სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1606 კონსტიტუციური სარჩელი
2025 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1606 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, დადგენილებით განსაზღვრული ფართობის საკუთრებაში გადაცემას, თუ განმცხადებელი იმ პირის მემკვიდრეა, რომელმაც საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობის (სარგებლობის) უფლება მიიღო მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
სადავო ნორმის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში არ გადაეცემოდა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს.
მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა დისკრიმინაციული ბუნების იყო, რადგან საქართველოს მოქალაქეებისაგან განსხვავებით, გამორიცხავდა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გადაცემას იმ შემთხვევაშიც, თუ პირი ფართის მართლზომიერი მფლობელის მემკვიდრე იყო, პირის მიერ დასტურდებოდა ფართის ფაქტობრივი მფლობელობა და სამინისტროსთვის წარდგენილი იყო ფართის საკუთრებაში გადასაცემად საჭირო დოკუმენტაცია. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ამგვარ დიფერენცირებულ მოპყრობას არ ჰქონდა გონივრული ახსნა.
მოპასუხე მხარის განმარტებით, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო მსგავს განსხვავებულ მიდგომას, წარმოადგენდა, საქართველოს მოქალაქის ჩართულობის უზრუნველყოფა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მოპასუხის პოზიციით, ქვეყნის თავდაცვა წარმოადგენდა კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეები აღასრულებდნენ და არა მოქალაქეობის არმქონე პირები. ამავდროულად, მოპასუხის მხარე ყურადღებას ამახვილებდა შეზღუდული სახელმწიფო რესურსის ფაქტორზე.
განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შესადარებელ პირებად გამოყო, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლის მამკვიდრებელი მართლზომიერად ფლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას და სიცოცხლეში ვერ მოახდინა აღნიშნული ფართის საკუთრებაში რეგისტრაცია, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქე, რომლის მამკვიდრებელიც მართლზომიერად ფლობდა აღნიშნულ ქონებას და, ასევე, სიცოცხლეში ვერ მოახდინა მისი საკუთრებაში რეგისტრაცია. საკონსტიტუციო სასამართლომ, მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, შესადარებელი პირები მიიჩნია არსებითად თანასწორ სუბიექტებად. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ცალკეულ სამართლებრივ ურთიერთობაში საქართველოს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა განსხვავდებოდა უცხოელის მდგომარეობისაგან, თუმცა განსახილველ საქმეზე იდენტიფიცირებული სამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში, მოქალაქეობრივი კუთვნილება არ ცვლიდა მემკვიდრე პირთა სამართლებრივი ინტერესის ბუნებასა და თანაბარწონადობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა ვერ გამართლდებოდა შეზღუდულ სახელმწიფო რესურსებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვაზე აპელირებით. დიფერენცირების გამართლებისათვის უნდა დასაბუთებულიყო არა მხოლოდ ის, რომ რესურსი არასაკმარისი იყო ყველასათვის, არამედ ასევე უნდა წარმოჩენილიყო თავად დიფერენცირების რაციონალურობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო რეგულირება ასევე არ მიიჩნია მოქალაქეთა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩართულობის წამახალისებელ მექანიზმად. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მემკვიდრისათვის ფართის გადაცემა ხდებოდა რაიმე სანაცვალგებო პირობის, სავალდებულო დათქმის გარეშე. შესაბამისად, ამ უკანასკნელის მიერ ქონების საკუთრებაში მიღება არ წარმოადგენდა მის თავდაცვის სფეროში ჩართვის გარანტიას ან/და რაიმე ფორმით, არ ქმნიდა (ზრდიდა) ამგვარ მოლოდინებს.
შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სადავო ნორმის ზემოაღნიშნული ნორმატიული შინაარსი მიიჩნია დისკრიმინაციულად და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
