სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტში გამოთქმული ფაქტობრივი უზუსტობის თაობაზე, გვსურს გაცნობოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების რეგისტრაცია, განაწილება რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით“.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის“ მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე, რეგისტრირებული სარჩელი/წარდგინება ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული წესით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით, კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს/პლენუმს შორის მისი განაწილების შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
კონკრეტული კონსტიტუციური წარდგინების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, განხორციელდა მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, შესაბამისად, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთვის განკუთვნილი 10 დღიანი ვადა იწურება 19 დეკემბერს.
სიუჟეტში გამოთქმული მოსაზრება, წარდგინების ვებ-გვერდზე გამოქვეყნების ვადის დარღვევის თაობაზე, უსაფუძვლოა.