებით.

14. როგორც ზემოთ აღინიშნა, დიფერენცირების ფაქტის არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცული უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით (იხ., მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

16. როგორც აღინიშნა, მოცემულ საქმეზე შესადარებელ პირებს წარმოადგენენ- ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლის მამკვიდრებელი მართლზომიერად ფლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას და სიცოცხლეში ვერ მოახდინა აღნიშნული ფართის საკუთრებაში რეგისტრაცია, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქე, რომლის მამკვიდრებელიც მართლზომიერად ფლობდა აღნიშნულ ქონებას და, ასევე სიცოცხლეში ვერ მოახდინა მისი საკუთრებაში რეგისტრაცია. სადავო რეგულირების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე საქართველოს მოქალაქეა, შეძლებს ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი კი მოკლებულია აღნიშნულ შესაძლებლობას.

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში შესადარებელ ჯგუფებს შორის არსებითად თანასწორობის საკითხის განსაზღვრის მიზნებისათვის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც შესადარებელი ჯგუფების, ისე, ზოგადად, სამართალურთიერთობის ბუნება. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის განსაკუთრებული სამართლებრივი კავშირი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იგი არის ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ინდივიდის სრულყოფილი ინტეგრაციის ერთგვარი გამოხატულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/3/1601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17). უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოსთან ამგვარი კავშირი არ აქვთ.

18. ცალკეულ სამართლებრივ ურთიერთობაში საქართველოს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა განსხვავდება უცხოელის მდგომარეობისაგან, რაც განპირობებულია ამ ურთიერთობისა და თავად მოქალაქეობის ბუნებით. საქართველოს კონსტიტუციის რიგი დებულებები მიუთითებს, რომ ესა თუ ის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, საყოველთაო საარჩევნო უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უფლებამოსილია, კანონით დააწესოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა და ა. შ. „ამდენად, ზოგიერთი უფლებით სრულყოფილად სარგებლობის კონტექსტში, საქართველოს კონსტიტუცია თავადვე უშვებს და ითვალისწინებს კიდეც საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის დადგენას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/3/1601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).

19. იმავდროულად, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უფლებრივი რეჟიმი არ არის განსხვავებული ყველა სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ შეუფასებია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დადგენილი რეგულაციების კონსტიტუციურობა. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სასამართლომ იმსჯელა უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლების თაობაზე, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვის მიზნით. აგრეთვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებაში საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სასამართლომ შეაფასა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის აკრძალვის კონსტიტუციურობა. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილებაში საქმეზე, „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სასამართლომ იმსჯელა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ზოგადი განათლების დაფინანსების თაობაზე.

20. საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე კონსტიტუციური უფლებების გავრცელების ფარგლებს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების თანახმად, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზანია „ ... საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ კონსტიტუციური უფლებების გავრცელების ფარგლების განსაზღვრა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს კონსტიტუციური უფლებების მოქმედებას პირთა წრის მიმართ და ადგენს გარანტიას, რომ კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ვრცელდება საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, თუ საწინააღმდეგო თვით კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-93). ამრიგად, უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონტექსტში, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებით, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის თანასწორია.

21. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. სახელმწიფო უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად, შეიმუშაოს სათანადო საიმიგრაციო პოლიტიკა და განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შესვლის, დროებით ან მუდმივად ყოფნის პირობები და წესი. საიმიგრაციო საკითხების რეგულირებისას, მათი სოციალურ-პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ხელისუფლება ფართო მიხედულობის ზღვრით სარგებლობს. საიმიგრაციო რეგულირებებს, ცხადია, არ ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, საიმიგრაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი კანონმდებლობის მიზნებისთვის, თანასწორობის უფლების კონტექსტში, ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები არ უნდა შეფასდნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები. თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია არ შეიძლება ჩაითვალოს საიმიგრაციო პოლიტიკის განმსაზღვრელად და მათი საქართველოში შემოსვლის თუ ყოფნის წინა პირობად.

22. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი აქტი განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. დადგენილების მიზანია, განსაზღვროს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას შექმნის. სადავო აქტის მიზანს არ წარმოადგენს ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკის განსაზღვრა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის, ყოფნისა და ცხოვრების რეგულირება, საცხოვრებელი პირობებისა და კრიტერიუმების დადგენა. სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგება არ მიეკუთვნება საიმიგრაციო პოლიტიკის განმსაზღვრელ კანონმდებლობას. განსახილველი ურთიერთობის ბუნების გათვალისწინებით, მოცემული ურთიერთობის კონტექსტში არ გამოირიცხება საქართველოს მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა არსებითად თანასწორობა.

23. როგორ ზემოთ აღინიშნა, შესადარებელი ჯგუფების არსებითად თანასწორებად იდენტიფიცირებისათვის განმსაზღვრელია თავად შესაფასებელი ურთიერთობის ბუნება. ამავე დროს, ადამიანების ესა თუ ის ჯგუფი, როგორც წესი, არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად ურთიერთობის სპეციფიკა მიუთითებს პირთა ჯგუფებს შორის ისეთი განმასხვავებელი ნიშნის არსებობაზე, რომელიც მათ მიმართ სადავო ურთიერთობის ფარგლებში თანასწორი მოპყრობის საჭიროებას გამორიცხავს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, რამდენად არსებობს საქართველოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შორის ისეთი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც, სადავო ურთიერთობის მიზნებისთვის, მათ არსებითად თანასწორად განხილვას გამორიცხავს.

24. მოცემულ შემთხვევაში, დიფერენცირება გამოიხატება დადგენილებით განსაზღვრული ფართების მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაცემაში. კონსტიტუციური სარჩელით სადავოა, მოქალაქეობის არმქონე პირისთვის დადგენილებით განსაზღვრული ფართის საკუთრებაში გადაცემის შეზღუდვა მემკვიდრეობის საფუძველზე.

25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მემკვიდრეობის უფლების ფუნქციას წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ მესაკუთრის გარდაცვალებასთან ერთად არ მოხდეს კერძო საკუთრების როგორც საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვის საფუძვლის დაკარგვა, არამედ ის შენარჩუნდეს სამართალმემკვიდრეობის გზით. იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა მემკვიდრეობის უფლება, კერძო საკუთრება ავტომატურად გადავიდოდა სახელმწიფოს ხელში, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევდა კერძო საკუთრების ინსტიტუტის დასუსტებას. მემკვიდრეობის უფლების გარეშე თავად საკუთრების უფლების არსი დაიყვანება მფლობელობამდე, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ვადით შემოიფარგლება და რომელსაც ფაქტობრივი დასასრული აქვს და არა სამართლებრივი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75).

26. დადგენილება დეტალურად განსაზღვრავს ყველა იმ სავალდებულო წინა პირობას, რომელიც ფართის საკუთრებაში გადაცემის საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, როგორც აღინიშნა, ფართი უნდა ექვემდებარებოდეს გადაცემას, მისი ფაქტობრივი და მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს, სამინისტროს უნდა წარედგინოს წერილობით, განცხადებასთან ერთად, დადგენილებით განსაზღვრული ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ამასთან, ყველა ზემოაღნიშნული წინაპირობის დაკმაყოფილების მიუხედავად, ფართობი საკუთრებაში არ გადაეცემა პირს, თუ ის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირია.

27. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს გააჩნიათ თანაბარი სამართლებრივი ინტერესი, მემკვიდრეობის საფუძველზე მოახდინონ მამკვიდრებლის კანონიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამ მხრივ, მოქალაქეობრივი კუთვნილება არ ცვლის მემკვიდრე პირთა სამართლებრივი ინტერესის ბუნებასა და თანაბარწონადობას. ამგვარად, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება კანონის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვად უნდა იქნეს მიჩნეული.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული თანასწორობის უფლების შეზღუდვის გამართლება

28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისას და დადგენისას ის მიმართავს შემდეგ ძირითად მიდგომას: „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

30. ვინაიდან მოცემულ საქმეზე უკვე დადგინდა, რომ სადავო ნორმა იწვევს დიფერენცირებას არსებითად თანასწორ სუბიექტებს შორის და, შესაბამისად, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, საჭიროა გაირკვეს, არსებობს თუ არა რაიმე ობიექტური გარემოება, რომელიც არსებულ დიფერენცირებას გაამართლებს.

3.1. შეფასების ტესტი

31. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, მისი დისკრიმინაციულობის მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).

32. ამდენად, მიუხედავად იმისა, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შერჩეულ უნდა იქნეს რაციონალური დიფერენცირებისა თუ მკაცრი შეფასების ტესტი, ორივე მათგანის ფარგლებში აუცილებელია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვას გააჩნდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო საშუალება იყოს დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და გონივრულ კავშირში. დიფერენცირებული მოპყრობის გამომწვევი ღონისძიება, რომელიც დასახელებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ჩაითვლება თვითმიზნურად და დისკრიმინაციულად.

3.2. ლეგიტიმური მიზანი და რაციონალური კავშირი

33. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ, დიფერენცირების ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა, სახელმწიფო შეზღუდული რესურსი, შეზღუდული რესურსის პირობებში, საქართველოს მოქალაქეების პრიორიტეტულად დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით, ამ გზით კი, მოქალაქეთა ჩართულობის წახალისება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

34. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სახის სარგებლის მხოლოდ არსებითად თანასწორ პირთა ნაწილისთვის მინიჭება, შედეგობრივად, ყოველთვის იწვევს ხარჯების შემცირებას. თუმცა არსებითად თანასწორ პირთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვის გარანტიის დადგენით, საქართველოს კონსტიტუცია გამორიცხავს, საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის დიფერენცირების გამართლებისათვის, თვითკმარ არგუმენტად მიჩნევას. დიფერენცირების გამართლებისათვის უნდა დასაბუთდეს არა მხოლოდ ის, რომ რესურსი არასაკმარისია ყველასათვის, არამედ ასევე უნდა წარმოჩნდეს, თავად დიფერენცირების რაციონალურობა, რომელიმე პირთა წრის სარგებლის მიმღებთაგან გამორიცხვა უნდა ეფუძნებოდეს რაციონალურ დასაბუთებას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-24). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, შეზღუდულ სახელმწიფო რესურსსა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვაზე აპელირება, დადგენილი დიფერენცირების რაციონალურობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, ვერ გამოდგება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების დიფერენცირებულ რეჟიმში ჩაყენების თვითკმარ არგუმენტად.

35. როგორც აღინიშნა, მოპასუხე მხარემ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების ლეგიტიმურ მიზნად ასევე დაასახელა, შეზღუდული რესურსის პირობებში, საქართველოს მოქალაქეების უპირატესად დაკმაყოფილება და ამ გზით, მოქალაქეთა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩართულობის წახალისება.

36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში, მიმოიხილა საქართველოს კონსტიტუციის არქიტექტურა საქართველოს მოქალაქეობის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ თანასწორი უფლებრივი რეჟიმის დადგენის ვალდებულების ფარგლებთან მიმართებით. კერძოდ, როგორც აღინიშნა, უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონტექსტში, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებით, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის თანასწორია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეების უპირატესი დაკმაყოფილება, ცალკე აღებული, ვერ იქნება მიჩნეული პირთა შორის დადგენილი დიფერენცირების გამართლების რელევანტურ არგუმენტად. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, საკმარისი სიცხადით წარმოაჩინოს საქართველოს მოქალაქეების უპირატეს დაკმაყოფილებასა და მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩართულობის წახალისებას შორის რეალური კავშირის არსებობა.

37. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულება, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, ითვალისწინებს მემკვიდრისათვის ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას, თუ ეს უკანასკნელი არის საქართველოს მოქალაქე და მემკვიდრეობის მოწმობის დამოწმებულ ასლთან ერთად, სამინისტროს წარუდგენს დადგენილებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციას. ამგვარ შემთხვევაში, კანონმდებლობიდან მომდინარე დათქმას წარმოადგენს ის გარემოება, რომ განმცხადებელი უნდა იყოს იმ პირის მემკვიდრე, რომელმაც საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობის (სარგებლობის) უფლება მიიღო მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ორდერი, საბინაო კომისიის გადაწყვეტილება, სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ადასტურებს შესაბამის საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე მფლობელობის (სარგებლობის) უფლებას) საფუძველზე. იმავდროულად, მემკვიდრისათვის ფართის გადაცემა ხდება რაიმე სანაცვალგებო პირობის, სავალდებულო დათქმის გარეშე. შესაბამისად, ამ უკანასკნელის მიერ ქონების საკუთრებაში მიღება არ წარმოადგენს მის თავდაცვის სფეროში ჩართვის გარანტიას ან/და რაიმე ფორმით, არ ქმნის (ზრდის) ამგვარ მოლოდინებს.

38. საკანონმდებლო გადაწყვეტა მემკვიდრის მიერ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობის თაობაზე, მეტწილად, უკავშირდება მემკვიდრეობის უფლების აღიარებასა და დაცვას. აღნიშნული იმის დემონსტრირებაა, რომ საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „.. ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის, უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საკუთრება მოიცავს როგორც მატერიალურად არსებულ ქონებას, ასევე აქტივებს (ქონებრივ უფლებებს), მათ შორის მოთხოვნებს, რომელთა მიმართაც მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქვს საკუთრებით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობის, სულ მცირე, გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი. ამავდროულად, მამკვიდრებლის ქონებას შეადგენს არა მხოლოდ კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. შესაბამისად, საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის მართლზომიერი მფლობელის მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მოწმობის დამოწმებული ასლის წარდგენისას, საკუთრებაში მიღების შესაძლებლობა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების დაცვას უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს ყველა პირის (მათ შორის, უცხოელის და მოქალაქეობის არმქონე პირის) საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, შესაბამისად, ქონების საკუთრებაში მიღების უფლება (ინტერესი) თანაბრად აქვს ნებისმიერ პირს, მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ადგენს თანაბრად დაცული ინტერესის მქონე პირებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას, თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს, რომ, როგორც მინიმუმ, ამგვარ დიფერენცირებას ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო გადაწყვეტა იყოს დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და გონივრულ კავშირში. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ არსებითად თანასწორ პირებს შორის დიფერენცირების თვითკმარ ლეგიტიმურ მიზნად ვერ იქნება მიჩნეული საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა, ხოლო, რაც შეეხება, შეზღუდული რესურსების პირობებში, საქართველოს მოქალაქეების უპირატესად დაკმაყოფილებას და, ამ გზით, მოქალაქეთა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩართულობის წახალისებას, სადავო ნორმა, რომელიც მემკვიდრეებს შორის ადგენს დიფერენცირებას ქონების მიღების ჭრილში, ქონების მიღებისას მათთვის რაიმე შემხვედრი ვალდებულების დაკისრების გარეშე, ვერ იქნება მიჩნეული ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ მიმართულ რეგულირებად. იმავდროულად, მოპასუხე მხარეს არ მოუყვანია რაიმე სხვა არგუმენტი, რომელიც ლოგიკურად ახსნიდა მემკვიდრეებს შორის დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას და გაამართლებდა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების განსხვავებულ, უარეს სამართლებრივ რეჟიმში ჩაყენებას.

39. ამგვარად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რადგან საქართველოს მოქალაქეებისაგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ ფართის გადაცემას გამორიცხავს იმ შემთხვევაშიც, თუ პირი ფართის მართლზომიერი მფლობელის მემკვიდრეა, აღნიშნული ფართი ექვემდებარება გადაცემას, პირის მიერ დასტურდება ფართის ფაქტობრივი მფლობელობა და სამინისტროსთვის, წერილობით განცხადებასთან ერთად, წარდგენილია, დადგენილებით განსაზღვრული, ფართის საკუთრებაში გადასაცემად საჭირო დოკუმენტაცია.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემას, თუ განმცხადებელი წარმოადგენს იმ პირის მემკვიდრეს, რომელმაც საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობის (სარგებლობის) უფლება მიიღო მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. დაკმაყოფილდეს №1606 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემას, თუ განმცხადებელი წარმოადგენს იმ პირის მემკვიდრეს, რომელმაც საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობის (სარგებლობის) უფლება მიიღო მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

2. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს“ არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ