• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"; შპს "ილიონი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 19.09.2025
      • N1895
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის №3/13/1895 განჩინება საქმეზე „„შპს ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ და „შპს ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

„შპს ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ და „შპს ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/13/1895
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 11 დეკემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 19 დეკემბერი 2025 17:58

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: „შპს ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ და „შპს ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1895) მომართეს „შპს ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ და „შპს ილიონმა“. №1895 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2025 წლის 22 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 11 დეკემბერს.

2. №1895 კონსტიტუციურ სარჩელში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში, არანაკლებ 90 წამისა. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უფასო საეთერო დრო ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, თანაბრად ეძლევათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 3 პროცენტი მაინც მიიღეს. უფასო საეთერო დრო არ ეძლევა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტის ან 39​1 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტის საფუძველზე, არჩევნების დანიშვნის მომენტში, არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია“. ამავე კონსტიტუციური დებულების მე-3 პუნქტის პირველი წინადადება აწესებს, რომ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“.

5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, მაუწყებელი ვალდებულია, რეკლამის სახით, ეთერში გაუშვას უფასო სოციალური კლიპი და გააშუქოს უფასო პოლიტიკური რეკლამა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, მოსარჩელეთა არგუმენტაციით, რეკლამა და კლიპი არის პროდუქტი, რომლის გაშუქებაშიც კონკრეტული პარტია უნდა იხდიდეს თანხას. აღნიშნულის საპირისპიროდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დადგენილია მაუწყებლის ვალდებულება, სამაუწყებლო ბადეში უფასოდ განათავსოს სოციალური კლიპი და პოლიტიკური რეკლამა, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას.

6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტი ასევე ეწინააღმდეგება აზრის გამოხატვის თავისუფლებას. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, კონკრეტული პარტიისა და მაუწყებლის მოსაზრებები არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, მაუწყებელს მაინც ეკისრება ვალდებულება, პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილი სოციალური რეკლამა უსასყიდლოდ გააშუქოს. გარდა ამისა, მოსარჩელეები უთითებენ, რომ სადავო წესის საფუძველზე, იზღუდება მათი, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალების თავისუფლებაც, ვინაიდან მაუწყებელი მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებით აირჩიოს სარეკლამო პროდუქცია, რომელსაც განათავსებს სამაუწყებლო ბადეში.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები ითხოვენ, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებობის სტანდარტები, რითაც იხელმძღვანელებს სასამართლო

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამდენად, მოსარჩელის უფლებების სრულყოფილად რეალიზაციისათვის, ისევე, როგორც კონსტიტუციური წესრიგის დაცვისათვის, აუცილებელია, ერთი მხრივ, იმ მტკიცებულებების მოყვანა, რომლებიც წარმოაჩენს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო ნორმის შინაარსისა და მისგან მომდინარე შეზღუდვის ზუსტად წარმოჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის არსებითად განსახილველად მისაღებობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით

2. მოსარჩელეები, მათ შორის, სადავოდ ხდიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. გასაჩივრებული რეგულაცია ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში, არანაკლებ 90 წამისა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა განმარტებით, ერთი მხრივ, ისინი ვალდებულნი არიან, სოციალური რეკლამის სახით გაავრცელონ კონკრეტული მოსაზრებები, ხოლო, მეორე მხრივ, ერთმევათ შესაძლებლობა, საკუთარი მიხედულობით აირჩიონ და განსაზღვრონ სარეკლამო პროდუქცია, რასაც სამაუწყებლო საქმიანობის ფარგლებში გააშუქებენ. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, გაუმართლებლად იზღუდება აზრის გამოხატვის და მათი, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალების თავისუფლება. მოსარჩელეები სადავო დანაწესის საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით, არაკონსტიტუციურობაზე აპელირებენ, მარტოოდენ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გასაჩივრებული რეგულაცია ზღუდავს კონსტიტუციით გათვალისწინებულ მათ უფლებებს.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

4. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება კონსტიტუციურ სარჩელში იმგვარი არგუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც გარკვეული ხარისხით, იდენტიფიცირებადს გახდის სადავო ნორმის/ნორმების კონსტიტუციურობის პრობლემას. აღნიშნულის საპირისპიროდ, კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს, აბსტრაქტული მითითების გარდა, არ წარმოუდგენიათ არგუმენტაცია სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად, რაც სასამართლოს დაანახვებდა უფლებრივი შეზღუდვის მიღმა, რატომ არ აკმაყოფილებს გასაჩივრებული წესი ასეთი შეზღუდვის გამართლებისთვის წაყენებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს. ამ პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ, როდესაც საქმე არ შეეხება აბსოლუტურ უფლებებს, მხოლოდ უფლებაში, სახელმწიფოს მხრიდან, ჩარევის ჩვენება საკმარისი არ არის. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს დასაბუთება ჩარევის გაუმართლებლობის თაობაზე.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1895 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს, მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის არსებითად განსახილველად მისაღებობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

6. მოსარჩელე მხარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას ასევე სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული რეგულაცია ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში, არანაკლებ 90 წამისა. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სოციალური რეკლამის განთავსება სამაუწყებლო ბადეში უნდა იყოს ფასიანი, შესაბამისად, მაუწყებლები, ამ მომსახურების სანაცვლოდ, დამკვეთისგან უნდა იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო მოწესრიგება მათ უდგენს ვალდებულებას, კონკრეტული დროით, უსასყიდლოდ გააშუქონ სოციალური რეკლამა, რაც გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას. ამასთან, მოსარჩელეები არ აზუსტებენ, თუ რაში გამოიხატება მათი საკუთრების უფლების შეზღუდვა, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება იმ გარემოებას, რომ სარგებელი, რომლის მიღების გონივრული მოლოდინიც, მაუწყებელს საკუთარი ქონების კომერციული მიზნით გამოყენებისთვის გააჩნია, იკარგება სადავო ნორმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების გამო.

7. ზემოხსენებულ კონტექსტში, მოსარჩელეებმა ასევე მიუთითეს თავიანთი მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სადავო მოწესრიგების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, თუმცა უფლებრივი შეზღუდვის იდენტიფიცირების მიღმა, არ წარმოუდგენიათ არც ერთი რელევანტური არგუმენტი/მოსაზრება, რომელიც სასამართლოსთვის თვალსაჩინოს გახდიდა, ასეთი შეზღუდვის აშკარა წინააღმდეგობას საკუთრების უფლებასთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორებმა აბსტრაქტულად მიუთითეს მხოლოდ იმაზე, რომ მაუწყებლის მიერ კონკრეტული სოციალური რეკლამის განთავსება სამაუწყებლო ბადეში და მისი გაშუქება უნდა იყოს სასყიდლიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუმართლებლად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ასეთი ზოგადი მითითება ვერ გამოდგება საკმარის მოცემულობად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის, რამდენადაც ახსნილი არ არის კანონით დაკისრებული ვალდებულების არაკონსტიტუციური ბუნება. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის მოთხოვნებს.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1895 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის არსებითად განსახილველად მისაღებობის საკითხი, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

9. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მათი პოზიციით, სადავო დანაწესი ითვალისწინებს მაუწყებელთა ვალდებულებას, უფასოდ განათავსონ პოლიტიკურ პარტიათა მიერ წარმოდგენილი რეკლამა სამაუწყებლო ბადეში, რაც გაუმართლებლად ზღუდავს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებულ პრობლემას, რაც გულისხმობს მაუწყებლების დავალდებულებას, რომ უსასყიდლოდ გაუშვან ტელეეთერში პოლიტიკური რეკლამა, მოსარჩელეები უკავშირებენ, სწორედ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ზემოხსენებულ ნორმას.

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თითოეული წინადადების ტექსტუალური ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის რეალურ ნორმატიულ შინაარსს. გასაჩივრებული რეგულაცია არ არის განმარტებადი და გამოყენებადი იმ შინაარსით, რაზეც მოსარჩელე მხარე მიუთითებს. კერძოდ, იგი არ არეგულირებს უფასო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, არამედ მისი შინაარსობრივი დიაპაზონი ამოიწურება, ერთი მხრივ, მაუწყებლებისთვის ვალდებულების დაწესებით, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს (რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში ხმების 3 პროცენტი მაინც მიიღეს) დაუთმონ უფასო საეთერო დრო, ხოლო, მეორე მხრივ, იმ პოლიტიკური პარტიების იდენტიფიცირებით, რომლებიც ვერ ისარგებლებენ უფასო საეთერო დროით. სადავო დანაწესი ადგენს უფასო საეთერო დროით სარგებლობის წინაპირობებს. რაც შეეხება კონსტიტუციური სარჩელით პრობლემურად მიჩნეულ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულებას, შესაბამისი ვალდებულება მაუწყებლებისთვის დადგენილია არა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით, არამედ ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით. ამრიგად, სადავო ნორმის ტექსტუალური ანალიზი არ იძლევა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გასაჩივრებულ რეგულაციაში ამოკითხვის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება უკავშირდება სადავო ნორმის შინაარსისა და მისგან მომდინარე შეზღუდვის არასწორ აღქმას.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1895 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილშიც, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1895 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ და „შპს ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ