დავით ახალაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1903 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ევა გოცირიძე, |
| ავტორ(ებ)ი | დავით ახალაური |
| თარიღი | 20 ოქტომბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სიტყვის: ,,უქონელია“ ის ნორმატიული შინაარსი, რომლიც იძლევა ამავე კოდექსში მოხსენიებული სიტყვის/ტერმინის ,,გადახდისუუნარო“ და ასევე იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე - 2 მუხლის ,,ზ“ პუნქტში მოხსენიებული ტერმინისაგან ,,გადახდისუუნარო პირი“- განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და მნიშვნელობას. | საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მეორე პუნქტი: სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება: საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი: დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. |
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46 -ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის სიტყვის: ,,გადახდისუუნარო“ ის ის ნორმატიული შინაარსი, რომლიც იძლევა იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე - 2 მუხლის ,,ზ“ პუნქტში მოხსენიებული ტერმინისაგან ,,გადახდისუუნარო პირი“- განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და მნიშვნელობას. | საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მეორე პუნქტი: სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება: საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი: დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. |
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46 -ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის წინადადების: ,,არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა“ - ის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც დასაშვებია პირის დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე ამავე კოდექსის 45-ე მუხლის ,,ვ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და ამავდროულად საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების პირობების თანახმად დასაცავი პირი სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის ჯარიმას - 2000 (ორი ათასი) ლარზე მეტი ოდენობით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მეორე პუნქტი: სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება: საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი: დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ნებისმიერ პირს, რომელიც მიიჩნევს რომ მისი უფლება დაირღვა, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს კანონოთ დადგენილი წესით. კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული სადავო ნორმები არღვევს როგორც ბრალდებულის ულებებს, ასევე ადვოკატთა თვითორგანიზების საკითხებს და არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 313 გათვალისწინებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე- 9 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე 12-ე მუხლით, საქართველოს კონსტიტუციის მე 13 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს კონსტიტუციის მე 17 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს კონსტიტუციის 31- ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 , მე-4 პუნქტებით, ასევე ამავე მუხლის მე -9 პუნქტის პირველი წინადადებით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) შესაძლებელია მსჯელობა კანონის სადავოდ ქცეული ნორმების კონსტიტუციურობაზე;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
კონსტიტუციის სარჩელის ავტორი გახლავართ იურისტი და ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. 2008 წლიდან ვეწევი საადვოკატო საქმიანობას და წლების მანძილზე ჩართული ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის მართვის საკითხებშიც, ისეთ სამსახურებში, როგორიც არის ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისია და ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული კომიტეტები. შესაბამისად ხშირად ვესწრები ადვოკატთა შეხვედრებს, ვისმენ კოლეგების/ადვოკატების წუხილს და მათთან ერთად გააზრებული მაქვს ის გამოწვევები, რაც ეხება ადვოკატთა თვითორგანიზების საკითხებს თუ ბრალდებულის უფლებებს.
პრობლემის არსსი:
საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ როგორც სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატები, კერძო საადვოკატო საქმიანობით, ასევე ამავე ასოციაციის წევრი ადვოკატები, რომლებიც მუშაობენ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში, ხოლო თავის მხრივ იურიდიული დახმარების სამსახური მისი დებულების თანახმად ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.
იურიდიული დახმარებიის სამსახურის თანამშრომლები არიან გადატვირთულები, ვინაიდან მათ ეწერებათ ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმე. მათი უდიდესი შრომისმოყვარეობის და პროფესიონალიზმის მიუხედავად, ისინი საქმეთა სიმრავლის გამო ხშირად ვერ ასწრებენ სისხლის სამართლის საქმეებზე ალტერნატიული გამოძიების ჩატარებას და დასაცავი პირისათვის საჭირო და სასურველი დროის გამოყოფას, რაც მათ ჭირდებათ თუნდაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიზიტისთვის ან საკონსულტაციოდ ან/და დაცვის პოზიციისთვის ალტერნატიული გამოძიების ჩასატარებლად. ისინი რიცხვობრივად მთელს საქართველოში ბევრად არ აღემატება 200 ადვოკატს, მაშინ როდესაც სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში რეგისტრირებული ადვოკატების ოდენობა ამ სარჩელის წარმოდგენის დროისათვის, სსიპ ადვოკატთა ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით შეადგენს 5443 ადვოკატს.
სახელმწიფოს ხარჯზე მომუშავე ადვოკატებს, მათი მცირე რიცხვის მიუხედავად, განსახილველად ეწერებათ საქართველოში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის საქმეების 50 დან 90 % -მდე. ბოლო წლების მანძილზე ეს მაჩვენებელი გაიზარდა და შემცირდა კერძო ადვოკატთა წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეთა მაჩვენებელი, რაც განპირობებულია იმით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლში, 2018 და 2020 წლებში განხორციელებული ცვლილებებით გაიზარდა სავალდებულო დაცვის შემთხვევათა საკითხები. ამჟამად სავალდებულო დაცვის შემთხვევებს მოიცავს, კერძოდ სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი: ა) თუ არასრულწლოვანია; ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; გ) თუ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას; დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ე) თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით; ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე; ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას; ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია; კ1) თუ განიხილება მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი; ლ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. ეს ჩამონათვალი თითქმის ამომწურავია და თითქმის არ რჩება შემთხვევა, რა დროსაც პროცესის მწარმოებელ ორგანოს არ შეეძლება პირისთვის/ბრალდებულისთვის სავალდებულო დაცვის გარემოებების არსებობის მოტივით, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის შესაძლებლობა გამოყენებული იქნას თვით ბრალდებულის სამართლიანი პროცესის უფლებების საწინააღმდეგოდაც. მოგეხსენებათ, პრაქტიკის თანახმად ნაკლებად ხდება ალტერნატიული გამოძიების საკითხების დაფინანსება და ჩატარება იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ. თვით ის დანაწესი, რომ თუ მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, ამ დროს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია პროცესის მწარმოებელ ორგანოს ბრალდებულს დაუნიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, ანუ უფასოდ, ემსახურება ბრალდებულისთვის მარტივი პროცესის შეთავაზებას, რაც ხშირ შემთხვევაში შესაძლოა არ აღმოჩნდეს მისთვის სამართლიანი. არსებობს ასეთი გამოთქმა: ,,უფასო ყველი სათაგურშია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირად უფასო სერვისის შეთავაზების მიღმა ერთგვარი ,,კაკანათი“ იმალება. სისხლის სამართლის პროცესშიც პოლიციელები ხშირად ბრალდებულებს სთავაზობენ საპროცესო შეთანხმების პროკურორისაგან გადმოცემულ პირობას, თანაც სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მონაწილეობით, რაც ერთობ მომხიბვლელია ბრალდებულისთვის, თუმცა ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს შეთავაზება ხდება იმ დროს, როდესაც ბრალდებულს აქვს გამამართლებელი არგუმენტები და სისხლის სამართლის ბრალდება სუსტია. შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება და სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის შეთავაზება, გავრცელებული აზრის თანახმად გახდა უპერსპექტივო სისხლის სამართლის საქმეთა პერსპექტიულად დამათავრების შესაძლებლობა, რაც პირდაპირ აზიანებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ხშირად ასეთნაირად გაფორმებული საპროცესო შეთანხმების პირობა ითვალისწინებს ჯარიმას სოლიდური ოდენობით, რასაც ეთანხმება ბრალდებული და ამავდროულად, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი ემსახურება სახელმწიფოს ხარჯზე. აღნიშნული ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპებსაც, ვინაიდან სამართალდამცავი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს ვის დაუნიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე და ვის არა. ცხადია, ამ შემთხვევაში ადვოკატის სახელმწიფო ხარჯზე დანიშვნა ხშირად სულაც არ ემსახურება სოციალური სიდუხჭირიდან გამომდინარე ბრალდებულისთვის შეღავათის გაწევას, ვინაიდან როგორ გადაიხდის გადახდისუუნარო დიდი ოდენობით ჯარიმას ? ფაქტია, ის არის გადახდისუნარიანი და ამავე დროს ენიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე და რატომ ? საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხომ უფლებაა და არა ვალდებულება ? გულიხვია ამ დროს სახელმწიფო ? ხომ შეიძლება მიეცეს ბრალდებულს შესაბამისი დრო რათა მან აიყვანოს მისთვის სასურველი ადვოკატი, რათა მასთან ჰქონდეს ნდობა ადვოკატთან. სხვათაშორის ნდობის პრინციპი უმთავრესია დასაცავ პირსა და ადვოკატს შორის ურთიერთობაში, რაც რეგულირებულია ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონით და წესდებით. საპროცესო შეთანხმება ბათილია თუ ის დაიდო მოტყუებით. ნებისმიერი სახის შეცდომაში შეყვანა მოტყუების ერთ-ერთი სახეა და თუ არ არსებობს ნდობის მაღალი მაჩვენებელი კლიენტსა და ადვოკატს შორის, ვერ ჩაითვლება, რომ დაცვის უუფლება უმაღლესი სტანდარტით იქნა უზრუნველყოფილი. ბალანსი სახელმწიფოს ხარჯზე დაცვასა და კერძო ადვოკატის მომსახურებას შორის სწორედაც უნდა გადიოდეს გადახდისუნარიანობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გადახდისუნარიან და ხშირ შემთხვევაში მდიდარ ადამიანს ემსახურება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, ეს პირდაპირ მაჩვენებელია იმის, რომ სახელმწიფო ერევა ადვოკატთა თვითორგანიზების საკითხებში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ასეთ დროს სახელმწიფო ხელოვნურად ზრდის იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციართა რიცხვს და ამცირებს კერძო ადვოკატის მსურველთა, ანუ მათ ,,კლიენტთა“ ოდენობას, რითიც ერთგვარად ძლიერდება (იზრდება) იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და სუსტდება სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურული როლი, რაც პირდაპირ წარმოადგენს ადვოკატთა თვითორგანიზების საკითხში არამართლზომიერ ჩარევას. რაც შეეხება კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებს ეს მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე 5 პუნქტში სადაც მითითებულია გაუგებარი ტერმინი ,,უქონელი“. ამ ჩანაწერის შინაარსის თანახმად, თუ ბრალდებული უქონელია უფლება აქვს დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუმცა აღნიშნული ტერმინის განმარტება არ მოიპოვება არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და არც იურიდიული სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში, რაც მისი თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ასევე საპროცესო კოდექსით რეგულირებული არ არის რა კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს უქონელობა და საკმარისია მოსამართლის, გამომძიებლის ან პროკურორის აზრი რომ ბრალდებული უქონელია და მას დაენიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, რაც ასევე ადვოკატის პროფესიული თვითორგანიზების საკითხში ჩარევას წარმოადგენს. თვითონ სიტყვაც არ იძლევა ისეთი განმარტების საშუალებას, რომ უქონელი ნიშნავდეს არაფრისმქონეს ან გადახდისუუნაროს. გააჩნია რის ქონაზეა აქ საუბარი. უპირველესად ეს ტერმინი არასწორია. ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაც და უქონელი იძლევა ძალიან თვითნებური განმარტებების საშუალებას. ხსენებული მიზნებისთვის, იურიდიული სამსახურის შესახებ კანონში გამოყენებულია ტერმინი: ,,გადახდისუუნარო“, რაც ამავე კანონის მე 2 მუხლის ,, ზ“ პუნქტით განმარტებულია შემდეგნაირად : გადახდისუუნარო პირი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია. მართალია ასეთი განმარტება არ გვხვდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, თუმცა ადვოკატის დანიშვნა სახელმწიფოს ხარჯზე, შემდგომში რეგულირდება სწორედ იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონით და ივარაუდება, რომ გადახდისუუნარობა უნდა დადგინდეს ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან იურიდიული სასმახურის მიერ მოძიებული ცნობის თანახმად, რომელიც ადასტურებს გადახდისუუნარობას. აღნიშნული გათვალისწინებულია იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე 6 მუხლით, რომლის თანახმად: იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ ითვლებიან, და გადახდისუუნარობის დადასტურების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საჭიროების შემთხვევაში პირის გადახდისუუნარობის დადგენის მიზნით იურიდიული დახმარების ბიურო ან მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სათანადო ინფორმაცია. შესაბამისად სპეციალურ კანონში ამომწურავად არის მითითებული ის ფაქტი, თუ როგორ დგინდება გადახდისუუნარობა და ისიც თვალსაჩინოა, რომ ტერმინი ,,უქონელი“ არ შეესაბამება არც საპროცესო კოდექსის ტერმინოლოგიას და არც სპეციალური კანონის ტერმინებს, ვინაიდან იურიდიული სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი ტერმინს ,,უქონელი“ არ იცნობს და მასში არსად არის მოხსენიებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმატიული აქტებით და მათი შინაარსით დაშვებული თავისუფალი გამოყენების უფლებით, ხშირ შემთხვევაში ილახება/შესაძლოა შეილახოს ადამიანის უფლება მისი საქმის სამართლიან განხილვაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლით არის გარანტირებული. აღნიშნული მუხლები იძლევა საშუალებას პროცესის მწარმოებელმა ორგანომ ბრალდებულს დაუნიშნოს ადვოკატი არა იმიტომ, რომ მას ეს სჭირდება და უკეთ იქნეს უზრუნველყოფილი მისი დაცვის ხარისხი, არამედ იმიტომ, რომ აცილებული იქნეს კერძო ადვოკატისაგან მათთვის საქმის ე.წ ,,გართულება“ მტკიცებულებების მოპოვება-წარდგენა და ბრალდებულის აღიარების საწინააღმდეგო სხვა მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში უფრო სამართალდამცავების პოზიციაა. ალბათ გაჩნდება კითხვა: გინდათ თქვათ, რომ სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი არ უზრუნველყოფს სათანადო დაცვას ? ამაზე ძალიან ვრცელი პასუხებიდან შევარჩევთ ყველაზე შესაბამისს, რომ როდესაც პირს შეთანხმებით აჰყავს ადვოკატი, ის ამ შეთანხმებას აფუძნებს ნდობაზე, კონკურენციაზე, არჩევს სხვა ადვოკატებიდან მისთვის სასურველს, ენდობა მას, უყვება საქმის დეტალებს, უკვეთავს მისთვის სასურველი დაცვის სტრატეგიას და ამაში უხდის იმდენ თანხას, რაც ღირს დავალებული სამუშაო. შესაბამისად კერძო ადვოკატი შეზღუდული არ არის არც სამსახურის უფროსის პოზიციით, არც სამსახურის დებულებით ან შინაგანაწესით, არც ვალდებულია სამსახურის ან სახელმწიფოს წინაშე და მისი ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ კლიენტის ინტერესებით. კერძო ადვოკატს სავალდებულოდ არ ეწერება საქმეები და აქვს მეტი დრო ამ კონკრეტული პირის ინტერესების დასაცავად. მეტიც, კერძო ადვოკატს შეუძლია აღარ აიღოს იმაზე მეტი საქმე, რასაც ხარისხიანად ვერ გასწვდება. ყოველ შემთხვევაში ასეთი ლოგიკური მოლოდინი აქვს დამკვეთს და ადვოკატიც ვალდებულია პროფესიული ეთიკის ფარგლებში იმოქმედოს.
რაც შეეხება კერძო ადვოკატის სტატუსს ასეთი კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებში, წარმოიდგინეთ, რომ თითქმის ყველა ისეთ სისხლის სამართლის საქმეზე, რაც შესაძლებელია დასრულდეს საპროცესო შეთანხმებით, სახელმწიფო ნიშნავს ადვოკატს სახელმწიფოს ხარჯზე. ანუ რა სახის სამუშაო რჩება კერძო ადვოკატს ? - რჩება უცილოდ სადავო ან ძალზედ გართულებული სიისხლის სამართლის საქმეები, რაც ერთგვარი კალაპოტია იმისათვის, რომ კერძო ადვოკატი ცალსახად ყოველთვის იმყოფებოდეს დაპირისპირების სამუშაო რეჟიმში, ჯამში კი გამოდის, რომ სახელმწიფო ანაწილებს საქმეეთა კატეგორიებს კერძო ადვოკატებს და იურიდიული დახმარების ადვოკატებს შორის, ასევე ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, მაშინ, როდესაც ადვოკატთა ასოციაცია, მსგავსად სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა, ფორმირებულია ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, თუმცა ასოციაცია სახელმწიფოსგან არ იღებს რაიმე სახის დივიდენდებს. სახელმწიფო, სრულად აფინანსებს რა, საპროცესო შეთანხმების რევიზიის დროს, იურიდიული სამსახურის ადვოკატის საქმიანობას, ამით ფაქტიურად სრულად ერევა სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის საკითხებში. თვით საპროცესო შეთანხმების არსის თანახმად, ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრას ახორციელებს ასევე სახელმწიფო, კერძოდ პროკურატურა, ხოლო სწრაფი მართლმსაჯულების დროს დამატებით ასევე სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურება ფაქტიურად აუფასურებს რევიზიისთვის დადგენილ, ადვოკატის სავალდებულოდ მონაწილეობის სტანდარტს, რაც ქვეყნის სამართლიანი სასამართლოს ანუ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების რეალიზებას ეჭქვეშ აყენებს. ზოგიერთი ადვოკატი გამოთქვამს აზრს, რომ პოლიციის განყოფილებებში ბრალდებულებს უხსნიან, რომ ურჩევნია იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის მონაწილეობას დათანხმდეს და ხელი მოაწეროს საპროცესო შეთანხმებას, ვინაიდან კერძო ადვოკატის მონაწილეობის შემთხვევაში სახელმწიფო მასზე აღარ განახორციელებს შეღავათის გაწევას. ეს მოცემულობა შესაძლებელია არსებობდეს ვინაიდან ამის შესაძლებლობის ლოგიკური მხარე არსებობს. საპროცესო შეთანხმების მოლაპარაკების და გაფორმებისას მაინც სახელმწიფო ადგენს შეღავათიან სასჯელს და სახელმწიფოს დაფინანსებით მონაწილეობს ადვოკატიც. ამიტომ კანონის ასეთ ხარვეზებში დაშვებულია უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. თუ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე მონაწილეობის დაშვება აღარ იქნება აფსოლუტური, ასეთ შემთხვევაში ძალთა ბალანსი გადანაწილდება და აღარ იქნება იმის აღქმა, რომ სახელმწიფო ნიშნავს სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატს დასჯადობის მაღალი მაჩვენებლის შეფარული ინტერესით. არსებული პრაქტიკის თანახმად, საფრთხე ექმნება სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არსებობასაც, ვინაიდან ასოციაცია ძირითადად არეგულირებს ადვოკატის პროფესიას და საკონსტუტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ასახა ადვოკატთა ასოციაციის მნიშვნელობა და როლი. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ხდება წარმომადგენლობის განხორციელება, სადაც შედარებით ნაკლებია ადვოკატის ინსტიტუციონალური როლი და ნაკლებია ადვოკატის პროფესიული დაცვის საშუალებების გამოყენების საჭიროება, განსხვავებით სისხლის სამართლის ადვოკატებისაგან, რომლებიც არაერთგზის აწყდებიან სირთულეებს სამართალდამცავ ორგანოებში და სასამართლოში. თუ კერძო ადვოკატი იქნება ნაკლებფუნქციური, ბუნებრივია ოდესმე დადგება საკითხი ადვოკატთა ასოციაციის დაშლის თაობაზე, ვინაიდან ადვოკატთა ასოციაციის საარსებო შემოსავალი სწორედ წევრთა ფინანსებზე და წევრთა შენატანებზეა დამოკიდებული. კერძო ადვოკატების როლის შემცირებით და კერძო ადვოკატის პასიურ რეჟიმში გადაყვანით პირდაპირპროპორციულად იზრდება უსამართლობის განცდა ვინაიდან ადვოკატის პროფესიული როლის მთავარი არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართლის სამსჯავროზე მყოფმა ადამიანმა მის მიერ შერჩეული, მიუკერძოებელი ადვოკატის მეშვეობით გაანეიტრალოს სახელმწიფოსგან მის მიმართ წარდგენილი ბრალდების და სისხლის სამართლებრივი დევნის ტვირთი, მისი სიმართლის პროპორციულად და ეს მექანიზმი ჯამში ქმნის სამართლიან სასამართლოს რაც სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი მაჩვენებელია, ხოლო შეღავათი წარმოადგენს ზემოღხსენებულით გამოწვეული უარყოფითი მუხტის გასადინარს. შესაბამისად სახელმწიფომ დიდი სიფრთხილით უნდა განახორციელოს ამ საკითხების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების რეგულაცია და საკონსტიტუციო სასამართლომაც ასეთ საკითხებს აუცილებლად დრო უნდა დაუთმოს, უდიდესი პასუხისმგებლობით გამბედავობით უნდა მიუდგეს ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურობის საკითხებს. ფაქტია სახელმწიფო არ არის მდიდარი, რომ ყველა პირის მიმართ უზრუნველყოს უფასოდ ადვოკატის მონაწილეობა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში კერძო ადვოკატის დაფინანსებაც მოხდებოდა და ბრალდებული მხოლოდ შეარჩევდა სასურველ ადვოკატს. მმართველობის ფორმის მიხედვით სახელმწიფო სრულად არ ირებს ვალდებულებას ადამიანის ადვოკატით მომსახურებაზე და შესაბამისად, კონკრეტული მომსახურების სახეების შერჩევა უნდა იყოს კონსტიტუციური და არ უნდა აზიანებდეს ადამიანის უფლებებს, ასევე არ უნდა ხდებოდეს პროფესიულ თვითრეგულაციაში ჩარევა.
პირველი სადავო ნორმატიული აქტი არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სიტყვის: ,,უქონელია“ ის ნორმატიული შინაარსი, რომლიც იძლევა ამავე კოდექსში მოხსენიებული სიტყვის/ტერმინის ,,გადახდისუუნარო“ და ასევე იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე - 2 მუხლის ,,ზ“ პუნქტში მოხსენიებული ტერმინისაგან ,,გადახდისუუნარო პირი“- განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და მნიშვნელობას. როგორც აღინიშნა აღნიშნული ტერმინი მხოლოდ ერთგან გვხვდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და არ გვხვდება იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში. ასევე იძლევა თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას და აზიანებს კონსტიტუციურ გარანტიებს, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ტანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სოციალურ თანასწორობად ვერ მიიჩნევა სიტყვა ,, უქონელის“ არაკანონისმიერი განმარტება თითოეული თანამდებობის პირის მიერ. ერთის მიმართ ე.წ ,,შეთავათის“ გაწევა და მეორის მიმართ უარის თქმა. რეგულაციის გარეშე გაწეული სოციალური დაცვა ვერ იქნება სამართლიანიც.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება იძლევა გარანტიას, რომ საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საქმის სამართლიან განხილვაში მოიაზრება როგორც გამოძიების ეტაპი ისე სასამართლოში საქმის განხილვა, სადაც უმთავრესი სწორედ დაცვის უფლებაა ხოლო დაცვის უფლებაში უმთავრესია ბრალდებულს იცავდეს ის კვალიფიციური ადვოკატი, რომელიც მას რეალურად სურს და ენდობა, ამასთან ადვოკატის მიმართ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სხვა გარანტიებიც, რომ მან პროფესიული საქმიანობა განახორციელოს ყოველყვარი თავისუფლების ფარგლებში, დაშინების იძულების ზეწოლის თუ სხვა ჩარევების გარეშე.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ფართოა. ,,დაცვის უფლება გარანტირებულია“- ამ წინადადებაში მოიაზრება არა დაცვის ფორმალური უზრუნველყოფის საკითხები, არამედ ადვოკატის შერჩევის მოწმევის პროცედურების თავისუფლებაც. ,,ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით“ ამ უფლებაში მოიაზრება ასევე ის უფლება, რომ ადამიანმა სწორად გავლილი კონსულტაციის და ბრალდების თუ დაცვის მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სურს საპროცესო შეთანხმების გაფორმება თუ სურს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის დადგენა მის მიმართ. ამ მოცემულობას, ბრალდებული კარგად ვერ გაიაზრებს, თუ სრულად არ შეფასდა მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები და არ მოხდა გამამართლებელი განაჩენის პერსპექტივის განხილვა. ,,ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“ - აღნიშნულ წინადადებაში მითითებულ ადვოკატის უფლებებში მოიაზრება ისიც, რომ კერძო ადვოკატს არ მოუსპონ კონკურენტუნარიანი გარემო. გარდა ამისა ადვოკატის პროფესიის თვითორგანიზებად ვერ მიიჩნევა თუ სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული რომელი ადვოკატი სად და როგორ იმუშავებს და რომელი ადვოკატი განახორციელებს ამა თუ იმ ბრალდებულის ინტერესების დაცვას. იურიდიული დახმარების სამსახურში ბრალდებული არ ირჩევს ადვოკატს. ადვოკატი ინიშნება სამსახურის მიერ და ადვოკატი მოვალეა განახორციელოს სამსახურებრივი მოვალეობა. გაჩნდება კითხვა: ხომ აქვს უფლება ბრალდებულს უარი თქვას უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და აიყვანოს კერძო ადვოკატი ? რა თქმა უნდა ეს უფლება მას აქვს თუმცა თუ კანონის დონეზე დაშვებულია უფლების ბოროტად გამოყენების საშუალება, აქვე გათვალისწინებული უნდა იქნას სახელმწიფოს უდიდესი ადამიანური რესურსი. სამართალდამცავის თუ ამა თუ იმ მოქალაქის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ კეთილსინდისიერების იმედად მინდობას ყოველთვის სჯობს კანონის დონეზე მაქსიმალურად იყოს გამორიცხული უფლების გადახვევის შესაძლებლობები, ვინაიდან, ჯერ ერთი ასეთი ფაქტები რთულად სამტკიცებელი და გამოსაძიებელია და თანაც დაზიანებული სიკეთის ფაქტის გამოძიებას პრევენციული ღონისძიების გატარება სჯობს. რაც შეეხება თვით ამ პროფესიაში მომიშავე ადამიანთა სურვილებს, იდენტურია ამ საკითხების მოწესრიგების თვალსაზრრისით. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები გადატვირთვის გამო რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან და არ სურთ ჰქონდეთ იმდენი საქმე, რის ხარისხიან წარმოებასაც ვერ მოასწრებენ. რაც შეეხება კერძო ადვოკატებს მათი რიცხვი ძალიან დიდია შესაბამისად რა თქმა უნდა მათი სურვილია განახორციელონ პროფესიული მოვალეობა თუნდაც მცრედი ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო ადვოკატის ჰონორარის ოდენობას სწორედ ჯანსაღი კონკურენცია და ადვოკატის პროფესიონალიზმი განსაზღვრავს. ათწლეულობის მანძილზე არასდროს აღმოიფხვრა სამართალდამცავებისგან ადვოკატის პროტექციის შემთხვევები და რა თქმა ამ საკითხს სამართლებრივი და კონსტიტუციური რეგულაცია სჭირდება. კონსტიტუციაში პირდაპირ ვერ იქნება გაწერილი ამ საკითხის რეგულაცია, თუმცა თუნდაც სიტყვა ,,სამართლიანი“-ს სწორი განმარტებაც საკმარისია იმის გასააზრებლად, რომ პროცესი ვერ იქნება სამართლიანი თუ ბრალდებულს სამარათალდამცავები სთავაზობენ ცუდს და უარესს შორის არჩევანს, ამაში კი პროფესიულ გამოცდილებას იყენებენ და ხშირად ადვილად გამოსდით ბრალდებულის დარწმუნება.
მეორე სადავო ნორმატიული აქტია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46 -ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის სიტყვის: ,,გადახდისუუნარო“ ის ის ნორმატიული შინაარსი, რომლიც იძლევა იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე - 2 მუხლის ,,ზ“ პუნქტში მოხსენიებული ტერმინისაგან ,,გადახდისუუნარო პირი“- განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და მნიშვნელობას. ბუნებრივია ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ არის ამ ტერმინის განმარტება, უნდა განისაზღვროს მიზი კონსტიტუციასთან შესაბამისი ჩარჩოები და არ გაცდეს იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე - 2 მუხლის ,,ზ“ პუნქტში მოხსენიებული ტერმინის ,,გადახდისუუნარო პირი“- განმარტებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ გადახდისუუნარო პირი რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ზღვრულ ქულაზე დაბალი სარეიტინგო ქულით.
მესამე სადავო ნორმატიული აქტია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46 -ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის წინადადების: ,,არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა“ - ის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც დასაშვებია პირის დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე ამავე კოდექსის 45-ე მუხლის ,,ვ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და ამავდროულად საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების პირობების თანახმად დასაცავი პირი სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის ჯარიმას - 2000 (ორი ათასი) ლარზე (მინიმალურზე) მეტი ოდენობით.
როგორც აღინიშნა, პრაქტიკაში არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს ემსახურება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე და მას საპროცესო შეთანხმების თანახმად ეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის და მეტი ოდენობითაც კი. რა თქმა უნდა, ადამიანს , რომელიც საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად იხდის სოლიდურ ჯარიმას, ძალუძს, რომ აიყვანოს ადვოკატი შეთანხმებით და გადაიხადოს შესაბამისი ჰონორარი. მით უფრო იმ პირობებში, თუ არ სურს დავა. შეთანხმებით ადვოკატს მოელაპარაკება მისთვის სასურველი პოზიციით საპროცესო შეთანხმების მცდელობის დამატებით საკითხებზე, როგორიც არის თუნდაც მტკიცებულებათა შეგროვება. ისიც ფაქტია, რომ პროცესის მწარმოებელმა ორგანომ მას ადვოკატი დაუნიშნა არა ეკონომიური გასაჭირის გამო, არამედ იმიტომ, რომ მან უფასოდ მიღებული იურიდიული დახმარების სანაცვლოდ, დაზოგა რა ჰონორარის თანხა, აღარ გააგრძელოს პროცესის წარმოების დრო და დათანხმდეს მისთვის უპირობოდ შეთავაზებულ ვარიანტს, ან/და საქმეშია ისეთი ფაქტორი, რომ დროის შემდეგ შესაძლოა ამოტივტივდეს ამ ადამიანის უდანაშაულობის ფაქტები. ასე თუ ისე პროცესის მწარმოებელ ორგანოს სჭირდება ასეთი მოცემულობა მისთვის სასურველი შედეგის გამო. 2000 ლარამდე ჯარიმის გადახდის შემთხვევაში კიდევ დასაშვებია, რომ ადამიანს დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, ვინაიდან ეს წარმოადგენს ფაქტიურად მინიმალურ ოდენობას და ძნელია იმის მტკიცება, რომ 2000 ლარის ოდენობით ჯარიმასთან ერთად ადამიანს შეუძლია ადვოკატის ჰონორარის გადახდაც. რაც შეეხება მინიმალურ ზღვარზე მეტი ოდენობით ადამიანისთვის ჯარიმის დაკისრებას, აქ ცალსახაა, რომ სამართალდამცავი ორგანო მიაჩნევს ბრალდებულის გადახდისუნარიანობის ფაქტს დადგენილად. მაშინ რატომ ენიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე ? ეს კითხვა პასუხგაუცემელია და ნებისმიერი ასეთი პასუხგაუცემელი სამართლებრივი რეგულაცია კონფლიქტში მოდის სამართლიანობის ფაქტორთან. გაზიარებული უნდა იქნას რომ სხვა შეფარული ინტერესი არსებობს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ამიტომ, ლოგიკურია, რომ თუ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების მოლაპარაკებების პირობების თანახმად ეკისრება ჯარიმა 2000 ლარზე მეტი ოდენობით, ამასთან თუ ის რეგისტრირებული არ არის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ზღვრულ ქულაზე დაბალი სარეიტინგო ქულით და სხვაგვარადაც არ დგინდება მისი გადახდისუუნარობა, მას არ დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ განიხილოთ და დააკმაყოფილოთ სარჩელი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა