სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1735 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)
2025 წლის 7 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1735 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
კონსტიტუციური სარჩელით დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, კრიმინალიზებულია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, რომელიც არ განხორციელებულა სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ხელს არ უშლის/საფრთხეს არ უქმნის მართლმსაჯულების სრულყოფილ და ეფექტიან განხორციელებასა და პროცესის მიმდინარეობას, ამასთანავე, განსაზღვრავს პროკურორის ფართო დისკრეციას და შესაძლოა გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გინების მიღმა ისეთი ტერმინების გავრცელებისთვის, როგორებიცაა „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „უცოდინარი“, „მონა“ და ა.შ.. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, პროცესის მონაწილის გინებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციურია, თუმცა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი ისეთი შემთხვევები, როდესაც ნაკლებად აგრესიული გამონათქვამებისთვის შესაძლოა პირი გახდეს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული/მსჯავრდებული. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ სფეროში ინტენსიური ჩარევა, რაც არაგონივრული და გაუმართლებელია.
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორს ბრალი/მსჯავრი დაედო პროცესის მონაწილის მიმართ არა ისეთი ტერმინების გამოთქმისთვის, როგორებიცაა „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „უცოდინარი“, „მონა“ და ა.შ., არამედ მისი (პროკურორის) გინებისთვის (დედის მისამართით). შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას კავშირი არ აქვს მის მიმართ წარდგენილ ბრალთან. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა პოზიციით, სადავო ნორმას არ გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსარჩელე მხარემ დაასახელა. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმის გამოყენებისა და სამართალშეფარდების პროცესში არ ყოფილა ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც პირს ბრალი/მსჯავრი დაედებოდა გასაჩივრებული რეგულაციის იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პროცესის მონაწილის შეურაცხყოფისთვის, რაც გამოიხატა მის მიმართ ისეთი ტერმინების გამოთქმისთვის, როგორებიცაა „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „უცოდინარი“, „მონა“ და ა.შ.. ამდენად, საჯარო უწყების წარმომადგენლის მითითებით, მოსარჩელის მიერ დასახელებული ნორმატიული შინაარსი სადავო ნორმას არ გააჩნია და, შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, არაეთიკური, უხამსი, უცენზურო და შეურაცხმყოფელი გამოთქმები ფორმალურად გამორიცხული არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროდან. მათი პრაქტიკული დაცულობის ხარისხი დამოკიდებულია ღირებულებათა კონკრეტულ კონფლიქტზე და მასში ჩართულ ლეგიტიმურ ინტერესთა შეპირისპირებაზე... სასამართლოს მითითებით, ზოგჯერ, რადიკალურად მწვავე, აგრესიული ლექსიკის მეშვეობით აზრის გამოხატვას, მათ შორის, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს შესაძლოა განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდეს ინდივიდისთვის საკუთარი აზრისა და შეხედულებების გადმოსაცემად ხელისუფლების კრიტიკის დროს. თუმცა ეს არ უნდა უგულებელყოფდეს იმ ფაქტს, რომ უხამსი გამოთქმები ნაკლები ღირებულების მატარებელია, რის გამოც, მათი დაცულობის ხარისხი ვერ გაუთანაბრდება არგუმენტირებულ, თუნდაც ძალიან მწვავე კრიტიკას, რადგან ისინი არ ემსახურება ამა თუ იმ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხზე საჯარო დისკუსიის წახალისებას. კიდევ უფრო მცირდება ამგვარი გამონათქვამების დაცულობის პოტენციალი, როდესაც ისინი გამოყენებულია არა ხელისუფლების პოლიტიკური განშტოებების - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკისათვის, რომლებსაც საჯარო ტრიბუნა უპყრიათ ხელთ და მათ წინააღმდეგ კრიტიკაზე პასუხის გაცემის უამრავი საშუალება აქვთ, არამედ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების მიმართ, ვისაც პასუხის გაცემის საშუალებები მკვეთრად შეზღუდული აქვთ. სწორედ ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც წინამდებარე ღირებულებათა კონფლიქტში სასწორს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის დაცვისკენ შეიძლება ხრიდეს, რომ პოლიტიკოსებისა და სხვა საჯარო პირებისაგან განსხვავებით, მოსამართლეებს, მათი სტატუსიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ, იმავე ინტენსივობით ჩაერთონ საჯარო დებატებში და ადეკვატური პასუხი გასცენ მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, როდესაც უხამსი და უცენზურო გამონათქვამები მიზნად ისახავს მოსამართლისა თუ სამართალწარმოების მონაწილის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას და, ამ გზით, ლახავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს და ამცირებს მისდამი ხალხის ნდობის ხარისხს, რომლის არსებობაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ წინდაწინვე ნაკლები შანსი აქვთ, ღირებულებათა კონფლიქტში პრიორიტეტი მოიპოვონ.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომელიც დაამოწმებდა, რომ გინების გარდა სხვა სახის ნაკლებად მწვავე შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. თავად ნორმის ტექსტობრივი ანალიზი და საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი საერთო სასამართლოების პრაქტიკა აშკარად და ცალსახად არ იძლევა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გასაჩივრებულ რეგულაციაში ამოკითხვის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ იგი ვერ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ სამომავლოდ რა ნორმატიული შინაარსით შეიძლება იქნეს სადავო ნორმა საერთო სასამართლოების მხრიდან გამოყენებული და ჰიპოთეტურად ვერ იმსჯელებს იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც ნორმამ მომავალში შეიძლება შეიძინოს ან არ შეიძინოს. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას პროკურორის შეუზღუდავ დისკრეციაზე, ფართოდ და თვითნებურად განმარტოს ტერმინი „შეურაცხყოფა“, რაც, მისი თქმით, გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, სასამართლომ აღნიშნა, რომ განაჩენი გამოაქვს არა პროკურორს, არამედ სასამართლოს, ხოლო პროკურორი, როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანო, ასევე ხელმძღვანელობს სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომებით. მეტიც, მოსარჩელეს არც იმის მტკიცებულებები წარმოუდგენია, რომ პროკურატურას ოდესმე დევნა ჰქონდა დაწყებული ნაკლებად მწვავე გამონათქვამებისთვის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ №1735 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.