საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციური სარჩელი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N1/10/1912 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 29 აპრილი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 1 მაისი 2026 12:15 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.
დავის საგანი: პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1912) მომართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა (სულ 88 წევრი). №1912 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 3 ნოემბერს. №1912 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 29 აპრილს.
2. №1912 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება, იმავე მუხლის მე-4 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 35-ე მუხლის პირველი პუნქტი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლი, 36-ე მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 222-ე მუხლი.
3. №1912 კონსტიტუციური სარჩელის ხელმომწერი პირები არიან საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის 88 წევრი, რომელთა რაოდენობაც შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის უფლების განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ხელმომწერთა რაოდენობას - პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს. აღნიშნული სარჩელით სადავოდ არის გამხდარი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხი. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმავდროულად, [საქართველოს] კონსტიტუცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვის უფლებამოსილებას, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე ახორციელებს.
4. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. მოსარჩელის განმარტებით, ამ ქმედებებით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს.
5. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები: ისინი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში, წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და დღესაც ასე მოქმედებენ; აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.
6. №1912 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები პოლიტიკური პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე არგუმენტაციას ავითარებენ რამდენიმე მიმართულებით: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, რაც გამოიხატა სადავო პოლიტიკური პარტიების ან მათი წევრების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ასევე საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმითა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებით; საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც გამოიხატა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებით.
7. მოსარჩელე მხარე პოლიტიკური პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის საკითხის დასასაბუთებლად, კონსტიტუციით განსაზღვრულ თითოეულ, ზემოხსენებულ საფუძველთან მიმართებით დეტალურ, კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაფუძნებულ არგუმენტაციას წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სისტემა, იმავე პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის უფლებების სხვაგვარად ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო. ყოველივე ეს დასტურდება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში (შემდგომ − დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა) ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფის პრაქტიკის არსებობა, რომელიც 2004-2012 წლებში განხორციელდა, დაადგინა და დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც, რაც მის სხვადასხვა გადაწყვეტილებაშია ასახული. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა გადმოცემით, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემა, იმავე პერიოდში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო.
8. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კი, მოსარჩელე განმარტავს, რომ „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა რიგი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც, ხოლო 2012 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული გარემოება დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული კატეგორიების მიხედვით.
9. მოსარჩელე მხარის მითითებით, ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია − დროა“ და „გირჩი − მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქციური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.
10. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სამივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, საქართველოს პარლამენტის 2016 (2018, 2020, 2021) წლის (საპარლამენტო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების) არჩევნებზე ეუთოს/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებზე, გარკვეულ პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებებსა თუ სხვა ოფიციალურ დოკუმენტებსა და აქტებზე.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბერს შუამდგომლობით მომართეს მოპასუხე მხარის, მ.პ.გ. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა - მიხეილ შარაშიძემ და კახი სამხარაძემ, №1912 კონსტიტუციურ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარებისა და დაუსაბუთებლობის გამო არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ. შუამდგომლობის ავტორები მიუთითებენ, რომ კონსტიტუციური სარჩელი თავისი არსით გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და გამოკვლევას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში განმწესრიგებელ სხდომაზე უნდა იქნეს განხილული, ასევე სარჩელში მითითება ხდება დოკუმენტზე, რომელიც აღნიშნულ საქმეში ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად და, იმავდროულად, ამ უკანასკნელის კონსტიტუციურობა სადავოდ არის გამხდარი მ.პ.გ. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1915). შუამდგომლობის ავტორთა განმარტებით, სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტის საფუძველზე არ შეიძლება მოხდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვა, ვინაიდან საკუთრივ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნილია ერთი პარტიის მიერ, რაც განაპირობებს მის არაკონსტიტუციურობას, თუმცა, იმავდროულად, მისი კონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც, მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა პოზიციით, ამ კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად უშუალოდ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვის პროცესში. შუამდგომლობის ავტორები მიუთითებენ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ ნორმებზე, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას/პლენუმს ანიჭებენ განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარების უფლებამოსილებას მხარეთა მონაწილეობით. ამასთანავე, მოპასუხე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის სტანდარტებთან და არსებითად განსახილველად მიღების/არმიღების საკითხთან დაკავშირებით.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 13 ნოემბერს შუამდგომლობით მომართა მოპასუხე მხარის, მ.პ.გ. „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ. წარმომადგენელი შუამდგომლობით ითხოვს №1912 კონსტიტუციურ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარებასა და დაუსაბუთებლობის გამო არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმას. ზემოხსენებული შუამდგომლობის შინაარსი იმეორებს მ.პ.გ. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიერ დარეგისტრირებული შუამდგომლობის შინაარსს იმ განსხვავებით, რომ გიორგი სიორიძის მითითებით, №1912 კონსტიტუციურ სარჩელში მ.პ.გ. „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“-ის საქმიანობის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად არა თუ ერთი მტკიცებულება, არამედ არგუმენტიც კი არ არის წარდგენილი, ხოლო წარდგენილი ინფორმაცია შეეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომელთა სამტკიცებლად ასევე არ არის წარმოდგენილი რაიმე განაჩენი ან მტკიცებულება და მით უფრო საგულისხმოა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები შეეხება 2012 წლამდე ფაქტებს, როდესაც ეს კონკრეტული პარტია არ არსებობდა. წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის აღნიშვნით, მ.პ.გ. „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შეიქმნა 2019 წლის დეკემბერში, შესაბამისად, მოთხოვნა, რომელიც დაყენებულია წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით, პროცედურული თვალსაზრისითაც კი შეუსაბამოა საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. შუამდგომლობის ავტორის პოზიციით, ვინაიდან ამ სარჩელით მოთხოვნილია პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის განხილვა, შესაბამისად, პარტიის შექმნამდე არსებულ სამართალურთიერთობას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება აღნიშნულ საკითხთან, ხოლო თუ მოსარჩელისთვის პრობლემურია პარტიის შექმნამდე (რეგისტრაციამდე) არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მას მოთხოვნა უნდა დაეყენებინა არა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის თაობაზე, არამედ პარტიის შექმნის კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, არსებითად განსხვავებული წესით განიხილება და პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მოპასუხე მხარეს წარმოადგენს პარტიის მარეგისტრირებელი ორგანო.
14. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბერს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარმოუდგინა ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაწოდოს სამართლებრივი შეფასება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის შეჯერების საფუძველზე. ასევე, სასამართლოს მეგობარს სურს, ხაზი გაუსვას სარჩელის წარდგენის დროს არსებულ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტს, რომელიც მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნული ტენდენცია დამატებით აძლიერებს განხილული დავის სენსიტიურობას, ვინაიდან სარჩელის არსი და მიზანი საჭიროებს განსაკუთრებულად ფრთხილ შეფასებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩარევა არ გასცდეს დემოკრატიული წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ ფარგლებს.
15. სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ავტორის მითითებით, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას თავისი წარმომადგენლებისა და სხვა დემოკრატიული მექანიზმების მეშვეობით ახორციელებს. პოლიტიკური პლურალიზმის არსებობის პირობებში, მოქალაქეებს აქვთ საშუალება აირჩიონ წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე უკეთ გამოხატავენ მათ ინტერესებსა და მისწრაფებებს. პარტიების აკრძალვით იზღუდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და მათში გაერთიანებული პირების უფლებები, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული უფლება - განახორციელოს ხელისუფლება.
16. წერილობით მოსაზრებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, პოლიტიკური პარტიების თავისუფალი საქმიანობა პლურალიზმისა და დემოკრატიის ფუნდამენტური კომპონენტია. პარტიათა აკრძალვა დაუშვებელია იმ შემთხვევაში თუ ეს აუცილებელი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ამავდროულად, არ უნდა არსებობდეს უფრო მსუბუქი საშუალება იმავე მიზნის მისაღწევად. პარტიის აკრძალვა უკიდურესი და პრაქტიკულად შეუქცევადი ზიანის მიმყენებელი ზომაა, შესაბამისად, ეს ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას აღნიშნულ დავასთან მიმართებით.
17. სასამართლოს მეგობრის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელი არ შეიცავს საჭირო ფაქტობრივ მტკიცებულებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის მოხმობას. კონკრეტული დანაშაულები, ასეთის არსებობის შემთხვევაში კონკრეტულ პირებს უნდა შეერაცხოთ, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. მისი აპელირებით, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება ამართლებდეს ლეგიტიმურ მიზანს. დემოკრატიული კურსიდან მკვეთრი გადახვევის, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის, ძალადობრივი კანონშემოქმედების, მედიასა და არასამთავრობო სექტორზე მნიშვნელოვანი წნეხისა და რეპრესიების ფონზე, შეუძლებელია თავდაცვისუნარიანმა დემოკრატიამ თავისი დანიშნულება შეასრულოს.
18. სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების ავტორი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებსა და სახელმძღვანელოებზე.
19. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის საფუძველზე, №1912 კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება 2026 წლის 13 იანვარს ასევე წარმოადგინა სამართლის დოქტორმა, თინათინ ერქვანიამ. წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრების მიხედვით, აღნიშნულის მიზანია წამყვანი ოპოზიციური სპექტრის აკრძალვის საკითხის უსაფუძვლობის ახსნა და ამ პროცესის არაკონსტიტუციურობის დასაბუთება.
20. სასამართლოს მეგობარი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ვერსია პროავტორიტარულია და ახალისებს ავტორიტარიზმს, რომელიც უკვე შედგა, როგორც პოლიტიკური რეჟიმი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში 2012 წლიდან დღემდე. მისი მოსაზრებით, ქართველი ელექტორატის მინიმუმ 30%-ით მხარდაჭერილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციირება სწორედ ამ პროცესის ნაწილია.
21. თინათინ ერქვანიას აპელირებით, სამი მთავარი პოლიტიკური პარტიის აკრძალვით ამომრჩეველთა 30%-ის არჩევანის (იხ., 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები) ნიველირება უკვე სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს არღვევს, არათუ მხოლოდ დემოკრატიის პრინციპს და გულისხმობს ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობას ნებისმიერ ფასად, ოპოზიციური სპექტრის სრული გამოთიშვის მეშვეობით პოლიტიკიდან. ყოველივე ამით ირღვევა, აგრეთვე, სამართლის უზენაესობისა (Rule of Law) და უშუალოდ ხელისუფლების დანაწილების პრინციპები. იმავდროულად, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიხედვით, ზოგადად, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა თანამედროვე კონსტიტუციონალიზმში და ეს მხოლოდ მაშინ ხდება და თან როგორც მხოლოდ ultima ratio, როდესაც პოლიტიკური პარტია ცალსახად ტერორისტულ მიზნებს მოიცავს (მაგ., გაერთიანებული სამეფო) ან ღიად ცდილობს დაამხოს დამკვიდრებული ლიბერალური კონსტიტუციური წესრიგი (მაგ., გერმანია). აშშ-ში პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია - იმდენად იცავს ამ უკანასკნელთ აშშ-ის კონსტიტუციის პირველი დამატება, როგორც გამოხატვის თავისუფლება. სწორედ ამ თვალსაზრისით, თინათინ ერქვანია მიიჩნევს, რომ №1912-ე კონსტიტუციური სარჩელი ავტორიტარიზმის დამკვიდრების ნიშანია საქართველოში. შესაბამისად, წარმოდგენილი №1912 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს - არ უნდა დაკმაყოფილდეს, მისი [სარჩელის ავტორთა] ანტიდემოკრატიული მისწრაფებების და ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.
22. სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებზე, სტატიებსა და სახელმძღვანელოებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1912 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის 88 წევრი. 2026 წლის 20 აპრილს, №1912 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე მოსარჩელე მხარემ განცხადებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამრიგად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1912 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1912 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე