სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა

2016 წლის 10 დეკემბერს ქ. ვენეციაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების საკითხებზე. ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ იგი კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას. მან სასამართლოს აღუთქვა სამართლებრივი მხარდაჭერა ვენეციის კომისიის ფორმატში. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესში მონაწილეობის შესახებ, რომელსაც 2017 წლის ივნისში ქ. ბათუმში უმასპინძლებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასევე სიტყვით გამოვიდა ვენეციის კომისიის 109-ე პლენარულ სხდომაზე. მან ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიის სამდივნოს ეფექტური ჩართულობისა და დასკვნის უმოკლეს ვადებში მომზადებისთვის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ვენეციის კომისიის მნიშვნელოვან როლზე წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცების საკითხში, მით უფრო დღეს, როდესაც კონსტიტუციური მართლმსაჯულება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მრავალ ქვეყანაში. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ვენეციის კომისიასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.