ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1904 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე, |
| ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ |
| თარიღი | 20 ოქტომბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება: „შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაღებულ ისეთ ფულად თანხაზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით გაცემულ ისეთ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე (მათ შორის, შეღავათიან კრედიტზე) ან გაწეულ ისეთ მომსახურებაზე, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი თანხის, ფასეულობის ან/და მომსახურების მიმღები სუბიექტი.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.“ |
| „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ბ,“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები: „1. დაუშვებელია შემოწირულების მიღება: ა) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან; ბ) საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან; გ) საჯარო დაწესებულებისგან; დ) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან;“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.“ |
| „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი: „6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს) საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო. ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდის მეშვეობით ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.“ | საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ |
| „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი: „ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიებები: გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-4 პუნქტი: „ანტიკორუფციული ბიურო ამ მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“ | საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ |
| „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის პირველი პუნქტი: „1. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის დამალვა − გამოიწვევს ამ შემოწირულების/საწევრო შენატანის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის დაჯარიმებას აღნიშნული შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.“ |
| „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-5 პუნქტი 5. ანტიკორუფციული ბიუროსთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან კანონის თანახმად პარტიისთვის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის მიცემული შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარით. | საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
1. მედიის განვითარების ფონდის მიმართ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული ბრძანებები
სარჩელს თან ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის საქმე №3/4683-25-ზე მიღებული ბრძანება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. ბრძანებაში აღნიშნულია:
„2025 წლის 17 ივნისს სსიპ „ანტიკორუფციულმა ბიურომ“ შუამდგომლობით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2015 მუხლით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-61 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ინფორმაციის გამოთხოვა მოითხოვა.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
... (გამოტოვებულია ციტატა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, დავის საგანთან შეხების არქონის გამო)
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია, პარტიის ან გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიება - საჯარო დაწესებულებისაგან, ფიზიკური პირისაგან, იურიდიული პირისაგან (მათ შორის საგადასახადო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისაგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემის და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა (ბრძანების მე-3 გვერდის მე-2 აბზაცი).
აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი დადგენილია, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამ მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო იურიდიული პირის შემთხვევაში - იურიდიული პირის რეგისტრაციის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვის ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“ (ბრძანების მე-3 გვერდის მე-3 აბზაცი) ... („გრანტების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 05 აგვისტოს №5 ბრძანების ციტატა გამოტოვებულია ამ საქმეზე დავის საგანთან შემხებლობის არქონის გამო).
მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ შუამდგომლობა საფუძვლიანი და დასაბუთებულია, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს (ბრძანების მე-4 გვერდი მე-3 აბზაცი).
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2013 მუხლით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-61 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით და ბრძანებს (ბრძანების 4-5 გვერდები):
... 7 ა(ა)იპ „მედიის განვითრების ფონდისაგან“ (ს/ნ 204553937) გამოთხოვილი იქნეს საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან (მათ შორის საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუციასთან, უცხო ქვეყნის მთავრობასთან ან მის წარმომადგენლობასთან, უცხოეთში ან/და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან, აგრეთვე ფიზიკურ პირთან თანამშრომლობის ფარგლებში 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში დადებულ ან/და მოქმედ ყველა, მათ შორის, საგრანტო ხელშეკრულებასთან, შეთანხმებასთან, აგრეთვე, აღნიშნული ხელშეკრულებების/შეთანხმების ფარგლებში და მიზნებისათვის დადებულ ან/და მოქმედ ყველა ხელშეკრულებასთან, შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია, მათ შორის (ბრძანების მე-5 გვერდი. (... ციტატა გამოტოვებულია)
7.5. ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის აღწერილობის, მიზნების, განხორციელების თარიღის, ადგილის, დროის, ბენეფიციარების, მონაწილე პირების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მიღწეული შედეგებისა და აქტივობის ამსახველი ვიდეო-ფოტო მასალის მითითებით;“ (ბრძანების მე-6 გვერდი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს ბრძანება მიუთითებს, რომ მოსარჩელე მედიის განვითარების ფონდზე უკვე გავრცელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება. ეს ნორმები სადავოდ არის ქცეული ამ საქმეში. მედიის განვითარების ფონდი არ არის პოლიტიკური პარტია, ის არის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაცია. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს საიდუმლო, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის ან სხვა პერსონალური მონაცემის გამოთხოვის შესაძლებლობას პოლიტიკური პარტიის და საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტისაგან.
მედიის განვითარების ფონდი არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებიდან არ იკვეთება, მიიჩნია თუ არა ამ სასამართლომ მედიის განვითარების ფონდი გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად. სარჩელს თან ერთვის 2025 წლის 26 ივნისის საქმე №3ბ/2010-25-ზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანება. ამ ბრძანებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის მედიის განვითარების ფონდთან დაკავშირებული ბრძანება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ბრძანების მე-5 გვერდი). ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ბრძანება თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა (ბრძანების მე-11 გვერდი სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი). 2025 წლის 26 ივნისის საქმე №3ბ/2010-25-ზე მიღებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანების მე-7 გვერდზე ციტირებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-2015 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. ციტატაში სიტყვები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ შავად არის მონიშნული (გაბოლდებულია). აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მედიის განვითარების ფონდი „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ პირად მიიჩნია (სიტყვები „პოლიტიკური პარტია“ და „საარჩევნო სუბიექტი“ არ არის გაბოლდებული).
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-71 მუხლის თანახმად, განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ. მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, თამარ კინწურაშვილს არასოდეს გამოუხატავს სურვილი, არჩევნების გზით დაეკავებინა პოლიტიკური თანამდებობა საქართველოს პარლამენტში ან რომელიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ან მერად. ასეთი სურვილი, ნება ანტიკორუფციულმა ბიურომ ვერ დაადგინა 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით ანუ იმ პერიოდში, როცა მან მოითხოვა საიდუმლო ინფორმაცია, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი ან სხვა პერსონალური მონაცემი მოსარჩელისაგან. საქმის მასალების მიხედვით, რასაც ქვემოთ დეტალურად გავშლით, ანტიკორუფციული ბიურო არ ედავება თამარ კინწურაშვილს იმაში, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის განზრახვა ჰქონდა. რაც შეეხება მედიის განვითარების ფონდს, ეს უკანასკნელი პოლიტიკური პარტია არ არის, ამიტომ არჩვენებში თეორიულადაც კი ვერ მიიღებს მონაწილეობას.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკა „საარჩევნო მიზნის მქონე პირთან“ დაკავშირებით
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-71 მუხლის, სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობის მიღმა, არსებობს ასეთი ტიპის საქმეებზე საბოლოო ინსტანციის სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს Contra Legem (ნორმის სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობის საწინააღმდეგო) განმარტება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმგვარად ფართოდ განმარტა საარჩევნო მიზნის მქონე პირის ცნება, რომ მასში მოაქცია როგორც სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც თეორიულადაც კი არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ისე ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ლიბერთი ბანკის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად: „საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის N1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე ლიბერთი ბანკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-16).
2024 წლის 17 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიღო ბრძანება №3ბ/2528-24 საქმეზე (იხილეთ დანართი). ეს ბრძანება მიღებული იქნა ა(ა)იპ „აირჩიე ევროპას,“ ხათუნა ლაგაზიძის, ლელა ჯეჯლავას, ნიკოლოზ შურღაიას, ივა ჭყონიას და გიორგი რუხაძის საჩივრის საფუძველზე. მომჩივნების მოწინააღმდეგე მხარე იყო ანტიკორუფციული ბიურო, დავის საგანს წარმოადგენდა ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა. ამ საქმეზე გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების პირველი გვერდი). სააპელაციო სასამართლოს ბრძანებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შუამდგომლობა და საქართველოში არსებულ საბანკო დაწესებულებებს მოსთხოვა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 26 ივლისის ჩათვლით მომჩივანების ანგარიშებზე წარმოებული გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსათვის გადაცემა. ამ ღონისძიების გამოყენების მიზეზი გახდა ის, რომ 2024 წლის 11 ივლისს ქალაქ თბილისში, „კოკა-კოლა ივენთ ჰოლში“ გაიმართა ახალი სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაცია. მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ თანადამფუძნებელმა და ამავე დროს შემდგომში ა(ა)იპ „აირჩიე ევროპის“ დირექტორმა - ხათუნა ლაგაზიძემ გახსნა შეხვედრა და დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ ფუძნდება ახალი სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა,“ (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მეორე გვერდი)
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სხვა პირებმაც, მათ შორის, სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ თანადამფუძნებლებმა გიორგი რუხაძემ, ლელა ჯეჯელავამ, ნიკოლოზ შურღაიამ, ივა ჭყონიამ და შალვა ძებისაშვილმა. პრეზენტაციაზე გავიდა ვიდეო რგოლი, რომელშიც ითქვა: „დღეს, ისე როგორც არასდროს, ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ოცნების ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა არა მარტო გვაშორებს სასურველ მიზანს, არამედ აქამდე მიღწეული ყველა ევროპული სიკეთის დაკარგვის რეალურ საფრთხეს ქმნის.“ (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების 2-3 გვერდები)
სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპას“ აქვს ოფიციალური ვებ-გვერდი სახელწოდებით „voterforeu.ge,” სადაც განთავსებულია პროექტების ჩამონათვალი და მათი მიზნები, კერძოდ, პროექტები: „აირჩიე ევროპა,“ „ევროპამობილი,“ „თაობები ევროპული მომავლისათვის“ „ემიგრანტების ხმა,“ „ევროპის ახალგაზრდა ელჩები“ (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მე-3 გვერდი).
აღნიშნული პროექტის მიზანია დიდ ქალაქებში დიდმასშტაბიანი საინფორმაციო შეხვედრებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ევროპამობილებით გადაადგილება 200-ზე მეტ ქალაქში, დაბაში და სოფელში, საზოგადოებისათვის ცნობილ სხვადასხვა პროფესიის გამორჩეულ წარმომდგენლებთან ერთად, რომლებიც მოსახლეობას აუხსნიან თუ რატომ და როგორ ავირჩიოთ ევროპა. უწყვეტი მარათონის - თაობები საქართველოს ევროპული მომავლისათვის შექმნა, სადაც ყველა თაობის გამორჩეული წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ პოზიციას. ემიგრანტების ხმა იქნება კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო რეგისტრაციაში, არჩევნებში მათი ჩართულობის ზრდასა და ხმების დაცვაში დახმარება (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მე-3 გვერდი)..
სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ თანადამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ 2024 წლის 13 ივლისს „მთავარი არხის“ გადაცემა დღის სტუმარში ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე და განმარტა: „სიმართლე გითხრათ, ამ დიდი პრეზენტაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ესეც იყო, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენებში გაეღვიძებინა არა მარტო ინტერესი, არამედ იმედი, რაც აუცილებელია ქართული ოცნების დასამარცხებლად.“ (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მე-3 გვერდი).
მოძრაობა „აირჩიე ევროპამ“ დაფუძნების დღიდან, მის ოფიციალურ „facebook“ გვერდზე - „აირჩიე ევროპა - Voice for Europe” განათავსა არაერთი ვიდეორგოლი, რომელიც დაკავშირებულია გარკვეული სახის ხარჯებთან და რომელთა შინაარსი ეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მე-3 გვერდი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას წარმოადგენდა შემდეგი: „სასამართლოს მითითებით, 2024 წლის 11 ივლისიდან დღემდე მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ და შემდგომ უკვე ა(ა)იპ „აირჩიე ევროპის“ საქმიანობა დაკავშირებულია ისეთ წინასაარჩევნო პოლიტიკურ მოქმედებებთან, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისაგან თავის შეკავების მიზანს, ამ მიზნის მისაღწევად „აირჩიე ევროპა“ იყენებს როგორც ადამიანურ, ასევე მატერიალურ რესურსს (გამართული პრეზენტაციები, მოსახლეობასთან შეხვედრა რეგიონებში, მუსიკალური აქციის მოწყობა, ვიდეორგოლების გადაღება და ა.შ), რაც დაკავშირებულია, ფინანსურ ხარჯთან. აღნიშნული რესურსი მოხმარდა მოსახლეობაში განწყობების ჩამოყალიბებას და მათი აზრის ფორმირებას მოახლოვებულ არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სავარაუდოდ, სახეზეა ორგანზიაცია „აირჩიე ევროპის“ ფინანსური ხარჯი ერთი პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მე-8 გვერდი).
ამგვარად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ „აირჩიე ევროპის“ და მისი დამფუძნებლების მიერ გაწეული ხარჯი იყო შემოწირულობა, რაც მიმართული იყო ერთი საარჩევნო სუბიექტის - „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად (მხარდაჭერისგან თავის შესაკევებლად). ამ პოზიციის დასასაბუთებლად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტზე (იხილეთ№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მე-7 პუნქტი). ეს ნორმა სადავოდ არის ქცეული ამ სარჩელით და ითვალისწინებს შემოწირულობად ისეთი ხარჯის მიჩნევას, რომელიც ხმარდება საარჩევნო სუბიექტის არჩევისაგან თავის შეკავებას. თანაც ეს სადავო ნორმა მიუთითებს შემდეგზე - ფული, ქონება, მომსახურება ან საქონელი, რაც იხარჯება საარჩევნო სუბიექტის არჩევისაგან თავის შეკავებისათვის, არ უნდა იყოს პარტიის საკუთრება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ფული შეიძლება დახარჯოს ისეთმა სუბიექტმა, რომელიც პარტიას არ წარმოადგენს. ეს არის კერძო ფიზიკური პირი ან არასამთავრობო ორგანიზაცია. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პარტიის არჩევის საწინააღმდეგოდ გაწეული ხარჯი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით, არის წინასაარჩევნო შემოწირულობა. ეს გარემოება ყველაზე მკაფიოდ თბილისის საპელაციო სასამართლომ დაადგინა. ამ გარემოების დამადასტურებელი ციტატა ქვემოთ იქნება მოყვანილი.
საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა ბრძანება „აირჩიე ევროპის“ და მისი წევრების საბანკო ანგარიშების შესამოწმებლად, რათა დადგენილიყო, რა თანხა იხარჯებოდა ამ ორგანიზაციის აქტივობაზე, რაც მიმართული იყო „ქართული ოცნების“ არჩევისაგან თავის შესაკავებლად (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მე-8 გვერდი).
„აირჩიე ევროპის“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოთ ხსენებული ბრძანება გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მომჩივნები აცხადებნენ, რომ არ წარმოადგენენ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სუბიექტებს (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მე-9 გვერდი). მომჩივან ფიზიკურ პირთა საჩივარში აღნიშნული იყო: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული, ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ფიზიკურ პირზე ამ კანონთან ერთად ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი ნორმები. საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ეს ნორმა ცალსახად ადგენს, რომ ამ კანონის ნორმები მხოლოდ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის“ მქონე სუბიექტებზე ვრცელდება (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მე-9 გვერდი)..
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 71 მუხლის თანახმად, განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ. ამდენად, სასამართლოს ფაქტობრივ გარემოებად უნდა დაედგინა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორები არიან „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები,“ ე.ი. უნდა დაედგინა, რომ აღნიშნულ პირებს საჯაროდ გამოხატული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, რასაც ადგილი არ ჰქონია (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების 9-10 გვერდები).
საჩივრის ავტორები დამატებით მიუთითებენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში პირველად ტარდება სრულად პროპორციული არჩევნები, სადაც ფიზიკური პირები კანდიდატებად ფიზიკურად ვერ დარეგისტრირდებიან, თუნდაც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დიდი სურვილი ამოძრავებდეთ. რადგან არც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, არც „საარჩევნო კოდექსით“ და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტით განსაზღვრული არ არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფიზიკური პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესაძლებლობა. შესაბამისად, არც იმის თეორიული ალბათობა არსებობს, რომ ფიზიკური პირები ხათუნა ლაგაზიძე და ლელა ჯეჯელავა ხელისუფლებაში მოვიდნენ, შესაბამისად, აღნიშნული პირები ისედაც ვერ მოექცევიან „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ ფიზიკურ პირთა კატეგორიაში, რის გამოც მათზე ვერ გავრცელდება ის რეგულაციები, რასაც ანტიკორუფციული ბიურო და საქალაქო სასამართლო უკანონოდ ითხოვენ (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მე-11 გვერდი).
ნიკოლოზ შურღაიას, ივანე ჭყონიას და გიორგი რუხაძის ცალკე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია: აპელანტები იძულებული არიან, ამტკიცონ, რომ თითოეული განცხადების შემტანი ... ფიზიკური პირია და არა პოლიტიკური პარტია. საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს გასაჩივრებულ ბრძანებაში, არსად არის მითითება, რომ საქალაქო სასამართლომ დაადგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ რომელიმე განცხადების შემტანს არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი სადმე დაეფისირებინა. არც ნიკოლოზ შურღაიას, არც ივანე ჭყონიას და არც გიორგი რუხაძეს მსგავსი განცხადება არსად არ გაუკეთებია და რაც ბუნებაში არ არსებობს, ამას ვერც ანტიკორუფციული ბიურო ვერ წარადგენდა.“ (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მე-14 გვერდი).
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა არგუმენტს - რომ მათ არ გამოუხატავთ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი და ამის გამო, არ არიან „საარჩევნო მიზნის მქონე“ სუბიექტები და ანტიკორუფციულ ბიუროს არ ჰქონდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე პერსონალური მონაცემების გამოთხოვის უფლება - უპასუხა შემდეგი მოტივაციით:
„პალატა ვერ გაიზიარებს მომჩივანთა პოზიციას მასზე, რომ ისინი არ არიან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სუბიექტები, ამასთან ისინი არ არიან „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები,“ რამდენადაც ადგილი არ ჰქონია მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ, არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს. პალატა მიიჩნევს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 71 მუხლით განსაზღვრული „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“ განმარტებული უნდა იქნეს ლოგიკურ ჭრილში, სისტემურად და არა სიტყვა-სიტყვითი გაგებით (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების მე-20 გვერდი).
პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის №ბს-348-345 (კ-11) განჩინებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით, კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად კანონის განმარტებისას დადგენილი უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისმხობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას. ერთიანობის პრინციპს - ყველა ნორმა წაკითხული უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად მოცემულ შემთხვევაში, კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების 21-ე გვერდი).
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „აირჩიე ევროპა“ არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით, გაცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები, რაც დადასტურებულია აღნიშნული მოძრაობის წევრთა მიერ გამართულ პრეზენტაციებზე, მოსახლებასთან შეხვედრებსა თუ მედია სივრცეში გაკეთებულ განცხადებებში. პალატა განმარტავს, რომ მოძრაობის წევრთა - მომჩივანთა მიერ მედია სივრცეში თუ საჯარო შეხვედრებზე გამოხატული პოზიცია მოძრაობის საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ და იძლევა საფუძველს იმისა, რომ ისინი მიჩნეული იქნენ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.“ (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების 21-ე გვერდი).
პალატა ყურადღებას ამახვილებს მოძრაობის თანადამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ხათუნა ლაგაზიძის მიერ მედია სივრცეში გამოხატულ პოზიციაზე, რომლის შესაბამისადაც მოძრაობის პრეზენტაციის მთავარი მიზანი საზოგადოების ფართო ფენებში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამარცხების ინტერესის და იმედის გაღვიძებაა. ამდენად მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ საქმიანობა დაკავშირებულია წინასაარჩევნო პოლიტიკურ მოქმედებასთან, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისაგან თავის შეკავების მიზანს, ხოლო ამ მიზნით მათ მიერ გამოყენებული მატერიალური ან ადამიანური რესურსები მოხმარდა მოსახლეობაში განწყობის ჩამოყალიბებას და აზრის ფორმირებას მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ამდენად სახეზეა მოძრაობის მიერ ფინანსური ხარჯის გაწევა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. (№3ბ/2528-24 საქმეზე ბრძანების 21-ე გვერდი).
ამგვარად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თავადაც აღიარა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 71 მუხლს განმარტავს სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობის საწინააღმდეგოდ (contra legem). როცა კანონის სიტყვა-სიტყვითი წაკითხით, საარჩევნო მიზნის მქონე პირს წარმოადგენს ისეთი სუბიექტი, რომელსაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის განზრახვა, განმარტების სხვა მეთოდის, სავარაუდოდ სისტემური და ტელეოლოგიური ინტერპრეტაციის გამოყენებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად თვლის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, ისე მის ხელმძღვანელს და მისი სახელით მოსაუბრე წევრებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში, საჯაროდ - ტრადიციული მედიით, სოციალური ქსელით ან უშუალო შეხვედრაზე - მოუწოდებს ამომრჩეველს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისათვის ხმის მიცემისაგან თავის შეკავებისკენ. ამგვარი მოწოდების განსახორციელებლად არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა ხარჯავდეს თანხას - მაგალითად, იღებდეს ვიდეო რგოლს, რაც დაკავშირებულია მასში მონაწილე მსახიობისათვის ჰონორარის გადახდასთან, აწყობდეს კონცერტს, რაც ასევე მოიცავს ტექნიკის შეძენის და მონტაჟის ხარჯებს, ასევე მომღერლისათვის ჰონორარის გადახდასთან არის დაკავშირებული; რეგიონებში ამომრჩეველთან შესახვედრად ორგანიზაცია ქირაობს სატრანსპორტო საშუალებას, ყიდულობს საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთს, სოციალურ ქსელში პარტიის საწინააღმდეგო მოწოდების გასავრცელებლად ასპონსორებს გზავნილს. ანუ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი - პარტიის წინააღმდეგ თუნდაც ერთჯერადი სიტყვების ან ქმედების განსახორციელბლად უნდა ხარჯავდეს ფულს, ფარავდეს ხარჯს. ასეთია „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ განმარტება, რაც საბოლოო ინსტანციის სასამართლომ - თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა „აირჩიე ევროპის“ №3ბ/2528-24 საქმეზე.
იმის მიუხედავად, რომ სახეზეა contra legem განმარტება, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა დიდავამ მიზნობრივი განმარტების მეთოდი ისე გამოიყენა, რომ არ მიუთითებია არც კანონპროექტის განმარტებით ბარათზე, არც კანონპროექტის საკომიტეტო ან პლენარული სხდომის ოქმებზე, რაც დაადასტურებდა იმას, რომ პარლამენტს ან კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატებს ის განზრახვა ჰქონდათ, რომ „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტში“ მოეაზრათ, არა მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის საჯაროდ გაცხადებული სურვილის მქონე პირი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაცია, მისი ხელმძღვანელი და წევრებიც, რომლებიც საჯაროდ ეწინააღმდეგებიან რომელიმე საარჩევნო სუბიექტის არჩევას (არადა კანონმდებლის მიზნები სწორედ ამგვარი მტკიცებულებებით დგინდება, სხვანაირად, გამოდის, რომ კანონის მიზანს კანონმდებელი - პარლამენტი კი არა მოსამართლე განსაზღვრვს), ეს განმარტება მაინც ავტორიტეტულია. დასაბუთებაში არსებული ამ ნაკლოვანების მიუხედავად, ეს განმარტება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით გონივრულად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან როგორც №3ბ/2528-24 საქმეზე სასამართლოს ბრძანების ბოლო 23-ე გვერდზე, სარეზოლუციო ნაწილშია აღნიშნული - „ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.“
საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებულ N3/7/679 გადაწყვეტილებაში საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 78-ე პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, გონივრულად მიიჩნიოს, მოცემულ საქმეზე, საერთო სასამართლოს საბოლოო ინსტანციის მიერ დადგენილი ნორმის ნორმატიული შინაარსი. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ მედიის განვითარების ფონდის საქმეში, როგორც ანტიკორუფციული ბიურო, თავის შუამდგომლობაში, ისე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები, თავიანთ ბრძანებებში, დუმან იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა ჩაითვალოს მედიის განვითარების ფონდი საარჩევნო მიზნის მქონე პირად. თბილისის სააპელაციო სასამართლო ამ საკითხზე პასუხის გაცემის გარეშე ადგენს, რომ მედიის განვითარების ფონდი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტია, რომელიც, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ვალდებულია, ანტიკორუფციულ ბიუროს მიაწოდოს საიდუმლო ინფორმაცია, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი და ჩვეულებრივი ხასიათის პერსონალური მონაცემი. ამგვარი დასაბუთების არ არსებობა ახსნადია „აირჩიე ევროპის“ და ხათუნა ლაგაზიძის საქმეზე დადგენილი პრეცედენტით, რომლის მიხედვითაც, თუკი სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გააკეთებს კრიტიკულ განცხადებას ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტთან დაკავშირებით, ამით როგორც ხელმძღვანელი, ისე ის ორგანიზაცია, რომელსაც პოსტის ავტორი წარმოადგენს, მიჩნეულია „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირად.“ ის გარემოება, რომ ლაგაზიძის №3ბ/2528-24 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანებას აქვს პრეცედენტის ძალა, სხვა მსგავს საქმეებთან მიმართებაში, არ უტოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზას, გარდა იმისა, რომ კანონის ამგვარი განმარტება ავტორიტეტულად მიიჩნიოს და შეაფასოს მისი კონსტიტუციურობა.
ყურადსაღებია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ №3ბ/2528-24 საქმეზე სისტემური განმარტების მეთოდის გამოყენება. №3ბ/2528-24 საქმეზე მიღებული ბრძანების მე-19 გვერდზე ნახსენებია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი იმის დასასაბუთებლად, რომ „აირჩიე ევროპის“ მიერ გაწეული ხარჯი წარმოადგენს შემოწირულობას, რაც ემსახურება ერთი საარჩევნო სუბიექტის არჩევისაგან თავის შეკავებას. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაღებულ ისეთ ფულად თანხაზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით გაცემულ ისეთ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე (მათ შორის, შეღავათიან კრედიტზე) ან გაწეულ ისეთ მომსახურებაზე, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი თანხის, ფასეულობის ან/და მომსახურების მიმღები სუბიექტი. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა.
№3ბ/2528-24 საქმეზე მიღებული ბრძანების მე-19 გვერდზე თბილისის სააპელაციო სასამართლო ციტირებს კიდევ ერთ სადავო ნორმას - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს. რომლის მიხედვითაც: დაუშვებელია შემოწირულების მიღება: საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან; „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილი ზოგადად, საუბრობს შემოწირულობაზე და არ აკონკრეტებს, რომ აქ საუბარია პარტიის ან გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირის (ადამიანის, რომელმაც საჯაროდ გამოხატა ნება, რომ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას) მიერ განხორციელებულ/მიღებულ შემოწირულობაზე. ერთადერთი, რასაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილი აზუსტებს არის ის, რომ ეს ნორმა არ ეხება პარტიის ქონებას. ეს ნორმა, მართლაც, იძლევა „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ იმაზე ფართოდ წაკითხვის შესაძლებლობას, ვიდრე ეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-71 მუხლით არის განსაზღვრული. შესაბამისად, სისტემური განმარტება იძლევა იმის შესაძლებლობას, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირი“ წაკითხული იქნას იმ შინაარსით, რაც მას თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიანიჭა.
3. სადავო ნორმების გამოყენების შესაძლებლობა და შედეგები მოსარჩელეთა მიმართ
ამგვარად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-4 პუნქტით მედიის განვითარების ფონდი მიიჩნია საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად, ეს ნიშნავს იმას, რომ მედიის განვითარების ფონდი უფლებამოსილია, იდავოს არა მხოლოდ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის კონსტიტუციურობაზე, არამედ ყველა იმ ნორმის კონსტიტუციურობაზე, რაც ეხება „საარჩევნო მიზნების მქონე პირს,“ მათ შორის იმ ნორმატიული შინაარსით, რაც №3ბ/2528-24 საქმეზე დაადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. ყველა გასაჩივრებული ნორმა ვრცელდება „საარჩევნო მიზნების მქონე“ სუბიექტზე. ამას ადასტურებს არა მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოთ ხსენებული ბრძანება, არამედ თავად კანონის ტექსტიც.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავი დასათაურებულია როგორც „პარტიისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ქონება და ფინანსები, მათი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.“ ეს სათაური მიუთითებს, რომ ნორმები, რაც ამ თავშია მოცემული, ეხება როგორც პარტიებს, ისე საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებს. ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პარტიისთვის ამ თავით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.“ ეს ნორმა ნიშნავს იმას, რომ იქ, სადაც კანონმდებელი საუბრობს პარტიის მიერ მიღებულ/განხორციელებულ შემოწირულობაზე, ეს ნორმა, იმავდროულად, არეგულირებს „საარჩევნო მიზნის მქონე პირის“ მიერ შემოწირულობის მიღებას/ხარჯვას.
ამ სარჩელით დავის საგნად ქცეულია, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ბ,“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები. ეს ნორმა ადგენს შემოწირულობის მიღების აკრძალვას: საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან; საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან; საჯარო დაწესებულებისგან; სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან; ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც პოლიტიკურ პარტიაზე, ისე „საარჩევნო მიზნების მქონე“ სუბიექტზე, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ამომრჩეველმა თავი შეიკავოს ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის არჩევისაგან.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი საუბრობს პარტიის შესახებ, მაგრამ არ ახსენებს „საარჩევნო მიზნის მქონე პირს.“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს) საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო. ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდის მეშვეობით ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტის ძალით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ვრცელდება საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტზე, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ესა თუ ის სუბიექტი არ იქნას არჩეული. შესაბამისად, სადავოდ ქცეული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ანტიკორიფციულმა ბიურომ უნდა გაასაჯაროვოს (საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა განათავსოს) საქართველოს მოქალაქე იმ ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელმაც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციას ფული ან სხვა მატერიალური სიკეთე შესწირა. ეს ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროსათვის ცნობილი ხდება სადავო, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე;
არასამთავრობო ორგანიზაციას მხოლოდ საარჩევნო კამპანიის პერიოდში არა აქვს უფლება, უცხოელისაგან ან საქართველოს იურიდიული პირისაგან მიიღოს დაფინანსება, ამასთან შემომწირველი ფიზიკური პირების ვინაობის გასაჯაროება ხდება სწორედ კამპანიის პერიოდში. ხმების შეჯამების შემდეგ, ეს შეზღუდვები წყვეტს არსებობას. ამაზე მეტყველებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26 პრიმა მუხლის მე-7 პუნქტი, სადაც აღნიშნულია: „ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები უქმდება არჩევნების შედეგების შეჯამების დღეს.“ ამის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციას, დასახელებული ორგანული კანონით, შეუძლია მიიღოს უცხოური და სხვა ქართული იურიდიული პირისაგან დაფინანსება.
4. რა გავლენას ახდენს დავის საგანზე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის და „გრანტების შესახებ“ კანონის მოსარჩელის მიმართ გამოყენების ფაქტი
მოსარჩელე მედიის განვითარების ფონდის მიმართ არ მომხდარა კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვა მხოლოდ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე. დამატებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებაში მითითებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2013 მუხლი და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-61 მუხლი. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი, ზოგადად, არ ვრცელდება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ამ კანონის რეგულირების სფერო შემოიფარგლება საჯარო სამსახურით, რასაც მოსარჩელეები არ განეკუთვნებიან. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2013 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით - რაც მითითებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს №3/4683-25 საქმეზე მიღებულ ბრძანებაში - „კანონის შესაბამისად ანტიკორუფციული ბიური ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;“ ამგვარად, ეს ნორმა მიუთითებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე. ამ ნორმას, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონისაგან დამოუკიდებელი შინაარსი არ გააჩნია. იგივე ითქმის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2013 მუხლის მეორე პუნქტზე, სადაც აღნიშნულია: „ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, კანონის შესაბამისად, სათანადო სუბიექტებისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია.“ ეს ნორმა მიუთითებს სხვა კანონის, ამ შემთხვევაში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებისაგან ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობაზე. ამ ნორმასაც არ გააჩნია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონისაგან დამოუკიდებელი შინაარსი და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონთან კავშირში, როცა ინფორმაციის გამოთხოვა ხდება გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებისაგან.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2013 მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, „ანტიკორუფციული ბიურო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. ანტიკორუფციულ ბიუროს უფლება აქვს, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა სუბიექტი, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.“
კიდევ ერთხელ, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, „ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს.“ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2013 მუხლის მე-21 პუნქტი იმდენად ავალდებულებს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტს ინფორმაციის წარდგენას ანტიკორუფციული ბიუროსათვის, რამდენადაც ამის შესაძლებლობას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონი იძლევა. კანონი, რაც არეგულირებს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შემთხვევებს, ასევე დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას, არ და ვერ დაადგენს „საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტისაგან“ ინფორმაციის მოთხოვნის თვითმყოფად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონისაგან განსხვავებულ, დამოუკიდებელ საფუძველს. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2013 მუხლის „საარჩევნო მიზნების მქონე“ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გამოიყენება დასაშვებია იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონი.
სამაგიეროდ, არასამთავრობო ორგანიზაციისაგან სენსიტიური ინფორმაციის გამოთხოვის დამატებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონისაგან განსხვავებულ საფუძველს ადგენს „გრანტების შესახებ“ კანონის მე-6 პრიმა მუხლი. თუკი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით, ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციის ითხოვს იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ გადადგა ნაბიჯები პოლიტიკური პარტიის არჩევის საწინააღმდეგოდ, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-61 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია: საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია; ამ უფლებამოსილებას ანტიკორუფციული ბიურო იყენებს მაშინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაციას გრანტი მიღებული აქვს მთავრობის თანხმობის გარეშე ან ცვლის გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზანს. „გრანტების შესახებ“ კანონის მე-6 პრიმა მუხლის გამოსაყენებლად არარელევატურია, რა განცხადებებს აკეთებს საარჩევნო მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო სუბიექტთან მიმართებაში. ტრადიციულ მედიაში ან სოციალურ ქსელებში გაკეთებული არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება იმდენად არის რელევანტური ანტიკორუფციული ბიუროსათვის „გრანტების შესახებ“ კანონის მე-6 პრიმა მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოსაყენებლად, რამდენადაც ეს განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ხარჯავს გრანტს, რაზეც მთავრობას თანხმობა არ გაუცია ან გრანტი იხარჯება ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მიზნებისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს №3/4683-25 საქმეზე მიღებული ბრძანება მედიის განვითარების ფონდისაგან ინფორმაციის გამოთხოვის საფუძვლად არ მიუთითებს, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს.“ უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ ჩათვალა, რომ მედიის განვითარების ფონდი ექცეოდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მოქმედების სფეროში. მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება უცვლელად დატოვა, მაგრამ საქმე №3ბ/2010-25-ზე 2025 წლის 26 ივნისის ბრძანების მე-8 გვერდზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო უთითებს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს.“ ქვემოთ აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული ბიურო მედიის განვითარების ფონდს ედავება განცხადებებზე, რომელიც გაკეთებულია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიღებამდე და უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციური გარანტიის გამო, ამ განცხადებაზე ეს კანონი ვერ იქნებოდა გამოყენებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს №3/4683-25 საქმეზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს №3ბ/2010-25 მიღებულ ბრძანებებში ისეა მითითებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და მე-4 პუნქტზე, რომ არ არის მოყვანილი ფაქტობრივი გარემოება ან მტკიცებულება, რის გამოც მედიის განვითარების ფონდი მიჩნეული იქნა „საარჩევნო მიზნების მქონე პირად.“ ორი ინსტანციის სასამართლოს ბრძანება მიუთითებს მხოლოდ სამართლებრივ და არა ფაქტობრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობაში იყო მითითებული. შესაბამისად, ამ ეტაპზე მოსარჩელე მხარე აუცილებლად მიიჩნევს, დააციტიროს ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა, რათა კიდევ უფრო დამაჯერებლად დაამტკიცოს, რომ მოსარჩელე მოექცა სადავო ნორმის მოქმედების ზემოქმედების ქვეშ.
5. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სახელზე დაწერილ ანტიკორუფციული ბიუროს 2025 წლის 17 ივნისის №00009767 შუამდგომლობაში (იხილეთ დანართის სახით) აღნიშნულია:
„2024 წლის 17 სექტემბერს, სოციალურ ქსელში (facebook), ფონდის გვერდზე - „მედიის განვითარების ფონდი“ MDF, გამოქვეყნდა პოსტი, სადაც მითითებულია (შუამდგომლობის მე-4 გვერდი):
„ჩვენ საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციები, ვგმობთ სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების იმ პროცესს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ მესამე მოსმენით იღებს კანონების პაკეტს, რომლის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვიძება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა.“ (შუამდგომლობის მე-5 გვერდი)
მოვუწოდებთ
საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს კანონების პაკეტს და არ დაუშვას სიძულვილის, ცენზურის და ჩაგვრის დაკანონება.
სახალხო დამცველს, მიიღოს ყველა ზომა, კანონების პაკეტის კრიტიკული საჯარო შეფასებისა და მომავალში შესაბამის სასამართლოებში მისი გასაჩივრების მიზნით
სამოქალაქო და პოლიტიკურ მოძრაობებს, მიიღონ ზომები ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ინიციატივების გრძელვადიანი გავლენის შესაჩერებლად.“
2024 წლის 9 ოქტომბერს ფონდის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც მითითებულია:
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისიწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს.
ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ორ მოსამართლეს განსხვავებული აზრისათვის და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო ინსტიტუტებში და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას.“ (შუამდგომლობის მე-5 გვერდი).“ https://csf.ge/sakonstitucio-sasamartlom-sakutari-movaleoba-ar-sheasrula/ ანტიკორუფციული ბიუროს 2025 წლის 17 ივნისის №00009767 შუამდგომლობაში მითითებულია მედიის განვითარების ფონდის 2024 წლის 29 ნოემბრის, 2025 წლის 13 თებერვლის, 2025 წლის 19 მარტის, 2025 წლის 3 ივნისის განცხადებებზე. აღნიშნულ განცხადებებს ამ სარჩელში არ დავაციტირებთ, ვინაიდან ეს განცხადებები არ არის გაკეთებული წინასაარჩევნო პერიოდში და ამ განცხადების შემთხვევებში შეუძლებელი იყო მედიის განვითარების ფონდის მიმართ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტისათვის დაწესებული შეზღუდვის გამოყენება შემდეგი გარემოების გამო,
საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26 პრიმა მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით: „ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები უქმდება არჩევნების შედეგების შეჯამების დღეს.“ შესაბამისად, მედიის განვითარების ფონდის საარჩევნო მიზნების სუბიექტად ცნობისათვის რელევანტურია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 60 დღე და კენჭისყრიდან არჩევნების შეჯამებამდე პერიოდი. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეჯამებული იქნა 2024 წლის 16 ნოემბრს. ამ დღეს სუბიექტი კარგავს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის“ სტატუსს და მას ეხსნება დაკისრებული შეზღუდვები, თუ ანტიკორუფციულმა ბიურომ სხვაგვარად არ განმარტა კანონი. ნებისმიერ შემთხვევაში, ის განცხადებები, რაც მედიის განვითარების ფონდმა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გააკეთა, ყველა მათგანი ეხება მედიის და ჟურნალისტების უფლებების დარღვევას, ამის გამო პარტია „ქართული ოცნების“ (ხელისუფლებაში მყოფი პარტია) კრიტიკას. ეს განცხადებები არც პირდაპირ, არც არაპირდაპირ არ შეიცავს მითითებას 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მასში მონაწილე სუბიექტებზე, რომელიმეს წარმატების ან დამარცხების სურვილზე.
2024 წლის 17 სექტემბერს და 2024 წლის 9 ოქტომბერს, როდესაც ზემოთ მითითებული განცხადებები გაავრცელა მედიის განვითარების ფონდმა, მოქმედებდა ორი კანონი: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონი. იმ დროს მოქმედი მხოლოდ ეს ორი კანონი ანიჭებდა ანტიკორუფციულ ბიუროს სენსიტიური ინფორმაციის გამოთხოვის უფლებას. თუმცა იმ დროსაც კი (დღესაც) ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს არ ჰქონდა უფლება, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან დამოუკიდებლად გამოეყენებინა როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ მიჩნეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონისაგან დამოუკიდებელად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი არ აწესებს რაიმე დამატებით მოთხოვნებს ან ვალდებულებებს არასამთავრობო სექტორისათვის და არც რაიმე უფლებამოსილებას ანიჭებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით. 2024 წლის 17 სექტემბერს და 2024 წლის 9 ოქტომბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს მედიის განვითარების ფონდის მიმართ შეეძლო გამოეყენებინა მხოლოდ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დამოუკიდებლად ან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის რამდენიმე დებულება მხოლოდ და მხოლოდ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან კავშირში.
ანტიკორუფციული ბიუროს 2025 წლის 17 ივნისის №00009767 შუამდგომლობაში მითითებულია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე,“ როგორც მედიის განვითარების ფონდისგან ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ უარყო, რომ ამ კანონის საფუძველზე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ინფორმაციის გამოთხოვის უფლება ჰქონდა. №3ბ/2010-25 საქმეზე მიღებულ თავის ბრძანების სამოტივაციო ნაწილში (მე-8 გვერდი) თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოიხმო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი.“ ნებისმიერ შემთხვევაში, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მიღებული იქნა 2025 წლის 1 აპრილს. ეს კანონი ძალაში შევიდა 2025 წლის 31 მაისს. აქედან გამომდინარე, ეს კანონი ვერ იქნებოდა გამოყენებული განცხადებებზე, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა გაავრცელა 2024 წლის 17 სექტემბერს და 2024 წლის 9 ოქტომბერს. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ უკუძალა არა აქვს და არც უნდა ჰქონდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს №3ბ/2010-25 საქმეზე მიღებულ ბრძანებაში მითითებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ უნდა მიემართებოდეს, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გაკეთებულ 2025 წლის 3 ივნისის განცხადებას (თუმცა, ratione temporis, გარდა, რამდენად არსებობდა ამ განცხადების მიმართ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გამოიყენების სხვა სამართლებრივი საფუძველი, ეს საკითხი სადავოა). 2025 წლის 31 მაისამდე გაკეთებულ განცხადებებზე „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ვერ იქნებოდა გამოყენებული ratione temporis (კანონის დროში გამოყენების საფუძველი) არ არსებობის გამო.
კიდევ ერთი კანონი, რაზეც როგორც ანტიკორუფციული ბიურო, თბილისის საქალაქო სასამართლო და თბილისის სააპელაციო სასამართლო მიუთითებენ, არის „გრანტების შესახებ“ კანონის მე-6 პრიმა მუხლი. ეს დებულება მიღებული იქნა 2025 წლის 16 აპრილს. მეორე დღიდან (2025 წლის 17 აპრილიდან) გაუჩნდა ანტიკორიფციულ ბიუროს, სასამართლოს თანხმობით, არასამთავრობო ორგანიზაციიდან საიდუმლო და პერსონალური მონაცემის შემცველი ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება, თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას მიღებული აქვს გრანტი მთავრობის თანხმობის გარეშე ან გრანტის თანხას იყენებს გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის საწინააღმდეგოდ. 2024 წლის 17 სექტემბერს და 2024 წლის 9 ოქტომბერს, „გრანტების შესახებ“ კანონის მე-6 პრიმა მუხლი არ არსებობდა. იმ დროს არც მთავრობის თანხმობა იყო საჭირო გრანტის მისაღებად და არც ანტიკორუფციულ ბიუროს ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ უკანონოდ მიღებული გრანტის აღმოჩენის უფლებამოსილება. 2024 წლის 17 სექტემბერს და 2024 წლის 9 ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდს, სადავო განცხადებების გაკეთებისას, არ ექნებოდა იმის მოლოდინი, რომ რამდენიმე თვეში „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის საზედამხედველო უფლებამოსილებას დაექვემდებარებოდა. „გრანტების შესახებ“ კანონში 2025 წლის 16 აპრილს შეტანილ ცვლილებებს უკუძალა არა აქვს და შესაბამისად, „გრანტების შესახებ“ კანონი არ ანიჭებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შესაძლებლობას, ამ კანონის მე-6 პრიმა მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენოს ამ ნორმის მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე მომხდარ მოვლენებთან მიმართებაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ: მოსარჩელე მედიის განვითარების ფონდის 2024 წლის 17 სექტემბერის და 2024 წლის 9 ოქტომბერის განცხადებების მიმართ გამოყენებული იქნა მხოლოდ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ან ასევე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის ის დებულებები, რომლებიც მითითებას ისევ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონზე აკეთებს და დამოუკიდებელი შინაარსი არ გააჩნიათ. 2024 წლის 17 სექტემბერს და 9 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებაში ანტიკორუფციულ ბიუროს რაიმე უფლებამოსილებას არც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, არც „გრანტების შესახებ“ კანონი არ ანიჭებს. სხვაგვარად, უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ და ორი ინსტანციის სასამართლომ გვერდი აუარა კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციური გარანტიას. ეს მოცემულობა კი, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის უნდა იყოს წარმოუდგენელი და მოსარჩელეც ზუსტად იმ აზრისაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს და საერთო სასამართლოების ქმედებები ახსნილი იქნას კონსტიტუციის ლოგიკით, სადაც ეს შესაძლებელია. სწორედ ამიტომაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სადავო ნორმი, რეალურად ერთადერთია, რომლითაც დასაშვები და შესაძლებელია მოსარჩელის 2024 წლის 17 სექტემბერის და 2024 წლის 9 ოქტომბერის განცხადებების სამართლებრივი შეფასება. ამ ორ თარიღში მომხდარ მოვლენებზე შეუძლებელია „გრანტების შესახებ“ კანონის და „„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გამოყენება.
შესაბამისად, დაზუსტებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ამ სარჩელით გასაჩივრებულმა ნორმებმა, და არა სხვა ნორმებმა, რაც ამ სარჩელით არ არის გასაჩივრებული, შეზღუდეს მედიის განვითარების ფონდის უფლებები 2024 წლის 17 სექტემბერის და 2024 წლის 9 ოქტომბერის განცხადებების ეპიზოდთან მიმართებაში. შესაბამისად, მედიის განვითარების ფონდი უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუცირობაზე. ამასთან გასაჩივრებული ნორმების ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებული არგუმენტები ქვემოთ დაეფუძნება ამ ორი განცხადების შინაარსს (აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მედიის განვითარების ფონდის 2024 წლის 29 ნოემბრის, 2025 წლის 13 თებერვლის, 2025 წლის 19 მარტის, 2025 წლის 3 ივნისის განცხადებები შინაარსობრივად მსგავსია 2024 წლის 17 სექტემბერის განცხადებისა, თუმცა, ვინაიდან 2024 წლის 19 ნოემბრის შემდეგ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედების საკითხი სათუოა, ამიტომ მოსარჩელე მხარე 2024 წლის 29 ნოემბრის, 2025 წლის 13 თებერვლის, 2025 წლის 19 მარტის, 2025 წლის 3 ივნისის განცხადებებზე დეტალურად არ შეჩერდება).
6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფლებამოსილება იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე
მეორე მოსარჩელე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არ არის ცნობილი გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროსა და თბილისის საქალაქო (სააპელაციო) სასამართლოს მიერ. ამის მიუხედავად, როგორც ზემოთ ვნახეთ, მედიის განვითარების ფონდი „საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად“ ცნეს 2024 წლის 9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. ამ განცხადებაზე ხელმომწერი მედიის განვითარების ფონდთან ერთად იყო საია და 54 სხვა ორგანიზაცია (იხილეთ განცხადების ბმული https://csf.ge/sakonstitucio-sasamartlom-sakutari-movaleoba-ar-sheasrula/). შესაბამისად, ამ განცხადების საფუძველზე, ანტიკორუფციულ ბიუროს, შეეძლო (მომავალშიც შეუძლია) წარმატებით ეცნო (მომავალში ცნოს) საია და 54 სხვა ორგანიზაცია საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად.
საია ეწევა მოქალაქეების იურიდიულ დახმარებას საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოში. საიას იურისტი მოსარჩელე მხარის ინტერესებს იცავს №1354 სარჩელზე საქმეზე ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ გაასაიდუმლოვა მოსარჩელის ვინაობა (https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1803), ვინაიდან ეს უკანასკნელი მიეკუთვნება განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის კატეგორიას. სადავო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია, საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია.“ თუკი ანტიკორუფციული ბიურო, ზემოთ ხსენებულ განცხადებაზე შეერთების გამო, საიას სცნობს „საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად,“ ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, აძლევს ანტიკორუფციულ ბიუროს უფლებას, სასამართლოს თანხმობით, ზემოთ ხსენებული მოსარჩელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვოს როგორც საიასგან, ისე სხვა საჯარო დაწესებულებიდან, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოსაგან.
შესაბამისად, არსებობს რეალისტური ალბათობა, სადავო ნორმები გავრცელდეს საიას მიმართ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი; ამგვარად, სადავო ნორმები (მინიმუმ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი მაინც) უკვე გავრცელდა მედიის განვითარების ფონდის მიმართ, ხოლო საიას მიმართ, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ნორმები მომავალში გავრცელდეს, მათ შორის წარსულში ჩადენილი ქმედების გამო. შესაბამისად, ორივე მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მეორე და მე-5 პუნქტებით და საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია საქართველოს ორგანული კანონი და შეუძლებელია უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო აქტის კონსტიტუციურობაზე დავა;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.სადავო ნორმების არსი და დავის საგანი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაღებულ ისეთ ფულად თანხაზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით გაცემულ ისეთ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე (მათ შორის, შეღავათიან კრედიტზე) ან გაწეულ ისეთ მომსახურებაზე, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი თანხის, ფასეულობის ან/და მომსახურების მიმღები სუბიექტი.“ ეს ნორმა ერთი მხრივ, არის მითითებითი, იმ თვალსაზრისით, რომ თავად არ აწესებს შეზღუდვებს, არამედ მიუთითებს „ამ კანონით დადგენილ წესებზე,“ მათ შორის. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ბ,“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დაწესებულ შეზღუდვებზე, რაც ასევე სადავოდ არის ქცეული ამ სარჩელით.
მეორე მხრივ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებას გააჩნია თვითმყოფადი ბუნება. ის განსაზღვრავს დამოუკიდებელი შემოწირულობის ცნებას, რომელიც არ მიდის არც ერთ პარტიასთან - ფული, მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება - ანუ, ფული არ ხვდება არჩევნებში მონაწილე პარტიის საკუთრებაში არანაირი ფორმით, არ იხარჯება არც ერთი პარტიის სასარგებლოდ. მეტიც, შესაძლოა ფული, მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა, მომსახურება საერთოდაც არავინ მიიღოს. მაგალითად, ქუჩაში გამოკრულ პლაკატს, რომელიც არ მიუთითებს არც ერთი პარტიის მხარდაჭერაზე, პირიქით, მიმართულია ყველა იმ პარტიის წინააღმდეგ, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, არა ჰყავს ამ პლაკატის დასაბეჭდად აუცილებელი ხარჯების მიმღები სუბიექტი. თუკი კონკრეტული ბიზნესმენი გამოკრავს პლაკატს, რომლითაც ამომრჩეველს მოუწოდებს კონკრეტული X პარტიის მხარდაჭერისკენ, ეს არის შემოწირულობა ამ პარტიის სასარგებლოდ და ამ შემთხვევაში ცნობილია ვინ იღებს სარგებელს, პარტია X-გან დამოუკიდებლად განხორციელებული ამ აქტივობით. ეს ქმედება მოექცევა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის რეგულირების სფეროში. იგივე ქმედება, რასაც ბიზნესი ახორციელებს ყველა პარტიისაგან დამოუკიდებლად, ერთ ან ყველა პარტიასთან კოორდინაციის გარეშე, მეტიც ყველა პარტიის საწინააღმდეგოდ - მაგალითად, პლაკატი, რომელიც მოუწოდებს ამომრჩევლებს, არ გააფერადონ არც ერთი პოლიტიკური პარტია - არა ჰყავს ამ მომსახურების მიმღები სუბიექტი, პირი, რომელიც პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს ქუჩაში ამგვარი პლაკატის გაკვრით. ამის მიუხედავად, ამგვარი პლაკატი მიჩნეულია საარჩევნო შემოწირულობად, ვინაიდან ამომრჩეველს მოუწოდებს ერთი ან ყველა პარტიის მიმართ მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ და ამგვარმა პლაკატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. ამ პლაკატის შთაგონებით ამომრჩეველმა შესაძლოა არ გააფერადოს არც ერთი საარჩევნო სუბიექტი, ამით კი გაიზრდება ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. ასეთ პლაკატზე შესაძლოა იყოს მოწოდება ამომრჩევლისათვის - ხმა მისცენ ნებისმიერ სხვა პარტიას, მაგრამ არა იმას, რომელიც ამ პლაკატშია დასახელებული. ეს მოწოდება და მასზე დახარჯული ფულიც არჩევნებზე ახდენს გავლენას, თუმცა არც ერთი სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო ქმედება ეს არ არის. ამგვარად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ეხება ბიზნესის, პროფკავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ფულის ან მატერიალური რესურსის, შრომის ან მომსახურების დახარჯვას იმისათვის, რომ ამომრჩეველს მოუწოდოს, ხმა არ მისცეს ერთ, რამდენიმე ან არც ერთ კანდიდატს/პოლიტიკურ პარტიას. ეს ითვლება დამოუკიდებელ შემოწირულობად, ვინაიდან მას ახორციელებს სუბიექტი - ბიზნესი, პროფესიული კავშირი, არასამთავრობო ორგანიზაცია - რომელიც პასიური საარჩევნო უფლებით არჩევნებში თავად არ მონაწილეობს, საარჩევნო სუბიექტისათვის ხმის მიცემისაგან თავის შეკავებისკენ მოწოდებას არ ახორციელებს არჩვენებში მონაწილე რომელიმე პარტიასთან/კანდიდატთან კოორდინაციაში (ან ასეთი კოორდინაცია ვერ მტკიცდება ვერანაირი სტანდარტის მტკიცებულებებით და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ სამართლებრივად არარელევანტური ეჭვი შეიძლება არსებობდეს).
ამ თვალსაზრისით, მოწოდება, რაშიც ფულია დახარჯული, დამოუკიდებელია იმის გამო, რომ არ მიემართება რომელიმე პარტიის საკუთრებაში, ვინაიდან როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტშია აღნიშნული, ეს ფული არ განეკუთვნება პარტიის ქონებას და არ არის იდენტიფიცირებული მისი მიმღები. ამის მიუხედავად, ბიზნესის, პროფესიული კავშირების ან არასამთავრობო ორგანიზაციების ან ინდივიდუალური აქტივისტების ქმედებაზე - მოუწოდონ ამომრჩეველს არ მისცენ ხმა ერთ, რამდენიმე ან ყველა საარჩევნო სუბიექტს და ამ მოწოდებისათვის დახარჯონ ფული - ვრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები, იმისათვის, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და იცოდეს, ვინ ცდილობს მის ნებაზე ზემოქმედებას.
სწორედ ამიტომ, დამოუკიდებელი შემოწირულობის განმახორციელებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც თავად არ არის საარჩევნო სუბიექტი, არა აქვს კავშირი რომელიმე საარჩევნო სუბიექტთან, კანონმდებელი აკისრებს იმავე შეზღუდვებს, რაც გააჩნიათ საარჩევნო სუბიექტებს: მათ ეკრძალებათ მიიღონ დაფინანსება უცხოელებისაგან, უცხოეთის ან საქართველოს იურიდიული პირებისაგან, ვალდებული არიან ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ ინფორმაცია, საქართველოს რომელი მოქალაქისაგან მიიღეს შემოწირულობა. ამ მოქალაქისაგან საარჩევნო მიზნებით მიღებული შემოწირულების/საწევრო გადასახადის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო აქვეყნებს ვებ-გვერდზე, შემომწირველის პერსონალური მონაცემების მითითებით.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ბ,“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციამ, ბიზნესის და პროფკავშირების წარმომადგენელმა, იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელმაც ფული დახარჯა პარტიის წინააღმდეგ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება შემოწირულობის მიღება (დაფინანსება) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან; საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან; საჯარო დაწესებულებისგან; სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან; სწორედ ამ ნორმატიული შინაარსით არის ეს ნორმები სადავო.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც რაიმე თანხას გაიღებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, რომელიც ფულს ხარჯავს რომელიმე პარტიის საწინააღმდეგოდ, ექვემდებარება საჯაროობას ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე. არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელმაც გააკეთა განცხადება, არჩევნებში მონაწილე პარტიის საწინააღმდეგოდ, უნდა მიაწოდოს ანტიკორუფციულ ბიუროს ინფორმაცია მისი შემომწირველის სახელის, გვარის და პირადი ნომრის თაობაზე. ანტიკორუფციული ბიურო ამ პერსონალურ ინფორმაციას განათავსებს თავის ვებ-გვერდზე.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის 342-ე მუხლის პირველი პუნქტით, ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს, იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, საქართველოს იურიდიული პირისაგან, საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფოსაგან დაფინანსების მიღება, რომელიც ავრცელებს მოწოდებას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ და ამაში ფულს ხარჯავს. ასევე ამ ნორმით ადმინისტრაციული წესით ისჯება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, თუკი ის არ მიაწოდებს ინფორმაციას ანტიკორუფციულ ბიუროს მისი შემომწირველი პირის სახელის, გვარის და პირადი ნომრის თაობაზე. სანქციის ზომა-შემოწირულობის/საწევრო შენატანის ბიუჯეტში გადარიცხვა და ჯარიმა შემოწირულობის/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობის ოდენობით, არ წარმოადგენს დავის საგანს ამ საქმეზე.
ამასთან ამ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციის მიჩნევა საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად, როდესაც ის, ამომრჩევლებს მოუწოდებს: „ხმა არ მისცეთ ნაციონალურ მოძრაობას,“ „ხმა არ მისცეთ ქართულ ოცნებას“ „ხმა არ მისცეთ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილე არც ერთ პარტიას.“ ასეთი მოწოდება გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე და შესაძლოა დაექვემდებაროს შეზღუდვებს, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოქმედებს. ამგვარი მოწოდების ავტორის ვინაობის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, ისევე როგორც გამართლებულია, ამომრჩეველმა იცოდეს, რა წყაროდან ფინანსდება ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მოწოდებით გამოდის და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად ხარჯავს ფულს. დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმების იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რაც გამოყენებული იქნა მედიის განვითარების ფონდის მიმართ. ამ უკანასკნელს, იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, რაზეც ანტიკორუფციული ბიურო თავის შუამდგომლობაში მიუთითებს, არასოდეს მოუწოდებია ამომრჩევლისათვის ხმა „ქართული ოცნების“ ან სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მიეცა.
მედიის განვითარების ფონდი ერთ განცხადებაში აკრიტიკებს საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლეს და საერთოდ არ ახსენებს არჩევნებს, არც ერთ საარჩევნო სუბიექტს, თვით პოლიტიკურ ხელისუფლებასაც კი. უნდა ვივარაუდოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის კრიტიკა, ანტიკორუფციულმა ბიურომ და თბილისის საქალაქო სასამართლომ აღიქვა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ კრიტიკად, რაც არა მხოლოდ გაუმართლებელი ჩარევაა მოსარჩელის გამოხატვის თავისუფლებაში და სადავო ნორმაში ჩაწერილი სიტყვების - „პარტიისათვის ხმის მიცემისაგან თავის შეკავების“ - განუჭვრეტელი, ფართო განმარტებაა, არამედ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც პოლიტიკური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის შეურაცხყოფას. ანტიკორუფციული ბიურომ და თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნებისათვის“ ხმის მიცემისაგან თავის შეკავებად მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის კრიტიკა, რომელმაც „რუსული კანონის“ მოქმედება არ შეაჩერა, ამით, ანტიკორუფციულმა ბიურომ და თბილისის საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობა პარტია „ქართულ ოცნებასთან“ გააიგივეს. ამ განცხადებაში არც „ქართული ოცნება,“ არც პრემიერ-მინისტრი, არც საპარლამენტო უმრავლესობა არც პირდაპირ და არც ირიბად არ იყო მოხსნიებული. ამის მიუხედავად, პოლიტიკური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ორგანოს კრიტიკა, რასაც ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიჩნია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით (სადავო ნორმა) გათვალისწინებულ „პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავებად.“
ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის მიხედვით, მედიის განვითარების ფონდის მიმართ გამოყენებული ზომების მიზეზი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკა „რუსული კანონის“ ძალაში დატოვების გამო და პარლამენტის კრიტიკა „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ შესახებ კანონის მიღების გამო. „რუსული კანონი“ უშუალოდ შეიძლება შეეხოს თავად მედიის განვითარების ფონდს, შესაბამისად, განსაკუთრებით არის დაცული იმ სუბიექტის გამოხატვის თავისუფლება, ვისზეც უარყოფით გავლენას ახდენს საკანონმდებლო აქტი. თანაც კანონპროექტის ან ძალაში მყოფი კანონის მიმართ აზრის გამოთქმა, წარმოადგენს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხს და, მათ შორის წინაასარჩევნო პერიოდში, ასეთი სიტყვის შესაზღუდად, ხელისუფლების დისკრეციის ფარგლები ძალიან ვიწროა. ამასთან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შუამდგომლობაში მითითებული ყველა განცხადება (გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებისა), მათ შორის განცხადება, რაც გაკეთებული იქნა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შედეგების შეჯამების შემდეგ, მიუთითებს სიტყვის თავისუფლების მიმართ არსებულ საფრთხეზე და არ უკავშირდება პარტიისათვის ხმის მიცემისაგან თავის შეკავებას. გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოწოდება არის საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი, რომლის შეზღუდვის მიმართ ხელისუფლების დისკრეციის ფარგლები კვლავაც შეზღუდულია. ამ საკითხზე დისკუსია ისევეა დაცული წინასაარჩევნო კამპანიის დროს (არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში) როგორც მანამდე, ისე არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ.
მედიის განვითარების ფონდის საიტზე აღნიშნულია შემდეგი: „ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებებია: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.“ (https://www.mdfgeorgia.ge/geo/page/17/). ამგვარად, მედიის განვითარების ფონდი არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საზოგადოებრივი დარაჯის (watchdog) ფუნქციის განმახორციელებელი ორგანიზაცია. მედიის განვითარების ფონდი სიტყვის თავისუფლების დარღვევას აკრიტიკებს იმ პერიოდშიც, როცა საარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. ამაზე მეტყველებს თავად ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საიდანაც ირკვევა, რომ მედიის განვითარების ფონდი ხმების შეჯამების შემდეგაც აქვეყნებდა განცხადებას, სადაც აკრიტიკებდა ხელისუფლების მიერ ჟურნალისტების უფლებების დარღვევას.
მედიის განვითარების ფონდი არის ჟურნალისტების უფლებების და სიტყვის თავისუფლების დამცველი საზოგადოებრივი დარაჯი. საარჩევნო კამპანიის დროს, მის მიერ გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის გაპროტესტება არის საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე ამ ორგანიზაციის მიერ კეთილსინდისიერი დისკუსიის წარმოება და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის არჩევისგან თავის შეკავებისკენ მოწოდება. ის, რომ მედიის განვითარების ფონდი მედიის და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე საარჩევნო პერიოდში დისკუსიისას კეთილსინდისიერია და მიზნად არ ისახავს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის არჩევისგან თავის შეკავების მოწოდებას, ამაზე მეტყველებს ის, რომ მედიის განვითარების ფონდი იმავეს აკეთებს არასაარჩევნო პერიოდშიც.
საარჩევნო პერიოდი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს დროის ისეთ მონაკვეთად, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი უნდა თქვან თავისი ფუნქციის შესრულებისაგან - იყვნენ საზოგადოებრივი დარაჯები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ. არ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში გარემოს დამცველ ორგანოებს მოეთხოვოს გაჩუმება, მაშინ, როცა თუნდაც არჩევნებში მონაწილე პირი, ხელისუფლების წარმომადგენელი, გასცემს ნებართვას ტყის გაჩეხვაზე, ურბანულ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ გაჩუმდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამახინჯებაზე და დანგრევაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ქმედება ჩაიდინა საარჩევნო სუბიექტმა საარჩევნო კამპანიის პერიოდში; შეუძლებელია დევნილების და სოციალურად დაუცველი პირების უფლებების დამცველებს მოეთხოვოს დუმილი, როცა საარჩევნო პერიოდში ხელისუფლება, დაუნგრევს ბინებს უსახლკაროებს ან შენობებიდან გამოასახლებს დევნილებს. საარჩევნო პერიოდში საჭიროა უფრო მეტი და არა ნაკლები კრიტიკული სიტყვა საზოგადოებრივი დარაჯებისგან. ეს ეხება გამოხატვის თავისუფალზე მომუშავე ორგანიზაციებსაც, ისეთებს, როგორებიც მოსარჩელეები არიან. საარჩევნო კამპანიის პერიოდში მუშაობას არ აჩერებს დემოკრატია და ხელისუფლების საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, იმგვარად, რომ საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს დაეკისროთ დუმილის ვალდებულება, ხოლო დუმილის დარღვევის გამო, მათ აეკრძალოთ სხვა ქვეყნის მთავრობისაგან, უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, საქართველოს იურიდიული პირისაგან, საქართველოს სახელმწიფოსაგან დაფინანსების მიღება, ასევე მოეთხოვოთ საქართველოს მოქალაქე იმ ფიზიკური პირების ვინაობის გასაჯაროება, ვინც თუნდაც სიმბოლური თანხით - 1 ლარით - დააფინანსა ამგვარი საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის განმახორციელებელი ორგანიზაცია.
სადავო ნორმაში ჩაწერილ სიტყვებს „პარტიის არჩევისგან თავის შეკავებას“ იმდენად ფართოდ განმარტავს ანტიკორუფციული ბიურო, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლო, რომ მასში მოიაზრებს არა მხოლოდ მოწოდებას - ამომრჩეველმა ხმა არ მისცეს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ან კანდიდატს, ან განცხადებას, რომ კონკრეტული კანდიდატი შეუფერებელია იმ თანამდებობისათვის, რომლის დაკავებაც მას არჩევნების გზით სურს - არამედ საზოგადოებრივი დარაჯის მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დისკუსიას, მათ შორის მაშინ, როცა საარჩევნო სუბიექტი ამ განცხადებაში საერთოდ არ არის მოხსენიებული. არასამთავრო ორგანიზაცია ვერ გააკრიტიკებს კანონს, რომელსაც პარლამენტი საარჩევნო კამპანიის პერიოდში იღებს, იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამომრჩევლის თვალში უარყოფითად არ იყოს წარმოჩენილი. ამ „საფრთხის“ თავიდან ასაცილებლად სადავო ნორმები 60 დღით და ოდნავ მეტით აჩერებენ საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის განმახორციელებელი ორგანიზაციების მუშაობას, მათ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დისკუსიაში, რაც მიზნად ისახავს არა პარტიის არჩევისგან თავის შეკავებას, არამედ იმ პრობლემის გადაწყვეტას, რასაც საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსია ემსახურება (რეპრესიული კანონის გაუქმება, ჟურნალისტზე მოძალადის დასჯა, გარემოს დაბინძურებისათვის კომპანიისათვის ლიცენზიის ან ნებართვის ჩამორთმევა, საქმიანობის აკრძალვა, უსახლკაროების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ა.შ).
საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის მქონე ორგანიზაციის მიერ საარჩევნო კამპანიის პერიოდში საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე თუნდაც კეთილსინდისიერი დისკუსია შესაძლოა უარყოფითად წარმოაჩენდეს რომელიმე საარჩევნო სუბიექტს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას, თუმცა საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვების დაწესება - საქართველოსაგან ან უცხოეთის სახელმწიფოსაგან, ქართული ან უცხოური იურიდიული პირისაგან, უცხოელი ფიზიკური პირისაგან დაფინანსების მიღების აკრძალვა - უთანაბრდება კენჭისყრამდე 60 დღის განმავლობაში და ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შეჩერებას, რაც ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ძალიან შორს მიმავალი, აშკარად არაპროპორციული შეზღუდვაა.
ამ სარჩელის მიზნებისათვის ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ პარტიის არჩევის საწინააღმდეგო განცხადება და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე კეთილსინდისიერი დისკუსია. ეს უკანასკნელიც, საარჩევნო კამპანიის პერიოდში უარყოფითად შეიძლება წარმოაჩენდეს საარჩევნო სუბიექტს ამომრჩევლების თვალში, სწორედ ამიტომ ანტიკორუფციულმა ბიურომ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დისკუსია მოაქცია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით (სადავო ნორმა) გათვალისწინებულ „პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების“ რეგულირების ქვეშ. ეს პოზიცია გაიზიარეს საერთო სასამართლოებმა. ამ სარჩელით იმის დამტკიცება გვსურს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დისკუსიისათვის, თუნდაც ამისათვის არასამთავრობო ორგანიზაციამ ფული დახარჯოს საარჩევნო კამპანიის პერიოდში, სადავო ნორმით დაკისრებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურია.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციისაგან მისი შემომწირველის პერონალური ინფორმაციის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას, ისევე როგორც იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციისაგან ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნების ვალდებულებას. ამ ნორმასთან დაკავშირებით, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა არაპროპორციული ღონისძიებაა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მიმართებაში, რომელმაც, როგორც საზოგადოებრივმა დარაჯმა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში კეთილსინდისიერად წამოიწყო დისკუსია საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე. ასევე სადავოა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას, როცა ეს უკანასკნელი არ მიაწვდის მისი შემომწირველის ან ბენეფიციარის პერსონალურ ინფორმაციას ანტიკორუფციულ ბიუროს.
2.კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს აზრის და მისი გამოხატვის თავისუფლებას. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ფუნდამენტს, მისი განვითარებისა და თითოეული ადამიანის თვითრეალიზაციის არსებით პირობას წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევი, განუყოფელი ელემენტია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს ... დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელია ის ძალა, სულიერი გავლენა, რომელიც აზრისათვის არის დამახასიათებელი. კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-13).
პოლიტიკის სფეროში, მაშასადამე, საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე შეხედულებებისა თუ ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს და ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში დამკვიდრებული მიდგომები. პოლიტიკურ თემებზე აზრთა თავისუფალი ურთიერთგაცვლა უარსებითესია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაშვებული იყოს სხვადასხვა პოლიტიკური პროექტების საჯაროდ წარდგენა და განხილვა, რაც ქმედით იმპულსს აძლევს საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებზე საჯარო დისკუსიების წარმართვას და მასში საზოგადოების წევრთა ჩართულობას. პოლიტიკური გამოხატვა იმ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ხალხს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს პოლიტიკური პარტიების, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ახდენენ, პოზიციებს სხვადასხვა საკითხზე და ჩამოიყალიბონ მათზე საკუთარი დამოკიდებულება. სწორედ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე იდეებისა და ინფორმაციის თავისუფალი ურთიერთგაცვლის მეშვეობით ხორციელდება თავისუფალი პოლიტიკური დებატები ხალხისა და პოლიტიკოსების ჩართულობით, რაც დემოკრატიული საზოგადოების კონცეფციის ქვაკუთხედს წარმოადგენს. დემოკრატიის არსი მდგომარეობს საზოგადოებისათვის განსხვავებული პოლიტიკური პროგრამების შეთავაზებასა და განხილვაში, იმის უზრუნველყოფით, რომ ისინი ზიანს არ აყენებს დემოკრატიას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისის N1/2/1753 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-5)
სადავო ნორმატიული შინაარსი ითვალისწინებს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიის შესახებ ნეგატიური მოსაზრების ან ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების გამო პირის მიჩნევას საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად, მისთვის საქართველოს იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, საქართველოს და უცხოეთის სახელმწიფოს დაფინანსების აკრძალვას, დამფინანსებელი ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვები ეფუძნება საარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოხატულ როგორც მოსაზრებას, ისე ინფორმაციას. ორივე მათგანი არის გამოხატვის ფორმები. ამგვარად, სადავო ნორმებით შემზღუდველი ღონისძიების დაწესების მიზეზი და საფუძველია საარჩევნო სუბიექტის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციის ნეგატიური გამოხატვა. შესაბამისად, ადგილი აქვს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას.
ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკურ საკითხებზე გამოხატული იდეები, შეხედულებები და ინფორმაცია შეიძლება ღირებულებით კონფლიქტში აღმოჩნდეს უკლებლივ ყველა იმ ინტერესთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლადაა მიჩნეული. გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს აკისრებს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს. კერძოდ, სახელმწიფო, კონსტიტუციური თვითბოჭვის ფარგლებში, გაუმართლებლად არ უნდა ჩაერიოს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაში (ნეგატიური ვალდებულება). გარდა ამისა, მან უნდა იქონიოს სათანადო კანონმდებლობა და სამართლებრივი სისტემა, რომელთა მეშვეობითაც იგი უზრუნველყოფს შესაბამის ნორმატიულ სივრცეს, ინსტიტუციებს, მექანიზმებსა და ბერკეტებს ამ თავისუფლებათა ქმედითი დაცულობისთვის (პოზიტიური ვალდებულება). სწორედ ზემოხსენებული ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულების სახელმწიფოს მხრიდან განუხრელად შესრულების შემთხვევაში არის შესაძლებელი კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებითა და მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისის N1/2/1753 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-6) .
გამოხატვის თავისუფლება - პოლიტიკური სუბიექტის წინააღმდეგ ინფორმაციისა და აზრის გავრცელება არის ის საფუძველი, რის გამოც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად. სწორედ ამ კრიტიკული აზრის და ინფორმაციის გამო ხდება არასამთავრობო ორგანიზაციიდან განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემის და საიდუმლო ინფორმაციის, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა, გამოთხოვა. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სასამართლო ბრძანების საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს იურიდიული პირებისაგან, საქართველოს სახელმწიფოსაგან, უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირისაგან დაფინანსების მიღება. ამგვარად, წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ აზრის გამოთქმა და ინფორმაციის გავრცელება არის სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვების დაწესების საფუძველი. შესაბამისად, ადგილი აქვს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დაცული უფლების შეზღუდვას. ეს უკანასკნელი კონსტიტუციის დარღვევა იქნება, თუკი გამართლებული არ იქნება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით.
3.გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფერო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA-ს საქმეზე განაცხადა: „ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ როცა ქვეყნის შიდა სამართალი ზღუდავს გაერთიანების შესაძლებლობას - მიიღოს გრანტები და სხვა ფინანსური შემოწირულობები, რაც წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს, ამით არასამთავრობო ორგანიზაციას ესპობა ისეთი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, რაც მისი არსებობის მიზანს წარმოადგენს. მართალია, სახელმწიფოს შესაძლოა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზეზი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დააკვირდეს ფინანსურ ოპერაციებს, იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფულის გათეთრება, ტერორიზმის ან ექსტრემიზმის დაფინანსება, ამის მიუხედავად, გაერთიანების შესაძლებლობა - მოითხოვოს, მიიღოს და გამოიყენოს დაფინანსება იმისათვის, რომ ჰქონდეს საკუთარი მიზნების ხელშეწყობის და დაცვის შესაძლებლობა, წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების შემადგენელ ნაწილს.“ (ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA, Applications nos. 9988/13 and 60 others , § 165, 14 June 2022).
ეკოდიფენსისი საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე განაცხადა: „იმისათვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეძლონ თავიანთი, „საზოგადოებრივი დარაჯის“ როლის შესრულება, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება, მოითხოვონ და მიიღონ სხვადასხვა წყაროდან დაფინანსება. დაფინანსების წყაროების მრავალფეროვნება დემოკრატიულ საზოგადოებაში აძლიერებს ამგვარი დაფინანსების მიმღებთა დამოუკიდებლობას.“ (ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA, Applications nos. 9988/13 and 60 others , § 169, 14 June 2022).
სადავო ნორმებს აქვთ მიმართება გაერთიანების თავისუფლებასთან. არასამთავრობო ორგანიზაციას სადავო ნორმები უკეტავს დაფინანსების წყაროებს. სადავო ნორმების საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია, დაფინანსება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისაგან. არასამთავრობო ორგანიზაციას ეკრძალება დაფინანსების მიღება საქართველოში და უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისაგან, უცხოელისაგან, საქართველოს და უცხო ქვეყნის სახელმწიფოსაგან, ეს სხვა არაფერია თუ არა დაფინანსების მრავალფეროვანი წყაროების გადაკეტვა.
ამასთან თვით ფიზიკური პირებისაგან დაფინანსების მიღება ექვემდებარება ანტიკორუფციული ბიუროსაგან დამატებით კონტროლს, ამ მონაცემების გასაჯაროების ვალდებულებას. საარჩევნო მიზნების მქონე იურიდიული პირი ექვემდებარება დამატებითი ინსპექტირებას. ამგვარი შეზღუდვა არ ვრცელდება არც ერთი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელიც არ არის მიჩნეული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად. ეს შეზღუდვა გამოიხატება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემის და საიდუმლო ინფორმაციის მოთხოვნაში, ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში - ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის დაკისრებაში.
ეკოდიფენსის საქმეში მიღებული გადაწყვეტილების 83-ე პუნქტში აღნიშნულია: „ინსპექტირება წარმოადგენს მომჩივანი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას, ვინაიდან ის მოიცავს დიდ დროს, სახელმწიფო ორგანოების განმეორებით ვიზიტებს, მომჩივანი ორგანიზაციის თანამშრომლების გამოკითხვას, ორგანიზაციისაგან მრავალი წლის საქმიანობის ამსახველი დიდი რაოდენობით დოკუმენტის გამოთხოვას (მათ შორის ორგანიზაციის სადამფუძნებლო და ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვას, ორგანიზებული ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას, ორგანიზაციის მიზნებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების გამოთხოვას). ევროპულმა სასამართლომ უკვე დაადგინა, მკაცრი მოთხოვნების დაწესება, რის შესრულებასაც შეუძლია ორგანიზაციის ნორმალური საქმიანობის შეფერხება გამოიწვიოს, თავისთავად უკვე წარმოადგენს ჩარევას გაერთიანების თავისუფლების უფლებაში. (ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA, Applications nos. 9988/13 and 60 others , § 83, 14 June 2022). ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების დარღვევა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის დამატებითი მოთხოვნების დაკისრებისათვის, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი შეყვანილნი იქნენ უცხოელი აგენტების რეესტრში (ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA, Applications nos. 9988/13 and 60 others , § 159, 14 June 2022). ცხადია, რომ საარჩევნო მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციაზე ვრცელდება კონტროლის, ინსპექტირების და ანგარიშგების ისეთი დამატებითი მოთხოვნები, რაც არ გააჩნიათ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ესეც მინიმუმ გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას წარმოადგენს.
ამასთან, საარჩევნო მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციას ეკისრება წევრებისა და შემომწირველების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება. ესეც გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემაა. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე Buckley v. Valeo, 424 U.S. 1 (1976) (https://supreme.justia.com/cases/federal/us/424/1/) მიმოიხილა თავისი პრეცედენტული სამართალი გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებით და განაცხადა:
„ჯგუფის გაერთიანების თავისუფლება დაცულია იმის გამო, რომ ამით გაძლიერდეს იდეის ეფექტიანი მხარდაჭერა. რწმენის და იდეების წახალისების მიზნით გაერთიანება სუსტი იქნება, თუკი არ იარსებებს იმის შესაძლებლობა, რომ შემოწირულობა იქნეს მიღებული. ფულადი თანხები ხშირად არსებითია იმისათვის, რომ გაერთიანების მიერ იდეის მხარდაჭერა რეალური ან ოპტიმალურად ეფექტიანი იყოს. ადამიანის პიროვნული მრწამსის თავისუფლებაში შეჭრა საკმაოდ სერიოზული იქნება, როდესაც სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ეხება ორგანიზაციის მიერ მისი წევრებისაგან საწევრო გადასახადის მიღებასა და ხარჯვას. ასეთ ფინანსურ შემოწირულობებს შეუძლია ნათელი მოჰფინოს მისი შემომწირველის საქმიანობასთან, გაერთიანებასა და პიროვნულ მრწამსთან დაკავშირებულ მრავალ ასპექტს. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს წარსულ გადაწყვეტილებებს მკაფიო ზღვარი არ გაუვლია ორგანიზაციის შემომწირველებს და წევრებს შორის. ამ ორს ერთმანეთის შემცვლელ ტერმინად მიიჩნევდა სასამართლო. ბეითსის საქმეში სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ქალაქის მერის ნორმატიული აქტი, რომელიც ორგანიზაციისაგან ითხოვდა ხელისუფლების ინფორმირებას, ვინ და როდის გადაუხადა ორგანიზაციას საწევრო და შემოწირულობა.”
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე Bates v. Little Rock, 361 U.S. 516 (1960) https://supreme.justia.com/cases/federal/us/361/516/#522 განაცხადა: „სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ იმ ჯგუფისათვის, რომელიც დაკავებულია კონკრეტული იდეების მხარდაჭერით, ისეთი ვალდებულების დაკისრება, რაც გულისხმობს მისი წევრების ვინაობის გამჟღავნებას, წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვას. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ აღიარა, რომ სასიცოცხლო კავშირი არსებობს გაერთიანების თავისუფლებასა და ორგანიზაციაში ადამიანის წევრობის საიდუმლოების დაცვას შორის. ადამიანის ორგანიზაციის წევრობის საიდუმლოების დაცვა განუყოფელია გაერთიანების თავისუფლების შენარჩუნებასთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორგანიზაცია იცავს დისიდენტურ მრწამსს. ასოციაციის წევრების სიის გამჟღავნება მნიშვნელოვან რისკებს უქმნის წევრების გაერთიანების თავისუფლებას. არსებობს გაუქარწყლებელი მტკიცებულება, რაც ადასტურებს, რომ კონკრეტული პირის ორგანიზაციის წევრობის ფაქტის გამჟღავნებამ გამოიწვია ამ წევრების შევიწროება და მათ მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ საზოგადოების მხრიდან მტრული დამოკიდებულების და ეკონომიკური ანგარიშსწორების შიშმა ხელი ააღებინა ადამიანებს კონკრეტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების განზრახვაზე, ხოლო ყოფილი წევრები აიძულა გასულიყვნენ ორგანიზაციიდან. რეპრესიის საფრთხე, პიროვნულ დონეზე ურთიერთობის გაუარესება და ზეწოლა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ორგანიზაციისაგან, სასჯელის მუქარის შიშით, მოითხოვა მისი რიგითი წევრების სახელების გამჟღავნება.“
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე NAACP v. Alabama ex rel. Patterson, 357 U.S. 449 (1958) https://supreme.justia.com/cases/federal/us/357/449/ განაცხადა: „მომჩივანი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი წევრების სახელით, აქვს დავის უფლება იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ითხოვს გაერთიანებისაგან მისი წევრების ვინაობის გამჟღავნებას და ამით, გაერთიანების წევრების უფლებები ირღვევა. აშშ-ს უზენაესი სასამართლო ეთანხმება მომჩივან ორგანიზაციას და აცხადებს, რომ მას, ამ შემთხვევაში, უფრო უკეთ შეუძლია თავისი წევრების უფლებების დაცვა. გაერთიანებისა და მისი წევრების ინტერესებს შორის არსებობს საკმარისი კავშირი საიმისოდ, რომ გაერთიანებამ იმოქმედოს, როგორც მისი წევრების წარმომადგენელმა უზენაესი სასამართლოს წინაშე. ამგვარი დასკვნის გაკეთებისას აშშ-ს უზენაესი სასამართლო უარყოფს მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, ასოციაციას არა აქვს უფლება, იდავოს თავისი წევრების კონსტიტუციურ უფლებაზე, იმ შემთხვევაში, როცა ეს წევრები არ მონაწილეობენ საქმეში მხარის სტატუსით. უზენაესი სასამართლოს განმარტება ფართოდ რომ არ იყოს აღქმული, სასამართლო ზოგადად იმეორებს იმ პრინციპს, რომ მხარეებს უფლება აქვთ, იდავონ უშუალოდ მათ კუთვნილ კონსტიტუციურ უფლებაზე. ეს პრინციპი უკრძალავს სასამართლოს საქმის განხილვას, როცა ის პირი, ვისი კონსტიტუციური უფლებაც არის სასამართლოში სადავოდ ქცეული, არ მონაწილეობს საქმის განხილვაში მხარედ. ასეთი ადამიანის უფლებების დაცვა შეუძლებელია გარდა ერთი გამონაკლისისა, როდესაც ამ პირს ჰყავს წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე.
თუ ორგანიზაციის რიგით წევრს აქვს ამ ორგანიზაციასთან კავშირის გაწყვეტის უფლება, იმის მიუხედავად, მოსთხოვა თუ არა სახელმწიფომ ორგანიზაციას მისი წევრების ვინაობის გამჟღავნება, აშკარაა რომ, ამ შემთხვევაში წევრების უფლებებს ყველაზე ეფექტიანად ორგანიზაცია დაიცავს. დავის უფლება ასეთ შემთხვევაში მხოლოდ წევრებს რომ ჰქონდეთ, ეს აზრს დაუკარგავდა გაერთიანების უფლების არსს, ვინაიდან სასამართლოში დავის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს მაშინ, როცა ანგარიშსწორების შიშით წევრი გაერთიანებას ტოვებს. ამ უფლებების დასაცავად ორგანიზაცია ყველაზე შესაფერისი სუბიექტია. ორგანიზაცია და მისი წევრები ამ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებაში, პრაქტიკული თვალსაზრისით, ერთი და იგივე სუბიექტები არიან. ასოციაცია, რომელიც თავისი წესდებით ადგენს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც პასუხობს ამ ორგანიზაციის პრინციპებს და მოთხოვნებს, ხდება გაერთიანების წევრი, წარმოადგენს მედიუმს ადამიანის მიერ მისი მოსაზრებების ეფექტიანად გამოსახატავად. თუკი სახელმწიფო მოსთხოვს ორგანიზაციას მისი წევრების ვინაობის დასახელებას და ამის გამო შემცირდება წევრების რაოდენობა, საწევროების შემცირების გზით, გაუარესდება თავად გაერთიანების ფინანსური მდგომარეობა. ეს კიდევ ერთი ფაქტორია იმისათვის, რომ უზენაესმა სასამართლომ დაადგინოს, ორგანიზაციას, მისი წევრების მონაწილეობის გარეშე, შეუძლია იდავოს ორგანიზაციის მიერ ამ წევრების ვინაობის გამჟღავნების ვალდებულების შესრულების შედეგად წევრების უფლებების დარღვევის შემთხვევაში.“ NAACP v. Alabama ex rel. Patterson, 357 U.S. 449 (1958)
სადავო ნორმები პირდაპირ ითხოვს იმას, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს მიეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაციის შემომწირველი და საწევროს გადამხდელი ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). სადავო ნორმით, ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია. ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ, პირადი ანგარიშსწორების შიშის გამო, შესაძლოა ამ ფიზიკურ პირებს ხელი ააღებინოს არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისაგან. როდესაც საჯაროობის გამო ფიზიკური პირი არ სწირავს თანხას არასამთავრობო ორგანიზაციას ან ტოვებს წევრობას, ესეც გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევაა, ვინაიდან წევრების (საწევროების), ასევე შემოწირულობების შემცირება ზიანს აყენებს საზოგადოებრივ გაერთიანებას.
ამგვარად, სადავო ნორმები ასევე ერევა კონსტიტუციის 22-ე მუხლით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებაში.
1. ლეგიტიმური მიზანი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-171525 მომჩივანი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებული იყო კომუნისტური პარტიის მიერ და გამოსცემდა გაზეთს ქალაქ არიოლში. გაზეთის კომუნისტურ პარტიასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია გამოტანილი იყო პირველ გვერდზე (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 5, 21 February 2017).
2007 წლის ნოემბერში მიმდინარეობდა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის - სახელმწიფო დუმის საარჩევნო კამპანია. ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა არიოლის მხარის მოქმედი გუბერნატორი სტოევი. ეს უკანასკნელი წარსულში იყო საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის - ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე. ამჟამად სტროევი იყო პუტინის პარტია, „ერთიანი რუსეთის“ სიის პირველი ნომერი. კომუნისტური პარტია „ერთიანი რუსეთის“ ძირითადი კონკურენტი იყო (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 8, 21 February 2017).
მომჩივანი ორგანიზაციის გაზეთმა „ორლოვსკაია ისკრამ“ გამოაქვეყნა ორი სტატია, ერთი - 2007 წლის 7 ნოემბერს, მეორე - 2007 წლის 14 ნოემბერს. სტატია კრიტიკულად აფასებდა გუბერნატორ სტროევის საქმიანობას არიოლის მხარის გუბერნატორის თანამდებობაზე. სტატიის ავტორი მიუთითებდა, რომ კრიტიკული სტატიების გამო, გუბერნატორმა სტროევმა დახურა ადგილობრივი გაზეთი. ამით დააშინა სხვა ჟურნალისტები, რომლებმაც მისი შექება დაიწყეს. სტატიაში ასევე მოთხრობილი იყო ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინა ზეწოლა გუბერნატორმა სტროევმა, კომუნისტური პარტიის სიით რეგიონის პარლამენტში გასულ ორ დეპუტატზე, რის შედეგადაც ისინი გადავიდნენ „ერთიან რუსეთში.“ სტატიის ავტორი ადანაშაულებდა გუბერნატორ სტროევს მისი ძმიშვილის მფარველობაში. ამ უკანასკნელმა გაფლანგა გზების დასაგებად გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. გზის დაგების სამუშაოების დასასრულებლად ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა დამატები სახსრები. ბატონი სტროევი ისე იქცეოდა, რაც „ერთიან რუსეთს“ არჩევნებში გამარჯვებისკენ არ მიიყვანდა. სტატიის ავტორმა გაიხსენა შემთხვევა, როცა 2006 წლის არჩევნებში სტროევზე გაბრაზებული ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა კომუნისტურ პარტიას მისცა, სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ სტროევი ატყუებს პრეზიდენტ პუტინს. (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 9, 21 February 2017).
2007 წლის 14 ნოემბერის „ორლოვსკაია ისკრას“ სტატია იხსნება განცხადებით, რომ არიოლის რეგიონის ამომრჩეველი არ ენდობა ხელისუფლებას და 2006-2007 წლების არჩევნებში მხარი კომუნისტურ პარტიას დაუჭირა. შემდეგ, ავტორი ყვება ყოფილი სატყეო ინსპექტორის გათავისუფლების ამბავს, რომელიც სატყეო სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად იქნა დათხოვნილი. სატყეო სამსახურის დანარჩენმა ორმოცდაორმა თანამშრომელმაც დაკარგა სამსახური. სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ სატყეო სამსახურის რეფორმა, ფედერალური კანონის დარღვევით, ინიცირებული იყო გუბერნატორ სტროევის მიერ. სტატიის ავტორის ვარაუდით, რეორგანიზაციის მიზეზი იყო საწარმოო მიზნებისათვის ტყის ჭრის ხელშეწყობა. ყოფილმა ინსპექტორმა უჩივლა რეგიონულ ხელისუფლებას სასამართლოში. ეს პროცესი ისევ მიმდინარეობს, ამის მიუხედავად, ჟურნალისტის აზრით, რეგიონული სასამართლოს მხრიდან არ არსებობდა მიუკერძოებლობის მოლოდინი. სტატიაში ასევე გაანალიზებული იყო გუბერნატორის ბოლოდროინდელი განცხადება, რომლითაც გაკრიტიკებული იყო ყოფილი პრეზდენტ ელცინის პოლიტიკა. ეს მაშინ, როცა ბატონი სტროევი იმ დროს იყო ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისად, მეორე ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ქვეყნაში. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ყოფილი სატყეო ინსპექტორის პროცესის გაჭიანურება ხდება იმის გამო, რომ სტროევს სურს, თავიდან აიცილოს სკანდალი არჩევნების წინ. სტატია სრულდება რჩევით პრეზიდენტი პუტინის მიმართ, თავისი თავის ასოცირება არ მოახდინოს ისეთ სადავო პიროვნებასთან, როგორიც გუბერნატორი სტროევია (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 10, 21 February 2017).
ორივე სტატია იყო გაზეთის სარედაქციო პასუხისმგებლობის ფარგლებში დაწერილი. არც ერთი სტატია არ წარმოადგენდა პოლიტიკურ რეკლამას, რაშიც გადახდილი იყო კომუნისტური პარტიის ან სხვა პოლიტიკური პარტიის ფული. 2007 წლის 17 ნოემბერს რეგიონული საარჩევნო კომისიის საინფორმაციო დავების სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა ორივე სტატია. სამუშაო ჯგუფმა დაასკვნა, რომ სტატიები შეიცავდა წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნებს. სამუშაო ჯგუფის დასკვნაში აღნიშნული იყო:
„პუბლიკაცია შეიცავს „ნეგატიურ,“ განზრახ, სისტემატიურ, ბეჭდურ ინფორმაციას პოლიტიკური პარტია „ერთიანი რუსეთის“ უმაღლეს პოლიტიკური საბჭოს წევრზე, ბატონ სტროევზე. ეს სტატია ქმნის ამომრჩევლების მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას „ერთიანი რუსეთის“ მიმართ. მართალია, ტექსტი არ მოუწოდებს ამომრჩევლებს ხმა მისცენ „ერთიან რუსეთს“ ან თავი შეიკავონ მისთვის ხმის მიცემისაგან, მაგრამ ყველა ამომრჩეველს ესმის, რომ, ფაქტობრივად, ეს სტატია ბატონი სტროევის საწინააღმდეგო კამპანიაა... ამ სტატიისათვის კამპანიის წარმოების მიზნით ფული არ იქნა გადახდილი არჩევნებში მონაწილე რომელიმე პარტიის ოფიციალური კამპანიის ფონდიდან, „საარჩევნო უფლების შესახებ“ 2002 წლის კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 11, 21 February 2017).
საარჩევნო კომისიის თანამდებობის პირებმა შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მომჩივანის ორგანიზაციის წინააღმდეგ, სადაც მითითებულია საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც განსაზღვრულია კამპანიის ცნება. ოქმში აღნიშნულია: „2007 წლის 7 და 14 ნოემბერს მომჩივანმა ორგანიზაციამ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაც მოიცავს დუმის არჩვენების შესახებ კანონის მე-10 მუხლის და 55-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის ნიშნებს. ამ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით“ (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 13, 21 February 2017).
საქმე გაეგზავნა მომრიგებელ მოსამართლეს. 2007 წლის 29 ნოემბერს მომრიგებელმა მოსამართლემ გამოიკვლია საქმის მასალები. საქმის განხილვისას გაზეთის მთავარმა რედაქტორმა განმარტა, რომ სტატიაში მოცემული იყო ინფორმაცია, რაც, თავისი არსით, არ წარმოადგენდა საარჩევნო კამპანიის ნაწილს. სტატიაში ასახული იყო ავტორის პოზიცია გუბერნატორ სტროევზე, ამიტომ არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ამ სტატიაში ფული გადაეხადა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 14, 21 February 2017).
მოსამართლემ დაადგინა, რომ „სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნების შესახებ“ 2005 წლის კანონის, ასევე „საარჩევნო უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით, ტერმინი „საარჩევნო კამპანია“ ნიშნავს სტატიას, რომელშიც გამოკვეთილია ერთი კანდიდატი. ამ სტატიაში უნდა იყოს უარყოფითი კომენტარები ამ კანდიდატზე. ამ ორი სტატიის გამოკვლევის საფუძველზე, მოსამართლე ეთანხმება საარჩევნო კომისიას იმაში, რომ სტატია ფოკუსირებულია კანდიდატ სტროევზე და ეს სტატია ნეგატიურია მასზე. მოსამართლე ადგენს, რომ სტატია არსებითად წინასაარჩევნო აგიტაციაა. ასეთი მასალა უნდა გამოქვეყნებულიყო პარტიის კამპანიის ფონდის დაფინანსებით ან უსასყიდლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოცემას უნდა მიეთითებინა, ვინ არის სტატიის შემკვეთი. ამის შესახებ არაფერია ნათქვამი სტატიაში. ამის გამო, ორივე ამ სტატიის გამოქვეყნება წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. ამიტომ, მომჩივანი ორგანიზაცია ცნობილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, რაც გათვალისწინებულია 2001 წლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით. მომრიგებელი მოსამართლე აკისრებს მომჩივანს 35 000 რუბლის (იმ დროისათვის 1000 ევრო) გადახდას (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 14, 21 February 2017).
სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ მომჩივანი ორგანიზაცია დაისაჯა ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რაც გამოიხატებოდა მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის დროს მოქმედი პროცედურის დარღვევაში. ეს წესები მოქმედებდა კენჭისყრამდე ერთი თვით ადრე. დარღვევა მდგომარეობდა იმაში, რომ არ იყო მითითებული პარტიის სახელწოდება ან სახელწიფო დუმის წევრობის კანდიდატის სახელი, რომელმაც შეუკვეთა ორი სტატია უფასოდ ან თანხის გადახდის სანაცვლოდ. ამ ინფორმაციის მითითების ვალდებულება ეკისრებოდათ გაზეთის (მომჩივანი ორგანიზაციის) სარედაქციო კოლეგიას, თუკი საგაზეთო სტატია სააგიტაციო მასალად იყო დაკვალიფიცირებული. პუბლიკაცია საარჩევნო აგიტაციად დაკვალიფიცირდა, ვინაიდან, ძირითადად, შეიცავდა უარყოფით კომენტარებს არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 94, 21 February 2017).
ამის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს, სადავო ჩარევა რამდენად ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. როგორც ჩანს, მხარეთა საერთო პოზიციას წარმოდგენას ის, რომ მომჩივანი ორგანიზაციის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მიზნად ისახავდა სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. მთავრობის მტკიცებით, „სხვაში“ იგულისხმება სხვა კანდიდატები, რომლებმაც დაიცვეს შესაბამისი წესები და ამომრჩეველები, რომელიც შეიძლება შეცდომაში შევიდნენ, თუკი არ ეცოდინებათ ვინ არის სააგიტაციო საქმიანობის სპონსორი (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 99, 21 February 2017). „სააგიტაციო მასალის“ სპონსორის მითითების ვალდებულება არის შეკავებისა და გაწონასწორების ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც რუსული სამართალის მიხედვით, გამოიყენება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. ეს მოთხოვნა ემსახურება მედიის საქმიანობის რეგულირებას საარჩევნო პერიოდში (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 101, 21 February 2017).
აქ საქმე ეხება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. ეს კი კონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლებაა. საჩივარი არ არის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლთან მიმართებაში წარდგენილი. ვინაიდან საქმე ეხება საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვას, მიზანშეწონილია მომჩივანი ორგანიზაციის კონვენციის მე-10 მუხლით დაყენებული საჩივარი გამოკვლეული იყოს კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის კონტექსტში. კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის თანახმად:
,,მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, გონივრული ინტერვალით, ფარული ხმის მიცემით, ისეთი პირობებით, რაც უზრუნველყოფს ხალხის ნების თავისუფალ გამოვლინებას, ჩაატარონ საკანომდებლო ორგანოს არჩევნები“ (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 102, 21 February 2017).
ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებში, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ინტერესთა დაბალანსებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული „სხვათა უფლებები,“ რაც გულისხმობს საჯარო ინტერესებს, კერძოდ იმას, რომ საარჩევნო პროცესი არ იყოს მონოპოლიზირებული და კანდიდატებს შორის უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი კონკურენცია. გამართლებული შეიძლება იყოს საარჩევნო პერიოდში ზოგიერთი ფორმალობის, შეზღუდვის ან სასჯელის დაწესება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონკურენტული გარემო, მაგალითად, კამპანიის ხარჯების რეგულირების და კონტროლის თვალსაზრისით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ზოგიერთ კანდიდატსა და პარტიას, მათი ფინანსური სიძლიერის გამო, აქვს შესაძლებლობა უსამართლო უპირატესობა მოიპოვოს ნაკლები რესურსის მქონე პირებთან მიმართებაში პოლიტიკურ რეკლამაში უფრო მეტი ხარჯვის გაწევის გზით (see TV Vest AS and Rogaland Pensjonistparti v. Norway, no. 21132/05, § 72, ECHR 2008 (extracts), and VgT Verein gegen Tierfabriken v. Switzerland, no. 24699/94, § 75, ECHR 2001‑VI) (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 103, 21 February 2017).
ორლოვსკაია ისკრას სტანდარტებით რომ შევაფასოთ ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აზრის და ინფორმაციის გამოხატვა იზღუდება სხვათა უფლებების დასაცავად. ორლოვსკაია ისკრას საქმეში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ „სხვათა უფლებებში“ მოიაზრება როგორც საარჩევნო სუბიექტის, ისე ამომრჩეველის უფლებები. კანონმდებელმა შეზღუდა საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, მათ შორის მათ მიერ დამოუკიდებელი საარჩევნო ხარჯის გაღება. კანონმდებელი ვარაუდობს, რომ იურიდიულ პირს დიდი რესურსები აქვს და ეს რესურსები არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. სწორედ ამით აიხსნება იურიდიული პირებისათვის დაწესებული შეზღუდვა - არ გახდნენ საარჩევნო შემოწირულობის დონორები.
სადავო ნორმები ასევე ზღუდავს სახელმწიფოს მიერ საარჩევნო მიზნების მქონე იურიდიული პირის დაფინანსებას. საქართველოს სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი საარჩევნო სუბიექტების მიმართ, შესაბამისად, მას ეკრძალება საარჩევნო შემოწირულობის გაღება ნებისმიერი სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. სახელმწიფოს რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ შემოწირულობის გაღების შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ეს მის უზარმაზარ რესურსებს მიმართავდა ერთი სუბიექტის სასარგებლოდ ან სხვების საწინააღმდეგოდ. აქაც ის საფრთხე გვაქვს სახეზე, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საუბრობს „ორლოვკაია ისკრას“ საქმეში. სახელმწიფოს უზარმაზარი რესურსები - გადასახადის გადამხდელთა და კანონის დარღვევისათვის დაჯარიმებულთა ფული - მიმართული იქნებოდა ისეთი სუბიექტის საწინააღმდეგოდ, რომელსაც არა აქვს საპირწონე რესურსი მის წინააღმდეგ მიმართულ აგიტაციასთან დასაპირისპირებლად. ამასთან სახელმწიფოს ხელში არსებულ ფულს აქვს ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზების და ამომრჩეველის ნების მანიპულირების რესურსი. ამიტომ, საბოლოოდ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სახელმწიფო ორგანოები სრულად იზოლირებული ყოფილიყვნენ საარჩევნო პროცესიდან, მათ შორის, საარჩევნო მიზნის მქონე იურიდიული პირების დაფინანსების აკრძალვის გზითაც.
უცხო სახელმწიფოსათვის, უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საარჩევნო შემოწირულობაზე დაწესებული შეზღუდვა ემსახურება იმავე მიზანს, რაზეც ორლოვსკაია ისკრა საუბრობს. სხვა სახელმწიფოები და იურიდიული პირები ძალიან მდიდრები არიან საიმისოდ, რომ მოახდინონ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და უუნარო გახადონ საარჩევნო სუბიექტი მის წინააღმდეგ წარმოებული საარჩევნო აგიტაციის მიმართ. ამასთან გარდა „სხვათა უფლებების“ დაცვისა, საარჩევნო კამპანიაში უცხო სახელმწიფოს, უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიული პირების მონაწილეობის აკრძალვა ემსახურება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევასაც. უცხო სახელმწიფოს, უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ თუნდაც პარტიასთან კავშირის არმქონე საქართველოს მოქალაქის კრიტიკული გამონათქვამის დაფინანსება საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგოდ, აჩენს ისეთი სუბიექტის არჩევისგან თავის შეკავების შესაძლებლობას, რომელიც არ გაატარებს ამ სახელმწიფოს, უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირის ინტერესებს. უცხოელების და განსაკუთრებით კი უცხო სახელმწიფოს ჩარევა საქართველოს არჩევნებში აჩენს საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტების საფრთხეს და აზიანებს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესებს.
ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე იმ ფიზიკური პირების სახელის, გვარის და პირადი ნომრის გამოქვეყნება ემსახურება იმის გარკვევას, რომ ამომრჩეველმა იცოდეს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კანდიდატის მიმართ კრიტიკული პოსტი ვის მიერ გადახდილი შემოწირულობით ფინანსდება. ამით ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირების თავიდან აცილება ხდება და არჩევნების დღეს ამომრჩეველი აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს. აქაც სახეზეა „სხვათა უფლებების“ დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
გარდა ამისა, კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზნად შესაძლოა დასახელდეს პოლიტიკური quid pro quo (ლათინური სიტყვები, რაც ქართულად ნიშნავს რაღაცა რაღაცის სანაცვლოდ) რეალური კორუფციის ან ამგვარი კორუფციის აღქმის თავიდან აცილების ინტერესი. ესეც ემსახურება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნის მიღწევას. Buckley v. Valeo საქმეზე აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია აკრძალვა, რაც ეხებოდა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ შეუზღუდავი რაოდენობის დოლარების საარჩევნო რეკლამებში ხარჯვის შესაძლებლობას. სასამართლომ ასეთი სარეკლამო ხარჯი მიიჩნია შემოწირულობად, რაც უნდა ასახულიყო კანდიდატის საარჩევნო ფონდში. შეუზღუდავი რაოდენობის სარეკლამო ხარჯები ქმნიდა იმის შესაძლებლობას, რომ თუ ეს რეკლამები კონკრეტული კანდიდატის არჩევას გამოიწვევდა, ეს კანდიდატი ამ რეკლამის შემკვეთს საბიუჯეტო სახსრებით გადაუხდიდა სამაგიეროს. ეს არის პოლიტიკური quid pro quo კორუფცია - მაღალი სარეკლამო, პროპაგანდისტული, სააგიტაციო ხარჯების გაღება, ხელისუფლებაში სასურველი სუბიექტის მოსვლის შემთხვევაში რეკლამის შემკვეთის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით დაჯილდოების სანაცვლოდ. როგორც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ Citizens United-ის საქმეში განაცხადა: „ბაკლის საქმეში მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესად იქნა იდენტიფიცირებული კორუფციის ან კორუფციის აღქმის თავიდან აცილება, ამაში იგულისხმებოდა quid pro quo კორუფცია. ამ გადაწყვეტილების თანახმად, კორუფციის ნიშანია ფინანსური quid pro quo - დოლარები პოლიტიკური სარგებლის სანაცვლოდ.“
როგორც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე Citizens United v. FEC, 558 U.S. 310 (2010) საქმეზე (https://supreme.justia.com/cases/federal/us/558/310/) განაცხადა: „როდესაც საუბარია დიდი ოდენობით პირდაპირ შემოწირულობაზე, ბაკლის პრეცედენტის მიხედვით, ამით სახეზეა პოლიტიკური quid pro quo კორუფცია. ამგვარი მავნებელი პრაქტიკის არსებობის გამართლება შეუძლებელია. ეს პრაქტიკა, ბაკლის მოტივაციით, მოექცევა ქრთამის ამკრძალავი კანონების მოქმედების სფეროში, თუკი quid pro quo ურთიერთობა იქნება დადასტურებული. ამის მიუხედავად, ბაკლის საქმეზე აშშ-ს უზენასმა სასამართლომ შემოწირულობის მაქსიმალურ ოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დატოვა, რათა თავიდან აეცილებინა რეალური ან აღქმადი კორუფცია. სასამართლოს ეს მოტივაცია არ ეხება დამოუკიდებელ ხარჯს.“
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების, სხვა პერსონალური მონაცემების და საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა ემსახურება ზემოთ დასახელებული მიზნის მიღწევას: გამოავლინოს კანონდარღვევა - იურიდიული პირის მიერ დამოუკიდებელი შემოწირულობის გაღების ფაქტი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის არჩევის საზიანოდ. ასევე ანტიკორუფციული ბიუროს ინსპექტირება უზრუნველყოფს იმას, რომ გაარკვიოს იმ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების ვინაობა, ვინც დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციის დამოუკიდებელი საარჩევნო შემოწირულობა, რაც პარტიის არჩევისგან თავის შეკავებისაკენ არის მიმართული. სადავო ნორმით გათვალისწინებული ანტიკორუფციული ბიუროს ინსპექტირება მიმართულია ქართულ არჩევნებში უცხოური ჩარევის გამოვლენისა და მასზე რეაგირებისათვის. ამ შემთხვევაში სადავო ნორმა ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
2. გამოსადეგობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობისა კრიტერიუმებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის N3/5/744 გადაწყვეტილება საქმეზე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-35).
ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). აუცილებელია, სადავო რეგულაციით, შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნების რეალიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უფლების მზღუდავი ნორმატიული რეგულირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება, რაც გამოიწვევს ამ რეგულირების მიჩნევას აღნიშნული უფლების გაუმართლებელ, თვითნებურ შეზღუდვად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის N3/5/744 გადაწყვეტილება საქმეზე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-36).
ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგობის გარკვევა მოითხოვს იმ საკითხზე პასუხის გაცემას, რამდენად არის შესაძლებელი მოსარჩელე მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულმა კრიტიკულმა პოსტებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან და პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე, რამდენად წარმოადგენს ეს განცხადებები პირდაპირ მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის არჩევისგან თავის შეკავების თაობაზე ან ამგვარი მოწოდების ფუნქციურ ეკვივალენტს, რასაც შეუძლია ზოგადად კონფლიქტში მოვიდეს როგორც ამომრჩევლის უფლებასთან, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, ისე საარჩევნო სუბიექტის უფლებასთან დაცული იყოს კორპორაციული ან უცხოური წარმოშობის ფულით დაფინანსებული ისეთი კამპანიისაგან, რაც ხელს უშლის მას არჩევითი თანამდებობის დაკავებაში.
2.1.პირდაპირი მოწოდება და მისი ფუნქციური ეკვივალენტი
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან განვასხვაოთ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსია, რაც ემსახურება კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნის მიღწევის კეთილსინდისიერ განზრახვას და ისეთი განცხადება, რომლიც მოუწოდებს ამომრჩეველს ხმა არ მისცეს კონკრეტულ კანდიდატს/საარჩევნო სუბიექტს. ამისათვის მხედველობაში უნდა მივიღოთ ამერიკის უზენაესი სასამართლოს მრავალწლიანი პრაქტიკის ტრაექტორია ამ საკითხზე. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე მაკკონელი ფედერალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ საქმეში McConnell v. FEC, 540 U.S. 93 (2003) აღნიშნულია, რომ Buckley v. Valeo საქმეზე 1976 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, გამჭვირვალობის მოთხოვნები ვრცელდებოდა მხოლოდ კანდიდატისათვის ხმის მიცემისაკენ ან ხმის მიცემისაგან თავის შეკავების შესახებ პირდაპირ მოწოდებებზე. იურიდიულ პირებს ეკრძალებოდათ ასეთი პირდაპირი მოწოდების დაფინანსება. რეკლამა, სადაც ასეთი პირდაპირი მოწოდება არ იყო გაჟღერებული, არ იყო მითითებული ის, თუ ვისი შეკვეთით მომზადდა ასეთი რეკლამა. ამასთან კორპორაციები და პროფკავშირები ამზადებდნენ ისეთ რეკლამას, სადაც არ იყო გაჟღერებული კანდიდატისათვის ხმის მიცემის ან ხმის მიცემისაგან თავის შეკავების პირდაპირი მოწოდებები.
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ბაკლის საქმეში მოიყვანა პირდაპირი მოწოდების მაგალითები „ხმა მიეცით ჯონ სმიტს,“ „აირჩიეთ ჯეინი“ „მხარი დაუჭირეთ ჯონს,“ „დაამარცხეთ ჯეინი,“ „უარყავით ჯონი“. ბაკლის საქმის მიხედვით, საარჩევნო კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ ისეთ რეკლამებს უნდა შეხებოდა, სადაც ეს სიტყვები იყო გამოყენებული - კონკრეტული კანდიდატის არჩევისაკენ ან არჩევისაგან თავის შეკავებისკენ მიმართული პირდაპირი მოწოდებები. საარჩევნო შეზღუდვებისაგან თავისუფლდება რეკლამები, სადაც ასეთი სიტყვები არ იყო გამოყენებული. მაკკონელის საქმეზე დადგენილი სტანდარტის მიხედვით, არჩევნებზე გავლენა შეიძლება მოახდინოს არა მხოლოდ პირდაპირმა მოწოდებამ, არამედ მისმა ფუნქციურმა ეკვივალენტმა.
2010 წლის აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა გაერთიანება ფედერალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ფუნქციური ეკვივალენტის ტესტის გამოყენების მკაფიო მაგალითია. ამ საქმის (Citizens United v. FEC, 558 U.S. 310 (2010) https://supreme.justia.com/cases/federal/us/558/310/)) ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი:
მოქალაქეთა გაერთიანება არის არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი ბიუჯეტი შეადგენს 12 მილიონ დოლარს. ამ ორგანიზაციის შემოსავლების უმრავლესობა მოდის ფიზიკური პირების მხრიდან შემოწირულობაზე. მოქალაქეთა გაერთიანება იღებს მცირე ოდენობით ფულად დახმარებას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან.
2008 წლის იანვარში მოქალაქეთა გაერთიანებამ გაავრცელა ფილმი, სახელწოდებით „ჰილარი.“ ეს არის 90 წუთიანი დოკუმენტური ფილმი იმ დროისათვის სენატორი ჰილარი კლინტონის შესახებ. ეს უკანასკნელი იყო დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზში პრეზიდენტობის კანდიდატი. ფილმი „ჰილარი“ სენატორ კლინტონს სახელით მოიხსენიებს და ასახავს ინტერვიუებს პოლიტიკის ექსპერტებთან და სხვა პირებთან, რომელთა უმრავლესობა საკმაოდ კრიტიკულია სენატორი კლინტონის მიმართ. ფილმი „ჰილარი“ გავიდა კინოთეატრებში და ვრცელდებოდა DVD დისკების მეშვეობით. ამის მიუხედავად, მოქალაქეთა გაერთიანებას სურდა, ამ ფილმის გავრცელების მასშტაბის გაზრდა გამოძახებით აუდიოვიზუალური მომსახურების მიწოდების გზით.
აუდიოვიზუალური მომსახურების გამოძახება ხდებოდა საკაბელო ტელევიზიის აბონენტის მიერ მენიუდან, სხვადასხვა პროგრამიდან (ფილმებიდან, სატელევიზიო შოუებიდან, სპორტული პროგრამებიდან, ახალი ამბებიდან და მუსიკიდან) არჩევანის გაკეთების გზით. მაყურებელს ფილმი „ჰილარის“ ნახვა შეეძლო ნებისმიერ დროს, შეეძლო მისი გადახვევა და დაპაუზება. 2007 წლის დეკემბერში საკაბელო კომპანიებმა მოქალაქეთა გაერთიანებას მოსთხოვეს 1 200 000 დოლარის გადახდა იმისათვის რომ საკუთარი აბონენტებისათვის გამოძახებით აუდიოვიზუალური მომსახურების სახით მიეწოდებინათ ფილმი „ჰილარი.“ 2008 წლის არჩევნების პერიოდისათვის. ზოგიერთი აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებელი თავისი აბონენტებისათვის ფილმი „ჰილარის“ გამოძახებისათვის ითხოვდა მცირე ოდენობით საფასურის გადახდას, მაგრამ სხვა საკაბელო კომპანიები მომხმარებელს ფილმი „ჰილარის“ გამოძახებას უფასოდ ჰპირდებოდა.
იმისათვის, რომ მაყურებელს ფილმისათვის ეყურებინა, მოქალაქეთა გაერთიანება ფულს იხდიდა ვიდეოს გამოძახებაში. ამასთან ფილმის მაყურებლების რიცხვის გასაზრდელად, მოქალაქეთა გაერთიანებამ დაამზადა ორი 10 წამიანი და ერთი 30 წამიანი კლიპი ფილმი „ჰილარის“ შესახებ. თითოეული რეკლამა მოიცავს მოკლე (და სასამართლოს აზრით, შეურაცხმყოფელ) განცხადებას სენატორი კლინტონის შესახებ. ამის შემდეგ რეკლამაში ისმის ფილმის სახელწოდება და იმ ვებ-გვერდის მისამართი, სადაც ფილმის ნახვა იყო შესაძლებელი. მოქალაქეთა გაერთიანებას სურდა საკაბელო ქსელით აუდიოვიზუალური მომსახურების გამოძახებისათვის ხელი შეეწყო ტელევიზიასა და თავად საკაბელო ქსელებში რეკლამის განთავსების გზით.
ორპარტიული კამპანიის რეფორმირების 2002 წლის აქტით, ფედერალური კანონი კრძალავდა და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტშიც კრძალავს - კორპორაციებისა და პროფკავშირების მიერ მათი ბიუჯეტის გამოყენებას საარჩევნო შემოწირულობის განსახორციელებლად. აკრძალვა მოიცავდა როგორც კანდიდატის საარჩევნო ფონდში თანხის ან სხვა მატერიალური სიკეთისა თუ მომსახურების შეტანას, ისე საარჩევნო ხარჯის დამოუკიდებლად გაღებას, ფულის თუ სხვა მატერიალური სიკეთის კანდიდატის ფონდში შეტანის გარეშე. იურიდიულ პირს არ ჰქონდა ისეთი ხარჯის გაღების უფლება, რაც აშკარად მიზნად ისახავს რომელიმე კანდიდატის გამარჯვებას ან დამარცხებას. ეს აკრძალვა მიემართება ნებისმიერი ფორმის მედიის გამოყენებას ფედერალური არჩევნების პერიოდში. კანონი იურიდიულ პირს უკრძალავს „ელექტრონულ კომუნიკაციას.“ ეს უკანასკნელი კანონით განსაზღვრულია, როგორც ფედერალური თანამდებობის ცხადად იდენტიფიცირებულ კანდიდატთან მიმართებაში სამაუწყებლო, საკაბელო და სატელიტურ კომუნიკაცია პრაიმერიზამდე 30 დღის, ხოლო არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში.
„მოქალაქეთა გაერთიანებას“ უნდოდა ფილმი „ჰილარი“ გამოძახებით აუდიოვიზუალური მომსახურების გზით ხელმისაწვდომი გაეხადა 2008 წელს დემოკრატიული პარტიის პარიმერიზამდე 30 დღის პერიოდში, მაგრამ ეს იურიდიული პირი შიშობდა, რომ მოექცეოდა კანონით კორპორაციისათვის საარჩევნო დანახარჯის გაწევის დაწესებულ აკრძალვაში და დაექვემდებარებოდა როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლისსამართლებრივ სანქციებს. 2007 წლის დეკემბერს მოქალაქეთა გაერთიანებამ აღძრა სარჩელი, რითაც მოითხოვა იმის აღიარება, რომ ფილმი „ჰილარი“ არ წარმოადგენდა წინაასარჩევნო შემოწირულობას და ფედერალურ საარჩევნო კომისიისაგან მოითხოვა მოსარჩელე იურიდიული პირის მიმართ სანქციების გამოყენებისაგან თავის შეკავება. მოსარჩელე აცხადებდა, რომ კანონი არაკონსტიტუციური იყო იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც ფილმ „ჰილარის“ მიიჩნევდა წინასაარჩევნო შემოწირულობად, ასევე არაკონსტიტუციური იყო ორპარტიული კამპანიის რეფორმის აქტით დადგენილი შემოწირულობის დეკლარირების და გამჭვირვალობის მოთხოვნები. მოსარჩელე ითხოვდა ორპარტიული კამპანიის რეფორმის აქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც იურიდიულ პირს უკრძალავდა ფილმი „ჰილარის“ და მასთან დაკავშირებით მომზადებული სამი რეკლამის გავრცელებას.
რაიონულმა სასამართლომ უარი განაცხადა „მოქალაქეთა გაერთინების“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. რაიონული სასამართლოს დასაბუთება იყო ის, რომ ფედერალურ საარჩევნო კომისიას ევალებოდა კანონის აღსრულება. რაიონული სასამართლოს თქმით, გასაჩივრებული კანონი აშკარად არაკონსტიტუციური არ იყო, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ მაკონელის საქმეზე დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ორპარტიული კამპანიის რეფორმირების აქტი“ ნამდვილად ვრცელდებოდა ფილმ „ჰილარიზე, რაიონული სასამართლოს თქმით: „ფილმი „ჰილარი“ შეიძლებოდა ისე ყოფილიყო აღქმული მაყურებლის მიერ, რომ სენატორი ჰილარი კლინტონი შეუფერებელი იყო პრეზიდენტის თანამდებობისათვის. ფილმის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები საშიში ადგილი გახდებოდა, თუ ჰილარი კლინტონს ამერიკელები მისცემდნენ ხმას და ის გახდებოდა ამერიკის პრეზიდენტი.“ ამ თვალსაზრისით ფილმი იყო კანონით გათვალისწინებული „ელექტრონული კომუნიკაცია“ და საარჩევნო ხარჯი, რაც მიზნად ისახავდა ჰილარი კლინტონის დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში არჩევისგან თავის შეკავებას.
საჩივარი ამ საქმეზე დასაშვებად სცნო აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ. სანამ უზენასი სასამართლო უფრო დიდ საკითხს გადაწყვეტდა იმის შესახებ, რამდენად კონსტიტუციური იყო კამპანიის პერიოდში იურიდიული პირისათვის დამოუკიდებელი საარჩევნო შემოწირულობის განხორციელების აკრძალვა, საკითხი, რაც უზენაესმა სასამართლომ თავდაპირველად გადაწყვიტა იყო ის, რამდენად იყო ფილმი „ჰილარი“ და მის შესახებ რეკლამები ხმის მიცემისაგან თავის შეკავების პირდაპირი მოწოდება ან მისი ფუნქციური ეკვივალენტი.
მოქალაქეთა გაერთიანების საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა პირდაპირი მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტობის ტესტი არის ობიექტური ხასიათის: კომუნიკაცია პირდაპირი მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტია, თუკი ამ კომუნიკაციის განმარტებიდან არ გამომდინარეობს სხვა აზრი, გარდა იმისა, რომ მისი ავტორი ამომრჩეველს კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერისკენ ან მის მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ამ ტესტი მიხედვით, ფილმი „ჰილარი“ პირდაპირი მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტია. ფილმი „ჰილარი“ თავისი შინაარსით წარმოადგენს ანტირეკლამას, რაც მის მაყურებელს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მისცენ ხმა სენატორ კლინტონს. ისტორიული კადრების, იმ ადამიანებთან ინტერვიუების, რომელიც კლინტონის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილი, კადრებზე დადებული მთხრობელის ტონის გათვალისწინებით, ფილმი მაყურებელთა უმრავლესობის მიერ იმგვარად აღიქმება, რომ არის მკაცრი კრიტიკა კლინტონის ხასიათის და პრეზიდენტის თანამდებობისათვის მისი შესაბამისობის თაობაზე. ფილმის თხრობა უფრო მეტად გვთავაზობს არგუმენტებს და რჩევებს, ვიდრე ფაქტებს, თუმცა მცირე ეჭვი რჩება იმასთან დაკავშირებით, რომ ფილმის თეზისი ემყარება მოსაზრებას, რომ კლინტონი პრეზიდენტის თანამდებობისათვის შეუფერებელია. ფილმი ყურადღებას ამახვილებს ბილ კლინტონის ადმინისტრაციის სავარაუდო გადაცდომებზე, ჰილარი კლინტონის კვალიფიკაციაზე და თანამდებობისათვის შესაბამისობაზე, იმ პოლიტიკაზე, რასაც კლინტონი გაატარებს, თუ ის არჩეული იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე. ფილმში კლინტონი მოხსენიებულია, როგორც „მაკიაველისტი.“ ფილმში ისმის კითხვა, რამდენად არის კლინტონი კვალიფიციური, საიმისოდ, რომ პრეზიდენტად არჩევისთანავე განახლებული ენერგიით და ენთუზიაზმით დაიწყოს საქმიანობა. ფილმის მთხრობელი შეახსენებს მაყურებელს, რომ „ამერიკული საზოგადოება არასოდეს იყო მოხიბლული დინასტიებით.“ „ჰილარისთვის ხმის მიცემა ნიშნავს თეთრ სახლში ბუშებისა და კლინტონების დინასტიური მმართველობის 20 წლიანი პერიოდის გაგრძელებას.“
მოქალაქეთა გაერთიანება ამტკიცებს, რომ დოკუმენტური ფილმი განიხილავს რამდენიმე ისტორიულ ფაქტს. უზენაესი სასამართლო დაეთანხმა ამ მოსაზრებას. ფილმი მასში აღწერილი ფაქტებს მუდმივად უკავშირებს სენატორი კლინტონის შესაბამისობას პრეზიდენტის თანამდებობის მიმართ. მთხრობელი ფილმის დასაწყისში სვამს კითხვას: „შეუძლია სენატორ კლინტონს გახდეს პირველი ქალი პრეზიდენტი შეერთებული შტატების ისტორიაში? ფილმის ბოლოს მთხრობელი აცხადებს: ბოლოს, სანამ ამერიკელები გადაწყვეტენ, ვინ იქნება ჩვენი მომავალი პრეზიდენტი, ამომრჩევლებს არ სჭირდებათ იმის შეხსენება, რა დგას სასწორის მეორე მხარეს - ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და წარმატება.“ როგორც რაიონულმა სასამართლომ განაცხადა: არ არსებობს ფილმი „ჰილარის“ სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობა, გარდა იმისა, რომ ის მოუწოდებს ამომრჩეველს, ხმა მისცეს სენატორი კლინტონის წინააღმდეგ. მაკკონელის საქმეზე დადგენილი სტანდარტის თანახმად, ფილმი ხმის მიცემისაგან თავის შეკავებისკენ პირდაპირი მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტია. შესაბამისად, კანონით იურიდიულ პირზე ვრცელდებოდა აკრძალვა, არ გაეწია დამოუკიდებელი ხარჯი ამგვარი ფილმის წინასაარჩევნო კამპანიის/პრარიმერიზის კამპანიის პერიოდში გასავრცელებლად.
ამგვარად, პირდაპირი მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტის შემცველია ისეთი განცხადება, რომელიც მართალია, პირდაპირ არ მოუწოდებს აუდიტორიას საარჩევნო სუბიექტისათვის ხმის მიცემისაკენ ან ხმის მიცემისაგან თავის შეკავებისაკენ, თუმცა მიუთითებს ფაქტებზე ან ავითარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, კანდიდატი შეუფერებელია იმ თანამდებობის დასაკავებლად, რისთვისაც კენჭს იყრის.
ფუნქციური ეკვივალენტის კრიტერიუმი კიდევ უფრო დაკონკრეტებულია ვისკონსინის სიცოცხლის უფლების საქმეში (FEC v. Wisconsin Right to Life, Inc., 551 U.S. 449 (2007) https://supreme.justia.com/cases/federal/us/551/449/). ეს საქმე იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მაკკონელის საქმის შემდეგ, ერთმანეთისგან გამიჯნა პირდაპირი მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტი და საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტისკენ კეთილსინდისიერი დისკუსიის წამოწყების შემთხვევა. აშშ უზანაესმა სასამართლომ სწორედ ვიკონსინის სიცოცხლის უფლების საქმეზე იურიდიული პირებისათვის დაწესებული აკრძალვიდან - არ გასწიონ დამოუკიდებელი ხარჯი კომუნიკაციაზე - დაადგინა გამონაკლისი პრობლემის მოგვარებისაკენ მიმართულ კეთილსინდისიერი რეკლამისათვის.
ვიკონსინის სიცოცხლის უფლების საქმის ფაქტობრივი გარემოებები იყო შემდეგი:
მოსარჩელე ვისკონსინის სიცოცხლის უფლება (WRTL) არის არაკომერციული, იდეოლოგიური ორგანიზაცია. 2004 წლის 26 ივლისს, WRTL-მა, როგორც თავად უწოდებს, ჩაატარა „სახალხო ლობირების კამპანია.” WRTL-მა რადიოში განათავსა რეკლამა, რომელსაც სახელად ერქვა „ქორწილი.“ რეკლამა იყო შემდეგი შინაარსის:
პასტორი: ვინ აძლევს ამ ქალს ცოლად ამ კაცს?
პატარძლის მამა: კარგი, როგორც პატარძლის მამას, შემიძლია თანხმობა გამოვხატო. მაგრამ ამის ნაცვლად მინდა ჯერ რამდენიმე რჩევა მოგცეთ, როგორ დავამონტაჟოთ სწორად თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქცია. ახლა თქვენ თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქცია უნდა ჩასვათ ..
მთხრობელი ხმა: ზოგჯერ არასწორია გადადო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ზუსტად ეს ხდება ვაშინგტონში. სენატორების ჯგუფი იყენებს გაჭიანურების ტაქტიკას, რათა დაბლოკოს ფედერალური მოსამართლეობის კანდიდატებისათვის მარტივად „დიახ“ ან „არა“ ხმების მისაღებად საჭირო კენჭისყრა. კვალიფიციურ კანდიდატებს არ ეძლევათ საშუალება, იმსახურონ სასამართლოში. პოლიტიკოსები თავისი საქმიანობით ახდენენ სასამართლოების პარალიზებას და მას საგანგებო რეჟიმში საქმიანობისკენ უბიძგებენ. დაურეკეთ სენატორ ფეინგოლდს და კოლს და უთხარით, რომ მოსამართლეების დამტკიცების პროცესის გაჭიანურებას ეწინააღმდეგებით! ეწვიეთ ვებ-გვერდს: BeFair.org! რეკლამა დაფინანსებულია ვისკონსინის სიცოცხლის უფლების მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ამ რეკლამის შინაარსზე. რეკლამა არ არის მომზადებული რომელიმე კანდიდატის ან კანდიდატის კომიტეტის მიერ.“
იმავე დღეს, WRTL რადიოში გაუშვა მსგავსი რეკლამა სახელწოდებით „სესხი.“ ეს რეკლამაც დაფინანსებული იყო ორგანიზაციის ბიუჯეტიდან. ასეთივე ფორმით შეიქმნა სატელევიზიო რეკლამა „მოცდა,“ რაც „სესხის“ მსგავსია.
WRTL გეგმავდა „ქორწილის,“ „მოცდის“ და „სესხის“ ჩვენებას მთელი 2004 წლის აგვისტოს მანძილზე. ეს რეკლამები ფინანსდებოდა ორგანიზაციის ბალანსიდან. 2004 წლის 15 აგვისტოს იწყებოდა ვისკონსინში პრაიმერიზის ბოლო 30 დღიანი ვადის ათვლა და WRTL-მა აღიარა ის ფაქტი, რომ ამ რეკლამების ჩვენება იქნებოდა უკანონო, ვინაიდან ის წარმოადგენდა იურიდიული პირის საარჩევნო კომუნიკაციას, ორპარტიული კამპანიის რეფორმირების კანონის შესაბამისად,
WRTL-ს მაინც სწამდა, რომ მას ჰქონდა პირველი შესწორებით გარანტირებული უფლება, ეთერში გაეშვა ეს რეკლამები. WRTL-მა აღძრა სარჩელი ფედერალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ 2004 წლის 28 ივლისს და მოითხოვა სადავო ნორმის კონკრეტული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა და ფედერალური საარჩევნო კომისიისათვის რეკლამის აკრძალვისაგან თავის შეკავება. WRTL დავობდა, რომ ორპარტიული კამპანიის რეფორმირების კანონით კორპორაციისათვის დაწესებული აკრძალვა, არ გამოეყენებინა თავისი ბიუჯეტი საარჩევნო კომუნიკაციისათვის, არაკონსტიტუციურია იმ შინაარსით, რაც ეხება „ქორწილს,“ „სესხს“ და „მოცდას“ და მსგავს რეკლამებს, რაც მომავალში შეიძლება იყოს გავრცელებული.
სანამ ორპარტიული კამპანიის რეფორმირების კანონით განსაზღვრული შეზღუდვის პერიოდი (პრაიმერიზის საარჩევნო კამპანია) დაიწყებოდა, რაიონულმა სასამართლომ უარი განაცხადა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაკკონელის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამორიცხავს WRTL-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ უარის საფუძველზე, WRTL-მა თავის შეიკავა კამპანიის პერიოდში ამ რეკლამის ეთერში გაშვებისაგან. რაიონულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებით უარი განაცხადა WRTL-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. რაიონული სასამართლოს მოტივაციას წარმოადგენდა, რომ WRTL-ს მოთხოვნილი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა გამორიცხულია მაკკონელის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მას შემდეგ, რაც ეს საქმე განსახილველად ავიდა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს წინაშე, ამ უკანასკნელმა განაცხადა:
„მოსარჩელის სამივე რეკლამა აშკარად არ არის ხმის მიცემის ან ხმის მიცემისაგან თავის შეკავებისკენ მიმართული მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტი. პირველი, იმის გამო, რომ შინაარსის თვალსაზრისით, ეს არის პრობლემის მოგვარებისაკენ მიმართული კეთილსინდისიერი რეკლამა. სადავო განცხადება ეხება საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსახილველ საკითხს, გამოხატავს პოზიციას ამ საკითხის მიმართ. მოუწოდებს საზოგადოებას, გაიზიაროს ეს პოზიცია, მიმართავს საზოგადოებას, დაუკავშირდნენ თანამდებობის პირებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მეორე, რეკლამის შინაარსი არ მიუთითებს კონკრეტული სუბიექტისათვის ხმის მიცემისკენ ან ხმის მიცემისგან თავის შეკავებისკენ. რეკლამა არ ახსენებს არჩევნებს, კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიას, მათ კონკურენტებს. რეკლამებში არ არის გამოხატული პოზიცია კანდიდატების თვისებებზე, მათ კვალიფიკაციაზე და თანამდებობასთან შესაბამისობაზე.
ამ მახასიათებლების მიუხედავად, ფედერალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რეკლამების შინაარსი საარჩევნო ბუნების მატარებელია. მართლაც, ფედერალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, საარჩევნო რეკლამად მიჩნეული უნდა იყოს ნებისმიერი რეკლამა, რომელიც მოქალაქეს მოუწოდებს მათ არჩეულ წარმომადგენელთან დაკავშირებისაკენ. ფედერალური საარჩევნო კომისიის თქმით, სწორედ ეს არის მოწოდების - აირჩიეთ კონკრეტული კანდიდატი ან ხმა არ მისცეთ ამ კანდიდატს - ფუნქციური ეკვივალენტი. უზენაესი სასამართლო ამ პოზიციას არ იზიარებს. მაგალითად, როცა საკანონმდებლო ორგანო საარჩევნო კამპანიის პერიოდში იხილავს სამხედრო ან სამოქალაქო სავალდებულო სამსახურის გავლის შესახებ საკანონმდებლო აქტების პაკეტს, არ არსებობს საფუძველი იმგვარი დასკვნის გასაკეთებლად, რომ რეკლამა, რომელიც მხარს უჭერდა ან ეწინააღმდეგებოდა ამ კანონს და მოუწოდებდა მოქალაქეებს ამ კანონთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ მათ წარმომადგენლებს, იყოს იმ რეკლამის ეკვივალენტური, რომელიც ამომრჩეველს კონკრეტული სუბიექტის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. საკითხის/პრობლემის გადაწყვეტის მოწოდება ადამიანს აწვდის ინფორმაციას და ახდენს მისი ცნობიერების ამაღლებას. პრობლემის გადაწყვეტისაკენ მიმართული რეკლამებით, თუკი არჩევნებზე ზემოქმედება ზოგადად შესაძლებელია, ეს ხდება იმით, რომ ეს რეკლამები ამომრჩევლებს აწვდიან ინფორმაციას და, ამ რეკლამისაგან დამოუკიდებლად, ეს ინფორმაცია ხდება ფაქტორი, რომლითაც ამომრჩეველი ხმის მიცემაზე გადაწყვეტილებას იღებს.“
ფედერალური საარჩევნო კომისია და მისი მხარდამჭერი მესამე პირები ამ გარემოების მათ სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობენ. ისინი მიუთითებენ მაკკონელის საქმეს, სადაც აღნიშნულია: „კოკა-კოლას“ ყველაზე ეფექტიანი რეკლამაა ის, რაც მაყურებელს პირდაპირ არ მოუწოდებს ამ სასმელის დალევისკენ. ამის მსგავსად, ყველაზე ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამაა ის, რაც პირდაპირ არ მოუწოდებს ამომრჩეველს კონკრეტული სუბიექტის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ. მაკკონელის საქმეში ასევე აღნიშნულია, რომ რეკლამის დამკვეთი იშვიათად გამოიყენებს ამ მოწოდებებს, ისინი ნებადართული რომც იყოს. ფედერალური საარჩევნო კომისიის ექსპერტი. ზემოთ ხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ვიკონსინის სიცოცხლის უფლების რეკლამები არის განსაკუთრებით ეფექტიანი საარჩევნო კომუნიკაცია, ვინაიდან ისინი დახვეწილად ფოკუსირებულია კონკრეტულ საკითხზე და არ მიმართავს მოწოდებას სენატორის მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არგუმენტი დიდწილად ეყრდნობა იმ ლოგიკას, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო ნაკლებად ჰგავს კონკრეტული საკითხის გადაწყვეტისაკენ მიმართული რეკლამა კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისკენ პირდაპირ მოწოდებას, უფრო მეტი შანსია, რომ ის არჩევნებში ხმის მიცემისაგან თავის შეკავების პირდაპირი მოწოდების ფუნქციურ ეკვივალენტად იქნეს მიჩნეული. ამ ტიპის მიდგომა, არ შეიძლება სწორი იყოს. ამ მიდგომას შეუძლია სრულად აღმოფხვრას პრობლემის გადაწყვეტისაკენ მიმართული ნებისმიერი კეთილსინდისიერი დისკუსია. აშშ-ს უზენაესი სასამართლო ადგენს, რომ მაკკონელის პრეცედენტი არ ეხება საარჩევნო კამპანიის პერიოდში წარმოებულ ყველა დისკუსიას, რომელიც კეთილსინდისიერად ცდილობს საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტას. უზენაესმა სასამართლომ ფედერალური საარჩევნო კომისიის არგუმენტი რომ გაიზიაროს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად ნებისმიერი კეთილსინდისიერი დისკუსიის წარმოება, ვინაიდან ასეთი დისკუსია, რაც უფრო ნაკლებად ჰგავს პირდაპირ საარჩევნო მოწოდებას, მით უფრო მეტია მისი პირდაპირი მოწოდების ფუნქციურ ეკვივალენტად მიჩნევის შესაძლებლობა.“
ამგვარად, ვიკონსინის სიცოცხლის უფლების საქმეში მოყვანილი და ზემოთ ციტირირებული არგუმენტების მიხედვით, კანდიდატისათვის ხმის მიცემისგან თავის შეკავების პირდაპირ მოწოდებად ან მის ფუნქციურ ეკვივალენტად არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საარჩევნო კამპანიის პერიოდში რომელიმე კანონის კრიტიკა. მოსარჩელე მედიის განვითარების ფონდი სწორედ იმიტომ სცნო ანტიკორუფციულმა ბიურომ და თბილისის საქალაქო (სააპელაციო) სასამართლომ საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად, რომ საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის პერიოდში „რუსულ კანონს“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონს აკრიტიკებდა. ვისკონსინის სიცოცხლის უფლების საქმეში ასევე აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავრცელებული ინფორმაცია, რაც კონკრეტული საკითხის მოგვარებისკენ არის მიმართული, შესაძლოა ახდენდეს გავლენას არჩევნებზე, თუმცა ეს ინფორმაცია და ფაქტი არსებობს მის გამავრცელებლისგან დამოუკიდებლად. ვისკონსინელ ამომრჩეველს მოქმედი სენატორისათვის შესაძლოა ხმა იმის გამო კი არ მიეცა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა რეკლამა, არამედ იმ ფაქტის გამო, რაც რეკლამაში იყო ასახული, ეს იყო სენატორთა მიერ მოსამართლეთა არჩევის პროცესის გაჭიანურება. ფაქტები და მოვლენები არსებობს იმის მიუხედავად, მას გაავრცელებს თუ არა მედია ან არასამთავრობო ორგანიზაციები. მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი ობიექტურად არსებული ფაქტების საზოგადოებამდე მიტანაა. მათ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ პრობლემაზე, რაზეც ისინი საჯარო კომუნიკაციაში მიუთითებენ. ამგვარად, საარჩევნო სუბიექტის არჩევა/არარჩევის შესაძლებლობაზე გავლენას ახდენს არა მედიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება, არამედ ზოგადად ამ პრობლემის არსებობა. ამ მხრივ არაფერი იცვლება მაშინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს უკვე არსებულ პრობლემაზე და მის გადაწყვეტას ითხოვს, მათ შორის საარჩევნო კამპანიის პერიოდში.
ზემოთ ციტირებული გადაწყვეტილებიდან ხმის მიცემისაგან თავის შეკავების პირდაპირ მოწოდება იქნება „არ დაუშვათ პარტია X-ის არჩევა,“ „ჩამოაშორეთ ქვეყნის მართვას პარტია Z.” პირდაპირი მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტია შემთხვევა, როცა სპიკერი პირდაპირ არ მოუწოდებს ამომრჩეველს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს სუბიექტი თანამდებობისათვის შეუფერებელია, მაგალითად, პარტია „Z გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ააცილებს ევროკავშირს გზას.“ „დაასრულებს ქვეყნაში სიტყვის თავისუფლებას,“ „იქნება რუსეთის მარიონეტი.“ გამონათქვამი, „სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა რუსული კანონი,“ აშშ-ს უზენასი სასამართლოს ზემოთ დადგენილი სტანდარტის თანახმად, არ წარმოადგენს არც ხმის მიცემისგან თავის შეკავებისკენ პირდაპირ მოწოდებას, არც მის ფუნქციურ ეკვივალენტს, პირველი იმის გამო, საარჩევნო სუბიექტი ამ განცხადებაში არ არის მოხსნიებული და მოხსენიებული რომც იყოს, მაინც არ იქნებოდა არც პირდაპირი მოწოდება, არც მისი ფუნქციური ეკვივალენტი, ვინაიდან ეს მოწოდება ითვალისწინებს „რუსული კანონის“ გაწვევას/შეჩერებას/გაუქმებას. კანონის მიღების ან გაუქმებისკენ მოწოდება სხვა არაფერია თუ არა, როგორც ვისკონსინის სიცოცხლის საქმეშია აღნიშნული, ჭეშმარიტად პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული კეთილსინდისიერი დისკუსია. იგივე შეიძლება ითქვას მოწოდებაზე - პარლამენტმა არ მიიღოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი (მედიის განვითარების ფონდი, საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოეხმაურა საკანონმდებლო პაკეტს, რომელსაც ცენზურის დამდგენად მიიჩნევდა).
ვიკონსინის სიცოცხლის უფლების საქმეში პირდაპირ არის ნათქვამი - საარჩევნო კამპანიის პერიოდში განცხადება, რომელიც აკრიტიკებს სამხედრო სამსახურის შესახებ კანონს, არ უნდა იქნეს მიჩნეული არც კანდიდატისთვის მხარდაჭერისკენ მოწოდებად, არც ხმის მიცემისგან თავის შეკავებად და არც მის ფუნქციურ ეკვივალენტად, თუნდაც ამ განცხადებაში მოხსენიებული იყოს საკანონმდებლო ორგანოს წევრი, რომელიც ამ სადავო კანონპროექტს მხარს უჭერს. მედიის განვითარების ფონდი საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად სცნეს იმის გამო, რომ ერთ შემთხვევაში, კამპანიის პერიოდში აკრიტიკებდა ე,წ, „რუსულ კანონს,“ მეორე შემთხვევაში „ცენზურის კანონს“ (ე.წ. „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს). კანონპროექტზე ან უკვე მიღებულ კანონებზე აზრის გამოთქმა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერისაგან თავის შეკავების მოწოდებად. ეს ყოველთვის საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე პრობლემის მოსაგვარებლად მიმართული კეთილსინდისიერი დისკუსიაა, რაზეც არ უნდა ვრცელდებოდეს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად სიტყვის თავისუფლებაზე დადგენილი შეზღუდვები.
აღსანიშნავია, რომ „ოჯახური ღირებულებების კანონპროექტის“ მესამე მოსმენით განხილვა პარლამენტმა ჩანიშნა სექტემბრის თვეში, როცა მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანია. კანონპროექტის მისაღებად შერჩეული იქნა დრო, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოქმედებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები, დადგენილი სადავო ნორმებით და „აირჩიე ევროპას“ საქმეზე. ეს არის დრო, როცა, ჩვეულებრივ, პარლამენტი წყვეტს მუშაობას და საკანონმდებლო საქმიანობა შეჩერებულია, ვინაიდან დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ ველზე საარჩევნო კამპანიის წარმართვის და ამომრჩეველთა შეხვედრის შესაძლებლობა. ამის საპირისპიროდ, არჩევნებამდე რამდენიმე კვირითა ადრე პარლამენტი შეიკრიბა და კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, მესამე მოსმენით მიიღო. ასეთ პირობებში საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს რჩებოდათ ორი არჩევანი, ან შეესრულებინათ თავიანთი ფუნქცია, გამოეთქვათ კრიტიკული შენიშვნები კანონპროექტის მიმართ და ამით საკუთარ თავზე აეღოთ სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვების დარღვევის რისკი ან უარი ეთქვათ საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის შესრულებაზე კანონპროექტის განხილვის პერიოდში. ასეთი არჩევანის წინაშე საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაყენება სრულიად გაუმართლებელია იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ვიწროა, როცა იზღუდება კანონპროექტზე აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და ამასთან, კრიტიკული კომენტარები პროვოცირებული იყო კრიტიკის ადრესატის - საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან.
როგორც ზემოთ მივუთითეთ, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტის - მოცემულ შემთხვევაში, მმართველი პარტიის დაცვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მმართველმა პარტიამ, სადავო ნორმით გათვალისწინებულმა დაცვის ობიექტმა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში წამოიწყო რა კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცედურა, იმის ნაცვლად რომ ველზე საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა, თავად უბიძგა საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს ამ კანონპროექტზე აზრის გამოთქმისაკენ. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ, დისკუსია, რომელში მონაწილეობის მიღებამაც მედიის განვითარების ფონდზე სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვების ამოქმედება გამოწვია, საარჩევნო კამპანიის პერიოდში თავად მმართველი პარტიის პროვოცირებული იყო. ცხადია, საარჩევნო კამპანიის პერიოდში მედიის განვითარების ფონდი კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკულ კომენტარებს არ გააკეთებდა, მმართველ პარტიას მესამე მოსმენით კანონპროექტის მიღების შესაძლებლობა ახლად არჩეული პარლამენტისათვის რომ მიეცა. საარჩევნო სუბიექტს არა აქვს იმ დისკუსიებისაგან დაცვის კონსტიტუციური მოლოდინი, რომელიც მისივე ქმედებით იქნა პროვოცირებული, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს დისკუსია მის არჩევას ან არჩევისგან თავის შეკავებას არ ეხება. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა იმაში მდგომარეობს, რომ პრობლემის გადაწყვეტისაკენ მიმართულ დისკუსიებში იცავს იმ მხარეს, რომლის ინიციატივითაც მოხდა ამ დისკუსიების გახსნა. ცხადია, ასეთ შემთხვევაში დისკუსიის ინიციატორის დაცვის ინტერესი უნდა შემცირდეს და გაიზარდოს იმ მხარის დაცვის ინტერესი, რომელსაც ამ დისკუსიაში განსხვავებული, საპირისპირო პოზიცია და პერსპექტივა შემოაქვს. სწორედ ასეთია პლურალიზმის და აზრთა მრავალფეროვნების მოთხოვნა, რასაც კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დაცული სიკეთეები ემსახურება.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ანტიკორუფციული ბიუროსათვის საინტერესო განცხადების მიხედვით, მედიის განვითარების ფონდი მიმართავს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს „ცენზურის კანონს,“ ასევე სახალხო დამცველს ეს კანონი შეაფასოს როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევი და სასამართლოს მისი გაუქმება მოსთხოვოს. მედიის განვითარების ფონდი არც ერთ შემთხვევაში, ამ განცხადებით, არ მიმართავს ამომრჩეველს, მმართველ პარტიას პასუხი გასცეს არჩევნებზე კანონის მიღებისათვის. ეს გარემოება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სახეზეა პრობლემის გადაწყვეტისკენ - კანონის გაუქმებისაკენ -კეთილსინდისიერი დისკუსია და არა პარტიის არჩევისგან თავისი შეკავებისკენ პირდაპირი მოწოდება ან მისი ფუნქციური ეკვივალენტი.
მედიის განვითარების ფონდი ამ გაცხადებაში ახსენებს არჩევნებს (უფრო სწორად წინასაარჩევნო კამპანიას). თუმცა ეს განცხადება ფოკუსირებულია არა რომელიმე სუბიექტის მხარდაჭერაზე ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებაზე, არამედ პირიქით, სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე. მედიის განვითარების ფონდი აკრიტიკებს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონის მიღებას, რომლითაც მმართველი პარტია საარჩევნო უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით საარჩევნო უპირატესობის მოპოვებისათვის პარტიის კრიტიკა ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის ფარგლებშია მოქცეული. მეორე მოსარჩელე - საია წარმოადგენს სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მას უხდება საარჩევნო კამპანიის პერიოდში საარჩევნო სუბიექტების ქმედებების შეფასება იმ კუთხით, რაც გავლენას ახდენს ეს საარჩევნო კამპანიის სამართლიანად წარმართვაზე. ხშირად ამომრჩეველთა ნების მანიპულირება შესაძლებელია საარჩევნო კამპანიის პერიოდში საკანონმდებლო და საბიუჯეტო ინიციატივების კუთხით. სადამკვირვებლო ორგანიზაციის ფუნქცია არის ამგვარი ინიციატივების შეფასება და ეს, არც ერთ შემთხვევაში, აღქმული არ უნდა იქნეს მოწოდებად საარჩევნო სუბიექტისათვის მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისაკენ ან მის ფუნქციურ ეკვივალენტად, რასაც მოჰყვება შეზღუდვები ხელისუფლების მხრიდან. სადამკვირვებლო ორგანიზაციას უხდება იმის შეფასება, არჩევნებამდე ცოტა ხნით მიღებული კანონი რა გავლენას ახდენს კონკურენტულ, სამართლიან არჩევნებზე; საკანონმდებლო ინიციატივა ხომ არ არის ისეთი, რაც წინასაარჩევნოდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.
ვენეციის კომისიამ 2024 წლის 6-7 დეკემბრის 141 პლენარულ სესიაზე დაამტკიცა „არჩევნებზე დამკვირვებლის, როგორც ადამიანის უფლებების დამცველების“ ანგარიში (იხილეთ შემდეგ ბმულზე https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2024)039-e). ამ ანგარიშის 96-ე პუნქტში (23-ე გვერდი) აღნიშნულია: „ყველა საარჩევნო დამკვირვებელმა, კონკრეტული მანდატის ფარგლებში მათთვის დაკისრებული მოვალეობების და პასუხისმგებლობის დაცვით, უნდა ისარგებლონ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების უფლებით, ასევე თავისუფლებით გამოაქვეყნონ საჯარო განცხადებები და ანგარიშები, ისევე როგორც ჩაატარონ პრესკონფერენციები.“ ამავე ანგარიშის მე-100 პუნქტში აღნიშნულია: ეროვნული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც სწავლობს საარჩევნო პროცესის მომზადებიდან წარმოშობილ პრობლემებს .. უკეთეს პოზიციაშია გამოავლინოს საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციასთან, საარჩევნო სიებთან, კამპანიის წარმოების პროცესში საარჩევნო სუბიექტების უთანასწორობასთან, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან, ამომრჩევლების მოსყიდვის შემთხვეებთან დაკავშირებული დარღვევები. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, არ უნდა ექვემდებარებოდნენ მათი ნორმალური საქმიანობისათვის ხელის შემშლელ რეპრესიული კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვებს უცხოური დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით. სადამკვირვებლო ორგანიზაცია თუკი არ იქნება ფუნქციური, ის ვერ მოახდენს საარჩევნო პროცესში მომხდარი დარღვევების სრულყოფილ ანალიზს.“ (ანგარიშის 23-24 გვერდები). რასაც მედიის განვითარების ფონდი თავის განცხადებაში მიუთითებდა, იყო ადამიანის უფლებების დამრღვევი კანონის მიღების გზით მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო უპირატესობის მოპოვება, საკანონმდებლო პროცესის ადამიანის უფლებების საზიანოდ გამოყენებით საარჩევნო სარგებლის მიღება. ამგვარი განცხადება ორგანიზაციას არ აქცევს საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად, არამედ სახეზეა სადამკვირვებლო მანდატის ფარგლებში მოქმედება. ამ განცხადებაში მედიის განვითარების ფონდი პირდაპირ მიუთითებს რომ კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს და იმავდროულად, გულისხმობს, რომ ამ კანონის მიღება საარჩევნო სარგებელს მოუტანს მმართველ პარტიას. ეს კი არ არის ხმის მიცემისაკენ მოწოდების ან ხმის მიცემისგან თავის შეკავების ფუნქციური ეკვივალენტი.
ამგვარად, დასაშვებია, არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაფასოს, რა გავლენას ახდენს საკანონმდებლო ცვლილება საარჩევნო გარემოზე, ამომრჩევლების ნების თავისუფალ გამოვლენაზე და პარტიებს შორის სამართლიან კონკურენციაზე. ეს შეფასება ორგანიზაციამ უნდა გაახმაუროს საჯარო განცხადებით ან პრესკონფერენციაზე. ამგვარი შეფასება არ შეიძლება პირდაპირ მოწოდებად ან მის ფუნქციურ ეკვივალენტად იქნეს კვალიფიცირებული და არასამთავრობო ორგანიზაცია დაექვემდებაროს უცხოური დაფინანსების მიღების თაობაზე ამკრძალავ კანონმდებლობას, როგორც ეს სადავო ნორმის შემთხვევაში ხდება.
დასკვნის სახით, უნდა ითქვას, რომ კანონპროექტის კრიტიკა, მისი გაწვევის, მიღებული კანონის გაუქმების მოთხოვნა, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითალოს კანდიდატის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ პირდაპირი მოწოდებად ან მის ფუნქციურ ეკვივალენტად.
5.2. რეალური quid pro quo კორუფციის ან მისი საზოგადოებრივი აღქმის თავიდან აცილების ლეგიტიმური მიზანი
ვიკონსინის სიცოცხლის უფლების საქმეში აშშ-ს უზენასმა სასამართლომ განაცხადა: „სადავო ნორმა კონსტიტუციურია თუ ის ვიწროდ იქნება მიზანმიმართული მწვავე სახელმწიფო ინტერესის დასაცავად. აშშ-ს უზენაეს სასამართლოს არასოდეს უღიარებია, რომ არსებობს მწვავე სახელმწიფო ინტერესი ისეთი რეკლამების რეგულირებისას, როგორიც ვისკონსინის სიცოცხლის უფლების რეკლამებია, რაც ხმის მიცემისაკენ არც პირდაპირი მოწოდებაა და არც მისი ფუნქციური ეკვივალენტი. რაიონულმა სასამართლომ განიხილა ინტერესები, რის გამოც შესაძლოა მომხდარიყო მოსარჩელის რეკლამების რეგულირება, თუმცა ისინი არასათანადოდ მწვავედ მიიჩნია. აშშ-ს უზენაესი სასამართლოც მსგავს დასკვნამდე მიდის.“ (FEC v. Wisconsin Right to Life, Inc., 551 U.S. 449 (2007) https://supreme.justia.com/cases/federal/us/551/449/)
„აშშ-ს უზენაესი სასამართლო დიდი ხნის განმავლობაში აღიარებდა ისეთ სახელმწიფო ინტერესს, როგორიცაა საარჩევნო კამპანიის დროს რეალური კორუფციის ან კორუფციის აღქმის თავიდან აცილებას. ამ ინტერესზე მითითებით კონსტიტუციურად იქნა ცნობილი შემოწირულობის მაქსიმალური ოდენობის განმსაზღვრელი ნორმა. როგორც ბაკლის საქმეშია აღნიშნული, მაღალი შემოწირულობის შეტანა აჩენს ახლანდელი ან მომავალი თანამდებობის პირების პოლიტიკური quid pro quo კორუფციის საფრთხეს. ამით ზიანი ადგება წარმომადგენლობითი დემოკრატიის სისტემის ხელშეუხებლობას. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ quid pro quo კორუფციის თავიდან აცილების ინტერესი ამართლებს საარჩევნო ხარჯებზე შეზღუდვების დაწესებას, ვინაიდან დიდი ოდენობით დამოუკიდებელი საარჩევნო ხარჯი ქმნის რეალური ან აღქმადი quid pro quo კორუფციის საფრთხეს,“(FEC v. Wisconsin Right to Life, Inc., 551 U.S. 449 (2007) https://supreme.justia.com/cases/federal/us/551/449/).
მაკკონელის საქმეზე დადგენილი პრეცედენტული სამართლით, იურიდიულ პირებს აეკრძალათ საარჩევნო კამპანიის პერიოდში საარჩევნო მოწოდებების გავრცელება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული quid pro quo კორუფცია. ეს პრეცედენტი ამართლებს მხოლოდ ხმის მიცემისაკენ პირდაპირი მოწოდების აკრძალვას ან პირდაპირი მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტის შეზღუდვას. ვისკონსინის სიცოცხლის უფლების რეკლამებზე დაწესებული შეზღუდვის გამართლებისთვის ამაზე მეტია საჭირო და აუცილებელია შეზღუდვის გავრცელება რეკლამაზე, რომელიც ხმის მიცემისკენ პირდაპირი მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტი არ არის. საკმარისია! ვისკონსინის სიცოცხლის უფლების რეკლამები პრობლემის გადაწყვეტისკენ არის მიმართული და არ არის საარჩევნო შემოწირულობის მსგავსი. შესაბამისად, quid pro quo კორუფციის თავიდან აცილების ინტერესს არ შეუძლია ამ რეკლამებზე დაწესებული შეზღუდვის გამართლება. ვისკონსინის სიცოცხლის უფლების რეკლამის შემოწირულობასთან გათანაბრება ნიშნავს მისი ღირებულების უგულებელყოფას.“ (FEC v. Wisconsin Right to Life, Inc., 551 U.S. 449 (2007) https://supreme.justia.com/cases/federal/us/551/449/)
ამასთან ამერიკის უზენაესმა სასამართლომ Citizens United v. FEC, 558 U.S. 310 (2010) საქმეში, quid pro quo კორუფციის თავიდან აცილების კუთხით, ერთმანეთისაგან გამიჯნა შემთხვევა, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტულ მომსახურებას უწევს პარტიას ან ურიცხავს მას თანხას და შემთხვევა, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია (ან სხვა იურიდიული პირი) სწევს ხარჯს საკუთარი მოსაზრების გამოსახატავად: „ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ კანდიდატისათვის გადაცემული შემოწირულობა და დამოუკიდებელი ხარჯი... ხარჯის დამოუკიდებლად გაღების შემთხვევაში არ არსებობს წინასწარი შეთანხმება და კოორდინაცია ხარჯის გამღებს და კანდიდატს შორის. ამით ხდება quid pro quo პრინციპით კანდიდატის მიერ არასათანადო ვალდებულების აღების საფრთხის თავიდან აცილება.“
Citizens United-ის საქმეზე ასევე ნათქვამია: ხარჯის გაღება კანდიდატთან ან მის წარმომადგენელთან წინასწარი შეთანხმების და კოორდინაციის გარეშე, არა მარტო საარჩევნო ღირებულებას უკარგავს დანახარჯს, არამედ ამცირებს საფრთხეს, რომ დანახარჯი გახდება კანდიდატზე quid pro quo არასათანადო ვალდებულების დაკისრების საფუძველი. დამოუკიდებელ ხარჯს გააჩნია ძალიან მცირე პოტენციალი ბოროტად იქნეს გამოყენებული. სადავო კანონით დამოუკიდებელ ხარჯზე დაწესებული შეზღუდვის შედეგად სიტყვის თავისუფლებაზე წარმოშობილი მსუსხავი ეფექტი მთავრობის მიერ quid pro quo კორუფციის აღმოფხვრის ინტერესზე შორს მიდის. ანტიკორუფციული ინტერესი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს სიტყვის თავისუფლების ჩანაცვლება.“
ამგვარად, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია გამოთქვამს აზრს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებთან დაკავშირებით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და ეს არის პრობლემის გადაწყვეტისკენ მიმართული დისკუსია და არა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის არჩევისკენ ან არჩევისგან თავის შეკავებისკენ მოწოდება (არც ამ მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტი), არ არსებობს quid pro quo კორუფციის საფრთხე. არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო სუბიექტისგან დამოუკიდებლად, მასთან წინასწარი შეთანხმების და კოორდინაციის გარეშე, გამოთქვამს აზრს, ავრცელებს ინფორმაციას, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე, რაც. შესაძლოა არც ერთი პარტიის ინტერესში არ შედიოდეს. ამგვარად, პრობლემის გადაწყვეტისკენ მიმართულ განცხადებას არავითარი საერთო არა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ რომელიმე პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებასთან. თუ იურიდიული პირი პრობლემის მოგვარების მოწოდების გავრცელებაში დახარჯავს დიდ ფულს, ამით არ იქმნება იმის საფრთხე, რომ ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე პრივილეგიას მიანიჭებს ამ განცხადების ავტორ იურიდიულ პირს. როდესაც ხდება პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული განცხადების გავრცელება, რასაც საერთო არა აქვს არჩევნებთან, ეს ლოგიკურად გულისხმობს იმასაც, იურიდიული პირის მიერ თავისი განცხადების გავრცელებაში ფულის გადახდა არ ემსახურება არც ერთი საარჩევნო სუბიექტის გამარჯვებას ან დამარცხებას. ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ამაში არავითარი წვლილი არ ექნება შეტანილი პრობლემების მოგვარებისკენ მიმართულ განცხადებას, რის გავრცელებაშიც არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიძლება ფული გადაიხადა. ეს განცხადება არ იქნება მიზეზი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის და საზოგადოებას არ შეექმნება იმის აღქმა, ვინაიდან პარტიამ განცხადებაში აღნიშნული პრობლემის მოგვარების დაპირებით გაიმარჯვა, ამის გამო, გამარჯვებულმა პარტიამ განცხადების ავტორ არასამთავრობო ორგანიზაციას რაიმე საბიუჯეტო შეღავათებით უნდა უპასუხოს.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საკუთარი განცხადების გასავრცელებლად, დამოუკიდებელი ხარჯის გაღება გულისხმობს იმას, რომ ამ განცხადების გავრცელებისას და ხარჯის გაღებისას არ არსებობს არავითარი კოორდინაცია პარტიასა და ამ განცხადების ავტორს შორის. შესაბამისად, პარტიასაც არავითარი „კორუფციული ვალდებულება“ არ უჩნდება განცხადების ავტორის მიმართ. ის გარემოება, რომ განცხადება თავისი შინაარსით არც საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგოდ ან არც მის სასარგებლოდ გაკეთებული პირდაპირი მოწოდება ან მისი ფუნქციური ეკვივალენტი არ არის და კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად არის მიმართული, იმის გარანტიაა, რომ არც ამ განცხადების გავრცელება შეუწყობს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის არჩევას და არჩევის შემთხვევაშიც, საარჩევნო სუბიექტი არ დააჯილდოვებს განცხადების ავტორს საბიუჯეტო სახსრებით ან სხვა პრივილეგიით. საზოგადოებას ამ შემთხვევაში არც ამგვარი quid pro quo კორუფციის სუბიექტური აღქმის შესაძლებლობა დარჩება.
ამგვარად, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა არ არის ლოგიკურ კავშირში არც რეალურ quid pro quo კორუფციის აღმოფხვრასთან და არც საზოგადოების მხრიდან ამგვარი კორუფციის აღქმის გაქარწყლებასთან. გამოყენებული საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოუსადეგარია.
5.3.დიდი ფულის გამოყენებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების და კანდიდატის დაცვის ლეგიტიმური მიზანი
აშშ-ს უზენასმა სასამართლომ ვისკონსინის სიცოცხლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: „მეორე სავარაუდო მწვავე ინტერესი, რაც აღიარებულია სასამართლოს მიერ, არის პოლიტიკურ არენაზე არსებული სხვა ტიპის კორუფციის აღმოფხვრა ეს არის კორპორაციის ფორმით არსებული სუბიექტის მიერ მიერ დაგროვებული უზარმაზარი ქონების გამოყენების გზით, ისეთი იდეების გავრცელება, რომელსაც ძალიან მცირე საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვთ ან საერთოდ არა აქვს ამგვარი მხარდაჭერა. ოსტინის საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა ეს ინტერესი და კონსტიტუციურად იქნა ცნობილი კანონი, რომლითაც დანაშაულად იქნა გამოცხადებული კორპორაციის მიერ მის ბალანსზე არსებული სახსრების გამოყენებით დამოუკიდებელი საარჩევნო ხარჯის გაღება, კანდიდატისთვის ხმის მიცემის მოწოდებისათვის ან ხმის მიცემისგან თავის შეკავებისათვის. მაკკონელის საქმეში ამ ინტერესზე დაყრდნობით დადასტურდა არა მარტო ხმის მიცემის პირდაპირ მოწოდებაზე დაწესებული შეზღუდვის, არამედ მისი ფუნქციური ეკვივალენტის კონსტიტუციურობა.“ (FEC v. Wisconsin Right to Life, Inc., 551 U.S. 449 (2007) https://supreme.justia.com/cases/federal/us/551/449/)
„კორუფციის სხვა ფორმის“ (იურიდიული პირის სიმდიდრის პოლიტიკაში გამოყენების თავიდან აცილების ინტერესი) წინააღმდეგ ბრძოლის მიზანი არ არის აქტუალური საარჩევნო კამპანიის მიღმა. კორპორაცია ინარჩუნებს ლაპარაკის უფლებას საკითხზე, რაც არ ეხება საარჩევნო კამპანიას. სიტყვის თავისუფლება ვრცელდება გამონათქვამზე მიუხედავად ამ გამონათქვამის ავტორის კორპორაციული იდენტობისა. იურიდიული პირებისათვის დაწესებული შეზღუდვა შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ხმის მიცემის მოწოდებაზე ან მის ფუნქციურ ეკვივალენტზე და არ ვრცელდება შემთხვევაზე, როცა იურიდიული პირი ჩართულია სარეფერენდუმო კამპანიაში (FEC v. Wisconsin Right to Life, Inc., 551 U.S. 449 (2007) https://supreme.justia.com/cases/federal/us/551/449/).
ამგვარად, თუკი არც კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ პირდაპირ მოწოდებას და არც მის ფუნქციურ ეკვივალენტს არა აქვს ადგილი, დიდი ფინანსური რესურსის მქონე სუბიექტების მიერ მათი ფულის ხარჯვა გავლენას ვერ მოახდენს ამომრჩევლის ნებაზე და შესაბამისად, არჩევნების შედეგზე. ამ შემთხვევაში არ ხდება დიდი ფინანსური რესურსის გამოყენებით ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირება. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება მიემართება არა ამომრჩევლის მიერ არჩევნებში ნების გამოვლენისაკენ, არამედ განცხადება ეხება სულ სხვა საკითხს - ჩვენს შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკას ნორმის ძალაში დატოვების გამო ან ხელისუფლების კრიტიკას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისათვის. როდესაც კრიტიკის ობიექტი საკონსტიტუციო სასამართლოა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ კრიტიკული განცხადების ადრესატი არჩევნებში მონაწილე რომელიმე სუბიექტია ან საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკით ხდება ამომრჩევლების ნების მანიპულირება. საარჩევნო კამპანიის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს, არაპოლიტიკური ორგანოს, კრიტიკა არანაირ გავლენას არ ახდენს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის არჩევის ან არ არჩევის შესაძლებლობაზე, ამგვარი კრიტიკული განცხადება საერთოდაც არ წარმოადგენს კრიტიკულ თავდასხმას არჩევნებში მონაწილე რომელიმე სუბიექტზე. ეს სუბიექტი ასეთი შემთხვევაში არ დგას რაიმე საპასუხო განცხადების გაკეთების საჭიროების წინაშე, ვინაიდან თავად არ წარმოადგენს კრიტიკის ადრესატს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში მედიის განვითარების ფონდის მიერ გაკეთებული განცხადება არც არჩევნებზე ხმის მიცემისკენ ან ხმის მიცემისგან თავის შეკავებისკენ პირდაპირი მოწოდება, არც მისი ფუნქციური ეკვივალენტია და შეუძლებელია ამ განცხადებამ ან მასზე დახარჯულმა თანხამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე.
იგივე შეიძლება ითქვას ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ეს არის ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მმართველი პარტიის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება. ეს განცხადება არ ახდენს ამომრჩევლების ნების მანიპულირებას იმ თვალსაზრისით, რომ ხდება იმ მოვლენის შეფასება, რაც ამ განცხადების გაკეთებამდე ისედაც ცნობილი იყო. ამომრჩევლის ნებაზე გავლენა შესაძლოა მოახდინოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტმა, რაზეც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ამომრჩევლის ნება მმართველ პარტიასთან მიმართებაში იცვლება თავად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტის დადგომიდან და არა ამ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საჯარო განცხადებით შეფასების გაკეთების მომენტიდან. ამასთან ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მმართველი პარტია არ დგას საპასუხო განცხადების გაკეთების წინაშე, ვინაიდან განცხადება ეხება საყოველთაოდ ცნობილი, სწორი ინფორმაციის შეფასებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ გამხადრა იმ ფაქტების მცდარობა, რაზეც მედიის განვითარების ფონდმა გააკეთა შეფასება. ანტიკორუფციულ ბიუროს და თბილისის საქალაქო (სააპელაციო) სასამართლოს მედიის განვითარების ფონდის მიმართ სადავო ღონისძიება იმის გამო კი არ გამოუყენებია, რომ მოსარჩელე მიუთითებდა მცდარ, მანამდე საზოგადოებისათვის უცნობ ფაქტებზე, არამედ იმ მიზეზით, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის სწორი, მანამდე ცნობილი ფაქტის შეფასება უარყოფითად წარმოაჩენდა მმართველ პარტიას ამომრჩევლების თვალში.
რაც შეეხება არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციას თავისი რესურსების გამოყენებით არ უნდა ჰქონდეს არა ამომრჩეველთა ნებაზე, არამედ, ზოგადად, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების შესაძლებლობა, იმ საკითხზე ინფორმაციის გავრცელებით, რაც არც ხმის მიცემისკენ პირდაპირი მოწოდება არც მისი ფუნქციური ეკვივალენტია, ამასთან დაკავშირებით, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ Citizens United-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: „თუკი სიტყვის თავისუფლებას რაიმე ძალა გააჩნია, ის უკრძალავს საკანონმდებლო ორგანოს, მოქალაქეების ან გაერთიანებების დაჯარიმების სამართლებრივი საფუძვლების შექმნას პოლიტიკური სიტყვის წარმოთქმისათვის. კორპორაციის მიერ თავისი რესურსების გამოყენებით საზოგადოებრივი აზრის მონოპოლიზების რისკი რომ გავიზიაროთ, ამით მთავრობას მიეცემა პოლიტიკური სიტყვის აკრძალვის შესაძლებლობა, როცა სპიკერი არის გაერთიანება, რომელმაც რეგისტრაციის გზით მიიღო კორპორაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. მთავრობა ამტკიცებს, რომ მას აქვს კორპორაციის ყველა იმ ხარჯის აკრძალვის უფლება, რაც მიმართულია ამ კორპორაციის მიერ თავისი ნებისმიერი კომუნიკაციის დაფინანსებისაკენ... ეს არგუმენტი პრობლემატურია და იწვევს მთავრობისათვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭების შესაძლებლობას, რაც საფრთხეს უქმნის თავდაჯერებული და სტაბილური სამოქალაქო დისკურსის არსებობას, რასაც სიტყვის თავისუფლება უნდა იცავდეს (Citizens United v. FEC, 558 U.S. 310 (2010).
ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „პოლიტიკური სიტყვის თავისუფლება განუყოფელია დემოკრატიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესისგან და ეს მაშინაც ასეა, როცა სიტყვა კორპორაციიდან მოდის. სიტყვის ღირებულება არ არის დამოკიდებული მისი წყაროს რაობაზე, იქნება ის კორპორაცია, გაერთიანება, პროფკავშირი თუ ინდივიდი. კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, მთავრობას შეუძლია შეზღუდოს ჩვენი საზოგადოების რომელიმე ერთი ნაწილის სიტყვა იმისათვის რომ გააძლიეროს მეორე ნაწილის ხმები, სრულიად უცხოა სიტყვის თავისუფლებისათვის. სიტყვის თავისუფლების დაცვა გამორიცხავს დიდი ფულის გამოყენებით საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის თავიდან აცილების და ამ დიდი ფულის გამოყენებით იმ კრიტიკის ადრესატის დაცვის საჭიროებას, რომელიც შესაძლოა მოკლებული იყოს ფინანსურ რესურსებს. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოსტინის საქმეზე მიზნად ისახავდა, დაეცვა ანტიმონოპოლიური ინტერესი, რაც გულისხმობდა იმას, რომ კორპორაციას არ გამოეყენებინა პოლიტიკურ ბაზარზე არსებული უსამართლო უპირატესობა იმ რესურსებით, რომელიც ეკონომიკურ ბაზარზე დააგროვა. ამის მიუხედავად, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ბაკლის საქმეზე უარყო მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს გააჩნია ინტერესი - ხელოვნურად გაათანაბროს ინდივიდებისა და ჯგუფების განსხვავებული შესაძლებლობები. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, სიტყვის თავისუფლებით გათვალისწინებული დაცვა დამოკიდებული ვერ იქნება სპიკერის ფინანსურ შესაძლებლობაზე - დაკავდეს საზოგადოებრივი დისკუსიით (Citizens United v. FEC, 558 U.S. 310 (2010).
Citizens United-ის საქმეში გაკეთებული განმარტების მიხედვით, „კონსტიტუცია კრძალავს სიტყვის თავისუფლების ჩახშობის შესაძლებლობას ამ სიტყვის ავტორის (სპიკერის) რაობის გამო. ეს პრინციპი ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური სიტყვის თავისუფლება დაცულია იმის მიუხედავად არის თუ არა მდიდარი ამ გამოხატვის ავტორი.“ (Citizens United v. FEC, 558 U.S. 310 (2010). ამგვარად, დიდი რესურსების მქონე სუბიექტის მიერ ეკონომიკური უპირატესობის გამოყენებით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების საფრთხე რომც არსებობდეს და ამგვარი დიდი რესურსების მქონე პირის გამოხატვის წინააღმდეგ კრიტიკის ადრესატს არ ჰქონდეს საპირწონე რესურსებით დაპირისპირების შესაძლებლობა, ეს გარემოება გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, ვინაიდან ამგვარი მდიდარი სპიკერის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) გამოხატვა შინაარსობრივად არ უკავშირდება არჩევნებს. მდიდარ სპიკერზე შეზღუდვის დაწესება დასაშვებია მაშინ, როცა მისი გზავნილი შეიცავს არჩევნებზე ზემოქმედების რეალურ პოტენციალს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ შეზღუდვის დაწესება თვითმიზნური იქნება, როცა, თუნდაც საარჩევნო კამპანიის პერიოდში, შეძლებული პირის გზავნილი არ უკავშირდება კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის არჩევის/არარჩევის საკითხს, არამედ მიმართულია მიმდინარე საკითხზე საკანონმდებლო საკითხზე დისკუსიისკენ. სხვაგვარად, მსხვილ ბიზნესს, რომელიც მაგალითად, სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არსებობს, აეკრძალება იმ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილების კრიტიკა, რაც მისთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდას ითვალისწინებს და ეს საკანონმდებლო ცვლილება განიხილება წინასაარჩევნო პერიოდში.
ადამიანის უფლება - დახარჯოს თავისი ქონება თავისი გზავნილის გასავრცელებლად - არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული უფლება. როცა ეს გზავნილი და მის გასავრცელებლად აუცილებელი ფულადი რესურსები გავლენას არ ახდენს არჩევნების შედეგებზე, არ წარმოადგენს მოწოდებას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისათვის მხარდასაჭერად ან მხარდაჭერისაგან თავის შესაკავებლად, ან არ არის ამგვარი მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტი, არ არსებობს რაიმე მიზეზი ამგვარი მესიჯის და მის გასავრცელებლად აუცილებელი ფულადი რესურსებზე შეზღუდვის დასაწესებლად. გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული არა მარტო გამოხატვის შინაარსი, არამედ ის საშუალებები, რითაც აზრის და ინფორმაციის გამოხატვა ხდება შესაძლებელი, ასევე ის მატერიალური რესურსებიც, რომლის გარეშეც სპიკერი თავის აზრს და ინფორმაციას აუდიტორიამდე ვერ მიიტანდა და იდეათა თავისუფალ ბაზარზე ვერ შევიდოდა. არა ამომრჩევლის ნების მანიპულირებისაგან დაცვის ან პოლიტიკურ ბაზარზე ხელოვნურად გათანაბრებული კონკურენციის უზრუნველყოფის ინტერესი, არამედ სხვა ღირებული ლეგიტიმური მიზნის არსებობაა აუცილებელი, როცა ხდება სპიკერის არასაარჩევნო სიტყვის შეზღუდვა, მისი ქონებრივი მდგომარეობის გამო. ამგვარი სხვა ლეგიტიმური მიზნის არსებობა იმ კანონმდებლობის კონსტიტუციურობის დასაცავად, რაც საარჩევნო პროცესების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი, არ იკვეთება ამ დავის ფარგლებში. ამ შემთხვევაშიც გამოყენებული საშუალება გაცხადებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის გამოუსადეგარი.
ამ თავში განვითარებული მსჯელობა უკავშირდება იურიდიული პირის სახელმწიფო დაფინანსების აკრძალვის გამოსადეგობასაც. თუკი სახელმწიფო დაფინანსების მქონე იურიდიული პირის განცხადება არც ხმის მიცემისგან თავის შეკავების პირდაპირი მოწოდება ან მისი ფუნქციური ეკვივალენტი არ არის, არ არსებობს საარჩევნო შედეგებთან მიმართებაში სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის დარღვევის საფრთხე. ამასთან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დებატებში ჩართული იურიდიული პირის სახელმწიფო დაფინანსება, არ იწვევს ამომრჩევლის ნების მანიპულირებას და საარჩევნო სუბიექტების უსამართლო კონკურენციას. პირიქით, კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისკენ მიმართული დებატების თუნდაც ფინანსური მხარდაჭერა (დებატებში მოცემული პრობლემების გადაწყვეტა), რაც არ არის არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ მოწოდება ან მისი ფუნქციური ეკვივალენტი, სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს. აქაც სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა გამოუსადეგარია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
5.3.არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა
როგორც ვიკონსინის სიცოცხლის საქმეში აშშ-ს უზანაესმა სასამართლომ განაცხადა: „პირველი შესწორებით გათვალისწინებულ სიტყვის თავისუფლებას სჭირდება სივრცე სუნთქვისთვის, რათა გადარჩეს.“ FEC v. Wisconsin Right to Life, Inc., 551 U.S. 449 (2007) https://supreme.justia.com/cases/federal/us/551/449/) ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, „ნებისმიერი ეჭვი სიტყვის თავისუფლების და არა მისი მოგუდვის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.“ FEC v. Wisconsin Right to Life, Inc., 551 U.S. 449 (2007) https://supreme.justia.com/cases/federal/us/551/449/) ეს გულისხმობს, იმას, რომ ვიწროდ უნდა განიმარტოს შეზღუდული სიტყვის ფარგლები, კერძოდ ის, თუ რა არის კამპანიის პერიოდში საარჩევნო კანდიდატისათვის ხმის მიცემის ან ხმის მიცემისაგან თავის შეკავების მოწოდება ან მისი ფუნქციური ეკვივალენტი. ამგვარი ვიწრო განმარტება ნიშნავს იმას, რომ ხმის მიცემისკენ ან მისგან თავის შეკავების პირდაპირ მოწოდებაში ან მის ფუნქციურ ეკვივალენტში არ უნდა იქნეს მოაზრებული საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკა, ისევე როგორც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შემზღუდველი კანონმდებლობის კრიტიკა. არც ერთი მათგანი არ უკავშირდება არც არჩევნებს, არც მასში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების უნარს, არჩეული იქნენ იმ თანამდებობაზე, რაზეც იყრიან კენჭს. საარჩევნო სუბიექტისათვის ხმის მიცემის ან ხმის მიცემისაგან თავის შეკავებისკენ მოწოდების ფართოდ განმარტება მოგუდავს საარჩევნო კამპანიის პერიოდში ისეთი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსიის წარმოების შესაძლებლობას, რომელიც არჩევნების შედეგებს პირდაპირ არ უკავშირდება. საარჩევნო კამპანიის დროს ცენზურას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნებისმიერი საკითხი შეიძლება დაექვემდებაროს - მაგალითად, მუნიციპალურ არჩევნებზე სოფელში წყლის არქონაზე, გზების მოუწესრიგებელ მდგომაროებაზე ფეისბუქზე პოსტის წერა, შესაძლოა მოქმედი მერისათვის ხმის მიცემისგან თავის შეკავების მოწოდებად ჩათვალოს ანტიკორუფციულმა ბიურომ, თუნდაც მოქმედი მერი შეიძლება არც კი იყოს ნახსენები ამ ფეისბუქ პოსტში. თუმცა იმის გამო, რომ შიდა გზების მოწესრიგება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა, ეს ფეისბუქ პოსტი შესაძლოა ანტიკორუფციულმა ბიურომ მერის ირიბ კრიტიკად აღიქვას და კრიტიკოსი გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად აღიაროს.
სადავო ნორმის ასეთი შორსმიმავალი განმარტებები, სხვა გამოსავალს არ უტოვებს საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის შემსრულებელ არასამთავრობო ორგანიზაციას, გარდა იმისა, რომ, კენჭისყრამდე სამოცი დღის განმავლობაში და ცესკოს მიერ ხმების შეჯამებამდე, უარი თქვან საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის შესრულებაზე და სოციალურ ქსელებში შემოიფარგლონ საქართველოს ლამაზი პეიზაჟების ან პიზის დახრილ კოშკთან გადაღებული ფოტოების გაზიარებით. საარჩევნო სუბიექტისათვის ხმის მიცემისაგან თავის შეკავების მოთხოვნის ისე ფართოდ განმარტება, როგორც ეს ანტიკორუფციულმა ბიურომ და თბილისის საქალაქო (სააპელაციო) სასამართლომ მედიის განვითარების ფონდთან მიმართებაში გააკეთა, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე ნებისმიერი შინაარსის გამონათქვამის ავტორს მოაქცევს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის დეფინიციის ქვეშ. ნებისმიერი საკითხი სიტყვის თავისუფლებიდან თუ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დაწყებული სოფელში წყლის მიწოდების პრობლემით დამთავრებული შეიძლება იყოს აღქმული საარჩევნო სუბიექტისათვის ხმის მიცემისაგან თავის შეკავებისაკენ მოწოდებად, თუნდაც განცხადებაში ეს სუბიექტი არც კი იყოს მოხსენიებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეწყვიტონ საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის შესრულება, რაც ორივე მოსარჩელის შემთხვევაში ნიშნავს მუშაობის შეჩერებასაც.
შეიძლება ამასთან დაკავშირებით მოპასუხის არგუმენტი იყოს ის, რომ სადავო ნორმები დროებითია და ის მოქმედებს კენჭისყრამდე 60 დღის განმავლობაში და ქრება ხმების შეჯამების დღეს და ამის გამო, ეს დროებითობა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ინტენსივობას ამცირებს. ამის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს THE SUNDAY TIMES v. THE UNITED KINGDOM-საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება: „ახალი ამბები მალფუჭებადი პროდუქტია, თუნდაც მცირე ხნით ინფორმაციის გამოქვეყნების დაყოვნებამ შეიძლება მას დაუკარგოს ღირებულებაც და ინტერესიც.“ (SUNDAY TIMES v. THE UNITED KINGDOM (No. 2) Application no. 13166/87), § 51, 26 November 1991). ჩვენს მაგალითებს რომ დავუბრუნდეთ, მედიის განვითარების ფონდს რამდენიმე თვით, არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ რომ გადაედო საკონსტიტუციო სასამართლოსთან და „ოჯახური ღირებულებების კანონის“ მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით საკუთარი განცხადების გამოქვეყნება, ეს შეფასება არა მარტო აქტუალობას დაკარგავდა, არამედ შესაძლოა აუდიტორიას ვერც გაერკვია საკონსტიტუციო სასამართლოს რომელ გადაწყვეტილებას აფასებდა მედიის განვითარების ფონდი ან პარლამენტის მიერ მიღებულ რომელ კანონს აპროტესტებდა ის ან რატომ აპროტესტებდა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ კანონს სათანადო კონტექსტის გარეშე. სიტყვით თავისუფლების მიზანი არის ის, რომ ადამიანმა ან ორგანიზაციამ დროულად მოახდინოს რეაგირება მწვავე მიმდინარე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენაზე და არ გადადოს საკუთარი აზრის გამოთქმა იმ დროისათვის, როცა ეს აქტუალური არ იქნება. ამგვარად, შეზღუდვის დროებითი ხასიათი არათუ არ ამსუბუქებს ჩარევას, არამედ, პირიქით, ამძიმებს მას.
Citizens United-ის საქმეში აშშ-ს უზენასმა სასამართლომ ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე - მიაწოდონ საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. აშშ-ს უზენასი სასამართლოს განმარტებით: „კორპორაციები, ისევე როგორც ინდივიდები არ არიან ერთიანები პოლიტიკურ მოსაზრებებში. ზოგიერთ თემასთან დაკავშირებით კორპორაციას შესაძლოა ჰქონდეს ფასდაუდებელი ცოდნა, უკეთ იყვნენ აღჭურვილი სხვადასხვა სახის განცხადებებში შეცდომის და სიყალბის გამოსავლენად. ეს ეხება კანდიდატების და არჩეული თანამდებობის პირების განცხადებებსაც.“ Citizens United v. FEC, 558 U.S. 310 (2010) https://supreme.justia.com/cases/federal/us/558/310/)).
იგივე პოზიცია აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით. საქმეში MEDŽLIS ISLAMSKE ZAJEDNICE BRČKO AND OTHERS v. BOSNIA AND HERZEGOVINA (ქართულად ითარგმნება როგორც, ისლამური საზოგადოების მეჯლისი და სხვები ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-175180) აღნიშნულია:
„პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების როლი - გაახმაურონ საჯარო მოხელეების მიერ კანონდარღვევის და გადაცდომის ფაქტები - ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მაშინ, როცა ამას ინდივიდები აკეთებენ, თუნდაც მაშინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ იყვნენ სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტის უშუალო თვითმხილველები. ევროპულმა სასამართლომ უკვე აღიარა, რომ როცა არასამთავრობო ორგანიზაციები მიაპყრობენ საზოგადოების ყურადღებას საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე, ისინი ასრულებენ საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციას. არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის შესრულება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მაშინ, როცა ამას პრესა აკეთებს (see Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, § 103, ECHR 2013 (extracts). საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის შესრულებისას არასამთავრობო ორგანიზაცია კონვენციით ისეთივე დაცვით სარგებლობს, როგორც პრესა (and Magyar Helsinki Bizottság v. Hungary [GC], no. 18030/11, § 166, 8 November 2016). ასევე აღსანიშნავია, ევროპის საბჭოს ფარგლებში მომზადებული არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსის შესახებ ძირითადი პრინციპები, რომლებიც ხაზს უსვამს არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილის მნიშვნელობას. ამ პრინციპების მიხედვით, დემოკრატიული საზოგადოების განვითარების, რეალიზების და მუდმივი გადარჩენისათვის და ასევე ამ საზოგადოების საჭიროების დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისება, მონაწილეობა მიიღონ დიალოგის, კონსულტაციის და აზრთა გაცვლის მექანიზმებში (MEDŽLIS ISLAMSKE ZAJEDNICE BRČKO AND OTHERS v. BOSNIA AND HERZEGOVINA Application no. 17224/11, § 86, 27 June 2017).
იმავდროულად, მხედველობის მიღმა არ უნდა იქნეს დატოვებული, რომ პრესის მსგავსად, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია ასრულებს საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციას, ეს შესაძლოა დიდი გავლენის მომხდენი იყოს. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ახმაურებს საჯარო მოხელის მხრიდან გადაცდომის ფაქტს, მანამდე ის უფრო მეტად იყენებს მის ხელთ არსებულ უზარმაზარ საშუალებს ინფორმაციის გადასამოწმებლად და მისი კრიტიკული პოზიციის სისწორის დასასაბუთებლად, ვიდრე ამას გააკეთებდა ის ინდივიდი, რომელიც კონკრეტული გადაცდომის თვითმხილველი გახდა. პრესის თავისუფლებასთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: იმ მოვალეობების და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისათვისაა დამახასიათებელი, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებისას კონვენციის მე-10 მუხლით ჟურნალისტისათვის მინიჭებული გარანტიები, დამოკიდებულია კეთილსინდისიერი მოქმედების პირობაზე, რათა. ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად, საზოგადოება უზრუნველყოფილი იყოს სწორი და სანდო ინფორმაციით. ბოლო პერიოდში, უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტის საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იგივე სტანდარტები გამოყენებული უნდა იქნას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მათ მიერ განსახორციელებელი საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის სოციალური ბუნების გამო. იგივე პოზიცია არის განვითარებული არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის (WANGO) მიერ 2004 წელს მიღებულ „არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკისა და ქცევის კოდექსში,“ რომლის მიხედვითაც, „არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ უნდა დაარღვიონ რომელიმე ადამიანის ძირითადი უფლებები, უნდა გასცენ სწორი ინფორმაცია ამა თუ იმ ინდივიდის თაობაზე. ინფორმაცია, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები გასცემენ, პოლიტიკის ფორმირების მიზნებისათვის, უნდა იყოს სწორი და ჯეროვან კონტექსტში წარმოდგენილი (MEDŽLIS ISLAMSKE ZAJEDNICE BRČKO AND OTHERS v. BOSNIA AND HERZEGOVINA Application no. 17224/11, § 87, 27 June 2017).
ზემოთ ვისაუბრეთ გაზეთი „ორლოვსკაია ისკრას“ საქმეზე, როცა გაზეთის გამომცემელი არასამთავრობო ორგანიზაცია დააჯარიმეს საარჩევნო კამპანიის პერიოდში მოქმედი გუბერნატორის და პროპორციული საარჩევნო სიის პირველი ნომერის კრიტიკის გამო. ჯარიმის დაკისრების მიზეზი იყო, არა სტატიაში არასწორი ფაქტების მოყვანა და ამით გუბერნატორის რეპუტაციის ხელყოფა, არამედ ის, რომ გაზეთმა არ დაიცვა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი შემოწირულობის გამჭვირვალობის მოთხოვნები. კერძოდ, გაზეთმა არ მიუთითა ვინ იყო სტატიის შემკვეთი, გადაიხადა თუ არა ვინმემ სტატიაში ფული, თუ გაზეთმა სტატია უსასყიდლოდ გამოაქვეყნა. ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა, ვინაიდან პრესა ამ სტატიის გამოქვეყნებისას ასრულებდა საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციას. „ორლოვსკაია ისკრას“ საქმეში პრესის მიერ საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის შესრულებისას გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიები, „ისლამური მეჯლისის“ საქმეზე დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, თანაბრად ვრცელდება არასამთავრობო ორგანიზაციაზე.
ორლოვსკაია ისკრას საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო პოზიცია იყო შემდეგი: „ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს მთავრობის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს ფართო დისკრეცია გააჩნია საარჩევნო საკითხებზე რეგულაციის დადგენისას და პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებული საარჩევნო უფლების შეზღუდვისას. ასეთივე შეფასების ფართო ზღვარით სარგებლობს სახელმწიფო კომერციულ ან პოლიტიკურ საკითხზე რეკლამებთან მიმართებაში. ამის მიუხედავად, ეს საქმე ეხება ჩარევას საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შინაარსის გამოხატვის სფეროში. სტატიის გამოქვეყნება წარმოადგენდა მომჩივანის მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობას - ინფორმაციის და იდეის გავრცელებას. სტატიის შინაარსი იყო ჟურნალისტის მიერ ბეჭდური მედიით პოლიტიკური დებატების ნორმალური გაშუქება. ამის გამო საქმესთან შემხებლობა არა აქვს სასამართლოს იმ პრეცედენტულ სამართალს, რომელიც ეხება სატელევიზიო მაუწყებლობით ან სხვა საშუალებით გავრცელებულ პოლიტიკურ რეკლამას. ასევე საქმესთან შემხებლობა არა აქვს პრეცედენტული სამართალს, რაც ეხება კომერციულ კონტექსტში, პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებულ პუბლიკაციას. ამ სფეროში სახელმწიფოები, ტრადიციულად, სარგებლობენ შეფასების ფართო ზღვარით (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 115, 21 February 2017). „დისკრეციის ვიწრო ფარგლებია დაწესებული შეზღუდვებისათვის, რაც უკავშირდება დემოკრატიულ საზოგადოებაში პრესის მიერ საზოგადოებრივი დარაჯის როლის შესრულების ინტერესს“ (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 116, 21 February 2017)
ევროპულ სასამართლოს არა აქვს მიზეზი, ჩათვალოს, რომ სტატიის უკან იდგა რომელიმე პოლიტიკური პარტია ან კანდიდატი. ამის გამო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს რომ, სადავო სტატია წარმოადგენდა მომჩივანი ორგანიზაციის მიერ საკუთარი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სრული მოცულობით სარგებლობას, კერძოდ, მომჩივანმა ორგანიზაციამ გააკეთა არჩევანი - დაებეჭდა სტატია - რითაც ინფორმაცია მიიტანა მკითხველამდე და პოტენციურ ამომრჩევლამდე (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 116, 21 February 2017).
ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ისტორიული განვითარების მოცემულ ეტაპზე არსებობდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის მკაცრი გარანტიების დადგენის საჭიროება. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კონოვი თავის თანხვედრ აზრში აცხადებდა, რომ მედია გამორიცხული უნდა ყოფილიყო საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შესაძლებლობისაგან, რათა ამით თავიდან ყოფილიყო აცილებული საარჩევნო სუბიექტის მიმართ „შავი პიარი.“(ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 116, 21 February 2017). ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, არც საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილებები, არც მთავრობის მიერ ამ საქმეში განვითარებული არგუმენტების ხაზი არ ჰფენს ნათელს იმას, განსახილველი კონკრეტული რეგულაცია პროპორციულად, ისე, რომ ეს „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში,“ როგორ მიემართება ან აგვარებს საარჩევნო დაფინანსების გამჭვირვალობის ან შავი პიარის პრობლემას (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 117, 21 February 2017).
ევროპული სასამართლოს აზრით, მართალია „საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას ხალხის ნების თავისუფლად გამოსახატავად“ ან სხვა ლეგიტიმური მისაღწევად და მწვავე საჭიროების დასაკმაყოფილებლად, სასურველია პუბლიკაცია შეიცავდეს რამდენიმე კანდიდატის ან მათი საარჩევნო პროგრამის აღწერას, ამის მიუხედავად, ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, იმის მტკიცება, კანდიდატთან დაკავშირებით პუბლიკაციის შინაარსი რამდენად იქნება „უარყოფით კომენტარად“ აღქმული საზოგადოების მხრიდან. ასევე რთულია, თუ შეუძლებელი არა იმის მტკიცება, სტატიის გამოქვეყნებისას, გააჩნია თუ არა პრესას „აგიტაციის“ მიზანი, რაც მას რუსეთის კანონმდებლობით ეკრძალება. შიდა კანონმდებლობამ ბეჭდურ მედიას შეუზღუდა საქმიანობა ისეთი კრიტერიუმის საფუძველზე, რაც ბუნდოვანია და ანიჭებს ძალიან ფართო დისკრეციას ხელისუფლების იმ ორგანოს, ვისაც გააჩნია ნორმატიული აქტების განმარტების და გამოყენების უფლებამოსილება (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 128, 21 February 2017).
უმთავრესად, დამაჯერებლად არ იქნა დამტკიცებული და ევროპულმა სასამართლომ ვერ იპოვა სათანადო საფუძველი, გაიზიაროს მთავრობის არგუმენტი, რომ ბეჭდური მედია უნდა დაექვემდებაროს მიუკერძოებლობის, ნეიტრალიტეტის და თანასწორობის დაცვის მკაცრ მოთხოვნებს წინასაარჩევნო პერიოდში (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 129, 21 February 2017) პრესის, როგორც საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქცია, არანაკლებ მნიშვნელოვანია საარჩევნო პერიოდში. პრესის როლი არ არის შემოსაზღვრული როგორც მედიუმისა, რომლითაც შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური რეკლამის გავრცელება. ისეთი მასობრივი ინფორმაციის საშუალება, როგორიცაა გაზეთი, დამოუკიდებლად სარგებლობის პრესის თავისუფლების უფლებით, რაც გულისხმობს, თავისუფალი სარედაქციო არჩევანის საფუძველზე, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 130, 21 February 2017).
ევროპული სასამართლოს აზრით, მოქმედი კანონმდებლობა, მწვავე აუცილებლობის გარეშე, ამცირებს პრესის გამოხატვის ფარგლებს იმით, რომ ზღუდავს, კამპანიაში მონაწილეთა რაოდენობას. ამავდროულად იზღუდება მომჩივანი ორგანიზაციის თავისუფლება - გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საარჩევნო პერიოდში. არ დადასტურდა, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნის მისაღწევად შეზღუდვა პროპორციულია (ORLOVSKAYA ISKRA v. RUSSIA, Application no. 42911/08, § 130, 21 February 2017).
მოცემულ შემთხვევაშიც, სადავო ნორმის შემფარდებელმა მოსარჩელის მხრიდან საარჩევნო მიზნის არსებობის მტკიცებულებად მიიჩნია განცხადება, რომლითაც ის აკრიტიკებდა საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმის ძალაში დატოვების გამო და პარლამენტს „ცენზურის კანონის“ მესამე მოსმენით მიღების გამო. ამ განცხადებაში გამოხატულია ნეგატიური დამოკიდებულება, ერთი მხრივ. საკონსტიტუციო სასამართლოს, მეორე მხრივ, პარლამენტის მიმართ. ამ განცხადებებში არ იყო მმართველის პარტიის მიერ არჩევნების წაგების სურვილი რაიმე ფორმით გამოხატული. ამის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ და სასამართლომ მოსარჩელის ეს ორი განცხადება მიიჩნიეს მმართველი პარტიისათვის - „ქართული ოცნებისათვის“ - ხმის მიცემისაკენ თავის შეკავების მოწოდებად. სადავო ნორმის მიზნებისათვის, კრიტერიუმი, რითაც ანტიკორუფციულმა ბიურომ და თბილისის საქალაქო (სააპელაციო) სასამართლომ იხელმძღვანელეს ბუნდოვანია, ვინაიდან გაუგებარია საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკა ან კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნა, თუნდაც საარჩევნო კამპანიის პერიოდში წარმოთქმული, როგორ შეიძლება საარჩევნო სუბიექტისათვის ხმის მიცემისაგან თავის შეკავების მოწოდებად იქნეს აღქმული. აქაც, ისევე როგორც ორლოვსკია ისკრას საქმეში, კანონის განმმარტებელს და შემფარდებელს ენიჭება განუზომლად დიდი დისკრეცია. სადავო ნორმა აიძულებს საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის შემსრულებელ არასამთავრობო ორგანიზაციას - მედიის განვითარების ფონდს - თავი შეიკავოს საარჩევნო კამპანიის პერიოდში თავისი ფუნქციის შესრულებისაგან - მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად განცხადებების გაკეთებისაგან. ეს მაშინ, როცა ორლოვსკაია ისკრას საქმე იცავს საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის განმახორციელებელი სუბიექტის შესაძლებლობას - გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე საარჩევნო კამპანიის პერიოდში, თუნდაც ამისათვის ვინმეს თვალში მიკერძოებულად წარმოჩნდეს.
ზემოთ საუბარია აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რაც ეხება პოლიტიკურ რეკლამებს. ეს მაგალითები იმის გამო მოვიყვანეთ, რომ დაგვესაბუთებინა თუ რა სახის გამონათქვამები შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო სუბიექტის არჩევისგან თავის შეკავების მოწოდებად და რა არა. ამ საქმეების ციტირება არ შეიძლება პოლიტიკურ რეკლამაზე დაწესებული შეზღუდვის კონსტიტუციურობის კრიტიკად იქნეს აღქმული, მეტიც, პოლიტიკური რეკლამის შეზღუდვის კონსტიტუციურობის დადგენა აუცილებელი არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მედიის განვითარების ფონდის განცხადება არ იყო პოლიტიკური რეკლამა - თუნდაც საკითხის გადაწყვეტისაკენ მიმართული პოლიტიკური რეკლამა. ეს იყო განცხადება, რომლის გავრცელებაშიც მედიის განვითარების ფონდს ფული არ დაუხარჯავს (სოციალურ ქსელში მისი რეკლამირება არ მოუხდენია). ეს განცხადება აიტვირთა ფონდის სოციალური ქსელის გვერდზე და ის გაავრცელეს მედია საშუალებებმა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მოქმედების სფეროში ანტიკორუფციული ბიურო აქცევს მათ შორის, შრომისათვის გაწეულ ანაზღაურებასაც (ყველანაირ ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა მოხალისეობრივი საქმიანობისა) და არა მხოლოდ ფასიან განცხადებებს. სადავო ნორმის მოქმედების სფეროში მოსარჩელე მოექცა იმის გამო, რომ საჯარო განცხადებით გააკრიტიკა ხელისუფლება და იმის გამო, რომ ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს გაწეული შრომისათვის უხდის ანაზღაურებას. ამ განცხადებების ფონდის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნება, ბუნებრივია, წარმოადგენს შრომას, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას. ეს კი ამ განცხადების გამოქვეყნებას სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ აქცევს, რაც ნიშნავს იმასაც, რომ სახეზეა არა ინტერნეტით პოლიტიკური რეკლამის გავრცელების რეგულირება, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი დარაჯის როლის შესრულებისას განცხადების გავრცელებაზე შეზღუდვის დაწესება. ამ შემთხვევაში პარლამენტის მიხედულების ფარგლები ვიწროა, ორლოვსკაია ისკრას საქმეზე დაწესებული სტანდარტის მიხედვით.
რომც დავუშვათ, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა გამოსადეგი და აუცილებელია ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როგორიცაა საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამჭვირვალობა და საარჩევნო სუბიექტის დაცვა „შავი პიარისაგან,“ სადავო ნორმებით საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ისეთი მოწოდების შეზღუდვა, რომელიც პირდაპირ არ არწმუნებს ამომრჩეველს ხმა არ მისცეს კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს ან არ არის ამ მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტი, არ იქნება, ვიწრო გაგებით პროპორციული. ერთ მხარეს დგას საარჩევნო სუბიექტის რეპუტაცია, რომელიც არც საჯარო განცხადებაშია სახელდებით მოხსენიებული და საჯარო განცხადება არც მის თანამდებობაზე არჩევის უნარებს აფასებს. სასწორის მეორე მხარეს დგას არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის განხორციელება საარჩევნო კამპანიის პერიოდში, როცა ამ ფუნქციის შესრულების ხმების შეჯამების პერიოდისათვის გადადება ღირებულებას დაუკარგავს ამ გამოხატვას. სიტყვის თავისუფლების სასარგებლოდ სასწორის პინის გადაწონვაზე მეტყველებს ისიც, რომ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს მიჩნეული საარჩევნო სუბიექტის არჩევისგან თავის შეკავების მოწოდებად, იმ წინასწარ განუჭვრეტელი და ბუნდოვანი კრიტერიუმის საფუძველზე, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო და საერთო სასამართლოები ხელმძღვანელობენ. ეს კი წარმოადგენს ყოვლისმომცველ თავდასხმას გამოხატვის თავისუფლებით ყველაზე მეტად დაცულ სიკეთეზე - საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე. სადავო ნორმა სპობს არა ერთ ან რამდენიმე, არამედ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნებისმიერ საკითხზე საარჩევნო კამპანიის პერიოდში დისკუსიის წარმოების შესაძლებლობას. ამიტომ, კანდიდატის „შავი პირარისაგან“ დაცვის ინტერესი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს კანდიდატი განცხადებაში საერთოდ არ არის მოხსენიებული, ვერ გადაწონის ადამიანის გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებას - იკამათოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციური იქნება პროპორციულობის ეტაპზე მათი შეფასების შემთხვევაშიც. მიუხედავად ამისა, არ არსებობს ამის საჭიროება, ვინაიდან ნორმები ვერ ლახავს გამოსადეგობის მოთხოვნებსაც კი.
5.4. არჩევნებში უცხოური ჩარევის თავიდან აცილების და სახელმწიფო უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზანი
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული დისკუსია, რაც არ წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ მიმართულ პირდაპირ მოწოდებას და არც მის ფუნქციურ ეკვივალენტს, მოკლებულია არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას. ეს მოსაზრება მაშინაც სწორია, როცა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფინანსდება უცხო ქვეყნის ხელისუფლებისგან, უცხო ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, აკეთებს განცხადებას, რაც არ არის არც პირდაპირი მოწოდება, არც მისი ფუნქციური ეკვივალენტი. ამ შემთხვევაშიც არ ხდება ზეგავლენა ამომრჩეველთა ნებაზე, ვინაიდან სპიკერი საკუთარ განცხადებაში არ ახსენებს არჩევნებს, არ საუბრობს საარჩევნო სუბიექტის მიერ ქვეყნის მართვის უნარზე და იმ შედეგზე, რაც ამ სუბიექტის ხელისუფლებაში მოსვლის/დარჩენის შედეგად დადგება. შესაბამისად, სადავო ნორმებით საქართველოს მოქალაქისათვის/საქართველოს იურიდიული პირებისათვის დაწესებული აკრძალვა, არ მოიპოვონ უცხოური დაფინანსება იმისათვის, რომ ამ ფულის გამოყენებით საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსიაში არ მიიღონ მონაწილეობა, ლოგიკურ კავშირში არ არის ამომრჩეველთა ნებაზე მანიპულირების, არჩევნებში უცხოური ჩარევის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევასთან.
საია და მედიის განვითარების ფონდი არიან მოსარჩელეები N1829 კონსტიტუციურ სარჩელზე. ხოლო საია დამატებით მოსარჩელეა N1865 კონსტიტუციურ სარჩელებზე. ამ სარჩელებში მთავარი არგუმენტია ის, რომ როგორც საია, ისე მედიის განვითარების ფონდი არიან საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს მოქალაქეები. ორივე ორგანიზაცია ემსახურება საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. მართალია, ორივე ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს საერთაშორისო დონორებისაგან, თუმცა დაფინანსების მიღება არ უდრის ორგანიზაციის კონტროლს. უცხოური დაფინანსების მიუხედავად, საია და მედიის განვითარების ფონდი ინარჩუნებენ ოპერაციულ დამოუკიდებლობას დონორებისაგან. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელეების მიერ ისეთი განცხადების გაკეთებით, რაც არ არის არც პირდაპირი მოწოდება, არც მისი ფუნქციური ეკვივალენტი, უცხოელი დონორი არათუ საარჩევნო პროცესზე ვერ მოახდენს გავლენას, არამედ არჩევნებისგან განსხვავებულ იმ საკითხზეც, რაზეც ეს განცხადება კეთდება (მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „რუსული კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე, პარლამენტის მიერ „ცენზურის კანონის მიღებაზე). ვინაიდან დაფინანსება არ ნიშნავს ორგანიზაციისათვის მითითების ან ინსტრუქციის მიცემას ან კონტროლს, შესაბამისად, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, უცხოელების სასარგებლოდ, ვერ ჩაერევა არჩევნებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა განცხადება, რასაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს, არჩევნებთან არ არის კავშირში და ეხება სრულიად სხვა საკითხს.
ანტიკორუფციულმა ბიურომ სადავო ნორმების ქვეშ მოაქცია ერთი მხრივ „რუსული კანონი,“ რაც წარმოშობს გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხოლო მეორე მხრივ, „ცენზურის კანონი,“ რაც წარმოშობს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პრობლემებს. გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია. ეს არ არის საკითხები, რაც დაკავშირებული უნდა იყოს საარჩევნო პროცესთან. მეტიც, ეს ისეთი უფლებებია, რომლებიც დაცული უნდა იყოს არჩევნების შედეგების მიუხედავად. ადამიანის უფლებები უკვე დიდი ხანია აღარ არის ერთი ქვეყნის საქმე. მაშინ როდესაც საარჩევნო პროცესი ექსკლუზიურად საქართველოს მოქალაქეების უფლებაა და ეს პროცესი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უცხოური ჩარევისაგან, სიტყვის, გამოხატვის, გაერთიანების თავისუფლება, სხვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა გაეროს ადამიანის უფლებების დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა გაეროს პაქტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, აღარ არის ქვეყნის შიდა საქმე. მეტიც, თუკი საქართველოში ირღვევა კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება ან კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლება, ევროპის საბჭოს ერთ, რამდენიმე ან ყველა წევრ ქვეყანას აქვს უფლება, სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოოს საქართველოს წინააღმდეგ. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის უფლებები იმდენად ძვირფასია, რომ მისი დაცვა არ შეიძლება სუვერენული დემოკრატიის იმედად იყოს დარჩენილი. ადამიანის უფლებები უნივერსალურია და საერთაშორისო საზოგადოების ზრუნვის საგანია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეკოდიფენსის საქმეზე განაცხადა: „დემოკრატია მიმდინარე პროცესია, რომელიც საჭიროებს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ინდივიდუალური აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოწეულ საკითხებზე განგრძობადი, თავისუფალი და პლურალისტური დებატების მხარდაჭერას. როდესაც უცხოური ძალის მონაწილეობის შედეგად ამ პროცესს შეექმნება საფრთხე, განსაკუთრებით კი ისეთ მგრძნობიარე სფეროში, როგორიცაა - არჩევნები ან პოლიტიკური გაერთიანების დაფინანსება - შესაძლოა გამართლებული იყოს სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეგულაციის და შეზღუდვის დაწესება. ამის მიუხედავად, .. ამ საქმეში რეგულაცია ეფუძნება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, მიჩნეულია, რომ ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არის ქვეყნის შიდა საქმე. გარე ძალის მიერ დემოკრატიაზე დაკვირვება არის საეჭვო და პოტენციურად საშიში ეროვნულ ინტერესებისათვის. ამგვარი მიდგომა შეუთავსებელია კონვენციის შექმნის ისტორიასთან და იმ ღირებულებებთან, რასაც კონვენცია ეფუძნება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია წარმოადგენს ევროპული საჯარო წესრიგისა და კოლექტიური უსაფრთხოების ინსტრუმენტს, რომლითაც, კონვენციის სამართლებრივ სივრცეში მოქცეული ყველა ადამიანის უფლებები არის ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის ინტერესის საგანი.“ (ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA Applications nos. 9988/13 and 60 others §139).
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს დისკრეცია უნდა იყოს ვიწრო. ეს მიდგომა გამოიყენება ამ საქმეში, ვინაიდან მედიის განვითარების ფონდს დაუწესდა შეზღუდვა ფესიბუქ-სტატუსის გამო, რაც იყო არა პოლიტიკური რეკლამა, არამედ საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის შესრულების ფარგლებში გაკეთებული განცხადება. მედიის განვითარების ფონდის განცხადებებსა და უცხოურ დაფინანსებას შორის კავშირი რომც არსებობდეს, ვინაიდან განცხადება ეხება ადამიანის ორ უმნიშვნელოვანეს უფლებას - გაერთიანების და სიტყვის თავისუფლებას, ამ განცხადების უცხოური დაფინანსება არ შეიძლება აღქმული იქნას საქართველოს არჩევნებში ჩარევად. ეს იქნება ადამიანის უფლებების დაცვისკენ ხელშეწყობის საერთაშორისო ძალისხმევის შედეგი და არ არსებობს იმ შეზღუდვების გამოყენების საფუძველი, რაც აუცილებელია არჩევნებში უცხოური ჩარევის და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სხვა ქვეყნიდან დაფინანსების თავიდან ასაცილებლად. ანტიკორუფციულმა ბიურომ და თბილისის საქალაქო (სააპელაციო) სასამართლომ კი სიტყვის და გაერთიანების თავისუფლების დაცვაზე დისკუსია უცხოელების მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაფინანსებას გაუთანაბრა და ამის გამო გაავრცელა, შეზღუდვები, რაც მიმართულია უცხოელების მიერ საქართველოს ამომრჩევლის ნების მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად.
ამგვარად, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა უვარგისი საშუალებაა ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როგორიცაა არჩევნებში უცხოური ჩარევის თავიდან აცილება, ქვეყნის სუვერენიტეტის და სახელწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
3. გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 1 ივლისს მიღებულ N2/2/1276 გადაწყვეტილებაში საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დაადგინა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის ჩხრეკა ხდებოდა სათანადო ინფორმაციაზე დაფუძნებული მოლოდინის გარეშე. ამ შემთხვევაში, მოსარჩელეები არიან იურიდიული პირები, რომელთაც არა აქვთ მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვის უფლება. იმავდროულად, სადავო ნორმით მესამე პირის პერსონალური ინფორმაციის მიღება არ ხდება დახურულ ინსტიტუციაში შეღწევის გზით. ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას, სხვა პერსონალურ ინფორმაციას, სხვა საიდუმლო ინფორმაციას, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა, ხოლო ამ მოთხოვნის ადრესატი ანტიკორუფციულ ბიუროს ამ ინფორმაციას გადასცემს, ისე რომ ანტიკორუფციულ ბიუროს არ უხდება შენობაში შესვლა და ჩხრეკის ან მისი მსგავსი ღონისძიების გატარება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვერ იქნება ჩარევა ვერც კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ პირად ცხოვრებაში, ვერც მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ პირადი ცხოვრების დახურულ ინსტიტუციებში.
ამის მიუხედავად, როგორც ზემოთ მივუთითეთ, საზოგადოებრივი ორგანიზაციის უფლება, არ გაამხილოს მასთან შენახული სხვა ადამიანის პერსონალური ინფორმაცია, დაცულია ამ ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლებით. შესაბამისად, სადავო ნორმას სწორედ კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან აქვს მიმართება. გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა, გვერდითი ეფექტის სახით იწვევს მესამე პირის კუთვნილი პერსონალური მონაცემის გამჟღავნებას. ამის გამო, მიზანშეწონილად მიგვაჩნია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და ამ მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის დასადგენად გამოყენებული იქნეს ის სტანდარტები, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პირადი ცხოვრების უფლებასთან მიმართებაში, გიორგი ქებურიას საქმეში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. აუცილებელია, უფლებაშემზღუდველი ღონისძიების შემუშავებისას სახელმწიფომ დაადგინოს სამართლიანი ბალანსი იმგვარად, რომ დაცული სიკეთე და მისი დაცვის ინტერესი აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28).
გიორგი ქებურიას საქმეში მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „დანაშაულთან ბრძოლა უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ინტერესს წარმოადგენს. გამოძიების ეფექტურად წარმართვისთვის პირადი ცხოვრების უფლების კონსტიტუციურად შეზღუდვის დასაშვებობასთან დაკავშირებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი არსებობს. თუმცა სწორი ბალანსის უზრუნველყოფისთვის ასევე აუცილებელია, გამოძიების ფარგლებში დაშვებული იყოს პირადი ცხოვრების მზღუდავი მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც არსებითად მიმართულია დანაშაულის გახსნისაკენ. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია სამართალდამცავებს აღჭურავს მოქმედების შესაძლებლობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩხრეკის შედეგად მტკიცებულების მოპოვების სათანადო ინფორმაციაზე დაფუძნებული მოლოდინი არსებობს. ჩხრეკის ჩატარება იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავებს არ გააჩნიათ დანაშაულის გახსნისათვის მნიშნველოვანი მტკიცებულების მოპოვების სათანადო ინფორმაციით გამყარებული მოლოდინი, თავისი მნიშვნელობით ვერ გადაწონის ხსენებული ღონისძიების შედეგად უფლებისათვის მიყენებულ ზიანს“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-44).
ამ სტანდარტიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების თავიდან აცილება, არჩევნებზე უცხოური გავლენის პრევენცია და საარჩევნო სუბიექტის დაცვა საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტისაგან, რომელსაც დიდი ფინანსური რესურსი გააჩნია, უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ინტერესს წარმოადგენს. იმისათვის, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ უზრუნველყოს საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტის ფინანსების გამჭვირვალობა, სხვა ქვეყნიდან, საქართველოს იურიდიული პირისაგან და სახელმწიფო ორგანოებისაგან ასეთი საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის დაფინანსების ფაქტის გამოვლენა, გამართლებულია გაერთიანების თავისუფლების და ამის შედეგად მესამე პირების პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვა. თუმცა სამართლიანი არჩევნების ჩატარების ინტერესსა და გაერთიანების თავისუფლების (ამის შედეგად პირადი ცხოვრების უფლების) დაცვას შორის სწორი ბალანსის უზრუნველყოფისათვის, ასევე აუცილებელია დაშვებული იყოს გაერთიანების თავისუფლების (მესამე პირების პირადი ცხოვრების) მზღუდავი ის ღონისძიებები, რომლებიც არსებითად მიმართულია იმ საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტის გამოვლენისაკენ, რომელიც იღებს უცხოურ, კორპორატიულ და სახელმწიფო დაფინანსებას. სწორედ ამიტომ კონსტიტუცია ანტიკორუფციულ ბიუროს აღჭურავს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის და მესამე პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ გზით მოპოვებული იქნება ინფორმაცია საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტის მიერ საქართველოს სახელმწიფოდან, საქართველოს იურიდიული პირიდან, უცხო ქვეყნიდან დაფინანსების მიღების თაობაზე. სანამ ანტიკორუფციული ბიურო გამოითხოვს მესამე პირის პირადი ცხოვრების უფლების შემზღუდველ ინფორმაციას, უნდა არსებობდეს სათანადო ინფორმაციაზე დაფუძნებული გონივრული მოლოდინი, რომ სუბიექტი, რომლისგანაც მესამე პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა ხდება, არის საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტი. თუკი ანტიკორუფციულ ბიუროს სხვისი პირადი ცხოვრების უფლების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვამდე, არ გააჩნია სათანადო ინფორმაციით გამყარებული მოლოდინი, რომ სუბიექტი, რომლისგანაც მესამე პირის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს, გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონეა, ბალანსი გაერთიანების თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გადაიხაროს და ანტიკორუფციულ ბიუროს არ უნდა მიეცეს მესამე პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა.
სათანადო ინფორმაციაზე დაფუძნებული მოლოდინი, რომ პირი საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტია, წარმოიშობა ამ პირის საჯარო აქტივობაზე დაკვირვებით. მათ შორის მისი ფეისბუქ-პოსტების ანალიზით. ზემოთ უკვე დავასაბუთეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკა რუსული კანონის შეჩერებაზე უარის თქმის და პარლამენტის კრიტიკა „ცენზურის კანონის“ მიღების გამო, არც საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ პირდაპირი მოწოდებაა და არც მისი ფუნქციური ეკვივალენტი. როცა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სოციალური ქსელით არ ავრცელებს ისეთ მოწოდებას, რაც მიმართულია ამომრჩევლის დარწმუნებისკენ, არ მისცეს ხმა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს და პოსტი ეხება არჩევნებთან პირდაპირი კავშირის არმქონე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დებატებს, ანტიკორუფციულ ბიუროს და სასამართლოს არა აქვს სათანადო ინფორმაციაზე დაფუძნებული მოლოდინი, რომ საზოგადოებრივი გაერთიანება საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტია. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ასეთი სუბიექტისაგან მესამე პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას.
აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა სიტყვა-სიტყვით ისეა ფორმულირებული, რომ ქმნის ისეთი გაერთიანების ინსპექტირების შესაძლებლობას, რომელსაც არც პირდაპირ მოუწოდებია რომელიმე საარჩევნო სუბიექტისათვის მხარდაჭერისგან თავის შეკავებაზე, არც ამ მოწოდების ფუნქციურ ეკვივალენტის გაჟღერებას ჰქონია ადგილი. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ანტიკორუფციული ბიურო ამ მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, მოთხოვნილი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“
ანტიკორუფციულ ბიუროს ევალება შუამდგომლობაში ინსპექტირების საფუძვლის და მიზნის მითითება, ხოლო სასამართლო თავის ბრძანებაში უთითებს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველს და მიზანს, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდს და მოცულობას, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადას. სასამართლოს არ ევალება, დარწმუნდეს და თავისი გადაწყვეტილებით დაასაბუთოს, რომ პირი, რომლისგანაც პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა ხდება, არის საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტი - მას, მინიმუმ ორჯერ, გაკეთებული აქვს განცხადება, რაც წარმოადგენს პირდაპირ მოწოდებას საარჩევნოს სუბიექტისათვის ხმის მისაცემად ან ხმის მიცემისაგან თავის შესაკავებლად. ასევე სადავო ნორმით, სასამართლოს არ ევალება, დაასაბუთოს, რომ პირმა გააკეთა ამგვარი მოწოდების ფუნქციური ეკვივალენტის შემცველი განცხადება. ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ისეთზე, რაც არჩევნებს პირდაპირ არ უკავშირდება, განცხადების გაკეთება არის სასამართლოს მხრიდან თანხმობის გაცემის საფუძველი. როცა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება არც არჩევნებზე ხმის მიცემისაგან თავის შეკავებისკენ მიმართული პირდაპირი მოწოდება და არც მისი ფუნქციური ეკვივალენტი არ არის, ანტიკორუფციულ ბიუროს არ უნდა ჰქონდეს, ამ განცხადების გაკეთების გამო, პერსონალური და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა, ვინაიდან არ არსებობს სათანადო ინფორმაციით გამყარებული მოლოდინი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის დარღვევის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა არ უნდა დააკმაყოფილოს.
საერთო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად არის არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება პირდაპირი მოწოდება ან მისი ფუნქციური ეკვივალენტი. ამ საკითხზე დადებითი ან უარყოფითი არგუმენტები და დასკვნები საერთო სასამართლომ უნდა ასახოს ბრძანებაში. ამის საპირისპიროდ, როგორც მედიის განვითარების ფონდის საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს ბრძანებებიდან ირკვევა, სასამართლოები შემოიფარგლებიან კანონმდებლობის ნორმების ციტირებით და საერთოდ არ მიუთითებენ საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც ამართლებს ან არ ამართლებს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენებას. სასამართლოების ბრძანებები სამოტივაციო ნაწილში მოიცავს კანონის მატერიალური და პროცესუალური ნორმების ციტირებას, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში გვხდება თანხმობა პერსონალური მონაცემების გამოთხოვაზე. ასეთ პირობებში, ობიექტური დამკვირვებელი, სასამართლოს ბრძანების კითხვისას, ვერ გამოიტანს დასკვნას, რა ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მედიის განვითარების ფონდი მიუთითებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებას ფაქტობრივად არ ჰქონდა დასაბუთება. მომჩივანის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლო მხოლოდ არსებულ კანონმდებლობაზე მითითებით ასკვნის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობით დაყენებული მოთხოვნები არის კანონიერი, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებაში არ ჩანს, შუამდგომლობაში მოყვანილი რა კონკრეტული მონაცემები ხდის მასში დაყენებულ მოთხოვნებს საფუძვლიანს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის №3ბ/2010-25 საქმეზე მიღებული ბრძანების მე-5 გვერდის მე-6 აბზაცი). თბილისის სააპელაციო სასამართლომ მედიის განვითარების ფონდის ამ არგუმენტს უპასუხა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ,“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ,“ „გრანტების შესახებ,“ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონებიდან ნორმების ციტატით. მოსარჩელე მხარე იმით, მიხვდა, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ სადავო ნორმის ციტირებისას ეს სიტყვა შავი ფერით იყო მონიშნული (გაბოლდებული) სააპელაციო სასამართლოს ბრძანებაში (თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მხრივაც კი არ გასწია ზედმეტი შრომა). შესაბამისად, მოსარჩელისათვის უცნობი დარჩა, რატომ მიიჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად. სააპელაციო სასამართლოს არც ხათუნა ლაგაზიძის საქმეზე მიღებული ბრძანებაზე არ მიუთითებია და, მით უმეტეს. არ აუხსნია განსხვავება ორი საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის: თუკი ლაგაზიძის საქმეზე მომჩივანები მოუწოდებდნენ ამომრჩეველს - არ მიეცათ ხმა „ქართული ოცნებისათვის,“ მედიის განვითარების ფონდი უბრალოდ აკრიტიკებდა ორ კანონს, რომელთაგან ერთი საპარლამენტო უმრავლესობამ, რატომღაც საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლო მიუთითებს სამ, ხოლო სააპელაციო სასამართლო ოთხ ერთმანეთისგან განსხვავებულ კანონზე, თუმცა ფაქტობრივი გარემოებების მიუთითებლობის გამო, გაურკვეველი რჩება, რომელ ფაქტს, რომელი დასახელებული კანონი არეგულირებდა. ზოგიერთ ფაქტს ადგილი ჰქონდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიღებამდე და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანამდე და შეუძლებელია ამ ორ კანონს ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობაში მითითებული ზოგიერთი ფაქტი მოეწესრიგებინა Ratione temporis მიზეზით. ზოგიერთ ფაქტს ადგილი ჰქონდა იმ პერიოდში, როცა მედიის განვითარების ფონდს დაკარგული უნდა ჰქონოდა „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის“ სტატუსი (ხმები შეჯამებული იყო) და ამ თარიღში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი ვერ იქნებოდა გამოყენებული. ასეთ პირობებში თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოებს იმაზე მეტი უნდა გაეკეთებინა, ვიდრე კანონის ნორმების ციტირებაა (ან თუნდაც სიტყვების გაბოლდებაა). სასამართლოებს, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა აეხსნათ, მედიის განვითარების ფონდის 2024 წლის 17 სექტემბერის, 2024 წლის 9 ოქტომბერის, 2024 წლის 29 ნოემბრის, 2025 წლის 13 თებერვლის, 2025 წლის 19 მარტის, 2025 წლის 3 ივნისის განცხადებიდან თითოეული მათგანი რომელი კანონის - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის თუ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“- ზემოქმედების ქვეშ ექცეოდა და რატომ. თუმცა სასამართლოს ბრძანებებში არ ვხდებით ამგვარ დასაბუთებას, იმიტომ რომ სადავო ნორმა სასამართლოებისაგან ამას არ ითხოვს.
ამგვარი დასაბუთების არ არსებობის მიზეზი ის არის, რომ პირდაპირი მოწოდების ან მისი ფუნქციური ეკვივალენტის სტანდარტს არც სადავო და არც სხვა ნორმები არ ადგენს. არც ანტიკორუფციული ბიურო და არც სასამართლო არ არის შეზღუდული რაიმე ობიექტური კრიტერიუმებით, როცა ზღუდავენ გაერთიანების თავისუფლებას, მასთან ერთად კი მესამე პირების პირადი ცხოვრების უფლებას.
ამგვარად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ამ მუხლის მე-4 პუნქტი არ ამყარებს სამართლიან ბალანსს, ერთი მხრივ, გაერთიანების თავისუფლებასა და მეორე მხრივ, თავისუფალი არჩევნების ჩატარების ინტერესს შორის. მოსამართლეს არ ევალება, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს თანხმობა მხოლოდ მაშინ მისცეს, როცა არსებობს სათანადო ინფორმაციით გამყარებული მოლოდინი, რომ საზოგადოებრივი გაერთიანება, საიდანაც მესამე პირის პერსონალური მონაცემის გამოთხოვაა მოთხოვნილი, გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტია. ამის გამო სადავო ნორმები არღვევს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს,
ამგვარად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მეორე და მეხუთე პუნქტებს, ასევე 22-ე მუხლის პირველ პუნქტს. ვითხოვთ გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა