• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/11/1949 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლევან ჟვანია საქართველოსა პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ლევან ჟვანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/11/1949
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 30 ივლისი 2026
გამოქვეყნების თარიღი 4 აგვისტო 2026 16:22

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ლევან ჟვანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით;

ბ) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 111 მუხლის პირველი პუნქტის, 112 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და 51 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით;

გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 18 ოქტომბრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციისმე-9 მუხლთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 2 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1949) მომართა ლევან ჟვანიამ. №1949 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2026 წლის 6 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 30 ივლისს.

2. №1949 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების რიგი წესის დარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს და აღნიშნული დარღვევებისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელებს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 11​2 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით) განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

5. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელი გადაადგილების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ხოლო სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში − მისი ჩატარების ადგილზე განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ხოლო სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში − ზეპირად მისცეს ორგანიზატორს ან/და შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ, თუ შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებით შეიძლება განისაზღვროს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზი, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებით განსაზღვრული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ მითითების მოქმედებას.

6. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

7. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილზე ორგანიზატორს ან/და შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ზეპირად მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბალანსის დასაცავად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს სავალდებულო მითითებით შესთავაზოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზის შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.

8. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის ან/და ამ კანონის 11​1 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი, რომ, თუ მასობრივად გადაკეტილი ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნება, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, ხოლო ამავე მუხლის 51 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისთვის კანონის დარღვევის შესაწყვეტად 15 წუთის მიცემა არ გულისხმობს იმას, რომ, თუ იგი ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა ჩადენილად არ ეთვლება. შეკრების ან მანიფესტაციის აღნიშნულ მონაწილეს კანონდარღვევის ჩადენის მომენტიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

9. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 18 ოქტომბრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესი და პირობები (შემდგომში - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესი და პირობები) აწესრიგებს რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის, მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით, წესსა და პირობებს.

10. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის თავისუფლება დაცულია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს გამოხატვის თავისუფლებას და დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის დევნას აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია ყველა პირის, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება, ხოლო მე-3 ნაწილი ადგენს, რომ ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

11. №1949 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2025 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული წესის დარღვევაზე, 2025 წლის 17 დეკემბერს ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) პროტესტის გამოხატვის გამო, რითაც იგი ხელს უშლიდა ხალხის თავისუფლად გადაადგილებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ. მოსარჩელე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს 112-ის ვიდეოკამერის ჩანაწერები, ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისა და პირის იდენტიფიკაციის ოქმი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის იდენტიფიცირება მოხდა სპეციალურ პროგრამაში, შინაგან საქმეთა მინისტრის №106 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

12. მოსარჩელე მხარე სადავოდ მიიჩნევს იმ რეგულაციას, რომელიც ხალხის სავალი ნაწილის დაკავებას კრძალავს. მისი არგუმენტაციით, შეკრებები და მანიფესტაციები ბუნებრივად სწორედ საჯარო სივრცეში იმართება, ამგვარი რეგულაციის პირობებში კი პრაქტიკულად ნებისმიერი შეკრება შესაძლოა აიკრძალოს, რაც კონსტიტუციურ უფლებებში გადაჭარბებული ჩარევის რისკს ქმნის.

13. მოსარჩელის შეფასებით, სადავო ნორმებით დასახელებული ლეგიტიმური მიზნები, მათ შორის, მოქალაქეთა შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა, ვერ გაამართლებს შეკრების თავისუფლების იმ მასშტაბით შეზღუდვას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. მისი მოსაზრებით, შეკრება, თავისი არსით, ყოველთვის იწვევს გარკვეულ დისკომფორტსა და გადაადგილების დროებით შეფერხებას, რაც დემოკრატიული საზოგადოებისათვის მისაღებ მოვლენად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, გადაადგილების თავისუფლების დაცვა ვერ გახდება ისეთი საფუძველი, რომელიც პრაქტიკაში შეკრების განხორციელებას, ფაქტობრივად, გამორიცხავს. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ მითითებული მიზნები, ხშირ შემთხვევაში, სათანადოდ არ არის დასაბუთებული და პრაქტიკულად არ დასტურდება, რომ მსგავსი შეკრებები რეალურად აყენებს ზიანს სხვა პირთა უფლებებს. მისი აზრით, შეზღუდვები ეფუძნება სავარაუდო და ჰიპოთეტურ საფრთხეებს და არა რეალურად არსებულ რისკებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ ლეგიტიმურობას.

14. მოსარჩელე, ასევე მიუთითებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებულ უფლებამოსილებაზე, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელია შეკრების დროის, ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის შესახებ სავალდებულო მითითებების გაცემა. მისი შეფასებით, აღნიშნული მექანიზმი სანებართვო სისტემის ფორმას იღებს, რაც შეუთავსებელია შეკრების თავისუფლების არსთან. მოსარჩელის პოზიციით, წინასწარი გაფრთხილების ინსტიტუტის მიზანი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან შეკრების ხელშეწყობა და არა მისი შინაარსისა თუ ფორმის კონტროლი. იგი განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რომ შეკრების დრო და ადგილი ხშირად განსაზღვრავს მისი ეფექტიანობის ხარისხს, ხოლო ალტერნატიული სივრცის ან დროის შეთავაზებამ შესაძლოა, შეამციროს ამგვარი შეკრების მნიშვნელობა ადრესატებზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით და საერთოდ აზრი დაუკარგოს მას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სავალდებულო მითითებების გასაჩივრების შემთხვევაშიც კი, პირი ვერ სარგებლობს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმით, რადგან სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეკრება უკვე ჩატარებულია შეცვლილი პირობებით, რის შედეგადაც დავა პრაქტიკულ მნიშვნელობას კარგავს.

15. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა შეკრების მონაწილეებს აძლევს დარღვევის გამოსწორების შესაძლებლობას, იგი პირდაპირ მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი არ არის. შედეგად, პირი პასუხისმგებლობას მაინც ექვემდებარება, თუნდაც სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებს დაემორჩილოს. მოსარჩელის შეფასებით, ასეთი რეგულაცია კარგავს პრევენციულ დანიშნულებას და პრაქტიკულად მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს ატარებს. აღნიშნული კი მოქალაქეებში პასუხისმგებლობის შიშს აჩენს და მათ შეკრებაში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას იწვევს.

16. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ შეკრების თავისუფლების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტშიც, ვინაიდან აღნიშნული უფლებები ერთმანეთთან არსებითად არის დაკავშირებული. მისი პოზიციით, შეკრება და მანიფესტაცია წარმოადგენს აზრის გამოხატვის ერთ-ერთ ეფექტიან ფორმას, რადგან სწორედ საჯარო სივრცეში, კოლექტიური მოქმედების გზით, ხდება კონკრეტული მოსაზრებისა და გზავნილის საზოგადოებამდე მიტანა. შესაბამისად, შეკრების თავისუფლებაში ჩარევა თავისთავად იწვევს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევასაც.

17. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვები - მათ შორის, შეკრების ადგილისა და დროის ცვლილება, ხალხის სავალ ნაწილზე შეკრების ფაქტობრივი აკრძალვა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება - მნიშვნელოვნად ზღუდავს იმ ფორმას, რომლის მეშვეობითაც აზრის გამოხატვა ყველაზე ეფექტიანად ხდება. ასეთ პირობებში მოქალაქეებს ერთმევათ შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია გამოხატონ იმ სივრცეში და იმ ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს მათი გზავნილის ადრესატამდე მიღწევას. ამასთან, მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პროტესტის ყველაზე ეფექტიანი ფორმისთვის სახელმწიფოს მიერ არაპროპორციული ბარიერების შექმნა, ფაქტობრივად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. შესაბამისად, მისი შეფასებით, სადავო ნორმებით შეკრების თავისუფლებაში განხორციელებული ინტენსიური ჩარევა, იმავდროულად იწვევს აზრის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.

18. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული და შემდგომი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შეესაბამება არც შეკრების თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს და არც სასჯელის პროპორციულობისა და ადამიანის ღირსების დაცვის მოთხოვნებს.

19. მოსარჩელე, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ დადგენილი სანქციები -ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა - აშკარად არაპროპორციულია იმ ქმედებებთან მიმართებით, რომელთა დასჯასაც იგი ემსახურება. საუბარია ისეთ ქცევებზე, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება შეკრების უფლების განხორციელებას (მაგალითად, ტროტუარზე დგომა ან გადაადგილების დროებითი შეფერხება) და არ იწვევს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ზიანს. ასეთ ვითარებაში თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობის ფორმით, აშკარად არღვევს გონივრულ ბალანსს ქმედების სიმძიმესა და დაკისრებულ სანქციას შორის.

20. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილი ერთ სანქციურ ჩარჩოში აერთიანებს ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ ქმედებებს - როგორც ფორმალურ და პროცედურულ დარღვევებს (გაფრთხილების შეუტანლობა, რეკვიზიტების არასწორად მითითება, შეკრების სხვა დროს ან ადგილზე ჩატარება), ისე იმ ქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ ინტერესებზე (მაგალითად, გზის ან ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვა). შედეგად, მძიმე სანქცია თანაბრად გამოიყენება როგორც ფორმალური და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევების, ისე შედარებით უფრო ინტენსიური ქმედებების მიმართ. მოსარჩელის აზრით, ასეთი მიდგომა გამორიცხავს სასჯელის ინდივიდუალიზაციას და მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, ქმედებით გამოწვეული ზიანის შესაბამისად განსაზღვროს შედარებით მსუბუქი სანქცია.

21. მოსარჩელე განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს განმეორებითი ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას. მისი შეფასებით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქცევისათვის, რომელიც არ არის ძალადობრივი და არ იწვევს მნიშვნელოვან ზიანს, აშკარად არაპროპორციულია. ამასთან, აღნიშნული სანქცია პრაქტიკაში პოლიტიკური პროტესტის კრიმინალიზაციასა და პირის დასჯას იწვევს, საკუთარი შეხედულების გამოხატვის გამო.

22. დამატებით, მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსგავსი ქმედებები, როდესაც ისინი არ უკავშირდება შეკრებას ან მანიფესტაციას, გაცილებით მსუბუქად ისჯება ან საერთოდ არ იწვევს პასუხისმგებლობას. მისი აზრით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სანქციის სიმკაცრე განპირობებულია არა ქმედების რეალური საფრთხით, არამედ მისი პროტესტის კონტექსტში განხორციელებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს უფლებაში ჩარევის სიმძიმეს. მოსარჩელის შეფასებით, ასეთი მიდგომა, ფაქტობრივად, მიზნად ისახავს პროტესტის მონაწილეთა დაშინებას, რადგან მკაცრი სანქციების საფრთხე მოქალაქეებში ქმნის მსუსხავ ეფექტს და ამცირებს მათ მზაობას, ისარგებლონ კონსტიტუციური უფლებებით.

23. საბოლოოდ, მოსარჩელე ასკვნის, რომ ტროტუარზე პროტესტის გამოხატვისათვის დაწესებული სანქციები აშკარად არაპროპორციულია შესაძლო ზიანთან შედარებით, ატარებს სადამსჯელო და პრევენციული დაშინების ხასიათს და ფაქტობრივად მიმართულია შეკრების უფლებით სარგებლობისგან მოქალაქეთა შეკავებისკენ.

24. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასაც, რადგან ერთი და იმავე ქცევის მიმართ განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს მხოლოდ იმის მიხედვით, უკავშირდება თუ არა იგი პროტესტის ან სოლიდარობის გამოხატვას. კერძოდ, მოსარჩელე შესადარებელ ჯგუფებად გამოყოფს, ერთი მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს, რომლებიც საჯარო სივრცეში, მათ შორის ტროტუარზე, გამოხატავენ პროტესტს, ხოლო მეორე მხრივ - სხვა მოქალაქეებს, რომლებიც იმავე სივრცეში იმყოფებიან და ფაქტობრივად, იდენტურ ქმედებას ახორციელებენ, მაგალითად დგანან ან გადაადგილდებიან ხალხის სავალ ნაწილზე, თუმცა შეკრებაში მონაწილეობას არ იღებენ.

25. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფის ქცევა არსებითად იდენტურია და ერთნაირ შედეგებს იწვევს, მათ შორის შესაძლოა სხვა პირთა გადაადგილების შეფერხებასაც, მხოლოდ შეკრების მონაწილეები ექვემდებარებიან ადმინისტრაციულ და შემდგომ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ასეთი დიფერენცირება მოკლებულია გონივრულ და ობიექტურ დასაბუთებას, იწვევს იდენტურ მდგომარეობაში მყოფ პირთა დაუსაბუთებელ განსხვავებულ მოპყრობას და წარმოადგენს დისკრიმინაციას პოლიტიკური შეხედულების ნიშნით. შესაბამისად, მისი შეფასებით, სადავო რეგულაცია არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

26. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები, რომლებიც აქციის მონაწილეთა იდენტიფიკაციის მიზნით ვიდეოკამერებისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს, წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის ჩარევას როგორც პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში, ისე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში.

27. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს არა მხოლოდ კერძო სივრცეს, არამედ პირის საზოგადოებრივ სივრცეში ინტერაქციასაც, მათ შორის შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობას. ამასთან, პოლიტიკური შეხედულებები წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, რომელიც განსაკუთრებულ სამართლებრივ დაცვას საჭიროებს.

28. მოსარჩელის განმარტებით, სადავო რეგულაციები სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, სისტემატურად და ფართო მასშტაბით მოახდინოს აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირება სახის ამომცნობი ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც გულისხმობს პირის გამოსახულების დაფიქსირებას, შენახვასა და ანალიზს და თავისთავად წარმოადგენს პირად ცხოვრებაში ჩარევას. ამასთანავე, აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება ქმნის ძლიერ მსუსხავ ეფექტს და აფერხებს გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ განხორციელებასაც. მსგავსი მეთოდები მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფოს შესაძლებლობას, დაადგინოს თითოეული მონაწილის ვინაობა და დააკვირდეს მათ ქცევას, რის გამოც მოქალაქეებს უჩნდებათ იდენტიფიცირებისა და შესაძლო სანქციების შიში, რაც აფერხებს მათ საჯარო პროტესტში მონაწილეობისგან.

29. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება ხდება მასობრივად და განურჩევლად, კონკრეტული საფრთხის არსებობის გარეშე. მისი შეფასებით, მშვიდობიანი აქციის პირობებში პირის იდენტიფიცირების არსებული მექანიზმი ქმნის თვალთვალისა და ტოტალური კონტროლის რეალურ შესაძლებლობას. მოსარჩელე, ასევე მიუთითებს საერთაშორისო სტანდარტებზე, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებისას მშვიდობიანი შეკრებების დროს და რიგ შემთხვევებში, საერთოდაც დაუშვებლად მიიჩნევს მათ გამოყენებას.

30. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება, ვინაიდან მათი გამოყენება ქმნის გამოუსწორებელი ზიანის, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის რეალურ საფრთხეს როგორც თავად მოსარჩელის, ისე სხვა პირების მიმართ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო ნორმები მომავალში არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი, თავისუფლების აღკვეთით მიყენებული ზიანის სრულად აღდგენა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედების დროებითი შეჩერება წარმოადგენს ერთადერთ ეფექტიან საშუალებას გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნორმების მოქმედების დროებით შეჩერებას არ მოჰყვება სხვა ლეგიტიმური ინტერესების მნიშვნელოვანი დაზიანება, რადგან მშვიდობიანი შეკრებები და ტროტუარზე პროტესტის გამოხატვა არ ქმნის ისეთ საფრთხეს, რომელიც არსებითად დააზიანებს სხვა საჯარო სიკეთეებს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ნაწილი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1949 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 111 მუხლის პირველი პუნქტის, 112 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და 51 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას, იგი შესადარებელ ჯგუფებად გამოყოფს, ერთი მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე პირებს, რომლებიც საჯარო სივრცეში (მათ შორის ტროტუარზე) გამოხატავენ პროტესტს, ხოლო, მეორე მხრივ, იმავე სივრცეში მყოფ სხვა მოქალაქეებს, რომლებიც არ მონაწილეობენ შეკრებაში და მანიფესტაციაში, თუმცა, ფაქტობრივად, ასრულებენ იდენტურ ქმედებას - დგანან ან გადაადგილდებიან ხალხის სავალ ნაწილზე. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პირთა ორივე ჯგუფის ქცევა იდენტურია და იწვევს ერთნაირ შედეგებს (მათ შორის, შესაძლოა, იწვევდეს სხვა პირთა გადაადგილების შეფერხებას), მხოლოდ შეკრების მონაწილეები ექვემდებარებიან ადმინისტრაციულ და შემდგომ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამგვარ დიფერენცირებას არ გააჩნია გონივრული და რაციონალური ახსნა და იწვევს დისკრიმინაციას პოლიტიკური შეხედულების ნიშნით.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

5. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს სადავო ნორმები ხომ არ იწვევს პირთა პირდაპირ დიფერენცირებას. პირდაპირი დიფერენცირება არის ისეთი შემთხვევა, როდესაც სადავო ნორმატიული აქტი გამოყოფს თანასწორი პირებიდან რომელიმე ჯგუფს და მათ აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესს, ადგენს შეკრება/მანიფესტაციის, სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის მონაწილე პირების უფლება-მოვალეობებს, ასევე განსაზღვრავს სამართალდამცავი ორგანოების უფლება-მოვალეობებს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმები არეგულირებს იმ რიგ ღონისძიებებს, რაც უნდა იქნას გატარებული შეკრება/მანიფესტაციის დროს სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, სადავო ნორმები განსაზღვრავს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებას განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და განსაზღვროს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზი, თუ შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ადგენს ვალდებულებას, რომ ასეთ შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება შესასრულებლად სავალდებულო მითითებით განსაზღვრული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზის შესაბამისად. ასევე, სადავო ნორმა ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებას, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ. იმავდროულად, სადავო ნორმა განსაზღვრავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებას შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამის მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება მთლიანი შეკრების ან მანიფესტაციის უკანონოდ გამოცხადების შესახებ და მოითხოვოს მისი შეწყვეტა. ასევე, სადავო ნორმა ადგენს, რომ ამ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

6. ამდენად, სადავო ნორმები აწესრიგებს შეკრება/მანიფესტაციების დროს, სხვა ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, შეკრება/ მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ რიგ ვალდებულებებს და განსაზღვრავს ამ პროცესში სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებებს. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები ზოგადი და ნეიტრალური ხასიათისაა, თანაბრად ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც მონაწილეობას იღებს/მიიღებს შეკრებასა თუ მანიფესტაციაში. განსახილველი ნორმები უშუალოდ არ ადგენს განსხვავებულ, საგამონაკლისო წესს – არ ახდენს რაიმე ნიშნით პირთა ჯგუფების დიფერენცირებას, არამედ აწესებს იდენტურ უფლებრივ რეჟიმს სადავო რეგულირების ყველა პოტენციური ადრესატისთვის, ყველა შეკრება/მანიფესტაციის მონაწილისათვის. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ, არსებითად თანასწორ პირთა შორის დიფერენცირება არ მომდინარეობს ხსენებული სადავო ნორმებიდან, ასეთი შინაარსი გასაჩივრებულ რეგულირებას არ აქვს და ამ მხრივ, არ იზღუდება სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება.

7. ამასთან, სადავოდ გამხდარი რეგულაცია შესაძლოა იყოს ნეიტრალური, არ ითვალისწინებდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა განსხვავებულ შედეგებში ტრანსფორმირდებოდეს მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ გაერთიანებულ პირთა ჯგუფის მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს ფორმალურად ნეიტრალური რეგულაციები, რომლებიც პრაქტიკაში განსხვავებულ ფაქტობრივ შედეგებს იწვევს. ფორმით ნეიტრალურ, თუმცა დისკრიმინაციული შედეგის მქონე მოპყრობას მყარად დაკავშირებული ნიშნით იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფის მიმართ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიიჩნევს დისკრიმინაციად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10,11). თანასწორობის უფლებასთან ამგვარი მიმართების სამტკიცებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, რომელიმე მყარად დაკავშირებული ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის, რეალურად განსხვავებული შედეგები დგება. ამ მხრივ, დასასაბუთებლად ვერ გამოდგება ცვლადი ფაქტობრივი გარემოებების გავლენით ჩამოყალიბებულ პირთა განსხვავებულ მდგომარეობაზე მითითება. მსგავსი დაცვა შესაძლოა შეეხოს მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომლებიც მკვეთრად გამოყოფილი, პიროვნებასთან მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ ერთიანდებიან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე განიმარტა, მოსარჩელე მხარე დიფერენცირების ფაქტს უკავშირებს პოლიტიკურ შეხედულებებს. მას მიაჩნია, რომ განსხვავებული მოპყრობა ხდება სწორედ ზემოაღნიშნული ნიშნის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე, შეიძლება იყოს ნებისმიერი, სხვადასხვა ნიშნის, კუთვნილების მქონე, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების მქონე პირი. სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესი არ არის დაკავშირებული პირის ამა თუ იმ ნიშანთან თუ კუთვნილებასთან, მათ შორის პოლიტიკურ შეხედულებასთან. ამდენად, არ იკვეთება, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, რომელიმე მყარად დაკავშირებული ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის, რეალურად განსხვავებული შედეგები დგება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, ამ მხრივ, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1949 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 111 მუხლის პირველი პუნქტის, 112 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და 51 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

2. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

10. №1949 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია კონსტიტუციის აღნიშნულ ნორმასთან სადავო რეგულაციის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 111 მუხლის პირველი პუნქტის, 112 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და 51 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

11. №1949 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის და სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად არსებითად უკავშირდება სასჯელის არაპროპორციულობის არგუმენტებს.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24).

14. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობა შეფასებადი იყოს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა მხოლოდ შესაბამისი, დასაბუთებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის არგუმენტაცია უკავშირდება წმინდად სასჯელის პროპორციულობის საკითხს, დაწესებული ადმინისტრაციული სახდელების და სისხლისსამართლებრივი სასჯელის მძიმე ხასიათს. მოსარჩელე მხარეს, სანქციის პროპორციულობის მიღმა, არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტაცია, რომელიც მიემართება ისეთ საკითხებს, რაც არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში და, შესაბამისად, დამოუკიდებლად, საჭიროებს შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ღირსების ხელშეუვალობასთან მიმართებით.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1949 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

4. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით

16. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“ და სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა –“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

17. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად უკავშირდება დაწესებული სანქციების/სასჯელების არაპროპორციულობას.

18. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სადავო რეგულაცია წარმოადგენს კონკრეტული ადმინისტრაციულსამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებების შემადგენლობას (დისპოზიციას). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია შესაძლებელია, ზღუდავდეს იმ მატერიალურ უფლებას, რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული, ხოლო, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით (როდესაც მოთხოვნილია სასჯელის პროპორციულობის შეფასება) არ ფასდება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია. იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს, უშუალოდ ქმედების დისპოზიციასთან მიმართებით, არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია, იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ ზღუდავს ამ ქმედების სამართალდარღვევად ან დანაშაულად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.

19. ამდენად, ერთი მხრივ, სადავო მოწესრიგება არ განსაზღვრავს დადგენილი აკრძალვისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომას, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ იწვევს, ზოგადად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ქმედებების სამართალდარღვევად და დანაშაულად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას.

20. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 11​2 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“ და სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა –“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1949 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

5. ცალკეული ნორმების მისაღებობის ფარგლები

21. მოსარჩელე მხარე, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ მითითების მოქმედებას. აგრეთვე, იგი სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას. თავის მხრივ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და 112 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება. შესაბამისად, სადავო რეგულაცია ითვალისწინებს ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს უფლებააღმჭურველ წესს და არა უფლებაშემზღუდველ რეგულაციას. რაც შეეხება მოწესრიგებას, რომლის მიხედვითაც, გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედებას, აღნიშნული სადავო რეგულაცია თავად არ განსაზღვრავს შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობის ფორმას, წესს ან მასშტაბს, რის გამოც მას პოტენციალი ექნებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და 21-ე მუხლით დაცული უფლების შემზღუდველ წესად მიჩნევისა. იგი არეგულირებს მატერიალური უფლების დაცვის წესს, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობაც თავად მატერიალური უფლების ფარგლების, შინაარსის ცვლილებას და მისთვის არაკონსტიტუციური შინაარსის გამოცლას ვერ გამოიწვევს.

22. შესაბამისად, №1949 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და 112 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

23. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით...“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, თუმცა მოსარჩელე მხარე საერთოდ არ მიუთითებს, სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია, რატომ არის არაპროპორციული. იმავდროულად, იგი არ მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სანქცია მსუსხავ ეფექტს იწვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი, მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.

24. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით...“ კონსტიტუციურობას მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, №1949 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

25. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით.

26. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ჩაიდენს ორსული ქალი, დედა, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მათ დაეკისრებათ ჯარიმა. ამდენად, მოცემული სადავო რეგულაციით გათვალისწინებული ჯარიმა ეკისრება სპეციალურ სუბიექტს და არა ყველა პირს. მოსარჩელე მხარე ბუნებრივად ვერ იქნება ორსული ქალი ან დედა. ამავდროულად, იგი არ არის 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი და არ მიუთითებია, რომ არის მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელე წარმოადგენს არაუფლებამოსილ სუბიექტს.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1949 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რის გამოც არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

28. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილს სრულად, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებული რეგულაციების არაკონსტიტუციურობისა და ასევე მათთვის დაწესებული სანქციების არაკონსტიტუციურობის თაობაზე, მოსარჩელე მხარე ასევე არ ასაბუთებს ამავე სადავო ნაწილით გათვალისწინებული იმ აკრძალვების არაკონსტიტუციურობას, რომლებიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს და მათთვის დადგენილ პასუხისმგებლობის ზომებს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 11​2 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობისთვის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების მისაღებობის ფარგლები

30. მოსარჩელე მხარე, სადავოდ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციისმე-9 მუხლთან მიმართებით, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის არგუმენტაცია აღნიშნული ბრძანებით მოწესრიგებული რომელიმე წესისა თუ პირობის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ დებულებებთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციისმე-9 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

31. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის ზემოაღნიშნული ბრძანების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პირის იდენტიფიცირების არსებული წესი მშვიდობიანი აქციის დროს იძლევა პირის თვალთვალისა და ტოტალური კონტროლის შესაძლებლობას. სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებით აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირება წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის ჩარევას როგორც პირადი ცხოვრების დაცულ სფეროში, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს არა მხოლოდ კერძო სივრცეს, არამედ ადამიანის ინტერაქციას საზოგადოებრივ სივრცეში, მათ შორის მონაწილეობას შეკრებებსა და მანიფესტაციებში. ამასთან, პირის პოლიტიკური შეხედულებები წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, რომელიც განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს.

32. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო რეგულაციებით, სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა სისტემატურად და მასშტაბურად მოახდინოს აქციის მონაწილეთა იდენტიფიკაცია სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც გულისხმობს პირის გამოსახულების დაფიქსირებას, შენახვასა და ანალიზს, რაც თავისთავად წარმოადგენს პირად ცხოვრებაში ჩარევას. იმავდროულად, სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება ქმნის ძლიერ მსუსხავ ეფექტს და ზღუდავს არა მხოლოდ პირადი ცხოვრების უფლებას, არამედ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ განხორციელებას. მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფოს შესაძლებლობას, დაადგინოს თითოეული მონაწილის ვინაობა და დააკვირდეს მათ ქცევას. ასეთ პირობებში, მოქალაქეებს უჩნდებათ შიში იდენტიფიცირებისა და შესაძლო სანქციების მიმართ, რაც მათ აფერხებს საჯარო პროტესტში მონაწილეობისგან, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება ხდება განურჩევლად და მასობრივად, კონკრეტული საფრთხის არსებობის გარეშე.

33. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესი და პირობები განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის წესსა და პირობებს, მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

34. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების პირველ მუხლს, მე-3 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 პუნქტებს და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, მე-4 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებს, მე-5 პუნქტის პირველ და მე-3 წინადადებებსა და მე-6 პუნქტს.

35. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების ზემოაღნიშნული ბრძანების პირველი მუხლი ზოგადად ჩამოთვლის ბრძანებით მოსაწესრიგებელ საკითხებს და ადგენს აღნიშნული წესის მიზანს. მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტები და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს სპეციალური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას შესაძლო სამართალდამრღვევის დროულად იდენტიფიკაციის მიზნით, ადგენს აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობის დაკომპლექტებისა და უფლებამოსილების განხორციელების წესს. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენელის უფლებამოსილებას, განახორციელოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ფიქსაცია, მოახდინოს სავარაუდო სამართალდამრღვევის ფოტოსურათით დაფიქსირება, იმგვარად რომ იგი იძლეოდეს სამართალდამრღვევის შემდგომი იდენტიფიკაციის შესაძლებლობას და ამის შემდგომ უკვე განსაზღვრავს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების წესს. აღნიშნული მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-5 პუნქტის პირველი და მე-3 წინადადებები და მე-6 პუნქტი ადგენს სავარაუდო სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის თაობაზე იდენტიფიკაციის განმახორციელებელი პირის მიერ სავარაუდო სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის ოქმის შედგენის წესს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ფოტო ან/და ვიდეომასალისა და შესაბამისი ოქმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე სამინისტროს შესაბამის დანაყოფისთვის გაგზავნის წესს, რომელიც უფლებამოსილია მასალები გადასცეს პროკურორს ან გამოძიების ორგანოს, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოების მიზნებისთვის, სავარაუდო სამართალდამრღვევის ვინაობა მიიჩნევა დადასტურებულად.

36. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო არგუმენტაცია არ მიემართება ზემოაღნიშნული რეგულაციების არაკონსტიტუციურობის მტკიცებას. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, სპეციალური პროგრამის გამოყენებით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეების იდენტიფიცირებას, გასაჩივრებული ბრძანების საფუძველზე აქციის მონაწილეების მიმართ სისტემატურად და განურჩევლად სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებასა და ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას, რაც მოქალაქეთა მასობრივი ბიომეტრიული თვალთვალის შესაძლებლობას იძლევა. მოსარჩელე მხარე არც იმაზე მიუთითებს, ზოგადად სამართალდარღვევის ფიქსაცია და სამართალდამრღვევის გამოვლენა, რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და ამ მხრივ, რა უფლებრივ ტვირთს წარმოშობს თავად ფოტო ან ვიდეოფირიდან სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ფიქსაცია სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით.

37. ამდენად, ერთი მხრივ, მოსარჩელე მხარის სასარჩელო არგუმენტაცია არ უკავშირდება გასაჩივრებული ბრძანების ზემოაღნიშნული წესის არაკონსტიტუციურობის მტკიცებას და მეორე მხრივ, მოსარჩელის პრობლემა არ მომდინარეობს ზემოაღნიშნული სადავო ნორმებიდან. შესაბამისად, №1940 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების პირველი მუხლის, მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის პირველი და მე-3 წინადადებებისა და მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

7. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება

38. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1949 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

8. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შეფასება

39. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება.

40. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.

41. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე.

42. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31-35).

43. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის №1/1/592 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

44. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კერძოდ, უნდა დადგინდეს შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს.

45. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს შესაძლებლობა, თავად შეაფასოს სადავო ნორმის შეჩერების საჭიროება, შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსარჩელეს არ ათავისუფლებს სათანადო არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისგან, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ სადავო ნორმის მოქმედება წარმოქმნის მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/6/877 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „ალტა“, შპს „ოქეი“, შპს „ზუმერი ჯორჯია“, შპს „ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და შპს „სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).

46. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება, რადგან მათი გამოყენება ქმნის გამოუსწორებელი ზიანის (თავისუფლების აღკვეთის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის) რეალურ საფრთხეს, როგორც თავად მოსარჩელის, ისე სხვა პირების მიმართ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, თავისუფლების აღკვეთით მიყენებული ზიანის სრულად აღდგენა შეუძლებელია. ამდენად, იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება არის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების დროებით შეჩერება არ შექმნის სხვა ლეგიტიმური ინტერესების მნიშვნელოვანი დაზიანების რისკს, რადგან ტროტუარზე პროტესტი არ წარმოადგენს ისეთ საფრთხეს, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს სხვა საჯარო სიკეთეებს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გამოუსწორებელ ზიანად მიიჩნევს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და სახდელის/სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას.

47. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ მიემართება იმ სადავო რეგულაციებს, რომლებიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის (ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის) დარღვევისთვის ადგენს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობებს. შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, წარმოშობს თუ არა აღნიშნული რეგულაციის მოქმედება ისეთ გამოუსწორებელ ზიანს, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის პროცესში, რომელიც ვერ აღმოიფხვრება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც.

48. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ ზოგადად პირის თავისუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით, მისი ყველაზე ინტენსიური ფორმით - ფიზიკური თავისუფლების აღკვეთით (თუნდაც კონსტიტუციურად) - თავისი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირისთვის მძიმე უფლებრივ ტვირთს, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული გარემოება თავისთავად და ავტომატურად ვერ განაპირობებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. უფლების შეზღუდვის ინტენსივობა ან სანქციის სიმკაცრე, თავისთავად, დამატებითი გარემოებების გარეშე ვერ იქნება მიჩნეული იმ გამოუსწორებელ შედეგად, რომელიც სადავო ნორმის შეჩერების საფუძველს ქმნის. საწინააღმდეგო მიდგომის გაზიარება მნიშვნელოვნად გააფართოებდა შეჩერების ინსტიტუტის მოქმედების ფარგლებს და პრაქტიკულად გამოიწვევდა იმ შედეგს, რომ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დამდგენი ნორმების მნიშვნელოვანი ნაწილი, მხოლოდ სანქციის ბუნებიდან გამომდინარე, დაექვემდებარებოდა მოქმედების შეჩერებას, რაც არ არის თავსებადი შეჩერების ინსტიტუტის ფუნქციურ მიზანთან.

49. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ გამოუსწორებელი შედეგის არსებობა არ განისაზღვრება მხოლოდ უფლების შეზღუდვის ფაქტით ან მისი ხანგრძლივი ხასიათით. „უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი თავისთავად არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16).

50. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების დროებით ღონისძიებას მიმართავს იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მხარისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები. აღნიშნული მიდგომა განპირობებულია იმით, რომ საქმის არსებით განხილვამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით, სამართლებრივ სივრცეში ნორმა მოქმედებას წყვეტს საკითხის არსებითი შესწავლის, ნორმის ბუნების ზედმიწევნით გამორკვევის გარეშე, რამაც შესაძლოა, დისფუნქციური გახადოს მოქმედი კანონმდებლობა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს იმ სამართლებრივი ურთიერთობების გამართული ფუნქციონირება, რომელთა მოწესრიგებასაც აღნიშნული ნორმები ემსახურება. ამდენად, შეჩერების მექანიზმის ყოველ ჯერზე გამოყენებას თან სდევს ხანგრძლივი საკანონმდებლო ვაკუუმის წარმოშობის საფრთხე და ამდენად, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და მესამე პირთა ინტერესების ხელყოფის რისკი. სწორედ ამ მიზეზით, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით აფასებს. იგი მოსარჩელე მხარისგან მოითხოვს არა მხოლოდ ზოგადად უფლების შეზღუდვის ფაქტზე და მის განგრძობით ხასიათზე მითითებას, არამედ დამაჯერებელი არგუმენტებით იმის წარმოჩენას, რომ სადავო ნორმის მოქმედების გაგრძელება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ქმნის გამოუსწორებელი, შეუქცევადი ზიანის მიყენების რეალურ რისკს. მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად მოქმედი სამართლებრივი რეგულაციის დროებითი შეჩერება, როგორც განსაკუთრებული და გამონაკლისი ღონისძიება, რომელიც ემსახურება ეფექტიანი კონსტიტუციური მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების რეალური დაცვის უზრუნველყოფას.

51. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული საფრთხის წინაშე მდგარი ან უკვე თავისუფლებააღკვეთილი მოსარჩელეების მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკაში არ აკმაყოფილებს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითების საფუძვლით, რომ მათ შესაძლოა აღეკვეთოთ/ან უკვე აღკვეთილი აქვთ თავისუფლება. სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები (რომლებიც შეიძლება იყოს კიდეც არაკონსტიტუციური) არ აყენებს მოსარჩელეს გამოუსწორებელ ზიანს. კერძოდ, სასამართლოს მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, მათ შორის, დანიშნული სასჯელის ნაწილში, ხოლო უკვე აღკვეთილ თავისუფლებას (თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გატარებულ დღეებს) სასამართლო პრაქტიკაში არ მიიჩნევს იმ გამოუსწორებელ ზიანად, რაც შეჩერების ინსტიტუტის გამოყენებას ამართლებს. აღნიშნულის გამო, იმ ფაქტზე მითითება, რომ მოსარჩელეს შესაძლოა სასჯელის სახედ დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა სადავო ნორმის საფუძველზე, ვერ გამოდგება მისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის დასასაბუთებლად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1/17/882 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის №1/2/696 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის №1/21/701,722,725 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №1/11/657 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

52. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ასევე გამოუსწორებელ ზიანად მიიჩნევს ადმინისტრაციულ პატიმრობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა, თავისი ბუნებითა და ინტენსივობით, ნაკლებად მკაცრ ღონისძიებას წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სასჯელთან მიმართებით. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სისხლისსამართლებრივი წესით თავისუფლების აღკვეთას (მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების გამო) არ მიიჩნევს, თავისთავად, ისეთ გამოუსწორებელ ზიანად, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას გაამართლებდა, მით უფრო ვერ იქნება ასეთი დასკვნის საფუძველი, ნაკლები ინტენსივობის მქონე ღონისძიების შესაძლო გამოყენება. ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა, ვერ გახდება სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თვითკმარი არგუმენტი.

53. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შესაძლო არაკონსტიტუციურად ცნობა თავად უზრუნველყოფს მისგან მომდინარე სამართლებრივი ტვირთის აღმოფხვრას. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო სისხლის სამართლის წესით უკვე აღკვეთილი თავისუფლების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება, გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების აღმოფხვრის სამართლებრივი შესაძლებლობა ძირითადი გადაწყვეტილების მიღების გზით. ამდენად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

54. ამასთან, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეუქცევადად დაზიანების კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო რეგულაცია არ ართმევს პირს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. სადავო რეგულაცია ადგენს ქცევის კონკრეტულ წესს, რომლის დაცვითაც უნდა განხორციელდეს შეკრება/მანიფესტაცია და განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მისი დარღვევისთვის. მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგაც სარგებლობს შეკრებისა და გამოხატვის უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. სადავო რეგულაცია მიემართება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მათ არ მიიღებდა არსებითად განსახილველად, თუმცა სადავო რეგულაციის კონსტიტუციურობის შეფასება, წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შესაფასებელ მოცემულობას. მოცემულ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია ის, რომ სადავო ნორმების მოქმედება არ იწვევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შეუძლებლობას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს გამოუსწორებელი შედეგის არსებობის ალბათობას.

55. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1949 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ჟვანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით:

ა.ა) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტების, 111 მუხლის პირველი პუნქტის, 112 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების, მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და 51 პუნქტის კონსტიტუციურობას;

ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 11​2 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობისათვის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;

ა.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას.

ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:

ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ..., ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით ...“ კონსტიტუციურობას;

ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობას.

გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 18 ოქტომბრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების, მე-7 პუნქტისა და მე-5 მუხლის კონსტიტუციურობას.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1949 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ჟვანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით:

ა.ა) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და 112 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას;

ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით;

ა.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 11​2 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობისათვის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.

ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:

ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 11​2 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“ კონსტიტუციურობას;

ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა −“ კონსტიტუციურობას.

ბ.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას.

გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას.

დ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 18 ოქტომბრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების კონსტიტუციურობას.

ე) საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 111 მუხლის პირველი პუნქტის, 112 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და 51 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას.

ვ) საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 111 მუხლის პირველი პუნქტის, 112 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და 51 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ„ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 18 ოქტომბრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების კონსტიტუციურობას.

ზ) საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 18 ოქტომბრის №106 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების პირველი მუხლის, მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის პირველი და მე-3 წინადადებებისა და მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას.

3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

5. №1918, №1926, №1932, №1936, №1940, №1942, №1944 და №1949 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.

6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

8. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.

9. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ