საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
| ნომერი | N1/7/1936 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 30 ივლისი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 4 აგვისტო 2026 15:52 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი − სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე − წევრი;
გიორგი თევდორაშვილი − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-9 და მე-10 ნაწილებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და 111 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 20 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1936) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1936 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2026 წლის 22 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 30 ივლისს.
2. №1936 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების რიგი წესების დარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს და აღნიშნული დარღვევებისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელებს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-5 ნაწილი (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ა2“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებდა სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორი იყო − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამავე მუხლის დღეს მოქმედი რედაქციის მე-9 ნაწილის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით) განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება იმავე ქმედების არაერთგზის ჩადენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე ისჯება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
5. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა; ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა, მათ შორის, ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნების დარღვევა, რომელიც, თავის მხრივ, დაუშვებლად მიიჩნევს ხალხის ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას; დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება; მონაწილეობა მიიღონ იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა. ამავე კანონის 111 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. ასევე დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნით გადაკეტვა.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „ადამიანის თავისუფლება დაცულია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით კი განმტკიცებულია ყველა პირის, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
7. №1936 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე საქართველოს სახალხო დამცველი სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2024-2025 წლებში განხორციელებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც აწესებს შეკრების, მანიფესტაციის მონაწილეთა ქცევასთან დაკავშირებულ ახალ აკრძალვებსა და მათთვის გათვალისწინებულ მკაცრ სანქციებს.
8. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა ფორმალურად ძალადაკარგულია, მას აქვს განგრძობადი ეფექტი და გამოყენებადია საერთო სასამართლოების მიერ 2025 წლის 16 ოქტომბრამდე აღძრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე, რაც მას დღესაც სძენს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებათა დარღვევის რესურს. შესაბამისად აღნიშნული ნორმა უნდა იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
9. მოსარჩელე განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს შეკრებისა და მანიფესტაციის დროს „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის“ აკრძალვის რეგულაციას. მისი განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია კრძალავს სახის ნებისმიერი ფორმით დაფარვას მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძალადობრივი ქცევის რეალური საფრთხე. მოსარჩელის პოზიციით, ასეთი აკრძალვა ზღუდავს შეკრების ფორმის არჩევის თავისუფლებას და გამორიცხავს ანონიმური პროტესტის შესაძლებლობას, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილია.
10. მოსარჩელის განმარტებით, სადავო რეგულირებით დადგენილი აკრძალვა არ ითვალისწინებს, ემსახურება თუ არა სახის დაფარვა გამომხატველობით მიზნებს, განპირობებულია თუ არა იგი ჯანმრთელობის, რელიგიური ან სხვა ლეგიტიმური საფუძვლით. სადავო ნორმა არ აკონკრეტებს არც იმას, იკრძალება სახის სრული თუ ნაწილობრივი დაფარვა და ვრცელდება „ნებისმიერ სხვა საშუალებაზე“, რაც უკიდურესად ფართო და განუსაზღვრელი ტერმინია. ასეთ საშუალებად შესაძლოა, ჩაითვალოს რელიგიური ატრიბუტი, სამედიცინო ნიღაბი, შარფი ან სხვა ყოველდღიური ნივთი, რომელიც ნაწილობრივ ფარავს სახეს. შესაბამისად, სადავო რეგულაცია კრძალავს ნებისმიერი ფორმითა და ინტენსივობით სახის დაფარვას.
11. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო საკითხს იგი განიხილავს მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში. მშვიდობიანი შეკრების პრეზუმფცია მოქმედებს ყოველთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს აშკარა მტკიცებულება ძალადობის მყისიერი გამოყენების ან ძალადობისკენ მოწოდების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველის მითითებით, ქცევა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანად მაშინაც, როდესაც იგი არღვევს ფორმალურ მოთხოვნებს, თუმცა არ არის ძალადობრივი. შესაბამისად, შეკრების მონაწილის მიერ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, როდესაც მისი ქცევა არაძალადობრივია და მიზნად არ ისახავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას, სრულად თავსდება მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურად დაცულ სფეროში. მხოლოდ პოტენციური საფრთხის არსებობა არ არის საკმარისი ბლანკეტური აკრძალვის გასამართლებლად. ამ პირობებში, მოსარჩელის მოსაზრებით, დაუშვებელია მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვა, შეწყვეტა ან მონაწილეთა სანქცირება მხოლოდ იმის გამო, რომ მათ დაფარული აქვთ სახე.
12. დამატებით, მოსარჩელე მხარის მითითებით, 2025 წლის 6 თებერვლის ცვლილებების შედეგად, ზემოაღნიშნული აკრძალვის „მასობრივი დარღვევა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გახდა შეკრების დაუყოვნებელი შეწყვეტის ფორმალური საფუძველი. შესაბამისად, სახის დაფარვის ფაქტი, ძალადობრივ ქმედებასთან კავშირის გარეშე, შეიძლება გახდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლის საფუძველი. აღნიშნული ეწინააღმდეგება სტანდარტს, რომლის მიხედვითაც შეკრება შეიძლება დაიშალოს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი სრულად ძალადობრივ ხასიათს იღებს ან უკანონო ქმედებებით, განგრძობითად აზიანებს შემხვედრ ლეგიტიმურ ინტერესებს.
13. ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს ბლანკეტურ და განუსაზღვრელ შეზღუდვას, რომელიც მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს ართმევს შეკრების ფორმისა და გამოხატვის საშუალების არჩევის თავისუფლებას, გამორიცხავს ანონიმური პროტესტის შესაძლებლობას და განურჩევლად ყველა პირზე ავრცელებს აკრძალვას. ასეთი უპირობო და ინდივიდუალიზაციისგან დაცლილი რეგულაცია ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს და წარმოადგენს არაკონსტიტუციურ ჩარევას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებში.
14. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტსა და 111 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლებიც კრძალავს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნას და სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული ნორმები ბუნდოვანი და განუსაზღვრელი შინაარსისაა. კერძოდ, ბუნდოვანია რა იგულისხმება „განზრახ დაბრკოლების შექმნაში“ ან „სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვაში“, რის შედეგადაც პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს ტროტუარის ან სავალი სივრცის დროებითი დაკავება, მათ შორის, მშვიდობიანი აქციის ფარგლებში.
15. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატება გზის ხელოვნური გადაკეტვა, როგორ განისაზღვრება მონაწილეთა რაოდენობის საკმარისობა და ვისი კომპეტენციაა ამ გარემოებების შეფასება. შესაბამისად, სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას და ვერ აზღვევს მათ თვითნებურ გამოყენებას.
16. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ბუნდოვანებას ამძაფრებს საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც გზის ხელოვნური გადაკეტვა შესაძლოა დადგინდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც თავად სამართალდამცავი ორგანოს მიერ არის გადაკეტილი გზა და აღნიშნულ გზაზე გადაადგილდებიან შეკრების მონაწილეები. პრაქტიკაში, სადავო ნორმები გამოიყენება ასევე მაშინ, როდესაც პირი მოგვიანებით უერთდება სავალ ნაწილზე მყოფ შეკრებას.
17. მოსარჩელე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პოლიციის როლზე შეკრების მართვის პროცესში და მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცავები თავად ახორციელებენ ქუჩის დროებით გადაკეტვას და არ შედიან შესაბამის დიალოგში შეკრების მონაწილეებთან, გაუგებარია, რატომ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს. ამდენად, სადავო ნორმების ფორმულირება და მათი პრაქტიკული გამოყენება ქმნის სამართლებრივი გაურკვევლობისა და თვითნებური ინტერპრეტაციის რისკს. ასეთი ბუნდოვანი და შეფასებით კატეგორიებზე დაფუძნებული რეგულირება კი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.
18. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საერთო სასამართლო ხალხის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნად განმარტავს ისეთ მოცემულობას, როდესაც შეკრების მონაწილეები არ იკავებენ ტროტუარის სრულ პერიმეტრს და არ მიმართავენ კონკრეტულ მიზანმიმართულ ქმედებებს მისი ხელოვნური ბლოკირებისთვის, თუმცა მათი შეკრება აფერხებს ქვეითთა გადაადგილებას უშუალოდ შეკრებილთა განლაგების მონაკვეთზე. ამდენად, მესამე პირთა გადაადგილების შეფერხებად კვალიფიცირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც, ტროტუარზე გამართული შეკრების მიუხედავად, მათ რჩებათ შესაძლებლობა, ტრაექტორიის არაარსებითი ცვლილებით ან აღნიშნულის გარეშე, იმავე ტროტუარის გამოყენებით, განაგრძონ გზა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საავტომობილო გზაზე გადასვლის გამო.
19. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ნორმის ამგვარი განმარტება ქმნის ვითარებას, როდესაც შეკრების თავისუფლება მხოლოდ ისეთ ფორმებში შეიძლება განხორციელდეს შეუზღუდავი სახით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს სხვა პირთა უფლებებს, რაც, რა თქმა უნდა, არ ტოვებს სივრცეს რაციონალური ბალანსისათვის შეკრების თავისუფლების რეალიზებასა და ლეგიტიმური მიზნების მიღწევას შორის. საერთო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი განმარტებით, აღნიშნულ ბალანსში უპირატესობა ენიჭება მესამე პირთა უფლებებს, რაც ინტენსიურად ზღუდავს შეკრების თავისუფლებით ეფექტიანად სარგებლობას და ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის მისი სრულფასოვანი რეალიზაციის შესაძლებლობას.
20. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს, რომელიც კრძალავს იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობას, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა. მოსარჩელის შეფასებით, სადავო ნორმა ფართოდ არის ფორმულირებული და მოიცავს შეკრების შეწყვეტის ისეთ შემთხვევებსაც, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების პირობებში არ უნდა ქმნიდეს მისი შეწყვეტისა და შემდგომში მასში მონაწილეობის აკრძალვის საფუძველს. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც შეკრების შეწყვეტის საფუძვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი შინაარსობრივი აკრძალვა, რომელიც თავად არის არაკონსტიტუციური (მაგალითად, სახის დაფარვა).
21. კერძოდ, მოსარჩელის პოზიციით, მშვიდობიანი შეკრების დროს სახის დაფარვასთან დაკავშირებული აკრძალვა არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების რეალიზების სტანდარტებთან. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციურად პრობლემურ საფუძველზე დამყარებული შეწყვეტა ავტომატურად წარმოშობს შემდგომ შეზღუდვას – მონაწილეს ეკრძალება შეკრების გაგრძელება და ექვემდებარება სანქციას. შესაბამისად, არსებული რეგულაცია მშვიდობიანი შეკრების მიმდინარეობისას, „მასობრივად“ შეკრება მანიფესტაციის დროს სახის დაფარვისთვის/ნიღბის ტარებისათვის ქმნის შეკრება მანიფესტაციის შეწყვეტის საფუძველს და შემდგომში, შეკრების მონაწილეს უკრძალავს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობას. იმავდროულად, ნორმის პრაქტიკული რეალიზება შესაძლოა, შეეხოს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეწყვეტის მოთხოვნა გაიცემა მთლიან შეკრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო დარღვევა ეხება მხოლოდ მის ნაწილს. შედეგად, შეკრების ის მონაწილეებიც, რომლებიც მშვიდობიანად ახორციელებდნენ აღნიშნულ უფლებას, ექვემდებარებიან აკრძალვასა და პასუხისმგებლობას.
22. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას პრობლემურად მისი განუსაზღვრელობის გამოც მიიჩნევს. კერძოდ, იგი განმარტავს, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მონაწილეთა რა რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს „მასობრივად“, რაც ზრდის თვითნებური და არათანაზომიერი შეზღუდვის რისკს. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით, რისი შედეგიც შესაძლოა უფლების თვითნებური ან არათანაზომიერი შეზღუდვა იყოს.
23. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს, რომელიც კრძალავს დროებითი კონსტრუქციის მოწყობას. მოსარჩელის შეფასებით, დროებითი კონსტრუქცია ხშირად წარმოადგენს პროტესტის გამოხატვის ფორმასა და მისი ეფექტიანი განხორციელების საშუალებას. ნორმის ფართო და განუსაზღვრელი ფორმულირება კი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ კონსტრუქციის განთავსება აიკრძალოს მაშინაც, როდესაც იგი მშვიდობიანი დემონსტრაციის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს.
24. მოსარჩელე მხარე დროებითი კონსტრუქციის მოწყობის აკრძალვის თითოეულ საფუძველს პრობლემურად მიიჩნევს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მოსარჩელე მხარის მითითებით, ნორმა კრძალავს დროებითი კონსტრუქციის მოწყობას, თუ იგი „საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს“. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ფორმულირება მიუთითებს ზოგად საფრთხეზე, რაც სამართალშემფარდებელს აძლევს შესაძლებლობას ჰიპოთეტური ან აბსტრაქტული საფრთხის არსებობაც საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს. ამგვარი მიდგომა ქმნის შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ვარაუდით ან ზოგად რისკზე მითითებით შეიზღუდოს შეკრების მონაწილეთა მიერ დროებითი კონსტრუქციის საშუალებით გამოხატვის უფლების რეალიზება. ამასთან, სადავო ნორმა არ მიუთითებს საფრთხის გარდაუვალობაზე და არ ადგენს მისი ინტენსივობის კრიტერიუმს.
25. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისად, ასეთი შეზღუდვა უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც შეკრების კონკრეტულ გარემოებებში არსებობს ფიზიკური დაზიანების მნიშვნელოვანი, რეალური და გარდაუვალი საფრთხე. აღნიშნული ელემენტების არარსებობა კი ქმნის ჰიპოთეტურ ან აბსტრაქტულ საფრთხეზე დაყრდნობით უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
26. მოსარჩელის განმარტებით, რთული წარმოსადგენია შეკრება/მანიფესტაციას, იქ განთავსებულ კონსტრუქციას, მიმდებარედ არსებული რომელიმე დაწესებულების ჩვეულ, ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებაზე არ ჰქონდეს გავლენა. ამდენად, აღნიშნული საფუძველი, მისი კეთილსინდისიერი განმარტების პირობებშიც ქმნის შეკრებისა და გამოხატვის არათანაზომიერი შეზღუდვის საფრთხეს. გარდა ამისა, ნებისმიერი კერძო დაწესებულების ნორმალურ, ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირება არ არის იმ სახის სიკეთე, რამაც შესაძლოა გადაწონოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცული ადამიანის ძირითადი უფლება. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებლობა ცვლილებებამდეც კრძალავდა შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირებას და ითვალისწინებდა სპეციალურ რეგულაციებს ადმინისტრაციული ორგანოების შენობების მიმდებარედ შეკრებების ჩატარების შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, მხოლოდ ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება ვერ ჩაითვლება იმგვარ ლეგიტიმურ ინტერესად, რომელიც ამართლებს დროებითი კონსტრუქციის აკრძალვას.
27. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ასევე, კრძალავს დროებითი კონსტრუქციის მოწყობას იმ შემთხვევაში, თუ მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან თუ იგი შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. მოსარჩელის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას, პირმა თავად განსაზღვროს გამოხატვის ფორმა და საშუალება. სახელმწიფოს არ აქვს უფლება შინაარსობრივად განსაზღვროს, რა არის საკმარისად აუცილებელი ან დაკავშირებული კონკრეტულ პროტესტთან. ასეთი შეფასება გულისხმობს შეკრების შინაარსისა და ფორმის ანალიზს სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, რაც გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს.
28. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმა კრძალავს დროებითი კონსტრუქციის მოწყობას, თუ იგი ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. მოსარჩელის პოზიციით, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ინდივიდუალური ქცევის საფუძველზე რეაგირების მექანიზმებს, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, თუ კონკრეტული პირი ინდივიდუალურად უშლის ხელს პოლიციას, არსებული სამართლებრივი ჩარჩო იძლევა რეაგირების შესაძლებლობას. მოსარჩელე თვლის, რომ დამატებითი, ბლანკეტური აკრძალვის დაწესება საჭირო არ არის და წარმოადგენს ზედმეტ და არათანაზომიერ შეზღუდვას.
29. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მიუთითებს, რომ ვინაიდან სადავო ნორმებით იზღუდება კონკრეტულ პირთა უფლება, შეკრების გზით გამოხატონ საკუთარი აზრი, სადავო ნორმებს თანაბარი მიმართება გააჩნიათ კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
30. მოსარჩელე მხარე არაპროპორციულად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, აგრეთვე ამავე კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილით (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას იმ ქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებთან. მოსარჩელე მხარემ უკვე განიხილა, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტილ შეკრებაში მონაწილეობა, სახის დაფარვა, სავალი გზის დაკავება, დროებითი კონსტრუქციების განთავსება) არ წარმოადგენს ძალადობრივი ტიპის ქმედებებს და მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში კონკრეტული გამოხატვის ფორმაა.
31. სანქციის სახით გათვალისწინებულ ჯარიმებთან დაკავშირებით მოსარჩელე მიუთითებს, რომ 5 000 და 15 000 ლარის ოდენობის სანქციები მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყანაში საშუალო თვიურ შემოსავალს და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთი ოდენობის ჯარიმა პრაქტიკულად დამანგრეველ ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს და ქმნის მსუსხავ ეფექტს იმ პირთათვის, ვისაც მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა სურს. ამასთან, აღნიშნული ჯარიმები გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დადგენილი სანქციები, რაც არღვევს პასუხისმგებლობის თანაზომიერებას.
32. ზემოაღნიშნული ქმედებებისთვის სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელი, ბუნებრივად უკავშირდება მაღალი ხარისხის გასაკიცხაობასა და საზოგადოებრივი საფრთხის არსებობას. შესაბამისად, როდესაც პასუხისმგებლობის ფორმად გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა/თავისუფლების აღკვეთა, ქმედება, სანქციის/სასჯელის ბუნებიდან გამომდინარე, შეფასებულია როგორც მაღალი სიმძიმის სამართალდარღვევა/დანაშაული. თუმცა, მოსარჩელის მხარის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საკითხი შეეხება არაძალადობრივ, მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებებს, რომლისთვისაც ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გათვალისწინება მშვიდობიანი შეკრების უფლების უკიდურესად ინტენსიურ და არათანაზომიერ შეზღუდვას წარმოადგენს და ატარებს სადამსჯელო ხასიათს.
33. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები არ უზრუნველყოფს პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციას − არ ითვალისწინებს პირის ქცევის ინტენსივობის, ზიანის ხარისხის, მოტივის ან სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ნაკლებად მკაცრი სანქციების შეფარდების შესაძლებლობას.
34. მოსარჩელის შეფასებით, სანქციების სიმკაცრიდან გამომდინარე, მიუხედავად მათი ფორმალურად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კლასიფიკაციისა, ისინი თავიანთი ბუნებით წარმოადგენენ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამგვარი სიმკაცრის სანქციების დაწესება, ისეთი ქმედებებისთვის რომელიც არ არის ძალადობრივი და მათი საზოგადოებრივი საფრთხე მინიმალურია, ვერ აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნებს.
35. მოსარჩელის არგუმენტაციით, გარდა იმისა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება გაუმართლებელია მაშინ, როდესაც შეკრების ან მანიფესტაციების მონაწილეები არ მიმართავენ ძალადობრივ ქმედებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა მიმართ წაყენებულ განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტს. კერძოდ, სადავო ნორმა არ განსაზღვრავს, რა ვადაში შეიძლება ჩაითვალოს ქმედება განმეორებად და დამამძიმებელ გარემოებად, ასევე, პასუხისმგებლობას არ უკავშირებს რეალური ზიანის დადგომას ან ზიანის მიყენების განზრახვას.
36. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ასევე ბუნდოვანია ტერმინი „მძიმე შედეგი“, რომელიც ორგანიზატორის პასუხისმგებლობის საფუძველს ქმნის. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული ტერმინი ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამასთან, ისეთი შედეგები, როგორიცაა ქონების დაზიანება ან ჯანმრთელობის ხელყოფა, ისედაც რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით. შესაბამისად, დამატებითი კრიმინალიზაცია ქმნის დუბლირების, ბუნდოვანებისა და გადამეტებული პასუხისმგებლობის რისკს. გარდა ამისა, ორგანიზატორისთვის სხვათა ქმედების გამო გაზრდილი პასუხისმგებლობის დაკისრება ეწინააღმდეგება ინდივიდუალური ბრალეულობის ფუნდამენტურ პრინციპს.
37. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვნისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაზე. მისი შეფასებით, არასრულწლოვანისთვის თავისუფლების აღკვეთა იმგვარი ქმედებისთვის, რომელიც სერიოზულობის მინიმალურ ზღვარსაც ვერ აღწევს, ეწინააღმდეგება როგორც პროპორციულობის პრინციპს, ისე საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანის პატიმრობა უკიდურესი და გამონაკლისი ღონისძიება უნდა იყოს.
38. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის უალტერნატივო გამოყენება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა პირდაპირ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ადამიანის თავისუფლებას. მოსარჩელის განმარტებით, თავისუფლების აღკვეთა, როგორც ყველაზე მკაცრი იძულებითი ღონისძიება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას და აუცილებელია მძიმე საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მშვიდობიანი დემონსტრაციის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების კრიმინალიზაცია და მათთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესება სცდება დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. ძალადაკარგული სადავო ნორმის მისაღებობა
1. №1936 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მართალია, ზემოაღნიშნული სადავო ნორმა ძალადაკარგული იყო კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისათვის, თუმცა, მიუხედავად მისი ფორმალურად ძალადაკარგულობისა, იგი 2025 წლის 16 ოქტომბრამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე, დღესაც წარმოადგენს გამოსაყენებელ სამართალს საერთო სასამართლოების ფარგლებში.
3. სადავო ნორმის ძალადაკარგულობის პირობებში, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მისი კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული საკითხი მოქმედი ნორმის კონსტიტუციური კონტროლისგან განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, ვინაიდან ძალადაკარგული ნორმის მიმართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არის იმ საკითხის გადაწყვეტა, ინარჩუნებს თუ არა ფორმალურად გაუქმებული ნორმა ისეთ სამართლებრივ მნიშვნელობას, რომელიც მისი კონსტიტუციურობის შემოწმებას გაამართლებს. იურიდიულად ძალაში მყოფი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო კონტროლის ჩვეულებრივ შემთხვევას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოქმედი სამართლებრივი რეგულაციის შესაბამისობა კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან. რაც შეეხება ძალადაკარგული ნორმების კონსტიტუციური კონტროლისადმი დაქვემდებარებას, ის გამონაკლისს წარმოადგენს და გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც, ფორმალური გაუქმების მიუხედავად, სადავო რეგულაცია კვლავ ინარჩუნებს მოქმედების რესურსს გარკვეული კატეგორიის საქმეებისა თუ პირების მიმართ. ამრიგად, ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს ინარჩუნებს თუ არა სადავო ნორმა ძალმოსილებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით.
4. ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ ძალადაკარგული ნორმების კონსტიტუციური კონტროლის მიზანი არ არის მხოლოდ წარსულში მოქმედი სამართლებრივი რეგულაციის კონსტიტუციურობის შეფასება, როდესაც მას აღარ გააჩნია გავლენა მიმდინარე სამართლებრივ ურთიერთობებზე. ასეთი კონტროლი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სადავო ნორმა, მიუხედავად მისი ფორმალური გაუქმებისა, კვლავ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. სწორედ ამაზე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკაც, რომლის თანახმადაც იგი აფასებს ძალადაკარგული სადავო ნორმების კონსტიტუციურობას იმ შემთხვევაში, როდესაც, ძალადაკარგული ნორმა, მიუხედავად მისი ძალადაკარგულობისა, ინარჩუნებს ძალმოსილებას მისი ადრესატის მიმართ და გააჩნია აქტუალურ დროში მოსარჩელის ძირითადი უფლებების შეზღუდვის, in concreto სამართლებრივი შედეგის დაყენების რესურსი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მან იმსჯელა კონსტიტუციური წარდგინების შემოტანამდე ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც მიუხედავად სადავო აქტის ფორმალურად ძალადაკარგულად ცნობისა, იგი ინარჩუნებდა ძალმოსილებას მისი ადრესატების მიმართ და წარმოადგენდა გამოსაყენებელ კანონს მიმდინარე საქმეზე საერთო სასამართლოების ფარგლებში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“).
5. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის მიხედვით, ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. კერძოდ, უნდა შეფასდეს, გრძელდება თუ არა სადავო ძალადაკარგული ნორმის მოქმედება მოსარჩელის მიმართ და არსებობს თუ არა მის საფუძველზე რეალური სამართლებრივი შედეგის დადგომის მოსალოდნელობა. ამდენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, შესაბამისი დასაბუთებისა და მტკიცებულებების წარმოდგენით, დაანახოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მის მიმართ კვლავ გრძელდება სადავო ძალადაკარგული ნორმის მოქმედება და არსებობს მის საფუძველზე რეალური შედეგის დადგომის პოტენციალი. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სტანდარტი ჩამოყალიბდა იმ შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობას ინდივიდუალური მოსარჩელე/კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ხდიდა სადავოდ.
6. თუმცა, წინამდებარე საქმეში სადავო ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს სახალხო დამცველი აყენებს, რაც დამატებით შეფასებას მოითხოვს. საზოგადოდ, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება ეფუძნება ადამიანის უფლებათა დაცვის განსაკუთრებულ კონსტიტუციურ ფუნქციას და ამ უფლებამოსილების განხორციელება არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირის ინდივიდუალური სამართლებრივი ინტერესის არსებობაზე. შესაბამისად, მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნისას საქართველოს სახალხო დამცველს, საზოგადოდ, არ მოეთხოვება კონკრეტული პირის მიმართ უკვე დამდგარი ან ახლო (განჭვრეტად) მომავალში გარდაუვალი უფლებრივი ზიანის არსებობის დასაბუთება, ვინაიდან მისი მანდატი ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემურ ზედამხედველობას და სამართლებრივი წესრიგის კონსტიტუციურ კონტროლს.
7. მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არც საქართველოს სახალხო დამცველის განსაკუთრებული კონსტიტუციური სტატუსი და არც ის გარემოება, რომ მისი კონსტიტუციური სარჩელების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებს აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში, არ განაპირობებს საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციური კონტროლის მოთხოვნისადმი იმისგან რადიკალურად განსხვავებული სტანდარტის გამოყენებას, რაც ინდივიდუალურ მოსარჩელეებთან/წარდგინების ავტორებთან მიმართებით არის დადგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით. აღნიშნული სტანდარტი (როდესაც მოსარჩელე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან შესაბამისობის შემოწმების მოთხოვნით) გამომდინარეობს არა მოსარჩელის სტატუსიდან, არამედ თავად ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციური კონტროლის განსაკუთრებული ბუნებიდან და თანაბრად უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევებზეც, როდესაც შესაბამისი მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს. სხვა სიტყვებით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელის შეტანა ვერ გახდება ძალადაკარგულ ნორმებზე კონსტიტუციური კონტროლის ფარგლების გაფართოების საფუძველი და ვერ დაეფუძნება მხოლოდ მათი წარსულში ან მომავალში შესაძლო გამოყენების ფაქტებს. არამედ, საქართველოს სახალხო დამცველმაც ზედმიწევნით უნდა დაასაბუთოს სადავო ძალადაკარგული ნორმის აქტუალურ დროში გამოყენებადობა და მიუთითოს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებს, რომ სადავო ნორმა, მიუხედავად მისი ძალადაკარგულობისა, კვლავ განსაზღვრავს კონკრეტული პირების სამართლებრივ მდგომარეობას. ამგვარი მოთხოვნა არ წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეზღუდვას. იგი გამომდინარეობს თავად ძალადაკარგული ნორმის მიმართ კონსტიტუციური კონტროლის საგამონაკლისო ბუნებიდან.
8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სახალხო დამცველი სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილს (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც მოიცავდა რამდენიმე დამოუკიდებელ ქცევის წესს და ადგენდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა მოთხოვნის დარღვევისათვის.
9. მიუხედავად სადავო ნორმის შინაარსისა და მისი შესაძლო გამოყენების ფარგლებისა, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია არც ერთი კონკრეტული სამართალწარმოება, რომელშიც სადავო ნორმა კვლავ გამოყენებადია, არ დაუსახელებია კონკრეტული პირი ან პირთა ჯგუფი, რომლის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრაზე იგი განაგრძობს გავლენის მოხდენას. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუჩენია არც სხვა ისეთი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას მოცემულ საქმეში ექნება პრაქტიკული სამართლებრივი შედეგი კონკრეტული პირებისათვის. მხოლოდ ზოგადი მითითება იმის თაობაზე, რომ 2025 წლის 16 ოქტომბრამდე ჩადენილ სამართალდარღვევებთან მიმართებით შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრება სადავო ნორმის საფუძველზე, ვერ აკმაყოფილებს იმ დასაბუთების სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციური კონტროლის დასაშვებად. აღნიშნულის საპირისპიროდ, აუცილებელია მოსარჩელის მხრიდან იმის ჩვენება, რომ არსებობს კონკრეტული მიმდინარე სამართალწარმოებები, რომელთა ფარგლებშიც საკითხი სადავო ძალადაკარგული ნორმის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, კონკრეტული გარემოებები, რომლებიც აღნიშნულ ვითარებას განაპირობებს, ანდა კონკრეტული პირები, რომელთა სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრაც სწორედ ამ სადავო ძალადაკარგული ნორმის საფუძველზე მოხდება.
10. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ძალადაკარგულ სადავო ნორმას არსებითად განსახილველად იღებს იმ მოსარჩელეებთან მიმართებით, რომლებიც კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის დროისთვის მოცემული ნორმის საფუძველზე საერთო სასამართლოში მიმდინარე დავის ფარგლებში დგანან პასუხისმგებლობის დაკისრების საფრთხის წინაშე და მაშასადამე დასტურდება მათ მიმართ სადავო ძალადაკარგული ნორმის საფუძველზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/4/1918 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მარიამ ჯანჯარია, ლარა ნაჭყებია, ქეთევან ციცქიშვილი, ანა ბდეიანი და მადლენა ჩილაჩავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/5/1926 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „კახა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/10/1944 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „გვანცა ჯოჯუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. შესაბამისად, მოსარჩელე საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა ძალადაკარგული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, კონკრეტული და მიმდინარე სამართალწარმოების მითითებისგან დამოუკიდებლად, საიდანაც იკვეთება, რომ საკითხი სადავო ძალადაკარგული ნორმის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, ვერ იქნება მიჩნეული დასაბუთებულად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს მას არსებითად განსახილველად.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1936 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
2. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
13. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ნაწილი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
14. №1936 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადმინისტრაციული პატიმრობის უალტერნატივო გამოყენება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა პირდაპირ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ადამიანის თავისუფლებას. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთა, როგორც ყველაზე მკაცრი იძულებითი ღონისძიება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას და აუცილებელია მძიმე საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მშვიდობიანი დემონსტრაციის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების კრიმინალიზაცია და მათთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესება სცდება დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებს.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „პასუხისმგებლობის დამდგენმა ნორმამ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ამა თუ იმ ქმედების არასწორად კრიმინალიზების, აგრეთვე არასათანადო (აშკარად არაპროპორციული) სასჯელის განსაზღვრის გამო. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანმიმდევრული პრაქტიკით, ისიც ნათლად არის დადგენილი, რომ, როგორც წესი, სისხლის სამართლის კანონით ამა თუ იმ ქმედების განხორციელების, კონკრეტული ქცევის აკრძალვა (დისპოზიცია) და სანქცია განსხვავებულ კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). შესაბამისად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ სწორად წარმოაჩინოს კონკრეტული ქცევის აკრძალვითა და სანქციით გამოწვეული შეზღუდვის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებთან.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია შესაძლებელია, ზღუდავდეს იმ მატერიალურ უფლებას, რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული და რომლის რეალიზებასაც მოჰყვება პასუხისმგებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანას მოხმარების სისხლის სამართლის დანაშაულად/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადება, ვინაიდან მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა დაცულია საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით (საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი), ხოლო მისი მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება ამ უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შეკრების უფლებასთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც აწესებდა პასუხისმგებლობას სასამართლო შენობიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისათვის (მანიფესტაციისათვის) (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები − ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, პასუხისმგებლობის დამდგენი სადავო ნორმის დისპოზიციის საფუძველზე, ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის დადგენისათვის, უნდა წარმოჩნდეს, რომ სადავო ნორმა კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის ცალკეული უფლებით დაცული რომელიმე ქმედების განხორციელების შესაძლებლობას.
17. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაცია განსაზღვრავს როგორც ცალკეული დანაშაულის/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობას, აგრეთვე ამავე დანაშაულისათვის/ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომას. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და დანაშაულად აცხადებენ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების რიგი წესების დარღვევას. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმების დისპოზიციით აკრძალული ქმედება უკავშირდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. სადავო ნორმები არ აწესებს სასჯელს ისეთი ქმედების განხორციელებისათვის, რომელიც, პოტენციურად, შესაძლოა, კავშირში იყოს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლების რეალიზებასთან. შესაბამისად, ნათელია, რომ სადავო ნორმების დისპოზიცია არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.
18. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტი გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც წესი, სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი განსაზღვრავს, საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის, სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების სასჯელად გამოყენებას არ გააჩნია თავისთავადი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ბუნებრივია, თავისუფლების შეზღუდვისა და თავისუფლების აღკვეთის სასჯელები, გვერდითი ეფექტის სახით, შესაძლოა, ზემოქმედებას ახდენდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული უფლებით სარგებლობაზე, რამდენადაც თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შეფარდება გულისხმობს ადამიანისათვის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებას გარკვეული ვადით და შესაბამისი შეზღუდვების დადგენას, რაც გამომდინარეობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის თავისებურებიდან. მაგალითისთვის, პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებულ პირს ეზღუდება გადაადგილება, კონტაქტი გარესამყაროსთან, მათ შორის, ოჯახის წევრებთან, წვდომა გარკვეული ტიპის, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ საგნებზე და ა. შ., თუმცა, აღნიშნული a priori არ ხდის სადავო ღონისძიებას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან შეფასებადს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვას და აღნიშნული ნორმები არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1936 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით
21. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“, ამავე მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა −“, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ, −“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
22. მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად წარმოდგენილი არგუმენტაცია უკავშირდება დაწესებული სანქციების/სასჯელების არაპროპორციულობას.
23. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სადავო რეგულაცია წარმოადგენს კონკრეტული ადმინისტრაციულსამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებების შემადგენლობას (დისპოზიციას). როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია შესაძლებელია, ზღუდავდეს იმ მატერიალურ უფლებას, რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული, ხოლო, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, (როდესაც მოთხოვნილია სასჯელის პროპორციულობის შეფასება), არ ფასდება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია. იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს, უშუალოდ ქმედების დისპოზიციასთან მიმართებით, არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია, იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ ზღუდავს ამ ქმედების სამართალდარღვევად ან დანაშაულად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
24. ამდენად, ერთი მხრივ, სადავო მოწესრიგება არ განსაზღვრავს დადგენილი აკრძალვისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომას, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ იწვევს, ზოგადად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ქმედებების სამართალდარღვევად და დანაშაულად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“, ამავე მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა −“, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ, −“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1936 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. ცალკეული ნორმების მისაღებობის ფარგლები
25. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით..., სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით...“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა სასჯელის არაპროპორციულობასთან დაკავშირებით არგუმენტაცია წარმოდგენილია მხოლოდ ჯარიმისა და ადმინისტრაციული პატიმრობის სახით სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარე საერთოდ არ მიუთითებს, სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია, რომელიც ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, რატომ არის არაპროპორციული. იმავდროულად, იგი არ მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სანქცია მსუსხავ ეფექტს იწვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
26. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა სასჯელის არაპროპორციულობასთან დაკავშირებით არგუმენტაცია წარმოდგენილია არასრულწლოვნისთვის მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის დაკისრებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე საერთოდ არ მიუთითებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სახის სასჯელები, კერძოდ, ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო, რატომ არის არაპროპორციული და რატომ იწვევენ მსუსხავ ეფექტს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
27. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ...“ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1936 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
28. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებს სრულად, თუმცა, კონსტიტუციურ სარჩელში იგი მიუთითებს, რომ მისთვის პრობლემურია ზემოაღნიშნული სადავო ნორმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია სწორედ აღნიშნული შეზღუდვებისა და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომების არაკონსტიტუციურობას მიემართება. მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვების არაკონსტიტუციურობის მტკიცების არგუმენტები. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად არ მიიღებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ იმ შემზღუდველ წესებს, რომლებიც არ უკავშირდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებს და მათთვის დადგენილ პასუხისმგებლობის ზომებს.
29. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ნაწილის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას და ადმინისტრაციულ ჯარიმას. ხოლო, ამავე მუხლის მე-10 ნაწილთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას და ადმინისტრაციულ ჯარიმას.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1936 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1936 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
ა.ა) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და 111 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას;
ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით;
ა.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით;
ა.დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-3 ნაწილის სიტყვების „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ, − ისჯება ... ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ და მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ნაწილის სიტყვების „... გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას;
ბ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ..., ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, .... ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას;
ბ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“, მე-2 ნაწილის სიტყვების „... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“, მე-3 ნაწილის სიტყვების „... ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ და მე-4 ნაწილის სიტყვების „... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე“ კონსტიტუციურობას.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1936 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
ა.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით;
ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობისთვის, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით;
ა.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას;
ა.დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ...“ კონსტიტუციურობას.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ კონსტიტუციურობას;
ბ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ კონსტიტუციურობას;
ბ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა −“, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ, −“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, −“ კონსტიტუციურობას.
ბ.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ...“ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ...“ კონსტიტუციურობას.
გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას.
დ) საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის კონსტიტუციურობას.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. №1918, №1926, №1932 და №1936 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე