კახა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
| ნომერი | N1/5/1926 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 30 ივლისი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 4 აგვისტო 2026 15:27 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: კახა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და 21-ე მუხლებთან მიმართებით;
ბ) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 111 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1926) მომართა კახა წიქარიშვილმა. №1926 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 19 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 30 ივლისს.
2. №1926 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების რიგი წესების დარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს და აღნიშნული დარღვევებისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელებს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-5 ნაწილი (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ა2“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის, ითვალისწინებდა სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორი იყო − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამავე კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სადავო სიტყვების თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.
4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნები, რომელიც, თავის მხრივ, დაუშვებლად მიიჩნევს ხალხის ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას. ამავე კანონის 111 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება გასაზღვრავს, რომ დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია ყველა პირის, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, წინასწარი ნებართვის გარეშე, საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება, ხოლო მე-3 ნაწილი ადგენს, რომ ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
6. №1926 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს 2025 წლის 13 თებერვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, დაეკისრა 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ 2025 წლის 13 თებერვალს, ქალაქ თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე კახა წიქარიშვილი კეტავდა საავტომობილო გზის ზოლს მაშინ, როდესაც არსებობდა შეკრება/მანიფესტაციის ფარგლებში საფეხმავლო ბილიკზე პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გზის გადაკეტვა მოხდა თავად პოლიციის თანდასწრებით და მათი დახმარებით. გზის სავალ ნაწილზე არსებული ხალხის რაოდენობა იძლეოდა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ გზის გადაკეტვა იყო სრულიად კანონიერი.
7. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11¹ მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების მოთხოვნის დარღვევისთვის, ადგენდა სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
8. მოსარჩელე მხარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა საერთო სასამართლოებს აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენონ ამჟამად ძალადაკარგული ნორმა (ამავე მუხლის 2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი მე-5 ნაწილი) და ის გაავრცელონ ბოლო ცვლილებებამდე არსებულ სამართალდარღვევებზე. შესაბამისად, სადავო დებულებით, შეიქმნა სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, 5 000 ლარიანი ჯარიმა გზის გადაკეტვისთვის დააკისრონ პირებს, 2025 წლის 16 ოქტომბრამდე წარმოშობილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით. ამდენად, მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსსაც, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11¹ მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნის დარღვევისთვის, საშუალებას იძლევა, სამართალდამრღვევი დაჯარიმდეს 5 000 ლარის ოდენობით (ძველი რედაქციით 174¹ მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით).
9. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11¹ მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიულ შინაარსს: ა) რომლის თანახმადაც, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვად მიიჩნევა იმ პირის ქმედება, რომლის მიმართაც შეკრებაზე დამსწრე შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან, არ ყოფილა გაჟღერებული გაფრთხილება, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა არასაკმარისი რაოდენობის თაობაზე; ბ) რომლის თანახმადაც, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვად მიიჩნევა ყველა ის შემთხვევა, როდესაც გზის სავალი ნაწილის მიღმა რჩება თუნდაც ერთი თავისუფალი ადგილი, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა განთავსება; გ) რომელიც, აღნიშნულ აკრძალვას ადგენს ისე, რომ არ მიუთითებს განჭვრეტად კრიტერიუმებსა და სტანდარტებს, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა „ხელოვნურ გადაკეტვად“.
10. მოსარჩელე მხარე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში მიუთითებს, რომ სადავო ნორმა კრძალავს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნას ისე, რომ არ განსაზღვრავს განჭვრეტად კრიტერიუმებსა და შეფასების სტანდარტებს.
11. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული რეგულაცია იწვევს შეკრების უფლებით სარგებლობაში დაუშვებელ ჩარევას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კონსტიტუცია არ უკავშირებს შეკრების უფლების განხორციელებას მონაწილეთა კონკრეტულ რაოდენობას და არ აწესებს რაოდენობრივ ზღვარს, რომლის მიუღწევლობის შემთხვევაშიც, მოქალაქეებს ეკრძალებათ გზის სავალი ნაწილის დაკავება. შესაბამისად, მოქმედი რეგულაცია, რომელიც გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას უკავშირებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობას და ადგენს, რომ გზის დაკავება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეკრების მონაწილეები გზის პირას აღარ ეტევიან, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის არსს. ამგვარი რეგულაციის პირობებში, შესაძლოა, დავუშვათ ისეთი შემთხვევა, როდესაც შეიკრიბა რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელსაც სურს პროტესტი გამოხატოს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვით. იმ შემთხვევაში, თუ გზა გაშლილ მინდორში გადის, მაშინ ისინი ვერასდროს ვერ შეძლებენ გზის გადაკეტვას, ვინაიდან გაშლილ მინდორში შესაძლებელია, დაეტიოს რამდენიმე ათასი ადამიანი.
12. მოსარჩელის შეფასებით, ხელოვნური გადაკეტვისა და რაოდენობითი აუცილებლობის ცნებები შეფასებით კატეგორიებს წარმოადგენს და არ შეიცავს ობიექტურად დათვლად, მკაფიო კრიტერიუმებს. ასეთი ფორმულირება იძლევა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ზრდის ნორმის თვითნებური გამოყენების რისკს. მოქმედი პრაქტიკა ადასტურებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და საერთო სასამართლოები აღნიშნულ ნორმებს განმარტავენ ისე, რომ, პრაქტიკულად, ნებისმიერი გზის დაკავება მიიჩნევა სამართალდარღვევად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბოლო თვეებში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, პირის სამართალდამრღვევად ცნობა ხდება, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე გადასვლისთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ტროტუარზე ადგილი არის. პრაქტიკაში პირის სამართალდამრღვევად ცნობა ეფუძნება მხოლოდ ვიდეოჩანაწერით გზის სავალ ნაწილზე მისი დაფიქსირების ფაქტს, რაც მოქალაქეს აკისრებს არაგონივრულ ვალდებულებას, მუდმივად აკონტროლოს ხალხის რაოდენობა და სივრცის „ტევადობა“, რათა თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. ამასთან, შეკრება დინამიკური პროცესია და მონაწილეთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, რის გამოც, სტატიკური დაკვირვება საკმარისი ვერ იქნება სამართლებრივი შეფასებისთვის.
13. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ მოქალაქეს უნდა შეეძლოს, გონივრული ხარისხით განსაზღვროს, თუ რა ქმედება გამოიწვევს პასუხისმგებლობას. თუმცა, არსებული რეგულაცია და მისი პრაქტიკული გამოყენება ასეთ სიცხადეს არ იძლევა. პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობილი არიან იმ შემთხვევაშიც, როდესაც ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის ადგილას იმყოფება პოლიცია, რომელიც არ ახორციელებს გაფრთხილებას აქციის მონაწილეების მიმართ, რომ მათი რაოდენობა არ არის საკმარისი ტრანსპორტის სავალი ნაწილის დაკავებისთვის.
14. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის სამართალდარღვევად კვალიფიკაცია ვერ შეფასდება პოლიციის მოქმედებისა თუ უმოქმედობის კონტექსტის გარეშე. მოქმედი კანონმდებლობა სახელმწიფოს აკისრებს პრევენციულ ვალდებულებას, სამართალდარღვევის თავიდან აცილებას, შესაბამისი მოთხოვნების განმარტებას, გაფრთხილების გაცემას და ქმედების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობის უზრუნველყოფას. პრაქტიკაში კი აღნიშნული მექანიზმი არ ხორციელდება. პოლიცია თავად უზრუნველყოფს გზის გადაკეტვასა და მოძრაობის გადამისამართებას, თუმცა შემდგომ პერიოდში მონაწილეებს სამართალდამრღვევებად ცნობს გაფრთხილების გარეშე. ორგანიზატორებს არ განემარტებათ კანონით დადგენილი მოთხოვნები, არ ეძლევათ შესაძლებლობა, ქმედება მოიყვანონ კანონთან შესაბამისობაში და არ ხდება ალტერნატიული გადაწყვეტების განხილვა. შედეგად იქმნება ვითარება, როდესაც სახელმწიფო, ერთი მხრივ, მონაწილეობს გზის გადაკეტვის პროცესში და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო მიმდინარეობას, ხოლო, მეორე მხრივ, იმავე ქმედებისთვის სანქციას აკისრებს მოქალაქეებს. პოლიციის მხრიდან გაფრთხილების არგაცემისა და გზის გადაკეტვაში ფაქტობრივი ჩართულობის პირობებში, მოქალაქეს უყალიბდება გონივრული მოლოდინი, რომ მისი ქმედება კანონიერია.
15. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში გზის გადაკეტვის სამართალდარღვევად კვალიფიკაცია არღვევს სამართლებრივი განჭვრეტადობისა და ნდობის პრინციპს. ხალხის საკმარისი რაოდენობის არსებობის, გზის დაკავების აუცილებლობისა და უსაფრთხოების შეფასება საჯარო უფლებამოსილების მქონე ორგანოს კომპეტენციაა და არა მოქალაქის. გაფრთხილების გარეშე, შემდგომ პერიოდში სანქციების დაკისრება ქმნის მსუსხავ ეფექტს და არაპროპორციულად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
16. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უფლებაში ჩარევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და მინიმალური ინტენსივობით. შეკრების მონაწილეთა ქმედება, რომელიც არ არის ძალადობრივი და არ ქმნის არსებით საფრთხეს, პირველ რიგში, უნდა გახდეს გაფრთხილების ან ნაკლებად მკაცრი ზომის საფუძველი და არა სანქციის დაუყოვნებლივ დაკისრების მიზეზი.
17. მოსარჩელე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეთა დაჯარიმება ქმნის უფრო ხანგრძლივ „მსუსხავ ეფექტს“, ვიდრე თავად შეკრების დაუყოვნებლივი შეწყვეტა. სანქციების შემდგომი დაკისრება აჩენს შიშს არა მხოლოდ უკვე დაჯარიმებულ პირებში, არამედ ყველა მონაწილეში, რადგან პოტენციურად, ნებისმიერი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს პასუხისმგებლობის სუბიექტი. ეს გარემოება ქმნის თვითცენზურისა და შეკრებაში მონაწილეობისგან თავის შეკავების რეალურ რისკს.
18. შესაბამისად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების არსებული ნორმატიული შინაარსი და მათი პრაქტიკული ინტერპრეტაცია ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილ სტანდარტებს. მათი განუსაზღვრელი ხასიათი იძლევა თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას, არ უზრუნველყოფს მინიმალური ჩარევის პრინციპის დაცვას და შედეგად, არაპროპორციულად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
19. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებით გათვალისწინებულ სანქციებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 5 000 ლარიანი ჯარიმა და 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა, თავისი სიმკაცრით, უტოლდება სისხლისსამართლებრივ სასჯელს და, შესაბამისად, მათზე უნდა გავრცელდეს სისხლისსამართლებრივი სასჯელისთვის გათვალისწინებული სტანდარტები.
20. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სანქციის სიმკაცრის შეფასებისას, გადამწყვეტია არა ფაქტობრივად დაკისრებული სასჯელი, არამედ პოტენციური, მოსალოდნელი სანქციის სიმძიმე. 5 000 ლარიანი ჯარიმა წარმოადგენს მძიმე ფინანსურ ტვირთს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის და აშკარად სცდება პროპორციულობის ფარგლებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი განსაზღვრულია ფიქსირებულ ოდენობად და არ იძლევა ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. სადავო ნორმა არ აძლევს მოსამართლეს შესაძლებლობას, გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული რეალური ზიანი, პირის ბრალეულობის ხარისხი ან სხვა შემამსუბუქებელი ფაქტორები, რაც ქმნის არაპროპორციული სანქციის დაკისრების რეალურ საფრთხეს.
21. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის სოციალური ზიანი შეიძლება, ხარისხობრივად სრულიად სხვადასხვა იყოს, იმის მიხედვით, თუ სად, როდის, რა ხანგრძლივობით და ფორმით მოხდა გზის გადაკეტვა. იგი მოხდა დღის საათებში თუ ღამით, დედაქალაქში თუ რეგიონში, შეფერხდა თუ არა საწარმო დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობა და ა.შ.. დაწესებული სანქციები კი არ იძლევა საშუალებას, სახდელის შეფარდების დროს გათვალისწინებულ იქნეს ზემოაღნიშნული გარემოებები, ასევე, პირის ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
22. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წარმოადგენს უკიდურესად მძიმე სანქციას იმგვარი ქმედებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული ძალადობასთან, მძიმე საფრთხესთან ან მაღალი მნიშვნელობის სამართლებრივი სიკეთეების დაზიანებასთან. ზოგადად, თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს რეალური და სერიოზული აუცილებლობა საზოგადოების დაცვის მიზნით, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ შეკრების თავისუფლების განხორციელების დროს გზის გადაკეტვა ხდება არა კრიმინალური მიზნებით, არამედ უკავშირდება სოციალურ პროტესტს და მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიქცევას.
23. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სანქციის მკვეთრი და ერთჯერადი ზრდა მიუთითებს, რომ რეგულაცია არ არის ორიენტირებული ინდივიდუალური მართლზომიერი რეაგირების უზრუნველყოფაზე, არამედ ატარებს რეპრესიულ ხასიათს. მოსარჩელის შეფასებით, ამგვარი მიდგომა სცდება პასუხისმგებლობის მიზნებს და ქმნის დამსჯელობით პოლიტიკას. სახელმწიფო პირს სჯის მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება, იყენებს საკუთარი მიზნის მიღწევის საშუალებად და რეალურად შიშველ ობიექტად აქცევს მას.
24. მოსარჩელე, დასკვნის სახით მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქციები არაპროპორციულია, არ ითვალისწინებს ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. ძალადაკარგული სადავო ნორმის მისაღებობა
1. №1926 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და 21-ე მუხლთან მიმართებით.
2. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მართალია, განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სადავო ნორმა ძალადაკარგული იყო კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისათვის, თუმცა, მიუხედავად მათი ფორმალურად ძალადაკარგულობისა, 2025 წლის 16 ოქტომბრამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე დღესაც წარმოადგენს გამოსაყენებელ სამართალს, საერთო სასამართლოების ფარგლებში. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს 2025 წლის 13 თებერვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, დაეკისრა 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. მისი მითითებით, აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, სამართალწარმოება დღესაც მიმდინარეობს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ძალადაკარგული ნორმა, მიუხედავად მისი ძალადაკარგულობისა, ინარჩუნებს ძალმოსილებას მისი ადრესატების მიმართ და გააჩნია აქტუალურ დროში მოსარჩელის ძირითადი უფლებების შეზღუდვის, in concreto სამართლებრივი შედეგის დაყენების რესურსი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მან იმსჯელა კონსტიტუციური წარდგინების შემოტანამდე ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც, მიუხედავად სადავო აქტის ფორმალურად ძალადაკარგულად ცნობისა, იგი ინარჩუნებდა ძალმოსილებას მისი ადრესატების მიმართ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“). ზემოაღნიშნული მიდგომის გამართლებულობა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა შემდგომშიც, 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინებაში, საქმეზე „ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს ზემოაღნიშნული სადავო ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.
3. №1926 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილი (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) მთლიანად. აღნიშნული ნორმა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომას. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელე მხარეს, სადავო ძალადაკარგული ნორმის საფუძველზე, სანქციის სახით, დაეკისრა 5000 ლარიანი ჯარიმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის“ 111 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევისთვის. მოსარჩელე მხარე, კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ იგი სადავოდ ხდის ძალადაკარგული ნორმის იმ ნორმატიულ შინაარს, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11¹ მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნის დარღვევისთვის, ადგენს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, როგორც მის მიმართ გამოსაყენებელ სამართალს. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში არ მიუთითებს, რომ მას სადავო ძალადაკარგული ნორმის საფუძველზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის გარდა, ამავე ძალადაკარგული ნორმით გათვალისწინებული სხვა რომელიმე წესის დარღვევისთვის, დაეკისრა პასუხისმგებლობა და საერთო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, ემუქრება პასუხისმგებლობა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, არსებითად განსახილველად არ მიიღებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილით (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ იმ შემზღუდველ წესებს, რომელიც არ უკავშირდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევას და სანქციის სახით 5 000 ლარის დაკისრებას.
4. შესაბამისად, ძალადაკარგული სადავო ნორმის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო №1926 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონტექსტში, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ნაწილი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
6. №1926 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ... 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით....“ და მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-9 მუხლთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, არსებითად უკავშირდება სასჯელის არაპროპორციულობის არგუმენტებს, უკიდურესად მძიმე ადმინისტრაციული სანქციების განსაზღვრას.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24).
9. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობა შეფასებადი იყოს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა მხოლოდ შესაბამისი, დასაბუთებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის არგუმენტაცია უკავშირდება, წმინდად, სასჯელის პროპორციულობის საკითხს, დაწესებული ადმინისტრაციული სახდელების მძიმე ხასიათს და უფრო მსუბუქი სასჯელების გათვალისწინების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარეს, სანქციის პროპორციულობის მიღმა, არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტაცია, რომელიც მიემართება ისეთ საკითხებს, რაც არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში და, შესაბამისად, დამოუკიდებლად საჭიროებს შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ, ღირსების ხელშეუვალობასთან მიმართებით.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1926 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ... 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით....“ და მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით
11. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ და ამავე მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
12. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად უკავშირდება დაწესებული ადმინისტრაციული სახდელების არაპროპორციულობას.
13. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სადავო რეგულაცია წარმოადგენს კონკრეტული ადმინისტრაციულსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებების შემადგენლობას (დისპოზიციას). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია შესაძლებელია, ზღუდავდეს იმ მატერიალურ უფლებას, რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული, ხოლო, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, (როდესაც მოთხოვნილია სასჯელის პროპორციულობის შეფასება) არ ფასდება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია. იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს, უშუალოდ ქმედების დისპოზიციასთან მიმართებით, არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ ზღუდავს ამ ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
14. ამდენად, ერთი მხრივ, სადავო მოწესრიგება არ განსაზღვრავს დადგენილი აკრძალვისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომას, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ იწვევს, ზოგადად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ქმედებების სამართალდარღვევად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას.
15. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ და ამავე მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“, კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1926 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის მისაღებობის ფარგლები
16. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით...“ კონსტიტუციურობას მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, თუმცა მოსარჩელე მხარე არაპროპორციულ სასჯელად მიიჩნევს მხოლოდ ჯარიმასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას. მოსარჩელე მხარე საერთოდ არ მიუთითებს, სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია, რომელიც ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, რატომ არის არაპროპორციული. იმავდროულად, იგი არ მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სანქცია მსუსხავ ეფექტს იწვევს შეკრების თავისუფლებაზე. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი, მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, დაუსაბუთებლობის საფუძვლით არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით...“ კონსტიტუციურობას მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, №1926 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
18. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით.
19. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ჩაიდენს ორსული ქალი, დედა, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მათ დაეკისრებათ ჯარიმა. ამდენად, მოცემული სადავო რეგულაციით გათვალისწინებული ჯარიმა ეკისრება სპეციალურ სუბიექტს და არა ყველა პირს. მოსარჩელე მხარე ბუნებრივად ვერ იქნება ორსული ქალი ან დედა. ამავდროულად, იგი არ არის 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი, ასევე არ უთითებს, რომ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელე წარმოადგენს არაუფლებამოსილ სუბიექტს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1926 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რის გამოც, არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
21. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვებს „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ..., ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან ნათელია, რომ მისთვის პრობლემურია ზემოაღნიშნული სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია სწორედ აღნიშნული შეზღუდვებისა და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომების არაკონსტიტუციურობას მიემართება. მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის გასაჩივრებულ სიტყვებთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვების არაკონსტიტუციურობის მტკიცების არგუმენტები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად არ მიიღებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის გასაჩივრებული სიტყვებით გათვალისწინებულ იმ შემზღუდველ წესებს, რომლებიც არ უკავშირდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებს და მათთვის დადგენილ პასუხისმგებლობის ზომებს.
22. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1926 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1926 კონსტიტუციური სარჩელი („კახა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით:
ა.ა) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 111 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას;
ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
ა.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „... გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით...“ კონსტიტუციურობას;
ბ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ..., ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, ....“ კონსტიტუციურობას;
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1926 კონსტიტუციური სარჩელი („კახა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა − გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით:
ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლითა და მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ა2“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით;
ბ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორი იყო − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით;
ბ.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით;
ბ.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.
გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
გ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ა2“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ კონსტიტუციურობას;
გ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ კონსტიტუციურობას;
გ.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „... ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორი იყო − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით“ კონსტიტუციურობას;
გ.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. №1918 და №1926 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე