• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 7.11.2025
      • N1/9/1735
      • გადაწყვეტილება
    • ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 23.12.2022
      • N1/7/1735
      • საოქმო ჩანაწერი
    • ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 5.10.2022
      • N1735
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2025 წლის 7 ნოემბრის №1/9/1735 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2025 წლის 7 ნოემბრის №1/9/1735 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

დოკუმენტის ტიპი განსხვავებული აზრი
ნომერი do1/9/1735
ავტორ(ებ)ი გიორგი კვერენჩხილაძე
თარიღი 7 ნოემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 17 ნოემბერი 2025 13:24

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2025 წლის 7 ნოემბრის №1/9/1735 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის №1/9/1735 გადაწყვეტილებასთან (შემდგომში, №1/9/1735 გადაწყვეტილება) დაკავშირებით. ხსენებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით, ერთი მხრივ, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად არის გამოცხადებული სასამართლოს უპატივცემულობა, გამოხატული სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, ხოლო, მეორე მხრივ, სასჯელის სახით დადგენილია, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით. ამრიგად, გასაჩივრებული ნორმით, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად არის მიჩნეული სასამართლოს უპატივცემულობა, გამოვლენილი სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილისა და მისგან მომდინარე შესაძლო შედეგის დადგომის საჭიროებაზე მითითების გარეშე. №1735 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე ითხოვდა სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის მიხედვითაც კრიმინალიზებულია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, რომელიც არ განხორციელებულა სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ხელს არ უშლის და საფრთხეს არ უქმნის მართლმსაჯულების სრულყოფილ და ეფექტიან განხორციელებასა და პროცესის მიმდინარეობას.

3. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ სამართალწარმოების მონაწილის პატივისა და ღირსების დაცვის მოტივით, აგრეთვე იმის გათვალისწინების გარეშე, სამართალწარმოების მონაწილის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფით შეექმნა თუ არა საფრთხე სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ან/და სამართალწარმოების შეუფერხებელ მიმდინარეობას. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმაში მოხსენიებული ტერმინები − „შეურაცხყოფა“ და „უპატივცემულობა“ სუბიექტური ცნებებია, რის გამოც, სამართლის ნორმის ადრესატს წინასწარ არ შეუძლა განსაზღვროს, რა ქცევა შეიძლება ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად. სადავო ნორმის განუჭვრეტელობის გამო, შესაძლებელია, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად დაკვალიფიცირდეს, მათ შორის, სამართალწარმოების მონაწილის შეფასება ისეთი სიტყვებით, როგორებიცაა „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „უცოდინარი“, „მონა“ და ა. შ.. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ არ არსებობს მწვავე სოციალური საჭიროება საიმისოდ, რომ სასამართლო სხდომათა დარბაზში ან/და სასამართლოს შენობაში, სასამართლოსადმი უპატივცემულო გამოხატვაზე სახელმწიფოს რეაგირება სისხლის სამართლის ნორმის საფუძველზე განხორციელდეს, რომელიც, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

4. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, თავდაპირველად, მოსარჩელე მხარისთვის პასუხისმგებლობის გადაკისრებით, ექსპლიციტურად, არ შეამოწმა მისი ერთ-ერთი მოთხოვნა – სადავო ნორმით დადგენილი საპატიმრო სასჯელის კონსტიტუციურობის საკითხი (შეად., №1/9/1735 გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მე-9 პარაგრაფი და სამოტივაციო ნაწილის მე-16 პარაგრაფი). საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე იგნორირება მოახდინა მოსარჩელე მხარის იმ არგუმენტების ნაწილისა, რომლებიც სადავო ნორმის განუსაზღვრელ ხასიათს მიემართებოდა, ხოლო ამავე საკითხთან დაკავშირებული პოზიციების ნაწილი კი „სერიოზულად არ განიხილა“, ისე, რომ არ შეუფასებია მისგან მომდინარე „მსუსხავი ეფექტის“ ზეგავლენა გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის პროცესზე (შეად., №1/9/1735 გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მე-7 და მე-8 პარაგრაფები და სამოტივაციო ნაწილის 24-ე პარაგრაფი). გარდა ამისა, ჩემმა კოლეგებმა გაუმართლებლად დაავიწროვეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და, შედეგად, დაასკვნეს, რომ სადავო ნორმას არ გააჩნდა მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი, რამაც, საბოლოოდ, ყოველგვარი შინაარსობრივი მსჯელობის გარეშე, №1735 კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამოიწვია.

5. ვფიქრობ, №1/9/1735 გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს ვერც მოსარჩელე მხარის მოთხოვნის შინაარსისა და ფარგლების სათანადო იდენტიფიცირებას, ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული შესაფასებელი მოცემულობის სწორ განსაზღვრას, ვერც სადავო ნორმის შინაარსის კონსტიტუციურობის სრულფასოვან შეფასებას და, მით უმეტეს, ვერც გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვას.

6. №1/9/1735 გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ მოახდინა თავისუფლების აღკვეთის სასჯელის კონსტიტუციურობის შემოწმება, გამოხატვის თავისუფლებაზე მისგან მომდინარე „მსუსხავი ეფექტის“ ჭრილში, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ, თითქოს, „მოსარჩელე არ საუბრობდა სადავო ნორმით დადგენილი სასჯელების სახეებზე/ზომაზე და არ მიუთითებდა მათი არაპროპორციულობის თაობაზე“, მაშინ, როდესაც თავად ამავე გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მე-9 პუნქტი ეთმობა მოსარჩელე მხარის საკმაოდ ვრცელ მსჯელობას, რომლის ფარგლებშიც, იგი განმარტავს, რომ „ ... სასამართლოსადმი უპატივცემულო (მათ შორის, შეურაცხმყოფელი) ... ქმედებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრების მწვავე სოციალური საჭიროება არ არსებობს. ... ქმედება, მისგან მომდინარე საფრთხეების ინტენსივობისა და პოტენციურად დაზარალებული სამართლებრივი სიკეთეების გათვალისწინებით, არ არის ისეთი ბუნების, რომელიც საჭიროებს პირის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ამგვარ ჩარევას. ... საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები [...] და მათში ინკორპორირებული ბერკეტები, რომლებიც ადმინისტრაციულ ხასიათს ატარებს, უმრავლეს შემთხვევაში, საკმარისია არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ... ზემოაღნიშნული ბერკეტების საფუძველზე, მოსამართლეს შეუძლია მყისიერად განმუხტოს სიტუაცია, განარიდოს წესრიგის დამრღვევი (სანქციის სახით შეუფარდოს, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღემდე ვადით, განმეორებით შემთხვევაში კი − 60 დღემდე ვადით) და ამით უზრუნველყოს ლეგიტიმური მიზნის დაცვა“ (იხ., №1/9/1735 გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მე-9 პარაგრაფი). ამდენად, ნათელია, რომ მოსარჩელე მხარისთვის ერთ-ერთ სამართლებრივ პრობლემას გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობისთვის საპატიმრო სასჯელის დაკისრების შესაძლებლობა წარმოადგენდა. ჩემი მსჯელობის მართებულობას ადასტურებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის №1/7/1735 საოქმო ჩანაწერიც, რომლითაც სადავო ნორმა, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, არსებითად განსახილველად სრულად იქნა მიღებული, როგორც ქმედების შემადგენლობის, აგრეთვე სასჯელების ნაწილში. შემდგომში კი, მოსარჩელეს მოთხოვნის აღნიშნული ნაწილის კონსტიტუციურობის შემოწმებაზე უარი არ უთქვამს, არც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე და არც რაიმე სხვა ფორმით. სწორედ ამიტომ, ჩემს კოლეგებს შესაფასებელ მოცემულობად უნდა მიეღოთ სადავო ნორმით დადგენილი საპატიმრო სასჯელი, შინაარსობრივად გადაეწყვიტათ მისი კონსტიტუციურობის საკითხი, გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობაზე „მსუსხავი ეფექტის“ ჭრილში და, დისპროპორციული ხასიათის გამო, არაკონსტიტუციურად ეცნოთ იგი.

7. გარდა ამისა, ჩემმა კოლეგებმა არ გაითვალისწინეს სადავო ნორმის განუსაზღვრელ ბუნებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის არგუმენტების ნაწილი, ხოლო ამავე საკითხთან დაკავშირებული პოზიციის ნაწილი კი „სერიოზულად“ არ მიიჩნიეს, ისე, რომ თავადვე სათანადოდ არ შეაფასეს გასაჩივრებული პოტენციურად განუჭვრეტელი ნორმისგან მომდინარე „მსუსხავი ეფექტის“ ზეგავლენა გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებაზე. ამ მხრივ, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმის განუჭვრეტელი ხასიათი სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს ანიჭებს შეუზღუდავ დისკრეციას, რომ ფართოდ და თვითნებურად განმარტოს ტერმინი „შეურაცხყოფა“, რაც იწვევს გამოხატვის თავისუფლების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. მოსარჩელე მხარის აღნიშნულ არგუმენტზე პასუხად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ იგი „მას არ განიხილავს სერიოზულ არგუმენტად ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, ვინაიდან განაჩენი გამოაქვს არა პროკურორს, არამედ სასამართლოს, ხოლო პროკურორი, როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანო, ასევე ხელმძღვანელობს სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომებით“ (იხ., №1/9/1735 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 23-ე პარაგრაფი).

8. ვერ გავიზიარებ ჩემი კოლეგების პოზიციას, რომ ბუნდოვანი ნორმის საფუძველზე პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესაძლებლობა გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო, არასერიოზული არგუმენტია ამავე ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტულ საქმეზე განაჩენი არა პროკურორს, არამედ სასამართლოს გამოაქვს. მცდარია იმის მტკიცება, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლების შემზღუდველი ნორმის განუჭვრეტელობა და მისგან მომდინარე „მსუსხავი ეფექტი“ ნეიტრალიზდება იმით, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პირის მსჯავრდების/პირისათვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელი შეფარდების შესახებ იღებს სასამართლო. პრობლემა არა მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების/განაჩენის გამოტანა, არამედ ისიცაა, რომ განუჭვრეტელი ნორმა წარმოშობს სისხლისსამართლებრივი დევნის შიშს, განაპირობებს თვითცენზურას და აფერხებს გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობას. მსჯავრდების ან/და საპატიმრო სასჯელის დაკისრების რისკის პარალელურად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტი ან ბუნდოვნად ფორმულირებული კანონმდებლობის საფუძველზე ამგვარი დევნის განხორციელების რისკი, რამდენადაც თითოეულ ინდივიდში წარმოშობს სტრესს, შფოთვას, ფსიქოლოგიურ და სოციალურ წნეხს, დევნის შიშს, თავისთავად, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის დამოუკიდებელ ფორმას, იმის მიუხედავად, შემდგომში de facto მოხდება თუ არა პირის მსჯავრდება ან მისთვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შეფარდება. აღნიშნული საკითხის შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მოითხოვდა მეტად „სერიოზულ“ დამოკიდებულებას და სადავო ნორმის კონსტიტუციურობის გადამოწმებას სათანადო უფლებრივი სტანდარტების საფუძველზე.

9. №1/9/1735 გადაწყვეტილების მთავარი ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გაუმართლებლად დაავიწროვა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, ისე, რომ მისგან ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა. შედეგად, ამ გარემოებამ განაპირობა ჩემი კოლეგების მხრიდან დასკვნა, რომ სადავო ნორმას არ გააჩნდა მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი, რამაც, საბოლოოდ, №1735 კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამოიწვია.

10. მოსარჩელე მხარე, როგორც აღინიშნა, ითხოვდა სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, რომელიც არ განხორციელებულა სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ხელი არ შეუშლია და საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების სრულყოფილი და ეფექტიანი განხორციელებისა და პროცესის მიმდინარეობისათვის. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული ნორმა იძლევა ტერმინ „შეურაცხყოფის“ ფართოდ განმარტებისა და მასში, სამართალწარმოების მონაწილის გინების მიღმა, ნეგატიური, ისეთი კრიტიკული დამოკიდებულების გამომხატველი ნებისმიერი ფორმისა და შინაარსის გამონათქვამისა თუ ჟესტიკულაციის მოაზრების შესაძლებლობას იძლევა, როგორებიცაა, მაგალითად, „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „მონა“ და სხვ.. ამგვარად, ამ ჭრილში, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, ერთი მხრივ, სადავო ნორმით აკრძალული რიგი ქმედებების სისხლისსამართლებრივი დასჯადობის კონსტიტუციურობა, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ნორმის განჭვრეტადობის საკითხი.

11. ჩემმა კოლეგებმა, წინამდებარე დავის გადაწყვეტის პროცესში, საკუთარი მსჯელობა უშუალოდ მოსარჩელის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით შემოფარგლეს და აღნიშნეს, რომ რამდენადაც, ერთი მხრივ, მოსარჩელის საქმე შეეხებოდა პროკურორის, როგორც სამართალწარმოების მონაწილის, მიმართ გინებასა და შეურაცხმყოფელ ჟესტიკულაციას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც განხორციელდა „ბრალდებულების ... საქმეზე მოსამართლის მიერ ამ უკანასკნელთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების პროცესში“, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდიდა სამართალწარმოების მხარის მიმართ გინების სისხლისსამართლებრივი დასჯადობის კონსტიტუციურობას და, იმავდროულად, სადავო ნორმატიული შინაარსით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების პრაქტიკა არ დასტურდებოდა საერთო სასამართლოს პრაქტიკით, არ არსებობდა საფუძველი იმისა, რომ სადავო ნორმაში მოსარჩელე მხარის მიერ არაკონსტიტუციურად მოაზრებული ნორმატიული შინაარსი ყოფილიყო ამოკითხული (იხ., №1/9/1735 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-14 და მე-18−26-ე პარაგრაფები).

12. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლომ გაუმართლებლად დაიყვანა დავის საგანი მხოლოდ ინდივიდუალური ფაქტის დონემდე. საკონსტიტუციო კონტროლის მიზანი არ არის კონკრეტული პირის საქმის ხელახალი განხილვა, არამედ, სადავო ნორმის შინაარსის კონსტიტუციურობის გადამოწმება. ჩემმა კოლეგებმა არასწორად შეაფასეს, თითქოს, საქმე ეხებოდა მხოლოდ სასამართლოს უპატივცემულობას, გამოვლენილს სამართალწარმოების მონაწილის მიმართ გინების ფორმით და არა უფრო ფართო საკითხს − კერძოდ კი, იმას, რამდენად კონსტიტუციურია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალწარმოების მონაწილის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამისთვის, როდესაც ამგვარი ქცევა არ ქმნის რეალურ საფრთხეს მართლმსაჯულების შეუფერხებელი და ეფექტიანი განხორციელებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლომ, მართალია მოსარჩელე მხარეზე პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობით, თუმცა მაინც საკუთარი ინტერპრეტაციით, გაუმართლებლად შეამცირა სადავო ნორმის მოქმედების რესურსი და მისგან მომდინარე საფრთხეები, რამდენადაც მასში მოხსენიებული ტერმინი „შეურაცხყოფა“ მოიცავს არა მხოლოდ გინებას, არამედ სხვადასხვა უარყოფით ან დამამცირებელ შეფასებებსაც, მათ შორის, სამართალწარმოების მონაწილის მორალური ან/და პროფესიული მახასიათებლების მიმართ.

13. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, სადავო ნორმით აკრძალული ქმედების შინაარსისა და იმის დადგენის მიზნით, ჯდებოდა თუ არა გინება გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში, მოსამართლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა შემდეგი: „დიახ, როცა არანორმატიული ლექსიკით არის გამოხატული“. დასკვნით სიტყვაში კი მოსარჩელე მხარემ აღნიშნა: „ჩვენ რაზეც ვერ ვთანხმდებით ..., ფაქტობრივად, არის ერთადერთი საკითხი, რომ სასამართლო დარბაზში ან სასამართლო შენობაში სხდომის დასრულების შემდეგ გინება პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ უნდა ისჯებოდეს თუ არა სისხლის სამართლის წესით. ... ჩვენ, მოსარჩელე მხარე, ვამბობთ, რომ არ უნდა ისჯებოდეს და არ უნდა დაეკისროს პირს პასუხისმგებლობა, ვინაიდან იმ დაცულ სიკეთეს, რაც არის დაცვის ობიექტი [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის] 366-ე მუხლის, ვერ ექნება პროცესის დასრულების შემდეგ საფრთხე“. ამავე საკითხთან დაკავშირებით, მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა უპასუხა − „დიახ, ჩემი პოზიცია არის ესეთი“ [იგულისხმება მტკიცება, რომ ავტორიტეტი ვერ შეილახება პროცესის დასრულების შემდეგ ჩადენილი გინებით]. დასკვნით სიტყვაშივე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა შემდეგი: „ჩვენ ... ფაქტობრივად დავა არა გვაქვს ამასთან დაკავშირებით და შევჯერდით იმაზე, რომ თუ სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში მყოფი ნებისმიერი პირი, ... გამოხატავს მსგავსი ტერმინებით, მსგავსი გამოხატულებით, ასეთ შემთხვევაში, სადავო არც არაფერი არ არის, რომ ეს ჯდება [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის] 366-ე მუხლში, მაგრამ როდესაც უკვე დამთავრებულია სხდომა და, ამის შემდეგ, იქნება სხდომაზე, დარბაზში მყოფი პირის მიერ გაკეთებული განცხადება, ... საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის, ზოგადად, ოჯახშიც რომ იგინება ადამიანი, არც ის არის მისაღები და მისასალმებელი, თუ სასამართლოს პრესტიჟზე და ავტორიტეტზე არის საუბარი, ... ეს არ არის მისაღები მაგრამ ჩვენ მისაღებზე და არმისაღებზე დღეს ვერ ვიმსჯელებთ, არ არის მსჯელობის საგანი, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით, ეს მიუღებელი ქმედება არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი, თუ მხოლოდ მორალურად გაკიცხვადი, ... ან თუნდაც მაგალითად, სამოქალაქო წესით დავის მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს. ამიტომ, ამ კუთხით უნდა ვიმსჯელოთ და ... გავამახვილოთ ყურადღება და არა იმასთან დაკავშირებით, როგორი ქმედება არის მისაღები და როგორი მიუღებელი“ (იხ., 2023 წლის 30 ივნისის არსებითი სხდომის ოქმი №1735 კონსტიტუციურ სარჩელზე, მე-15, 52-ე, 55-ე გვერდები). ამრიგად, მოსარჩელე მხარეს სამართალწარმოების მონაწილის მიმართ იმგვარი გინებისათვის, რომელიც არ განხორციელებულა სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ხელი არ შეუშლია და საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების სრულყოფილი და ეფექტიანი განხორციელებისა და პროცესის მიმდინარეობისათვის, სისხლისსამართლებრივი დასჯადობის კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნა არასდროს შეუმცირებია. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსარჩელე მხარის მოთხოვნის ეს ნაწილი არ უნდა გამოერიცხა შესაფასებელი მოცემულობიდან და შინაარსობრივად უნდა გადაეწყვიტა აღნიშნული საკითხის კონსტიტუციურობას.

14. ესეც რომ არა, ვერ გავიზიარებ ჩემი კოლეგების არგუმენტაციას, თითქოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლს არ გააჩნა ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომ წარმოეშვა პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკი ისეთი ქმედებისათვის, როგორიცაა სამართალწარმოების მონაწილის შეფასება სიტყვებით: „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „უცოდინარი“, „მონა“ და ა. შ..

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განაჩენით, დასტურდება, რომ მოსარჩელე დამნაშავედ იქნა ცნობილი სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის − სასამართლოს უპატივცემულობის ჩადენაში, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით − კერძოდ, მოსარჩელის საქმეზე განაჩენის გამოცხადებისთანავე, მოსამართლის დარბაზიდან გასვლის შემდეგ მყისიერად პროკურორის მიმართ ღირსების შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვაში (და არა „გამოცხადებისას“, როგორც ეს №1/9/1735 გადაწყვეტილებაში არაერთგანაა მითითებული (იხ., თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენი, საქმეზე №1359-20 საქმეზე, 2.36)). ამგვარ დასკვნამდე მოსამართლე მივიდა, მათ შორის, მოწმეთა, მათ შორის, დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე. საკუთარ ჩვენებაში დაზარალებული მიუთითებდა, რომ მოსარჩელე მხარემ მის მიმართ დაიწყო აგრესიის გამოხატვა ხელების ჟესტიკულაციით, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და უწმაწური სიტყვების თქმა. დაზარალებულის აღნიშნული ჩვენება დასტურდებოდა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით, შეურაცხყოფის ფორმების სხვადასხვა ვარიაციების კომბინაციით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში ისე, რომ, გინების მიღმა, არ დაუკონკრეტებია ის, თუ სპეციფიკურად რომელი შეურაცხმყოფელი გამონათქვამი შეერაცხა მას დანაშაულად. სადავო ნორმით დადგენილი დანაშაულის შემადგენლობის განმარტებისას, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში გამოიხატება. აღნიშნული ტერმინი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, „გულისხმობს პატივისა და ღირსების უარყოფით შეფასებას (დამცირებას), გამოხატულს უწესო ფორმით. შეურაცხყოფა შეიძლება გამოხატული იქნეს ვერბალური ფორმით, რომელიც ამცირებს სასამართლო პროცესის მონაწილეთა პატივსა და ღირსებას (მაგალითად, ვულგარული ჟესტი, შეგინება, უწმაწური სიტყვები და სხვა). იგი შეიძლება მდგომარეობდეს პროცესის მონაწილის მორალური თვისებებისა და მისი პროფესიული კვალიფიკაციის დამამცირებელ შეფასებაში, საქმის დაინტერესების შესახებ უწესო ფორმით გამოხატულ განცხადებაში და სხვა“ (იხ., თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენი, საქმეზე №1359-20 საქმეზე, 2.35). ამრიგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის საქმეზე გამოტანილ განაჩენში გაკეთებული განმარტებით აშკარად იკვეთება, რომ სადავო ნორმაში მოხსენიებული ტერმინი „შეურაცხყოფა“ მოიცავს არა მხოლოდ მის კონკრეტულ გამოვლინებას გინებით, არამედ სხვა დამამცირებელ/დამაკნინებელ შეფასებებსაც, მათ შორის, სამართალწარმოების მხარის მორალური ან პროფესიული თვისებებს მიმართ, რაშიც, თავისუფლად შეიძლება იქნეს ამოკითხული მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული ისეთი ცნებები, როგორებიცაა „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „უცოდინარი“, „მონა“ და ა. შ.. ამდენად, ვერ გავიზიარებ ჩემი კოლეგების მითითებას, რომ „მოსარჩელე, ფაქტობრივად, სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს ... ასაჩივრებს, ... რომელიც თავად აქვს ნაგულვები“, რამდენადაც აღნიშნული მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გაკეთებულ განმარტებასთან.

16. ამრიგად, მივიჩნევ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის კონსტიტუციურობის შემოწმების ნაწილში, უნდა შეეფასებინა გამოხატვის თავისუფლების უფლებით დადგენილი სტანდარტებისა და თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად და, საბოლოოდ, არაკონსტიტუციურად ეცნო სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

17. აღსანიშნავია, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითად მსგავსი სამართლებრივი პრობლემის კონსტიტუციურობა შეაფასა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილებაში (შემდგომში, №1/4/1394 გადაწყვეტილება), რომლის ფარგლებში დადგენილ სტანდარტებსა და შემოთავაზებულ გადაწყვეტას არ დავეთანხმე და, შესაბამისად, გამოვთქვი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი ფართოდ მიმოიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროს, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების, ისევე, როგორც მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელის კონსტიტუციურობის სტანდარტებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით).

18. ხსენებულ განსხვავებულ აზრში, ერთმანეთისაგან ვმიჯნავ და განსხვავებული სტანდარტებით ვაფასებ სადავო ნორმის კონსტიტუციურობას, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების ინტერესთან, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის დაცვისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით.

19. განსხვავებული აზრით, მართალია ვაღიარებ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მისდამი საზოგადოების ნდობის დაცვის ინტერესის მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში, თუმცა მის ნაწილად და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის სისხლისსამართლებრივი დასჯადობის გამართლების საფუძვლად არ განვიხილავ მოსამართლეების ინდივიდუალური გრძნობების დაცვას. სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნება შეუძლებლად მესახება კრიტიკისათვის, თუნდაც შეურაცხმყოფელი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების გზით. მართალია დავუშვი შესაძლებლობა იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლებისადმი/მოსამართლისადმი შეურაცხმყოფელ გამოხატვას ჰქონდეს უნარი, გარკვეულწილად, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციაზე/ავტორიტეტზე, თუმცა, მივიჩნიე, რომ მსგავსი ზიანი ვერ იქნება არსებითი, რათა გაამართლოს გამოხატვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მომდინარე ნეგატიური ეფექტები. მეორე მხრივ, მივუთითებ, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმი სახელმწიფოს, ფაქტობრივად, განუსაზღვრელ და უკონტროლო ძალაუფლებას ანიჭებს, რამდენადაც შეურაცხყოფის კონცეფცია წარმოადგენს აბსტრაქტულ ცნებას, ტოვებს სუბიექტივიზმისათვის გადაჭარბებულ სივრცეს და, ამასთანავე, არც არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც ობიექტურ, ცხად კრიტერიუმებზე დაყრდნობით, გამოხატვის შეურაცხყოფად კლასიფიცირებას შესაძლებელს გახდიდა. სულ მცირე, ზედაპირულად მივიჩნიე ვარაუდი, რომ შესაძლებელია ცალკეული შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიების აკრძალვა ამ პროცესში შესაბამისი იდეების/მოსაზრებების შინაარსის შეზღუდვისათვის არსებითი რისკის შექმნის გარეშე. საბოლოოდ, მივედი დასკვნამდე, რომ მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისა და საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების ლეგიტიმური ინტერესი ვერ გადაწონიდა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას.

20. მეორე მხრივ, მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ სადავო ნორმით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების ერთადერთი სტანდარტი და კრიტერიუმი უნდა იყოს ის, თუ რამდენად უქმნის რეალურ და მყისიერ საფრთხეს გამოხატული შეურაცხმყოფელი მოსაზრება თავად საქმეზე მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელებას, რაც გულისხმობს სასამართლოს/მოსამართლის შესაძლებლობას, სათანადოდ განახორციელოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, შეუფერხებლად გაუძღვეს და წარმართოს პროცესი მთელი მისი მიმდინარეობისას, დაწყების მომენტიდან დასრულებამდე. იმავდროულად, დავაზუსტე, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს უნდა ქმნიდეს მხოლოდ იმგვარი შეურაცხყოფა, რომელიც წარმოშობს სასამართლოს/მოსამართლის შეუფერხებელი საქმიანობის ხელყოფის რეალურ, ნამდვილ და მყისიერ საფრთხეს, ცალკე აღებული კი, გამოხატული აზრის სიმძაფრე და ფორმულირება არ უნდა იყოს განხილული როგორც თვითკმარი საფუძველი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის.

21. ბუნებრივია, კვლავ ვიზიარებ №1/4/1394 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ჩემს განსხვავებულ აზრში დაფიქსირებულ პოზიციებს და კვლავ მივიჩნევ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებმა, №1735 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნასა და შესაფასებელ მოცემულობასთან მიმართებით მსჯელობა სიღრმისეულად არ წარმართეს, არაარგუმენტირებულად გამორიცხეს სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებიდან მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული, პოტენციური არაკონსტიტუციური შინაარსი, რამაც შეუძლებელი გახადა საკითხის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყვეტა.

22. №1735 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა სასამართლო სისტემის ავტორიტეტის, მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვის ლეგიტიმური ინტერესები. ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულისაგან დაცვის დამატებითი ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე პირთა პატივი და ღირსება. აღნიშნული მიზნების კონტექსტში, კვლავაც მივიჩნევ, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების ინტერესის დაცვის მიზანი და, მით უმეტეს, სამართალწარმოების მონაწილის, მათ შორის, პროკურორის, პატივისა და ღირსების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის მოსარჩელე მხარისა და მის მსგავს/იდენტურ მდგომარეობაში მყოფი პირების გამოხატვის თავისუფლების უფლებას. იმავდროულად, სადავო ნორმა, რამდენადაც ადგენს სამართალწარმოების მონაწილის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გავრცელების აბსოლუტურ აკრძალვას სასამართლოს საქმიანობაზე, სასამართლოში საქმის მიმდინარეობის პროცესზე ზეგავლენის, ეფექტის, საფრთხის რეალურობისა და იმწუთიერების შეფასების გარეშე და უშვებს სასამართლოს უპატივცემულობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, მათ შორის, მაშინ, როდესაც გამონათქვამები სასამართლოს საქმიანობას მხოლოდ უმნიშვნელოდ, არაარსებითად ან საერთოდ არ აფერხებს, იმაზე მეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლების უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმური მიზნის დასაცავად.

23. რაც შეეხება სამართალწარმოების მონაწილის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელს, №1/4/1394 გადაწყვეტილების შესახებ გამოთქმულ ჩემს განსხვავებულ აზრში ჩამოყალიბებული პოზიციის მსგავსად, კვლავაც მივიჩნევ, რომ მსგავსი სასჯელის, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინტენსიური და უმკაცრესი ფორმის, რომელიც იწვევს პირის სრულ იზოლაციას საზოგადოებისაგან და ზეგავლენას ახდენს მის მიერ მთელი სპექტრი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობაზე, გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებით იშვიათ, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იქნეს თავსებადად მიჩნეული გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან, მხოლოდ მაშინ, როდესაც შეურაცხმყოფელი ქცევა რეალურად და არსებითად უშლის ხელს მართლმსაჯულების განხორციელებას. ხოლო მაშინ, როდესაც ქმედება (მათ შორის, სამართალწარმოების მონაწილის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამი) არ ქმნის ასეთ საფრთხეს, საპატიმრო სასჯელის გამოყენება არის აშკარად არათანაზომიერი და უხეშად დისპროპორციული. ამდენად, მოცემულ შემთხვევაშიც მიმაჩნია, რომ სამართალწარმოების მონაწილის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისაგან მომდინარე პოტენციურ ზიანთან მიმართებით, არაპროპორციულად მიმაჩნია ინდივიდების წინააღმდეგ თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გათვალისწინება. გარდა ამისა, მსგავსი სასჯელის გამოყენება უხეშად დისპროპორციულია სასამართლოს იმგვარი უპატივცემულობისთვის, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, თუ ამ ქმედებას ხელი არ შეუშლია მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფის.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიჩნევ, რომ: (ა) უნდა შეფასებულიყო სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის ზოგადაბსტრაქტული ბუნების გამო, რამდენად გააჩნდა სადავო ნორმას „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის პროცესზე; (ბ) უნდა შემოწმებულიყო და არაკონსტიტუციურად გამოცხადებულიყო სადავო ნორმით აკრძალული ქმედებისათვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენება გამოხატვის თავისუფლებაზე „მსუსხავი ეფექტის“ ჭრილში; (გ) არაკონსტიტუციურად ცნობილიყო სადავო ნორმა იმ ნაწილში, რომელიც უშვებს სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების ინტერესის, მით უმეტეს, სამართალწარმოების მონაწილის პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით; (დ) არაკონსტიტუციურად უნდა ცნობილიყო სადავო ნორმა იმ ნაწილში, რომელიც უშვებს სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას მაშინ, როდესაც შეურაცხმყოფელი გამონათქვამები სასამართლოს საქმიანობას მხოლოდ უმნიშვნელოდ, არაარსებითად ან საერთოდ არ აფერხებს.

25. დამატებით, მსურს ყურადღება გავამახვილო საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (Zurabiani v. Georgia (dec.), no. 22266/22, 25/02/2025) ციტირების ფაქტზე. მიმაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტები არ არის რელევანტური №1735 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხთან მიმართებით. პირველ რიგში, ჩემი კოლეგების მიერ ციტირებული საქმე შეეხებოდა ადვოკატის გამოხატვასა და მისი პროფესიული ეთიკის სტანდარტებს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოსამართლის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას სასამართლო სხდომის მიმდინარეობის პროცესში. მეორეც − რაც ყველაზე მთავარია, სასამართლოსადმი გამოვლენილი უპატივცემულობის გამო, მომჩივანისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფარგლებში, სანქციის სახეს წარმოადგენდა ჯარიმა, ხოლო მოცულობა შეადგენდა 300 ლარს. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ გაუმართლებია გამოხატვის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და, მით უმეტეს, თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენება. იმავდროულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში, მართლაც უკიდურესი გამონაკლისის გარდა, არ მოიძებნება საქმე, რომელშიც ევროპულ კონვენციასთან თავსებადად იქნა მიჩნეული გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო პირის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ