საერთაშორისო ურთიერთობები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

2022 წლის 25 - 28 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, სასამართლოს სამდივნოს უფროს გიორგი ლომთაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია და მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე: ,,კონსტიტუციის განმარტება ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისას". კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ თურქეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო და საკასაციო სასამართლოების, ევროპისა და აზიის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მოსამართლეები, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე თურქეთის რესპუბლიკიდან, აკადემიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მერაბ ტურავამ თურქეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზუჰთუ არსლანს მიულოცა საკონსტიტუციო სასამართლოს 60 წლის იუბილე, ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დადებით დინამიკაზე და დაადასტურა თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა ორმხრივი და მრავალმხრივი მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა პარტნიორი საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებთან/მოსამართლეებთან და  ასევე, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარე და სპეციალურ წარმომადგენელთან ჯანი ბუკიკიოსთან.