თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
| ნომერი | N1922 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - რევაზ ნადარაია, |
| ავტორ(ებ)ი | თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო |
| თარიღი | 3 დეკემბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
2. საქართველოს კანონი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 პუნქტი - „პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება). |
| „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ „საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება -„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [...], 451 [...] მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება). |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვები „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა [...] უნდა [...] განახლდეს. ასევე საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება „საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.“ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუქნტის მე-2 წინადადების შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2025 წლის 11 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებიდან თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში შემოვიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ალექსანდრე ჩოქურის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით.
#000099366 სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2025 წლის 19 სექტემბერს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ახალსოფელში ალექსანდრე ჩოქურის საცხოვრებელი სახლში გადაუდებელი აუცილებლობიდან ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა საერთო წონით 0.96 გრ..
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტმანეტის ქიმიური ექსპერტიზის #46/7/10/1-4947 დასკვნის თანახმად, მომწვანო გამომშრალი მცენარეული მასა, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, წონით - 0.96გ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტმანეტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის #46/12/3-201453 დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ჩოქურს არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით (ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის თვალსაზრისით) ალექსანდრე ჩოქურის მიერ ნარკოტიკული დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები არ ფიქსირდება.
სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ალექსანდრე ჩოქურმა აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა და განმარტა, რომ ეწინააღმდეგება მის მიმართ 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევას, რადგან ჰყავს ავტომანქანა და აპირებს მართვის მოწმობის აღებას, რის შემდეგაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა გასწიოს საოჯახო საქმიანობა. ზრდის სამ შვილს, მეუღლე გარდაცვლილი ყავს. შესაბამისად, მისთვის მართვის უფლების ჩამორთმევით მას და მის ოჯახს არ ექნება შანსი აუცილებელი საჭიროების დროსაც ისარგებლოს ავტომანქანით. აღნიშნული განმარტება არ გამხდარა სადავო მხარეებს შორის.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 პუნქტი და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტი - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [...], 451 [...] მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულო ჩამორთმევას ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიემართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქმისწარმოება უნდა შეჩერდეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე მუხლის შენიშვნის მე-11 პუნქტის მიხედვით, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება სასამართლომ პირს შეიძლება ჩამოართვას 5 წლამდე ვადით. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია ჩამოსართმევი უფლებების ჩამონათვალი:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ე) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი #2-ის (უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა) 92-ე გრაფაში გამომშრალი მარიხუანას მცირე ოდენობა განსაზღვრულია 5 გრამამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით), ხოლო 164-ე გრაფაში ტეტრაჰიდროკანაბინოლის მცირე ოდენობა განსაზღვრულია 0.05 გრამამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ოდენობით.
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დანახულია სასჯელად და მათი გამოყენება, შეფასება ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის ფარგლებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/1/702 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 3.3. ქვეთავის (“სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების (სასჯელის) სიმკაცრე”) 54-ე-64-ე, პარაგრაფები მიმოიხილავს ნარკოტიკული “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლში იდენტიფიცირებული უფლებების ჩამორთმევის სამართლებრივ ბუნებას და ასკვნის, რომ “ნორმები ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს და ნეგატიურ გავლენას ახდენს პირის სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე. ამგვარი ტიპის სასჯელის დაწესება შესაძლოა, გამართლებული იყოს მხოლოდ შესაბამისი სიმძიმის დანაშაულის საპასუხოდ. აუცილებელია, ასეთი ტიპის ღონისძიების გამოყენება ემსახურებოდეს მნიშვნელოვანი სადამსჯელო მიზნების მიღწევას. ღონისძიების სიმკაცრიდან გამომდინარე, მისი გამოყენების ლეგიტიმაცია არსებობს მხოლოდ ისეთი ქმედებების საპასუხოდ, რომელიც შეიცავს სერიოზულ საზოგადოებრივ საშიშროებას. მხოლოდ საზოგადოებრივი საშიშროების თავიდან აცილების მომეტებული ინტერესი გადაწონის იმ შემზღუდველ, ნეგატიურ ეფექტებს, რომლებსაც იწვევს სადამსჯელო ღონისძიება პირის სოციალური ცხოვრების არაერთ მნიშვნელოვან ასპექტში.” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/1/702 გადაწყვეტილება საქმეზე „კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პარ. 64.) სწორედ ამ მიზეზით, საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუფასებია უფლების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა შესაბამის კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებით. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/1/702 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პარ. 106-115.)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარება ყველაზე ნაკლებ საზოგადოებრივი საშიშროების მატარებლად არის მიჩნეული. იმდენად მცირედ, რომ ამ ქმედების სამართალდარღვევად არსებობაც კი არაკონსტიტუციურად აქვს ნაცნობი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით სასამართლომ დაასკვნა, რომ “პრინციპულად, მარიხუანის მოხმარების ნებისმიერ გარემოებაში სრული და ბლანკეტური აკრძალვა, არ არის აუცილებელი არც სხვა პირთა უფლებებისა თუ საჯარო წესრიგის დასაცავად. არ არსებობს პროპორციულობის გონივრული ურთიერთკავშირი მარიხუანის მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადებასა და იმ საფრთხის აცილებას შორის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ზემოთ მითითებული კანონიერი ინტერესებისათვის. იგი არ აყალიბებს სამართლიან ბალანსს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასა და მასთან ღირებულებათა კონფლიქტში მყოფ სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის.” კონსტიტუციურ სარჩელებზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებებით საკონსტიტუციო სასამართლოს მარიხუანას/კანაფის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნის გამო დასჯადობა არაკონსტიტუციურად აქვს მიჩნეული. „არ არსებობს დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). ასეთივე დასკვნა გააკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება).
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ... [არაადამიანური და დამამცირებელი] სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის #1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კანონმდებელს სასჯელის პოლიტიკის სფეროში მიხედულების საკმაოდ ფართო არეალი გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საკანონმდებლო ორგანო ახდენს ადამიანის, საზოგადოებისა და, ზოგადად, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების შეფასებას და პროგნოზირებას, ისევე, როგორც ამავე რისკების დამზღვევი პასუხისმგებლობის კონკრეტული სახისა და ზომის ნორმატიულად განსაზღვრას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს #1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის #1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
საკონსტიტუციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ “სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში (მის ნებისმიერ უფლებაში) ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია. ასეთია ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგი. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებით განსაკუთრებით შეზღუდულია პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შექმნისას და გამოყენებისას. ასეთი კანონმდებლობა თავისთავად ხასიათდება ადამიანის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონზომიერებით. ამიტომ ასევე კანონზომიერია ამ პროცესში სახელმწიფოს მომეტებული სიფრთხილის აუცილებლობა, რადგან სამართალი დაკარგავს თავის ფუნქციას, თუ ადამიანები დაისჯებიან ამისათვის შესაბამისი და აუცილებელი საფუძვლის გარეშე.
... ასევე ცხადია, რომ არ შეიძლება სამართლის ჰუმანურობის ფუნქციის უგულებელყოფა, რადგან ის ხელს უწყობს არა მხოლოდ თავად სამართლის, არამედ საზოგადოების პროგრესულ განვითარებას. შესაბამისად, სამართლის ჰუმანურობის მიღწევა და ამ გზით მისი განვითარება მუდმივი მიზანია, რომლის ხელშეწყობა, უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა, ბუნებრივია, იმ ზღვრამდე, ვიდრე ეს არ დაუპირისპირდება სამართლისა და კანონის სხვა მიზნებსა და ძირითად ფუნქციას. ... ადამიანებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ საზოგადოების და სამართლის განვითარების, პროგრესული, ჰუმანური აზროვნების პოზიტიური შედეგებით. პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის, ამასთან, იმ წესითა და ფარგლებში, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნების მისაღწევად” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება N1/6/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღდმეგ“, II-62-64).
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის აბსოლუტურად განსაზღვრული და მოსამართლეს მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობა არ გააჩნია. მეტიც, აღნიშნული ვერც საპროცესო შეთანხმებით განხორციელდება ვინაიდან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისგან განსხვავებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი აღნიშნული შესაძლებლობას არ იძლევა.
ზოგადად ცნობილია სასჯელის მიზანი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ კონკრეტული სასჯელის არსებობა გამართლებული იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, ის, თავად სასჯელის მიზნების მიღწევის ადეკვატური საშუალება უნდა იყოს. სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებული ნებისმიერი სასჯელი, თუ ის აცდენილი იქნება სასჯელის მიზნებს, თავად გახდება მიზანი. ადამიანის დასჯა სასჯელის მიზნების მიღმა, ამ მიზნების მიღწევის აუცილებლობის გარეშე ან მათ არაადეკვატურად, თავად დასჯას აქცევს სახელმწიფოს მიზნად და მთავარ ფუნქციად, შედეგად არარად აქცევს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.
მოცემულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის დადასტურებისას, სასამართლოს მოუწევს მართვის უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევა (ასევე სხვა უფლებები), რითაც ფაქტობრივად უკრძალავს განახორციელოს მისი ოჯახისთვის აუცილებელი საჭიროებები (მათ შორის, სამი მცირეწლოვანი შვილის აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები). საკონსტიტუციო სასამართლო დამკვიდრებული პრაქტიკით აყალიბებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმდენად მინიმალურ საფრთხეს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხება მარიხუანის/კანაფის მცირე ოდენობით შენახვას, ამისთვის 3 წლის ვადით ერთერთი საბაზისო სოციალური/პროფესიული უფლების ჩამორთმევა, მაშინ როდესაც მისი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული წესით დასჯადობაც კი არაკონსტიტუციურად არის მიჩნეული, აშკარად შეუსაბამოა. მიმაჩნია, რომ სადავო ნორმები (უფლებების ჩამორთმევა) აშკარად არაპროპორციულ სასჯელად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მიემართოს კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 პუნქტისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [...], 451 [...] მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით“ - იმ ნორმატიული შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულო ჩამორთმევას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა