სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განიხილავს საქმეს „მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1499).

2020 წლის 20 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1499).

განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა ნებისმიერი ფორმით გადაადგილება.

მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებით, მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს - საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს მთავრობას. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა კი იწვევს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნების დარღვევას.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ გარკვეულ პერიოდში პირთა ნებისმიერი ფორმით გადაადგილების აკრძალვა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აშკარად არათანაზომიერი საშუალებაა და შესაძლებელი იყო შემუშავებულიყო უსაფრთხო გადაადგილების სპეციალური წესები და გადაადგილება მომხდარიყო ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი დამცავი საშუალებების გამოყენებით. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით დღის იმ მონაკვეთის შემცირება, რომლის განმავლობაშიც პირებს გარეთ გასვლა შეუძლიათ, ავტომატურად ზრდის რისკს, რომ ერთსა და იმავე დროს გარეთ უფრო მეტი ადამიანი მოიყრის თავს და გაიზრდება მათი კონტაქტის ალბათობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ მიმოსვლის თავისუფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.