სიახლეები
„საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ (კონსტიტუციური სარჩელი №1979)
2026 წლის 21,22 და 23 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ (კონსტიტუციური სარჩელი №1979).
კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ხუთივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასების ნაწილში ასევე დამატებით აქტუალურია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კონსტიტუციური საფუძვლები. უფრო კონკრეტულად, №1979 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები არგუმენტაციას რამდენიმე მიმართულებით ავითარებენ: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, რაც გამოიხატა სადავო პოლიტიკური პარტიების ან მათი წევრების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ასევე საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმითა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებით; საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა კი გამოიხატა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებით.
იმავდროულად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, მოპასუხე პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას, ხოლო მათი არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები: ისინი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში, წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და დღესაც ასე მოქმედებენ; მოპასუხე პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს, რის გამოც მოსარჩელე მხარე - საქართველოს პარლამენტის წევრები - მოითხოვენ, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებიდან და მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
დავის საგანი: პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.