საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/9/1942 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
| დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
| ნომერი | do1/9/1942 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
| ავტორ(ებ)ი | გიორგი კვერენჩხილაძე |
| თარიღი | 30 ივლისი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 13 აგვისტო 2026 11:45 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/9/1942 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/9/1942 საოქმო ჩანაწერთან (შემდგომში − №1/9/1942 საოქმო ჩანაწერი) დაკავშირებით.
2. №1/9/1942 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის მიჩნეული, მათ შორის, ხალხის გადაადგილებისათვის დაბრკოლებების განზრახ შექმნა, მათ შორის, ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, რისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით კი სისხლის სამართლის წესით დასჯადია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა. ამდენად, სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება ხალხის გადაადგილებისათვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის, მათ შორის, ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისათვის, რისთვისაც, სასჯელის სახით, განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა, ვადით ერთ წლამდე. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელია დადგენილი იმავე ქმედების არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში.
4. №1942 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება აუცილებელია, რათა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თავიდან იქნეს აცილებული შეკრების თავისუფლებაში სადავო ნორმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებით გამოწვეული გამოუსწორებელი ჩარევა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება მოსარჩელეებსა და მათ მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს საშუალებას მისცემს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რისი ხანგრძლივობაც ბოლო პერიოდში დაახლოებით 4 წელს შეადგენს, შეუფერხებლად ისარგებლონ შეკრების თავისუფლებით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება არ ქმნის მესამე პირების ან სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაზიანების საფრთხეს, რადგან მათი მოქმედების შენარჩუნებას არ ამართლებს დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესი.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და, წინარე პრაქტიკაზე მითითებით, აღნიშნა, რომ არც თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შესაძლო გამოყენება და არც უკვე აღკვეთილი თავისუფლება არ მიიჩნევა გამოუსწორებელ შედეგად, რადგან სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, ერთი მხრივ, აღარ იარსებებს ადამიანის თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმეებზე, წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვისა და სამართლებრივი შედეგების აღმოფხვრის საფუძველს. ამასთანავე, ჩემი კოლეგების შეფასებით, ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც სისხლის სამართლის წესით თავისუფლების აღკვეთის სასჯელზე ნაკლები ინტენსივობის ღონისძიება, მით უფრო, ვერ დაასაბუთებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გამართლებულობას. გარდა ამისა, დადგინდა, რომ სადავო რეგულაციები არ ართმევს პირს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, არამედ ადგენს ხსენებული უფლების განხორციელების წესსა და ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობას. ჩემი კოლეგების მითითებით, მოსარჩელე ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგაც სარგებლობს შეკრებისა თავისუფლებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, რის გამოც, არ არსებობს გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალური საფრთხე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/9/1942 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38-53).
6. აღსანიშნავია, რომ, მათ შორის, არსებითად მსგავსი სამართლებრივი პრობლემის კონსტიტუციურობა სადავოდ იყო გამხდარი №1940 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, იმ განსხვავებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის მიღმა, მოსარჩელე მხარე ითხოვდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერით (შემდგომში − №1/8/1940 საოქმო ჩანაწერი), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, რასაც არ დავეთანხმე და გამოვთქვი განსხვავებული აზრი. მიმაჩნია, რომ ხსენებულ განსხვავებულ აზრში განვითარებული სამართლებრივი არგუმენტაცია და შესაბამისი დასკვნები თანაბრად მიემართება №1/9/1942 საოქმო ჩანაწერში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განვითარებულ მსჯელობასაც. შესაბამისად, კვლავ ვრჩები №1/8/1940 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოთქმულ განსხვავებულ აზრში დაფიქსირებული ჩემი პოზიციების ერთგული და იმავე საფუძვლებით ვერ გავიზიარებ №1/9/1942 საოქმო ჩანაწერით, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ ჩემი კოლეგების პოზიციას.[1]
7. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაშიც, მართალია, ზოგადად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკაში, თავისუფლების აღკვეთის შესაძლო გამოყენება ან უკვე აღკვეთილი თავისუფლება, თავისთავად, არ წარმოადგენს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველს, თუმცა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული პრაქტიკის მოცემულ საქმეზე მექანიკური გავრცელება არ შეესაბამება განსახილველი დავის კონსტიტუციურსამართლებრივ სპეციფიკას. №1/8/1940 საოქმო ჩანაწერის მსგავსად, №1/9/1942 საოქმო ჩანაწერში განვითარებული მსჯელობის მთავარი ხარვეზი ისაა, რომ გამოუსწორებელი ზიანის არსებობა-არარსებობის საკითხის შეფასებისას, ფაქტობრივად, არ იქნა გათვალისწინებული განსახილველი საკითხის კონსტიტუციურსამართლებრივი თავისებურებები და სადავო ნორმებით შეზღუდული თავისუფლების ბუნება. ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს არა მხოლოდ როგორც პირადი თავისუფლების შემზღუდველი სანქცია/სასჯელი, არამედ, უპირველესად, როგორც შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე ზემოქმედების მექანიზმი, რომელსაც აღნიშნული უფლებების განხორციელების შეკავების რეალური და მძლავრი პოტენციალი გააჩნია. იმავდროულად, განსახილველ საქმეზეც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუფასებია, აღემატებოდა თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით მესამე პირთათვის ან/და საჯარო ინტერესებისათვის შესაძლო ზიანი იმ ზიანს, რომელიც სადავო ნორმების მოქმედების შენარჩუნებით შეიძლება წარმოიშვას მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. ჩემს კოლეგებს, განსახილველ საქმეზეც, სათანადოდ არ უმსჯელიათ, რა გავლენას ახდენს შეკრების თავისუფლებაზე ის გარემოება, რომ აღნიშნული უფლების რეალიზების პროცესში განხორციელებული ქმედებისთვის კანონმდებელი აწესებს პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრ ფორმას, თავისუფლების აღკვეთას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ხსენებულ უფლებასთან დაკავშირებული ქმედებებისთვის, განსაკუთრებით მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა, როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რეაგირების მიუღებელ, მკაცრად გაკრიტიკებულ და რთულად გამართლებად ფორმად მიიჩნევა. დამატებით, მოცემულ შემთხვევაში, ჩემს კოლეგებს არც ის მიუღიათ მხედველობაში, რომ საპატიმრო სასჯელების შემუშავებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ დასაცავი სიკეთე, თვისებრივად, არ არის იმგვარი, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე მსგავსი სანქციის/სასჯელის დაწესების საპირწონე იქნებოდა.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოცემულ შემთხვევაშიც, უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ხალხის გადაადგილებისათვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის, მათ შორის, ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისათვის, სანქციის/სასჯელის სახით, ითვალისწინებს, შესაბამისად, ადმინისტრაციულ პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
გიორგი კვერენჩხილაძე
[1] ვრცლად იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.