სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1432 კონსტიტუციური სარჩელი
2025 წლის 28 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1432 კონსტიტუციური სარჩელი („ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ“) მოსარჩელეების ციცი ჭელიძის, სოფიკო ჯიჭონაიას, ანა გაგუას, სოფიკო თვალაბეიშვილისა და მარიამ ბარსონიძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, ხოლო მოსარჩელეების – მარიამ შათირიშვილისა და თამარ სტეფანიშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმე შეწყდა.
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მიღების წესს და დაუშვებლად მიიჩნევს ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემას, აგრეთვე დადგენილია, რომ მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით.
მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, უმაღლესი განათლების ძირითადი უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები, რათა, განათლების უფლების სრული რეალიზებისთვის, ყველა დაინტერესებულ პირს შეუქმნას სათანადო პირობები. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები ბლანკეტურად ზღუდავდა პირთა შესაძლებლობას, სახელმწიფოს დაფინანსებით არაერთჯერადად მიეღოთ უმაღლესი განათლება, თუნდაც სწავლის ერთსა და იმავე საფეხურზე და ამ გზით აემაღლებინათ კვალიფიკაცია.
მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, დაინტერესებულ პირს უმაღლესი განათლების ერთ საფეხურზე სწავლა დაუფინანსოს რამდენიმეჯერ. მოპასუხე მხარის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წარმომადგენელმა აგრეთვე მიუთითა, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქეს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას, სამართლიანი კონკურენციის პირობებში მოიპოვოს უმაღლესი განათლების დაფინანსება, ხოლო შეზღუდული საბიუჯეტო რესურსების პირობებში, თუ სახელმწიფო დაფინანსების ხელმეორედ მიღება გახდება შესაძლებელი, არსებითად დაზიანდება იმ პირთა ინტერესები, ვინც პირველად ცდილობს სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მოპოვებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღებისა და დაფინანსების ძირითადი უფლებები გულისხმობს დაინტერესებული პირის შესაძლებლობას, დაეუფლოს არა მხოლოდ ერთ პროფესიას, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები ახალი, მისთვის სასურველი პროფესიის ასათვისებლად, რათა მან ეფექტურად მოახერხოს თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელ სწრაფად ცვალებად სოციო-ეკონომიკურ გარემოებებთან ადაპტაცია და მდგრადი თვითგანვითარება. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად განათლების მიღებისა და მისი დაფინანსების უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, მითითებულ უფლებაზე არა მხოლოდ მრავალჯერადად, არამედ ერთჯერადად წვდომის ფარგლებიც, იმთავითვე, ლიმიტირებულია სახელმწიფოს საბიუჯეტო ფინანსებით. შესაბამისად, კანონმდებელს უწევს ინტერესთა დაბალანსება.
განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის მიღმა, კანონმდებლობით დადგენილია უმაღლესი განათლების დაფინანსების ან სწავლების პროცესში ხელშემწყობი ალტერნატიული საშუალებები – სახელმწიფო სტიპენდია და საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ მოსარჩელეთა მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმების მოქმედების პირობებშიც, სახელმწიფო რესურსებზე აბსოლუტურად შეზღუდული არ არის იმ პირთა წვდომა, რომელთაც სურთ ახალი პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების დაუფლება. ამასთან, იმ დაინტერესებულ პირთა მიმართ, რომლებსაც უმაღლესი განათლების მისაღებად, ერთხელ უკვე ჰქონდათ წვდომა სახელმწიფო დაფინანსებაზე, არსებობს შედარებით მაღალი მოლოდინი, რომ შეძენილ უნარ-ჩვევებს გამოიყენებენ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, ვიდრე მათ მიმართ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ უსარგებლიათ ასეთი შესაძლებლობით და, შესაბამისად, არ ფლობენ პროფესიულ ცოდნასა და კვალიფიკაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს სახელმწიფო რესურსებით პირველად მოსარგებლე და იმ პირთა ინტერესებს შორის, რომელთაც სურთ, ხელმეორედ მიიღონ დაფინანსება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებით დადგენილ მოთხოვნებს.
დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–80 მუხლის მე-3 პუნქტის, 801 მუხლის მე-3 პუნქტის და „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესის და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებით.