საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/6/1932 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
| დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
| ნომერი | do1/6/1932 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
| ავტორ(ებ)ი | გიორგი კვერენჩხილაძე |
| თარიღი | 30 ივლისი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 13 აგვისტო 2026 11:29 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/6/1932 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/6/1932 საოქმო ჩანაწერთან (შემდგომში − №1/6/1932 საოქმო ჩანაწერი) დაკავშირებით.
2. №1/6/1932 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, მათ შორის, ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისათვის, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.
3. №1932 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილებას და მოსარჩელეს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თავისუფლად ისარგებლოს შეკრების თავისუფლებით, სანქციის რეალური საფრთხის გარეშე. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ სადავო ნორმის მოქმედების დროებითი შეჩერება არ დააზიანებს სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს, ვინაიდან ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრება და აზრის გამოხატვა არ ქმნის ისეთ საფრთხეს, რომელიც საჭიროებს მსგავსი სიმკაცრის შეზღუდვას.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და, წინარე პრაქტიკაზე მითითებით, აღნიშნა, რომ არც თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული საფრთხე და არც უკვე აღკვეთილი თავისუფლება, მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების საფუძვლით, არ მიიჩნევა ისეთ გამოუსწორებელ შედეგად, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას გაამართლებდა. ჩემი კოლეგების შეფასებით, ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც სისხლისსამართლებრივი წესით თავისუფლების აღკვეთის სასჯელთან შედარებით ნაკლები ინტენსივობის ღონისძიება, მით უფრო, ვერ დაასაბუთებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გამართლებულობას. ამასთანავე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი შესაძლებლობა და, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვების აღმოფხვრა. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო რეგულაცია არ ართმევს პირს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, არამედ ადგენს შეკრების განხორციელების კონკრეტულ წესსა და ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ჩემმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ სადავო ნორმის მოქმედება არ იწვევს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შეუძლებლობას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს გამოუსწორებელი შედეგის არსებობის ალბათობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/6/1932 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „კახა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23-40).
5. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, სადავოდ არის გამხდარი, აგრეთვე №1940 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერით (შემდგომში − №1/8/1940 საოქმო ჩანაწერი), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, რასაც არ დავეთანხმე და გამოვთქვი განსხვავებული აზრი.
6. №1/8/1940 საოქმო ჩანაწერის თაობაზე გამოთქმული განსხვავებული აზრის ფარგლებში, არ გავიზიარე ჩემი კოლეგების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტა, რამდენადაც მივიჩნიე, რომ გამოუსწორებელი ზიანის არსებობა-არარსებობის საკითხის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ, ფაქტობრივად, არ იქნა გათვალისწინებული განსახილველი საკითხის კონსტიტუციურსამართლებრივი თავისებურებები და სადავო ნორმებით შეზღუდული უფლებების ბუნება. იმავდროულად, აღვნიშნე, რომ, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობა, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს არა მხოლოდ როგორც პირადი თავისუფლების შემზღუდველი სანქცია, არამედ, უპირველესად, როგორც, მათ შორის, შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე ზემოქმედების მექანიზმი, რომელსაც აღნიშნული უფლების განხორციელების შეკავების რეალური და მძლავრი პოტენციალი გააჩნია. იმავდროულად, ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუფასებია, აღემატებოდა თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით მესამე პირთათვის ან/და საჯარო ინტერესებისათვის შესაძლო ზიანი იმ ზიანს, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შენარჩუნებით შეიძლება წარმოიშვას მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ და რა გავლენას ახდენს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებაზე ის გარემოება, რომ აღნიშნული უფლების რეალიზების პროცესში განხორციელებული ქმედებისთვის კანონმდებელი აწესებს პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრ ფორმას, თავისუფლების აღკვეთას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ხსენებულ უფლებასთან დაკავშირებული ქმედებებისთვის, განსაკუთრებით მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა, როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რეაგირების მიუღებელ, მკაცრად გაკრიტიკებულ და რთულად გამართლებად ფორმად მიიჩნევა. დამატებით, მოცემულ შემთხვევაში, ჩემს კოლეგებს არც ის მიუღიათ მხედველობაში, რომ საპატიმრო სასჯელების შემუშავებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ დასაცავი სიკეთე, თვისებრივად, არ არის იმგვარი, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე მსგავსი სანქციის/სასჯელის დაწესების საპირწონე იქნებოდა.
7. აღსანიშნავია, რომ განსხვავება №1/8/1940 საოქმო ჩანაწერისა და №1/6/1932 საოქმო ჩანაწერის ფარგლებში შეფასებულ საკითხებს შორის, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის კონტექსტში, იმაში მდგომარეობს, რომ №1932 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი არის მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედების შეჩერება. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს მარტოოდენ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებულ გამოუსწორებელ შედეგზე. ზემოაღნიშნული განსხვავება არ ცვლის ჩემი სამართლებრივი არგუმენტაციის შინაარსს. კერძოდ, №1/8/1940 საოქმო ჩანაწერის თაობაზე გამოთქმულ განსხვავებულ აზრში განვითარებული მსჯელობა ეფუძნება არა კონკრეტულად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სასჯელისგან, არამედ, ზოგადად, საპატიმრო სანქციის გამოყენებისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის შეფასებას, იმ პირობებში, როდესაც ასეთი სანქცია გათვალისწინებულია, მათ შორის, შეკრების თავისუფლებით სარგებლობის პროცესში განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქმედებისთვის და გამოიყენება ისეთი ლეგიტიმური ინტერესის დაცვის მიზნით, როგორიცაა ფეხით მოსიარულეთა თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, არსებითი მნიშვნელობის არ არის ის, თავისუფლების აღკვეთის სახით პასუხისმგებლობა დადგენილია სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, რამდენადაც კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასების საგანს წარმოადგენს თავად საპატიმრო სანქციის ზემოქმედება შეკრების თავისუფლებაზე და მისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე.
8. ამრიგად, №1/8/1940 საოქმო ჩანაწერის თაობაზე განსხვავებულ აზრში განვითარებული სამართლებრივი არგუმენტაცია და შესაბამისი დასკვნები მსგავსად მიემართება №1/6/1932 საოქმო ჩანაწერში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განვითარებულ მსჯელობას. შესაბამისად, კვლავ ვრჩები №1/8/1940 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოთქმულ განსხვავებულ აზრში დაფიქსირებული ჩემი პოზიციების ერთგული და, არსებითად, იმავე საფუძვლებით ვერ გავიზიარებ №1/6/1932 საოქმო ჩანაწერით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ ჩემი კოლეგების პოზიციას.[1]
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისათვის, სანქციის სახით, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
გიორგი კვერენჩხილაძე
[1] ვრცლად იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.