სიახლეები

საზაფხულო სკოლა “გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოების და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში” გაიხსნა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიხსნა,  საკონსტიტუციო სასამართლოსა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის საზაფხულო სკოლა  - „გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში“.

გახსნაზე სკოლის მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ტურავამ და თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ნათია ხანთაძემ. ასევე ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა უილიამ (ბილ) რიჩიმ,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან მესხიშვილმა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებულმა-პროფესორმა დავით ზედელაშვილმა.

საზაფხულო სკოლა გაგრძელდება 14 სექტემბრამდე, რომლის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა გამოხატვის უფლებასთან დაკავშირებით, ასევე აშშ-ის სასამართლოს რელევანტური სასამართლო პრაქტიკის შედარებითი ანალიზი. ლექციებს გაუძღვებიან: ბილ რიჩი - ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, დავით ზედელაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული-პროფესორი, ქეთი მესხიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ნათია ხანთაძე - ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და სხვა მოწვეული ლექტორები.

საზაფხულო სკოლა ტარდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში. სკოლა, ასევე, მხარდაჭერილია GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ.