სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა

23 თებერვალს სასტუმრო ”ლოპოტა რეზორტში” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და მოწვეული ექსპერტების სამდღიანი სამუშაო შეხვედრა დაიწყო, რომელიც საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხებს დაეთმობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ განსაკუთრებით აღნიშნა სასამართლო ხელისუფლების რეფორმის პროცესში ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების როლი. „ეს არის მხარდაჭერა, რომლის გარეშეც ასეთ მოკლე პერიოდში წარმოუდგენელი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინსტიტუტად ჩამოყალიბება. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი კვლავ აგრძელებს ჩვენს დახმარებას“-აღნიშნა ზაზა თავაძემ მისასალმებელ სიტყვაში.

სამუშაო შეხვედრის პირველი დღე საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური განვითარების გეგმის შესახებ დისკუსიას დაეთმო. მომდევნო დღეებში კი გაიმართება სასამართლოს კომუნიკაციის სტრატეგიის პრეზენტაცია. სამუშაო პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან და იმსჯელებენ როგორც სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და მიმდინარე აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე.

აღნიშნული შეხვედრა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით იმართება.