სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1312)

2019 წლის 28 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1312).

დასახელებულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ადგენს სისხლის სამართლის საქმის მასალების მხოლოდ გაცნობის უფლებას და გამორიცხავს დაზარალებულისათვის ასეთი მასალების ასლების გადაცემას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმის მასალები შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, შესაბამისად, მას უნდა შეეძლოს ასლების მიღება, თუკი ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გაცნობის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი).

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.