თინათინ ერქვანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1875 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვასილ როინიშვილი, |
ავტორ(ებ)ი | თინათინ ერქვანია |
თარიღი | 27 ივნისი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ამ ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე პირის არჩევას პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე უნივერსიტეტებში და მის სრულ სტატუსობრივ გათანაბრებას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორთან. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
მუხლი 33. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან. 3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ. 5. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წესდებით დადგენილი წესით. ამ ნორმათა ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე პირის არჩევას პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე უნივერსიტეტებში და მის სრულ სტატუსობრივ გათანაბრებას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორის სტატუსთან. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
მუხლი 35. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. ამ ნორმათა ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე პირის არჩევას პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე უნივერსიტეტებში და მის სრულ სტატუსობრივ გათანაბრებას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორის სტატუსთან. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
მოსარჩელე გახლავთ ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სრული პროფესორი. ამასთან, მოსარჩელე ფლობს სამართლის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. შესაბამისად, სადავო ნორმები მის უფლებრივ სტატუსს უშუალოდ განსაზღვრავს. იხ. მტკიცებულებები დანართის სახით.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
„დაბალსა და საშუალო ეროვნულ სკოლას ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან თუ რომ ეროვნულ განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს“.
ივანე ჯავახიშვილი.
I. შესავალი
2013 წლის 6 სექტემბერს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის მე-5 პუნქტად განისაზღვრა შემდეგი: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების [ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი] დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.“
სწორედ ამ დროიდან პროფესორი (ნებისმიერ საფეხურზე და არა მაგ. მხოლოდ ასისტენტის რანგში) შესაძლოა აღმოჩნდეს პირი, რომელსაც არ გააჩნია დოქტორის აკადემიური ხარისხი. რამაც გამოიწვია სრული სტატუსობრივი გათანაბრება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე (დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურგავლილ) და არმქონე პირებს შორის. პირთა ეს ორი ჯგუფი პროფესორის რანგში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება სტატუსობრივად ერთმანეთისაგან.
ზოგადად, მაგ. აშშ-ში არსებობს შემდეგი ფემომენი: ე.წ. პროფესორი პრაქტიკული ნიშნით (Professor of Practice), მაგრამ ტენორის (Tenure-Track)[1] კატეგორიად გარდაქმნა კონტრაქტისა (ტენორის მიღწევა) ამ უკანასკნელთათვის თითქმის შეუძლებელია და მხოლოდ კონკრეტული სპეციალიზირებული საგნების ფარგლებში არიან ჩართულნი სწავლების პროცესში. საქართველოში არ არსებობს არც ტენორირების მექანიზმი, რომელიც პროფესორის რანგში მოღვაწე მეცნიერთა აკადემიური თავისუფლების პრინციპს (საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი ალტერნატივა) ემსახურება და იცავს. გარდა ამისა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობრივი სარგო გათვალისწინებულია მხოლოდ საჯარო (სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული) უნივერსიტეტების პერსონალისათვის (საგულისხმოა, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გარდა, საქართველოს ყველა სხვა უნივერსიტეტში პროფესორი შესაძლოა გახდეს პირი, რომელსაც არ აქვს დაცული დისერტაცია) და არ არის საუბარი კერძო უნივერსიტეტების პროფესურაზე. ყოველივე ეს, მითმეტეს პროფესორის რანგში დოქტორანტურის საფეხურგაუვლელი პირის დაწინაურების ფონზე, იწვევს სეგრეგაციას საჯარო და კერძო უნივერსიტეტთა პროფესურის ფარგლებში, რაც აისახება უმაღლესი განათლების ხარისხზე, რომელიც კერძო უნივერსიტეტთა ნაწილში მოისაკლისებს აკადემიური გამოცდილების მქონე კადრების ნაკლებობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი ზოგჯერ გაორმაგებულ სწავლების საფასურს ითხოვს სტუდენტებისაგან. შესაბამისად, ქართულ აკადემიაში ხშირია გაუგებარი პრეცედენტები, როდესაც დისერტაციადაცულ და ცალსახად მეცნიერული ნიშით გამორჩეულ პროფესორს კერძო უნივერსიტეტში საათობრივი ანაზღაურება აქვს, ხოლო ე.წ. პრაქტიკული ნიშნით შერჩეულ პროფესორს (რაც საგამონაკლისო კატეგორიაა) ფიქსირებული ანაზღაურება აქვს. ეს ფაქტი ნიშნავს მეცნიერების დაკნინებას და უარყოფას მეცნიერული კონტექსტისას საუნივერსიტეტო სივრცეში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. უნივერსიტეტი უპირველესად მეცნიერული წარსულის და აწმყოს მქონე პროფესურით უნდა გამოირჩეოდეს. საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა და მეცნიერება აღრეულია არაკვალიფიციური კადრებით და საჭიროებს კორექტირებას. ნამდვილი აკადემია, რომელიც მეცნიერებას გულისხმობს, უნდა გადარჩეს: ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ უმაღლესი განათლების და მეცნიერების მაღალი ხარისხი უნდა იყოს. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი ემსახურება მიზანს, შეიცვალოს ეს მიუღებელი სისტემა.
II. არაერთგვაროვან პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობა - დისკრიმინაცია კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე
საქართველოში დოქტორის ხარისხის მქონე პირთა და ზოგადად, მეცნიერთა აკადემიური თავისუფლება უზრუნველყოფილი არ არის. დოქტორის ხარისხის არმქონე პირები პროფესორის სტატუსით სარგებლობენ და არ არის უზრუნველყოფილი ფიქსირებული ხელფასები პროფესურისათვის კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიქსირებული ხელფასების დანიშვნა აკად. თანამდებობის პირებისათვის ხდება სელექციურად (ხშირია შემთხვევა, როდესაც დოქტორის ხარისხის არქმონე პროფესორის სტატუსის მქონე პირს გააჩნია ფიქსირებული ხელფასი, დოქტორის ხარისხის მქონე პროფესორს - არა). ეს იწვევს სრულ თვითნებობას საუნივერსიტეტო სივრცეში. არსებული საათობრივი ანაზღაურება იმდენად მწირია, რომ შეუძლებელია კვლევა და სწავლება. რაც იწვევს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუარესებას (ამ პირობებში, სრულიად გაუგებარია თუ რატომ არის უფრო ძვირი სწავლება კერძო უნივერსიტეტებში). აკადემიური თავისუფლება, როგორც კონსტიტუციური პრინციპი საქართველოში - ამ რეალობის გათვალისწინებით, უარყოფილია.
აკადემიური თავისუფლება არის კონსტიტუციური პრინციპი, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც მისი უზრუნველყოფისა და რეალიზაციის კონტექსტში.
სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპი ირღვევა მაშინ, როდესაც სახელმწიფო არსებითად განსხვავებულ პირებს თანასწორად ეპყრობა და პირიქით.
სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს, განსხვავებულ სიტუაციებში, იდენტურად ეპყრობიან.[2] დისკრიმინაციის ნიშანი, განსახილველ შემთხვევაში, არის დოქტორის აკადემიური ხარისხი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი თანასწორსდ ეპყრობა და იდენტურ მდგომარეობაში აყენებს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე და არმქონე პირებს, ითვალისწინებს რა პროფესორის აკადემიური თამამდებობის დაკავების შესაძლებლობას პირთა ორივე ჯგუფისათვის განურჩევლად რაიმე ნიშნისა (განსახილველ შემთხვევაში, დოქტორის აკადემიური ხარისხი).
2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები "ახალი მემარჯვენეები" და "საქართველოს კონსერვატიული პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (Nr. 1/1/493), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს:[3]
„[...] თანასწორობის უფლების თავისებურებებიდან გამომდინარე, დიფერენციაციის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეული მათგანისადმი ვერ ექნება იდენტური, ერთგვაროვანი მიდგომა.
როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანების დაცვას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გაუმართლებელი დიფერენცირებული მოპყრობისაგან. თუმცა, მეორე მხრივ, დიფერენცირებული მოპყრობის ყველა შემთხვევა (ნებისმიერი ნიშნით, ნებისმიერ უფლებებში) ერთნაირი სიმძიმის ვერ იქნება. შესაბამისად, თითოეული მათგანის ერთნაირი სტანდარტითა და იდენტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასების შემთხვევაში, სასამართლომ, თანასწორობის უფლების დაცვის მოტივით, შესაძლოა მას მიზანი შეუცვალოს, გაზარდოს რისკი დიფერენცირებული მოპყრობის პრაქტიკულად ყველა შემთხვევის არაკონსტიტუციურად მიჩნევისა და იმაზე მეტად შეზღუდოს კანონმდებელი, ვიდრე ამას კონსტიტუციის მე-14 მუხლი მოითხოვს.
კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას, სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია: ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას (როგორებიცაა, სახელმწიფო უშიშროება, საზოგადოებრივი წესრიგი, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციითვე დასახელებული კონკრეტული საჯარო ინტერესები); სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა; ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, მათ შორის, მაგალითად, კონკრეტული გარემოებების რეალურად თავიდან აცილების შეუძლებლობის მიზეზით გამოწვეული დიფერენციაცია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დისკრიმინაციაზე საუბარი არ შეიძლება, თუ არათანასწორი მიდგომა ექვემდებარება გონივრულ ახსნას, გამართლებას, რაციონალიზაციას.
უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, ისტორიულად ცვლადია შეფასებები და შეფასებების ინსტრუმენტები იმისა, რა არის “ბუნებრივი”, “გონივრული” და “აუცილებელი” ამ სფეროში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თანასწორობის პრინციპი კანონმდებელს, შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, არჩევანის თავისუფლებას უტოვებს იქამდე, სანამ ხელმისაწვდომია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება. 6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსხვავებულია სასამართლოს კრიტერიუმებიც დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის.
კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, „მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”.
დანარჩენ შემთხვევებში მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით.
ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან.
თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - «რაციონალური დიფერენციაციის ტესტს» (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი), რომლის მიხედვითაც :
ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება;
ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.“
განსახილველ შემთხვევაში, დისკრიმინაციის ნიშანი არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე კლასიკური ნიშანი. შესაბამისად, უნდა გაირკვეს, გამოყენებადია მკაცრი ტესტი (რომელიც უფლებაში ჩარევის მაღალი ინტენსივობისას გამოიყენება) თუ რაციონალური დიფერენციაციის ტესტი.
დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე პირის გათანაბრება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირთან, მიმაჩნია, რომ არის ინტენსიური ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სამართლის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებაში, შემდეგი მიზეზის გათვალისწინებით: დოქტორანტურის საფეხურის გავლა რთულ აკადემიურ წინაპირობებთან და მეცნიერულ კვლევასთან არის დაკავშირებული, რაც წლებს მოითხოვს. განსაკუთრებით, განსახილველ შემთხვევაში: სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მომენიჭა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მიერ გერმანულ ენაზე წარდგენილი და დაცული დისერტაციის შედეგად, რაც ქართული ანალოგიური რეალობისაგან განსხვავებით (თუნდაც მხოლოდ ენის ფაქტორის და ასევე, ერთდროულად ქართულ და გერმანულ სამართალში გათვითცნობიერების აუცილებლობის და სხვა დამატებითი კრიტერიუმების გამო) მეტ ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს. საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი დოქტორანტურის საფეხურის გავლისა გერმანიაში და საქართველოში 3-5 წელიწადია. დოქტორანტურა, როგორც აკადემიური საფეხური მნიშვნელოვნად ზრდის და აყალიბებს მეცნიერს მეცნიერული კარიერის ფარგლებში. ამ საფეხურის გავლის გარეშე რთულია შესაბამისი „პროფესორების“ აკადემიურობასა და მეცნიერული კვლევის სტილისტიკაში გათვითცნობიერებაზე, ასევე, ზოგადად, მეცნიერულ მიღწევებზე საუბარი. შესაბამისად, ჩემი აზრით, ჩარევა თანასწორობის ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ინტენსიურია და განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები უნდა შეფასდეს ე.წ. მკაცრი ტესტით.
რაც შეეხება მკაცრი ტესტის წინაპირობებს, „მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი და რომ არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”.[4]
კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი განსახილველი ნორმების მიღებისას, კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტში ჩარევის გამართლებისათვის შესაძლოა იყოს უმაღლესი განმანათლებლო სივრცის, აგრეთვე, მეცნიერების განვითარება და ფორმირება ქვეყანაში იმგვარად, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გზა გაეხსნას ახალ თაობას და უმაღლესი განათლების სივრცე, ასევე, მეცნიერება ღია იყოს ახალი თაობის, კადრებისათვის. სხვა მიზანი, ამ შემთხვევაში, ჩემი მოსაზრებით, არ იკითხება.
ჩემი ღრმა რწმენით, ეს ნორმები ამ მიზნისათვის გამოსადეგი საშუალება არ არის. არც აუცილებელია მითოთებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და არც ჩარევაა ვიწრო გაგებით თანაზომიერი (პროპორციული) ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით.
გამოსადეგობა: მეცნიერება და უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე ვითარდება მაშინ, როდესაც მას კვალიფიციური კადრები ქმნიან. დოქტორის ხარისხის არარსებობა არის ის მნიშვნელოვანი დანაკლისი, რომელიც ახლავს ამ პროცესს სრულიად. ყველასათვის ცნობილია რა ძალისხმევას მოითხოვს პროფესორისაგან ლექციისათვის მომზადება და რომ სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვერ შეიქმნება სრულფასოვანი საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცე, თუკი პროფესორს (განსაკუთრებით, სრულ პროფესორს) აკლია დოქტორის აკადემიური ხარისხი. სწავლება კვლევის გარეშე არ არსებობს. საქართველოს და სხვა პოსტკომუნისტურ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ხშირად ადანაშაულებენ მეორადი ანუ წარმოებული მეცნიერების არსებობაში. რაც გულისხმობს შემდეგს: მეცნიერი ვერ ქმნის ახალს, იღებს რეცეფციის სახით უკვე არსებულს სხვა განვითარებული დემოკრატიებისაგან და ახდენს მის იმპლემენტაციას ხელუხლებლად, ადექვატური მორგების გარეშე საქართველოში არსებული რეალობისა. განსაკუთრებით თვალსაჩინო ეს მომენტი სამართლის და სოციალურ, აგრეთვე, პოლიტიკურ მეცნიერებებშია. თუკი კვლევის ელემენტარული გამოცდილება არ გააჩნია პროფესორს, ის აღარ არის პროფესორი. დოქტორანტურის საფეხურის ასეთი ნიველირება მიუღებელია. სწორედ ეს მდგომარეობა იწვევს ასეთი წარმოებული და მეორადი „მეცნიერების“ არსებობას, რაც საქართველოშია. მეცნიერება დამკვიდრებულის არა მხოლოდ გააზრება, არამედ სრულიად ახლის შექმნაა და ეს პროცესი მხოლოდ არსებული საკანონმდებლო თუ სხვა მოდელების რეცეფციას კი არ გულისხმობს, არამედ ჩვენი ქვეყნისათვის სათანადო, ადექვატური მოდელის შექმნაზე მეცნიერულ დისპუტს, კვლევას და მოსაზრებების ურთიერთგაცვლას. მეცნიერული გამოცდილების არარსებობისას, ეს მიზნები ვერ მიიღწევა და ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემა, ასევე, მეცნიერება ვერ შეესატყვისება თანამედროვე სტანდარტებს მსოფლიოში.
აუცილებლობა: გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის ფარგლებში არ არის აუცილებელი დისერტაციადაუცველი პროფესორების არსებობა. შესაძლებელია მათთან კონტრაქტის გაფორმება მოწვეული ლექტორის სტატუსით და ასე თანამშრომლობა. მეცნიერება, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დაემგვანოს მეცნიერებას და არ იყოს დესკრიფციულ-ემპირიულ მონაცემებამდე დაყვანილი, ანალიზის გარეშე. სადავო ნორმები აზარალებენ სწორედ იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის გამოც ისინია შემუშავებული და არა პირიქით. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. ნაკლებად მზღუდავი საშუალება იმავე მიზნის მისაღწევად - დისერტაციადაუცველი ანუ დოქტორანტურის საფეხურგაუვლელი პირი შეიძლება გახდეს ასისტენტი, მაგრამ არა პროფესორი (საიმისოდ, რომ მიღწეულ იქნეს ლეგიტიმური მიზანი). პროფესორი ხომ მაინც უნდა განირჩეოდეს სხვა პროფესორებისაგან კვლევითი გამოცდილების არსებობით საკუთარ სფეროში. რა აუცილებელია სამივე ტიპის პროფესორისათვის (ასისტენტ-, ასოცირებული და სრული პროფესორი) იგივე სტანდარტის გათვალისწინება?
ვიწრო გაგებით თანაზომიერება (პროპორციულობა): კერძო და საჯარო ინტერესები განსახილველ შემთხვევაში არ არის შესატყვისი ერთმანეთთან მიმართებით და შესაბამისად, თანაზომიერი (პროპორციული). დოქტორანტურის (ყველაზე რთული საგანმანათლებლო საფეხური) საფეხურის გავლას აზრი ეკარგება, რადგან მნიშვნელოვნად ფერხდება სწავლის და კვლევის შესაბამისი შედეგების განხორციელება საქართველოში. საჯარო უნივერსიტეტებში იშვიათად ცხადდება კონკურსი და ამასთან, ხდება, ძირითადად, არსებული პროფესურის დაწინაურება (გადანიშვნა) და არა ახალი კადრების მიღება. საჯარო განცხადებებიც კონკურსის მიმდინარეობის საფუძველზე თავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და არ არსებობს რაიმე ერთიანი საჯაროდ ცნობილი პლატფორმა საამისოდ (როგორიცაა, მაგ. საჯარო მოხელეებისათვის შექმნილი პლატფორმა - hr.gov.ge). არ არსებობს ფიქსირებული ხელფასი კერძო უნივერსიტეტებში - კანონმდებლობა ამ საკითხზე დუმს და სხვ. არ არსებობს არავითარი რამ, რაც საქართველოში დოქტორანტურის საფეხურგავლილს ამ საფეხურის გაუვლელისაგან განასხვავებს. საქართველოს კანონი „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ“ საერთოდ არ ახსენებს სიტყვებს - „დისერტაცია“ ან „პროფესორი“.
თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩარევა სამართლის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებაში არ არის ინტენსიური და გამოიყენებს რაციონალური დიფერენცირების ტესტს, ჩარევა ამავე უფლებაში, განსახილველი შემთხვევის ფარგლებში, მაინც არ არის გონივრული და არ შეესატყვისება ამ ტექსტის მოთხოვნებს შემდეგი მიზეზით:
ა) ამ ტესტის ფარგლებში თანასწორობის უფლებაში ჩარევის გამართლებისათვის საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება. სწორედ ეს წინაპირობები არ არის სახეზე. სადაბო ნორმები არ არის გონივრული დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. პირიქით, აბრკოლებს იგივე მიზნების მიღწევას და ტოვებს ქვეყანას გაუნათლებლობის უფსკრულში (გაუნათლებელი აკადემიის გათვალისწინებით), რომელიც უნდა ცდილობდეს პოსტტოტალიტარული მემკვიდრეობისაგან და აზროვნებისაგან თავის დაღწევას.
ბ) ამ ტესტის ფარგლებში თანასწორობის უფლებაში ჩარევის გამართლებისათვის აუცილებელია რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. არ არსებობს „სახრლმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“, რომელიც ამ ტიპის თანაბარ მოპყრობას არათანაბარი პირების მიმართ გაამართლებდა. სადავო ნორმების შედეგი არ არის იმ ლეგიტიმური მიზნის შესატყვისი, რაც ამ უკანასკნელთ აერთიანებს.
შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტს, ანტიკონსტიტუციურია და ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს უშუალოდ პროფესორის აკადემიურ თანამდებობასთან და სტატუსთან მიმართებით.
III. პროფესორის სტატუსი აშშ-ში
მნიშვნელოვანია მაგალითები თავისუფალი სამყაროდან და აშშ-ის მაგალითის მოხმობა ამ შემთხვევაში.
აკადემიური წოდებები შეერთებულ შტატებში მოიცავს პროფესორების, მკვლევარების და ადმინისტრაციული პერსონალის წოდებებს აკადემიაში. ფაკულტეტზე სრული განაკვეთის მქონე წევრები დოქტორის ან სხვა უმაღლესი დონის დიპლომებით (მათ შორის, დოქტორანტურის "პროფესიული ექვივალენტი" ისეთ ინსტიტუტებში, როგორიცაა კოლუმბიის უნივერსიტეტი), ეწევიან როგორც ბაკალავრიატზე, ასევე, მაგისტრატურაზე სწავლებას. მხოლოდ ამ თანამდებობებზე მყოფი პირები არიან უფლებამოსილი მიიღონ ტენორი (Tenure-Track).
ფაკულტეტისთვის (ფაკულტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს გარდა, როგორიცაა მაგ. დეკანი და სხვა ადმინისტრაციული პოზიციები პოზიციები), ტიპური თანამდებობები მოიცავს:
· დამსახურებული პროფესორი (სხვა ასეთი გამორჩეული წოდებები განსხვავდება დაწესებულების მიხედვით) – Distinguished Professor.
· პროფესორი ("სრული პროფესორი", ყველა დაწინაურების ამოწურვის შემდეგ) - Professor.
· ასოცირებული პროფესორი (საშუალო დონის, ჩვეულებრივ თანამდებობაზე მყოფი, ფაკულტეტის წევრი) - Associate Professor.
· ასისტენტ პროფესორი (როგორც წესი, საწყისი დონე პოზიციებისთვის, რომელსაც შეუძლია გახდეს ასოცირებული პროფესორი) - Assistant Professor.
სრული პროფესორი არის უმაღლესი აკადემიური წოდება, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს მეცნიერმა და ის იშვიათად მიიღწევა 40 წლის ასაკამდე. სრული პროფესორის წოდება აკისრებს დამატებით ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს აკადემიკებს, რაც უკავშირდება კომიტეტების წევრობას, რომლებიც შეზღუდულია (შედგება მხოლოდ სრული პროფესორებისაგან) სრული პროფესორებით.
პერმანენტულად სრული განაკვეთის საფაკულტეტო თანამდებობები, რომლებიც ხშირად ტენორს (Tenure-Track) არ მოიცავს, შეიძლება იყოს:
· ლექტორი, ინსტრუქტორი, მასწავლებელი პროფესორი (ჩვეულებრივ, პოზიციები, რომლებიც, შეიძლება იყოს სრულ განაკვეთზე და მოიცავს სწავლებას და შესაბამის მომსახურებას, მაგრამ არ არის ორიენტირებული კვლევაზე; ზოგჯერ ეს კატეგორიები მოიცავს შესაბამისი რანგის იერარქიას) - Lecturer, Instructor, Teaching Professor.
· კლინიკური პროფესორი, პრაქტიკის პროფესორი (ჩვეულებრივ, პოზიციები, რომლებიც შეიძლება იყოს სრულ განაკვეთზე, მაგრამ რომლის ფარგლებში სწავლება უფრო მეტად არის ფოკუსირებული პრაქტიკულ და არა მეცნიერულ გამოცდილებაზე; ზოგჯერ ამ კატეგორიებს აქვთ შესაბამისი რანგის იერარქია) - Clinical Professor, Professor of Practice.
· მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-პროფესორი - Research Associate, Research Professor. დასახელებები და სტატუსი განსხვავდება დაწესებულების მიხედვით; ეს სტატუსი ზოგჯერ ენიჭებათ პირებს, რომლებიც ასევე მუშაობენ, პარალელურად, კვლევით ინსტიტუტში, რომელიც არ არის დაკავშირებული უნივერსიტეტთან ან არიან სივრცეში, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ კვლევებს, როგორც წესი, სამეცნიერო გრანტების ფარგლებში. მკვლევარი პროფესორები, როგორც წესი, არ ასწავლიან.
· პოზიციები, რომლებიც, როგორც წესი, არის დროებითი და/ან ნახევარ განაკვეთზე, მოიცავს: დამხმარე პროფესორი, დამხმარე ინსტრუქტორი, დამხმარე ლექტორი - Adjunct Professor, Adjunct Instructor, Adjunct Lecturer. ეს პირები მსახურობენ ნახევარ განაკვეთზე და, როგორც წესი, ასევე აქტიურად მუშაობენ თავიანთ პროფესიაში (მაგ. მედიცინა, ინჟინერია, სამართალი).
· მოწვეული პროფესორები და პროფესორ-რეზიდენტები - Visiting Professorships, Professor-in-Residence. შეიძლება ასევე მოიცავდეს ასისტენტს, ასოცირებულს და სრულ დონეებს/წოდებებს. ასეთი წოდებები, როგორც წესი, გამოიყენება გარკვეული პერიოდის განმავლობაში დროებითი დანიშვნების გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ წოდებების ფაკულტეტის წევრებს შეიძლება სთხოვონ ფაკულტეტის რეგულარული როლების, სწავლების, კვლევისა და მომსახურების ყველა ასპექტის შესრულება და უნდა აკმაყოფილებდნენ იმავე პროფესიულ კრიტერიუმებს, როგორც ფაკულტეტის თანამდებობაზე მყოფი შესატყვისი სტატუსის მქონე პირები.
აშშ-ში პროფესურაში მოიაზრება, ასევე:
· ემერიტირებული პროფესორი - Professor Emeritus/Emerita. ხშირად "emeritus" (ან მდედრობითი სქესის ფორმა "emerita") გულისხმობს დაწესებულების მიერ საპატიო აღიარებას; პენსიაზე გასული ფაკულტეტის წევრები შეიძლება ემერიტირდნენ და როგორც წესი, ემერიტირდებიან.
· პროფესორი პრაქტიკული ნიშნით - Professor of Practice. ინიშნება არააკადემიურ კარიერაში შეძენილი უნარებისა და გამოცდილების გამო. ძირითადად ეწევიან სწავლებას და არ არიან ჩართულნი კვლევით საქმიანობაში. პრაქტიკოსი პროფესორები ხშირად არიან მაღალი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ უნარ-ჩვევები, რომლებიც იშვიათია აკადემიკოსებს შორის და/ან აქვთ მნიშვნელოვანი ექსპერტიზა უაღრესად სპეციფიკური თემების სწავლებაში.
ასისტენტ-პროფესორის წოდება, როგორც წესი, ენიჭება მეცნიერს გამოსაცდელი ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, რის შემდეგაც ის დაწინაურდება ასოცირებულ პროფესორად და მიენიჭება ტენორი (ე.ი. არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაუსაბუთებლად და ფორმალური მოსმენის პროცედურის გარეშე) ან შეუწყვეტენ სამუშაოს. 2007 წლის მდგომარეობით, აკადემიკთა 23,1%-ს ჰქონდა ასისტენტ-პროფესორის წოდება. ასისტენტ პროფესორის რანგში რამდენიმე წლიანი სწავლების და კვლევის შემდეგ, მეცნიერი განიხილება ტენორის ფარგლებში. რაც, როგორც წესი, წარმოადგენს უვადო დასაქმების ხელშეკრულებას და ასევე შეიძლება იყოს სრულიად ფაკულტეტის დაცვის შესაძლებლობა, რომლის კვლევები შესაძლოა იყოს სოციალურად, პოლიტიკურად ან მეცნიერულად საკამათო.
ტენორის წარმატებით მიღების შემდეგ, ასისტენტ-პროფესორს ჩვეულებრივ ამაღლებენ ასოცირებული პროფესორის წოდებაში. ეს საშუალო დონის თანამდებობა, როგორც წესი, ენიჭება მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევების შემდეგ (როგორიცაა ერთი ან მეტი წიგნის გამოქვეყნება, მრავალი კვლევითი სტატია, გარე კვლევითი გრანტის მხარდაჭერის წარმატებული პროგრამა, წარმატებული სწავლება და სხვ.) თუმცა, კონკრეტული მოთხოვნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ინსტიტუტებსა და დეპარტამენტებს შორის. 2007 წლის მონაცემებით, აკადემიკთა 22,4% ფლობს ასოცირებული პროფესორის წოდებას.
ალტერნატიულად, პირი შეიძლება დასაქმდეს ასოცირებულ პროფესორის დონეზე ტენორის გარეშე. თუ აპლიკანტი დაინიშნება ასოცირებული პროფესორის რანგში ტენორის გარეშე, ეს თანამდებობა, როგორც წესი, გულისხმობს მოლოდინს, რომ პირი მალე მიიღებს ტენორს.
უნივერსიტეტში და აკადემიურ დისციპლინაში მეცნიერული მიღწევების მდგრადი და გამორჩეული მიღწევების საფუძველზე, ასოცირებული პროფესორი შეიძლება დაწინაურდეს პროფესორად (ზოგჯერ მოიხსენიება როგორც "სრული პროფესორი").
პროფესორის წოდება ყველაზე მაღალია სტანდარტულ აკადემიურ წოდებებს შორის შეერთებულ შტატებში და მას უჭირავს აშშ-ს აკადემიკების 29,5%. პროფესორის რანგში წინსვლა, როგორც წესი, მოიცავს ადმინისტრაციულ მოვალეობებს (მაგ., დეპარტამენტის თავმჯდომარე, დეკანი და სხვ.) ან საპატიო წოდების ან დაჯილდოებული კათედრის შერჩევას.
ამერიკელი სრული პროფესორების საშუალო ასაკი (2006 წელს) იყო დაახლოებით 55 წელი. ძალიან ცოტა ახერხებს ამ თანამდებობის მიღებას 40 წლამდე. სრული პროფესორების წლიური ხელფასი საშუალოდ 99000 აშშ დოლარს შეადგენს (გარდა გრანტებისა და კონსულტაციების გვერდითი შემოსავლის ჩათვლით, რაც შეიძლება. იყოს მნიშვნელოვანი ზოგიერთ სფეროში).
ხელფასის ზრდის გარდა, ყოველი დაწინაურების ნაბიჯი ასევე იწვევს გაზრდილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ცვლილებები კომპენსირდება სწავლების ან კვლევის შემცირებული მოლოდინებით.
სრული პროფესორი, რომელიც პენსიაზე გადის შეიძლება მოიხსენიებოდეს როგორც პროფესორი ემერიტუსი (მამაკაცის შემთხვევაში), ან პროფესორი ემერიტა (ქალის შემთხვევაში). ეს წოდება ენიჭებათ პენსიაზე გასულ პროფესორებსაც, რომლებიც აგრძელებენ სწავლებას. ტიტული შეიძლება ასევე მიენიჭოს სრულ პროფესორებს, რომლებიც წავიდნენ სხვა სასწავლებელში, მაგრამ კვლავ მუშაობენ სრულ განაკვეთზე. ზოგიერთ სისტემაში ეს წოდება ენიჭება ყველა პროფესორს, ვინც პენსიაზე გავიდა კარგი სტატუსით, ზოგიერთში კი ამას სპეციალური აქტი ან ხმის მიცემის პროცედურა სჭირდება. ადგილობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ემერიტირებულ პროფესორებს შეუძლიათ შეინარჩუნონ საოფისე ფართი ან სხვა პრივილეგიები.
სპეციფიკური ტიტულები, როგორიცაა "პრეზიდენტის პროფესორი", "უნივერსიტეტის პროფესორი", "გამორჩეული პროფესორი", "გამორჩეული მკვლევარი პროფესორი", "გამორჩეული მასწავლებელი პროფესორი", "გამორჩეული უნივერსიტეტის პროფესორი", ან "რეგენტი პროფესორი" ენიჭებათ მაღალი თანამდებობის პირთა მცირე პროცენტს, რომლებიც განიხილება, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვლევის შესაბამისი სფეროების მიხედვით. ზოგიერთი დაწესებულება ანიჭებს უფრო სპეციფიკურ ტიტულებს, როგორიცაა M.I.T.-ის „ინსტიტუტის პროფესორი“, იელის უნივერსიტეტის „სტერლინგის პროფესორი“ ან დიუკის უნივერსიტეტის „ჯეიმს ბ. დიუკის პროფესორი“.
ზოგიერთ აკადემიურ და/ან მეცნიერულ ორგანიზაციას ასევე შეუძლია მიენიჭოს წოდება „გამორჩეული პროფესორი“ აკადემიური კარიერის განმავლობაში მიღწეული მიღწევების აღიარებისთვის. მაგალითად, არქიტექტურის კოლეგიური სკოლების ასოციაცია ყოველწლიურად აღიარებს ხუთამდე პროფესორს შეერთებული შტატებისა და კანადის არქიტექტურის სკოლებში ACSA-ს გამორჩეული პროფესორის ჯილდოთი.
"დასახელებული კათედრის" ("named chair") ან "დაჯილდოებული კათედრის" ("endowed chair") ფარგლებში მოქმედი პროფესორი, რომელსაც უკავია სპეციფიური თანამდებობა უნივერსიტეტის სისტემაში, როგორც წესი, არის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც ფინანსურად არის მხარდაჭერილი საინვესტიციო პორტფელით (ანუ ფონდი), რომელიც თავდაპირველად შეიქმნა შემოწირული სახსრებით. ფირმა, პიროვნება ან პირთა ჯგუფი აჯილდოებს კათედრებს, რომლებიც როგორც წესი, მოიცავს იმ პირთა ან ერთეულთა დასახელებას, ვინც შემოწირა ეს თანხები, ან იმ პირის დასახელებას, ვისი საპატივსაცემოდ იყო შემოწირული თანხა, როგორიცაა მაგ. ამ ინსტიტუტის გამორჩეული ემერიტუს პროფესორი. დაჯილდოებული კათედრები საუკეთესოდ კლასიფიცირდება როგორც თანამდებობები, ვიდრე კარიერული წოდებები, რადგან სხვადასხვა რანგის პროფესორებს შეუძლიათ ასეთი კათედრის ხელმძღვანელობა. კათედრის ფონდიდან მიღებული საინვესტიციო შემოსავალი, როგორც წესი, გამოიყენება პროფესორის ხელფასის შესავსებად, წლიური ბიუჯეტის უზრუნველსაყოფად, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პროფესორის კვლევითი საქმიანობის მხარდასაჭერად, ან ორივე ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ტენორირებულ პროფესორს გააჩნია დოქტორის ხარისხი, საგამონაკლისო წესით, ზოგიერთ მეცნიერს მის გარეშე მიენიჭა აკადემიური თანამდებობა აშშ-ში: ჯეი ფორესტერს (ელექტრო ინჟინერია, M.I.T.) ჰქონდა მხოლოდ მაგისტრის ხარისხი; საულ კრიპკეს (ფილოსოფია, როკფელერი) და ენდრიუ გლისონს (მათემატიკა, ჰარვარდი) მხოლოდ ბაკალავრის ხარისხი ჰქონდათ; ედვარდ ფრედკინს (კომპიუტერულ მეცნიერებათა, M.I.T.) და ერიკ ერიქსონს (ფსიქოლოგია, ჰარვარდი) ბაკალავრის ხარისხიც კი არ ჰქონდათ. დოქტორის გარეშე თანამდებობა გარკვეულწილად უფრო ხშირია მხატვრული კომპონენტის მქონე სფეროებში, როგორიცაა ჰოვარდ ნემეროვი (პოეზია, ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ ლუისში) და კოლინ როუ (არქიტექტურული ისტორია და თეორია, კორნელი). მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე დოქტორის ხარისხის გარეშე პროფესორის სტატუსის მინიჭება უფრო ხშირი იყო.
შესაბამისად, აშშ-ში დოქტორის აკადემიური ხარისხის გარეშე ტენორირება პროფესორისა (ასოც. და განსაკუთრებით, სრული პროფესორის რანგში) უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადგენს, რაც ფაქტობრივად, მაშინ ხდება, თუკი ადგილი აქვს, ზოგადად, შეუდარებელი ინტელექტის (გენიოსის) აღმოჩენას.
რაც შეეხება ევროპულ კონტექსტს, საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქ დისერტაციის გარდა პროფესორს ხშირად საერთოდ ჰაბილიტირებაც მოეთხოვება (მაგ. გერმანია). ჰაბილიტაცია მოცულობითი კვლევითი ნაშრომია, რომელიც დოქტორანტურის შემდგომ საფეხურს (დისერტაციის დაცვის შემდეგ) წარმოადგენს მეცნიერის აკადემიურ კარიერაში. და სამართლის სფეროში წარმოუდგენელია შემთხვევა, ერთი და იგივე სტატუსი გააჩნდეს პრაქტიკული ნიშნით შერჩეულ მოწვეულ ლექტორს და მეცნიერ პროფესორს, როდესაც ეს უკანასკნელი ფლობს არათუ დოქტორის აკადემიურ ხარისხს, არამედ დაცული აქვს საერთოდ ჰაბილიტაციაც.
IV. დასკვნა
უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ზემოაღნიშნული ნორმატივების გათვალისწინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტთან შეუსაბამოა, ანტიკონსტიტუციურია და უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
ყოველივე ზემოაღნიშნული და უშუალოდ ამავე კანონის არსებული რედაქცია პრობლემურია რამდენიმე მიმართულებით:
1. თუკი პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავება სურს პირს და მეცნიერებაში დარჩენა, დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის გავლა მაგისტრატურის საფეხურის შემდეგ - მიზანი ვერ რეალიზდება, რადგან როგორც საჯარო, ასევე, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლოა გახდე არათუ ასისტენტ-, არამედ, ასოცირებული და სრული პროფესორი ამ საგანმანათლებლო საფეხურის (დოქტორანტურა) და დისერტაციის დაცვის გარეშე. ერთადერთი გამონაკლისი საქართველოში არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ, რომელიც საკუთარი ინიციატივით არ უშვებს ამგვარ პარქტიკას.
2. პირი ასისტენტ-, ასოცირებული და სრული პროფესორი შეიძლება გახდეს დისერტაციის დაცვის გარეშე (პრაქტიკული გამოცდილების აღიარებით, რაც მეცნიერულ წარსულს ან აწმყოს და შესაბამისად, ვერც მომავალს არ ნიშნავს). ასეთი კადრები შედიან აკადემიურ საბჭოებშიც. კანონი ამას დასაშვებად აცხადებს. არსებობს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“, რომელშიც საერთოდ არ ფიგურირებს სიტყვა „პროფესორი“ ან „დისერტაცია“.
3. სახელფასო განაკვეთები გასაჩივრებული კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ საჯარო უნივერსიტეტების პროფესურისათვის. კერძო უნივერსიტეტების პროფესურაზე არაფერია ნათქვამი, რაც დისკრიმინაციას იწვევს - უმრავლესობა კერძო უნივერსიტეტებში საათობრივ განაკვეთზეა და არ გააჩნია ფიქსირებული ხელფასი. აღსანიშნავია, რომ გარდა სალექციო საათებისა, პროფესორი აწარმოებს კვლევას, რაც აფილირების შემთხვევაში შესაბამის უნივერსიტეტს მიეწერება. და თუნდაც ე.წ. სტატიკურ მდგომარეობაში ყოფნისას, ლექციების წაკითხვის გარეშე, მას უნდა გააჩნდეს შესატყვისი ხელფასი.
4. საჯარო უნივერსიტეტებში კონკურსები იშვიათად ცხადდება. ადგილი აქვს, ძირითადად, არსებული კადრების დაწინაურებას ანუ გადანიშვნებს, რაც ახალგაზრდა აკადემიკებს აიძულებს კერძო უნივერსიტეტებს მიმართოს, სადაც არ არის ფიქსირებული ხელფასები (როგორც წესი).
5. კერძო უნივერსიტეტებში რატომღაც ბევრად ძვირია სწავლა - მიუხედავად ამისა, საათობროვი ანაზღაურებაა არსებითი წყარო აკადემიისათვის და არსებითად, არ არსებობს ფიქსირებული ხელფასები.
6. ყოველივე ეს იწვევს იმას, რომ კერძო უნივერსიტეტები მოკლებულია მეცნიერულ კონტექტსს და არსებითად, კვლევას. თითქმის არ არსებობს საუნივერსიტეტო კათედრების ფენომენი კერძო უნივერსიტეტებში.
7. ყოველივე ეს იწვევს გრადაციას განათლების ხარისხისას საჯარო და საუნივერსიტეტო სივრცეებში და სტუდენტთა მიმართ ირღვევა უფლება ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე.
8. ამ კანონმდებლობით (მაქსიმალური მანევრირების შესაძლებლობა კერძო უნივერსიტეტებისათვის) სარგებლობენ კერძო უნივერსიტეტები და ხდებიან კონიუნქტურულნი - სურვილისამებრ, ნიშნავენ ხელფასებს პროფესურისათვის და ხშირია შემთხვევა, როდესაც დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონეს ფიქსირებული ხელფასი აქვს და დოქტორის ხარისხის მქონეს - მხოლოდ საათობრივი ანაზღაურება. თითქოს საკმარისი არ იყოს, რომ ორივეს პროფესორის სტატუსი აქვს მინიჭებული.
9. არ არსებობს კვლევითი სემესტრები (Sabbatical) და საზღვარგარეთ კვლევითი მიზნით გამგზავრებულ პროფესურას (საიმისოდ, რომ დაიწეროს სტატია ან მონოგრაფია საბიბლიოთეკო რესურსები საქართველოში უკიდურესად მწირია და თითქმის არ არსებობს. ყველა ბიბლიოთეკას ვგულისხმობ), იმ მიზნით, რომ გაიზარდოს, დაიხვეწოს, განვითარდეს და მოამზადოს ახალი სალექციო კურსები ან მიმდინარე სალექციო კურსები განავითაროს - ჩამოსვლისას კარს უხურავენ და ამცირებენ - მის ადგილზე არაკვალიფიციური კადრების დაწინაურებით. თითქოს უნივერსიტეტის ნაწილი აღარ ხარ, მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ამავე უნივერსიტეტსს სახელი გაუთქვი (როგორც აფილირებულმა პროფესორმა, რომელიც მხოლოდ უნივერსიტეტის სახელით აწარმოებს კვლევას) და არ იღლები მონური შრომით ლექციების კითხვისას მწირი საათობრივი ანაზღაურების ფარგლებში.
10. უნივერსიტეტებისადმი ეს მიუღებელი მიდგომა (დოქტორის აკადემიური ხარისხის არმოთხოვნა პროფესურისათვის) იწვევს ამ სფეროში აკადემიის პოლიტიზაციას და პოლარიზაციას - პოლიტიკურ პროზელიტიზმს სტუდენტების მისამართით. სტუდენტი გონება tabula rasa-ა - მარტივია მისით პოლიტიკური მანიპულირება. და დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე „პროფესორი“, რომელსაც თავად არ გააჩნია მეცნიერული კვლევის გამოცდილება - ვერ ახერხებს პოლიტიკისაგან დისტანცირებას და ეს ყველაფერი საბოლოოდ აკადემიის და საუნივერსიტეტო სივცრის პოლარიზაციას იწვევს. უნივერსიტეტები (განსაკუთრებით, კერძო სექტორში) იქცნენ კონინუქტურად და ლამის პოლიტიკურ სატელიტებად.
გარდა ამისა, ირღვევა მეცნიერებისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპი - წოდების და სტატუსის, ასევე, ანაზღაურებით ვერავინ გაარჩევს პროფესორს დაცული აქვს თუ არა დისერტაცია (ან სად დაიცვა) და იკვლევს თუ არა რამეს. შესაბამისად, ნამდვილი აკადემია და მეცნიერება ქვეყანაში, უბრალოდ, იდევნება. რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
მეცნიერება ერთადერთია და უმაღლესი განათლება (ცოდნა), რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის და აწმყოს შეცვლა ძალუძს. და სწორედ ეს სივრცე უნდა იყოს რეგულირებული ყველაზე ადექვატურად და თანამედროვე სამართლებრივ, აგრეთვე, საგანმანათლებლო და მეცნიერულ სტანდარტებთან შესატყვისად საქართველოში.
[1] ტენორი არის აკადემიური დანიშვნის კატეგორია, რომელიც არსებობს ზოგიერთ ქვეყანაში. ტენორი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ საგანგებო გარემოებებში, როგორიცაა ფინანსური აუცილებლობა ან პროგრამის შეწყვეტა. ეს თანამდებობა არის აკადემიური თავისუფლების პრინციპის დაცვის შესაძლებლობა, რომლის შესაბამისად, საზოგადოებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანია, თუკი მეცნიერები თავისუფალნი იქნებიან მსოფლმხედველობრივი და ზოგადად, ნებისმიერი წნეხისაგან. ტენორი ნიშნავს პროცესს აკადემიური კარიერისა უნივერსიტეტებში. სტაჟირების ეს გზა ნიშნავს უვადო პროფესორის (ან უვადოდ თანამდებობის) მიღების შანსს შეზღუდული გამოსაცდელი ვადის შემდეგ. როგორც წესი, ეს გულისხმობს დაწინაურებას პროფესორის რანგში (როგორც წესი, ასისტენტი – ასოცირებული – სრული პროფესორი).
[2] იხ. Hoogendijk v. The Netherlands (No. 58641/00), 6.1.2005; ე. გოცირიძე, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის კომენტარი, 2013, გვ. 59-დან; ბ. ლოლაძე, ა. ფირცხალაშვილი, ძირითადი უფლებები, კომენტარი, 2023, მე-11 მუხლი, გვ. 155-დან.
[3] 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები "ახალი მემარჯვენეები" და "საქართველოს კონსერვატიული პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (Nr. 1/1/493), II-5, 6.
[4] იქვე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა