• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით

დოკუმენტის ტიპი განსხვავებული აზრი
ნომერი do1/8/1940
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - , ,
ავტორ(ებ)ი გიორგი კვერენჩხილაძე
თარიღი 30 ივლისი 2026
გამოქვეყნების თარიღი 13 აგვისტო 2026 11:38

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით

1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერთან (შემდგომში − №1/8/1940 საოქმო ჩანაწერი) დაკავშირებით.

შესავალი

2. №1/8/1940 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის მიჩნეული, მათ შორის, ხალხის გადაადგილებისათვის დაბრკოლებების განზრახ შექმნა, მათ შორის, ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, რისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით კი სისხლის სამართლის წესით დასჯადია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა. ამდენად, სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება ხალხის გადაადგილებისათვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის, მათ შორის, ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისათვის, რისთვისაც, სასჯელის სახით, განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა, ვადით ერთ წლამდე.

4. №1940 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმები, რამდენადაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას, ქმნის „მსუსხავ ეფექტს“ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის პროცესზე, რის გამოც, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, ხსენებული უფლებებისათვის მიყენებული ზიანის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათი არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება არ წარმოშობს მესამე პირთა უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების დაზიანების საფრთხეს.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და, წინარე პრაქტიკაზე მითითებით, აღნიშნა, რომ არც თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შესაძლო გამოყენება და არც უკვე აღკვეთილი თავისუფლება არ მიიჩნევა გამოუსწორებელ შედეგად, რადგან სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, ერთი მხრივ, აღარ იარსებებს ადამიანის თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმეებზე, წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვისა და სამართლებრივი შედეგების აღმოფხვრის საფუძველს. ამასთანავე, ჩემი კოლეგების შეფასებით, ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც სისხლის სამართლის წესით თავისუფლების აღკვეთის სასჯელზე ნაკლები ინტენსივობის ღონისძიება, მით უფრო, ვერ დაასაბუთებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გამართლებულობას. გარდა ამისა, დადგინდა, რომ სადავო რეგულაციები არ ართმევს პირს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას, არამედ ადგენს ხსენებული უფლებების განხორციელების წესსა და პასუხისმგებლობას ამ წესის დარღვევისთვის. ჩემი კოლეგების მითითებით, მოსარჩელე ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგაც სარგებლობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, რის გამოც, არ არსებობს გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალური საფრთხე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „სანდრო მირცხულავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-49-56).

6. ვერ გავიზიარებ ჩემი კოლეგების მიერ შემოთავაზებულ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტას. მართალია, ზოგადად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკაში, თავისუფლების აღკვეთის შესაძლო გამოყენება ან უკვე აღკვეთილი თავისუფლება, თავისთავად, არ წარმოადგენს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველს, თუმცა, მიმაჩნია, რომ აღნიშნული პრაქტიკის მოცემულ საქმეზე მექანიკური გავრცელება არ შეესაბამება განსახილველი დავის კონსტიტუციურსამართლებრივ სპეციფიკას. №1/8/1940 საოქმო ჩანაწერში განვითარებული მსჯელობის მთავარი ხარვეზი ისაა, რომ გამოუსწორებელი ზიანის არსებობა-არარსებობის საკითხის შეფასებისას, ფაქტობრივად, არ იქნა გათვალისწინებული განსახილველი საკითხის კონსტიტუციურსამართლებრივი თავისებურებები და სადავო ნორმებით შეზღუდული უფლებებისა და თავისუფლებების ბუნება. ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს არა მხოლოდ როგორც პირადი თავისუფლების შემზღუდველი სანქცია/სასჯელი, არამედ, უპირველესად, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობაზე ზემოქმედების მექანიზმი, რომელსაც აღნიშნული უფლებების განხორციელების შეკავების რეალური და მძლავრი პოტენციალი გააჩნია. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუფასებია, აღემატებოდა თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით მესამე პირთათვის ან/და საჯარო ინტერესებისათვის შესაძლო ზიანი იმ ზიანს, რომელიც სადავო ნორმების მოქმედების შენარჩუნებით შეიძლება წარმოიშვას მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. ჩემს კოლეგებს სათანადოდ არ უმსჯელიათ, რა გავლენას ახდენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე ის გარემოება, რომ აღნიშნული უფლებების რეალიზების პროცესში განხორციელებული ქმედებისთვის კანონმდებელი აწესებს პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრ ფორმას, თავისუფლების აღკვეთას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ხსენებულ უფლებებთან დაკავშირებული ქმედებებისთვის, განსაკუთრებით მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა, როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რეაგირების მიუღებელ, მკაცრად გაკრიტიკებულ და რთულად გამართლებად ფორმად მიიჩნევა. დამატებით, მოცემულ შემთხვევაში, ჩემს კოლეგებს არც ის მიუღიათ მხედველობაში, რომ საპატიმრო სასჯელების შემუშავებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ დასაცავი სიკეთე, თვისებრივად, არ არის იმგვარი, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე მსგავსი სანქციის/სასჯელის დაწესების საპირწონე იქნებოდა.

1. გამოუსწორებელი ზიანის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საქმეებში

7. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღჭურავს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების კომპეტენციით, იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. აღნიშნული ინსტიტუტი უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას, რამდენადაც წარმოადგენს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისათვის იმ აუცდენელი და შეუქცევადი ზიანის მიყენების პრევენციის მექანიზმს, რომელიც შესაძლოა, სადავო ნორმის მოქმედებას მოჰყვეს და რომლის გამოსწორება შესაძლებელია ვერ მოხერხდეს ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ.

8. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმების მოქმედებით, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის შეფასების კონტექსტში, ჩემმა კოლეგებმა მართებულად მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული მიდგომის თანახმად, სადავო ნორმის საფუძველზე, სასჯელის სახედ, თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობის არსებობა ან თავისუფლების აღკვეთის ფაქტი, თავისთავად, არ მიიჩნევა სადავო ნორმისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დამადასტურებელ არგუმენტად (იხ., მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის №1/7/1735 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/1/1410 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ანი აროშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №1/6/1394 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), თუმცა ვერ გავიზიარებ ზემოაღნიშნული სტანდარტის ნებისმიერ კონსტიტუციურ უფლებაზე ავტომატურად გავრცელების სამართლებრივი ლოგიკის მართებულობას.

9. კერძოდ, საყურადღებოა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ მითითებული სტანდარტი განავითარა სხვადასხვა კონსტიტუციური დავის ფარგლებში, ბუნებრივია, სასარჩელო მოთხოვნისა და კონკრეტულ საქმეზე მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით. მიმაჩნია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, სანქციის/სასჯელის სახედ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის, როგორც გამოუსწორებელი შედეგის გამომწვევი ფაქტის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე პრაქტიკის მექანიკური მისადაგების ნაცვლად, უნდა ეხელმძღვანელა მოცემულ საქმეზე იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნის არსით, მათ შორის, იმ კონსტიტუციური უფლებების სპეციფიკით, რომელთა რეალიზებასთან მიმართებითაც იდგა გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რისკის შეფასების საჭიროება. აღნიშნულის საპირისპიროდ, ჩემმა კოლეგებმა ზემოხსენებული სტანდარტი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გაავრცელეს წინამდებარე საქმეზე და არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ სტანდარტი, რომლის შესაბამისადაც, სანქციის/სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობა ან თავისუფლების აღკვეთის ფაქტი არ მიიჩნევა გამოუსწორებელ ზიანად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არასდროს გამოუყენებია იმგვარ კონსტიტუციურ დავაში, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების შეზღუდვას შეეხებოდა.

10. არსებით პრობლემად მიმაჩნია ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საკითხი შეაფასა სადავო ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის სანქციის/თავისუფლების აღკვეთის სასჯელის, როგორც მარტოოდენ ადამიანის თავისუფლების მზღუდავი ღონისძიების, ჭრილში და გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ თავისუფლების აღკვეთის სანქციებთან/სასჯელებთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შესწევს გამოუსწორებელი ზიანის დადგომის პრევენციის პოტენციალი, თავისუფლების შეზღუდვის პრევენციის ან განგრძობადი თავისუფლების აღკვეთის შეწყვეტის გზით. ვფიქრობ, ჩემს კოლეგებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოთ იმ გარემოებისათვის, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, ადმინისტრაციული პატიმრობა, ისევე, როგორც სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს სანქციებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების რეალიზების პროცესში განხორციელებული ქმედებისათვის და, უპირველესად, სწორედ აღნიშნულ უფლებებზე ახდენს მძლავრ ზემოქმედებას. ამ პირობებში, ჩემს კოლეგებს უნდა შეეფასებინათ არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი შედეგების აღმოფხვრის სამართლებრივი ბერკეტების არსებობა, არამედ უნდა ემსჯელათ იმ გარემოებაზე, რომ ადამიანის თავისუფლების მზღუდავ ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ სანქციებს, მათ თანმდევ შეზღუდვებთან ერთად, გააჩნია ძლიერი პოტენციალი, დათრგუნოს პირთა ნება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების რეალიზების კონტექსტში. ამ მხრივ, იდენტიფიცირებული კონსტიტუციური უფლებების ბუნების გათვალისწინებით, განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობის არსებობა ვერ უზრუნველყოფს მითითებულ კონსტიტუციურ უფლებებზე სადავო რეგულირებებით წარმოშობილი შედეგების აღმოფხვრას, რამდენადაც არარეალისტურია მოლოდინი, რომ თავისუფლების შეზღუდვის რისკის მიუხედავად, პირი თავს არ შეიკავებს შეკრებაში მონაწილეობისგან ან საკუთარი მოსაზრების გამოხატვისგან მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მომავალში, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, განაჩენის გადასინჯვა იქნება შესაძლებელი.

11. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, მარტოოდენ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სასჯელთან შედარებით, ნაკლებად მკაცრი ღონისძიებაა, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება, მით უფრო, ვერ ჩაითვლებოდა გამოუსწორებელ ზიანად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „სანდრო მირცხულავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-53). ამგვარი მსჯელობით, ჩემმა კოლეგებმა ადმინისტრაციული პატიმრობისგან მომდინარე გამოუსწორებელი ზიანის შეფასება, არსებითად, მისი ხანგრძლივობის რაოდენობრივ შეფასებამდე დაიყვანეს და, ფაქტობრივად, მიიჩნიეს, რომ 15 ან 20 დღემდე თავისუფლების აღკვეთა, თავისი ხანგრძლივობის გამო, არ წარმოშობს ისეთ ინტენსიურ ზემოქმედებას, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას გაამართლებდა. მსგავსი მიდგომით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების განხორციელების პროცესში განხორციელებული ქმედებების სანქცირების მიზნით გამოიყენება. ამიტომ, მსგავსი სანქციის ზემოქმედების ხარისხი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის პროცესზე ვერ იქნება განსაზღვრული მარტოოდენ ადმინისტრაციული პატიმრობის კალენდარული დღეების ოდენობით. დამატებით, აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლისსამართლებრივი წესით თავისუფლების აღკვეთის სასჯელისგან მომდინარე გამოუსწორებელი ზიანის არარსებობის წარმოსაჩენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მსჯელობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო იმის დასაბუთებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება პოტენციურად არაკონსტიტუციური ნორმის მოქმედებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების აღმოფხვრა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ინსტიტუტის გამოყენებით, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევაში, ანალოგიური სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უკვე შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობის სამართლებრივი შედეგების გადასინჯვასა და აღმოფხვრას უზრუნველყოფდა, საერთოდ არ არსებობს.

12. აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია, ჩემმა კოლეგებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან უშუალოდ გამოხატვისა და შეკრების უფლებებით სარგებლობის პროცესში სადავო რეგულირების საფუძველზე გამოუსწორებელი ზიანის წარმოშობის საკითხის შეფასების აუცილებლობაზე, თუმცა, საბოლოოდ, ამ მხრივ, შემოიფარგლნენ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო ნორმების მოქმედება არ იწვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობას, რამდენადაც პირს გააჩნია დასახელებული უფლებების რეალიზების საშუალება სადავო რეგულირების დაცვით, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგაც (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „სანდრო მირცხულავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-48, 50). ვფიქრობ, ზემოაღნიშნული მსჯელობით, უფლების რეალიზებისათვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომა, ფაქტობრივად, მხოლოდ უფლების განხორციელების სრულად გამორიცხვას დაუკავშირდა, რაც ხსენებულ კრიტერიუმს გაუმართლებლად ავიწროებს და არ შეესაბამება სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტის ფუნქციურ დანიშნულებას. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, სადავო რეგულირების დაცვით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის საკითხზე მსჯელობისას, სათანადოდ არ შეუფასებია სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის მასშტაბი და ის უფლებრივი სივრცე, რომელიც სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ადამიანს მითითებული კონსტიტუციური უფლებების რეალიზებისათვის რჩება.

13. მიმაჩნია, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, ჩემს კოლეგებს უნდა გაეთვალისწინებინათ ის, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების, როგორც ინსტრუმენტული კონსტიტუციური გარანტიების, რეალიზების ეფექტიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შეკრების/გამოხატვის დროზე, ადგილზე და კონკრეტულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტექსტზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის №3/3/1635 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35). შესაბამისად, უფლების განხორციელების კონკრეტული შესაძლებლობის დაკარგვა ყოველთვის ვერ იქნება კომპენსირებული იმით, რომ პირს მომავალში შესაძლოა, ფორმალურად, კვლავ ჰქონდეს ამავე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

14. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რისკის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთ-ერთ საქმეში გადამწყვეტად მიიჩნია არა ის, რამდენად ინარჩუნებდა პირი მომავალში შესაბამისი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის აბსტრაქტულ-თეორიულ შესაძლებლობას, არამედ არსებითი მნიშვნელობა მიანიჭა იმას, რა რეალური შესაძლებლობა რჩებოდა პირს სადავო ნორმების მოქმედების პერიოდში ამ უფლების ეფექტიანად განსახორციელებლად და რა შესაძლებლობას კარგავდა მათი მოქმედების შედეგად. სწორედ ამ მიდგომით შეაფასა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო რეგულირების პირობებში პირადობის მოწმობის გარეშე დარჩენილი პირების სამართლებრივი მდგომარეობა და მხედველობაში მიიღო არა მხოლოდ ის, რომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელეებს მომავალში კვლავ შეეძლებოდათ პირადობის მოწმობის მიღება, არამედ ის, რომ სადავო რეგულირების მოქმედების პერიოდში ისინი მოკლებული იყვნენ იმ მრავალრიცხოვან სამართლებრივ და სოციალურ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობას, რომელთა განხორციელებაც პირის იდენტიფიცირებას მოითხოვდა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-52-56).

15. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ №1/8/1940 საოქმო ჩანაწერში თავადვე გააკეთა აქცენტი იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია გამოუსწორებელ ზიანთან დაკავშირებით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთაზე მითითებით არ შემოიფარგლებოდა, არამედ ამგვარ ზიანად, იგი აგრეთვე მიიჩნევდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების შეზღუდვასა და სახდელის/სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთისგან მომდინარე მსუსხავ ეფექტს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „სანდრო მირცხულავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-47). აღნიშნულის მიუხედავად, №1/8/1940 საოქმო ჩანაწერში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების რეალიზებასთან მიმართებით სადავო რეგულირების „მსუსხავი ეფექტი“.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საკითხის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობისა და სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის, როგორც ადამიანის თავისუფლების მზღუდავი ღონისძიების სპეციფიკით, არამედ უნდა გაეთვალისწინებინა თავად გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების ბუნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის ჭრილში, უნდა შეეფასებინა ის, რა გავლენას ახდენდა სადავო რეგულირება უშუალოდ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების განხორციელებაზე, მათ შორის, ქმნიდა თუ არა „მსუსხავ ეფექტს“ მათ რეალიზებაზე და აღნიშნულ პროცესში, იწვევდა თუ არა იმგვარ შეუქცევად შედეგებს, რომელთა აღმოფხვრის პოტენციალი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გააჩნია.

2. სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქციების ზემოქმედება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე

17. განსახილველ საქმეზე, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმები ადგენს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ქცევის წესების დარღვევისთვის, მათ შორის, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები განზრახ ქმნიან დაბრკოლებებს ხალხის გადაადგილებისთვის, მათ შორის, ხელოვნურად კეტავენ ხალხის სავალ ნაწილს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული არ არის განპირობებული შეკრების მონაწილეთა რაოდენობით. ამ ქმედებებისათვის, სადავო ნორმებით, სანქციის/სასჯელის სახით, გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა.

18. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლის მე-4 პუნქტით აკრძალულია ქმედებები, რომლებიც, თავიანთი სამართლებრივი ბუნებით, განსხვავდება იმ ქმედებებისაგან, რომლებსაც თავად აღნიშნული კანონი საზოგადოებრივი უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგის ან სხვა ფუნდამენტური სამართლებრივი სიკეთეების მიმართ მომეტებული საფრთხის წყაროდ მიიჩნევს. ხსენებული კანონი განცალკევებით აწესრიგებს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისა და ძალადობის პროპაგანდა ან ისეთი მოწოდებები, რომლებიც აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს და ქმნის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. კანონით აკრძალულია შეკრებაზე ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, მომწამვლელი ან სხვა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ნივთების ტარება, აგრეთვე ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობა, რომლებიც საფრთხეს უქმნის შეკრების მონაწილეებს, სხვა პირებს ან ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

19. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმებით დასჯად ქმედებებადაა მიჩნეული ხალხის სავალ ნაწილზე გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნა, მათ შორის, ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა. ამგვარი ქმედებები, ცხადია, შესაძლოა, გულისხმობდეს სხვა პირთა ქვეითად გადაადგილების დროებით შეფერხებას, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობის სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ქმედებების შემადგენლობები არ არის დაკავშირებული ძალადობასთან, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფასთან, კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის აშკარა და უშუალო საფრთხის შექმნასთან. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე, პასუხისმგებლობა დგება მშვიდობიანი და არაძალადობრივი ხასიათის აქტებისათვის, ისე, რომ საპატიმრო სასჯელების შემუშავებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ დასაცავი სიკეთე, თვისებრივად, არ არის იმგვარი, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე მსგავსი სანქციის/სასჯელის დაწესების საპირწონე იქნებოდა. ამავე დროს, კანონმდებელმა ასეთი ქმედებებისთვის დააწესა პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ფორმები, ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო განმეორების შემთხვევაში − სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთა, ისე, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას არ გააჩნია არასაპატიმრო სანქციის/სასჯელის ალტერნატივა.

20. ამ კონტექსტში, ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხალხის გადაადგილების დროებითი შეფერხება შესაძლოა, მრავალი სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის, საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევით, კომერციული, სამშენებლო საქმიანობებითა თუ სხვა გარემოებებით. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს გადაადგილების თავისუფლების გარკვეული ხარისხით შეზღუდვას, სახელმწიფოს არც ერთ ვითარებაში არ მიუჩნევია თავისუფლების აღკვეთა მსგავსი ინტერესის დაცვის აუცილებელ სამართლებრივ მექანიზმად და, ზოგადადაც, ქვეითად გადაადგილების თავისუფლების დროებითი შეზღუდვა არ წარმოადგენს ისეთ ინტერესს, რომლის დაცვისათვისაც, დემოკრატიული სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემაში, ჩვეულებრივ, თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება. ამ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეკისრებოდა ვალდებულება, შეემოწმებინა, რატომ იყო აუცილებელი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების ფარგლებში განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქმედებებისათვის საპატიმრო სანქციების გათვალისწინება ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების თავისუფლების დაცვისთვის. ამგვარად, მართალია, არ უარვყოფ, რომ ქვეითთა გადაადგილების დროებითი შეფერხების პრევენცია შეიძლება იყოს სახელმწიფოს ლეგიტიმური რეგულირების საგანი, თუმცა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული გარემოება, თავისთავად, არ სცემს პასუხს კითხვას, რატომ არის ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნის თავიდან აცილებისათვის საჭირო თავისუფლების აღკვეთა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეფერხება წარმოიშობა მშვიდობიანი და არაძალადობრივი შეკრების კონტექსტში.

21. ზოგადად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკაში დადგენილია, რომ პასუხისმგებლობის ღონისძიების სიმკაცრე წარმოადგენს ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხის შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს. კერძოდ, არსებობს პრეზუმფცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ კონკრეტული ქმედებისთვის გათვალისწინებული სანქციის სიმკაცრე მიუთითებს აღნიშნული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხზე, ხოლო სახდელის სახით თავისუფლების აღკვეთის გათვალისწინება, თავისთავად, მიუთითებს სამართალდარღვევის სიმძიმეზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27-29, 31). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელმა სადავო ქმედებისათვის, უალტერნატივოდ, ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა გაითვალისწინა, თავად საკანონმდებლო ორგანოს მიერ შერჩეული პასუხისმგებლობის ზომიდან გამომდინარე, ასეთი ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი საშიშროების მქონედ არის მიჩნეული. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ამძაფრებს განსახილველ საქმეში წარმოშობილ კონსტიტუციურსამართლებრივ პრობლემას − კერძოდ იმას, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობის პროცესში განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქმედებები იმდენად მაღალი საზოგადოებრივი გაკიცხვადობის, მძიმე სამართალდარღვევად არის მიჩნეული, რომ მისთვის, სანქციის/სასჯელის [ერთადერთ] სახედ, თავისუფლების აღკვეთა არის განსაზღვრული. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მშვიდობიანი დემონსტრაცია, პრინციპულად, არ უნდა დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივი სანქციის, მით უმეტეს, თავისუფლების აღკვეთის საფრთხეს. თავისუფლების აღკვეთის გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში, მაშინ, როდესაც გამოხატვა სერიოზულად ერევა სხვა ფუნდამენტურ უფლებებში, სიძულვილის ენის, ძალადობისკენ წაქეზების ან სერიოზული ზიანის მსგავსი ფორმების მეშვეობით. შესაბამისად, მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთის სანქციის/სასჯელის გამოყენება განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს (იხ., მაგალითად, Case of Mariya Alekhina and Others v. Russia, no. 38004/12, 17 July 2018, პარ. 227; Case of Murat Vural v. Turkey, no. 9540/07, 21 October 2014, პარ. 66; Taranenko v. Russia, no. 19554/05, 15 May 2014, პარ. 87; Case of Otegi Mondragon v. Spain, no. 2034/07, 15 March 2011, პარ. 59, 60). ამდენად, მივიჩნევ, რომ ჩემს კოლეგებს განსაკუთრებული სიმკაცრე უნდა გამოეჩინათ სწორედ სადავო შემთხვევების შეფასებისას, რომლის ფარგლებშიც, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების რეალიზების პროცესში განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქმედებისთვის დაკისრებული სანქცია თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

22. ამასთანავე, პრეზუმფცია, რომლის შესაბამისადაც, სახდელის სახით თავისუფლების აღკვეთის გათვალისწინება სამართალდარღვევის სიმძიმის განსაზღვრის ინდიკატორია, კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს იმ ღონისძიებების ინტენსივობას, რომელთა მოქმედების შეჩერებასაც მოსარჩელე მხარე განსახილველ საქმეზე ითხოვდა. თუ ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გათვალისწინება, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მიუთითებს ქმედების მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ საშიშროებასა და გასაკიცხაობაზე, მაშინ, ჩემი კოლეგების პოზიციის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ასეთი სანქციის არსებობა, იმავდროულად, ვერ იქნება განხილული, როგორც ინდივიდზე ზემოქმედების უბრალო ან უმნიშვნელო ფორმა. თავისუფლების აღკვეთის საფრთხე ობიექტურად ქმნის სერიოზულ რისკს, რათა პირმა საერთოდ შეიკავოს თავი შესაბამის შეკრებაში მონაწილეობისა თუ საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვისაგან. ამდენად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქციის სიმკაცრე არა მხოლოდ ქმედების გასაკიცხაობის ხარისხზე მიუთითებს, არამედ იმ „მსუსხავი ეფექტის“ ინტენსივობაზეც, რომელიც მას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების განხორციელებაზე შეიძლება ჰქონდეს.

23. ხაზგასასმელია, რომ საპატიმრო სასჯელის/სანქციის რისკი, როგორც პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ფორმა, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების სფეროში, არ შემოიფარგლება უკვე ჩადენილ ქმედებაზე სახელმწიფოს ex post facto რეაგირებით, არამედ წინასწარვე ზღუდავს აღნიშნული უფლებების თავისუფალ განხორციელებას, აიძულებს ინდივიდს უარი თქვას შეკრებაში მონაწილეობაზე, შეცვალოს საკუთარი ქცევა ან თავი შეიკავოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვისაგან.

24. მართალია, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი სანქცია, თავისი ბუნებით, მათ შორის, პრევენციულ ფუნქციას ასრულებს და მიზნად ისახავს უკანონო ქცევის შეკავებას, თუმცა კონსტიტუციურსამართლებრივი პრობლემა სწორედ მაშინ წარმოიშობა, როდესაც სანქციის შემაკავებელი ეფექტი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ უკანონო ქცევის პრევენციით და რეალურად თავად კონსტიტუციური უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობაზეც ვრცელდება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8, 20). მაგალითად, როდესაც სისხლის სამართლის კანონმდებლობა თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მკვლელობის, სხეულის დაზიანების, ქურდობის ან ყაჩაღობისათვის, სანქციის პრევენციული ეფექტი მიმართულია იმ უკანონო ქცევის აღკვეთისკენ, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას უქმნის საფრთხეს და რომლის თავიდან აცილებაც სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესია. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი თავს იკავებს დანაშაულის ჩადენისგან, მაგრამ არ არის იძულებული, უარი თქვას რომელიმე კონსტიტუციური უფლების განხორციელებაზე. სრულიად განსხვავებულია მდგომარეობა მაშინ, როდესაც თავისუფლების აღკვეთის საფრთხე დაკავშირებულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის პროცესში განხორციელებულ მშვიდობიან და არაძალადობრივ ქმედებებთან. ასეთ შემთხვევაში, პირმა შესაძლოა, უარი თქვას შეკრებაში მონაწილეობაზე ან არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მხოლოდ იმის შიშით, რომ მისი ქმედება სამართალდამცავი ორგანოს ან სასამართლოს მიერ „ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების განზრახ შექმნად“ შეფასდება.

25. ამგვარი რისკი მით უფრო ნათელია მოცემულ საქმეში, იმის გათვალისწინებით, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11² მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი კრძალავს არა მხოლოდ ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, არამედ პასუხისმგებლობას აწესებს ზოგადად, „ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნისათვის“. აღნიშნული ფორმულირება არ განსაზღვრავს, ხალხის გადაადგილებისთვის რა ინტენსივობის, ხანგრძლივობის ან ხასიათის დაბრკოლების შექმნა ექცევა აკრძალვის ფარგლებში. შესაბამისად, პირს შესაძლოა, ყოველ ჯერზე, არ ჰქონდეს საშუალება, წინასწარ საკმარისი სიცხადით განსაზღვროს, სად გადის ზღვარი კანონიერ ქცევასა და სანქცირებად, დასჯად ქმედებას შორის. ასეთ ვითარებაში, თავისუფლების აღკვეთის რეპრესიული ღონისძიების არსებობა, მით უმეტეს, როდესაც იგი პასუხისმგებლობის ყველა შესაძლო დონეზე ერთადერთ სანქციად/სასჯელად არის გათვალისწინებული, ობიექტურად ქმნის თავშეკავების სერიოზულ და განგრძობად რისკს, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის ჭრილში.

26. რაც შეეხება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობისგან თავის შეკავებით გამოწვეულ ზიანს, ვფიქრობ, მსგავსი ზიანი, თავისი ბუნებით, ვერ ექვემდებარება შემდგომ სრულ აღდგენას. აღნიშნული უფლებები არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდის მიერ საკუთარი შეხედულებების აბსტრაქტულ ან მომავალში გამოხატვის შესაძლებლობას, არამედ მათი კონსტიტუციური ღირებულება, არსებითად, სწორედ კონკრეტულ დროს, ადგილსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტექსტში განხორციელების შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული. ამ გარემოებათა ერთობლიობა განსაზღვრავს, მათ შორის, პოლიტიკური პროტესტის, საჯარო დისკუსიისა და კოლექტიური გამოხატვის რეალურ მნიშვნელობას. შესაბამისად, თუ პირს ადმინისტრაციული პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის საფრთხე განგრძობითად აიძულებს, უარი თქვას კონკრეტულ შეკრებაში მონაწილეობაზე ან საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვაზე, აღნიშნული შესაძლებლობა შემდგომ ვეღარ აღდგება. მოგვიანებით ჩატარებული შეკრება ან იმავე საკითხზე სხვა დროს გამოხატული პოზიცია ვერ ჩაანაცვლებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენაზე, სახელმწიფო გადაწყვეტილებასა თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე დროული რეაგირების შესაძლებლობას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმები პასუხისმგებლობის სახით საპატიმრო სანქციებს/სასჯელებს ითვალისწინებს, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ პირმა, პოტენციური სანქციის თავიდან აცილების მიზნით, აბსოლუტურად თავი შეიკავოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობისგან, ხოლო ამგვარი თავშეკავებით დაკარგული შესაძლებლობა, თავისი დროითი და კონტექსტური სპეციფიკის გამო, შემდგომი სამართლებრივი საშუალებებით სრულად ვეღარ აღდგება. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ სადავო ნორმები წარმოშობს გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხეს მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებისათვის.

3. შეპირისპირებული კონსტიტუციური ინტერესების არასათანადო დაბალანსება

27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკაში, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, როგორც აღინიშნა, იმ შემთხვევაში მიიღება, თუ დადგინდება, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებული მოსარჩელის ინტერესი გადაწონის მისი მოქმედების შეჩერებით სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების ან/და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხეს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1311 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-30). ამდენად, მოცემულ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას ევალებოდა, გაეანალიზებინა, ერთი მხრივ, ის საფრთხე, რომელიც სადავო ნორმების მოქმედების გაგრძელებას შეიძლება გამოეწვია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, ის ზიანი, რომელიც სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას შეიძლება მოჰყოლოდა სხვა პირთა გადაადგილების თავისუფლების უფლებით სარგებლობის ან/და სხვა საჯარო ინტერესებისთვის.

28. აღსანიშნავია, №1/8/1940 საოქმო ჩანაწერში ინტერესთა მსგავსი დაბალანსება, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა. ამ თვალსაზრისით, ჩემმა კოლეგებმა მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითეს იმაზე, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებამ „ ... შესაძლოა, დისფუნქციური გახადოს მოქმედი კანონმდებლობა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს იმ სამართლებრივი ურთიერთობების გამართული ფუნქციონირება, რომელთა მოწესრიგებასაც აღნიშნული ნორმები ემსახურება“, თუმცა საოქმო ჩანაწერი არ შეიცავს სათანადო მსჯელობას აღნიშნული ინტერესების დაბალანსების თაობაზე. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია კონკრეტულად რა ხასიათისა და ინტენსივობის ზიანი შეიძლებოდა მოჰყოლოდა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას სხვა პირთა [ქვეითად] გადაადგილების თავისუფლების ან/და შესაბამისი საჯარო ინტერესებისთვის ან/და რამდენად აღემატებოდა მსგავსი ზიანი იმ მასშტაბის ზემოქმედებას, რომელსაც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების განხორციელებაზე ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენების საფრთხე წარმოშობდა.

29. ვერ გავიზიარებ №1/8/1940 საოქმო ჩანაწერში განვითარებულ მსჯელობას, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება, თავისთავად, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და მესამე პირთა ინტერესების ხელყოფის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოშობს. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება მხოლოდ სამართლებრივი ვაკუუმის წარმოშობის აბსტრაქტულ შესაძლებლობას და არა იმ კონკრეტული შედეგების შეფასებას, რომლებიც მოცემულ საქმეში შეიძლებოდა დამდგარიყო. ცხადია, ნებისმიერი ნორმის მოქმედების შეჩერება, გარკვეული მოცულობით, გავლენას ახდენს მოქმედ სამართლებრივ რეგულირებაზე და, შესაბამისად, უკავშირდება სამართლებრივ სივრცეში გარკვეული ვაკუუმის წარმოშობის რისკს. მიუხედავად ამისა, თუ მსგავსი აბსტრაქტული შესაძლებლობა, თავისთავად, საკმარისი იქნებოდა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის სათქმელად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინსტიტუტი, პრაქტიკულად, დაკარგავდა დამოუკიდებელ ფუნქციას. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ევალებოდა დაესაბუთებინა, რა ხასიათისა და ინტენსივობის ზიანს გამოიწვევდა სადავო ნორმების მოქმედების დროებით შეჩერება, რატომ ვერ უზრუნველყოფდა მოქმედი სამართლებრივი მექანიზმები სხვა პირთა უფლებებისა და შესაბამისი საჯარო ინტერესების დაცვას და, რაც მთავარია, რატომ იყო სწორედ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შენარჩუნება აუცილებელი აღნიშნული ინტერესების დასაცავად.

30. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება არ გამოიწვევდა იმ სამართლებრივი წესრიგის გაუქმებას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით არის დადგენილი. უცვლელად დარჩებოდა როგორც შეკრების ჩატარების შინაარსობრივი და პროცედურული წესები, აგრეთვე დადგენილი აკრძალვები და სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილება, უზრუნველეყოთ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მოეთხოვათ სამართალდარღვევის აღმოფხვრა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ შეკრება და გამოხატვა არაკონსტიტუციურ ხასიათს მიიღებდა, შეკრების შეწყვეტა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, რატომ წარმოშობდა სწორედ ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენების შესაძლებლობის შეჩერება სამართლებრივი უსაფრთხოებისათვის ისეთ საფრთხეს, რომლის თავიდან აცილებაც სხვა მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებით შეუძლებელი იქნებოდა. ვფიქრობ, მაშინ, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უარს ამბობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მექანიზმის გამოყენებაზე და ძალაში ტოვებს ისეთ რეგულაციას, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების განხორციელების პროცესში მშვიდობიანი, არაძალადობრივი ქმედებებისთვის ადმინისტრაციულ პატიმრობას და თავისუფლების აღკვეთის სასჯელს ითვალისწინებს და თანაც ამას აკეთებს ფეხით მოსიარულეთა შეუფერხებელი გადაადგილების ლეგიტიმური მიზნის უზრუნველსაყოფად, მას ეკისრება განსაკუთრებული დასაბუთების ტვირთი, განმარტოს, რატომ არის სწორედ ასეთი ინტენსიური სანქციების მოქმედების გაგრძელება აუცილებელი სხვა პირთა უფლებების ან/და საჯარო ინტერესების დაცვისთვის. №1/8/1940 საოქმო ჩანაწერი მსგავს დასაბუთებას არ შეიცავს. შესაბამისად, მოცემულ საქმეში, არ არის დადასტურებული, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით წარმოშობილი რისკები რეალურად აღემატებოდა იმ უფლებრივ ზიანს, რომლის თავიდან აცილებასაც მოსარჩელე მხარე ითხოვდა.

დასკვნა

31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ხალხის გადაადგილებისათვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის, მათ შორის, ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისათვის, სანქციის/სასჯელის სახით, ითვალისწინებს, შესაბამისად, ადმინისტრაციულ პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ