ვიტალი შურაგინი და ნინა შურაგინა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
| ნომერი | N1/2/1934 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 29 აპრილი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 1 მაისი 2026 12:23 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ვიტალი შურაგინი და ნინა შურაგინა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 33-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 30 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1934) მომართეს ვიტალი შურაგინიმ და ნინა შურაგინამ. №1934 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 30 დეკემბერს. №1934 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 29 აპრილს.
2. №1934 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია“, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, მე-2 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი განამტკიცებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას, 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით უზრუნველყოფილია დაცვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლით განმტკიცებულია უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები, კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, ხოლო 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
5. მოსარჩელეები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, 71 და 72 წლის ხანდაზმული ცოლ-ქმარი, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში ჩამოვიდნენ საქართველოში პოლიტიკური დევნის გამო. ვიტალი შურაგინი რუსეთის ფედერაციაში ფლობდა სამ საწარმოს, სადაც აწარმოებდნენ რადიოტექნიკასა და ელექტროგენერატორებს. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, მათ აიძულეს უსასყიდლოდ გადაეცათ ერთ-ერთი საწარმო სახელმწიფოსთვის 2010 წელს. მოსარჩელე ეწინააღმდეგებოდა თავისი საწარმოების პროდუქციის საომარი მიზნებისთვის გამოყენებას, რაც ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მიზეზი გახდა. 2015 წელს ვიტალი შურაგინი დააკავეს და 2 წელი გაატარა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აღნიშვნით, 2025 წლის აგვისტოდან 6 ოქტომბრამდე მათ რამდენიმეჯერ მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასარეგისტრირებლად, თუმცა მიგრაციის დეპარტამენტი მათ შაბლონურად პასუხობდა. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, 2025 წლის 6 ოქტომბერს მოსარჩელეებმა საბოლოოდ შეძლეს განცხადების დარეგისტრირება. 2025 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მათი განაცხადი დასაშვებად იქნა ცნობილი და დარეგისტრირდნენ თავშესაფრის მაძიებლებად, თუმცა 2025 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა მათ საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე დაჩქარებული წესით და გამოიყენა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები.
6. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, მათ მომენტალურად დაკარგეს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი, მათზე აღარ ვრცელდება არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მათი ნებისმიერ მომენტში გაძევება რუსეთის ფედერაციაში, სადაც მათ ელით დაუყოვნებელი დაკავება/დაპატიმრება და არაადამიანური მოპყრობა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებმა დაკარგეს რუსული პასპორტები, თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის შეწყვეტამ ისინი სამართლებრივი უფლებების გარეშე დატოვა. მათ არ შეუძლიათ დროებითი თავშესაფრის მაძიებლის პირადობის მოწმობების მიღება, მინდობილობის ნოტარიულად დამოწმება ან თავიანთი უფლებების განხორციელება. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სარჩელზე მათ წაერთვათ უფასო იურიდიული დახმარების მიღებისა და სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების უფლება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მათი სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობას.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა განმარტებით, სადავო ნორმები არღვევს ე. წ. ფუნდამენტური უფლებების „ბუნების დაცვის“ პრინციპს. მათი განმარტებით, ფუნდამენტური უფლებები არ შეიძლება იქნეს შეზღუდული იმდენად, რომ დაიკარგოს მათი არსებითი შინაარსი და ისინი გადაიქცნენ მხოლოდ ფორმალურ, ცარიელ გარსად. ამის დასადასტურებლად მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმებით პირს თეორიულად ენიჭება სასამართლოში გასაჩივრების უფლება, მაგრამ, იმავდროულად, მას არ აქვს უფასო იურიდიული დახმარების უფლება, არ თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟისგან და ის ასევე შეიძლება გაძევებული იქნეს მანამ, სანამ სასამართლო დაასრულებს მის საერთაშორისო დაცვის საქმის განხილვას, პირს, თუ დაკარგული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ შეუძლია ახალი დოკუმენტის მიღება და, შესაბამისად, ასეთი დოკუმენტის გარეშე, არ შეუძლია მინდობილობის ნოტარიულად დამოწმება, ხოლო მისი საპროცესო უფლებების განხორციელება შეფერხებულია. ანალოგიურად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, მსგავს ვითარებაში მყოფი პირების მიმართ უნდა არსებობდეს თანაბარი მიდგომები, გარდა ობიექტური და გონივრული საფუძვლების არსებობისა. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ დაჩქარებული და ჩვეულებრივი პროცედურის ქვეშ მყოფი თავშესაფრის მაძიებლები პრაქტიკულად ერთსა და იმავე ვითარებაში იმყოფებიან, მაგრამ ერთს ენიჭება სრული საპროცესო გარანტიები, ხოლო მეორეს სრულად ერთმევა საპროცესო უფლებები, რის გამოც თანასწორობის უფლება კარგავს თავის არსს. უფრო მეტიც, მოსარჩელეთა განმარტებით, არგაძევების პრინციპის ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ იგი იცავს პირს გაძევებისგან მანამ, სანამ არ გაირკვევა, რეალურად ემუქრება თუ არა მას დევნა დანიშნულების ქვეყანაში. იმ შემთხვევაში კი, როდესაც კანონი ადგენს, რომ პირი შეიძლება გაძევებული იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, ეს სრულად უგულებელყოფს არგაძევების პრინციპის ბუნებას. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
8. №1934 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმები ასევე რეალურ წინაღობას ქმნის სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებს ფორმალურად აქვთ შესაძლებლობა გაასაჩივრონ მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება სასამართლოში, ამავდროულად, მათ განმარტებით, სადავო ნორმები სრულად კრძალავს ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობას. კერძოდ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტი პირდაპირ უთითებს, რომ ასეთ პირები „არ სარგებლობენ ... სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით“. მოსარჩელეთა მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა, ფაქტობრივად, ქმნის არათანაბარ სამართლებრივ მდგომარეობას თავშესაფრის მაძიებლებს შორის. ისინი, ვისი განცხადებაც საერთაშორისო დაცვაზე განიხილება დაჩქარებული წესით, მოკლებულნი არიან საპროცესო გარანტიებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველა სხვა ადამიანისთვის, მათ შორის, სხვა თავშესაფრის მაძიებლებისთვის. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონმდებლის არგუმენტი, რომ დაჩქარებული პროცედურა გამიზნულია საქმის მოკლე ვადაში განხილვის უზრუნველსაყოფად, ვერ ამართლებს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური გარანტიების მოხსნას. სწორედ დაჩქარებული პროცედურების დროს, როდესაც დროის ძალიან მწირი ვადები არსებობს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, ყველაზე მეტად არის საჭირო სრულფასოვანი იურიდიული დახმარება და ეფექტიანი სასამართლო დაცვა. გარდა ამისა, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე/თავშესაფრის მაძიებლობაზე უარის გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე პირი კარგავს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსს და „დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია“, მიუხედავად სასამართლოში გასაჩივრებისა. მათი პოზიციით, აღნიშნული რეგულაცია ქმნის გარემოებას, რომ პირი შეიძლება გაძევებულ იქნეს ადმინისტრაციული სარჩელის განხილვის დროსაც კი, რაც სრულად ფორმალურს ხდის სასამართლოში მიმართვის უფლებას, ხოლო სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ, თუ პირი უკვე გაძევებულია, რჩება აღუსრულებელი. ამდენად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს რეალურ, ეფექტიან სასამართლო დაცვას, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან.
9. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ასაბუთებენ, რომ სადავო ნორმები, პროცედურული საფუძვლების მიხედვით, ქმნის განსხვავებულ მოპყრობას თავშესაფრის მაძიებლები მიმართ. იმ პირებს, რომელთა განცხადება განიხილება ჩვეულებრივი წესით, საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, შენარჩუნებული აქვთ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი, არგაძევების პრინციპის დაცვა და სრული საპროცესო გარანტიები გასაჩივრებისას (უფასო იურიდიული დახმარება, სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლება). მაშინ როცა, იმ პირებს, რომელთა განცხადება განიხილება დაჩქარებული წესით, საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შემთხვევაში, სადავო ნორმების საფუძველზე, ერთმევა ყველა ზემოაღნიშნული გარანტია. მოსარჩელე მხარის მითითებით, აღნიშნული განსხვავებული მოპყრობის ერთადერთი კრიტერიუმია პროცედურული სტანდარტი, ანუ ის, თუ რომელი პროცედურით განიხილება განცხადება. ორივე კატეგორიის პირები მოითხოვენ საერთაშორისო დაცვას, ორივე შემთხვევაში ასაჩივრებენ უარყოფით გადაწყვეტილებას და საჭიროებენ სამართლებრივ დაცვას. მათ მიმართ განსხვავებული მოპყრობა არ ეფუძნება რაიმე სუბსტანციურ გარემოებას, არამედ მხოლოდ იმას, თუ რომელი პროცედურა გამოიყენა მიგრაციის დეპარტამენტმა. უფრო მეტიც, დაჩქარებული პროცედურით განხილვას ექვემდებარება იმ პირთა განაცხადი, რომლებიც მიეკუთვნებიან ე. წ. „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებს“. ეს კატეგორია თავისთავად შეიძლება შეიცავდეს ჩაკეტილ ან არადემოკრატიულ რეჟიმებს, სადაც პოლიტიკური დევნის რისკი განსაკუთრებით მაღალია. აქედან გამომდინარე, სწორედ ასეთი პირები შეიძლება საჭიროებდეს უფრო დიდ და არა ნაკლებ საპროცესო დაცვას. დაჩქარებული პროცედურა არ შეიძლება მიღწეულ იყოს ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის/ჩამორთმევის ხარჯზე. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ქმნის თვითნებურ, დაუსაბუთებელ განსხვავებულ მოპყრობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლს.
10. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, სადავო რეგულაციები უხეშად არღვევს არგაძევების (non-refoulement) პრინციპს, რომელიც საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმა (jus cogens) და საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლით აღიარებული თავშესაფრის უფლების ფუნდამენტური ელემენტია. მოსარჩელეთა განმარტებით, არგაძევების პრინციპი კრძალავს პირის გაძევებას ან დაბრუნებას იმ ტერიტორიაზე, სადაც მას ემუქრება დევნა, წამება ან არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტი კი გულისხმობს იმას, რომ პირი, მიუხედავად მის მიერ საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისა, შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაძევებული იქნეს იმ ქვეყანაში, სადაც მას ემუქრება დევნა, უსაფუძვლო პატიმრობა ან წამება. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, სწორედ სადავო ნორმების მიერ ამ პრინციპის უგულებელყოფა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის უხეშ და აშკარა დარღვევას.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
12. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა განმარტებით, ისინი იმყოფებიან უშუალო და რეალურ საფრთხეში. მათი გაძევება რუსეთის ფედერაციაში გამოიწვევს შეუქცევად ზიანს - დაუყოვნებელ დაკავებას, პოლიტიკურ დევნას, ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნას, უფრო მეტიც, მათი აღნიშვნით, შესაძლოა არსებობდეს სიცოცხლის მოსპობის საფრთხეც. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა კარგავს ნებისმიერ პრაქტიკულ მნიშვნელობას, თუ გაძევება მოხდება გადაწყვეტილების მიღებამდე. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის დაცვის არარსებობა მოსარჩელეებს ართმევს რეალურ იურიდიულ ქმედუნარიანობას და ყველა პროცედურულ გარანტიას (უფასო იურიდიული დახმარების უფლება, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, მესამე პირებისთვის მინდობილობის ნოტარიულად დამოწმების შესაძლებლობა), რაც შეუძლებელს გახდის მიგრაციის ორგანოების გადაწყვეტილებების სასამართლოში ეფექტიანად გასაჩივრებას. ვინაიდან მოსარჩელე მეუღლეები არიან ხანდაზმული ადამიანები, მათი მითითებით, ასეთი ასაკი, თავისთავად, ქმნის დამატებით რისკებს დანიშნულების ქვეყანაში გაძევების შემთხვევაში. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიუთითებენ, რომ თუ გაძევება მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მხოლოდ თეორიული იქნება. მოსარჩელეები ფიზიკურად ვერ შეძლებენ ისარგებლონ ამ გადაწყვეტილების შედეგებით, რადგან უკვე იქნებიან პატიმრობაში რუსეთის ფედერაციაში. ასეთ შემთხვევაში, მათი პოზიციით, საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტი დაკარგავს თავის პრაქტიკულ მნიშვნელობას. სწორედ ამ მიზეზით, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების ღონისძიების გამოყენება არა მხოლოდ სასურველია, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვას ჰქონდეს რეალური, პრაქტიკული აზრი და არა ფორმალური ხასიათი.
13. მოსარჩელე მხარემ 2026 წლის 27 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მომართა წერილობითი შუამდგომლობით საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელეთა პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე. შუამდგომლობის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელის განხილვის შედეგად, გარდაუვალად გაცხადდება მოსარჩელეთა პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც შეეხება განმცხადებლების საერთაშორისო დაცვის თაობაზე განაცხადს. მათი თქმით, აღნიშნული წარმოადგენს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალურ ინფორმაციას და დაუშვებელია მასზე მესამე პირების წვდომა. როგორც შუამდგომლობის ავტორები განმარტავენ, მოცემულ შემთხვევაში არსებობს რისკი იმისა, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელეების ვინაობის გასაჯაროებამ და კონსტიტუციური სარჩელის თანდართულ მასალებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების საჯაროდ განხილვამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მათ პირად ცხოვრებას, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მენტალურ ჯანმრთელობას. ამდენად, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოხდეს მოსარჩელეების პერსონალური მონაცემების დაფარვა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტები გამოქვეყნდეს იმგვარად, რომ არ იყოს იდენტიფიცირებული მოსარჩელეთა ვინაობა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის №1/2/541 განჩინება საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. განსახილველ შემთხვევაში, №1934 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები, მართალია, არიან ფიზიკური პირები, რომლებიც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, თუმცა აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მიღმა. შესაბამისად, მოსარჩელეები არ არიან უფლებამოსილი, მოითხოვონ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1934 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
2. სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
7. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადების დაჩქარებული და ჩვეულებრივი წესით განხილვის პროცედურის ქვეშ მყოფი თავშესაფრის მაძიებლები პრაქტიკულად ერთსა და იმავე ვითარებაში იმყოფებიან, მაგრამ ერთს ენიჭება სრული საპროცესო გარანტიები, ხოლო მეორეს სრულად ერთმევა საპროცესო უფლებები, რის გამოც თანასწორობის უფლება კარგავს თავის არსს.
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ასევე, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლების დარღვევის დასასაბუთებლად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ სადავო ნორმა, არსებითად თანასწორ პირებს უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით თუ ვალდებულებებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის №1/6/1320 გადაწყვეტილება საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამისათვის კი აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ განსაზღვროს იმ პირთა წრე, რომელთა შორისაც ადგილი აქვს დიფერენცირებულ მოპყრობას. გარდა ამისა, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/8/1527 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
10. შესაბამისად, იმისათვის, რომ №1934 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, ერთი მხრივ, მოსარჩელემ ნათლად უნდა გამოკვეთოს შესადარებელი ჯგუფები, რომელთა შორისაც, სადავო ნორმის საფუძველზე, დადგენილია დიფერენცირებული მოპყრობა, ხოლო, მეორე მხრივ, დაასაბუთოს, რომ თავშესაფრის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნული ჯგუფები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ასაბუთებენ, რომ სადავო ნორმები ქმნის გამიზნულ განსხვავებას, ერთი მხრივ, თავშესაფრის იმ მაძიებლებს შორის, რომელთა განაცხადი განიხილება დაჩქარებული პროცედურით, ხოლო, მეორე მხრივ, იმ მაძიებლებს შორის, რომელთა განაცხადიც განიხილება ჩვეულებრივი პროცედურით. მათი მტკიცებით, ეს განსხვავება არ არის დასაბუთებული არცერთი ობიექტური მიზეზით და წმინდად ტექნიკური ხასიათისაა. მოსარჩელეთა განმარტებით, იმ პირებს, რომელთა განცხადება განიხილება ჩვეულებრივი წესით, საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, შენარჩუნებული აქვთ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი, მათზე ვრცელდება არგაძევების პრინციპი და გადაწყვეტილების გასაჩივრებისას სარგებლობენ როგორც უფასო იურიდიული დახმარებით, ასევე სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების გარანტიით, მაშინ როცა, ის პირები, რომელთა განცხადება განიხილება დაჩქარებული წესით, საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შემთხვევაში, სადავო ნორმების მოქმედებით, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ისარგებლონ ზემოხსენებული მატერიალური და პროცესუალური გარანტიებით. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ქმნის თვითნებურ, დაუსაბუთებელ განსხვავებულ მოპყრობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლს.
11. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სადავო ნორმის საფუძველზე თანასწორობის უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად და საქმის არსებითად განსახილველად მისაღებად, მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო, მინიმალურ დონეზე მაინც წარმოეჩინა, კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, შესადარებელი პირების არსებითად თანასწორობა. ამ კუთხით, მოსარჩელეს შეეძლო, განეხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საქმისწარმოების სამართლებრივი პროცედურები, მაგალითად, როგორიცაა თავშესაფრის მინიჭებაზე/მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განცხადების განხილვის დაჩქარებული და ჩვეულებრივი პროცედურის ფარგლებში გამოსაკვლევი საკითხები და, ზოგადად, საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადების განხილვის ადმინისტრაციული წარმოების თავისებურებანი. მოსარჩელე მხარეს კი, კონკრეტული სამართალურთიერთობის ფარგლებში, შესადარებელი პირების არსებითად თანასწორობაზე, გარდა იმისა, რომ ისინი მხოლოდ „პროცედურული სტანდარტით“ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, საერთოდ არ უმსჯელია. უფრო მეტიც, კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ზემოხსენებულ „განსხვავებაზე“ აპელირებენ არა პირთა არაერთგვაროვან/ერთგვაროვან ვითარებაში ყოფნის დასადასტურებლად, არამედ იმ მიზნით, რომ გამოიკვეთოს დიფერენცირების ნიშანი. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა სასამართლომ სადავო ნორმათა შინაარსიდან ერთმნიშვნელოვნად ამოიკითხოს თანასწორობის უფლების შესაძლო დარღვევის რეალური საფრთხე, შესადარებელი პირების დასახელებისა და მათი თანასწორობისა თუ უთანასწორობის არსებობა/არარსებობის ფაქტის გარდა, მოსარჩელე ვალდებულია წარმოადგინოს ვრცელი, შინაარსობრივი მსჯელობა კონკრეტული საკითხის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის თაობაზე. მოსარჩელეს შეეძლო ემსჯელა თუნდაც იმაზე, თუ ისეთი რა თავისებურებებით ხასიათდება დაჩქარებული წესით განცხადების განხილვის ადმინისტრაციული წარმოება, რომ იგი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმდგენ პირებს უფლებრივად არაერთგვაროვან ვითარებაში ამყოფებს. მარტოოდენ სიტყვიერად იმაზე მითითება, რომ ერთი ჯგუფი სრული პროცესუალური გარანტიებით არის აღჭურვილი მეორისგან განსხვავებით, ვერ ადასტურებს თანასწორობის უფლების შესაძლო დარღვევას. მოსარჩელემ შინაარსობრივად უნდა იმსჯელოს, კონკრეტულად რაში მდგომარეობს ის პროცედურული უპირატესობები, რომლებიც წარმოების ფორმის მიხედვით შედეგობრივად იწვევს ორ ერთგვაროვან ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ არაერთგვაროვანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ან პირიქით. სწორედ ამგვარი მსჯელობა დაარწმუნებდა სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობაში იმდენად, რომ დასაშვებად მიიჩნევდა სადავო ნორმების არსებითად შეფასებას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად აუცილებელი მინიმალური არგუმენტები, აგრეთვე ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ არის დამატებით მსჯელობა შესადარებელ პირთა არსებობა/არარსებობის საკითხზე.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1573 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
3. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 33-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
13. №1934 კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდ არის გამხდარი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია“. ამდენად, მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიიჩნევს გასაჩივრებული რეგულაციით გათვალისწინებულ შემდეგ გარემოებებს: თავშესაფრის მაძიებლობის სტატუსის დაკარგვას; მათ მიმართ გაძევების შესაძლებლობის ამოქმედებასა და საქართველოდან ექსტრადიციას. მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაზე მიუთითებს მთლიანად, 31-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით, ისე, რომ არ აზუსტებს, ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ რომელ წინადადებასთან მიმართებით ხედავს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემას და რატომ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმის კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თითოეულ, როგორც პირველ, ასევე მე-2 წინადადებასთან შესაძლო მიმართებაზე, ცალ-ცალკე იმსჯელებს.
14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას [...] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმით დადგენილია, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირის თავშესაფრის მაძიებლად არმიჩნევის ფაქტი, მასზე არგაძევების პრინციპის გაუვრცელებლობა [გავრცელების აკრძალვა] და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან მისი საქართველოდან გაძევების ან ექსტრადიციის შესაძლებლობის დაშვება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოხსენებულ საკითხებს საერთოდ არ გააჩნია შემხებლობა სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან და არ ზღუდავს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას. თავის მხრივ, მოსარჩელეებსაც, კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, არ წარმოუდგენიათ რაიმე არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ მათ ეზღუდება უფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობა.
15. რაც შეეხება სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით არსებითად განსახილველად მისაღებობის საკითხის გადაწყვეტას, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: კონსტიტუციის დასახელებული დებულება, კერძოდ სამართლიანი განხილვის უფლება, როდესაც საქმე შეეხება სისხლის/კერძო სამართლის საქმეს, იგი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს იმგვარი პროცესუალური წესების ერთობლიობად, რომლებიც მოქმედებს სისხლის/კერძო სამართლის საქმეზე სამართალწარმოების მთელი პროცესის განმავლობაში, დაწყებიდან მის დასრულებამდე და ორიენტირებულია სამართლიანი შედეგის მიღწევაზე. სხვაგვარად, ეს არის სამართალწარმოების პროცესში მოქმედი წესები, პრინციპები, სტანდარტები, გარანტიები თუ წინაპირობები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს მხრიდან სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. კიდევ სხვაგვარად, ეს არის სათანადო სამართლებრივი პროცედურა, რომელიც ქმნის მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის სწორად გამოყენების წინაპირობებს და, ამ გზით - შედეგის სამართლიანობის დიდ ალბათობას, თუმცა არ იძლევა სამართლიანი შედეგის სრულ გარანტიას. გამომდინარე აქედან, ამ ნაწილში, მოსარჩელეების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, რეალურად, არ მიემართება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ სფეროს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, მოსარჩელეები არასწორად წარმოაჩენენ სადავო ნორმის მიმართებას კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს.
16. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე გაამახვილებს ყურადღებას სადავო ნორმის მიმართებაზე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით გარანტირებული „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული დანაწესი გარანტირებულად აცხადებს დაცვის უფლებას, პირის შესაძლებლობას, სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის (წარმომადგენლის) მეშვეობით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და, ზოგადად, გულისხმობს პირის შესაძლებლობას, დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის №1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ვრცელდება არა მხოლოდ სისხლის სამართლის სფეროზე, არამედ, ასევე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებაზეც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56). სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციისა და სადავო ნორმის დისპოზიციის ანალიზის შუქზე, ცხადია, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან რაიმე შემხებლობა დაცვის უფლების ნაწილში. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილსაც დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1934 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
18. მოსარჩელე მხარე, მათ შორის, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმით გათვალისწინებულ საკითხებს [თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის დაკარგვას, არგაძევების პრინციპის გაუვრცელებლობასა და საქართველოდან ექსტრადიციას] საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად, „საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა“. კონსტიტუციის ზემოხსენებული დებულების მიზანია საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ კონსტიტუციური უფლებების გავრცელების ფარგლების განსაზღვრა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს კონსტიტუციური უფლებების მოქმედებას პირთა წრის მიმართ და ადგენს გარანტიას, რომ კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ვრცელდება საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, თუ საწინააღმდეგო თვით კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-93).
19. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე არ მსჯელობს ცალკე, დამოუკიდებლად კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით დაცულ სფეროზე, მით უფრო არ ასაბუთებს, თუ სადავო ნორმის მოქმედებით უშუალოდ რით გამოიხატება ამ უფლების დარღვევა საქართველოს მოქალაქეებთან შედარებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე საერთოდ არ წარმოაჩენს სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვას ზემოხსენებულ უფლებასთან მიმართებით. შესაბამისად, ნათელია, რომ კონსტიტუციური სარჩელი მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და მხოლოდ ზოგადი, კონსტიტუციურ-სამართლებრივი მითითებებით არის წარმოდგენილი.
20. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1934 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილშიც, რომელიც შეეხება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
4. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით
21. №1934 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი შეზღუდვები უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობასა და სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებს.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
23. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოში მცხოვრები უცხოელები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები სახელმწიფოსთან, ისინი წარმოადგენენ ქართული საზოგადოების წევრებს და საქართველოს მოქალაქეების მსგავსად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ყოფა–ცხოვრებაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ინტენსიურად ექცევიან საქართველოს სამართლებრივი რეგულირების სფეროში და ნორმატიული წესრიგის ფორმირება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქის თანაბრად ახდენს გავლენას მათ საქმიანობაზე, არსებობასა და განვითარებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-94). საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს“. აღნიშნული კონსტიტუციური უფლება, თავისი არსით, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, თავშესაფარი მისცეს და სათანადოდ დაიცვას მისი იურისდიქციის ქვეშ მოხვედრილი ის კეთილსინდისიერი პირები, რომელთა თავისუფლებასა და სიცოცხლეს საფუძვლიანი საფრთხე ემუქრება. თავის მხრივ, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული დებულებები სახელმწიფოს ანიჭებს თავშესაფრით ეფექტიანი უზრუნველყოფისთვის საშუალებების არჩევის ფართო თავისუფლებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად უფლებით სარგებლობის შეზღუდვა, რიგ შემთხვევებში, გარდაუვალია და ამგვარი შეზღუდვა a priori არაკონსტიტუციური არ იქნება. ამდენად, კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული თავშესაფარზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/17/1629 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ხოლო კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია“. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს საპროცესო გარანტიებით, როგორებიცაა - უფასო იურიდიული დახმარებისა და სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების უფლებები. ცალსახაა, რომ ზემოხსენებულ პროცედურულ გარანტიებს ვერ ექნებათ შემხებლობა კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებათა დაცულ სფეროებთან, არამედ ისინი წმინდად პროცედურული ხასიათის მექანიზმებია, რომელთა კონსტიტუციურობაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ [ბაჟის ნაწილში - სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის კომპონენტში] და მე-3 პუნქტებთან [იურიდიული დახმარების ნაწილში - დაცვის უფლებასთან] მიმართებით.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1934 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილშიც, რომელიც შეეხება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1934 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
5. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხი
26. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
27. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა განმარტებით, ისინი იმყოფებიან უშუალო და რეალურ საფრთხეში. მათი გაძევება რუსეთის ფედერაციაში გამოიწვევს შეუქცევად ზიანს - დაუყოვნებელ დაკავებას, პოლიტიკურ დევნას, ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნას, უფრო მეტიც, მათი აღნიშვნით, შესაძლოა არსებობდეს სიცოცხლის მოსპობის საფრთხეც.
28. საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სადავო ნორმათა დისპოზიციაზე. ერთი მხრივ, გასაჩივრებული რეგულაციები ადგენს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის გაუქმებას, არგაძევების პრინციპის ამოქმედებასა და/ან საქართველოდან ექსტრადიციას, ხოლო, მეორე მხრივ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სასამართლოში სამართალწარმოების დროს არ სარგებლობს სათანადო საპროცესო გარანტიებით, როგორებიცაა - უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობისა და სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების უფლებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი შეჩერება ცვლის მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას, შესაძლებელს ხდის იმ ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც მას სადავო ნორმის მოქმედების შედეგად შეიძლება მიადგეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის №1/3/679 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნული აქტის მიღების დროისათვის მოსარჩელეები აღარ სარგებლობდნენ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე არსებული მექანიზმებით, თუმცა ამავე კანონით გათვალისწინებულია საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადებით მიმართვის უფლება [მაგალითად, იხ. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი]. შესაბამისად, ცხადია, რომ კანონით გათვალისწინებული ამგვარი მექანიზმები ხელშესახებს ხდის მოსარჩელეთა მხრიდან დასახელებული საფრთხეების თავიდან აცილებას, რის გამოც მარტივად დგინდება, რომ უშუალოდ სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერება გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელეთა სამართლებრივ მდგომარეობაზე.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მექანიზმის გამოყენებისათვის. ამდენად, მოსარჩელის შუამდგომლობა სადავო ნორმათა შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოსაქვეყნებელ აქტებში პერსონალური მონაცემების დაფარვის საკითხი
30. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის (30.12.2025 წელი) შემდგომ, 2026 წლის 27 იანვარს წარმოადგინა შუამდგომლობა განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოსაქვეყნებელ სასამართლო აქტებში მათი პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელეები ითხოვენ, დაიფაროს მათი სახელი და გვარი და სასამართლო აქტები ასეთი ფორმით გამოქვეყნდეს.
31. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების (გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა) სრული ტექსტი ქვეყნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრული ტექსტის გამოქვეყნება ემსახურება საკონსტიტუციო კონტროლის საჯაროობისა და საზოგადოებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
32. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების მიხედვით, ოფიციალურ ჩანაწერებში, მათ შორის, სასამართლოს აქტებში არსებული ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას, ფინანსებს ან სხვა პირად საკითხებს უკავშირდება, არ უნდა გასაჯაროვდეს. მოსარჩელის შუამდგომლობის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ბალანსი, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე, მათ შორის, მოსარჩელის ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს შორის.
33. სასამართლოს აქტებში არსებულ პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „როდესაც მონაცემთა მფლობელს გააჩნია საკუთარი პერსონალური მონაცემების დაფარვის ინტერესი, ეს არ ქმნის ავტომატურად მათი დაფარვის და საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთანავე, „ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია, არსებობდეს იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის მომეტებული ინტერესი, რომელსაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ინფორმაცია. ... სასამართლოს აქტში შესაძლებელია, ასახული იყოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე და ზიანსაც კი მიაყენებს მას. მაგალითად, სასამართლოს აქტში, შესაძლოა, მითითებული იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ინტიმური დეტალის შესახებ და ა.შ. ამგვარ შემთხვევებში, ცხადია, იზრდება მსგავსი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და საჭიროება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56-57).
34. განსახილველი საკითხი უკავშირდება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ განცხადების განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ მატერიალურ და პროცედურულ სამართლებრივ საკითხებს. უპირველესად, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარემ პერსონალურ მონაცემთა დაფარვის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე წარმოადგინა არა კონსტიტუციური სარჩელით ან მისი რეგისტრაციისთანავე, 2025 წლის 30 დეკემბერს, არამედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის სასამართლოს ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ, კერძოდ, 2026 წლის 27 იანვარს. იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს არც შუამდგომლობით არ წარმოუდგენია სათანადო დასაბუთება და ხელშესახები არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხე შეიძლება წარმოიშვას მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შემთხვევაში, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური სარჩელი სასამართლოს ვებგვერდზე უკვე საჯაროდ გამოქვეყნებულია. ამ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ არსებობს დაპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის ჭრილში საკითხის განხილვის აუცილებლობა, ვინაიდან შუამდგომლობის დადებითად გადაწყვეტის პირობებშიც დასაცავი სიკეთე მიუღწეველი რჩება. ზემოხსენებული გარემოება განპირობებულია იმით, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები დაიფარება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი დოკუმენტით ოფიციალურად მიიღებს [განჩინება/საოქმო ჩანაწერი]. იმ პირობებში, როდესაც №1934 კონსტიტუციური სარჩელი უკვე გამოქვეყნებულია პერსონალური მონაცემების დაფარვის გარეშე, ხოლო ყოველი შემდგომი სასამართლოს აქტი გამოქვეყნდება პერსონალური მონაცემების დაფარვით, კონკრეტული სარჩელისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტის საძიებო სისტემაში მოკვლევა კვლავ იდენტიფიცირებულ პერსონალურ მონაცემთა მოძებნის საშუალებად იქცევა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს შუამდგომლობის დაკმაყოფილების რეალურ სამართლებრივ შესაძლებლობას ინტერესთა სამართლიანი დაბალანსების გათვალისწინებით, ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დაფარვა ვეღარ იქნება რაიმე ზიანის აცილების საშუალება, რადგან უკვე გამოქვეყნებულია კონსტიტუციური სარჩელი და, იმავდროულად, ზიანი, რომლის აცილებასაც ცდილობს მოსარჩელე, პერსონალური მონაცემების დაფარვის შემთხვევაშიც, კვლავ იარსებებს სწორედ იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, გამოქვეყნებული კონსტიტუციური სარჩელი დარჩება საჯაროდ ხელმისაწვდომი იდენტიფიცირებული პერსონალური მონაცემებით, ხოლო, მეორე მხრივ, იმავდროულად, იარსებებს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტები დაფარული პერსონალური ინფორმაციით. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაფარვა/დაცვა არ წარმოადგენს თვითმიზნურ ღონისძიებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ინტერესთა დაბალანსების ნაწილში პერსონალური მონაცემების დაფარვა არ წარმოადგენს მოსარჩელეთათვის მიყენებული ან/და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების მიზნის მიღწევის ქმედით საშუალებას.
35. ამასთანავე, შუამდგომლობის ავტორები მიიჩნევენ, რომ პერსონალური მონაცემების დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლიდან, რომელიც განამტკიცებს კონფიდენციალურობის პრინციპს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პერსონალური მონაცემი, აგრეთვე მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე ამ მონაცემის/ინფორმაციის მესამე პირებისთვის (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებისა და მოქალაქისთვის) გამჟღავნება მისი გადაცემით (გარდა ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის გადაცემისა), გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით“. მნიშვნელოვანია, რომ ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვაზე ვალდებულ სუბიექტთა წრეს, კერძოდ, „კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა ევალებათ ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის სფეროში, აგრეთვე მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობენ თავშესაფრის პროცედურაში. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები ხელმძღვანელობენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით“.
36. ზემოხსენებულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, უპირველესად, აღსანიშნავია, რომ კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვის ვალდებულება არ ეკისრება საკონსტიტუციო სასამართლოს, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით საერთაშორისო დაცვის სფეროში მოქმედ უფლებამოსილ ორგანოს, იმავდროულად, არც ის მესამე პირია, რომელიც რაიმე ფორმით შესაძლოა მონაწილეობდეს თავშესაფრის პროცედურაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, მისი [სასამართლოს] კონსტიტუციური მნიშვნელობა მოსარჩელეთათვის არ არის ბუნდოვანი. ამდენად, აშკარაა, რომ მათი მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაფარვის შესახებ შუამდგომლობის დაყენება გამომდინარეობდა მხოლოდ სადავო საკითხის სპეციფიკურობიდან, რის გამოც დამატებით არ განუმარტავთ გადასაწყვეტი საკითხის რეალური და სამართლებრივი მიზეზები. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობის დასასაბუთებლად, ზოგადად, მიუთითებს იმ რისკების არსებობაზე, რომ მათი ვინაობის გასაჯაროებამ და კონსტიტუციური სარჩელის თანდართულ მასალებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების საჯაროდ განხილვამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მათ პირად ცხოვრებას, ფსიქოლოგიურ და მენტალურ ჯანმრთელობას. საკონსტიტუციო სასამართლო იმ აზრისაა, რომ მარტოოდენ მითითება მოსარჩელეთა ფიზიკურ, ასაკობრივ და საქმეში არსებულ გარემოებებზე ვერ გამოდგება შუამდგომლობის დაკმაყოფილების თვითკმარ საფუძვლად, ხოლო რაც შეეხება საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვის საკითხს (აუცილებლობის შემთხვევაში), სასამართლო დამატებით იმსჯელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, განსახილველი საქმის შემთხვევაში, ვერ ხედავს მოსარჩელე მხარის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის იმგვარ საჭიროებას, რომელიც გადაწონიდა საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის საჯარო ინტერესს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელეთა პერსონალურ მონაცემთა დაფარვის თაობაზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1934 კონსტიტუციური სარჩელი („ვიტალი შურაგინი და ნინა შურაგინა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1934 კონსტიტუციური სარჩელი („ვიტალი შურაგინი და ნინა შურაგინა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 33-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელეთა პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე