• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის №2/2/1717 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი გადაწყვეტილება
ნომერი N2/2/1717
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 28 მაისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 28 მაისი 2025 17:57

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - მირანდა შალამბერიძე, მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე; საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი - ლანა ცანავა.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1717) მომართეს ალექსანდრე კობაიძემ და მირანდა შალამბერიძემ. №1717 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის პირველი მარტის №2/1/1717 საოქმო ჩანაწერით, ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2024 წლის 14 ივნისს.

2. №1717 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45​1, 48-ე, 49-ე, 50​1, 51-ე−56-ე და 57-ე–57​2 მუხლებით, 57​3 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 57​4−59-ე, 59​2−მე-60, 60​3−61​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​4, 69​5, 71-ე, 72​1−78-ე, 79​1−მე-80, 82​2 და 84-ე−85​5 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−89​3, 91​2, 92​1, 94-ე, 95-ე, 96​1, 96​2, 96​4, 99-ე, 100​1, 100​2, 103-ე–104-ე, 105​1, 116-ე, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146​1, 148-ე−152-ე, 152​2, 152​3, 153-ე, 153​1, 153​3–153​6, 154-ე−154​2, 156-ე, 157​1–158-ე, 164-ე, 164​4, 165-ე, 165​1, 166-ე−167-ე, 170-ე და 170​1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172​4, 172​8, 172​9, 173-ე–173​2, 173​6, 173​7, 173​9, 174-ე−174​2, 175-ე−175​2, 177​1, 177​8, 177​9, 179​2, 180-ე–183​1, 185-ე–185​2, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​3, 197​1 და 199​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადამიანის უფლებაა, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა, პირადად, ადმინისტრაციული საქმის განხილვის პროცესში. ზოგადად, მართლმსაჯულებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიზნები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უშუალო მონაწილეობის გარეშეც შესრულდება, ხოლო საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება ან წარდგენა, თავისუფლად შეიძლება ადვოკატის ან წარმომადგენლის მეშვეობით. ამრიგად, ადმინისტრაციული საქმის განხილვის პროცესში, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ფიზიკურად მონაწილეობის საჭიროება არ არსებობს. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ითვალისწინებს საქმის განხილვაზე პირის სავალდებულო დასწრებას და მის იძულებით მიყვანას შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებასთან.

6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, პირის იძულებითი წარდგენისას, პრაქტიკულად, ადგილი აქვს ადამიანის თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული მექანიზმი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ფორმალურ მოთხოვნებთანაც, რომლებიც პირის თავისუფლების აღკვეთის აუცილებელ წინაპირობად ასახელებს ამ პროცესში სასამართლოს ჩართულობას. იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროსაც კი, სასამართლოს განჩინების გარეშე არ ხდება პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ან ამ უფლების სხვაგვარი შეზღუდვა, გაუგებარია, გასაჩივრებული რეგულაცია რატომ უშვებს სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქმის განხილვისას, სასამართლოს განჩინების გარეშე პირის იძულებით მიყვანას.

7. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ მისთვის პრობლემურია არა მხოლოდ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პირის იძულებით მიყვანას საქმის განხილვაზე მაშინ, როდესაც იგი წარმოდგენილია ადვოკატის მეშვეობით, არამედ გასაჩივრებული რეგულაცია სრულად – განურჩევლად იმისა, ჰყავს თუ არა მას წარმომადგენელი.

8. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება წარმოადგენს ერთგვარ აღსრულების მექანიზმს, რომელიც ემსახურება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის საქმის განხილვაზე სავალდებულო დასწრების უზრუნველყოფას. ამასთან, უშუალოდ პროცესზე დასწრების მიღმა, გასაჩივრებული რეგულაცია არ ითვალისწინებს პირის რაიმე ფორმით საქმის განხილვის პროცესში ჩართვის დავალდებულებას. იგი წარმოადგენს პატერნალიზმის გამოვლინებას და სახეზეა გადაჭარბებული ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს პირის იძულებით მიყვანა პროცესზე, განურჩევლად იმისა, იგი წარმოდგენილია თუ არა ადვოკატის მეშვეობით.

9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო კონსტიტუციური სარჩელი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, სადავო ნორმით, ხდება ჩარევა ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებაში ისე, რომ არ არსებობს აღნიშნული შეზღუდვის გამამართლებელი ლეგიტიმური მიზანი. ამასთან, დასახელებული ჩარევა არ აღწევს ინტენსივობის იმ ხარისხს, რომელიც გამოიწვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფეროს შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული რეგულაცია არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ლანა ცანავამ განმარტა, რომ ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტრო მის მიერ განსახილველ საქმეებზე არ იყენებს პირის იძულებით მიყვანის მექანიზმს და ხელმძღვანელობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, რომელიც არ ითვალისწინებს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის ვალდებულებას და, შესაბამისად, პირის დასწრებას საქმის განხილვაზე. სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე, იმ შემთხვევაში, თუ პირი თავს არიდებს გამოცხადებას, სასამართლო გამოსცემს დადგენილებას, რომელშიც მიეთითება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პიროვნების ვინაობა, საქმის მწარმოებელი ორგანო, იძულებით მისაყვანი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ის, თუ ჩაბარების რა მეთოდები იქნა გამოყენებული აქამდე და კონკრეტულ სხდომაზე იძულებით მიყვანის შესახებ დავალება, თარიღის მითითებით, რომელსაც აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები. ამასთან, პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვერ მოხდა სასამართლოში წარსადგენი პირის მოძიება (მაგ., იმყოფებოდა საზღვარგარეთ). შედეგად, იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საქმის წარმოების ვადები შეზღუდულია 4 თვით, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ ხერხდება მათთვის სახდელის დადება, თუმცა არსებობს განსხვავებული პრაქტიკაც, სადაც სასამართლოებს წარსადგენი პირის დასწრების გარეშეც განუხილავთ ამგვარი საქმეები.

11. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის აზრით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს, ზოგიერთ შემთხვევაში (იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებით, რომლებიც სახდელის სახედ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას), შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული პატიმრობის დაუყოვნებელი აღსრულება, თუმცა აღნიშნული ვერ იქნება ყოვლისმომცველი ლეგიტიმური მიზანი, რადგან იძულებით წარდგენის მექანიზმი მიემართება ისეთ სამართალდარღვევებსაც, რომლებიც არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. №1717 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ, საქართველოს პარლამენტმა ცნო №1717 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს კონსტიტუციური სარჩელი. იმავდროულად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ავტომატურად დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, ... საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, გააგრძელოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება და გადაწყვიტოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/505 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

3. ამგვარად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან სარჩელის ცნობის მიუხედავად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, განაგრძობს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების საკითხს.

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული სფერო

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს ადამიანის თავისუფლების უფლებაში ჩარევის, ადამიანის თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდების წესსა და ცალკეულ პროცესუალურ გარანტიებს. კერძოდ, დასახელებული კონსტიტუციური ნორმის თანახმად, „თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის ფიზიკურ თავისუფლებას, აღჭურავს მას შესაძლებლობით, საკუთარი ნების შესაბამისად, ფიზიკურად თავისუფლად გადაადგილდებოდეს, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს კონკრეტულ ადგილას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ფიზიკური თავისუფლების დაცულობის გარანტია ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებებისათვის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და, საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, საგანგებო დაცვას ექვემდებარება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

6. აღნიშნული კონსტიტუციური უფლების განსაკუთრებული დაცვის საჭიროებას განაპირობებს ის გარემოება, რომ ინდივიდის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა, მით უფრო, მისი ყველაზე ინტენსიური ფორმით – თავისუფლების აღკვეთის გზით, აფერხებს და, ზოგჯერ, სრულიად გამორიცხავს მის მიერ სხვა ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, ადამიანის ფიზიკური თავისუფლება იმდენად წონადი კონსტიტუციური უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან, განხილულ უნდა იქნეს როგორც შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ultima ratio საშუალება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

7. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციამ სახელმწიფოს თავისუფალი მოქმედების არეალი მკაცრად შემოფარგლა და ინდივიდები ისეთი პროცესუალური გარანტიებით აღჭურა, რომლებიც სახელმწიფოს საპოლიციო ძალაუფლების საპირწონედ, ფიზიკური თავისუფლების უფლებას, თვითნებური, გადაჭარბებული და გაუმართლებელი შეზღუდვისაგან დაიცავს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნული, ბუნებრივად, განაპირობებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, თითოეული თავისუფლებაშემზღუდველი საკანონმდებლო რეგულაციის მიმართ კონსტიტუციურსამართლებრივი შემოწმების მკაცრი სტანდარტების გამოყენებას. ამასთან, რაც უფრო განგრძობადი და ინტენსიურია უფლებაში ჩარევა, მით უფრო იზრდება შეფასების სიმკაცრე მისი კონსტიტუციურობის განხილვისას.

8. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი, საბოლოო ჯამში, მთლიანად ემსახურება თავისუფლების უფლების სრულყოფილი და ეფექტიანი დაცვის გარანტირებას. შესაბამისად, მისი თითოეული პუნქტი გაერთიანებულია საერთო სიკეთის ირგვლივ და მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თითოეულ პუნქტს დამოუკიდებელი შინაარსიც გააჩნია. აღნიშნული პუნქტები ადგენს სპეციფიკურ, მათ შორის, პროცესუალურ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს თავისუფლების უფლების შეზღუდვის სხვადასხვა ფორმებთან და მის კონკრეტულ უფლებრივ ასპექტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უნარიანი იქნება, ერთი მხრივ, გამორიცხოს პირის ფიზიკური თავისუფლების კონსტიტუციურად ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს ამავე კონსტიტუციური დებულებით დადგენილი პროცესუალური უფლებების გარანტირება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

2. სადავო ნორმის შინაარსისა და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45​1, 48-ე, 49-ე, 50​1, 51-ე−56-ე და 57-ე–57​2 მუხლებით, 57​3 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 57​4−59-ე, 59​2−მე-60, 60​3−61​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​4, 69​5, 71-ე, 72​1−78-ე, 79​1−მე-80, 82​2 და 84-ე−85​5 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−89​3, 91​2, 92​1, 94-ე, 95-ე, 96​1, 96​2, 96​4, 99-ე, 100​1, 100​2, 103-ე–104-ე, 105​1, 116-ე, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146​1, 148-ე−152-ე, 152​2, 152​3, 153-ე, 153​1, 153​3–153​6, 154-ე−154​2, 156-ე, 157​1–158-ე, 164-ე, 164​4, 165-ე, 165​1, 166-ე−167-ე, 170-ე და 170​1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172​4, 172​8, 172​9, 173-ე–173​2, 173​6, 173​7, 173​9, 174-ე−174​2, 175-ე−175​2, 177​1, 177​8, 177​9, 179​2, 180-ე–183​1, 185-ე–185​2, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​3, 197​1 და 199​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.

10. სადავო ნორმა წარმოადგენს ერთგვარ აღსრულების მექანიზმს საქმის განხილვაზე სავალდებულო დასწრების უზრუნველსაყოფად და მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი თავს არიდებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობას. ამგვარ შემთხვევებში, სადავო ნორმა უშვებს პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას და მის იძულებით მიყვანას შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სასამართლოში.

11. ამდენად, გასაჩივრებული რეგულაცია წარმოადგენს პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის კანონისმიერ საფუძველს იმ დროით, რაც საჭიროა საქმის განხილვაზე პირის წარსადგენად. ამ ღონისძიების ფარგლებში, პირი მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი სურვილისამებრ გადაადგილდეს, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ შემოწმებას.

3. უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება

3.1. შეფასების ტესტი

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პირადი თავისუფლება, მისი ფიზიკური ხელშეუხებლობა, საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედების თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, შეუზღუდავი უფლება. თუმცა, ის აბსოლუტურად არის დაცული უკანონო, უსაფუძვლო და თვითნებური შეზღუდვისგან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს თავისუფლების უფლებას, უნდა განხორციელდეს მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, კონსტიტუციით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).

13. სასარჩელო მოთხოვნიდან, აგრეთვე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, არსებული დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავისუფლების ხელშეუხებლობის მატერიალური უფლების შეზღუდვის კანონისმიერი საფუძვლის კონსტიტუციურობის დადგენას, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ვინაიდან, თუკი სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული საფუძვლით, თავისუფლების უფლების შეზღუდვა იმთავითვე დაუშვებელია, შემდგომ უკვე აღარ დგება სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ, დამატებით პროცესუალურ და ფორმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების საჭიროება.

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. „აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

3.2. ლეგიტიმური მიზანი

15. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების შეზღუდვის გასამართლებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

16. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმას კონსტიტუციასთან შეუთავსებლად აქცევს სწორედ ლეგიტიმური მიზნის არარსებობა. კერძოდ, მოსარჩელე მხარისათვის გაუგებარია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება პირისათვის თავისუფლების აღკვეთა და საქმის განხილვის პროცესზე მისი იძულებით მიყვანა მაშინ, როდესაც მართლმსაჯულებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიზნების მიღწევა, ამ პროცესში, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უშუალო მონაწილეობის გარეშეც, თანაბარი ეფექტიანობით არის შესაძლებელი.

17. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა სადავო ნორმით დადგენილ საქმის განხილვაზე პირის იძულებით წარდგენის ღონისძიებას. ცხადია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, არ არის შებოჭილი მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნებით, თუმცა ამ შემთხვევაში, იგი იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას.

18. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გასაჩივრებული რეგულაციის ლეგიტიმურ მიზანს, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული პატიმრობის დაუყოვნებელი აღსრულება.

19. სადავო ნორმით დადგენილი მექანიზმი მიმართულია, უზრუნველყოს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება უშუალოდ საქმის განხილვაზე. ადმინისტრაციული სახდელის (მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობის) დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულებას არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა ნორმები (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-5 კარში შემავალი რეგულაციები). სწორედ აღნიშნული რეგულაციები განსაზღვრავს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების წესს, აღსრულების გადადების შემთხვევებს და აღსრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ უნდა შეიზღუდოს პირის თავისუფლება იმ ჰიპოთეტური სახდელის დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძვლით, რომელთან დაკავშირებითაც, ჯერ სახეზე არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, სადავო ნორმით დადგენილი პირის იძულებით წარდგენის მექანიზმი მიემართება, მათ შორის, ისეთ სამართალდარღვევებს (იხ., საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 48-ე, 49-ე, 501... მუხლები), რომლებიც საერთოდ არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის სახედ პატიმრობას.

20. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დასახელებული მიზნის ლეგიტიმურობას.

21. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს უფლების შეზღუდვის თვითმიზნურ საშუალებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას.

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, კიდევ ერთხელ, მოიხმობს დამკვიდრებულ პრაქტიკას და განმარტავს, რომ ადამიანის პირადი თავისუფლება, მისი ფიზიკური ხელშეუხებლობა აბსოლუტურად არის დაცული უკანონო, უსაფუძვლო და თვითნებური შეზღუდვისგან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, როდესაც პირის თავისუფლების მზღუდავი სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ უფლების შეზღუდვა უსაფუძვლო და თვითნებური ხასიათის მატარებელია, არარელევანტური ხდება იმის გამორკვევა, დაცულია თუ არა სადავო ნორმით თავისუფლების უფლების შეზღუდვის სხვა დამატებითი პროცესუალური მოთხოვნები. სხვა სიტყვებით, თუ თავისუფლების უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, მოსარჩელის უფლების დაცვის კონტექსტში, არანაირი დამატებითი ღირებულება არ აქვს იმის დამოუკიდებლად შეფასებას, თავისუფლების უფლების შეზღუდვისას, იყო თუ არა დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის სხვადასხვა პუნქტებით გათვალისწინებული პროცესუალური გარანტიები, მათ შორის, იყო თუ არა დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა, თავისუფლების უფლების მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეზღუდვის თაობაზე.

23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სადავო ნორმის კონსტიტუციის რომელიმე დებულებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, აღარ შეაფასოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ კონსტიტუციის სხვა დებულებებთან მიმართებით, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ახდენს არსებით გავლენას მოსარჩელის უფლებების დაცვაზე“.

24. წინამდებარე საქმეში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ არსებული მოწესრიგების პირობებში, სადავო ნორმით განსაზღვრული საფუძვლით პირისათვის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა არალეგიტიმურია და თვითმიზნურ ხასიათს ატარებს. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

25. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ განვითარებულ მსჯელობაზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან შეფასებას არ აქვს რაიმე დამატებითი ღირებულება მოსარჩელე მხარის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქმე უნდა შეწყდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. დაკმაყოფილდეს №1717 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. შეწყდეს საქმე №1717 კონსტიტუციურ სარჩელზე („ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

3. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ