სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1528 კონსტიტუციური სარჩელი

 

2023 წლის 10 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1528 კონსტიტუციური სარჩელი („ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“).

სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა რეგულირებას, რომლის საფუძველზეც გამოირიცხებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სწავლების დისტანციური ფორმატი გამოწვეული იყო პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მის შედეგებთან ბრძოლის მიზნიდან გამომდინარე.

მოსარჩელის პოზიციით, მიღებული განათლების ხარისხს განსაზღვრავს არა მისი ფორმა, არამედ ის, თუ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა რამდენად არის მორგებული სტუდენტის საჭიროებებს. მოსარჩელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, მართლაც არსებობს ცალკეული სასწავლო კომპონენტების დასწრებული ფორმით ათვისების ინტერესი, დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარების სრულად გამორიცხვა გაუმართლებლად ზღუდავდა განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას.

მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო რეგულირება ემსახურებოდა განათლების ხარისხის კონტროლის ლეგიტიმურ ინტერესს, რადგან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება წარმოშობდა რისკს, რომ აბიტურიენტები ჩააბარებდნენ სხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და, შემდგომ, მობილობის გამოყენებით, განაგრძობდნენ სწავლას საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით. ამასთან, დისტანციური სწავლების პირობებში სათანადოდ ვერ კონტროლდებოდა სტუდენტის სალექციო კურსებზე დასწრება და გამოცდებზე მისი ცოდნის შემოწმება. გარდა ამისა, დისტანციური სწავლებისას შეუძლებელი იყო საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის ჯეროვნად ათვისება.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული განათლების უფლება აღიარებს განათლების სხვადასხვაგვარი ფორმით მიღების შესაძლებლობას და გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ სრულად ერთგვაროვანი საგანმანათლებლო სისტემის შემოღების უფლებამოსილებას. სასამართლომ შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნია განათლების ხარისხის კონტროლი. ამასთანავე, აბიტურიენტების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თავის არიდების რისკთან მიმართებით, სასამართლომ მიუთითა, რომ თუკი სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თავის არიდების პრევენცია, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მაგალითად, უცხო ქვეყნის დისტანციური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან მობილობაზე შეზღუდვის დაწესებითაც. ამრიგად, უცხოეთში მიღებული დისტანციური განათლების აღიარების სრულად გამორიცხვა არ წარმოადგენს დასახელებული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.

სალექციო კურსზე სტუდენტის დისტანციურად დასწრების კონტროლთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვან წილად გაკონტროლდეს სტუდენტის ლექციაზე დასწრების პროცესი. მაგალითად, ლექციის მიმდინარეობისას ვიდეოთვალის გამორთვის აკრძალვის დაწესება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ ლექციის მოსმენას ისეთივე ალბათობის ხარისხით, როგორც დასწრებული ფორმით წარმართული სასწავლო პროცესის შემთხვევაში. შესაბამისად, სასამართლომ სადავო რეგულირება არ მიიჩნია დასახელებულ ლეგიტიმურ ინტერესთან ლოგიკური კავშირის მქონედ.

სასამართლომ ასევე იმსჯელა დისტანციური სწავლების პირობებში გამოცდის მიმდინარეობისას სტუდენტის ზედამხედველობის მექანიზმებზე და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი, ამ მხრივაც, იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, თუმცა „დახურული წიგნის“ პრინციპით ჩასატარებელი გამოცდა იმავე ხარისხით ვერ გაკონტროლდება დისტანციურ პირობებში, როგორც დასწრებული ფორმით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გარკვეული ნაწილი საერთოდ არ ითვალისწინებს „დახურული წიგნის“ პრინციპზე დაფუძნებული გამოცდების ჩატარებას. შესაბამისად, სადავო ნორმები ამ ნაწილშიც არ წარმოადგენდა მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.

დისტანციური სწავლებისას საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტების ათვისების შეუძლებლობასთან მიმართებით, სასამართლომ მიუთითა, რომ პრაქტიკული კომპონენტის ათვისების ინტერესის ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებისა და საფეხურის მიხედვით. ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამა საერთოდ არ ითვალისწინებს სავალდებულო პრაქტიკულ კომპონენტს, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, სასამართლო ვერ დარწმუნდა არსებული შეზღუდვის აუცილებლობაში.

სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ თუკი სახელმწიფო ხედავს რისკს, რომ ცალკეული საგანმანათლებლო დაწესებულებები არ მიიღებენ აუცილებელ ზომებს დისტანციური განათლებიდან მომდინარე საფრთხეების დასაზღვევად, სახელმწიფო უფლებამოსილია, აღიაროს მხოლოდ იმ ქვეყნების მიერ აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული უმაღლესი განათლება, რომელთა მიმართაც არ არსებობს ეჭვები მიწოდებული განათლების ხარისხთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ზღუდავდა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტით დაცულ განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას და არაკონსტიტუციურად ცნო ისინი, ხოლო მათი ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2024 წლის პირველ ივლისამდე, რათა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს მიეცეთ გონივრული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მიზნით საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.