• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • დავით ახალაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 20.10.2025
      • N1903
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №1/4/1903 განჩინება საქმეზე „დავით ახალაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

დავით ახალაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N1/4/1903
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 26 მარტი 2026
გამოქვეყნების თარიღი 27 მარტი 2026 13:14

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: დავით ახალაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვის - „უქონელია“, ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვის - „გადახდისუუნარო“ და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების - „არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა“, კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და მე-3 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1903) მომართა დავით ახალაურმა. №1903 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 20 ოქტომბერს. №1903 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 26 მარტს.

2. №1903 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლი განსაზღვრავს ბრალდებულის უფლება-მოვალეობებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია - უფლებას, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის წინაპირობები. კერძოდ, დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას ან არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე“. კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. ხოლო, ამავე ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“.

5. №1903 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე, დავით ახალაური, არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ (შემდგომში - ადვოკატთა ასოციაცია) წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით. საადვოკატო საქმიანობის პარალელურად, პროფესიული საქმიანობის განმავლობაში იგი აქტიურად იყო ჩართული ადვოკატთა ასოციაციის მართვით პროცესებში.

6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილში მოხსენიებული სიტყვის „უქონელია“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამავე კოდექსში არსებული ტერმინის, „გადახდისუუნარო“ და „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერმინის - „გადახდისუუნარო პირი“, განსხვავებული განმარტების შესაძლებლობას იძლევა. კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდაა გამხდარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვის - „გადახდისუუნარო“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეიძლება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისგან განსხვავებული მნიშვნელობით განიმარტოს. მოსარჩელის არგუმენტაციით, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ რა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ბრალდებულის „უქონლობა“ ან „გადახდისუუნარობა“, ამიტომ სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნისათვის საკმარისია უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება.

7. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების - „არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა“, იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვით დასაშვებია ბრალდებულის დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე, თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე და ამავდროულად ამ შეთანხმების პირობების თანახმად, დაცვის ქვეშ მყოფს შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადაიხადოს კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე მეტი თანხა.

8. მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2018-2020 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაფართოვდა ბრალდებულის სავალდებულო დაცვის წინაპირობები. აღნიშნულმა ცვლილებებმა, არა მარტო, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სახელმწიფო ხარჯზე სავალდებულო დაცვის შემთხვევების რაოდენობრივ მაჩვენებელზე, არამედ შექმნა რეალური შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის მექანიზმი გამოყენებულ იქნეს, არა ბრალდებულის დაცვის ხარისხის უზრუნველსაყოფად, არამედ პროცესის გამარტივებისა და დაჩქარების მიზნით.

9. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაცვის ხარჯების დაფინანსება ბრალდებულის გადახდისუნარიანობის კრიტერიუმზე უნდა იყოს დაფუძნებული. მოსარჩელე განმარტავს, რომ თუ ბრალდებულს შეუძლია ჯარიმის გადახდა, ივარაუდება, რომ მას ამავდროულად აქვს კერძო ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის მატერიალური შესაძლებლობაც. სახელმწიფოს უფლებამოსილება კი, ერთდროულად უზრუნველყოს სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა და საპროცესო შეთანხმების პირობების შეთავაზება, წარმოშობს უფლების ბოროტად გამოყენების რისკებს.

10. მოსარჩელის მითითებით, თუ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად ეკისრება ჯარიმა, პარალელურად რეგისტრირებული არ არის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და არც სხვა გზით დგინდება მისი გადახდისუუნარობა, მას საზოგადოებრივი ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე არ უნდა ენიშნებოდეს. მოსარჩელე აზუსტებს, რომ აღნიშნული არაპირდაპირ გავლენას ახდენს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ როლზე, კერძოდ, იწვევს იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციართა ხელოვნურ ზრდას და ამცირებს კერძო ადვოკატთა კლიენტების რაოდენობას. ამგვარად, სადავო მოწესრიგება არაპირდაპირ ასახვას პოვებს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ როლზე და ეჭვქვეშ აყენებს მის არსებობას. შესაბამისად, სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადვოკატთა საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების და თვითორგანიზების უფლებაში არაკონსტიტუციურ ჩარევას წარმოადგენს.

11. მოსარჩელე მხარის მიერ, №1903 კონსტიტუციური სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, შესაბამისი რეგულაციის არარსებობის პირობებში სადავო ნორმებში არსებული ტერმინების/სიტყვების არაერთგვაროვანი განმარტების შესაძლებლობა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სოციალური უფლებების დარღვევას. გარდა ამისა, სადავო ნორმები გაუმართლებლად ერევა ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისა და თვითორგანიზების საკითხებში და გავლენას ახდენს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების სრულყოფილ განხორციელებაზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებობის სტანდარტები, რითაც იხელმძღვანელებს სასამართლო

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. ამასთანავე, საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით

2. №1903 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვის - „უქონელია“, ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მოხსენიებული სიტყვის - „გადახდისუუნარო“ და ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების - „არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა“, კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის №1/2/541 განჩინება საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

4. განსახილველ შემთხვევაში, №1903 კონსტიტუციური სარჩელის ავტორია ფიზიკური პირი, რომელიც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. თავის მხრივ, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება არ არის მოქცეული საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, რომ მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან მიმართებით.

5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1903 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვის - „უქონელია“, ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მოხსენიებული სიტყვის - „გადახდისუუნარო“ და ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების - „არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა“, კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რის გამოც არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

6. №1903 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.

7. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში „actio popularis“ შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდაოს ნორმატიული აქტების საფუძველზე, უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.

8. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის ნორმებს, რომლებიც ადგენს გადახდისუუნარო ბრალდებულის სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის შესაძლებლობას და ამ უფლებით სარგებლობის შესაბამის კრიტერიუმებს. კერძოდ, გადახდისუუნარო ბრალდებულის დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს იმ შემთხვევაში, თუ ის მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას ან თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი კერძო ადვოკატი. გასაჩივრებული ნორმატიული მოწესრიგების ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი არის მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებული, რომელმაც ცალკეული გარემოებების მხედველობაში მიღების შემდეგ, შეიძლება ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ სავალდებულო დაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობით.

9. როგორც აღინიშნა, №1903 კონსტიტუციური სარჩელზე მოსარჩელეს წარმოადგენს, ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი. სადავო ნორმების სუბიექტს კი - პირი, რომლის წინააღმდეგაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, იგი სარგებლობს კანონმდებლობით ბრალდებულისთვის მინიჭებული ცალკეული უფლებებით, საკუთარი ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით. ამ კონტექსტში, აშკარაა, რომ მოსარჩელე, მისი სტატუსის გათვალისწინებით არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ სავალდებულო დაცვის შეთავაზებით სარგებლობის უფლების მქონე სუბიექტს და, შესაბამისად, არ ექცევა სადავო ნორმების მოწესრიგების სფეროში. ამრიგად, სადავო ნორმებს მოსარჩელე ადვოკატის რაიმე უფლების დარღვევის ნორმატიული რესურსი არ გააჩნია. პრაქტიკულად, მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა საკუთარი, არამედ სხვა პირის, კერძოდ, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე. ამავდროულად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სადავო ნორმები ექსკლუზიურად მის მიმართ უკვე იყო ან, მაღალი ალბათობით, მომავალში შეიძლება იყოს გამოყენებული. აშკარაა, რომ იგი დავობს სხვისი კონსტიტუციური უფლების სავარაუდო დარღვევაზე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, №1903 კონსტიტუციური სარჩელი წარმოადგენს „actio popularis“, რის შესაძლებლობასაც საკონსტიტუციო სამართალწარმოება დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად არ ითვალისწინებს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1903 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

3. სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით

11. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვის - „უქონელია“, ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მოხსენიებული სიტყვის - „გადახდისუუნარო“ და ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების - „არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა“, კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.

12. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმებით განსაზღვრულია, საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის წინაპირობები იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს არ აქვს კერძო ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის მატერიალური შესაძლებლობა, ან არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი. მოსარჩელისთვის პრობლემურია, ერთის მხრივ, სადავო ნორმებში არსებული ტერმინების - „უქონელი“ და „გადახდისუუნარო“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, განსხვავებული განმარტების შესაძლებლობას იძლევა, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ისე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მიზნებისთვის. ხოლო, მეორე მხრივ, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ბრალდებულის დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების მიმდინარეობისას, მაშინ, როდესაც შეთანხმების პირობების თანახმად პირს აქვს ჯარიმის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ამ კონტექსტში, კერძო თუ საზოგადოებრივი ადვოკატის გამიჯვნის მთავარი წინაპირობა, სწორედ, რომ ბრალდებულის გადახდისუუნარობის ფაქტი უნდა იყოს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა კანონმდებლობით გაზრდილია სახელმწიფოს მიერ სავალდებულო დაცვის შემთხვევები და პრაქტიკულად ძალიან მცირეა იმ გარემოებების რაოდენობა, რომლებიც არ ექცევა სავალდებულო დაცვით უზრუნველყოფილ სფეროში. ამგვარად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ქმნის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის მექანიზმი გამოყენებულ იქნეს პროცესის გამარტივებისა და დაჩქარების მიზნით. ამავდროულად, ამგვარი მოწესრიგება მნიშვნელოვნად ამცირებს კერძო ადვოკატთა წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობას, რაც არაპირდაპირ გავლენას ახდენს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაზე. შესაბამისად, სადავო რეგულირება ეწინააღმდეგება ადვოკატთა საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისა და თვითორგანიზების უფლებას.

13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დასახელებული კონსტიტუციური დებულებით - ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების დანაწესით დაცულია თითოეული ადვოკატის ინდივიდუალური უფლება, ავტონომიურად და ყოველგვარი სახელმწიფოებრივი თუ სხვა გარეშე აქტორის ჩარევისგან დამოუკიდებლად, დაშინების, შეფერხების, შევიწროებისა და გაუმართლებელი ბარიერების დაწესების გარეშე მოახდინოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მის პროფესიასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო ვალდებულია, ერთი მხრივ, თავად გაუმართლებლად არ ჩაერიოს ადვოკატის საქმიანობაში, ხოლო, მეორე მხრივ, მას, როგორც სამართლის მაძიებელი პირის კვალიფიციურ იურიდიულ მრჩეველს, შეუქმნას დამოუკიდებლად საქმიანობისთვის საჭირო გარანტიები, რაზე დაყრდნობითაც ადვოკატი შეძლებს თავისი საქმიანობის წარმართვას ყოველგვარი გარეშე ზეწოლისა და ჩარევისგან თავისუფლად“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №1/6/1424,1490 გადაწყვეტილება საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). თავის მხრივ, „ადვოკატთა თვითორგანიზების უფლების კონსტიტუციური უზრუნველყოფა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გულისხმობს არა ინდივიდუალური ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას, არამედ ადვოკატთა კორპუსის/ერთობის კოლექტიურ უფლებას, შექმნან დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოსაგან ჩარევის, მისი დიქტატის გარეშე გადაწყვეტს ადვოკატის პროფესიასთან და მის განვითარებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს“ [...] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №1/6/1424,1490 გადაწყვეტილება საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31).

14. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტავს, რომ სადავო სიტყვების შინაარსი ამოიწურება სოციალურად დაუცველი ბრალდებულისთვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის უფლების და ამისათვის შესაბამისი წინაპირობების დეკლარირებით. გასაჩივრებული სიტყვები საერთოდ არ შეეხება, როგორც ადვოკატის ინდივიდუალური, ასევე ადვოკატთა კორპუსის კოლექტიური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. დამატებით, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მოსარჩელეს, კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში არ წარმოუდგენია ხელშესახები არგუმენტაცია თუ მოსაზრება სადავო სიტყვების საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან შინაარსობრივი მიმართების თაობაზე.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1903 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1903 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ახალაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ