სიახლეები

„ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (№1792 კონსტიტუციური სარჩელი).

2024 წლის 29 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (№1792 კონსტიტუციური სარჩელი).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესის სადავო დებულება კი განსაზღვრავს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მომსახურების საფასურებს, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით (გარდა საკანონმდებლო აქტებისა) სარგებლობისთვის. ამასთან, იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარის უფლებამოსილება, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ფიზიკური პირი გაათავისუფლოს მომსახურების საფასურის გადახდისგან.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმებით განსაზღვრული რეგულირების პირობებში, პირს ერთმევა შესაძლებლობა, თავისუფლად გაეცნოს ნორმატიული აქტების საბოლოო, კონსოლიდირებულ ვერსიას და საკუთარი ქმედებები შეუსაბამოს ამ აქტებით დადგენილ წესებს. ამასთან, სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით საფრთხე ექმნება საზოგადოების ეფექტურ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, როგორც მატერიალური, ისე ფორმალური თვალსაზრისით, რამდენადაც საკანონმდებლო მაცნეში დაცული ინფორმაციის გაცნობისთვის დაწესებული საფასური განისაზღვრება არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ სადავო ნორმასაც, რომელიც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარეს აძლევს ფიზიკური პირის მომსახურების გადახდისგან გათავისუფლების შესაძლებლობას. მოსარჩელის პოზიციით, არც გასაჩივრებული ნორმა და არც სადავო ბრძანების სხვა დებულებები, არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ კრიტერიუმს, რომელთა საფუძველზეც საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საკითხის ამგვარი მოწესრიგება საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარეს უტოვებს მოქმედების ფართო არეალს და აჩენს მისი მხრიდან პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის რეალურ საფრთხეს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „მაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობის (გარდა საკანონმდებლო აქტებისა)“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.