სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბერლინში კულტურული დიპლომატიის აკადემიის ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ბერლინში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ბერლინის კედელის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მაღალი დონის ფორუმში. ღონისძიება კულტურული დიპლომატიის აკადემიის ორგანიზებით იმართება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სიტყვით წარსდგა ფორუმის მონაწილეთა წინაშე და ყურადღება გაამახვილა იმ ეპოქალურ ცვლილებებზე, რაც 1990-იან წლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განხორციელდა და რისი შთაგონების წყარო სწორედ ბერლინში 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გახდა. მიმართვაში ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ რეგიონში განხორციელებული დემოკრატიული ტრანსფორმაციის განმტკიცებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეფექტური საკონსტიტუციო კონტროლის არსებობას. ამ თვალსაზრისით, ზაზა თავაძემ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს კონსოლიდაციის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე ისაუბრა. მიმართვაში ასევე გაჟღერდა მესიჯი, რომ საქართველოსთვის ბერლინის კედლის დანგრევა სიმბოლური მაგალითია იმისა, რომ ხელოვნური ბარიერები დროებითია და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაც დასრულდება.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ უმაღლესი თანამდებობის პირები სხვადასხვა ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი 8 ნოემბერს დასრულდება.