სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1633 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

2025 წლის 7 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1633 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დაცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმები ადგენდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დისციპლინური სახდელის სახეებს, კერძოდ, სატელეფონო საუბრის, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნისა და ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვას/აკრძალვას. მოსარჩელე ითხოვდა სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გასაჩივრებული დისციპლინური სახდელის შეფარდებას ისეთი დისციპლინური დარღვევისთვის, რომელიც დაკავშირებული არ არის მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან. მოსარჩელის მოსაზრებით, პატიმრის ოჯახთან ურთიერთობის სხვადასხვა შესაძლებლობის, თუნდაც ნაწილობრივი შეზღუდვა შეუძლებელია გამართლებული იქნეს მხოლოდ დისციპლინური სანქციის დაკისრებით, როდესაც პარალელურად არ არსებობს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მომეტებული ინტერესი. ასეთ პირობებში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხოლოდ დისციპლინური სანქციის დაკისრების საჭიროება, თუნდაც მძიმე დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, რომელსაც თან არ სდევს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომეტებული საჯარო ინტერესი, ვერ გადაწონის ამ უფლებათა კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობას.

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების არგუმენტაციით, კანონმდებლობა ითვალისწინებს მთელ რიგ სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც გამორიცხავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ბლანკეტური გადაწყვეტილების მიღებას და უზრუნველყოფს შეპირისპირებული ინტერესების სამართლიან დაბალანსებას. ამგვარ მექანიზმებზე საუბრისას, მოპასუხე მხარე, უპირველესად, გამოყოფს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურ წარმოებას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პიროვნების, ქცევისა და ჩადენილი დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებას, სახდელის დაკისრების შესახებ წარმოების, მათ შორის, ზეპირი მოსმენით გამართვის შესაძლებლობას, სამართლიან და გონივრულ ვადებს, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახსნა-განმარტებისა და შუამდგომლობის წარდგენის საშუალებას, ბოლოს კი, მათ მიმართ მიღებული განკარგულების სასამართლო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. მოპასუხე მხარის განმარტებით, ზემოხსენებული სამართლებრივი პროცედურა ცალსახად გამორიცხავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ბლანკეტური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევას, ამასთანავე, სრულად უზრუნველყოფს შეპირისპირებულ ინტერესთა დაბალანსების შესაძლებლობას.

საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა კი ყურადღება გაამახვილეს პენიტენციური კოდექსითა და პენიტენციური დაწესებულებების დებულებით გათვალისწინებულ დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურასა და დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების მექანიზმზე. გარდა განკარგულების გასაჩივრების კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობისა, მათ შორის, ისაუბრეს შიდა კონტროლის კუთხით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის გარკვეულ ფუნქციებზე და მის სტრუქტურაში შემავალ თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის სამმართველოზე, რომელიც იხილავს თითოეული პატიმრის მიერ გაგზავნილ ინდივიდუალურ საჩივარს მათი უფლებების დარღვევაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თუ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პენიტენციური დაწესებულების მიერ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში დაწესებულების ადმინისტრაცია ბოროტად სარგებლობს თავისი უფლებამოსილებით, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა სამართალშეფარდების პროცესშია და არა საკუთრივ ნორმაში. ამასთანავე, მისი აღნიშვნით, უშუალოდ დავის საგანია კონკრეტული დისციპლინური სახდელის სახეების კონსტიტუციურობა და არა დისციპლინური დარღვევები ან დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურა, ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაბამისი წინაპირობები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ იმ კუთხით, თუ რამდენად არსებობს ბრალდეულებისთვის/მსჯავრდებულისთვის კანონმდებლობაში იმის გარანტიები, რომ გაუმართლებლად არ დაირღვეს (ანუ დაცული იყოს ბალანსი) მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა ისეთ დროს, როცა იგი სჩადის თუნდაც ისეთ ქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის უშუალოდ პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით სარგებლობასთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ხორციელდება სადავო სანქციების გამოყენება, იგი სრულად არ წყდება გარესამყაროს და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ნებისმიერ საშუალებას, ვინაიდან, კანონმდებლობის საფუძველზე, დაუშვებელია გასაჩივრებული რეგულაციებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა. ამდენად, კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, ცხადი გახდა, რომ სანქციების ზემოქმედების მასშტაბი და ინტენსივობა არ არის იმ მოცულობის, რომ დაარღვიოს, თუნდაც საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. თავის მხრივ, სასამართლომ მიუთითა კანონით გათვალისწინებულ უდავო გარემოებაზეც, რომ დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი. იმავდროულად, ხაზი გაუსვა პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის შესაბამის ხანდაზმულობის ვადებს, სახდელის ვადამდე მოხსნისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების ზოგად უფლებამოსილებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებული/მსჯავრდებული სრულად არ წყდება გარესამყაროსთან კომუნიკაციას და ზემოხსენებული საკანონმდებლო მექანიზმები სრულად უზრუნველყოფს ინტერესთა დაბალანსების გზით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

დავის საგანი: პენიტენციური კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.