სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1717 კონსტიტუციური სარჩელი

2025 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1717 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

სადავო ნორმა ითვალისწინებდა ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სასამართლოში იძულებით მიყვანას.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, პირისათვის თავისუფლების აღკვეთა და საქმის განხილვის პროცესზე მისი იძულებით მიყვანა მაშინ, როდესაც მართლმსაჯულებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიზნების მიღწევა, ამ პროცესში, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უშუალო მონაწილეობის გარეშეც, თანაბარი ეფექტიანობით არის შესაძლებელი, არ ემსახურებოდა რაიმე საჯარო ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისად, ატარებდა თვითნებურ ხასიათს.

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ ცნო კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოპასუხე მხარის განმარტებით, უშუალოდ პროცესზე დასწრების მიღმა, გასაჩივრებული რეგულაცია არ ითვალისწინებდა საქმის განხილვის პროცესში პირის რაიმე ფორმით ჩართვის დავალდებულებას. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი პატერნალიზმის გადაჭარბებულ ფორმას.

მხარეთა პოზიციების შეჯერებისა და გასაჩივრებული რეგულაციის ანალიზის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული საფუძვლით, პირისათვის თავისუფლების უფლების შეზღუდვას არ გააჩნდა საჯარო ლეგიტიმური მიზანი და ატარებდა თვითნებურ ხასიათს. შესაბამისად, სადავო ნორმა წარმოადგენდა თავისუფლების უფლების შეზღუდვის თვითმიზნურ საშუალებას, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე, თავისუფლების უფლების შეზღუდვა იმთავითვე გაუმართლებელი და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, მოსარჩელის უფლების დაცვის კონტექსტში, არანაირი დამატებითი ღირებულება არ აქვს იმის დამოუკიდებლად შეფასებას, იყო თუ არა შეზღუდვისას დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის სხვადასხვა პუნქტებით გათვალისწინებული პროცესუალური გარანტიები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა აღარ საჭიროებდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით დამოუკიდებლად შეფასებას.