საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 29 აპრილის №1/7/1485 განჩინებასთან დაკავშირებით
| დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
| ნომერი | do1/7/1485 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
| ავტორ(ებ)ი | გიორგი კვერენჩხილაძე |
| თარიღი | 29 აპრილი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 1 მაისი 2026 12:37 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 29 აპრილის №1/7/1485 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 29 აპრილის №1/7/1485 განჩინებასთან (შემდგომში − №1/7/1485 განჩინება) დაკავშირებით.
2. №1/7/1485 განჩინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა საქმე №1485 კონსტიტუციურ სარჩელზე მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობის განხორციელების/შესრულების ვადებს.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის ხანდაზმულობის ზოგად ვადას. სადავო ნორმის შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. სადავო ნორმის ხანდაზმულობის ვადის მოქმედება ვრცელდება, მათ შორის, იმ res judicata საქმეზე, რომელზეც დადგენილია მხარეების, მათი წარმომადგენლების ან/და მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება.
4. №1485 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებდა, რომ სადავო მოწესრიგება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ხანდაზმულობის ვადების დადგენისას, მხედველობის მიღმა ტოვებს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების, სასამართლოში განხილვის და, ზოგადად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადების სპეციფიკის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დადგომა შესაძლოა, 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოხდეს. ასეთ ვითარებაში, დაინტერესებული პირი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, სრულად კარგავს შესაძლებლობას, მოითხოვოს მისი ინტერესების საზიანოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა (იხ., №1/7/1485 განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-5 პარაგრაფი).
5. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მსგავსი სამართლებრივი პრობლემის კონსტიტუციურობა შეაფასა 2025 წლის 11 დეკემბრის №3/11/1689 გადაწყვეტილებით საქმეზე „ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (შემდგომში − №3/11/1689 გადაწყვეტილება), რომლის ფარგლებში შემოთავაზებულ გადაწყვეტას არ დავეთანხმე და, შესაბამისად, გამოვთქვი განსხვავებული აზრი.[1] განსხვავებული აზრი დეტალურად მიმოიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის აღმკვეთი ვადების კონსტიტუციურ სტანდარტებს და ასაბუთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის არაკონსტიტუციურობას იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია მართლმსაჯულების გამრუდების შედეგად. განსხვავებული აზრის არგუმენტაციის ხაზი ნათლად წარმოაჩენს იმასაც, რომ ფორმალურ დროით კრიტერიუმზე დაყრდნობით ინდივიდის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების რეალიზების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ გარანტიებს. მივიჩნევ, რომ №1485 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის შეწყვეტამ სასარჩელო მოთხოვნის მოცემულ ნაწილში გამორიცხა საკითხის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყვეტის შესაძლებლობა.
6. №3/11/1689 გადაწყვეტილების ფარგლებში, ერთმანეთისგან გამიჯნული და განსხვავებული სტანდარტებით შეფასებულია შემთხვევათა ორი ტიპი. კერძოდ, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო, შესაბამის სამოქალაქო საქმეზე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა ამ ვადის ამოწურვის შემდეგ; და, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების დაწყებაც და გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლაც უკავშირდება სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის 5-წლიანი ვადის შემდგომ პერიოდს. №3/11/1689 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სადავო ნორმით გათვალისწინებული 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა პირველ შემთხვევასთან მიმართებით, რამდენადაც დადგინდა, რომ ინდივიდის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება გადაწონიდა სამართლებრივი უსაფრთხოების, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფის მიზნით დროითი შეზღუდვის დაწესების ინტერესს. შემთხვევათა მეორე კატეგორიასთან მიმართებით სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან თავსებადად იქნა მიჩნეული (იხ., №3/11/1689 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 28-ე−31-ე პარაგრაფები).
7. №1/7/1485განჩინებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა №3/11/1689 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ №1485 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის, საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოში განცხადების წარდგენის ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძველთან მიმართებით, გაითვალისწინება სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დრო, როგორც საქმის წარმოების განახლების წინაპირობის განხორციელების მომენტი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოჩენილი პრობლემა, რაც გულისხმობდა გასაჩივრებული ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის პროცესში, დასრულებულ სამოქალაქო საქმეზე მხარის, მისი წარმომადგენლის ან/და მოსამართლის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის დადგომის ვადის გაუთვალისწინებლობას, გადაწყვეტილი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, №3/11/1689 გადაწყვეტილებით. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ №1485 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული არ იყო რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/11/1689 გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია.
8. ვეთანხმები ჩემი კოლეგების არგუმენტაციას, რომ №1485 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ ამ კონკრეტულ მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ყველა არსებითი საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/11/1689 გადაწყვეტილებით, თუმცა არ ვიზიარებ სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით შემოთავაზებულ განმარტებებსა და სადავო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე დადგენილ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, ვრჩები №3/11/1689 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოთქმულ განსხვავებულ აზრში დაფიქსირებული პოზიციების ერთგული და კვლავაც მივიჩნევ, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობის ფორმალურად დაკავშირება სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების კალენდარულ მომენტთან, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე მხარის, მისი წარმომადგენლის ან/და მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, შინაარსობრივად ასუსტებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით პირისათვის შეთავაზებული დაცვის გარანტიებს. ამგვარი მიდგომა, შინაარსობრივი შეფასების, მათ შორის, იმის დადგენის ნაცვლად, წარმოადგენს თუ არა კანონიერ ძალაში შესული კონკრეტული გადაწყვეტილება გამრუდებული მართლმსაჯულების შედეგს, გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ფორმალურ დროით კრიტერიუმს და ინდივიდის უფლებების რეალიზებას დამოკიდებულს ხდის მის კონტროლს მიღმა არსებულ გარემოებებზე, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი რეაგირების დროულობაზე. ამასთანავე, მსგავსი საკანონმდებლო გადაწყვეტა უგულებელყოფს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი თავისთავად აყენებს ეჭვქვეშ შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას და, შედეგად, რეალურად შეუძლებელს ხდის დანაშაულის შედეგად გამრუდებული მართლმსაჯულების გამოსწორებას. ამგვარი რეგულირება პრიორიტეტს ანიჭებს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ინტერესებს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ინტერესები თავად დანაშაულით არის შელახული და ქმნის რეალურ რისკს, რომ ხანდაზმულობის ვადა გარდაიქმნას დანაშაულის გზით მიღებული სარგებლის დაცვის ინსტრუმენტად, რაც არ შეესაბამება სამართლიანობის მინიმალურ სტანდარტებს და ეწინააღმდეგება როგორც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, ისე სამართლის უზენაესობის პრინციპს.
9. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაშიც, მივიჩნევ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არაკონსტიტუციურია, ზოგადად, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული დანაშაული, თავისი ხასიათისა და ბუნების, კონკრეტული საქმის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესთან კავშირისა და გადაწყვეტილების შედეგზე გავლენის მასშტაბის გათვალისწინებით, იწვევს მართლმსაჯულების გამრუდებას, განურჩევლად შესაბამის დანაშაულზე გამოძიების დაწყების დროისა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
გიორგი კვერენჩხილაძე
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2025 წლის 11 დეკემბრის №3/11/1689 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.