სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა

18 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. სკოლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/კავკასია) წარმომადგენელმა რუსუდან ტაბატაძემ, ასევე, USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის უფროსმა ოფიცერმა უშანგი ბახტაძემ.

ცხრა დღიანი სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და კრიზისული მმართველობა: ადამიანის უფლებათა შეზღუდვის სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში; ფარული მიყურადება, მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება: სტანდარტები აშშ-სა და ევროპაში.

საზაფხულო სკოლის მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას, და ასევე, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

ლექციებს გაუძღვებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ამერიკის კონსტიტუციის საზოგადოების (ACS) თავმჯდომარე (2009-2019 წწ.) ქეროლაინ ფრედრიქსონი; კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, სიდნეის უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის ევროპის ცენტრის პროფესორი ვოიცეხ სადურსკი; ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი მეთიუ ქუგლერი; კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი, ინტელექტუალური საკუთრების და საინფორმაციო სამართლის ცენტრის (CIPIL) თანახელმძღვანელი დევიდ ერდოსი; ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი, ევროპის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (ESIL), ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორი ვერონიკა ბილკოვა; ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი (სამართლის სკოლის დეკანი 2012-2018 წწ.) დენიელ როდრიგესი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქსოვრელი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი; საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე; სსიპ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი დავით გაბეხაძე; კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის იურისტი ლევან მაისურაძე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, ღია კონკურსის შედეგად, შეირჩა იურიდიული ფაკულტეტის 22 საუკეთესო სტუდენტი და კურსდამთავრებული საქართველოს უნივერსიტეტებიდან. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საზაფხულო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

წელს, საკონსტიტუციო სასამართლო საზაფხულო სკოლის მე-14 ნაკადს მასპინძლობს. საზაფხულო სკოლა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის II ფარგლებში თანადაფინანსებული პროექტის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მონაწილეობით ტარდება.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში, რაც პროექტის წარმატების მაჩვენებელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა 26 ივლისს დასრულდება.