თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
| დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
| ნომერი | N3/6/1914, 1920, 1921, 1922 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე, |
| თარიღი | 11 დეკემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 19 დეკემბერი 2025 18:17 |
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
გიორგი მოდებაძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: 1) №1914 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
2) №1920 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
3) №1921 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
4) №1922 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1914) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი). №1914 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 7 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 3 დეკემბერს კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის №1920, №1921, №1922) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - ვლადიმერ ხუჭუა). №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 5 დეკემბერს. №1914, №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციური წარდგინებების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 11 დეკემბერს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილის თანახმად, პირს, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, სასამართლო, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს“. თავის მხრივ, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს - 5 წლის ვადით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას.
5. კონსტიტუციური წარდგინებებიდან ირკვევა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, სხვადასხვა პირის მიმართ, განიხილავს საქმეებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, მოხმარების ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის - ჩადენის ფაქტზე. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები განმარტავენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, პირს, ამავე მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, ჯარიმის - 500 ლარის შეფარდების გარდა, სავალდებულო წესით ჩამოართვას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლება, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, ისევე როგორც იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები 5 წლის ვადით.
6. №1914 კონსტიტუციური წარდგინებაში აღნიშნულია, რომ, საზოგადოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების (მოცემულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების) ჩამორთმევა, მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება. კერძოდ, ზემოხსენებული უფლებების ავტომატურ ჩამორთმევას გააჩნია პრევენციული ეფექტი და შესაძლებელს ხდის, თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენა. გასაჩივრებული ღონისძიება ასევე გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლების დასაქმებას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე/საქმიანობის სფეროში და იარაღთან დაშვებას, რის შედეგადაც, აღნიშნული უფლებებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში, მცირდება ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთათვის დამახასიათებელი ქცევისა და ინტერესების მქონე პირების მიერ არასათანადო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.
7. №1914 კონსტიტუციური წარდგინების ავტორის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული ნორმები, უდავოდ, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უწყობს ხელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, სამართალდამრღვევი პირისათვის მიყენებულ ზიანს შორის არსებობს მკვეთრი დისპროპორცია. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ღონისძიების არაპროპორციულობა აშკარად ჩანს აკრძალული ქმედების სიმძიმესა (5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ან მცენარე კანაფის შეძენა, შენახვა) და მის საპასუხოდ დადგენილი სასჯელის (სახდელის) ურთიერთმიმართების ფონზე იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტურად განსაზღვრული სანქციის პირობებში, მოსამართლე მოკლებულია მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. შედეგად, არ რჩება სივრცე, შეფასდეს სამართალდამრღვევი პირის ინდივიდუალური გარემოებები, ისევე, როგორც სადავო ნორმებით მოაზრებული ლეგიტიმური მიზნების შესაძლო მიღწევადობა, უფლებების უფრო ნაკლები ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში.
8. №1914 კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, გარკვეული წინაპირობების არსებობისას, ითვალისწინებს სამართალდარღვევის გამო ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ამ თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 13 პუნქტი. მითითებული დანაწესის თანახმად, ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ, 2500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდისა და დამატებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომისია უფლებამოსილია. პირის მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება, ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ, თავისთავად, ამგვარი პროცედურის არსებობა უფლებების აღდგენის გარანტიას არ იძლევა და არგუმენტებს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე, ვერ გააქარწყლებს.
9. №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციურ წარდგინებებში აღნიშნულია, რომ მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შენახვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მინიმალური საფრთხის მატარებელია. მიუხედავად ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, სასამართლო სამართალდამრღვევს 3 წლის ვადით ჩამოართმევს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, მნიშვნელოვანი საბაზისო სოციალური/პროფესიული უფლების ჩამორთმევას უტოლდება, რაც ჩადენილი სამართალდარღვევის ბუნებიდან მომდინარე უმნიშვნელო საფრთხის გათვალისწინებით, აშკარად არაპროპორციულ სასჯელად უნდა იქნეს მიჩნეული, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის. №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად, სანქცია (მხედველობაშია სატრანსპორტო საშუალების მართვის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებების ჩამორთმევა) არის აბსოლუტურად განსაზღვრული, იგი გამოიყენება ავტომატურად, მხოლოდ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის საფუძველზე და მოსამართლე მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, თუნდაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მოკლებულია. როგორც კონსტიტუციურ წარდგინებებშია აღნიშნული, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, სამართალდარღვევის საქმეებთან მიმართებით, საპროცესო შეთანხმების დადებას არ ითვალისწინებს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1914, №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით, პირის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის 3 წლით, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, ისევე როგორც იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებების 5 წლით სავალდებულო ჩამორთმევას და გამორიცხავს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამავე სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
11. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1914, №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციური წარდგინებები სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. გაერთიანდეს ერთ საქმედ და მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1914, №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციური წარდგინებები.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში