• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

იბრაგიმ არუთინიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1925
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში,
ავტორ(ებ)ი იბრაგიმ არუთინიანი
თარიღი 11 დეკემბერი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს კანონი „პენიტენციური კოდექსი“

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს კანონის „პენიტენციური კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება.
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული არ სარგებლობს: ა) შრომითი უზრუნველყოფის უფლებით. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები:

ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი პირის მიერ.

მოსარჩელე იბრაგიმ არუთინიანი (მსჯავრდებული) პატიმრობაში ვიმყოფები 2005 წლიდან და ვარ უვადო მსჯავრდებული. მუდმივად ვიმყოფები განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებუ­ლებაში და ყველა მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებ ჩემი რისკის დონის დაწევას (მუდმივად მაკუთვნებენ რისკის „მაღალ დონეს“), მიუხედავად იმისა, რომ მე ამას ვიმსახურებ ჩემი ქცევით, სწავლით, ხელნაკეთი ნივთების დამზადებით, წინსვლის სურვილით... ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან ზემოხსენებული გარემოებების მიუხედავად მე, როგორც უვადო პატიმარმა, წლების მანძილზე ვერ მივაღწიე „მაღალი რისკის“ დონის შეცვლას, პატიმრობაში ყოფნის მთელ პერიოდში მუდმივად განვიცდიდი და მომავლშიც განვიცდი შრომის უფლების წართმევის შედეგად დისკრიმინაციას, რადგან ვიმყოფები განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. პენიტენციური კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი პირდაპირ მიუთითებს, რომ „განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული არ სარგებლობს შრომითი უზრუნველყოფის უფლებით“. შრომის უფლების თხოვნით ხელმძღვანელობისადმი არაერთი მიმართვის პასუხად მუდმივად ვიღებ უარს აღნიშნულ მუხლზე აპელირებით. ეს ყველაფერი კი ხელს მიშლის რესოციალიზაციაში, ელემენტალურად, მიზღუდავს მინიმალური საარსებო თანხის გამომუშავების შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია, რომ არ მყავს არც ერთი ოჯახის წევრი და არც ვინმე ახლო ნათესავი, რომელიც იზრუნებდა ჩემი ელემენტალური საჭიროებისთვის (მოხუცი დედა, რომელიც საკუთარი პენსიიდან მირიცხავდა საარსებო თანხას, გარდამეცვალა თითქმის 2 წლის წინ).

გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით არის სასამართლოს განსჯადი.

დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს ნამსჯელი არა აქვს.

ე) სადავო აქტები ექცევიან კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, მე-12 მუხლი, 26-ე მუხლის პირველი პუნქტი, 32-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში, რის შესახებაც მსჯელობა წარმოდგენილია მოთხოვნის დასაბუთების ქვეთავში.

ვ) ნორმატიული აქტების იერარქიაში არ არსებობს გასაჩივრებულ აქტზე მაღლა მდგომი, სადავო საკითხის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი.

ზ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით დაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

მოსარჩელე სადავოდ ხდის პენიტენციური კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსს, რომლის მიხედვით, „განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული არ სარგებლობს: ა) შრომითი უზრუნველყოფის უფლებით“

დავის მიზეზების გასაგებად საჭიროა პენიტენციური სისტემის სპეციფიკისა და თავისებურებების ცოდნა.

1. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებობს რისკის სხვადასხვა დონეები და მსჯავრდე­ბულის რისკის დონის გადახედვა ხდება წელიწადში ერთხელ. თუმცა, არსებობენ პატიმრები, რომლებიც სანიმუშო ქცევის (სხვადასხვა კურსებში და რესოციალიზაციის პროგრამებში მონაწილეობის თუ სწავლის) მიუხედავად, ვერ იღებენ წახალისებას და კვლავ და კვლავ აკუთვნებენ მაღალი რისკის დონეს, რის გამოც მუდმივად იმყოფებიან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამის საპირისპიროდ ვხვდებით ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც მსჯავრდებულები დაუმსახურებლად იღებენ წახალისებას და გადადიან ნაკლები რისკის დაწესებულებებში.

2. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მაღალი რისკის მსჯავრდებულებს შორისაც არსებობს განსხვავებული მიდგომები (რასაც არ ითვალისწინებს „პენიტენციური კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). მაგალითად, მოსარჩელეს აქვს ხელმისაწვდომობა მაკრატელთან, ნემსთან, „კუსაჩკასთან“, ასევე ის ჩართულია ხეზე კვეთის პროგრამაში (იხ. დანართი #19), რა დროსაც ის კიდევ ერთ სხვა მსჯავრდებულთან ერთად სარგებლობს წებოთი, მაკრატლით და სხვა ბასრი საგნებით ხეზე კვეთისთვის (პედაგოგის მეთვალყურეობით). 2013 წლიდან მოსარჩელე ამზადებს ხელნაკეთ ნივთებს და უკვე გაკეთებული აქვს 1200-ზე მეტი ფიგურა, რომელთა დათვალიერებაც შესაძლე­ბელია ინტერნეტ მისამართზე „Arutiniani Xelnaketi Nivtebi“ (ვიდეო „უვადოების ხელოვნება“). მას მიღებული აქვს 6 მოწმობა დიზაინის კუთხით (იხ. დანართები 2-7), 2017 წელს ციხეში მიღებული აქვს მიკრო ბიზნესის სერტიფიკატი (იხ. დანართი 8), მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პროგრამებში (იხ. დანართი 9, საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2024 წლის 1 მაისი ოქმის ამონაწერი), მისი ნაკეთობები გატანილი იყო სხვადასხვა გამოფენებზე (იხ, დანართები 10-13), მათ შორის „რე-მარკეტში“, საქვემოქმედო მიზნით ნაკეთობებს არიგებს საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ხანდაზმულთა სახლებში. ასეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს ისედაც აქვს ფაქტობრივად ხელმისაწვდომობა სამუშაო იარაღებზე და არავითარი გადაცდომა ამის გამო არ ჰქონია, სრულიად არალოგიკურია, რომ მას არ აძლევენ ოფიციალურად მუშაობის შესაძლებლობას (შეკვეთების და შემოსავლის მიღებით), რადგან ამას ხელს უშლის გასაჩივრებული მუხლი.

3. საქართველოში ითვლება, რომ მსჯავრდებული ციხეში არის სახელმწიფო უზრუნველყოფაზე (ძირითადად რეალურად ასეც არის). მაგალითად, თუ მსჯავრდებული სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, ის არ ითვლება ასეთად, რადგან ის სახელმწიფო უზრუნველყოფაზეა. თუმცა, ოჯახის და ახლობლების გარეშე შეუძლებელია ამას დავარქვათ სრული უზრუნველყოფა. მაგალითად, მსჯავრდებული ციხიდან ტელეფონზე რეკავს საკუთარი ხარჯით (5 წუთი ღირს 1 ლარი), წერილებისთვის კონვერტს ყიდულობს სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თუმცა საკუთარი სახსრებიდან იხდის 3,5 ლარს (იხ. დანართი 14), საჯარო რესტრიდან ამონაწერი პტიმარს უჯდება 20 ლარი (იხ. დანართი 15), მინდობილობა - 18 ლარი (იხ. დანართი 16), საჯარო რეესტრში მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა - 150 ლარი (იხ. დანართი 17), აღსრულების ბიუროში ფაქტის კონსტატაცია - 200 ლარი (იხ. დანართი 18) და ა. შ. გარდა ამისა, ნებისმიერი გასაჩივრებული დოკუმენტისთვის პატიმარი ასევე ბაჟის სახით იხდის გადასახადს საკუთარი თანხებიდან. უქონელი მსჯავრდებულები იძულებულები არიან აუცილებელი საჭიროებებისთვის 10, 20 ან მეტი ლარის ჩარიცხვა სთხოვონ ხოლმე უბრალო ნაცნობებს, იმ დროს, როდესაც მათ შეუძლიათ შეიძინონ პროფესიები და საკუთარი შრომით მოიპოვონ მინიმალური საარსებო სახსრები, თუმცა, ამას ხელს უშლის გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმა.

4. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ამბობს: „შრო­მის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. სადავო ნორმა არ შეესაბამება კონსტიტუციას ფორმალური თვალსაზრისით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, შრომითი უფლებების შეზღუდვა უნდა ხდებოდეს ორგანული კანონით, რასაც არ წარმოადგენს პენიტენციური კოდექსი. ის ჩვეულებრივი კანონია და არა ორგანული. ამის გამო სადავო ნორმა არ შეესაბამება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სადავო ნორმა აბსოლუტურად არ შეესაბამება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას - „შრო­მის თავისუფლება უზრუნველყოფილია“.

5. მიზანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა: „ღირებული, ლეგი­ტიმური მიზნის გარეშე ადამიანის განვითარების უფლების შეზღუდვა საფრთხის ქვეშ დააყენებს ადამიანის ინდივიდუალობას, რაც მისთვის სასიცოცლხო მნიშვნელობისაა“. სრულიად გაუგებარია, რა არის ამ შემთხვევაში მაღალი რისკის მსჯავრდებულებისთვის შრომის უფლების აკრძალვის ლეგიტიმური მიზანი, როდესაც ისინი ჩართულები არიან სხვადასხვა პროგრამებში, უნდათ შრომა, მაგრამ გასაჩივრებული ნორმა არ აძლევს ამის საშუალებას.

6. საქართველო მიერთებულია ბევრ საერთაშორისო პაქტებთან და სხვა დოკუმენტებთან, რომლებიც კანონთა იერარქიის გათვალისწინებით, გაცილებით მაღლა დგანან პენიტენციურ კოდექსთან შედარებით:

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე და 23-ე მუხლებში ვკითხულობთ:

მუხლი 22.
ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნების თავისუფალი განვითარებისათვის.
მუხლი 23.
1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
4. ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.

მუხლი 29.
2. თავისი უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.
3. ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არვითარ შემთხვეავში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

საერთაშორისო პაქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულურული უფლებების შესახებ“

მუხლი 6

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად.

2. ზემოაღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ:

მუხლი 10

1. პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა მიმართ განხორციელებული მოპყრობის მიზანია მათი გამოსწორება და სოციალური რეაბილიტაცია. არასრულწლოვანი სამართალდამრღვევები განცალკევებული უნდა იყვნენ სრულწლოვანებისაგან და უნდა იმყოფებოდნენ პირობებში, რომლებიც შეესაბამება მათ ასაკს და სამართლებრივ სტატუსს.

ეს მუხლები მოტანილია იმის საჩვენებლად, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ იმ საერთაშორისო უფლებადაცვით დოკუმენტებსაც რომლებსაც საქართველოა შეერთებული, ხოლო პენიტენციური კოდექსი ორგანულ კანონსაც კი არ წარმოადგენს.

სადავო ნორმატიული აქტი ასევე ეწინააღმდეგება პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტებს (იხ. დანართი 24)

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსარჩელეს თავისი 20-წლიანი პატიმრობიდან ბოლო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეძლევა შესაძლებლობა, რომ დაამზადოს გარკვეული ნაკეთობები, რომლებიც განთავსებულია „რე-მარკეტში“, ინტერნეტშიც შეიძლება მათი ნახვა, საქველმოქმედო მიზნითაც არიგებს სხვადასხვა დაწესებულებებში, მაგრამ ეს ვერ შეცვლის შრომის უფლებას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ რომელიც ვერ რეალიზდება პენიტენ­ციური კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის გამო. ვინაიდან ეს უკანასკნელი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ ნაწილს, ამიტომ მიმაჩნია, რომ პენიტენციური კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ