თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1 (1) პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N3/7/1939 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე, |
| თარიღი | 24 ივნისი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 30 ივნისი 2026 10:44 |
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
გიორგი მოდებაძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 29 იანვარს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1939) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი). №1939 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2026 წლის 2 თებერვალს. №1939 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 24 ივნისს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილის თანახმად, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, სასამართლო, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს“ (სატრანსპორტო საშუალების მართვის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები) თავის მხრივ, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს (პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები) - 5 წლის ვადით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
5. კონსტიტუციური წარდგინებიდან ირკვევა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო პირის მიმართ განიხილავს საქმეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება - ჩადენის ფაქტზე. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45 მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, პირს ამავე მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, ჯარიმის - 500 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობის (60 დღემდე) შეფარდების გარდა, სავალდებულო წესით ჩამოართვას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლება, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, ისევე როგორც, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები 5 წლის ვადით.
6. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების (მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების) ჩამორთმევა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება. კერძოდ, ზემოხსენებული უფლებების ავტომატური ჩამორთმევა პრევენციული ხასიათისაა და შესაძლებელს ხდის შემდგომი სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენის აცილებას. გასაჩივრებული ღონისძიებები ასევე გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლების დასაქმებას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და იარაღთან დაშვებას, რის შედეგადაც მცირდება ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთათვის დამახასიათებელი ქცევისა და ინტერესების მქონე პირების მიერ არასათანადო გადაწყვეტილებების მიღების რისკი.
7. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული ნორმები, უდავოდ, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უწყობს ხელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამისი უფლებების ჩამორთმევით სამართალდამრღვევი პირისათვის მიყენებულ ზიანს შორის არსებობს მკვეთრი დისპროპორცია. კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად, ღონისძიების არაპროპორციულობა აშკარად ჩანს აკრძალული ქმედების სიმძიმესა და მის საპასუხოდ დადგენილი სასჯელის (სახდელის) ურთიერთმიმართების ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტურად განსაზღვრული სასჯელის (სახდელის) პირობებში, მოსამართლე მოკლებულია მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. შედეგად, არ რჩება სივრცე, შეფასდეს სამართალდამრღვევი პირის ინდივიდუალური გარემოებები, კერძოდ, წარსული ადმინისტრაციული სახდელდადებულობა ან ნასამართლობა, აღიარება და მონანიება, ოჯახური მდგომარეობა, ჩამოსართმევი უფლებების მიმართება სამართალდამრღვევი პირის მატერიალურ და სოციალურ მდგომარეობაზე.
8. დამატებით, კონსტიტუციურ წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო რეგულაცია წარმოშობს აშკარა დისპროპორციას სხვადასხვა სამართლებრივ რეჟიმს შორის. კერძოდ, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო ითვალისწინებს საპროცესო შეთანხმების გზით დამატებითი სასჯელის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის - ვადის შემცირების ან მისგან სრულად გათავისუფლების შესაძლებლობას. პრაქტიკაში, აღნიშნული სანქცია, როგორც წესი, განისაზღვრება 6 თვის ვადით. ამავე დროს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, რომელიც თავისი სიმძიმით არსებითად ჩამოუვარდება სისხლის სამართლის დანაშაულს, კანონმდებლობა არ იძლევა ანალოგიური მოქნილობის საშუალებას და ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ფიქსირებული, 3-წლიანი ვადით, რაც მის აშკარა არაპროპორციულობაზე მეტყველებს.
9. ზემოაღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45 მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენისას ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლით სავალდებულო წესით ჩამორთმევას და გამორიცხავს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამავე სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
10. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს წარდგინების საფუძვლიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციური წარდგინება მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. წარდგინების ავტორის არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სანქციის სახით ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საჯარო სამსახურში დასაქმების, აგრეთვე იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლის ვადით სავალდებულო ჩამორთმევას და ამასთანავე გამორიცხავს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ აღნიშნული სანქციების ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება აშკარად არაპროპორციული სასჯელის აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი მიდგომების შესაბამისად, კანონმდებელს სასჯელის პოლიტიკის სფეროში მიხედულების საკმაოდ ფართო არეალი გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საკანონმდებლო ორგანო ახდენს ადამიანის, საზოგადოებისა და, ზოგადად, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების შეფასებას და პროგნოზირებას აგრეთვე განსაზღვრავს ამავე რისკების დამზღვევი პასუხისმგებლობის კონკრეტულ სახეებსა და ზომებს ნორმატიულად, ცხადია, შესაბამის შემთხვევაში, დასაცავი ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით. საზოგადოდ, სასჯელთა პოლიტიკის შემუშავება, ჩვეულებრივ, საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები“ [...] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებაში შეიძლება მოვიდეს და, მაშასადამე, სასჯელთა პოლიტიკის სფეროში კონსტიტუციური კონტროლის ინტერვენციის საჭიროება წარმოიშვას მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის დაწესებული სასჯელის ზომა არის აშკარად არაპროპორციული ამავე ქმედებით გამოწვეულ/გამოწვევად საფრთხეებთან მიმართებაში. ამდენად, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
4. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასჯელის პოლიტიკის დაგეგმვისა და შემუშავების სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადამოწმებას ექვემდებარება საკანონმდებლო თავისუფლების გარე ზღვრის დაცვა და არა იმ საკითხების განხილვა, იპოვა თუ არა კანონმდებელმა, კონკრეტულ შემთხვევაში, ყველაზე მიზანშეწონილი, გონივრული და ოპტიმალური გამოსავალი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/1/1239,1642,1674 გადაწყვეტილება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო“, II-3).
5. იგივე მიდგომები გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაწესებულ სახდელებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის თანახმად, „იმისათვის, რომ ადმინისტრაციული სახდელის დამდგენი ნორმა არსებითად განსახილველად იქნეს მიღებული, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახდელის კონკრეტული ზომა არის იმდენად მკაცრი, რომ ის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევად შეიძლება დაკვალიფიცირდეს. საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
6. სანქციის პროპორციულობის შეფასებისას (იქნება ის სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი) მხედველობაში მიიღება აკრძალული ქმედების სიმძიმე და მის საპასუხოდ დადგენილი სასჯელის (სახდელის) ურთიერთმიმართება. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე დანაშაულის/სამართალდარღვევის სიმძიმეს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას. „ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია, სადამსჯელო ღონისძიებასა და სასჯელის მიზნებს შორის ურთიერთმიმართების დადგენა. სწორედ სასჯელის მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი აძლევს კანონმდებელს სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებისა და, ზოგადად, სასჯელის პოლიტიკის შემუშავების ლეგიტიმაციას. შესაბამისად, აშკარად არაპროპორციული, არაადამიანური სასჯელის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხსა და სასჯელის სიმკაცრეს შორის ურთიერთმიმართება. იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი არის იმდენად დაბალი, რომ ვერ ამართლებს მკაცრი სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებას, აშკარა ხდება, რომ სახეზეა არაადამიანური სასჯელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონკრეტული სასჯელის/სახდელის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართების დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, გარკვეულ იქნეს იმ შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, რომლის მიღწევასაც კანონმდებელი ცდილობს სანქციის დაწესებით. ამასთან, „აუცილებელია, რომ დაწესებული სანქცია არ იყოს დასახული მიზნის მიღწევის აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული ზომა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის №2/1/516 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამ მხრივ, წარდგინების ავტორი ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ გასაჩივრებული რეგულაციების საფუძველზე კონკრეტული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიებები იმდენად არაპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, პოტენციურ საფრთხეებთან და აღნიშნული ქმედებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან მიმართებით, რომ ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებში გაუმართლებელ ჩარევას განაპირობებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ნარკოტიკული სამართალდარღვევის ჩამდენი პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის (3 წლით), საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების (5 წლით) ჩამორთმევა ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს როგორიცაა: მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, რადგან აღნიშნული საქმიანობა დაკავშირებულია მომეტებული საფრთხის წყაროსთან და საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და სამართლებრივი წესების მკაცრ დაცვას (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში); სასწავლო გარემოს დაცვა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და მათი ზემოქმედების რისკისგან, რაც უზრუნველყოფს განათლების სფეროს უსაფრთხო და კანონთან შესაბამის ფუნქციონირებას (საგანმანათლებლო და პედაგოგიური საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში); სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობა, სამართლებრივი წესრიგის დაცვა და საჯარო მმართველობისადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნება (საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა); ძალადობის პრევენცია და იარაღის ბრუნვის სფეროში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის სტაბილურობის უზრუნველყოფა (იარაღთან დაკავშირებული უფლებების ჩამორთმევა). (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №3/1/1914,1920,1921,1922, 1928 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“ II – 35). აღსანიშნავია, რომ არც კონსტიტუციური წარდგინების ავტორი უარყოფს იმას, რომ გასაჩივრებული რეგულაციები ემსახურება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. სადავო ნორმების საფუძველზე, შესაბამისი უფლებების სავალდებულო წესით ჩამორთმევა წარმოადგენს სამართლებრივ რეაგირებას ქცევაზე, რომელიც თავისი ბუნებით ქმნის (პოტენციურ) საფრთხეს მნიშვნელოვანი ინდივიდუალური თუ საზოგადოებრივი სიკეთეებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაწესებული შემზღუდველი ღონისძიებები მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული სამართალდამრღვევის ქცევაზე რეაგირებისკენ, არამედ იმ რისკების მინიმიზაციისკენ, რომლებიც თანდაყოლილად უკავშირდება გარკვეულ საქმიანობებს. სადავო ღონისძიებები იმავდროულად რაციონალურ კავშირშია დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ზრდის რისკს ისეთ სფეროებში, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, პასუხისმგებლობასა და სანდოობას, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვისას, პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისას, საჯარო სამსახურში საქმიანობისას და იარაღთან დაკავშირებული უფლებებით სარგებლობის დროს.
9. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო მოწესრიგება უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ინდივიდუალური და საზოგადოებრივი სიკეთეების დაცვას; გასაჩივრებული რეგულაციების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით, ხოლო საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების (5 წლით) ჩამორთმევა, თავისთავად, არ წარმოადგენს სანქციის იმდენად მკაცრ ზომას, რომელიც სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებით აშკარად არაპროპორციულად იქნეს მიჩნეული. ამასთან, უფლებების სავალდებულო და არაინდივიდუალიზებული წესით ჩამორთმევა გამართლებულია, რადგან საქმე შეეხება მომეტებული საფრთხის შემცველ სფეროებს, სადაც ერთგვაროვანი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყოფს საჯარო წესრიგისა და სტაბილურობის, ისევე როგორც, ინდივიდთა უფლებების დაცვის ეფექტიანობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №3/1/1914,1920,1921,1922, 1928 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“ II-43).
10. წარდგინების ავტორის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიმართ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა მოქმედებს ბევრად უფრო შემცირებული ვადით, ვიდრე ნარკოტიკული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში და, რომ ეს განაპირობებს გასაჩივრებული რეგულაციებით დაწესებული სანქციის არაპროპორციულობას, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: წარდგინების ავტორის მხრიდან სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სფეროებში გათვალისწინებული (გათვალისწინებადი) პასუხისმგებლობის ზომების ურთიერთშედარება, თავისთავად, ვერ გამოდგება სადავო რეგულაციების საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით წინააღმდეგობის სამტკიცებლად. საპროცესო შეთანხმება წარმოადგენს მართლმსაჯულების ეფექტიანობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტს, რომელიც ემყარება მხარეთა შორის კომპრომისს. მისი მიზანია პროცესის ეკონომია, რესურსების დაზოგვა და მართლმსაჯულების სწრაფი განხორციელება. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური ინტერესი, წაახალისოს ბრალდებულის თანამშრომლობა და დანაშაულის აღიარება, რაც შეიძლება გამოიხატოს სანქციის შემსუბუქებაში, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებით. მეორე მხრივ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალში ასეთი შეთანხმებითი მექანიზმის არქონა განპირობებულია სამართალდარღვევათა ბუნებითა და მათთვის დაწესებული სანქციებით მისაღწევი მიზნებით. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად განსხვავებული შედეგი დგება (ერთ შემთხვევაში შესაძლებელია ვადის შემცირება, ხოლო მეორეში - არა), ეს განსხვავება ეფუძნება სამართლებრივი ურთიერთობების არსებითად განსხვავებულ ბუნებას. ამრიგად, ის ფაქტი, რომ სისხლის სამართალში არსებობს დამატებითი შემსუბუქების მექანიზმი (საპროცესო შეთანხმება), არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქცია ავტომატურად ხდება არაპროპორციული. პროპორციულობა ფასდება თითოეული რეგულაციის შინაარსობრივი ანალიზიდან გამომდინარე და არა სხვა, არსებითად განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმთან შედარებით.
11. მაშასადამე, წარდგინებაში არ არის წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტები იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო ნორმების საფუძველზე დაწესებული შემზღუდველი ღონისძიებები, რომლებიც სავალდებულო წესით ამოქმედდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, მიიჩნიოს აშკარად არაპროპორციულ სანქციად. ამდენად, №1939 კონსტიტუციური წარდგინება დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე, 43-ე და 47-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1939 კონსტიტუციური წარდგინება.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას დაერთოს მოსამართლეები: გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში