• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ბაბუცა პატარაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1874
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - მანანა კობახიძე,
ავტორ(ებ)ი ბაბუცა პატარაია
თარიღი 26 ივნისი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
მუხლი 17316 . საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათაბრებული პირის, ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, პუნქტი 1.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 (ა) პუნქტი

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ელი (ე) პუნქტი, 31-ე მუხლი, 311, 39-ე მუხლის 1 (ა) პუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

2025 წლის 11 ივნისს მოქალაქე ბაბუცა პატარაიას მიმართ (პ/ნ01003009573) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316 მუხლი 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N ბე 000125337. ოქმის თანახმად ბაბუცა პატარაიამ სოციალური ქსელის მეშვეობით შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური თანამდებობის პირებს მარიამ ლაშხს (2025 წლის 30 მაისს), თეა წულუკიანს (12 აპრილი) და მამუკა მდინარაძეს (29 მარტი).

2025 წლის 12 ივნისიდან ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ხოლო მომდევნო სხდომა ჩანიშნულია 2025 წლის 18 ივნისს, 12:00 საათზე, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილთან (იხილეთ დანართი 7).

წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე ბაბუცა პატარაია ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმას, რომლის საფუძველზეც მის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მოსარჩელის პოზიციით, ხსენებული ნორმა არის არაკონსტიტუციური და შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი აზრის გამოხატვის თავისუფლება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1 (ა) პუნქტის თანახმად);

შესაბამისად, ბაბუცა პატარაია არის სათანადო მოსარჩელე და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის სხვა საფუძვლები. კერძოდ:

ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით ეესაბამება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31​1 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) იგი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;

გ) მასში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) მასში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ,

ე) მასში მითითებული სადავო საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით;

ვ) დარღვეული არ არის მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა;

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

1. 2025 წლის 6 თებერვალს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა ცვლილება და კოდექსს დაემატა 17316 მუხლი, რომელმაც სამართალდარღვევად გამოაცხადა აზრის გამოხატვის გარკვეული ფორმები, კერძოდ, 1-ელი ნაწილის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.“

ხოლო “ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.”

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება.“

2. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული სამართლებრივი ნორმა უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას. ამავე მუხლის პირველი პუნქტით, დაუშვებელია აზრისა და მისი გამოხატვის ფორმის გამო ადამიანის დევნა. ხოლო მე-5 პუნქტი აღნიშნული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოიაზრებს, მხოლოდ კანონის საფუძველზე და დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სხვათა გამო. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს აღნიშნული ნორმის და მის მიერ დაწესებული საქნციების გამართლება, რომლითაც მიიღწეოდა რომელიმე კონსტიტუციური მიზანი. კერძოდ,

3. ნათელია, რომ ნორმაში მოცემული სამსახურებრივი პოზიციები (საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი ან/და საჯარო მოსამსახურე) აღნიშნავს სუბიექტებს, რომლებსაც გარკვეული ძალაუფლება გააჩნიათ სახელმწიფოში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ესენი არიან პირები, რომლებიც ყველაზე მეტად ექვემდებარებიან საზოგადოების მხრიდან კრიტიკას, მათ შორის, მათთვის არასასურველი ფორმით, და ეს არის კიდეც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე, Ceylan v. Turkey, პარა. 34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1986 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე, Lingens v. Austria, პარა. 42.). ეს არა მხოლოდ აუცილებლობაა, ასეთ პირებს აქვთ თმენის ვალდებულება, მათ შორის, პროვოკაციულად ან შეურაცხმყოფლად აღქმული კრიტიკის მიმართ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე, Özgür Gündem v. Turkey, პარა. 60).

4. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, რომელიც მოცემულია მისი 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში - „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (გვ: 173-174): „ასეთი უპირობო აკრძალვები ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებაში მართლზომიერი ჩარევის სტანდარტს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომეტებულად არის დაცული გზავნილები, რომლებიც პოლიტიკური შინაარსისაა, პოლიტიკოსებს მიემართება ან საჯარო ინტერესის სფეროში შემავალ საკითხს უკავშირდება; შესაბამისად, კერძო პირებისგან განსხვავებით, ფართოა თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების დასაშვები კრიტიკის ფარგლები,“ იგულისხმება ევროსასამართლოს შემდეგი საქმეები: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე, გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ, პარა. 51; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე, Dickinson v. Turkey, პარა. 55; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე, Mladina D.D. Ljubljana v. Slovenia, პარა. 40; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე, Tusalp v. Turkey, პარა. 45; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე, Romanenko and Others v. Russia, პარა. 47; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, Mamère v. France, პარა. 27.

5. აღნიშნული ნორმის მიხედვით, შესაძლებელია დაჯარიმდეს ან ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს ყველას, ვინც პირადად, ან სოციალური ქსელის მეშვეობით უკმაყოფილებას გამოხატავს ზემოთაღნიშნული რომელიმე სუბიექტის მიმართ, თუ უკმაყოფილების გამოხატვის ფორმა არ იქნება მოსაწონი. კანონის მოქმედება იმდენად ფართოა, რამდენადაც შესაძლებლობას იძლევა არა მხოლოდ პირადად უშუალო მიმართვის შემთხვევაში დადგეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, არამედ მაშინაც, როცა კონკრეტულ ფიზიკურ სივრცეში „სამართალდამრღვევი“ გამოხატავს უკმაყოფილებას ზემოთხსენებული პირების მიმართ, კონკრეტული პიროვნების მოხსენიებით, თუმცა არა მის მიმართ (რადგან ეს პიროვნება შესაძლოა საერთოდ არ იმყოფებოდეს ადგილზე), ან/და აზრს, მის სუბიექტურ პოლიტიკურ შეფასებას აფიქსირებდეს სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე კონკრეტული პიროვნების მითითებით, თუმცა არა, მაგალითად, მისი უშუალო მონიშვნით პოსტზე. ნორმას გაუმართლებლად აფართოებს ის გარემოებაც, რომ სამართალშეფარდებისთვის სავალდებულო არ არის საქმეში იმ პირის რაიმე ფორმით მონაწილეობა, რომელმაც „სამართალდამრღვევის“ ქმედების გამო თავი იგრძნო შეურაცხყოფილად და სამართალწარმოება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეხედულებით და განმარტებებით მიმდინარეობს (იხილეთ დანართი 6).

6. ამასთან, ნორმის დისპოზიცია არ მოიაზრებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც პოტენციური სამართალდამრღვევის მიერ გამოხატული აზრი რაიმე საფრთხის ან რისკის შემცველია (მაგალითად, მუქარის) და ნორმის არსებობა შესაძლოა გარკვეულწილად გამართლებული ყოფილიყო. ისეთი შინაარსის განცხადება, რომელიც გარკვეულ ძალადობის ელემენტების მატარებელია, უკვე სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ხოლო განსახილველი ნორმა პირდაპირ უთითებს სიტყვებს - „გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.“

7. ფაქტს, რომ პრაქტიკაში აღნიშნული ნორმა გამოიყენება უკიდურესად ფართო განმარტებით, ადასტურებს ამ ნორმის გამოყენების ცნობილი შემთხვევებიც, კერძოდ, მედიაში გავრცელებული არა ერთი შემთხვევა, როდესაც აქტივისტები და ჟურნალისტები დაჯარიმდნენ ან შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა მათ მიერ სოციალური ქსელის მეშვეობის გამოხატული აზრისთვის (იხილეთ დანართი 8).

8. ცალკე აღნიშვნის ღირსია სადავო სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული სანქციები და შენიშვნა, რომ სამართალშეფარდებისას მოსამართლე არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს „ადმინისტრაციულ სამართალდღვევათა კოდექსის“ 22-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობა და „სამართალდამრღვევს“ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადოს. შესაბამისად, სადავო ნორმის 1-ელი ნაწილით სამართალწარმოებისას „სამართალდამრღვევს“ სახდელად განესაზღვრება ან ჯარიმა 1500-დან 4000 ლარამდე ოდენობით, ან პატიმრობა 45 დღემდე ვადით. აღნიშნული მოწესრიგება არა მხოლოდ უხეში ჩარევაა კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ სფეროში, არამედ პირდაპირ ნიშნავს ამავე პუნქტის მეორე წინადადებით აკრძალულ ქმედებას: „დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.”

9. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 17316 მუხლი არღვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულ აზრის გამოხატვისა თავისუფლებას და არის ადამიანის დევნის ინსტრუმენტი მისი აზრისა და გამოხატვის გამო. შესაბამისად, იგი ძალადაკარგულად უნდა იქნას ცნობილი.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ