სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2021 წლის 5 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1442).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

სადავო ნორმა ადგენს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ზღვრულ ასაკს - 45 წელს.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა აწესებს დისკრიმინაციულ მოპყრობას, რადგან ყოველგვარი დამატებითი გარემოების გათვალისწინების გარეშე მოითხოვს 45 წლის ასაკს მიღწეული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრის შესაბამისი წოდების მქონე პირის სამსახურიდან დათხოვნას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.