სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა №1432 კონსტიტუციურ სარჩელზე

2023 წლის 27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“ (№1432 კონსტიტუციური სარჩელი).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების წესს. გასაჩივრებული ნორმების თანახმად, დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა, აგრეთვე მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით.

მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია უმაღლესი განათლების უფლება, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფომ დაინტერესებულ პირებს განათლების მისაღებად უნდა შეუქმნას ყველა საჭირო პირობა და გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები ამ უფლების სრული რეალიზებისთვის. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმები ბლანკეტურად, გამონაკლისის გარეშე, ზღუდავს მოსარჩელეთა შესაძლებლობას, სახელმწიფოს დაფინანსებით არაერთჯერადად მიიღონ უმაღლესი განათლება, თუნდაც სწავლის ერთსა და იმავე საფეხურზე და ამ გზით აიმაღლონ კვალიფიკაცია.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულაცია ამცირებს დაინტერესებულ პირთა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და განათლების მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული კი წარმოადგენს განათლების მიღების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას და, შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–80 მუხლის მე–3 პუნქტის, 80 1 მუხლის მე–3 პუნქტის და „სახელმწიფო
სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესის და პირობების“ მე–4 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებით.