• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკავშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

გიორგი ჩხაიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1982
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - გიორგი თევდორაშვილი,
ავტორ(ებ)ი გიორგი ჩხაიძე
თარიღი 19 ოქტომბერი 2026



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს; ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ: გიორგი ჩხაიძე არის „მლესავი“, აქვს შესაბამისი მცირე საწარმო, დანებთან ან/და მსგავს საგნებთან მისი ყოველდღიური ურთიერთობა წარმოადგენს მის საქმიანობის და რუტინის განუყოფელ ნაწილს. გიორგი ჩხაიძის მიმართ ბოლო სამი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181 პრიმა მუხლის საფუძველზე შეადგინეს 5 სამართალდარღვევის ოქმი. აქედან ერთ საქმეზე დასრულდა საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომლის ფარგლებშიც გიორგი ჩხაიძის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი გაუქმდა. ამჟამად მის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარეობს 4 სამართალდარღვევის საქმე. მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181 პრიმა მუხლს, რომლის საფუძველზეც მის მიმართ უკვე შედგენილია არაერთი სამართალდარღვევის ოქმი. ასევე, მოსარჩელე ასაჩივრებს სისხლის სამართლის კოდექსის 238 პრიმა მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსს 181 პრიმა მუხლისთვის სახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გასაჩივრებულ ნორმასთან მიმართებით მოსარჩელე უკვე არის რეალური მსხვერპლი. მოსარჩელის მიმართ ასევე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში, რომელთან დაკავშირებითაც გიორგი ჩხაიძე ამჟამად მოწმის სახით არის გამოკითხული. შესაბამისად არსებობს რეალური საფრთხე მის მიმართ გამოიცეს ბრალის დადგენილება და მას ბრალი წაუყენონ სისხლის სამართლის კოდექსის 238 პრიმა მუხლის საფუძველზეც. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენს უფლებამოსილ პირს იდავოს სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე. გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19 და 31-ე მუხლებით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

1. სადავო ნორმების ანალიზი და დავის საგანი მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმებს, რომლითაც სამართალდარღვევად და სისხლის სამართლის დანაშაულად ცხადდება ცივი იარაღის ტარება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით. ამავე ნაწილს აქვს შენიშვნა. შენიშვნის პირველი ნაწილის მიხედვით, ეს მუხლი არ ვრცელდება ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ან/და განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირზე. აღნიშნულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238​1 მუხლის შესაბამისად. შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, არდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით; გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ამ ტანსაცმლის ნაწილია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის მიზნებისთვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ფლობს იმგვარად, რომ შეუძლია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება. ამასთანავე, სისხლის სამართლის კოდექსის 238 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ცივი იარაღის ტარება – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მოსარჩელისთვის სადავო ნორმების მოქმედებით სახეზეა სულ მცირე 2 (ორი) კონსტიტუციური პრობლემა: 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სადავო ნორმა სამართალდამრღვევი პირის მიმართ ითვალისწინებს ცივი იარაღის უპირობოდ კონფისკაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებასთან. 2. როგორც სამართალდარღვევათა კოდექსის, ასევე სისხლის სამართლის სადავო ნორმები პასუხისმგებლობას აწესებს ისეთი ქმედებისთვის - ცივი იარაღის ტარებისთვის, რომელიც ბუნდოვანია და არ შეესაბამება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების სამართლებრივი განსაზღვრულობის/განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტს, ქმნის ხელისუფლების მხრიდან მისი თვითნებურად გამოყენებისა და განმარტების მომეტებულ რისკს და კანონის შერჩევითად გამოყენებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თითოეული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას ცალ-ცალკე დაასაბუთებს. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით 2.1. უფლებით დაცული სფერო და უფლებაში ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და უზრუნველყოფილი საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა, რომელიც თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საფუძველია. საკუთრების უფლების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, საბაზრო ეკონომიკის განვითარება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე აღნიშნული კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული საკუთრების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში, თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, შეიძინოს და განკარგოს ქონებრივი უფლებები. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, სულ მცირე, გულისხმობს ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლების აღიარებას. ამ მხრივ, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შინაარსი მოითხოვს, რომ მესაკუთრეს ჰქონდეს საკუთრების უფლებაში ნაგულისხმები უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებები მოიცავს, მათ შორის, პირის საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფალი მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-7). სასამართლოს პრაქტიკით, „ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული საკუთრებითი ობიექტები განეკუთვნება ქონებათა იმ კატეგორიას, რომელზეც ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული სფერო. შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს პირის შესაძლებლობას, რომ თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს საკუთარ ქონებას, a priori განიხილება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურ-სამართლებრივ გამართლებას”( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის N1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“II-4.) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის სახეობას - ცივი იარაღის უპირობო კონფიცკაციას. კონფისკაციის შედეგად ხდება პირისათვის საკუთრების უფლების საბოლოო და უსასყიდლო ჩამორთმევა სახელმწიფო სასარგებლოდ. შესაბამისად, სადავო ნორმა მიმართულია საკუთრების უფლების შეზღუდვისაკენ და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ უფლებაში ინტენსიურ ჩარევას, რითაც ჩარევა შეიძლება მის ხელყოფასაც კი გაუტოლდეს. საქართველოს კონსტიტუციური დებულებების გათვალისწინებითა და საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს ლეგიტიმური მიზნის არსებობას და მის მისაღწევად გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული (ვიწრო გაგებით) საშუალებების გამოყენებას. მოსარჩელე თანაზომიერების ტესტის თითოეულ კრიტერიუმზე ცალ-ცალკე იმსჯელებს. 2.2. ლეგიტიმური მიზანი მოსარჩელე მხარე უდავოდ ცნობს, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, აგრეთვე მართლწესრიგის საწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია. მოპასუხე მხარე (საქართველოს პარლამენტი), სავარაუდოდ, მიუთითებს, რომ ცივი იარაღი თავისი კონსტრუქციული მახასიათებლებით შეიცავს მომეტებულ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში მისი ტარება აჩენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის რისკს, რის გამოც ნივთის ჩამორთმევა ემსახურება აღნიშნული საფრთხის პრევენციას. მოსარჩელე მხარე იზიარებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თუმცა მიიჩნევს, რომ დასახული ლეგიტიმური მიზანი მიღწეულ უნდა იქნეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტების დაცვით. 2.3. გამოსადეგობა სამართალდარღვევის საგნის ჩამორთმევა ობიექტურად გამორიცხავს პირის მიერ კონკრეტული ნივთის განმეორებით გამოყენებას, რის გამოც სადავო ღონისძიება აკმაყოფილებს გამოსადეგობის კრიტერიუმს. შესაბამისად, ამ ნაწილშიც მოსარჩელეს მიაჩნია რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებს კონსტიტუციურობის სტანდარტს. 2.4. აუცილებლობა მართალია მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ლეგიტიმური მიზნისა და გამოსადეგობის ნაწილში აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტის მოთხოვნებს, თუმცა ვერ პასუხობს აუცილებლობის კომპონენტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწროდ მიმართული საშუალება. საჭიროა, არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ცივი იარაღის ტარებისთვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით, ითვალისწინებს სამართალდარღვევის იარაღის უპირობო, სავალდებულო კონფისკაციას და გამორიცხავს საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს / სასამართლოს მიერ აღნიშნული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სადავო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თითოეულ პოტენციურ შემთხვევასთან მიმართებით სავალდებულო სანქციის გამოყენებისა და, მაშასადამე, სანქციის ნაწილში, საქმის განმხილველი ადმინისტრაციული სასამართლოსათვის ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის აუცილებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონფისკაციის ღონისძიება, რომელიც გულისხმობს პირის საკუთრებაში არსებული კონფისკაციას დაქვემდებარებული ქონების, მესაკუთრის თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და უსასყიდლოდ ჩამორთმევას და მასზე საკუთრების უფლების გადასვლას სახელმწიფოს სასარგებლოდ, წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის ყველაზე მკაცრ, ინტენსიურ შემთხვევას. კონფისკაციის გზით, მესაკუთრე სამუდამოდ კარგავს კონფისკაციას დაქვემდებარებულ სამართალდარღვევის იარაღზე საკუთრების უფლებას და საკუთრებაში ნაგულისხმები ყველა უფლებრივი კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობას. ამავდროულად, საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის ინტენსივობას ზრდის ის გარემოებაც, რომ კონფისკაცია წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის უსასყიდლოდ (ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე) ჩამორთმევის შემთხვევას. საკუთრების უფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვის პირობებში პირდაპირპროპორციულად იზრდება თავად აღნიშნული ღონისძიების მიმართ არსებული საჯარო ინტერესის, საზოგადოებრივი საჭიროების უპირატესობის დასაბუთებისა და შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი და თანაზომიერი ბალანსის დადგენის აუცილებლობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის N1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“II-23). ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის მექანიზმის გამოყენებას, შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის აუცილებლობის განსაზღვრა და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვის თანაზომიერად მიჩნევა მრავალ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ მხრივ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი გარემოებები, როგორიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბუნება და სიმძიმე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით განპირობებული ზიანის ბუნება და მოცულობა, სამართალდამრღვევი სუბიექტის ვინაობა და პიროვნული მახასიათებლები, ბრალეულობის ხარისხი, განხორციელებული ქმედების მიმართ სამართალდამრღვევის დამოკიდებულება და ქცევა (მაგალითად, მოტივი, ბრალის სახე (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), მონანიება, სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება ან ამგვარი აცილების მცდელობა, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება და სხვ.). აღსანიშნავია, რომ აუცილებელ შეფასებას საჭიროებს აგრეთვე კონფისკაციას დაქვემდებარებული ნივთის ბუნება, დანიშნულება თუ ღირებულება, სანქციის ზემოქმედება სამართალდამრღვევი პირის ნორმალურ, კანონიერ საქმიანობაზე, აგრეთვე ამ ნივთის მნიშვნელობა მისი ეკონომიკური ცხოვრებისთვის, კონკრეტული სამართალდარღვევის ხელმეორედ განხორციელების საფრთხის არსებობა-არარსებობა, სამართალდარღვევის იარაღით სამართალდარღვევის განგრძობადად ჩადენის რისკი თუ სხვა ინდივიდუალური გარემოებები და მახასიათებლები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის N1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“II-24). სწორედ აღნიშნული სტანდარტის გათვალისწინებით 2020 წლის 12 ნოემბრის N1/2/1475 გადაწყვეტილებაზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ „სამართალდამრღვევისათვის სამართლიანი და პროპორციული სანქციის შეფარდება და, ამ გზით, საკუთრების უფლების შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, ცალკეულ შემთხვევაში ექნება აღნიშნული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობა, თავად შემთხვევის თავისებურებიდან და კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე”(გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 25-ე პარაგრაფი). მსგავსად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, მოცემულ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმაც პასუხისგებაში მიცემული პირის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის გარეშე მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას სახდელის სახით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია გამოყენებული იყოს როგორც თანაზომიერი და სამართლიანი სანქცია, ვინაიდან ითვალისწინებს იარაღის უპირობო კონფისკაციას. ამ თვალსაზრისით ქმედება ცდება საკუთრების უფლების შეზღუდვის (თუნდაც ინტენსიური ფორმით) ფარგლებს და პრაქტიკულად გადადის საკუთრების უფლების ჩამორთმევის რეჟიმში, თანაც ისე, რომ ექსკლუზივი აღნიშნულზე აღმასრულებელ ხელისუფლებას გააჩნია და სასამართლოს არ აქვს სახდელის/სასჯელის პროპორციულად შეფარდებისა და გამოყენების ბერკეტი. გასათვალისწინებელია, რომ როგორც 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, ასევე წინამდებარე საქმის მსგავსად, კონფისკაციას დაქვემდებარებული სამართალდარღვევის იარაღის ღირებულება და მახასიათებლები განსხვავებული იქნება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში. აღნიშნული კი განპირობებულია იმით, რომ საქართველოში ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული ნივთები განსხვავდება მისი საბაზრო ღირებულების, პირისათვის მისი პერსონალური კუთვნილების განმსაზღვრელი ღირებულების, საშიშროებისა და დანიშნულების მიხედვით. მოსარჩელე არ დავობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული პირისთვის სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა შესაძლოა აუცილებელიც კი იყოს, მაგალითად, როდესაც პირი ცივ იარაღს ატარებს საზოგადოების სხვა წევრებისთვის საფრთხის შექმნის ან დაზიანების განზრახვით. თუმცა, სადავო ნორმა მოსამართლეს არ უტოვებს მიხედულების ფარგლებს იმის შესაფასებლად იარაღის კონფისკაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად ადეკვატური, პროპორციული და მიზნის მისაღწევად ყველაზე აუცილებელი საშუალებაა. მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ მოსარჩელის მიმართ შედგენილი ერთ-ერთი სამართალდარღვევის ოქმი როდესაც მოსარჩელეს ცივი იარაღი ჩამოართვეს მაშინ, როდესაც მას კლიენტის დანა მიჰქონდა სახელოსნოში გასალესად. მართალია აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერება სასამართლოს ჯერ არ შეუფასებია, თუმცა თვალსაჩინოებისთვის მოცემული მაგალითების შედარება აჩვენებს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი განსხვავებულ შემთხვევებს ერთნაირ მზღუდავ წესს უსადაგებს, რაც სახდელის ინდივიდუალიზაციის კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს ვერ პასუხობს. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსამართლისთვის ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობის მინიჭებით, არ წარმოიშობა რაიმე საფრთხე, რომლის დაცვასაც სადავოდ გამხდარი ნორმა ემსახურება. კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით სწორედ მოსამართლეა ის კომპეტენტური პირი, რომელმაც საქმის ინდივიდუალური გარემოებების, პასუხისგებაში მიცემული პირის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა დაიცვას ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის. იგივე პოზიცია გაიზიარა სასამართლომ 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაშიც. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას არ იძლევა, რაც, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება სანქციის ინდივიდუალიზაციის კონსტიტუციურსამართლებრივ პრინციპს, მეორე მხრივ კი − საკუთრების უფლების დაცულობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რომელიც კრძალავს მასში გაუმართლებელ ჩარევას. გასაჩივრებული ღონისძიება იმაზე დიდი ინტენსივობით ზღუდავს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, ვიდრე აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის უზრუნველსაყოფად. სადავო ნორმა, რომელიც აწესებს სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციას, როგორც აუცდენელ სანქციას, პრაქტიკულად ავალდებულებს ადმინისტრაციული საქმის განმხილველ სასამართლოს, იმ შემთხვევებშიც გამოიყენოს ეს ღონისძიება, როდესაც იგი არ არის აუცილებელი შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და წარმოადგენს მკვეთრად არათანაზომიერ, არაპროპორციულ საშუალებას დასახულ მიზანთან მიმართებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სამართალდარღვევის იარაღის უპირობო კონფისკაციას არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181 პრიმა მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238 პრიმა მუხლის პირველი ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით 3.1.უფლებით დაცული სფერო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განსაზღვრავს პირის ქცევის სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად განსაზღვრისა და პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს. სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარე, ყოველი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია, შექმნას განჭვრეტადი სისხლის სამართლის კანონმდებლობა იმგვარად, რომ ნორმის ადრესატს შეეძლოს, მას შეუსაბამოს თავისი ქცევა, რათა თავიდან აიცილოს ამ კანონმდებლობის დარღვევის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგი. დამკვიდრებული პრაქტიკით, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-3). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომების თანახმად, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი. კანონი უნდა პასუხობდეს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსაზღვრულობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი სწორი აღქმა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). თუმცა საკონსტიტუციო კონტროლი განსაკუთრებით კრიტიკული და სკრუპულოზურია, როდესაც საქმე შეეხება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, სადავო ნორმის ბუნდოვანება დამოუკიდებლად გახდეს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საკმარისი საფუძველი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში“(საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). აღნიშნული ნორმა “არა მხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით”(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). „განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ ქმედებაში განჭვრიტოს აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30.) საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“(„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-37). როგორც უკვე აღინიშნა, სამართალდარღვევათა კოდექსის 181 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს ცივი იარაღის ტარებას, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 238 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ცივი იარაღის ტარება. სამართალდარღვევათა კოდექსი პასუხისმგებლობის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით, ხოლო სისხლის სამართლი კოდექსი ჯარიმას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. როგორც სამართალდარღევის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის გასაჩივრებული ნორმების ნაწილში მოსარჩელისთვის პრობლემურია ქმედების ობიექტური შემადგენლობა, კერძოდ ბუნდოვანება იმის შესახებ თუ რა არის ცივი იარაღი. სარჩელის დასასაბუთებლად მნიშვნელოვანია იმის გამოკვლევა თუ რას ნიშნავს ცივი იარაღი. აღსანიშნავია, რომ ცივი იარაღის დეფინიციას არცერთი გასაჩივრებული ნორმა არ გვთავაზობს. ამგვარად, იქმნება მოცემულობა, როდესაც ქმედების ობიექტური შემადგენლობა (რა არის ცივი იარაღი) განისაზღვრება არა კანონით, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების აქტით და ექსპერტთა სუბიექტური შეფასებით. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. საქართველოს კანონმდებლობაში ცივი იარაღის დეფინიციას ვხვდებით „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, ცივი იარაღი განმარტებულია როგორც იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. მოცემული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, იარაღი ცივ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამკიცებულ იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 30 იანვრის N38 დადგენილებით „ტექნიკური რეგლამენტის - ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებულია „ტექნიკური რეგლამენტი - ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები (შემდგომში „ტექნიკური რეგლამენტი“). რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ ეს ტექნიკური რეგლამენტი გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის მიზნებისათვის. ცივი იარაღის გარკვეულ დეფინიციას გვთავაზობს რეგლამენტის მე-2 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ცივ იარაღად მიიჩნევა იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცივ იარაღად უნდა ჩაითვალოს საგანი, რომელიც თავისი კონსტრუქციით, ზომებით და მასალით, ხოლო მოქმედების პრინციპით არის საჩეხი, მჩხვლეტავი, მჭრელი, მჩხვლეტავ-მჭრელი, მჩხვლეტავ-საჩეხი, დასარტყმელ-დამჩეხი, მჩხვლეტავ-ბასრი, მსხვრევად-დასარტყმელი ან კომბინირებული (მრავალსაგნობრივი). რეგლამენტის მე-3 მუხლი ჩამოთვლის ცივ იარაღთა კატეგორიებს, ხოლო მე-4 მუხლი განსაზღვრავს საგნის ცივ იარღად კლასიფიცირების წესს. კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების მიზნით, ტარდება კრიმინალისტიკური გამოკვლევა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (ექსპერტი) ახორციელებს. პრაქტიკაში აღნიშნული ჩანაწერი ნიშნავს, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი (პოლიციის თანამშრომელი) კონკრეტულ პირს აღმოუჩენს საგანს, რომელიც მისი შეხედულებით განეკუთვნება ცივ იარაღს, უფლებამოსილი პირი აღნიშნულ საგანს უგზავნის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტემნტის ექსპერტიზის მთავარ სამმართველოს. აღნიშნული სამმართველო მოცემულ საგანთან მიმართებით ატარებს ექსპერტიზას, რომლის დასკვნითაც განისაზღვრება პირისთვის ჩამორთმეული საგანი წარმოადგენს თუ არა ცივ იარაღს, დადებითი დასკვნის შემთხვევაში პირის მიმართ უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და ახდენს ცივი იარაღის კონფისკაციას, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი პირს უბრუნდება ჩამორთმეული საგანი. როგორც აღვნიშნეთ, რეგლამენტის მე-4 მუხლი განსაზღვრავს საგნის ცივი იარაღის კლასფიცირების წესს, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევისას ხორციელდება საგნის ვიზუალური დათვალიერება-აღწერა, მათ შორის, დგინდება საგნის პირის ზომა, კონსტრუქციის სიმტკიცე და დრეკადობა. მე-3 პუნქტის მიხედვით, არადასაკეცი და დასაკეცი დანები, ასევე სხვადასხვა სახის ხელსაწყოები და საგნები (გარდა მსხვრევად-დასარტყმელი ცივი იარაღისა) მიეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას, თუ მათი პირის მაქსიმალური სიგრძე 40 მმ და მეტია. მე-4 პუნქტის მიხედვით, საგანი კლასიფიცირდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ცივ იარაღად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევისას დადგინდა, რომ საგანი უძლებს არანაკლებ 1 კგ-ის ოდენობით დატვირთვას (გარდა მსხვრევად-დასარტყმელი ცივი იარაღისა). მე-5 პუნქტის თანახმად, ცივი იარაღის კონსტრუქციის სიმტკიცე და დრეკადობა დგინდება შემდეგი თანმიმდევრობით: ცივი იარაღი მაგრდება გირაკში, რის შემდეგაც 1 კგ-ის ოდენობით დატვირთვა მოედება ცივი იარაღის ორივე მხარეს, მართობის მიმართულებით. მე-6 პუნქტის მიხედვით ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის შემდეგ ცივი იარაღი არ უნდა განიცდიდეს ნარჩენ დეფორმაციას მისი საერთო სიგრძის 5%-ზე მეტად. ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების მიზნით, ნებისმიერი გამოსაკვლევი საგნის (მოწყობილობის) გამოცდა უნდა ჩატარდეს არანაკლებ 3-ჯერ. გარდა აღნიშნული რეგლამენტისა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტების ექსპერტები ასევე ხელმძღვანელობენ ე.წ შიდა მეთოდოლოგიური დოკუმენტებით. ჩვენთვის ცნობილია რომ აღნიშნული რეგლამენტის მიღებამდე აღნიშნული დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა შემდეგი მეთოდოლოგიით - ტრასოლოგიური ექსპერტიზის მეთოდური სახელმძღვანელო. თავი 5.2 ცივი იარაღის კრიმინალისტიკური კვლევა TRS-TM-01. თუმცა, ამჟამად ჩვენთვის უცნობია რომელი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს საექსპერტო კრიმინალისური დეპარტამენტი, ვინაიდან არაერთი ცდის მიუხედავად მათგან აღნიშნული ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ამდენად, გასაჩივრებული სადავო ნორმებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე ვიღებთ მოცემულობას, რომლის პირობებში ინდივიდს არ აქვს შესაძლებლობა წინასწარ განსაზღვროს საგანი, რომლის ტარებაც სურს შესაძლოა თუ არა იყოს ცივი იარაღი, ვინაიდან აღნიშნული დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნის შეფასებაზე. ამ მოცემულობაში, პირს რჩება შესაძლებლობა რომ მაგალითად მიმართოს სსიპ ლევან სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს და მისთვის საინტერესო/მნიშვნელოვან საგანთან დაკავშირებით დანიშნოს ექსპერტიზა და დაადგინოს კონკრეტული საგანი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განეკუთვნება თუ არა ცივ იარაღს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირმა შესაძლოა მსგავსი წინდახედულების ზომა მიიღოს, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია გარკვეულ ფინანსურ ხარჯთან, სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა კონკრეტული საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების შესახებ მაინც არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ პირის მიერ აღნიშნული საგნის ტარება/სხვაგვარად ფლობა აღნიშნულ პირს აარიდებს სადავოდ გამხდარი ნორმებით გათვალისიწნებულ პასუხისმგებლობას. ამის მაგალითია თავად მოსარჩელეც, რომლის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსარჩელის წინააღმდეგ იმ საგანზე შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელთან დაკავშირებითაც სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით არ განეკუთვნებოდა ცივ იარაღს. საბოლოო ჯამში სადავო ნორმების მოქმედებით შექმნილი სამართლებრივი მოწესრიგების პირობებში პირის მიერ საგნის ცივ იარაღად კლასიფიკაცია სადავო ნორმების ბუნდოვანებიდან გამომდინარე დამოკიდებულია კონკრეტული ექსპერტის შეფასებაზე, რომელიც ხშირად სუბიექტური, წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრული შეიძლება იყოს. ამის თვალსაჩინოებისთვის მოსარჩელეს სურს მიმოიხილოს საგნის ცივ იარაღად კლასიფიკაციის მიზნით დანიშნული როგორც შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის ასევე სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული დასკვნები. 1. ნაჯახი მოსარჩელემ 2024 წლის 12 თებერვალს და 2026 წლის 5 თებერვალს სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საგნის ცივ იარაღად კლასიფიკაციის მიზნით წარუდგინა ერთი და იგივე საგანი - ნაჯახი, რასთან დაკავშირებითაც 2024 წლის სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2024 წლის 25 მარტის N5001695724 დასკვნიდან ვიგებთ, რომ მოცემული საგანი არ წარმოადგენს ცივ იარაღს, ხოლო 2026 წლის 12 თებერვლის N5000667726 დასკვნის თანახმად, მოცემული საგანი - ნაჯახი, წარმოადგენს ცივ იარაღს. ექსპერტიზის დასკვნებში ექსპერტი არ მიუთითებს რამ განაპირობა საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირება მისი ფუნქციური დანიშნულების, ზომებისა და მახასიათებლებიდან გამომდინარე. უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული განპირობებულია ზემოთ ნახსენებ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვითაც მჩეხავ იარაღებს, მათ შორის მიეკუთვნება ცული. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლიდან 2026 წლამდე არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და არც სისხლის სამართლის კოდექსის გასაჩივრებულ ნორმებში არ შესულა ცვლილებები, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულმა რეგლამენტმა განსაზღვრა კონკრეტული საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირება. ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ქმედების სისხლისსამართლებრივ ქმედებად კვალიფიცირების ექსკლუზიური კომპეტენცია გააჩნია საქართველოს პარლამენტს, თუმცა მოცემული ექსპერტიზის დასკვნები და საკანონმდებლო ჩარჩო აჩვენებს, რომ დანაშაულის შემადგენლობის ობიექტური მხარე არა სადავო ნორმებმა, არამედ კანონქვემდებარე აქტმა განსაზღვრა, რაც ქმნის თვითნებობისა და ბუნდოვანების კონსტიტუციურ სამართლებრივად გაუმართლებელ მოცემულობას. 2. დასაკეცი Corvid ე.წ დონატის დანა და Kalashnikov დანა მოსარჩელემ 2024-2025 წლებში სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა ერთი და იმავე ფორმისა და დანიშნულების, თუმცა განსხვავებული ფერისა და ზომების მქონე 5 დანასთან დაკავშირებით კითხვით, წარმოადგენდა თუ არა ისინი ცივ იარაღს. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 4- შემთხვევაში დაწერა, რომ მის წინაშე წარდგენილი საგანი არ წარმოადგენდა ცივ იარაღს, თუმცა ერთ შემთხვევაში მიუთითა, რომ საგანი წარმოადგენდა ცივ იარაღს. მიუხედავად იმისა რომ მოცემული დანები ფორმით, დანიშნულებითა და ფუნქციით იდენტური დანებია, გაურკვეველია რაზე დაყრდნობით მივიდა ექსპერტი დასკვნამდე, რომ მათგან 4 საგანი არ იყო ცივი იარაღი, ხოლო 1 (ერთი) წარმოადგენდა ცივ იარაღს. ამასთან, ერთ-ერთ დანაზე (XL Corvid) მაშინ როდესაც სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მოცემული დანა არ არის ცივი იარაღი, შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დანა წარმოადგენს ცივ იარაღს. ასევე, მოსარჩელემ სსიპ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საკვლევად წარუდგინა „Kalashnikov Boker” ტიპის დანა, რომელიც სამხარაულმა არ ჩათვალა ცივ იარაღად, თუმცა ზუსტად იმავე დანაზე შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტურ დეპარტამენტმა მიუთითა რომ დანა წარმოადგენდა ცივ იარაღს. 3. საყოფაცხოვრებო ნივთები გასაჩივრებული ნორმების ფარგლებში შექმნილი ბუნდოვანება დასტურდება იმითაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოქალაქეებისთვის არაერთხელ მომხდარა ისეთი საგნების ჩამორთმევა, რომელიც prima facie არ უნდა წარმოადგენდეს ცივ იარაღს მისი ვიზუალური მახასიათებლების, დანიშნულების გათვალისწინებით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ სადავო ნორმები იმდენად ბუნდოვანია, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ვერ ხვდებიან რომელი საგანი განეკუთვნება ცივ იარაღს. საილუსტრაციოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოქალაქეებისთვის ჩამოურთმევიათ და შსს-ს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტისთვის საგნის ცივ იარაღად კლასიფიკაციის მიზნით გადაუგზავნიათ კბილის ჩხირი (არ წარმოადგენს ცივ იარაღს) და მაკრატელი (არ წარმოადგენს ცივ იარაღს). აღნიშნული ბუნდოვანებიდან გამომდინარე მოსარჩელეც დაინტერესდა საყოფაცხოვრებო ნივთების გარკვეული კატეგორია მიეკუთვნება თუ არა ცივ იარაღს ახალი რეგლამენტის მიხედვით და სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა სახრახნისის და მახათის ცივ იარაღად კლასიფიცირების მიზნით. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, სახრახნისი მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე არ წარმოადგენს ცივ იარაღს, თუმცა მახათი, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, განეკუთვნება ცივ იარაღს, რისი ტარების შემთხვევაშიც, მაგალითად მკერავი, შესაძლოა დააჯარიმონ 500 ლარით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2026 წლის 16 ივნისის N5003666526 დასკვნა, რომლის მიხედვითაც ცივ იარაღად კლასიფიცირდა Victorinox-ის მრავალ ფუნქციური დანა, რომელიც მისი დანიშნულების მიხედვით საყოფაცხოვრებო მრავალმხრივი დანიშნულების ნივთია და დაუგებარია, რატომ შეიძლება ის მიკუთვნებულ იყოს ცივ იარაღთა კატეგორიას. 3.2. დაკსნვა და შეჯამება ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მივდივართ შემდეგ დასკვნამდე: 1. საკონსტიტუციო-სამართლებრივი სტანდარტის დარღვევა: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით გარანტირებული სამართლებრივი განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის პრინციპი მოითხოვს, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა იყოს მკაფიო და არაორაზროვანი. სადავო საკანონმდებლო მოწესრიგება ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ ხარისხობრივ სტანდარტს, ვინაიდან პირს არ აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ განჭვრიტოს თავისი ქცევის სავარაუდო სამართლებრივი შედეგები და შეუსაბამოს მას საკუთარი მოქმედება. 2. ქმედების შემადგენლობის დელეგირება და თვითნებობის რისკი: კანონმდებლის მიერ ქმედების ობიექტური შემადგენლობის (თუ რა მიიჩნევა „ცივ იარაღად“) ბუნდოვნად დატოვება და მისი დელიმიტაციის გადატანა კანონქვემდებარე აქტებსა თუ ექსპერტის სუბიექტურ შეფასებაზე, ეწინააღმდეგება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას — თავად განსაზღვროს დასჯადი ქმედების ფარგლები. ეს მოდელი სამართალშემფარდებელსა და ექსპერტებს ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციას, რაც პრაქტიკაში იწვევს თვითნებობასა და წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებებს. 3. პრაქტიკული არათანმიმდევრულობა: საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ იდენტურ ან საყოფაცხოვრებო/პროფესიული დანიშნულების ნივთებზე (მაგ., ნაჯახი, დანები, მახათი, Victorinox-ის მრავალფუნქციური დანა) გაიცემა დიამეტრულად საპირისპირო და უწყებრივად წინააღმდეგობრივი დასკვნები. შედეგად, კეთილსინდისიერი მოქალაქის მიერ გამოჩენილი მაქსიმალური წინდახედულობაც კი ვერ უზრუნველყოფს მის დაცვას დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული ან სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს ინდივიდის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, არღვევს სამართლებრივი უსაფრთხოების ფუნდამენტურ გარანტიებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს, რაც წარმოადგენს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის საკმარის საფუძველს.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ