მარიამ ჯანჯარია, ლარა ნაჭყებია, ქეთევან ციცქიშვილი, ანა ბდეიანი და მადლენა ჩილაჩავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
| ნომერი | N1/4/1918 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 30 ივლისი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 4 აგვისტო 2026 15:16 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: მარიამ ჯანჯარია, ლარა ნაჭყებია, ქეთევან ციცქიშვილი, ანა ბდეიანი და მადლენა ჩილაჩავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ...“, მე-10 ნაწილის (2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1918) მომართეს მარიამ ჯანჯარიამ, ლარა ნაჭყებიამ, ქეთევან ციცქიშვილმა, ანა ბდეიანმა და მადლენა ჩილაჩავამ. №1918 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 20 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 30 ივლისს.
2. №1918 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების რიგი წესის დარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს და აღნიშნული დარღვევებისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელებს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-5 ნაწილი (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ა2“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებდა სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორი იყო − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამავე კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის (2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით) განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება იმავე ქმედების არაერთგზის ჩადენა.
5. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“ და „ე“ ქვეპუნქტებით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა; ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა, მათ შორის, ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნების დარღვევა, რომელიც, თავის მხრივ, დაუშვებლად მიიჩნევს ხალხის ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია ყველა პირის, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
7. №1918 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მარიამ ჯანჯარიას 2025 წლის 19 თებერვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისთვის. მოსარჩელე განმარტავს, რომ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა გამოწვეული იყო აქციის მონაწილეთა მასშტაბური რაოდენობით, რაც ვიდეოჩანაწერებითაც დასტურდება. მოსარჩელე მარიამ ჯანჯარიას ადმინისტრაციული საჩივარი განსახილველად გადაეცა სასამართლოს, რომელსაც ჯერ არ მიუღია შესაბამისი გადაწყვეტილება. მოსარჩელის განმარტებით, საერთო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროისთვის მოქმედი ნორმის საფუძველზე, შესაბამისად იგი სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის 2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციის მე-5 ნაწილს, როგორც მის მიმართ გამოსაყენებელ სამართალს.
8. მოსარჩელე ლარა ნაჭყებია ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, მშვიდობიან აქციაზე პირბადითა და თავსაფრით დგომის გამო და მას შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 4 დღის ვადით. მიუხედავად იმისა, რომ მან პოლიციის მოთხოვნისთანავე, იდენტიფიცირებისთვის, მოიხსნა პირბადე, მისი სამართალდარღვევად ცნობა მაინც მოხდა. მოსარჩელე აცხადებს, რომ მას პირბადე ეკეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება მან სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო.
9. მოსარჩელე ქეთევან ციცქიშვილი 2025 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ მშვიდობიან აქციაში მონაწილეობდა და სხვა მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა უკვე გადაკეტილი გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც იგი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა 5 დღიანი პატიმრობა. ამ შემთხვევაშიც, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საჩივარი დაუშვებლად ცნო.
10. მოსარჩელე ანა ბდეიანი 2025 წლის 3 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ მონაწილეობდა მშვიდობიან შეკრებაში. სასამართლომ მოსარჩელე ცნო სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით და ვინაიდან მას ჰყავს 12 წლამდე ასაკის შვილი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოქალაქეები გზის სავალ ნაწილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თავად გადაიყვანეს 21:25 საათზე, ხოლო 21:50 საათზე პოლიციის თანამშრომლებმა ისინი კვლავ დააბრუნეს ტროტუარზე. სასამართლოს დადგენილების თანახმად, მოსარჩელე სავალი გზის ნაწილზე იმყოფებოდა მაქსიმუმ 25 წუთის განმავლობაში.
11. მოსარჩელე მადლენა ჩილაჩავა 2025 წლის 2 ნოემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და სახე ჰქონდა დაფარული პირბადით. ამ ფაქტის გამო, იგი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ერთდღიანი პატიმრობა. ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ მადლენა ჩილაჩავა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად გზის სავალ ნაწილს კეტავდა დაახლოებით 23 წუთის განმავლობაში, ხოლო პირბადე ეკეთა ერთი წუთის განმავლობაში. მოსარჩელემ განმარტა, რომ პირბადე ეკეთა მწვავე ბრონქიტის გამო. მიუხედავად ამისა, იგი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.
12. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, კერძოდ, მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული შეკრების თავისუფლება. დარღვევა ვლინდება როგორც დაკისრებული სანქციების არაპროპორციულობაში, ასევე გზის გადაკეტვისა და შეკრება/მანიფესტაციის დროს სახის დაფარვის მარეგულირებელი ნორმების იმგვარი ნორმატიული შინაარსით გამოყენებაში, რომელიც ქმნის მათი არაკონსტიტუციურად განმარტებისა და გამოყენების საფუძველს.
13. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია შეკრებისა და მანიფესტაციის დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის რეგულაციები. მოსარჩელე არ აყენებს ეჭვქვეშ ამგვარი შეზღუდვების ზოგად დასაშვებობას, არამედ სადავოდ ხდის მათ ბუნდოვანებასა და იმ ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ სანქციებს, რომლებიც არაპროპორციული პასუხისმგებლობის საფუძველს ქმნის.
14. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი კრძალავს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნას, მათ შორის, აღნიშნული კანონის 111 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მოსარჩელე მხარის განმარტებით არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს, რას ნიშნავს დაბრკოლების განზრახ შექმნა. ნორმის ბუნდოვანება პრაქტიკაში იწვევს უკიდურესად ფართო ინტერპრეტაციას, რის გამოც გზის ხელოვნურ გადაკეტვად მიიჩნევა პოლიციის მიერ უკვე გადაკეტილ გზაზე დგომა, გადაკეტილ გზაზე გავლა შეჩერების გარეშე და ტრანსპორტის სავალი ნაწილის კიდეზე ფეხის დადგმაც კი. ამავდროულად, ნორმის გამოყენების პრაქტიკა აჩვენებს, რომ პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარისია იმის დადგენა, რომ პირი თუნდაც რამდენიმე წამის განმავლობაში ხელოვნურად კეტავდა გზას. მოსარჩელეთა შემთხვევაში გზის სავალ ნაწილზე დგომა გაგრძელდა 23 და 25 წუთის განმავლობაში, ხოლო ერთ შემთხვევაში მოსარჩელე მოძრაობდა მარშთან ერთად, შეკრების სხვა ათასობით მონაწილესთან ერთად. ამგვარი განუსაზღვრელობა განაპირობებს ნორმის თვითნებურ გამოყენებას როგორც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, ისე სასამართლოს მიერ − კონტექსტის, დროის ხანგრძლივობის, ადგილისა და ქცევის სტატიკური თუ დინამიკური ხასიათის გაუთვალისწინებლად.
15. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ბუნდოვანია სახის დაფარვის აკრძალვის რეგულაციის მიზანი. ამგვარი აკრძალვა მკაფიოდ და ცალსახად უნდა ემსახურებოდეს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების ხელშეშლის მიზანსა და შეკრების მონაწილეთა ქცევის შეფასებას − საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფის ან ძალადობის რისკების აღმოფხვრას. თუ პირი სახეს იფარავს სხვა ლეგიტიმური მიზნებით − ჯანმრთელობის დაცვის, რელიგიური რწმენის, კონკრეტული შეხედულების გამოხატვის, ინდივიდუალური უსაფრთხოების ან ანონიმურობის მიზნით, მით უფრო, შეკრების ადგილიდან გეოგრაფიულად დაცილებულ სივრცეში, ასეთი ქცევა არ უნდა იკრძალებოდეს. მიუხედავად ამისა, სასამართლო პრაქტიკაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა სამედიცინო პირბადის ტარება. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს, რომ შეკრების მონაწილის მიერ სახის დაფარვას აქვს გამომხატველობითი ფუნქცია და იგი დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით.
16. მოსარჩელე მხარის შეფასებით, სადავო ნორმები არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს. მათი რეალური მიზანი არ არის საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, არამედ მოქალაქეთა დაშინება და კრიტიკული და არასასურველი აზრის გამოხატვის ჩახშობაა. ჩამოყალიბებული პრაქტიკა ქმნის რეპრესიულ მექანიზმს, რომელიც ზღუდავს არა მხოლოდ შეკრების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლებას. სისხლისსამართლებრივი დევნის ან არაპროპორციული სანქციების შიში ქმნის მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლებაზე. ბუნდოვანი ფორმულირება და უკიდურესად მძიმე სანქციები იწვევს თვითცენზურას და მოქალაქეების თავშეკავებას მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისგან.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე ასკვნის, რომ სადავო რეგულაციები არ ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებს და უკიდურესად მძიმე ჩარევას წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ შეკრების თავისუფლებაში.
18. მოსარჩელე მხარე პრობლემურად მიიჩნევს შეკრების/მანიფესტაციის მიმდინარეობისას სახის დაფარვისთვის და გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის დაწესებულ სანქციებს. მოსარჩელე მხარე 5 000 ლარიანი ჯარიმის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამობის სამტკიცებლად მიუთითებს, რომ პრობლემურია თავად 5 000 ლარიანი ჯარიმის ბლანკეტური და ფიქსირებული ხასიათი, რაც მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, გაითვალისწინოს პირის სოციალური მდგომარეობა, საქმის ინდივიდუალური გარემოებები და დააკისროს მას ნაკლები ოდენობის ჯარიმა ან სხვა ნაკლებად მძიმე ადმინისტრაციული სახდელი. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 5 000 ლარი აღემატება საშუალო ხელფასის ორმაგ ოდენობას, რაც სანქციას განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აქცევს. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე მიუთითებს 5 000 ლარიანი ჯარიმის სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულ ჯარიმებთან შედარებით აშკარა დისპროპორციულობაზე. კერძოდ, უფრო მძიმე შედეგების მომტანი ქმედებებისთვის, რასაც შესაძლებელია მესამე პირების ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვეს, გათვალისწინებულია მნიშვნელოვნად ნაკლები ჯარიმები (მაგ., 50-100 ლარი). ამ ფონზე გზის დროებითი გადაკეტვისთვის 5 000 ლარის დაკისრება აშკარად არაპროპორციულია. მოსარჩელე მხარე განსაკუთრებულად არაჰუმანურად და ღირსების შემლახველად მიიჩნევს 5 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას იმ პირისთვის, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, ვინაიდან ასეთი სანქცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის ბავშვის საარსებო მინიმუმს.
19. მოსარჩელე მხარე ხაზგასმით მიუთითებს, რომ შეუსაბამოდ მაღალ ჯარიმას მინიჭებული აქვს მხოლოდ პრევენციული ფუნქცია, რაც კონკრეტული პირების ინსტრუმენტალიზაციას იწვევს. არაპროპორციული ჯარიმის მიზანი არ არის კონკრეტული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, არამედ პირის გამოყენება სხვა მოქალაქეების დასაშინებლად, რათა მათ თავი შეიკავონ შეკრების უფლების რეალიზებისაგან.
20. რაც შეეხება მოსარჩელეების არგუმენტაციას ადმინისტრაციული პატიმრობის არაპროპორციულობაზე, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ შეკრების/მანიფესტაციის დროს სახის დაფარვისა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა წარმოადგენს უკიდურესად მძიმე სანქციას. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ზოგადად, თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნული ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვეული საფრთხეების გათვალისწინებით და როდესაც საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე შეუძლებელია სასჯელის მიზნების მიღწევა. მოცემულ შემთხვევებში კი ასეთი აუცილებლობა არ არსებობს. პატიმრობის გამოყენება ისეთი ქმედებისთვის, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციით დაცული შეკრების უფლების რეალიზაციას და არ იწვევს მესამე პირების სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფას, გამოირჩევა ჩარევის მაღალი ინტენსივობით და ჰუმანურობის პრინციპის უგულებელყოფით. ამასთან ერთად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოქმედი რედაქციით ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა საერთოდ აღარ არის ალტერნატიულ სახდელად გათვალისწინებული, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩარევის ინტენსივობას და გათვალისწინებული სანქციის არაპროპორციულობას.
21. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სახის დაფარვა და გზის დროებითი გადაკეტვა, მათ შორის განმეორებითიც კი, თავისი ბუნებით ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, მათგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით. მშვიდობიანი პროტესტის დროს სახის დაფარვა და გზის დროებითი გადაკეტვა, არ აზიანებს ისეთ მაღალი მნიშვნელობის სამართლებრივ სიკეთეებს, რომელთა დასაცავად თავისუფლების ხანგრძლივი აღკვეთა იქნება გამართლებული. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობა იცნობს სასჯელის სხვა, უფრო მსუბუქ ფორმებსაც, თუმცა კანონმდებელმა აირჩია ყველაზე მკაცრი ალტერნატივა, რაც მიუთითებს არა ინდივიდუალურ მართლზომიერ რეაგირებაზე, არამედ დასჯაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე. ამასთანავე, რეგულაცია მოსამართლეს პრაქტიკულად აქცევს სადამსჯელო ორგანოდ და ართმევს მას შესაძლებლობას, შეუფარდოს პირს ქმედებისა და პიროვნული გარემოებების შესაბამისი სანქცია.
22. მოსარჩელე მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პატიმრობის გარდა ნებისმიერი სხვა სისხლისსამართლებრივი სასჯელი ზემოაღნიშნული ქმედებებისთვის იქნებოდა არაკონსტიტუციური, ვინაიდან მშვიდობიან აქციაზე სახის დაფარვა ან გზის მცირე დროით გადაკეტვა ვერ გახდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. სისხლისსამართლებრივი რეგულირება დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს საშუალებას (ultima ratio) და გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამოწურულია სამართლებრივი სიკეთეების დაცვის სხვა მექანიზმები. თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს სერიოზული და გადაუდებელი აუცილებლობა მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, მათ შორის, ძალადობრივი ქცევის რეალური საფრთხის პირობებში. მოცემულ შემთხვევებში კი ასეთი აუცილებლობა არ არსებობს.
23. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების პრაქტიკაში გამოყენების მიზნები მიუთითებს, რომ გათვალისწინებული სანქციები/სასჯელი არის სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიან შეკრებაში მონაწილე პირების დასაშინებლად, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ამავე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ადამიანის ღირსებას.
24. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის დროს სახის ნიღბით დაფარვისა და გზის ხელოვნური გადაკეტვისთვის ითვალისწინებს მძიმე ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ სანქციებს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედება უკვე იწვევს და მომავალშიც გარდაუვალად გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს როგორც მოსარჩელეების, ისე ათასობით სხვა პირის მიმართ. პროტესტის მონაწილეთა ნაწილს უკვე დაეკისრა მძიმე სანქციები, ნაწილს კი ემუქრება იგივე შედეგები მიმდინარე და მომავალი საქმეების ფარგლებში. განსაკუთრებით მწვავეა ფინანსური ტვირთი სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სოციალურად მოწყვლად ჯგუფს და მაღალი ჯარიმების გადახდამ შესაძლოა მათთვის მძიმე სოციალური შედეგები გამოიწვიოს (სწავლის შეწყვეტა ან მიტოვება). კიდევ უფრო მძიმეა პატიმრობის რეალური რისკი, რომლის გამოყენებაც უკვე ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა. ამგვარი სანქციების გამოყენება არღვევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და აღწევს ადამიანის ღირსების უფლებაში ჩარევის ისეთ დონეს, რომლის კომპენსირებაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც ვერ მოხდება. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება ეფექტიანად აღკვეთს გამოუსწორებელ ზიანს. შედეგად, მოსარჩელეები და მათ მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები დაცული იქნებიან ღირსების შემლახავი ჩარევისგან და შეძლებენ შეკრების თავისუფლებით რეალურად სარგებლობას. მოსარჩელეებს არ გააჩნიათ გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილების სხვა ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა და სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება წარმოადგენს ერთადერთ რეალურ გზას გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების შეჩერება არ აზიანებს სხვა ლეგიტიმურ კონსტიტუციურ ინტერესებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილება
1. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის (2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული სადავო ნორმის (2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.
2. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის №1204-IVმს-XIმპ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომელიც ამოქმედდა 2025 წლის 11 დეკემბრიდან. განხორციელებული ცვლილების შედეგად, სადავო ნორმას დაემატა ახალი აკრძალული ქცევის წესები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის გარდა (რასაც მოსარჩელე მხარე ხდის სადავოდ) სადავო ნორმას დაემატა და ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა. ამავდროულად, განხორციელებული ცვლილების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედი რედაქციით, ზემოაღნიშნული დარღვევებისთვის დაწესებული სანქციები განისაზღვრა აღნიშნული ნორმის 2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის ანალოგიურად (რასაც მოსარჩელე მხარე ხდის სადავოდ). შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებები არ შეხებია მოსარჩელე მხარის პრობლემას, არამედ გაფართოვდა სადავო ნორმით აკრძალული ქმედებების ჩამონათვალი და განისაზღვრა ახალი სამართალდარღვევები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის 2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის ანალოგიურად, აღნიშნული ნორმის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, ისევ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა (რასაც მოსარჩელე მხარე ხდის სადავოდ), რომლისთვისაც პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებულია აღნიშნული სადავო ნორმის 2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის ანალოგიური სანქციები (ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობა 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს ეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით).
3. შესაბამისად, ცხადია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული უფლებაშემზღუდველი წესი და მისგან მომდინარე კონსტიტუციური პრობლემის მოცულობა კვლავ ანალოგიური ფორმით მოქმედებს მოსარჩელე მხარესთან მიმართებით. ამდენად, სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილებები, სამართალწარმოების გაგრძელების მიზნებისათვის, უნდა ჩაითვალოს არაარსებითად. ასეთ შემთხვევაში კი, გასაჩივრებული დებულების არაარსებითი ცვლილებისას, სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობის შეფასება მიზნად ისახავს უფლების დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფასა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის ხელოვნური გაჭიანურების პრევენციას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/2/1587 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 31-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/8/1455 განჩინება საქმეზე „გოგი გვიდიანი, ბადრი გვიდიანი, ბიძინა გვიდიანი და ჯამლათ გვიდიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3;).
4. უფლების დაცვის ეფექტიანობა კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ, როდესაც განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სადავო ნორმას ემატება ახალი განსაზღვრება/მოცემულობა, თუმცა, იგი შინაარსობრივად არ ცვლის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ შინაარსს, საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას და აფასებს მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობას (იხ., მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის №1/7/1437 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/5/1355,1389 გადაწყვეტილება საქმეზე „სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-12).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ იწვევს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
6. თავის მხრივ, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მასში განხორციელებული ცვლილებებით მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემა არ შეცვლილა. საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ პრობლემურად მიჩნეულ საკითხთან მიმართებით კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელებულა/მოწესრიგება არ შეცვლილა, აზრს მოკლებულია, მასთან სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე მიმართვის საჭიროებაც (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/2/1587 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 31-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/8/1455 განჩინება საქმეზე „გოგი გვიდიანი, ბადრი გვიდიანი, ბიძინა გვიდიანი და ჯამლათ გვიდიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამ თვალსაზრისით, არ იკვეთება რაიმე გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა, რომ მოსარჩელეებმა დაკარგეს ინტერესი საქმის წარმოების გაგრძელებასთან მიმართებით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, სამართალწარმოება უნდა გაგრძელდეს მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების გზით.
7. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადაწყვეტისას, შეაფასებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედი რედაქციის სიტყვების „... „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.
2. ძალადაკარგული სადავო ნორმის მისაღებობა
8. №1918 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ...“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მართალია, განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სადავო ნორმა ძალადაკარგული იყო კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისათვის, თუმცა, მიუხედავად მისი ფორმალურად ძალადაკარგულობისა, 2025 წლის 16 ოქტომბრამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე დღესაც წარმოადგენს გამოსაყენებელ სამართალს საერთო სასამართლოების მიერ. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს 2025 წლის 13 თებერვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, დაეკისრა 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი განსახილველად გადაეცა სასამართლოს, რომელსაც ჯერ არ მიუღია შესაბამისი გადაწყვეტილება. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროისთვის მოქმედი ნორმის საფუძველზე, რის გამოც, იგი სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის 2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციის მე-5 ნაწილს, როგორც მის მიმართ გამოსაყენებელ სამართალს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სადავო ნორმა, მიუხედავად მისი ძალადაკარგულობისა, ინარჩუნებს ძალმოსილებას მისი ადრესატის მიმართ და გააჩნია აქტუალურ დროში მოსარჩელის ძირითადი უფლებების შეზღუდვის, in concreto სამართლებრივი შედეგის დაყენების რესურსი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მან იმსჯელა კონსტიტუციური წარდგინების შემოტანამდე ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც მიუხედავად სადავო აქტის ფორმალურად ძალადაკარგულად ცნობისა, იგი ინარჩუნებდა ძალმოსილებას მისი ადრესატების მიმართ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“). ზემოაღნიშნული მიდგომის გამართლებულობა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა შემდგომშიც, 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინებაში, საქმეზე „ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს ზემოაღნიშნული სადავო ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.
10. აღსანიშნავია, რომ №1918 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილი (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) მთლიანად. აღნიშნული ნორმა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომას. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელე მარიამ ჯანჯარიას, სადავო ძალადაკარგული ნორმის საფუძველზე, სანქციის სახით დაეკისრა 5000 ლარიანი ჯარიმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის იმ წესის დარღვევისთვის, რომელიც ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას კრძალავს. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში არ მიუთითებს, რომ მას სადავო ძალადაკარგული ნორმის საფუძველზე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის აკრძალვის მიღმა, ამავე ნორმით გათვალისწინებული სხვა რომელიმე წესის დარღვევისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა და საერთო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში სწორედ მათ საფუძველზე არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების რისკი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას შეეხება, არსებითად განსახილველად მიიღებს და იმსჯელებს სწორედ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას კრძალავს. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად არ მიიღებს სადავო ნორმას სანქციის იმ ნაწილში, რომელიც ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ვინაიდან, როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელე მხარეს სანქციის სახით არ დაკისრებია ადმინისტრაციული პატიმრობა და საერთო სასამართლოში მიმდინარე საქმის ფარგლებში არ განიხილება მისთვის ზემოაღნიშნული სანქციის (ადმინისტრაციული პატიმრობის) შეფარდების საკითხი.
11. შესაბამისად, ძალადაკარგული სადავო ნორმის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად მიიღებს და იმსჯელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ითვალისწინებს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
12. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ნაწილი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
13. №1918 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ...“ და მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ და აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
14. მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე მიუთითებს იმდენად, რამდენადაც მიიჩნევს, რომ არაჰუმანური სასჯელის გამოყენებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი. შესაბამისად, მოსარჩელეების არგუმენტაცია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე, არსებითად უკავშირდება სასჯელის არაპროპორციულობის არგუმენტებს.
15. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცული ღირსების ხელშეუვალობა წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულება ადამიანის, როგორც თავისუფალი ინდივიდის და ძირითადი უფლებების მქონე სუბიექტად აღიარებაში მდგომარეობს. კერძოდ, „აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). შესაბამისად, „ადამიანის ღირსების პატივისცემა და დაცვა გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის შიშველ ობიექტად განხილვას, მის ინსტრუმენტალიზაციას. სახელმწიფოს ეკრძალება იმგვარი ზომების მიღება, რომელიც ფუნდამენტურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინდივიდს, როგორც თავისთავად ღირებულებას და პატივს არ სცემს მის სამართალსუბიექტობას არსებულ კონსტიტუციურ წესრიგში. შედეგად, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ადამიანს განიხილავს მიზნის მიღწევის საშუალებად ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/2/1248 გადაწყვეტილება საქმეზე „ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-20).
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება ... [არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების] კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24).
19. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობა შეფასებადი იყოს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა მხოლოდ შესაბამისი, დასაბუთებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების არგუმენტაცია უკავშირდება წმინდად სასჯელის პროპორციულობის საკითხს, დაწესებული ადმინისტრაციული სახდელებისა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის მძიმე ხასიათს და უფრო მსუბუქი სასჯელების გათვალისწინების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარეს, სანქციის პროპორციულობის მიღმა, არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტაცია, რომელიც მიემართება ისეთ საკითხებს, რაც არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში და, შესაბამისად, დამოუკიდებლად, საჭიროებს შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ღირსების ხელშეუვალობასთან მიმართებით.
20. იმავდროულად, სადავო ნორმების საფუძველზე, ღირსების ხელშეუვალობის დარღვევასთან მიმართების სამტკიცებლად არ შეიძლება გამოდგეს მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, რომ ზოგადად ღირსების შემლახველია სადავო ქმედებების კრიმინალიზება და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად გამოცხადება. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიზანია დაიცვას პირი სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ზემოქმედებისაგან. იგი არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ფარგლებში თავად განსაზღვროს ქმედების სამართლებრივი ბუნება და მოაწესრიგოს იგი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის №1/22/770 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-5).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1918 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ...“ და მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ და აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით
22. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავო ხდის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ა2“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“, ამავე მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა −“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
23. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად უკავშირდება დაწესებული სანქციების/სასჯელების არაპროპორციულობას.
24. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სადავო რეგულაციები წარმოადგენს კონკრეტული ადმინისტრაციულსამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებების შემადგენლობას (დისპოზიციას). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია შესაძლებელია, ზღუდავდეს იმ მატერიალურ უფლებას, რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული, ხოლო, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, (როდესაც მოთხოვნილია სასჯელის პროპორციულობის შეფასება), არ ფასდება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია. იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს, უშუალოდ ქმედების დისპოზიციასთან მიმართებით, არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია, იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ ზღუდავს ამ ქმედების სამართალდარღვევად ან დანაშაულად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
25. ამდენად, ერთი მხრივ, სადავო მოწესრიგება არ განსაზღვრავს დადგენილი აკრძალვისთვის პასუხისმგებლობის ზომას, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ იწვევს, ზოგადად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ქმედებების სამართალდარღვევად და დანაშაულად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას.
26. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ა2“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ , ამავე მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა −“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1918 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის მისაღებობის ფარგლები
27. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ...“ კონსტიტუციურობას მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა მოსარჩელე მხარე არაპროპორციულ სასჯელად მიიჩნევს მხოლოდ ჯარიმასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას. იგი საერთოდ არ მიუთითებს, სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია, რომელიც ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, რატომ არის არაპროპორციული. იმავდროულად, იგი არ მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სანქცია მსუსხავ ეფექტს იწვევს შეკრების თავისუფლებაზე. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
28. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავო ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ... ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, ... . ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ იმ ნორმატიულ შინაარს, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით, თუმცა მოსარჩელე მხარის სასარჩელო არგუმენტაცია უკავშირდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი აკრძალვებისა და მათთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების არაკონსტიტუციურობის მტკიცებას. მოსარჩელე მხარე საერთოდ არ ასაბუთებს ამავე სადავო ნაწილით გათვალისწინებული იმ აკრძალვების არაკონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს და მათთვის დადგენილ პასუხისმგებლობის ზომებს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
29. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას და ადმინისტრაციულ ჯარიმას.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1918 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
7. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შეფასება
31. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის დროს სახის ნიღბით დაფარვისა და გზის ხელოვნური გადაკეტვისთვის ითვალისწინებს მძიმე ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ სანქციებს.
32. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე.
34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31-35).
35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის №1/1/592 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
36. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კერძოდ, უნდა დადგინდეს შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს.
37. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობა, თავად შეაფასოს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საჭიროება, შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსარჩელეს არ ათავისუფლებს სათანადო არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისგან, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ სადავო ნორმის მოქმედება წარმოქმნის მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/6/877 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „ალტა“, შპს „ოქეი“, შპს „ზუმერი ჯორჯია“, შპს „ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და შპს „სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
38. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმების მოქმედება. ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო შეჩერების შუამდგომლობის განხილვისას სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერებაზე იმსჯელებს, რომლებსაც იგი იღებს არსებითად განსახილველად.
39. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) მოქმედების შეჩერებას. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, იგი არსებითად განსახილველად მიიღებს და იმსჯელებს აღნიშნული ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლო სწორედ ამ ნაწილში განიხილავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობას.
40. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, ერთ-ერთი მოსარჩელის, მარიამ ჯანჯარიას, მიმართ საერთო სასამართლოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და იგი დგას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრების საფრთხის წინაშე. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 5 000 ლარი წარმოადგენს არაპროპორციულად მძიმე ფინანსურ ტვირთს არა მხოლოდ მოსარჩელისთვის, არამედ მოსახლეობის უმეტესობისთვის, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვას. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით აღარ იარსებებს უკიდურესად მძიმე, ღირსების შემლახავი ჯარიმების გამოყენების შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ზომას, რაც მსუსხავ ეფექტს იწვევს შეკრების უფლებით სარგებლობაზე და აიძულებს პირებს უარი თქვან აღნიშნული უფლების განხორციელებაზე.
41. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია არ სცდება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცების არგუმენტებს, უფლების არაპროპორციულად შეზღუდვისა და მსუსხავი ეფექტის საკითხს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილი არგუმენტაცია ვერ გამოდგება, იმავდროულად, სადავო რეგულაციის მოქმედების შეჩერების საჭიროების დასასაბუთებლად. მოსარჩელე მხარემ, დამატებით, უნდა წარმოაჩინოს, თუ რით გამოიხატება სადავო ნორმის მოქმედებით მისთვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მხოლოდ „ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის უფლებების შესაძლო დარღვევა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში, თავისთავად ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. უფლების შესაძლო შეზღუდვა, როგორც წესი, ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმით გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16).
42. ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მაღალ ჯარიმებს აქვს მსუსხავი ეფექტი შეკრების უფლებით სარგებლობაზე და არაპროპორციულად ზღუდავს აღნიშნულ უფლებას, ამავდროულად, იმ ფაქტზე აპელირება, რომ იგი წარმოადგენს არაპროპორციულად მძიმე ტვირთს მოსარჩელისთვის, არ არის საკმარისი იმ გამოუსწორებელი ზიანის წარმოსაჩენად, რომელიც შესაძლებელია, გახდეს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკაში ყველა იმ სადავო ნორმის მოქმედება უნდა შეაჩეროს, რომელიც ზოგადად პასუხისმგებლობის დამდგენია, პასუხისმგებლობის ზომად ითვალისწინებს მაღალ ჯარიმას და წარმოადგენს მოსარჩელე მხარისთვის ზედმეტ ფინანსურ ტვირთს. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ვერ გადაწყდება მოსარჩელის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზოგადი აპელირებით, თავისთავად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რომელიმე უფლებითა თუ თავისუფლებით სარგებლობისათვის გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალური საფრთხის დასაბუთების გარეშე და მხოლოდ იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაწესებული სახდელი მძიმე ფინანსური ტვირთია გარკვეულ პირთა წრისათვის.
43. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სადავო რეგულაცია არ ართმევს პირს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. სადავო რეგულაცია ადგენს ქცევის კონკრეტულ წესს, რომლის დაცვითაც უნდა განხორციელდეს შეკრება/მანიფესტაცია და განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მისი დარღვევისთვის. მოსარჩელეს ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების/გადაუხდელობის შემთხვევაშიც არ ეკრძალება აღნიშნული უფლებით სარგებლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. სადავო რეგულაცია მიემართება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მას არ მიიღებდა არსებითად განსახილველად, თუმცა სადავო რეგულაციის - ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მონაწილეების მიერ განზრახ დაბრკოლების შექმნის აკრძალვის მიზანშეწონილობა, ისევე როგორც სადავო სანქციის (ადმინისტრაციული ჯარიმის) პროპორციულობის შეფასება, წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შესაფასებელ მოცემულობას. მოცემულ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია ის, რომ სადავო ნორმის მოქმედება არ იწვევს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სარგებლობის შეუძლებლობას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს გამოუსწორებელი შედეგის არსებობის ალბათობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) მოქმედების შეჩერების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
44. მოსარჩელე მხარე, ასევე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციულ პატიმრობას მიიჩნევს იმ გამოუსწორებელ ზიანად, რომლით გამოწვეული შედეგებიც ვერ აღმოიფხვრება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებითაც. ასევე, მოსარჩელე შუამდგომლობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედების შეჩერების შესახებ, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ მოხდება იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მას მიადგება თავისუფლების აღკვეთით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სადავო დებულებების შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, გამოუსწორებელი ზიანის წარმოსაჩენად, არსებითად უკავშირდება იმ ფაქტს, რომ აღკვეთილი თავისუფლების დაბრუნება ვერ მოხდება.
45. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ ზოგადად პირის თავისუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით, მისი ყველაზე ინტენსიური ფორმით − ფიზიკური თავისუფლების აღკვეთით (თუნდაც კონსტიტუციურად) − თავისი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირისთვის მძიმე უფლებრივ ტვირთს, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული გარემოება თავისთავად და ავტომატურად ვერ განაპირობებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. უფლების შეზღუდვის ინტენსივობა ან სანქციის სიმკაცრე, თავისთავად, დამატებითი გარემოებების გარეშე ვერ იქნება მიჩნეული იმ გამოუსწორებელ შედეგად, რომელიც სადავო ნორმის შეჩერების საფუძველს ქმნის. საწინააღმდეგო მიდგომის გაზიარება მნიშვნელოვნად გააფართოებდა შეჩერების ინსტიტუტის მოქმედების ფარგლებს და პრაქტიკულად გამოიწვევდა იმ შედეგს, რომ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დამდგენი ნორმების მნიშვნელოვანი ნაწილი, მხოლოდ სანქციის ბუნებიდან გამომდინარე, დაექვემდებარებოდა მოქმედების შეჩერებას, რაც არ არის თავსებადი შეჩერების ინსტიტუტის ფუნქციურ მიზანთან.
46. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ გამოუსწორებელი შედეგის არსებობა არ განისაზღვრება მხოლოდ უფლების შეზღუდვის ფაქტით ან მისი ხანგრძლივი ხასიათით. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმის მოქმედებით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16).
47. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების დროებით ღონისძიებას მიმართავს იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მხარისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები. აღნიშნული მიდგომა განპირობებულია იმით, რომ საქმის არსებით განხილვამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით, სამართლებრივ სივრცეში ნორმა მოქმედებას წყვეტს საკითხის არსებითი შესწავლის, ნორმის ბუნების ზედმიწევნით გამორკვევის გარეშე, რამაც შესაძლოა, დისფუნქციური გახადოს მოქმედი კანონმდებლობა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს იმ სამართლებრივი ურთიერთობების გამართული ფუნქციონირება, რომელთა მოწესრიგებასაც აღნიშნული ნორმები ემსახურება. ამდენად, შეჩერების მექანიზმის ყოველ ჯერზე გამოყენებას თან სდევს ხანგრძლივი საკანონმდებლო ვაკუუმის წარმოშობის საფრთხე და ამდენად, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და მესამე პირთა ინტერესების ხელყოფის რისკი. სწორედ ამ მიზეზით, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით აფასებს. იგი მოსარჩელე მხარისგან მოითხოვს არა მხოლოდ ზოგადად უფლების შეზღუდვის ფაქტზე და მის განგრძობით ხასიათზე მითითებას, არამედ დამაჯერებელი არგუმენტებით იმის წარმოჩენას, რომ სადავო ნორმის მოქმედების გაგრძელება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ქმნის გამოუსწორებელი, შეუქცევადი ზიანის მიყენების რეალურ რისკს. მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად მოქმედი სამართლებრივი რეგულაციის დროებითი შეჩერება, როგორც განსაკუთრებული და გამონაკლისი ღონისძიება, რომელიც ემსახურება ეფექტიანი კონსტიტუციური მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების რეალური დაცვის უზრუნველყოფას.
48. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული საფრთხის წინაშე მდგარი ან უკვე თავისუფლებააღკვეთილი მოსარჩელეების მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლო, პრაქტიკაში, არ აკმაყოფილებს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითების საფუძვლით, რომ მათ შესაძლოა აღეკვეთოთ/ან უკვე აღკვეთილი აქვთ თავისუფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები (რომლებიც შეიძლება იყოს კიდეც არაკონსტიტუციური) არ აყენებს მოსარჩელეს გამოუსწორებელ ზიანს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, მათ შორის, დანიშნული სასჯელის ნაწილში, ხოლო უკვე აღკვეთილ თავისუფლებას (თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გატარებულ დღეებს) სასამართლო პრაქტიკაში არ მიიჩნევს იმ გამოუსწორებელ ზიანად, რაც შეჩერების ინსტიტუტის გამოყენებას ამართლებს. აღნიშნულის გამო, იმ ფაქტზე მითითება, რომ მოსარჩელეს შესაძლოა სასჯელის სახედ დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა სადავო ნორმის საფუძველზე, ვერ გამოდგება მისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის დასასაბუთებლად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1/17/882 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის №1/2/696 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის №1/21/701,722,725 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №1/11/657 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
49. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ასევე გამოუსწორებელ ზიანად მიიჩნევს ადმინისტრაციულ პატიმრობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული 15 და 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, თავისი ბუნებითა და ინტენსივობით, ნაკლებად მკაცრ ღონისძიებას წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სასჯელთან შედარებით. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სისხლისსამართლებრივი წესით თავისუფლების აღკვეთას (მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების გამო) არ მიიჩნევს, თავისთავად, ისეთ გამოუსწორებელ ზიანად, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას გაამართლებდა, მით უფრო ვერ იქნება ასეთი დასკვნის საფუძველი, ნაკლები ინტენსივობის მქონე ღონისძიების შესაძლო გამოყენება. ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა, ვერ გახდება სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თვითკმარი არგუმენტი.
50. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შესაძლო არაკონსტიტუციურად ცნობა თავად უზრუნველყოფს მისგან მომდინარე სამართლებრივი ტვირთის აღმოფხვრას. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო სისხლის სამართლის წესით უკვე აღკვეთილი თავისუფლების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება, გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების აღმოფხვრის სამართლებრივი შესაძლებლობა ძირითადი გადაწყვეტილების მიღების გზით. ამდენად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
51. ამასთანავე, შეკრების თავისუფლების შეუქცევადად დაზიანების კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 43-ე პუნქტში, სასამართლომ განმარტა, რომ სადავო რეგულაცია არ ართმევს პირს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. სადავო რეგულაცია ადგენს ქცევის კონკრეტულ წესს, რომლის დაცვითაც უნდა განხორციელდეს შეკრება/მანიფესტაცია და განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მისი დარღვევისთვის. მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგაც სარგებლობს შეკრების უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, ხოლო სადავო რეგულაციიდან მომდინარე შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადასაწყვეტ საკითხს. მოცემულ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია ის, რომ სადავო ნორმის მოქმედება არ იწვევს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შეუძლებლობას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს გამოუსწორებელი შედეგის არსებობის ალბათობას.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტი, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1918 კონსტიტუციური სარჩელი („მარიამ ჯანჯარია, ლარა ნაჭყებია, ქეთევან ციცქიშვილი, ანა ბდეიანი და მადლენა ჩილაჩავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
ა.ა) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას;
ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ...“ კონსტიტუციურობას;
ა.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით;
ა.დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „... გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ...“ კონსტიტუციურობას;
ბ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ..., ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, ... ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას;
ბ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობას და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“ კონსტიტუციურობას.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1918 კონსტიტუციური სარჩელი („მარიამ ჯანჯარია, ლარა ნაჭყებია, ქეთევან ციცქიშვილი, ანა ბდეიანი და მადლენა ჩილაჩავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
ა.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − ... გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ...“;
ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით;
ა.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ა2“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ კონსტიტუციურობას;
ბ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ კონსტიტუციურობას;
ბ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა −“ კონსტიტუციურობას და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −“ კონსტიტუციურობას.
ბ.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „... ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით...“ კონსტიტუციურობას;
ბ.ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით...“ კონსტიტუციურობას.
გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
გ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ...“ კონსტიტუციურობას;
გ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მე-10 ნაწილის სიტყვების „... „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას;
გ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე